top of page

პასტუხოვი და სამოქალაქო ომი რუსეთში

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 30 მარტი, 2022

ზამთრის სასახლის შტურმი

ეს ბლოგი არც იმ, ძველ და უსიამო ბორის პასტუხოვზეა, 90-იან წლებში რომ ნელ-ნელა ართმევდა აფხაზეთს საქართველოს, და არც იმაზე, თუ რა მოხდა რუსეთში 1917-ში ან თუნდაც 1993-ში. ეს პასტუხოვი ვლადიმერია, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი, პოლიტოლოგი. მისეული ანალიზი და ჩემეული რეფლექსიაც ეძღვნება რუსულ აგრესიას უკრაინაში. რაც შეეხება უშუალოდ ამ ფრაზას თუ განსაზღვრებას - „სამოქალაქო ომი რუსეთში“ - საქმე ისაა, რომ ვლადიმერ პასტუხოვი ძალიან საყურადღებო თეზისს ავითარებს: „ეს ომი არის სამოქალაქო ომი რუსეთში, რომელიც გატანილია გარეთ“.


თეზისი მოკლედაა გადმოცემული - ინტერვიუს ფორმატი მეტის საშუალებას არ იძლევა.





პასტუხოვი მიიჩნევს, რომ თანამედროვე რუსეთში სამოქალაქო ომი სულ ღვიოდა ე.წ. ევროპული კულტურის მქონე ქვე-კლასსა და პუტინის ირგვლივ კონსოლიდირებულ იმ კულტურის ქვე-კლასს შორის, რომელიც „მართლმადიდებლურ-არქივულია“ და რომლის ლიდერებიც ერთგვარ სექტას წარმოადგენენ. ეს ლიდერები, ანუ პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძნელი საიდენტიფიცირებელია. მათ შემთხვევაში მთავარი კონკრეტული თანამდებობები და ფორმალური იერარქია კი არ არის, არამედ არაფორმალური ერთობა, „სიცილიური კარტელი“. სახელმწიფო მათი ინსტრუმენტია, რომელსაც იყენებენ თავისი პირადული თუ ჯგუფური ინტერესების მიხედვით. 2011-2012 წლებში გამართული ე.წ. ბალოტნაიას „ჩაფუშული რევოლუცია“ (იხილეთ crs.ge-ზე განთავსებული შესაბამისი წერილი ე.წ. თოვლის რევოლუციაზე) ამ სექტისათვის მაინც შემაშფოთებელი აღმოჩნდა. ამიტომ, საზოგადოებაში დაგროვილი ემოცია მათ 2014 წლის უკრაინული ავანტიურით და Крымнаш-ით გადაფარეს. მაგრამ „სამოქალაქო ომის“ აჩრდილი ისევ წამოიმართა 2019 წლიდან, როდესაც ნაციონალისტურმა ეიფორიამ იკლო და რუსულ ქალაქებში გამოსვლები ხელახლა დაიწყო. შესაბამისად, „სექტამ“ ახალი ომი დაგეგმა და განახორციელა კიდეც.


ვლადიმერ პასტუხოვის აზრით, ამ ომის ფონზე „სექტამ“ უკვე შეისრულა შიდაპოლიტიკური სურვილი: მოხდა თუ დასრულდა რუსული საზოგადოების იმდაგვარი „გადაფორმატება“ , რომ პრაქტიკულად გაუქმდა გორბაჩოვის დროინდელი „გარდაქმნებით“ მოპოვებული ყველა მონაპოვარი, ერთის - ემიგრირების უფლების - გარდა.


თუმცა პასტუხოვი, რომელიც ამ „რუსული სამოქალაქო ომის“ დამარცხებულ/შევიწროებულ მხარეს მოიაზრებს თავს, არ ელოდება ისტორიის დასასრულს. მისი აზრით, პუტინმა უკრაინული აგრესიით პროცესები დააჩქარა - საკუთარი სიბერე საფრთხის წინაშე დააყენა. ქვა დაიძრა, დაგორდება ნელ-ნელა თუ ტყვიასავით წამოვა, ეს უკრაინის ფრონტებზე არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ყველა შემთხვევაში, პუტინის რეჟიმი ან რამდენიმე თვეში დასრულდება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში - მიიჩნევს რუსი პოლიტოლოგი. პასტუხოვის თქმით, ომის ნაკლებად სავარაუდო სცენარი უკრაინის სრული ოკუპაციაა, რასაც მოჰყვება მოლდოვას და საქართველოს ოკუპაციაც. საპირისპირო სცენარი რუსული არმიის ალყაში მოქცევა და კატასტროფაა. უფრო რეალისტური კი რუსული „მადის მოთოკვა“ და რაიმე ფორმის ტერიტორიული კომპრომისია. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკის დეგრადაცია, ამა თუ იმ ფორმით მისი იზოლაცია გარდაუვალია. რომც შეინარჩუნოს პუტინის რეჟიმმა სახე და დროებითი სადემარკაციო ხაზი უკრაინაში ისე გაივლოს, რომ რუსთა მთავარსარდალმა ეს წარმატებად შეასაღოს მომხრეებს, მისი ელიტის ის ნაწილი, რომელმაც საფრთხე უშუალოდ იგრძნო და „ჯიბეში ბრანწი აქვს შენახული“, გულხელდაკრეფილი აღარ იჯდება - რაღაცას მოიფიქრებს და მოახერხებს.


პასტუხოვი არ საუბრობს იმის შესახებ, თუ რა მოხდება რუსეთში პუტინის შემდეგ, მაგრამ ეს არცაა მთავარი. იგი რჩება ოპტიმისტად და ამბობს, რომ ახალი ტოტალიტარიზმი რუსეთში, მაქსიმუმ, რამდენიმე წელი გაგრძელდეს.


რა თქმა უნდა, აგრესიას უკრაინაში აქვს თავისი, დამოუკიდებელი განზომილება, მიუხედავად იმისა თუ რა შიდა პოლიტიკური მოტივები ჰქონდა ამას აგრესორის მხრიდან. ეს აგრესია საერთაშორისო სამართლის ცალსახა დარღვევა და ომის დანაშაულია. მის უკან დგას პუტინის იმპერიალიზმი, რაც უკრაინის მიმართ მის განცხადებებსა თუ სტატიაშიცაა გამოხატული (უკრაინაზე პუტინის სტატიის ანალიზი აგრეთვე იხ. crs.ge-ზე). მაგრამ თავისთავად საინტერესოა, თუ როგორ აღიქმება ეს ყოველივე ანტიპუტინისტი რუსი ანალიტიკოსების მხრიდან და, შესაბამისად, „სამოქალაქო ომის“ მეტაფორა სულაც არაა შეუსაბამო რუსეთ-უკრაინის ომის კომპლექსური ანალიზისათვის.


ეს ანალიზი თუ შეფასება, რასაც თეზისურად გვთავაზობს ვლადიმერ პასტუხოვი, ირიბად კიდევ ერთ გარემოებაზე მიუთითებს. რუსული საზოგადოება ცალსახადაა გაყოფილი უკვე წლებია - დავარქმევთ ამას „ორ რუსეთს“, „სამოქალაქო ომს“ თუ რაიმე სხვას, ეს, მნიშვნელოვანწილად, მსოფლმხედველობის, ორიენტაციის, გემოვნებისა და ტემპერამენტის საკითხია. სხვათა შორის, საქართველოში ამ მეტაფორებს კიდევ თავისი მნიშვნელობები აქვს, მაგრამ ახლა ამაზე არაა საუბარი. ცხადი ისაა, რომ რუსული საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიმდინარე ომში უკრაინის მხარესაა - ვინც უსმენს ან კითხულობს რუსულ ანალიტიკას, მან ეს იცის. მიზეზი ისაა, რომ უკრაინა დიახაც არის რუსთა ნაწილისათვის მაგალითი და მოდელი იმისა, რაზეც ისინი საკუთარი სამშობლოსათვის ოცნებობენ. შეიძლება მეტიც ითქვას - ამას წინათ ყველასათვის ნაცნობმა ალექსეი არესტოვიჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისთვის ძვირფასი თეზისი, რომ ნამდვილი „რუსი“ კიევის იყო და კიევისაა, მოსკოვმა კი რიურიკოვიჩთა ძველ ეთოსს უღალატა. შეიძლება მის ისტორიოსოფიას ახლა უკვე უფრო განსწავლული რუსი ანალიტიკოსებიც აჰყვნენ ამა თუ იმ ფორმით.


ბუნებრივია, საქართველოშიც უნდა გვაინტერესებდეს, თუ ასე მოხდა, თუ პუტინის რუსეთი დაემხო რამდენიმე თვესა თუ წელიწადში, რას უნდა ველოდოთ ჩვენთვის? კიევის რუსეთის აღდგენაზე ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა პირადად არაფერი მექნებოდა, მაგალითად, rzeczpospolita-ს მოდერნიზებული ვერსიის საწინააღმდეგო: ახალ პირობებში ეს მიიღებდა აღმოსავლეთ ევროპის იმდაგვარი ცივილიზაციური გაერთიანების ფორმას, რომელშიც ჩვენც მოგვეძევებოდა ადგილი. მაგრამ ვლადიმერ პასტუხოვს რომ დავუბრუნდეთ, ვგონებ, „რუსული სამოქალაქო ომის“ ნიშნები ჩვენშიც დავინახოთ. ეს ხომ არსებითად ელიტის მიერ მასების ისეთი მანიპულაციის ფორმულაა, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტებთან ბრძოლაში მმართველი კლასი თუ კლანი ებღაუჭება კვაზიიდეოლოგიას თუ პასტუხოვისეულ „სექტანტობას“, რომლის თანახმად ყველა ოპონენტი უცხოეთის აგენტია, უცხოეთს კი „ეროვნულობის წართმევა“ უნდა. მოკლედ, ტვინებში ნამდვილად მიმდინარეობს სამოქალაქო ომი - იქაც, აქაც და ძალიან ბევრ უდღეურ თუ უმწიფარ დემოკრატიებში. მთავარია, საქმე სისხლის ღვრის გარეშე გვარდებოდეს და ელიტები ძალაუფლების განაწილებას მიეჩვიონ. თუმცა, რუსეთმა უკვე დაღვარა სისხლი იმ მასშტაბით, რომ, როგორც პასტუხოვი ამბობს, პუტინის მშვიდობიანი მოხუცებულობა საფრთხის ქვეშაა.


bottom of page