top of page

ვლადიმერ პუტინი რუს დიპლომატებს შეხვდა

20 ნოემბერი, 2021

Stacked Wooden Logs
Trans image.png

გასულ ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტი დიპლომატების გაფართოებულ კოლეგიას დაესწრო და  საგარეო პოლიტიკის თემებზე მათ "გული გადაუშალა".


სერგეი ვიქტორის ძის თაოსნობით შეკრებილ რუს დიპლომატებთან სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე ნიშანდობლივი რამ გააჟღერა და ამ ერთ-ერთი უძველესი პროფესიის ხალხს სამოქმედო გეგმაც დაუსახა უახლოესი მომავლისთვის:


მსოფლიოში მწვავედ დგას კლიმატის ცვლილების პრობლემა. რუსულმა დიპლომატიამ აქტიური წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს აშშ-სა და ევროკავშირის ძალისხმევას  ამ მიმართულებით და ხელი უნდა შეუშალოს მათ მცდელობებს კლიმატის დღის წესრიგის მორგებასა და ფორმირებაში;


პოსტსაბჭოთა სივრცეში, კვლავაც უნდა განვაგრძოთ კეთილმეზობლური გარემოს შექმნა. აქ, ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური ინტეგრაციული პროექტი ევრაზიული კავშირია. ხოლო ჩვენი საზღვრების პერიმეტრზე უსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასა (ოდეკაბე) და მის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას;


ტრადიციულად, ჩვენი დიპლომატია ჩართულია რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში. ამ მხრივ, ჩვენთვის ყველაზე მწვავე და მგრძნობიარე უკრაინის შიდა კრიზისია. სამწუხაროდ, უკრაინის კრიზისი ჯერ კიდევ შორს არის მოგვარებისგან და დასავლელი პარტნიორები თავის პროვოკაციული ქმედებებით მხოლოდ ამწვავებენ ამ მოცემულობას;


რაც შავ ზღვაში ხდება საერთოდ სცდება ყველა ზღვარს. იქ სახიფათო სამხედრო მანევრებს ატარებენ. სტრატეგიული ბომბდამშენები კი, ჩვენი საზღვრებიდან სულ რაღაც ოციოდე კილომეტრში დაფრინავენ;


ჩვენ გვახსოვს და ვიცით თუ რა მოიტანა ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებამ - ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს მოადგა, პოლონეთსა და რუმინეთში კი, რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსები განთავსდა. თუმცა, ჩვენი ძალისხმევით, მათ ახლა იქ დაძაბულობა შეექმნათ და ეს დაძაბულობა რაც შეიძლება ხანგრძლივად უნდა შევუნარჩუნოთ, რათა მათ კიდევ ერთი კონფლიქტი არ მოამწიფონ რუსეთის დასავლეთ საზღვარზე;


შეხედეთ რა ხდება ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე. ეს მიგრაციული კრიზისიც ხომ ჩვენ სიახლოვეს შექმნილი კიდევ ერთი დაძაბულობის კერაა მინსკზე ზეწოლის მოსახდენად. როცა იქ შექმნილ მდგომარეობას ვადევნებ თვალს, პირველი, რაც უეცრად თავში მომდის, არის - ბავშვები! ბავშვებია ცოდო, იქ ხომ უამრავი პატარა ბავშვია! ისე სხვათა შორის, რუსეთ-ბელარუსის დაწყებული ინტეგრაცია შეუქცევადად უნდა გაგრძელდეს;


ევროკავშირთან და აშშ-სთან თანამშრომლობის სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება და უთანხმოებები მხოლოდ ხვავდება, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის ცენტრი მაინც ევროატლანტიკიდან აზია-წყნარი ოკეანეთით ინაცვლებს. ამიტომ, დასავლეთის ჯინაზე და მის საწინააღმდეგოდ, პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ უნდა გავააქტიუროთ.


ყველაფერი ზემოთ თქმული მოკლედ რომ შევაჯამოთ - რუსეთი მთელი ძალ-ღონით შეუშლის ხელს დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საქმიანობას მისი საზღვრების სიახლოვეს. ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეკავება, ასევე ამ მიზნით დაძაბულობისა თუ კონფლიქტის კერების შექმნა და შენარჩუნება კი კვლავაც რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ქვაკუთხედად დარჩება.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვი არც უკრაინის "კრიზისის" მოგვარების ხელშეწყობას აპირებს და საერთოდაც დასავლეთის ცხელი თავების გასაგრილებლად, იქ დაძაბულობასაც შეინარჩუნებს.


რაც შეეხება ბელარუსი-პოლონეთისა თუ ბელარუსი-ლიეტუვას საზღვრებთან ხელოვნურად მოზღვავებულ მიგრანტებს, კრემლის თავკაცი თურმე ბავშვების საცოდაობით იწვის და იმავეს ურჩევს სერგეი ვიქტორის ძესა და მის ღვაწლმოსილ კოლეგებსაც.

bottom of page