top of page

"სპუტნიკ V-ის" ავტორიციის პროცესი შეჩერებულია

17 სექტემბერი 2021

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის „სპუტნიკი V“ დამტკიცების პროცესს აჩერებს.


რუსეთის მთავრობისთვის ვაქცინა არასდროს არ ყოფილა მხოლოდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება. 2020 წლის აგვისტოში კრემლმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, „სპუტნიკ V-ის“ შექმნა იზეიმა, როგორც რუსული მეცნიერების, ინოვაციისა და დიპლომატიის გამარჯვება. კრემლიდან ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა ეფექტიანი ვაქცინის გამოგონებით დასავლეთს აჯობა, ბაზარზე ის მალე გაჩნდებოდა და ეს მნიშვნელოვანი გარღვევა მსოფლიოზე მალევე დადებითად აისახებოდა.


რუსული ვაქცინის ექსპორტი მიანდეს ინგლისურ ენაზე თავისუფლად მოსაუბრე კირილ დიმიტრიევს, რომელსაც ეკონომიკის ბაკალვრის ხარისხი მოპოვებული აქვს სტენფორდის უნივერსიტეტში, ხოლო ბიზნეს ადმინისტრირების - ჰარვარდში. ის არის რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. პუტინს მისთვის სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მისია მიუნდია. ის მიიჩნევა OPEC+ შეთანხმების არქიტექტორად, რის შედეგადაც რუსული ნავთობის წარმოების ლიმიტები გაიზარდა.


„სპუტნიკ V” ავტორიზაცია 17-მა ქვეყანამ მიანიჭა. მათ შორის იყვნენ, არგენტინა, განა, უნგრეთი, ინდოეთი, მექსიკა, ნიგერია, პერუ ფილიპინები და არაბთა გაერთიანებული საემიროები. ამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან მილიონობით ვაქცინის მიწოდებაზე გააფორმეს ხელშეკრულება და, ზოგიერთ შემთხვევაში, რუსული ვაქცინის ადგილობრივ წარმოებაზეც კი შედგა შეთანხმება. ამ შეთანხმებების კატალიზატორი 2020 წელსა და 2021 წლის დასაწყისში მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტი იყო. ასევე, დადებითი როლი შეასრულა პროპაგანდამ, რომლის მიხედვითაც დასავლეთი სიხარბით გამოირჩეოდა და ვაქცინებს მხოლოდ საკუთარი მოსახლეობისთვის გამოიყენებდა.


ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც კრემლს სურდა:


მსოფლიოს მასშტაბით როგორც პოლიტიკური, ისე ჯანდაცვის სფეროს ლიდერები იმედგაცრუებულები არიან და უპირატესობას ანიჭებენ mRNA მეთოდით დამზადებულ ვაქცინებს, როგორებიცაა „ფაიზერი“ და „მოდერნა“.


იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ განუცხადებიათ იმის შესახებ, რომ რუსული ვაქცინა გლობალური პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, COVAX პროგრამის (ვაქცინების საერთაშორისო დისტრიბუტორი ღარიბ ქვეყნებში) ყველაზე მცირე კონტრიბუტორია. რუსეთს არც ფინანსური დახმარება არ გაუწევია ამ პროგრამისთვის. პრიორიტეტს სხვა ქვეყნებთან ორმხრივი კომერციული შეთანხმებები წარმოადგენდა.


პრეზიდენტმა პუტინმა მარტში განაცხადა, რომ მხოლოდ რუსეთის ფარგლებს გარეთ დამზადდებოდა 700 მილიონი დოზა, თუმცა მაისის მდგომარეობით დამზადდა 33 მილიონი, საიდანაც უცხოეთში 15 მილიონზე ნაკლები გაიგზავნა. აქედან გამომდინარე, რუსეთმა ვერ შეძლო მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რიგი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით აფრიკაში ვაქცინის მასობრივი მიწოდება არ განხორციელებულა. გაიგზავნა მხოლოდ რამდენიმე ათასი, რომელიც ადგილობრივ პრივილიგირებულ ჯგუფებს ერგოთ.


არგენტინაში სამი თვის განმავლობაში მილიონობით ადამიანი რუსული ვაქცინის უშედეგო მოლოდინში იყო. ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები შეექმნა ბოლივიას, გვატემალას, მექსიკასა და ფილიპინებს, რომლებმაც რისკ-ჯგუფს მიკუთვნებული მოსახლეობის ვაქცინაციაც კი ვერ შეძლეს. საბოლოო ჯამში აღნიშნულმა ქვეყნებმა უფრო სანდო პარტნიორების ძიება დაიწყეს.


ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ სულ უფრო მეტი და მეტი მტკიცებულება ვრცელდება კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. 2020 წელს აღნიშნულმა რუსულმა ფონდმა განაცხადა, რომ „სპუტნიკ V-ის“ ვაქცინა 10$ ეღირებოდა, მაგრამ მისი რეალიზაცია რიგ შემთხვევაში გაცილებით ძვირად განხორციელდა. არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ კომპანიას „სპუტნიკ V-ის“ შესყიდვისა და შემდეგ გაყიდვის უფლება მიენიჭა. ამ კომპანიამ აფრიკისა და აზიის სულ მცირე ხუთ ქვეყანაში ვაქცინა 19$-ად გაყიდა.


მაგრამ, ცხადია, რომ ეს ყველაფერი არ იყო მთავარი მიზეზი, თუ რატომაც გადაწყვიტა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ „სპუტნიკ V-სთვის“ ავტორიზაციის მინიჭების პროცესის შეჩერება. ამავე ორგანიზაციის განცხადებით, „ვაქცინის წარმოების პროცესი არ აკმაყოფილებდა სათანადო სტანდარტებს“. აქედან გამომდინარე, ავტორიზაციის საკითხის განხილვა იმ დრომდეა შეჩერებული, სანამ შესაბამის პირებს ვაქცინის ერთ-ერთი საწარმოს ინსპექტირების შესაძლებლობა არ მიეცემათ.  რუსეთის საგარეო საქმეთა სპიკერმა, მარია ზახაროვამ ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში განაცხადა, რომ რუსულ ვაქცინებზე დასავლეთის უარი განპირობებულია იმპერიული ჰეგემონიითა და ნეო-ნაციზმით.


რა ხდება რუსეთში?


ვაქცინის ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყნის მოსახლეობაზეც აისახა. დეფიციტის გამო, მოსკოვისა და პეტერბურგის გარეთ, რეგიონებში მოსახლეობას იმ ვაქცინის სანაცვლოდ, რომელზეც დარეგისტრირდნენ, სთავაზობენ ნაკლებად სანდო და ნაკლებად ცნობილ ვაქცინას “EpiVac”.


„მეორე აცრაზე მისულმა ვიკითხე, ხო ნამდვილად „სპუტნიკს“ მიკეთებთ? ექიმმა მიპასუხა: არა, თქვენ პირველი დოზაც „ეპივაკი“ გაქვთ გაკეთებული და ახლაც ეგ ვაქცინა გეკუთვნითო“. - აცხადებს მოქალაქე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.


ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება მოსახლეობის ვაქცინაციასთან მიმართებით ნდობის ხარისხზე, რომელიც ისედაც დაბალია პოსტ-საბჭოთა სივრცეში.  „ლევადა“ ცენტრის კვლევების თანახმად, რუსეთში გამოკითხული მოსახლეობის 57%-ს არ აშინებს ვირუსით დაინფიცირება. ახალი შტამების გავრცელებამ პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შეამცირა 41%-მდე. ევროპის ქვეყნებთან შდარებით, რუსეთში მოსახლეობის ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს.


მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება „სპუტნიკის“ ბედი, რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები იმის კარგი მტკიცებულებაა, რომ კრემლის ამბიციები მის შესაძლებლობებს აღემატება. ჰოდა, выпьем за то, чтобы наши желания всегда совпадали с нашими возможностями“!


გამოყენებული წყაროები:

https://bit.ly/3kkSP5K

https://bit.ly/3kjexqR

https://reut.rs/2VRNzgM

https://bit.ly/2XsDAPu

https://bbc.in/3zpWEv6

bottom of page