top of page

უკეთესი მომავლისთვის საჭიროა პუტინის დამარცხება და იმპერიული სწრაფვების დასრულება

ენ ეპლბაუმი

 

ცნობილმა ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა, ენ ეპლბაუმმა, ამერიკული გამოცემისთვის The Atlantic ახალი სტატია გამოაქვეყნა სათაურით ,,რუსეთის იმპერია უნდა მოკვდეს". გთავაზობთ ამონარიდების თარგმანს.

 

იდეები დროსა და სივრცეში მოგზაურობენ, ზოგჯერ მოულოდნელი გზებითაც. მოსაზრება, რომ ქვეყანა უნდა იყოს განსხვავებული - განსხვავებულად მართალი, განსხვავებულად ორგანიზებული - შეიძლება მოდიოდეს ძველი წიგნებიდან, საზღვარ გარეთ მოგზაურობიდან ან, უბრალოდ, მისი მოქალაქეების წარმოსახვიდან/წარმოდგენებიდან. რუსეთის იმპერიის ზენიტში, მე-19 საუკუნეში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ავტოკრატის მმართველობის ქვეშ, გაიზარდა რეფორმების მოძრაობების რაოდენობა: სოციალ-დემოკრატები, გლეხი რეფორმატორები, კონსტიტუციის დამცველები და პარლამენტარები. რუსეთის იმპერიის ელიტაში დაბადებულმა ზოგიერთმა ადამიანმაც კი დაიწყო მისი სოციალური კლასის წარმომადგენლებისგან განსხვავებულად ფიქრი. ლევ ტოლსტოი ჩამოყალიბდა პაციფიზმს ცნობილ დამცველად. მწერალ ვლადიმერ ნაბოკოვის მამა რუსეთის რევოლუციამდე პერიოდში გამოდიოდა მხურვალე საჯარო გამოსვლებით, რედაქტორობდა ლიბერალურ გაზეთს და იჯდა ციხეში. მისი შვილი მოგვიანებით იხსენებდა, როგორ ივსებოდა სახლის ჰოლი პალტოებითა და ფეხსაცმელებით, მაშინ, როცა მამამისი პოლიტიკურ შეხვედრებს მართავდა.

 

სახელმწიფო, მაშინაც კი, დაუპირისპირდა ადამიანებს, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობდნენ. მიხაილ ზიგარმა, რუსმა ავტორმა და დამოუკიდებელი ტელეარხის „Dozhd’’ დამფუძნებელმა რედაქტორმა დაწერა წიგნი „იმპერია უნდა მოკვდეს“, სადაც, სხვა ამბებთან ერთად, მოგვითხრობს იმ დამოუკიდებელ მოაზროვნეებზე, რომლებიც რუსეთიდან გააძევეს მე-20 საუკუნის დასაწყისში და რომელთაგან ზოგი უკან დაბრუნდა, რათა რევოლუციის დროს რუსეთის ცვლილებების პროცესში მონაწილეობა მიეღო. ეს იყო მომენტი, „როცა რუსული პოლიტიკური ემიგრაციის რაოდენობა ისე იზრდება, რომ საუბარია ალტერნატიული რუსული სამოქალაქო საზოგადოების აღმოცენებაზე... რუსული დიასპორა აღარაა რუსეთის ფილიალი. უკვე გაუგებარია, რომელია ტოტი და რომელია ღერო“.

 

არც მაშინ და არც მოგვიანებით რუსი ლიბერალების უმეტესობას არ ესმოდა, რომ იმპერიული პროექტი თავისთავად იყო რუსული ავტოკრატიის წყარო. თეთრმა რუსულმა არმიამ ბოლშევიკებთან ნაწილობრივ იმის გამო წააგო, რომ 1918-20 წლებში არ შეუერთდნენ ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებულ პოლონეთს ან მომავალში დამოუკიდებლობა მოპოვებულ უკრაინას. დემოკრატიულმა იდეებმა ვერ გაიმარჯვეს ვერც რუსეთის რევოლუციას შემდგომ წლებში, ნაწილობრივ იმიტომ, რომ სახელმწიფოს ჭირდებოდა დიდი რაოდენობით ძალის გამოყენება უკრაინის, საქართველოს და საბჭოთა კავშირის წევრი სხვა რესპუბლიკების შესანარჩუნებლად.


შიშისა და სიღარიბის ათწლეულებმა, რომელიც რუსეთის რევოლუციას მოჰყვა, ვერ გააქრეს იმის რწმენა, რომ სხვა სახის სახელმწიფოს არსებობა შესაძლებელი იყო. მოაზროვნეების ახალი თაობები იზრდებოდნენ საბჭოთა წყვდიადს გარეთ. ზოგიერთმა ხელი შეუწყო თანამედროვე ადამიანის უფლებების მოძრაობების დაწყებას. სხვებმა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსკოვის სამოქალაქო განათლების სკოლის დამფუძნებლების მსგავსად, ალტერნატიული რუსეთის შექმნა ცადეს.

 

ისინი [რუსი ლიბერალები] დამარცხდნენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთ დიქტატორთან, რომელიც იყენებს იმპერიულ ომს მტრების მოსასპობად და რუსეთში შიშის გასავრცელებლად. ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსების უმრავლესობა ჩუმადაა, მაშინაც კი, როცა შეშინებულები არიან პროპაგანდით ან ნაციონალისტური სლოგანების გავლენის ქვეშ არიან, 17 000-ზე მეტმა რუსმა ქვეყნის შიგნით გააპროტესტა როგორც რეჟიმი, ასევე მათი აპათიური თანამემამულეები და რუსეთის იმპერიალიზმი და შედეგად, ამის გამო, დააკავეს ან ციხეში ჩასვეს. აქედან რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსია, რომლებსაც შეეძლოთ დიდი ხნის წინ დაეტოვებინათ ქვეყანა. მათ შორის არიან ვლადიმერ კარა-მურზა და ილია იაშინი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დაიჭირეს; ის იზოლაციაშია, მაგრამ სასამართლო სხდომის დროს, 21 სექტემბერს, მაინც დაგმო „კრიმინალური“ ომი და პუტინი დაადანაშაულა. 30 სექტემბერს მან გამოაქვეყნა ესე, რომელიც ჩუმად გამოაგზავნა საკნიდან, სადაც საუბრობს პოსტ-პუტინურ რუსეთზე და რუსეთის ამჟამინდელი საპრეზიდენტო სისტემის, რაც სრულ ავტოკრატიაში გადაიზარდა, შეცვლაზე საპარლამენტო რესპუბლიკით. იმპერიის ახალ მხსნელად თავის წარმოჩენის მაგივრად, ის სხვა სახის რუსეთს ითხოვს.

 

ქვეყნის გარეთ ათასობით რიგითი რუსი იწყებს იმის გააზრებას, თუ რამდენად მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული იმპერია და ავტოკრატია. ზოგიერთმა ახლად ემიგრირებულმა საერთოდ უარი თქვა პოლიტიკაზე, ბევრი კი უბრალოდ თავს არიდებს გაწვევას. მაგრამ ადამიანების დიდი ჯგუფი ეწინააღმდეგება ომს საზღვარგარეთიდან რუსულენოვანი ვებსაიტების საშუალებით, აშუქებენ ომს და ცდილობენ რუსებს მიაწოდონ ინფორმაცია რუსულ ენაზე. ტელეკომპანიამ „დოჟდი“, რომელიც მარტში მთავრობამ დახურა, ისევ დაიწყო მაუწყებლობა ონლაინ და რიგაში დაფუძნდა. ნავალნის გუნდი, ის რაც მისი დიდი ორგანიზაციისგან დარჩა, ამზადებს ვიდეოებს, რომლებსაც მილიონობით ნახვა აქვს YouTube-ზე, რომელთან წვდომაც ჯერ ისევ შესაძლებელია რუსეთში.

ადამიანების და ჯგუფებს მნიშვნელოვან ნაწილს უნდა, რომ სხვა რუსეთის იდეა შეინარჩუნოს, შექმნას„ალტერნატიული სამოქალაქო საზოგადოება“ რუსეთს გარეთ. გარი კასპაროვმა, ჭადრაკის ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, რომელიც დემოკრატიულ პოლიტიკაში წავიდა, 2000-ანებში მოსკოვში დემონსტრაციების ორგანიზებაში იყო ჩართული და ახლა პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული იმ ქვეყანაში, სადაც ერთ დროს გმირი იყო, ახლახან მითხრა, რომ „ვირტუალური სამხრეთ კორეის“ აშენების იმედი აქვს, რომელიც განსხვავდება რუსეთისგან, რომელიც უფრო და უფრო ემსგავსება ჩრდილოეთ კორეას. კასპაროვის ერთ-ერთი პროექტი, თავისუფალი რუსეთის ფორუმი, რეგულარულად უყრის თავს რუსეთს გარეთ მყოფი რუსული თემის სხვადასხვა, ზოგჯერ დაპირისპირებაში მყოფ განშტოებებს.

 

სულ მცირე ერთი მიზეზი განასხვავებს 21-ე საუკუნის ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს 20-ე საუკუნის მათი წინამორბედებისგან. ისინი არიან საზღვარგარეთ ან ციხეში საშინელი იმპერიული დამპყრობლური ომის გამო. ბევრი ეწინააღმდეგება არამარტო რეჟიმს, არამედ იმპერიას. პირველი შემთხვევაა, როცა ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მხოლოდ რეჟიმი კი არ უნდა შეიცვალოს, არამედ ერის დეფინიციაც. კასპაროვია იმათ შორის, ვინც ამბობს, რომ მხოლოდ სამხედრო მარცხი მოიტანს პოლიტიკურ ცვლილებებს. მას სჯერა, რომ დემოკრატია იქნება შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, როცა ყირიმი გათავისუფლდება და უკრაინის დროშა აღიმართება სევასტოპოლში.


იდეა, რომ შესაძლებელია განსხვავებული რუსეთი არსებობდეს, რუსეთი რომელიც ერი-სახელმწიფოა და არა იმპერია, ამ ეტაპზე უკრაინელებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელი არაა. პირიქით, ბევრი უკრაინელი მიიჩნევს რუსულ დემოკრატიულ ოპოზიციას, არა-დისიდენტების მსგავსად, დამნაშავედ, იმპერიალისტად და ომზე პასუხისმგებლებად. რა თქმა უნდა, მართალია, რომ ყველა, ვისაც „რუს ლიბერალს“ ეძახდნენ, არ იყო იმპერიის ან პუტინის წინააღმდეგი. ზოგი ტექნოკრატია, რომელიც პინოჩეტის მსგავსს დიქტატურის ემხრობოდა, ზოგის [i] „ლიბერალიზმი“ ინსტაგრამზე ევროპის დასასვენებელი ადგილების ფოტოების გამოქვეყნებით გამოიხატებოდა. უკრაინელი ჟურნალისტი, ოლგა ტოკარიუკი ცოტახნის წინ ტვიტერზე აღნიშნავდა, რომ „რუსი ლიბერალებიც კი ხშირად გამოხატავდნენ იმპერიალისტურ იდეებს საგარეო პოლიტიკისა და უკრაინასთან დაკავშირებით. არსებობს ომისადმი ტოლერანტობა და დემოკრატიისადმი ზიზღი“. ბევრი კითხულობს, სად არის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები ლონდონში ან თბილისში? რატომ არ ისმის ათასობით ემიგრირებულის ხმა?

 

არგუმენტს, რომ „კარგი რუსები“ არ არსებობენ აქვს როგორც ღრმა ემოციური ლოგიკა, ასევე, პოლიტიკურიც და არა მარტო უკრაინელებისთვის. რუსმა ლიბერალებმა მარცხი წარსულშიც ხომ განიცადეს. ისინი დამარცხდნენ 1900-იანებში და 2000-იან წლებში და ახლაც მარცხდებიან. მათ ვერ შეაჩერეს პუტინი, ვერ შეძლეს ამ კატასტროფის თავიდან აცილება. ზოგიერთმა მათგანმა, სულ მცირე ბოლო დრომდე, ვერ გაცნობიერა თუ როგორ კვებავდა და ასაზრდოებდა რუსული იმპერიალიზმი რუსულ ავტოკრატიას - იმის გასაგებად თუ რატომ, როგორც ზიგარის წიგნი სათაური ამბობს, რუსეთის იმპერია უნდა მოკვდეს.

 

თქვენ შეგიძლიათ ამ წარუმატებლობისადმი აღშფოთება გაიგოთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლების შეცვლილ ტონში. ომის წინა საღამოს ზელენსკიმ რუსებს რუსულ ენაზე მიმართა და მოუწოდა ამ ომის თავიდან აცილებისკენ: „რუსებს სურთ ომი?“ მან იკითხა რიტორიკულად. „პასუხი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე“. მაგრამ იმის გამო, რომ მათ არაფერი შეაჩერეს, ზელენსკი ცოტა ხნის წინ შეუერთდა სხვებს, რათა მხარი დაეჭირა რუსებისთვის ევროპის ვიზების აკრძალვისთვის, იმ მოტივით, რომ რუსებმა უნდა „იცხოვრონ საკუთარ სამყაროში მანამ, სამან არ შეცვლიან თავიანთ ფილოსოფიას“. როცა პუტინმა სექტემბერში მობილიზაციის სურვილი გაამჟღავნა, ზელენსკი უფრო ექსპლიციტური იყო. რუსებმა არ უნდა დატოვონ საკუთარი ქვეყანა გაწვევისგან თავის დაღწევის მიზნით, არამედ უნდა იბრძოლონ ქუჩებში საკუთარი თავისუფლებისთვის. უკრაინელი ფილოსოფოსი ვოლოდიმირ ერმოლენკი აღნიშვნას, რომ რუსები, რომლებმაც ბოლო პერიოდში დატოვეს ქვეყანა, ომს კი არა, მხოლოდ გაწვევას გაურბიან: „ეს ათასობით ადამიანი ომის წინააღმდეგ რომ გამოსულიყო რუსეთში, ომი დასრულდებოდა. ლაჩრები“.

 

რა თქმა უნდა, რუსებს უნდა ებრძოლათ და უნდა იბრძოლონ. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მცირე ნაწილმა იბრძოლა და ყოველთვის იბრძოლებს. შეიძლება ამ ჯგუფს ახალი სახელი ჭირდება - ისინი არ არიან რუსი ლიბერალები, არამედ „ანტი-იმპერიალისტი რუსები“ ან „პრო-დემოკრატი რუსები“ ან„თავისუფლების მომხრე რუსები“. ნაწილი ამ დასკვნამდე ფრთხილი ანალიზის შედეგად მივიდა, ზოგი ინსტინქტურად. ჩემთან ბოლო საუბრებში რუსებმა ახსენეს დეიდა, რომელიც საბჭოთა დისიდენტი იყო, ან ახლო მეგობარი, რომელიც უკრაინელია, რათა აეხსნათ, რატომ იმედოვნებენ, რომ მათი ქვეყანა გადამწყვეტ სამხედრო მარცხს განიცდის.

 

ეს კავშირები შესაძლებლობისა და შემთხვევითობის შედეგია. რაც ხსნის რატომ არ იყო ლენა ნემიროვსკაიას მოკრძალებული მიზანი - რუსეთი ცოტათი უფრო ცივილიზებული გაეხადა - ნაივური. რადგან არაფერია გარდაუვალი, არაფერია გენეტიკური, არაფერია წინასწარ განსაზღვრული რომელიმე ერისა თუ მისი მთავრობის შესახებ. მხოლოდ დიქტატორებს სჯერათ, რომ არსებობს ისტორიის კანონები რომლებიც უნდა დაიცვან. დემოკრატებმა, პირიქით, იციან რომ სახელმწიფო საბოლოოდ მოერგება საზოგადოებას და არა პირიქით - საზოგადოება, არსებითად, ყოველთვის იცვლება.

 

რუსეთის მომავალი შეიცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ გაიაზრებენ მისი ლიდერები და მოქალაქეები ამ შოკისმომგვრელი, სასტიკი და არასაჭირო ომის ტრაგედიას.

 

წარსულის კულტურული მნიშვნელობა მძიმეა, ავტოკრატიის ჩვევები - განსაკუთრებით შიშში ცხოვრების ჩვევა - არსებობას აგრძელებს. ძალაუფლებისკენ მიზიდულობაც ძლიერია. ადამიანებს, რომელსაც ძალაუფლება აქვთ, არ ენდომებათ მისი დაკარგვა და რუსეთის შემდეგი მთავრობა შეიძლება უფრო რეპრესიული იყოს მიმდინარესთან შედარებით. მაგრამ მოულოდნელი შემთხვევები ხდება; წარმოუდგენელი მოვლენები ვითარდება. ქვეყნები ვითარდებიან, ზოგჯერ უკეთეს მთავრობებს ქმნიან, ზოგჯერ უარესს. იმპერიები ეცემიან: რუსეთის იმპერია დაეცა, საბჭოთა იმპერიაც დაეცა და ადრე თუ გვიან დაეცემა პუტინის ახალი რუსული იმპერიაც. თავის ციხის საკნიდან კარა-მურზამ აღნიშნა, რომ 17 000 დაკავებული ომის მოწინააღმდეგე დემონსტრანტი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე 7 ადამიანი, რომელიც დაიჭირეს მოსკოვის წითელ მოედანზე, როცა საბჭოთა კავშირი ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა 1968 წელს, რათა ქვეყნის [ჩეხოსლოვაკიის] ცვლილებები შეეჩერებინა. ლეონიდ ვოლკოვმა, ნავალნის ემიგრაციაში მყოფი ორგანიზაციის ლიდერმა ერთი წლის წინ მითხრა, რომ მას სჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მას და მის კოლეგებს შეუძლიათ ქნან არის მზადყოფნა ცვლილებებისთვის, როცა ის მოვა.

 

მე ხშირად აღმინიშნავს, რომ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ამერიკული დემოკრატია გადარჩება, რომ რაც შეემთხვევა ამერიკას ხვალ, დამოკიდებულია ამერიკელების მოქმედებაზე დღეს. იგივეა რუსეთის შემთხვევაშიც. ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს არა წარსულის მისტიკური კანონები, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამენ და გაიაზრებენ მისი ლიდერები და მოქალაქეები ამ შოკისმომგვრელ, სასტიკ, არასაჭირო ომის ტრაგედიას. საუკეთესო გზა, რომლითაც გარეშე აქტორებს შეუძლიათ რუსეთის ცვლილებებს ხელი შეუწყონ, არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ შეძლოს მისი ტერიტორიების უკან დაბრუნება და იმპერიის დამარცხება. ჩვენ, ასევე, შეგვიძლია გავაგრძელოთ იმ რუსების მხარდაჭერა, მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა, რომლებიც იაზრებენ რატომ არის რუსეთის მარცხი ერთადერთი გზა მოდერნულობისკენ; რატომ არის სამხედრო მარცხი აუცილებელი უფრო განვითარებული და ღია საზოგადოების შექმნისთვის; და რატომ უნდა მოკვდეს რუსეთის იმპერია. ჩვენ არ გვჭირდება იდეალიზებული „კარგი რუსების“ მოძებნა - რადგან არც ახლა და არც მომავალში არ გამოჩნდება მხსნელი, რომელიც შეძლებს ქვეყნის გამოსწორებას. მაგრამ რუსებს, რომლებსაც სჯერათ რომ მომავალი შეიძლება იყოს განსხვავებული, გააგრძელებენ საკუთარი ქვეყნის შეცვლას და ოდესმე შედეგს მიაღწევენ. ახლა კი, არავინ უნდა მისცეს პუტინს უფლება განსაზღვროს რას ნიშნავს იყო რუსი. მას არ აქვს ამის უფლება.


 

[i] აქ ავტორი იყენებს სიტყვას socialite, რომლის ზუსტი ქართული შესატყვისის პოვნა რთულია [მთარგ. შენიშვნა]

bottom of page