„თოვლის რევოლუციის“ ბრწყინვალება და სიღატაკე


დავით დარჩიაშვილი | კრიტიკა | 26 დეკემბერი, 2021


DroneJournalismLab.Org


აწმყო წარსულის გარეშე არ არსებობს და, როგორც მარკ ბლოკი იტყოდა,[1] ეს დროითი „პლაზმა“ - გარემო, რომელშიც მოვლენები დაცურავს - გავლენას ახდენს მომავალზე. შესაბამისად, რუსული სინამდვილის გააზრებისას, ყურადღებას იპყრობს არშემდგარი მოსკოვური „თოვლის რევოლუციის“ ათი წლისთავი. მასობრივი ანტიპუტინისტური გამოსვლები მოსკოვში 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. ტრიგერის როლი ორმა ფაქტორმა - სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგმა და მედვედევ-პუტინის გარიგებამ შეასრულა: ამ უკანასკნელით მმართველი Единая Россия („ერთიანი რუსეთი“) 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისევ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს წარადგენდა. პუტინის საპრეზიდენტო სავარძელში დაბრუნების გადაწყვეტილებას რუსებმა როკირება დაარქვეს. აი, „თოვლის რევოლუცია“ კი დასავლური მედიის მიერ მოგონილი ტერმინია, რომელიც 2010-2011 წლებში დამდგარი ე.წ. არაბული გაზაფხულის ალუზიით იყო წარმოებული. როდესაც რუსეთში, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და პუტინის კვლავ მობრუნების პერსპექტივის გამო, საპროტესტო გამოსვლები მოხდა, არაბ დიქტატორთა ნაწილი - ბენ ალი, მუბარაკი, მუამარ კადაფი - უკვე დამხობილი იყო. არაბულმა გაზაფხულმა (პარადოქსია, მაგრამ ისიც დეკემბერში დაიწყო) აჩვენა ვირტუალური სოციალური ქსელების მზარდი როლი საზოგადოების საპროტესტო მობილიზაციის საქმეში, რასაც უკან მიდევნებული რუსული მაგალითიც ადასტურებდა. ადამიანები, ვისაც, ამა თუ იმ მიზეზით, აღარ შეეძლო ავტოკრატთა მმართველობის ატანა, თვითორგანიზებისათვის გაჯეტებს იყენებდნენ.


როგორც რიგი კვლევები მოწმობს, „თოვლის რევოლუციის“ მხარდამჭერ ფეისბუკ-ჯგუფში - «Мы были на Болотной площади и придем еще» - დარეგისტრირებული 33 ათასზე მეტი პერსონალური ანგარიშის დიდი ნაწილი 25-34 წლის მოსკოველს ეკუთვნოდა.[2] ამ ვირტუალურ ჯგუფთან ერთად, საპროტესტო მუხტს აღვივებდა Живой журнал და ტვიტერის მიკრო-ბლოგი Wake up Russia .[3] სოციალური ქსელების ფუნქციას ითავსებდა ოპოზიციისადმი სიმპათიით განწყობილი მედიაც, რომლის საფლაგმანო პოზიციებზე ტელეკომპანია Дождь გავიდა. სწორედ ამ ტელეკომპანიამ, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტის „წოდება“ მიანიჭა, მოსკოვის Болотная площадь-ზე დაწყებული პროცესების ათი წლისთავზე შექმნა მისი მონაწილეების მოგონებებზე აგებული ფილმი/რეპორტაჟი. წინამდებარე ტექსტი ამ მედია პროდუქტზე რეფლექსიაა, რასაც ახლავს ზოგიერთი აქცენტების დამატებითი წყაროებით გაღრმავების მცდელობა.

* * *

ფილმი/რეპორტაჟის 10 Лет строгого режима[4]ავტორია ვალერია რატნიკოვა. პირველი, რაც მასში გადმოცემული მოგონებებიდანაა თვალში საცემი, არის ინტერნეტის როლზე ხაზგასმა და ის, რომ ოპოზიცია სახტად დარჩენილა მიტინგზე გამოსული ადამიანების რაოდენობითა და სოციალური პროფილით. როგორც პარტია Парнас-ის მაშინდელი თანათავმჯდომარე ვლადიმირ რიჟკოვი, ისე ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი სერგეი პარხომენკო ფილმ/რეპორტაჟში ჰყვებიან, წლების განმავლობაში რუსული ოპოზიცია 1000 კაცზე მეტს ვეღარ კრებდა: მიტინგების მონაწილენი ერთმანეთს სახეებზეც ცნობდნენ. 2011 წლის 5 დეკემბერს კი საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიცირების შესახებ მასობრივად გავრცელებული ცნობებით აღშფოთებული ათასობით ადამიანი შეიკრიბა ე.წ. Чистые пруды-ზე. ვეტერან აქტივისტთა გვერდით აღმოჩნდნენ ახალგაზრდა მოხელეები და ბიზნესმენები - როგორც ამბობენ - „კრეატიული კლასი“.


ცნობილია, რომ მიტინგის ბოლოს „პარნასელი“ ბორის ნემცოვის და ვლადიმირ რიჟკოვის, პოპულარული ბლოგერის, ალექსეი ნავალნის, იმჟამინდელი თუ ყოფილი ტელეწამყვანების - არტიომ ტროიცკის და ვიქტორ შენდეროვიჩის, 2008 წელს შექმნილი დემოკრატიული მოძრაობა „სოლიდარობის“ თანათავმჯდომარის, ლევ იაშინის გამოსვლებით გულანთებული დემონსტრანტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისაკენ დაიძრნენ. იყო შეჯახებები სამართალდამცველებთან და დაკავებები. თუმცა კი, როგორც Дождь-ის რეპორტაჟის მონაწილენი იხსენებენ, მაშინ მოსკოვის ცენტრში აქციების გამართვაზე ხელისუფლებასთან შეთანხმება ჯერ კიდევ რეალისტური იყო. შესაბამისად, საპროტესტო აქციები გაგრძელდა და 1991 წლის შემდეგ არნახულ მასშტაბებს 10 და 24 დეკემბერს მიაღწია.


Дождь-ის სიუჟეტის თანახმად, 10 დეკემბრის აქცია ჯერ კრემლის გვერდით, რევოლუციის მოედანზე იგეგმებოდა. ამ იდეის და ხელისუფლებაზე შტურმის მიტანის მომხრე იყო ედუარდ ლიმონოვი. აწ გარდაცვლილმა ეპატაჟურმა ნაციონალისტმა და მწერალმა ლიმონოვმა ოდესღაც ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტია დააფუძნა. 2014 წელს მან კრემლის ე.წ. ნოვოროსიის ანტიუკრაინულ ავანტიურასაც დაუჭირა მხარი. თუმცა „თოვლის რევოლუციის“ დროს ედუარდ ლიმონოვის ახალი ორგანიზაცია „სხვა რუსეთი“ საერთო და ჭრელი, მემარცხენე-მემარჯვენე ანტიპუტინისტური მოძრაობის ფარგლებში მოიაზრებოდა. საბოლოოდ, მოსკოვის მერიასთან მოლაპარაკებით, აქციის გამართვა ოდნავ მოშორებით - Болотная площадь-ზე გადაწყდა. მოგვიანებით, როდესაც რევოლუციურმა ენთუზიაზმმა გზა რუსეთისათვის არც თუ უცხო პოლიტიკურ რეპრესიებს დაუთმო, განვითარებული პროცესები ე.წ. Болотное дело-ს სახელით გახდა ცნობილი. არის გარკვეული სიმბოლიზმი იმაში, რომ დასავლელი დამკვირვებლების მიერ „თოვლის რევოლუციად“ მონათლული ამბავი, რუსული ხელისუფლების კონტრ-ზომების წყალობით, „ჭაობის საქმედ“ გადაიქცა.


სხვადასხვა მონაცემებით, 10 დეკემბერს Болотная-ზე 50-დან 100 ათას ადამიანამდე შეიკრიბა. მომიტინგეთა სულისკვეთებას გამოხატავდა სლოგანები „რუსეთი უპუტინოდ“ და „ძირს თაღლითებისა და ქურდების პარტია“. ამ უკანასკნელით პუტინის Единая Россия-ს მოიხსენიებდნენ, რომელმაც 4 დეკემბრის არჩევნებში ხმების 49% გაიფორმა. Дождь-ის თანახმად, მიტინგზე კვლავ და უფრო მასშტაბურად მოვიდა „კრეატიული კლასი“. სიტყვით გამოდიოდნენ მწერლებიც და ტელეწამყვანებიც. მიტინგს აშუქებდა და „ათეულ ათასობით“ შეკრებილზე ჰყვებოდა მაშინ უკვე ხელისუფლების მიერ მიტაცებული ტელეკომპანია НТВ-ს წამყვანი ალექსეი პივოვაროვი. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ცვლილებები „აქ და ახლავე“ უნდოდა და მეტ რადიკალიზმს ითხოვდა. ფილმი-რეპორტაჟის რესპონდენტები, იმ მოვლენათა აქტიური მონაწილენი და ორგანიზატორები იხსენებენ, თუ რატომ მოხდა შეკრება Болотная-ზე, რომელიც რევოლუციის თვალსაზრისით „ნონ-სტარტერია“, და არა რევოლუციის მოედანზე; უნდოდა ვინმეს თუ არ უნდოდა ე.წ. მაიდანის ორგანიზება. ლევ იაშინი ამბობს - ვისაც გადამწყვეტი ქმედებების ორგანიზება შეგვეძლო - ნავალნი, მე - ამ დროს პატიმრობაში ვიყავითო. ბორის ნემცოვის ინტერვიუს ძველი, 2013 წლის ჩანაწერი კი ამ ფილმის ფარგლებში გვატყობინებს, რომ რუსეთს აღარ უნდოდა, აღარ სჭირდებოდა სისხლი.


საინტერესოა, თუ როგორი იყო განწყობა საპირისპირო ბანაკში. ფილმი/რეპორტაჟი მოვლენების სკეჩია - მონაწილეთა თვალით დანახული კალეიდოსკოპი. ავტორი, ვალერია რატნიკოვა, არ ისახავს მიზნად კრემლის იმჟამინდელ დერეფნებში არსებული კლიმატის ღრმა კვლევას. მაგრამ ნიშანდობლივია მაქსიმ შევჩენკოს მოგონება, რომელიც მაშინ „ანტიმაიდანურ“ წრეს ეკუთვნოდა. იგი დაუბარებიათ იმჟამინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ადმინისტრაციის უფროსის ცნობილ მოადგილესთან, იდეოლოგ და პოლიტმანიპულაციების ოსტატ ვლადისლავ სურკოვთან. შევჩენკოს გადმოცემით, კაბინეტში კრემლის მომხრე ჟურნალისტები იყვნენ შეკრებილნი - დორენკო, ლეონტიევი, თიკა („ჩვენი“ დ.დ.) კანდელაკი, სხვები. შევჩენკოს თქმით, დორენკო ტყვიამფრქვევების ცეცხლს ითხოვდა. მას კი უთქვამს - დაიცავით მხოლოდ სამთავრობო შენობები, მოსკოველებს თავისუფლად სეირნობის საშუალება მიეცითო. შევჩენკოს მოსაზრებას აღშფოთება გამოუწვევია - ხელისუფლების დათმობას ქადაგებო? ვერავინ იტყვის, რამდენად ზუსტია ეს მონათხრობი. ცნობილი ისაა, რომ იმ დღეებში, საჯაროდ, სურკოვმაც და თავად პუტინმაც მშვიდობიანი აქციების გამართვა მოქალაქეთა უფლებად გამოაცხადეს. მათ ორიენტაცია კონტრ-აქციების ორგანიზებაზე აიღეს, რომელშიც მაქსიმ შევჩენკოც აქტიურად იყო ჩართული.


10 დეკემბრის მიტინგის მოდალობებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები მერიაში ვისკის სმით მიმდინარეობდა. თავად მიტინგზე მივიდა გლამურული ქსენია სობჩაკი - მოსკოვის მერიის კულტურის დეპარტამენტის უფროსთან ერთად. მიტინგზე გამოვიდნენ ე.წ. სისტემური საპარლამენტო პარტიის - „სამართლიანი რუსეთის“ დეპუტატებიც. შევჩენკო, მაშინ საპატიმროში მყოფი უდალცოვი, რიჟკოვი - ყველანი, ამა თუ იმ ფორმით, საუბრობენ იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის შიგნით გაჩენილ ბზარებზე, ხელისუფლების მერყეობაზე.[5] შექმნილ ვითარებაში გადამწყვეტი ფაქტორი მაინც დაპირისპირებულთა ლიდერშიპი იყო: ხალხი - მათ შორის სოცქსელებით მობილიზებული - ლიდერებს უნდა წაეყვანათ ან ერთი, ან მეორე მიმართულებით. ასევე, პოლიტიკურ ძალთა ნებასა და უნარებზე ხდებოდა დამოკიდებული სახელმწიფო ინსტიტუტთა ორიენტაცია და მოქმედება.


* * *


მმართველი ელიტის მნიშვნელოვანი, თუმცა არაერთადერთი, სახე იყო და არის სახელისუფლებო პარტია Единая Россия. რიგი მიზეზების გამო, „ЕдРос“-ების მოკრძალებულ საპირწონედ 2003 წლის შემდგომ სახელმწიფო სათათბიროში ბოლო დრომდე მხოლოდ ე.წ. სისტემური პარტიები რჩებოდნენ. ამ ტერმინის გააზრებას თავად Едрос-ების - გენეზისის გახსენება სჭირდება. თავის დროზე, იგი ელცინის მემკვიდრეობისათვის მებრძოლი ორი მულტიკლანური დაჯგუფების, Единство-ს და Отечество – Вся Россия-ს ბაზაზე შეიქმნა. პირველი უშუალოდ პუტინის ირგვლივ ფორმირდებოდა, ბორის ბერეზოვსკის კონტროლქვეშ არსებული მედიასაშუალებების დახმარებით. მეორეს სათავეში კი მძიმეწონოსანი ნომენკლატურული პერსონაჟი, ევგენი პრიმაკოვი და დედაქალაქის მერი იური ლუჟკოვი იდგნენ. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც არც ელცინის მოულოდნელ შემცვლელს, პუტინს იცნობდა ქვეყანა, პოსტ-ელცინური საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები კი ჯერაც ჩასატარებელი იყო, ეს ორი დაჯგუფება საკმაოდ სასტიკ მედიაომებს მართავდა ერთმანეთში.[6]


1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ზემოთნახსენები ორი, თითქოსდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული დაჯგუფება პუტინის საყრდენად მოაზრებულ ამ ახალ წარმონაქმნში გაერთიანდა. სხვათა შორის, პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში ნდობა გამოუცხადა დემოკრატიისა და საბაზრო რეფორმების ისეთმა ბურჯმაც, როგორიც იყო Союз правых сил (СПС). ეს მოხდა მაშინ, როდესაც დემოკრატიულ ძალთა მეორე დანაყოფი, პარტია Яблоко საპრეზიდენტო შეჯიბრში თავის თავმჯდომარის, გრიგორი იავლინსკის კანდიდატურას უმაგრებდა ზურგს. იავლინსკი აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ პუტინი ხისტ, ავტორიტარულ ხელისუფლებას შექმნიდა, რომ მისი პოპულარობის გასაზრდელად და პოპულისტური ნაციონალიზმის გასაღვივებლად დაწყებული ჩეჩნეთის მეორე ომი საზიანო ავანტიურა იყო. მაგრამ, მიუხედავად СПС-ში არსებული აზრთა სხვაობისა (ბორის ნემცოვს არც მაშინ მოსდიოდა პუტინის პრეზიდენტობა თვალში), ძველმა ელცინელებმა - ეგორ გაიდარმა, ანატოლი ჩუბაისმა - თავისი გაიტანეს.


ამით, არსებითად, გამოჩნდა, რომ რუსული პარტიული დაყოფები ძალიან შორს იყო ევროპული სტრუქტურაციისაგან, სადაც მთავარი ინტერესთა დიდი სოციალური ჯგუფების იდეურ-პროგრამული ჩამოყალიბება და პარტიების ლიდერთა თუ რიგით წევრთა მდგრადობაა. პირადი ინტერესები, კლანურობა იქაც არსებობს, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ლიდერები პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებისთანავე გადადიოდნენ ბანაკიდან ბანაკში. რუსი პოლიტოლოგი ვლადიმირ გელმანი წერდა, რომ პოსტ-კომუნისტურ რუსეთში დემოკრატიზაციის მარცხის ამხსნელი ცვლადი ელიტის სტრუქტურაა, რომელშიც იმთავითვე ფრაგმენტირებული რეგიონული დაჯგუფებები და მსხვილ საწარმოო ქსელებს დაუფლებული ტაიკუნები დომინირებდნენ. ელცინი ვერ თუ არ ახდენდა მათ კონსოლიდაციას. მან მხოლოდ მემკვიდრის არჩევაში ჩადო მაქსიმალური ადმინისტრაციული რესურსი. აი მემკვიდრემ, პუტინმა, კი ისარგებლა ჩეჩნეთში გამარჯვებით, ნავთობის გაზრდილი ფასით და სახელმწიფოს უნარები აღადგინა. ტრადიციის თანახმად, ეს უნარები ძალაუფლებაზე მონოპოლიის დამყარებისათვის იქნა გამოყენებული. ოლიგარქებად ქცეული ტაიკუნები პოლიტიკას ჩამოაცილეს, რეგიონული ლიდერების რესურსები შეზღუდეს. გამოიყენებოდა რეპრესიებიც - ხადარკოვსკის დაპატიმრება, მედიაზე კონტროლის დამყარება, არასამთავრობო სექტორის თავისუფლების შეზღუდვა. თუ საჭიროდ ჩათვლიდა, ახალი ხელისუფლება ე.წ. cartel-like deal-ებზეც მიდიოდა. ასე ხდებოდა გაერთიანებული პოლიტიკური ელიტის ფორმირება, რომელსაც სურკოვმა 2006 წელს партия власти უწოდა.[7]


გელმანის აღწერილ სურათში მრავალპარტიულობა ან ბუტაფორიაა, ან მისი ადგილი პოლიტიკაში არც არის. 2014 წელს BBC-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში იგი უფრო ლაკონიურად და მკაფიოდ განმარტავდა, რომ პარტიები რუსეთში მეორეხარისხოვანია. Партия власти-ც პერსონალური კავშირების ერთობლიობაა - გარიგება გავლენიან დიდმოხელეებსა და მათ ბიზნეს თუ პოლიტიკურ პარტნიორებს შორის. გელმანი ციტირებს ერთ-ერთი გუბერნატორის ნათქვამს 2000-იანებში: „ჩვენ ორი გზა გვრჩებოდა - ან Единая Россия-ში უნდა შევსულიყავით, ან ციხეში“. სანამ რეგიონული ლიდერები და სხვა გავლენიანი პერსონები დაქსაქსულად მოქმედებდნენ, იქმნებოდა პარტიული კონკურენციის შთაბეჭდილება. როცა პუტინმა ყველა გააერთიანა, პარტიების კონკურენციის ადგილი აღარ დარჩა[8].


ამ პოლიტიკურ სპექტაკლში გარკვეული როლი ეკავა და უკავია ზემოთ უკვე ნახსენებ ე.წ. სისტემურ ოპოზიციას. ესაა პარტიები, რომელთანაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია კარტელურ შეთანხმებებს დებდა ამა თუ იმ ფორმით. ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია 2006 წელს შექმნილი Справедливая Россия. მის მომავალ თავმჯდომარეს, სერგეი მირონოვს შეხვედრია ადმინისტრაციის უფროსის ცნობილი მოადგილე, ვლადისლავ სურკოვი და შეუთავაზებია - ქვეყანაში ორპარტიული მდგრადი სისტემა უნდა შევქმნათ. სისტემის ერთი ფეხია Единая Россия, შენ მეორე ფეხზე იფიქრეო. მართალია, ეს ფეხი მოკლე აღმოჩნდა - 2007-2011 წლების მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში Справедливая Россия-ს 38 ადგილი ჰქონდა, მაშინ როცა Едрос-ებს - 315. ბოლო, 2021 წლის არჩევნებზე ამ სისტემურმა წარმონაქმნმა სულ 23 ადგილი მიიღო. მაგრამ იმიჯის შესაქმნელად (და იმაზე ხაზგასასმელადაც, რომ ეს იმიჯია და არა რეალობა) რაღაც როლი ამ პარტიამაც ითამაშა. სისტემურ პარტიებადვე მოიაზრებიან სახელმწიფო სათათბიროში მუდმივად მყოფი კომუნისტური პარტია და ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია.


ამ ფასადურ სისტემას, რომლის უკან მკაცრი, კრიმინალთან და სპეცსამსახურებთან წილნაყარი, პარტიათა მიღმიერი ძალაუფლების მონოლითი იდგა, ზოგი ყოფილი ლიბერალიც შეერწყა და მათ სისტემური ლიბერალები უწოდეს. СПС-იდან, რომელსაც 2003 წლის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა აღარ ღირსებია, ასეთებს განეკუთვნებოდნენ ჩუბაისი და კირიენკო, თუმცა კი ამ უკანასკნელის ლიბერალობაც საეჭვოა. ხოლო სხვები, დაუმორჩილებლები, ვინც საკუთარი, დამოუკიდებელი პარტიული ცხოვრების გაგრძელება აირჩია, ისეთივე წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, როგორც მედია თუ ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები. საარჩევნო წესები მათ უთანაბრო მდგომარეობაში აქცევდა. შედეგად, 2003 წლიდან სახელმწიფო სათათბიროში ვერც СПС-ი ან მისი მემკვიდრეები ხვდებოდნენ, ვეღარც Яблоко.


რა თქმა უნდა, ასეთი სავალალო განვითარება რეფორმისტ-დემოკრატთა პასუხისმგებლობაც არის. სრულიად არადემოკრატიული იყო მათი ქცევა თუ დამოკიდებულებები 1993 წელს, როდესაც ელცინმა საპარლამენტო (მაშინდელი უმაღლესი საბჭო) „თეთრ სახლს“ ტანკიდან ესროლა. ნაკლებდემოკრატიული იყო 1996 წელიც, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე კომუნისტი ზიუგანოვი დიდი ფინანსური და მედია რესურსებით, აწ უკვე პუტინის მიერ დაგემოვნებული პიარ ტექნოლოგიებით დაამარცხეს. ადრიან კემპბელი The Conversation-ში წერს, რომ უკვე 1992 წლიდან „დემოკრატი“ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აღმნიშვნელი ტერმინი გახდა. ავტორი იკვლევდა პოლიტიკას ლენინგრად/პეტერბურგში და ასკვნიდა, რომ რაც იქ მან ნახა, დემოკრატების და კომუნისტების ბრძოლა კი არ იყო, არამედ ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების და ძლიერი წარმომადგენლობითი ხელისუფლების მომხრეთა ბრძოლა. როცა დრო მოვიდა, სწორედ ამ ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან დააკომპლექტა პუტინმა თავისი გუნდი. ძალაუფლების კონცენტრაციას და ნაციონალისტურ იდეოლოგიას, რასაც პუტინი ეყრდნობა, 90-იან წლებში აქვს ფესვები.[9] როდესაც ახალ, ბევრად უფრო ავტორიტარულ რეჟიმს ძველი დემოკრატიული ბანაკის ნაწილი ვერ მოერგო, მის დაეჭვებულ, განხიბლულ, მაგრამ მაინც მომხრედ მხოლოდ განათლებული, იდეურად პროევროპული უმცირესობა თუ შერჩა.


შესაბამისად, „თოვლის რევოლუციის“ დროს სოცქსელებით მობილიზებულთა სკეფსისი არასისტემური ოპოზიციური პარტიების მიმართ, რაც მრავალ პოსტებსა თუ კომენტარებში ჩანდა,[10] ასევე ახსნადია. მაგრამ იყო ან არის სოცქსელები პარტიების ალტერნატივა ავტორიტარიზმთან ბრძოლაში? მით უმეტეს, რომ უშუალოდ მიტინგებზე ქცევას უფრო ნაირფერი არასისტემური ოპოზიციის ლიდერები განსაზღვრავდნენ, ვიდრე სოცქსელებში დაწინაურებული ფიგურები ან ინტელიგენციის წარმომადგენლები. გამონაკლისად შეიძლება ნავალნი ჩაითვალოს, რომელმაც ბლოგერობით გაითქვა სახელი. მაგრამ იგი არასოდეს ყოფილა ჩვეულებრივი ფეისბუკელი: ალექსეი ოფ-ლაინ პოლიტაქტივისტიც იყო.


* * *


2011 წლის მიწურულს დაწყებული აქციები ნელ-ნელა მინავლდა. პრეზიდენტად მესამედ არჩეულმა პუტინმა მოახერხა ძალაუფლების კონსოლიდაცია და ავტორიტარული მმართველობის განმტკიცება. აქცენტი გაკეთდა რეპრესიულ კანონმდებლობაზე, ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებაზე და აგრესიული ნაციონალიზმის ქადაგებაზე. 2014 წელს უკრაინაზე თავდასხმა განხორციელდა არა მხოლოდ პუტინის მოკავშირე პრეზიდენტი იანუკოვიჩის ჩამოგდების, ყირიმის დაუფლების თუ ნატოს გაფართოების შიშის გამო, არამედ, როგორც მეორე ჩეჩნური ომის შემთხვევაში, შიდა ოპოზიციის დათრგუნვის სურვილით: ყირიმის ანექსიამ და ომმა დონბასში ნაციონალისტური ეიფორია გამოიწვია. როგორც ითქვა, 2015 წელს მოკლეს ბორის ნემცოვი, 2016 წელს შეიქმნა 340 000 კაციანი როსგვარდია, რომლის სათავეში პუტინის მეგობარი ვიქტორ ზოლოტოვი დაინიშნა. მანამდე, პროტესტების დასრულებისთანავე, 2012 წლის ნოემბერში დაიწყო ინტერნეტის ცენზურა,[11] რისი კანონმდებლობაც თანდათან იხვეწებოდა. იმავე წელს მოხდა საპროტესტო აქციების შემზღუდავი ნორმების მიღება. და ბოლოს, 2020 წელს მოწამლეს, შემდეგ კი დააპატიმრეს ალექსეი ნავალნი. მისი დაპატიმრების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ ადამიანებს პოლიციად გადაქცეული მილიცია თუ გვარდიელები ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტიანად უსწორებდნენ ანგარიშს, ვიდრე ეს „თოვლის რევოლუციის“ დროს ხდებოდა. სწორედ ამ ახალი ავტორიტარული მექანიზმების შემოღებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ახალ ტალღებს უწოდა ისტორიკოსმა, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა სერგეი მედვედევმა „ყირიმის პერიოდის პარკი“ ანუ „ლევიათანის დაბრუნება“ რუსეთში. მისი თქმით, პუტინის ხელისუფლება დღემდე ცდილობს გააკონტროლოს რუსეთის გეოგრაფიული და სიმბოლური ტერიტორია, ნაციის კოლექტიური სხეული და კოლექტიური მეხსიერება.[12]


ეს ყოველივე ნაცნობია და ბევრჯერ ნათქვამი. მაგრამ რატომ ვერ შედგა „თოვლის რევოლუცია“, როგორც დემოკრატიზაციის წარმატებული ექსპერიმენტი? გასაგებია, რომ პუტინი არ აპირებდა ძალაუფლების დათმობას. მაშინაც გამოიყენებოდა საპოლიციო ძალა და დეზინფორმაციული კონტრ-პროპაგანდა. როგორც ინტერნეტში, ისე ოფ-ლაინ, აქტიურობდნენ პროპუტინური ჯგუფები, ორგანიზაციები. საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს ბრალდებოდათ ანგლო-ამერიკელების ჩანაფიქრის - რუსეთის დაშლის - მომსახურება.[13] მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, პოლიტიკური ელიტა მერყეობდა.


მარცხის მიზეზი ბევრნაირი, ანუ მრავალფაქტორიანი შეიძლება იყოს. გამოვყოფ ორს: პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევისა და ოპოზიციის ლიდერების ქცევას. ორივე ფაქტორის ახსნაც და ურთიერთკავშირიც Дождь-ის ფილმ/სიუჟეტშიც იკითხება. აქციების ორგანიზატორთა უმრავლესობა ხაზგასმით მშვიდობიანი, კანონის ჩარჩოებში მოქმედი დემონსტრაციების მომხრე იყო. 24 დეკემბერს, სახაროვის პროსპექტზე გამართულ Болотная-ზე არანაკლებ მრავალრიცხოვან მიტინგზე, იმ დროისათვის გათავისუფლებული ნავალნი აცხადებდა “ჩვენ მოგვპარეს ჩვენი ხმები. მე ვხედავ ადამიანთა საკმარის რაოდენობას, რომ კრემლი და თეთრი სახლი ახლავე ავიღოთ. მაგრამ ჩვენ მშვიდობიანი ძალა ვართ. ჩვენ არ ვიზამთ ამას - ჯერ“.[14] ბევრად ზომიერი იყო ქსენია სობჩაკი, რომელიც 24 დეკემბრის მიტინგზე საზოგადოებრივი კენჭისყრის შედეგებით გამოვიდა. ნიშანდობლივია აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ჟურნალისტი ოლგა რომანოვას გულახდილობა - 10 დეკემბრის აქციის გახსენებისას, როდესაც ლიმონოვი რევოლუციის მოედანზე შეკრებას ითხოვდა, იგი ამბობს „რევოლუციის მოედანზე გასვლის მხარდაჭერა ნიშნავდა იმის თქმას, რომ გაითვალისწინეთ ჩემი ხმა, მე სისხლის მომხრე ვარ, მე იმის მომხრე ვარ, რომ პატარა გოგოს ბრმა ტყვია მოხვდეს. არა, მე არ ვარ ამის მომხრე!“


სობჩაკის აზრით, რაც მან მიტინგზეც გააჟღერა, საჭირო იყო არა ხელისუფლებისთვის ბრძოლა, არამედ მასზე გავლენის მოხდენა. 24 დეკემბერს, როდესაც მიტინგზე ფინანსთა მინისტრი, ე.წ. სისტემური ლიბერალი ალექსეი კუდრინიც გამოვიდა, აქციების ლიდერთა ნაწილს მაინც შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ცვლილებები მართლაც კარს იყო მომდგარი. მაქსიმ შევჩენკო, რომელიც მაშინ ბარიკადის მეორე მხარეს იდგა, თვლის, რომ ხელისუფლების შიგნით კონფლიქტი თანდათან მწიფდებოდა. პუტინი ბევრს არ უნდოდა, მაგრამ მედვედევმა ცვლილებების გარე თუ შიდასისტემურ მომხრეებს თავიდანვე უღალატა, როდესაც მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატურა პუტინს დაუთმო. ანუ, შესაძლო მოკავშირე, რომლის კონსტიტუციური პრეროგატივები უკიდეგანო იყო, პროცესებს გაემიჯნა. წლის ბოლოს ვლადისლავ სურკოვი გადადგა. მაგრამ იმ სიტუაციაში ეს ფაქტი უფრო ცუდის მომასწავებელი იყო, ვიდრე კარგის, რადგან სურკოვს უკვე ნათქვამი ჰქონდა საჯაროდ, რომ საზოგადოებისათვის ნაწილობრივი დათმობა არა იძულებითი მანევრი, არამედ კონსტიტუციური მოვალეობაა. მისი გადადგომა აღიქმებოდა როგორც ზემდგომთა უარი დათმობებზე. მედვედევმა კი გაიღო ერთგვარი ხარკი და საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამოძიების ბრძანება გამოსცა. 22 დეკემბერს მან გუბერნატორების პირდაპირი არჩევის წესის აღდგენაც გამოაცხადა. თუმცა ეს ის არ იყო, რასაც მომიტინგენი ელოდნენ. მათ, მინიმუმ, სრული ან ნაწილობრივი განმეორებითი არჩევნები თუ დააწყნარებდათ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომასთან ერთად. მით უფრო დიდ შეცდომად მიიჩნევს ოლგა რომანოვა იმ ფაქტს, რომ საახალწლოდ მოსკოვი დამშვიდდა, ორგანიზატორები „სათხილამუროდ“ წავიდნენ.


თებერვალში აქციები განახლდა. მაგრამ ხელისუფლება ახალ ტალღას პასიურად არ ელოდა. 2012 წლის 4 თებერვალს, Болотная-ზე განახლებული პროტესტის პარალელურად, Поклонная гора-ზე ათეულ ათასობით მოსკოველი და მეზობელი ქალაქებიდან ჩამოყვანილი ადამიანი შეიკრიბა. მასპინძლები ანტიმაიდანის ჯგუფიდან იყვნენ. მათ შორის ერია მაქსიმ შევჩენკოც, რომელიც მიტინგს მიმართავდა - „თქვენზე ამბობენ, რომ ძალით მოგიყვანეს. თქვით ჰო ან არა“. ზოგიერთი შეფასებით, ამ პრო-პუტინურ კონტრ-მიტინგზე, რომლის მონაწილეებს უფასო საკვებს ურიგებდნენ, დომინირებდნენ პოსტ-ბალზაკის ასაკის ქალები და მამაკაცები ტყავის ქურთუკებში.[15] მარტში НТВ-ზე გავიდა Болотная-ს ორგანიზატორთა მადისკრედიტირებელი ფილმი. მასში საუბარი იყო აქციების დაფინანსებაზე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. პარალელურად, აქციების დაწყებიდანვე ხდებოდა ოპოზიციონერთა შორის კონფლიქტების პროვოცირება. ამის მაგალითია დეკემბერში ბორის ნემცოვის ფარული მიყურადება და მიტინგების სხვა ორგანიზატორებსა თუ მონაწილეებზე მისი არც თუ ზრდილობიანი გამოხმაურებების გამოქვეყნება. ეს კონფლიქტი მიტინგების ორგანიზატორებმა მშვიდობიანად მოაგვარეს. მთლიანობაში კი, ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.


ერთი მთავარი წყალგამყოფი ისევ ბრძოლის ტაქტიკა და მეთოდები იყო. Дождь-ის ფილმი/რეპორტაჟი ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის წარდგენა. მარტში ვლადიმირ პუტინმა შედარებით ნაკლები დარღვევებით გაიმარჯვა.[16] ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა, მათ შორის აწ უკვე უცხოეთის აგენტად გამოცხადებული ლევადა-ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა, აჩვენებდა, რომ პუტინი პირველივე ტურში იგებდა.[17] თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Парнас-ს, რომელიც ლიბერალური ოპოზიციის ნაწილს წარმოადგენდა, არ მიეცა საკუთარი კანდიდატის რეგისტრირების შესაძლებლობა. არ/ვერ დარეგისტრირდა ალექსეი ნავალნიც. სისტემური/საპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატებმა - ზიუგანოვმა და ჟირინოვსკიმ - მხოლოდ ხმების გაყოფა მოახერხეს. რიგ სოცქსელებში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებდა, რომ პუტინის მოწინააღმდეგე „კრეატიული კლასი“ მიხაილ პროხოროვის კანდიდატურისაკენ იხრებოდა. ეს ბიზნესმენი პოლიტიკაში 2011 წელს მოვიდა, შეუერთდა რა პარტიას Правое Дело, რომელშიც ყოფილი ლიბერალური Союз Правых Сил-ის წევრებიც იყვნენ. ოღონდ „თოვლის რევოლუციის“ წინ ამ პარტიაშიც უთანხმოებები დაიწყო.


Болотная-ს პროცესი კი გაგრძელდა. რა თქმა უნდა, არსებობდა ლეგიტიმური ეჭვი არჩევნების პირველივე ტურში დასრულებასთან დაკავშირებით. შედარებით მომცრო მიტინგებისა და მილიციასთან შეხლა-შემოხლის შემდეგ, 6 მაისს დაიგეგმა მორიგი მასშტაბური აქცია. პუტინის ინაუგურაციის გასაპროტესტებლად Болотная-სკენ ხალხის საკმაოდ დიდი მასები დაიძრა. მაგრამ მოულოდნელად დემონსტრანტებს მილიციის სპეცდანაყოფების კორდონები დახვდა, რომლებიც მოედნამდე მიღწევას თითქმის შეუძლებელს ხდიდა.[18] ყველაფერი შეტაკებებით დასრულდა. რეზონანსული აღმოჩნდა ქსენია სობჩაკის საჯარო პოსტი, რომლითაც სოცქსელების ერთ-ერთი ფავორიტი იტყობინებოდა, რომ მან იცოდა, თუ როგორ დასრულდებოდა ეს შეკრება, რომ მისი მიზანი კორდონების გარღვევა და „მჯდომარე გაფიცვა“ იყო. Дождь-ის ჟურნალისტი ეკითხება ქსენიას, თუ რატომ დაწერა მან ეს, ნუთუ არ იცოდა, რომ წერილი შეიძლებოდა მალე აღძრული Болотное Дело-ს საქმეში მოხვედრილიყო? სობჩაკის პასუხია, რომ იყო არაკოორდინირებულობა, საკითხები თანხმდებოდა პრივატულ საუბრებში და არა ორგკომიტეტში, რომ მან წერილის ტექსტი წინასწარ გააცნო ლევ იაშინს. უშუალოდ იაშინი დეტალებს ვერ იხსენებს, უდალცოვს კი სჯერა, რომ სობჩაკი ამ მოძრაობაში „ინკორპორირებული“ იყო.[19] ასეა თუ ისე, დაიწყო რეპრესიები. დაჭერები მოვლენებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც პივოვაროვი იგონებს, ყველაფერი რომ დასრულდა, все сразу пересрались.[20] რა თქმა უნდა, ნაირფერ ოპოზიციას თვითლიკვიდაცია არ გამოუცხადებია. ენერგია მიმართული იქნა ახალი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისკენ. მაგრამ ამ საბჭოს მიზნები ყველას თავისებურად ესმოდა და ამინდს უკვე სხვა რამ ქმნიდა: სობჩაკი ყველა არხიდან დაითხოვეს, უდალცოვი 4,5 წლით ციხეში ჩასვეს, მიმდინარეობდა ნავალნის სისხლის სამართლებრივი დევნა. შემდეგ დაიწყო ყირიმის პერიოდი, რამაც რუსული ოპოზიციაც და საზოგადოებაც (სოცქსელთა პოლიტიზებული მომხმარებლის ჩათვლით) კიდევ ერთხელ დააყენა „ჭეშმარიტების მომენტის“ წინაშე, რითაც, ჯერჯერობით, ისევ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი სარგებლობს.


* * *


მე არ მიკვლევია თუ როგორ მოხერხდა ოპოზიციური სეგმენტის ელექტრონული თვითორგანიზების შედეგიანად დასრულება ეგვიპტეში ან ტუნისში. ვიტყვი მხოლოდ, რომ არაბული ქვეყნების სოციალური სტრუქტურა მაინც განსხვავებულია რუსულისაგან: მათში დიდია როგორც რელიგიური ერთობების, ისე ეთნო-ტომობრივი დაყოფების როლი. რუსეთში კი „თოვლის რევოლუციას“ ინტერნეტი აგრეთვე დაეხმარა, მაგრამ არასაკმარისად. ჯერ ერთი, 10 წლის წინ სოცქსელებში პუტინსაც სოლიდური მხარდაჭერა აღმოაჩნდა.[21] და მეორეც - ინტერნეტი ხდებოდა კრიტიკული ინფორმაციის არსებითი წყარო, ზრდიდა სპეციალურ ჯგუფებში ჩართულთა კულტურულ კაპიტალს, სოლიდარობის განცდის გენერირებით აკმაყოფილებდა მათ. მაგრამ, იმავდროულად, სოცქსელური „დისკურსული პრაქტიკების“ აქცენტი უბელადობაზე, აპოლიტიკურობაზე, „ფეისბუქ პარტიის“ წევრთა მუდმივი კამათი როგორც ორგანიზაციულ, ისე არსობრივ საკითხებზე სწრაფად არღვევდა ხოლმე „პატიოსანი მოქალაქეების“ იდილიურ ერთობას.[22] საბოლოო ჯამში, „თოვლის რევოლუციაში“ ინტერნეტის როლის მკვლევრები ასკვნიან, რომ კომპიუტერით გაშუალებული კომუნიკაციის გარეშე საპროტესტო აქციები ან არ შედგებოდა, ან სხვა ფორმის იქნებოდა. მაგრამ აკადემიურ კითხვაზე - ინტერნეტ-თანამეგობრობა სამოქალაქო მონაწილეობის აუცილებელი ბაზისია თუ იგი მხოლოდ სუსტ კავშირებს ქმნის[23] - მათ ცალსახა პასუხი არ აქვთ.


ვფიქრობ პრობლემის, ანუ დემოკრატიული ცვლილებების განუხორციელებლობის მიზეზი სამგვარია: ლიდერებმა ვერ შეძლეს, მასების რაოდენობა და მობილიზების ხარისხი მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი და, რაც მთავარია, ამ ფონზე თუ თავისთავად, მმართველობითი ვერტიკალი არ ჩამოიშალა. ეს უკანასკნელი, ალბათ, არსებითი ცვლადია, თუმცა ძნელი სათქმელია - დამოუკიდებელი თუ დამოკიდებული. რომ არა ხელისუფლების მდგრადობა და მისი ძალოვანი სტრუქტურების მონოლითურობა, პუტინი ალბათ ვერც მასების ოპოზიციაზე უფრო ეფექტიან მობილიზაციას შეძლებდა და ვერც არჩევნებში იოლ გამარჯვებას. ამ ძალოვან მონოლითთან ქუჩაში დაპირისპირებისათვის პროტესტანტთა მხოლოდ მცირე ნაწილი თუ იყო მზად. ასეა თუ ისე, 2016 წელს, „თოვლის რევოლუციის“ ოთხი წლის თავზე Freedom House-მა გაავრცელა პრეს-რელიზი, რომლის თანახმად Болотная-ზე განვითარებულმა პროცესებმა სსრკ-ს დასრულების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებაზე ყველაზე სასტიკი თავდასხმა მოიტანა.[24]


[1] Блок М. Апология истории, или Ремесло историка, М, Наука, 1986 [2] INTER, 7’2014, Интернет-коммуникации как средство и условие политической мобилизации в России (на примере движения «За честные выборы») Александрина Ваньке, Ирина Ксенофонтова, Ирина Тартаковская, გვ. 55 https://www.jour.fnisc.ru/upload/journals/7/articles/4380/submission/original/4380-8134-1-SM.pdf [3] იქვე, გვ 46 [4] https://tvrain.ru/teleshow/reportazh/10_let_strogogo_rezhima-543777/ [5] https://tvrain.ru/teleshow/reportazh/10_let_strogogo_rezhima-543777/ [6] Доренко рассказывает как Путин пришёл к власти, 28.03-11.04.2015 https://www.youtube.com/watch?v=xsrcqGb-kgQ&t=7047s [7] Vladimir Gel’man, Out of Pan,into the Fire? Post-Soviet Regime Changes in Comparative Perspective, International Political Review, 2008, Vol 29, No 8, pp.157-180 [8] BBC News/русская служба. “Пятый этаж”: 25 лет многопартийности в России, 12 декабря, 2014 года https://www.bbc.com/russian/russia/2014/12/141212_5floor_parties_russia [9] The Conversation, Adrian Campbell, The wild decade: how the 1990s laid the foundations for Vladimir Putin’s Russia, July 2, 2020 https://theconversation.com/the-wild-decade-how-the-1990s-laid-the-foundations-for-vladimir-putins-russia-141098 [10] INTER, 7’2014, Интернет-коммуникации как средство и условие политической мобилизации в России (на примере движения «За честные выборы») Александрина Ваньке, Ирина Ксенофонтова, Ирина Тартаковская, გვ 56-60 https://www.jour.fnisc.ru/upload/journals/7/articles/4380/submission/original/4380-8134-1-SM.pdf [11] DW, 02.09.2015 Sarah Steffen, Russia tightens Internet controls, makes it easier to spy on citizens, critics say https://www.dw.com/en/russia-tightens-internet-controls-makes-it-easier-to-spy-on-citizens-critics-say/a-18690498 [12] Сергей Медведев, Пврк Крымского Периода, Хроники Третьего Срока, individuum, M 2017 [13] მაქსიმ შევჩენკოსნაირნი ანტი-მაიდანელების კლიპი ბალოტნაიას პროტესტანტთა წინააღმდეგ https://www.youtube.com/watch?v=oLw8w8mfLJE [14] https://tvrain.ru/teleshow/reportazh/10_let_strogogo_rezhima-543777/ [15] Lenta.ru,05.02.2012, Сердцу не прикажешь На Поклонной горе прошел 100-тысячный "антиоранжевый" митинг https://lenta.ru/articles/2012/02/04/poklonnaja/ [16] https://tvrain.ru/teleshow/reportazh/10_let_strogogo_rezhima-543777/ [17]Президентские выборы в России (2012) https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D1%80%D0%B5%D0%B7%D0%B8%D0%B4%D0%B5%D0%BD%D1%82%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B5_%D0%B2%D1%8B%D0%B1%D0%BE%D1%80%D1%8B_%D0%B2_%D0%A0%D0%BE%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B8_(2012) [18] https://tvrain.ru/teleshow/reportazh/10_let_strogogo_rezhima-543777/ [19] https://tvrain.ru/teleshow/reportazh/10_let_strogogo_rezhima-543777/ [20] https://tvrain.ru/teleshow/reportazh/10_let_strogogo_rezhima-543777/ [21] VoA, Данила Гальперович, 22/02/2021 Медиа и протест в России: ценность независимой журналистики возрастает https://www.golosameriki.com/a/russia-protest-independent-journalism-social-media/5787505.html [22] INTER, 7’2014, Интернет-коммуникации как средство и условие политической мобилизации в России (на примере движения «За честные выборы») Александрина Ваньке, Ирина Ксенофонтова, Ирина Тартаковская, გვ 56-60 https://www.jour.fnisc.ru/upload/journals/7/articles/4380/submission/original/4380-8134-1-SM.pdf [23] იქვე გვ 46 [24] Russia is rated Not Free in Freedom in the World 2016, Not Free in Freedom of the Press 2016, and Not Free in Freedom on the Net 2015. https://freedomhouse.org/article/russia-four-years-after-bolotnaya-square-protests-prosecution-protesters-continues