top of page

წინ სტრატეგირებისაკენ - ანუ ამნეზია, რომელმაც ბუჩამდე მიგვიყვანა

გიორგი შაიშმელაშვილი | კრიტიკა | 6 ოქტომბერი, 2022



შესავალი

ცივი ომის დასრულებით გამოწვეულმა ეიფორიამ დასავლეთში სტრატეგიული აზროვნების ატროფია გამოიწვია. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების საგარეო პოლიტიკა, რომელსაც, ცივი ომის პერიოდში, პირველი და მეორე მსოფლიო ომების მსგავსი ტრაგედიების პრევენცია ასაზრდოებდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საყოველთაო ამნეზიამ მოიცვა. დასავლეთმა დაკარგა „ტრაგედიის მგრძნობელობა,“ როგორც ბრანდსი და ედელი აღნიშნავენ წიგნში „ტრაგედიის გაკვეთილები: სახელმწიფოებრიობა და მსოფლიო წესრიგი“(Brands and Edel 2019).მათი თქმით, ძველი ბერძნები ტრაგედიის სახალხო თეატრალიზებულ წარმოდგენებს იყენებდნენ როგორც კომპლექსურ სიმულატორს იმისთვის, რომ ბერძნები ამპარტავნებას და მცონარობას არ მისცემოდნენ და ყოველთვის ხსომებოდათ ტრაგედიების შესახებ, რომლებიც მათ მომავალში შესაძლოა თავს დასტყდომოდათ. სამწუხაროდ, ბუჩასა და ირპინში მომხდარი ტრაგედიები სიმულატორის გამონაგონი კი არა, სინამდვილეა, რომელიც ჩვენ თვალწინ თამაშდება. ამ ფონზე, სასურველია, გავიაზროთ ის მნიშვნელოვანი სააზროვნო სისტემები, პარადიგმები თუ დაშვებები, რომლებიც დასავლურ პოლიტიკურ აზროვნებას და გლობალურ მსოფლიო წესრიგს ასაზრდოებდა და რომლებიც დღეს რადიკალური რევიზიის ობიექტია სხვადასხვა რევანშისტული ძალების მიერ.


ცივი ომის შემდგომი ლიბერალური ტრიუმფალიზმის კვინტესენცია ფრენსის ფუკუიამას მიერ გამოთქმული „ისტორიის დასასრულის“ თეზაა. რომელთან ერთად თანაარსებობდა ლიბერალური მშვიდობის, გეოპოლიტიკური კონკურენციის დასრულების, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებისა, სუპრანაციონალური ერთობების, ნაციონალიზმის საბოლოო მარცხისა და სხვა იდეები. მსგავსი პოლიტიკური ფილოსოფიის მატერიალური გამოხატულება სტრატეგიის სფეროში სამხედრო ძალების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მკვეთრი შემცირება და ხისტი ძალიდან რბილ ძალაზე პრიორიტეტების გადატანა იყო (Nye 1990). როგორც სტივენ კოტკინი აღნიშნავს (Kotkin 2022), ცივი ომის დასასრულის შესახებ საუბარი მირაჟი აღმოჩნდა. მისი თქმით,სინამდვილეში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ საბჭოთა კავშირი ჩინეთმა ჩაანაცვლა, რუსეთი ანტი ამერიკული მსოფლიო წესრიგის მეორე რიგის მოთამაშედ იქცა და კონკურენციამ ევროპული თეატრიდან აზია-წყნარიოკეანეთით გადაინაცვლა. დასავლეთმა, დიდი სახელმწიფოების კონკურენციაზე უარის თქმით, რუსეთს რეანიმაციის შესაძლებლობა, ხოლო ჩინეთს გლობალური ეკონომიკური და ფინანსური წესრიგით სარგებლობისა და დიდ ძალად ჩამოყალიბების საშუალება მისცა.

ბზარები აკადემიურ სივრცეში ლიბერალურ ენთუზიაზმს 2000-იანი წლების დასაწყისში შეეპარა. ამ მხრივ წყალგამყოფი მოვლენა 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ამ კონტექსტში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ნაციონალიზმის და პოპულიზმის ზრდა იყო. მოგვიანებით ბრექსიტმა და აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევამ, დასავლური აკადემია და ინტელექტუალური აზრი ლიბერალური დემოკრატიის კრიზისზე სერიოზულად დააფიქრა. თუმცა, საკუთარი პრობლემებით მოცულ დასავლეთს ლიბერალური დემოკრატიის მთავარი გამოწვევის, რევიზიონისტული ძალების რევანში, მნიშვნელოვანწილად, შეუმჩნეველი დარჩა. დასავლურ სტრატეგიულ აზროვნებაში ნაციონალიზმისა და მეცხრამეტე საუკუნის გეოპოლიტიკური კლიშეებით აზროვნების ბოროტებად გამოცხადებას ხელი არ შეუშლია რუსეთისა და ჩინეთისთვის საკუთარი საგარეო პოლიტიკური მოქმედებები სწორედ ნაციონალიზმზე დაეფუძნებინათ, რისი საგარეო განზომილება გავლენის სფეროები, მცირე სახელმწიფოების სუვერენიტეტის უგულებელყოფა და საზღვრების ხისტი ძალით, ან მისი კომბინირებით ეროვნული ძალის ინსტრუმენტების სხვა კომპონენტებთან (ე.წ. ჰიბრიდული ომი) გადასინჯვაა.


ნაციონალიზმის რევანში

ნაციონალიზმის ორბუნებოვნება მას იმთავითვე წინააღმდეგობრივ ფენომენად აქცევს. სპეციფიკური ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით ის შეიძლება იყოს როგორც განმათავისუფლებელი ძალა, ისე იმპერიალისტური პოლიტიკის ლეგიტიმატორი. ფლორიან ბეიბერი, ნაციონალიზმის აღზევებაზე დაწერილ სტატიაში, ერთგვარად ამდიდრებს ნაციონალიზმის ტრადიციულ ცოდვებს და ამტკიცებს, რომ ნაციონალიზმის ექსკლუზიური ფორმის შერწყმა პოპულიზმსა და ავტორიტარიზმთან მზარდი ტენდენციაა, რაც შედეგად გვაძლევს „ვირულენტურ ექსკლუზიურ ნაციონალიზმს“ (Bieber 2018). ცხადია, მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს ავტორიტარიზმები სახალხო ლეგიტიმაციისა და ნაციონალური იდეოლოგიების გარეშე, რომელთა ლეგიტიმაციის წყარო სამეფო დინასტიის ღვთიურ წარმომავლობას ეფუძნება, ისევე როგორც, არსებობს პოპულისტური მოძრაობები ნაციონალური საზღვრების გარეშე, მაგრამ ნაციონალიზმის, ავტორიტარიზმისა და პოპულიზმის სახიფათო შერწყმა ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აყენებს.


ნაციონალიზმის თეორიები ნაციონალიზმის დაბადებას მოდერნულობას უკავშირებენ. გელნერისთვის, ძირითადად, ეს არის ინდუსტრიალიზაცია და მასთან დაკავშირებული ცვლილებები, ანდერსონისთვის ბეჭდური მედიის გაჩენა და ადგილობრივი ენების ლათინურისგან ემანსიპაცია. მართალია, სმიტი და არმსტრონგი მიიჩნევენ, რომ ფიქსირებული ეთნიკური საზღვრები, ეთნიები, მოდერნულობამდე არსებობდნენ, მაგრამ ისინიც, როგორც გია ნოდია მართებულად აღნიშნავს, „ზომიერი კონსტრუქტივისტები“ არიან (Nodia 2017) და ნაციონალიზმის წარმოშობას სწორედ მოდერნულობას უკავშირებენ. კონვენციურად ნაციონალიზმს ორი ტიპად - ეთნიკურ და სამოქალაქო ნაციონალიზმებად ყოფენ.[i] სამოქალაქო ნაციონალიზმში ლოიალურობის ობიექტი სახელმწიფოა და მოქალაქეობა განსაზღვრავს ამ ერთგულებას დამოუკიდებლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, ხოლო ეთნიკური ნაციონალიზმის შემთხვევაში, ლოიალურობის ობიექტი, რომელიმე კონკრეტული ხალხია. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ სამოქალაქო ნაციონალიზმი ინკლუზიურია, ხოლო ეთნიკური - ექსკლუზიური.[ii] ზოგადობის გარკვეულ დონეზე (zoom out), მტკიცებები ნაციონალიზმის ექსკლუზიურობას და ინკლუზიურობის თაობაზე ჭეშმარიტია, თუმცა მეტი დეტალიზაციის (zoom in) შემთხვევაში, ასეთი საზღვრების დადგენა ხშირად შეუძლებელი ხდება. ჩემი აზრით, ამის ორი მთავარი მიზეზია: პირველი - თითოეული ერი პოლიტიკურის და კულტურულის (რელიგიური, ეთნიკური, სხვა) სპეციფიკური არამყარი ნაზავია, რომლის პროპორციები ყოველ ისტორიულ მომენტში იცვლება და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ნაციონალიზმი, როგორც მასების მამობილიზებელი და შესაბამისად პოლიტიკური პროექტების ლეგიტიმატორი, იმთავითვე ნიშნავს გარიყულების (აუტსაიდერების) არსებობას.


ნაციონალიზმი იძლევა მზა ფორმულებს ლეგიტიმაციისა და ნეგატიური მობილიზაციისთვის ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური რეჟიმისთვის - „ჩვენ“ და „ისინი.“ ყოვლისმომცველი ინკლუზიური იდეები ნაკლებ ეფექტურია ნეგატიურისგან განსხვავებით, რომელსაც, განსაკუთრებით ხშირად, ავტორიტარული ტიპის ლიდერები მიმართავენ. თუმცა, პოპულიზმის აღზევება კონსოლიდირებულ დემოკრატიებშიც სწორედ ნაციონალიზმის ამ კონკრეტულ „სიქველესთან“ არის დაკავშირებული. პოპულიზმის განმსაზღვრელი მახასიათებელი - ხალხის, როგორც ავთენტური სიკეთის მატარებლის და ელიტის, როგორც მჩაგვრელის დიქოტომიურ ჭრილში წარმოჩენაა (Mudde and Kaltwasser 2017: 5). ამასთან, განსაკუთრებით მემარჯვენე პოპულიზმის შემთხვევაში, ხალხის შესახებ ჰიპერბოლიზებული წარმოდგენები, როგორც წესი, ნაციონალიზმის ნაწარმოებია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლიბერალურ დემოკრატიების კონსოლიდირებული ინსტიტუციური წესრიგი ნაციონალიზმისა და პოპულიზმის ეფექტების შემცირებას ახდენს. პოპულისტები, ევროპაში, მოსახლეობაში არსებული სხვადასხვა ტიპის წყენების გაძლიერებითა და მათზე კაპიტალიზაციით ტრადიციულ პარტიებს კი ავიწროებენ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, როგორც წესი, უახლოვდებიან მეინსტრიმულ დღის წესრიგს. დაახლოებით იგივე გზა გაიარა დონალდ ტრამპმა, რომელმაც პრეზიდენტობის ერთი ვადა პოლიტიკურ ინსტიტუტებთან მუდმივ დაპირისპირებაში გაატარა და მეორე ვადით ვერ გახდა პრეზიდენტი, მათ შორის ამ მიზეზის გამოც. შესაბამისად, ნაციონალიზმზე, როგორც საფრთხეზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარინ ლე პენისა და ვლადიმერ პუტინის ერთ სიბრტყეში წარმოჩენა, ისეთივე ნაივურია, როგორც ნაციონალიზმის წარმავალობის მითის დაჯერება.[iii]


რევიზიონიზმი, ანუ იმპერიული ნაციონალიზმი

ფლორიან ბეიბერის მიერ ზემოთ ნახსენებ ნაციონალიზმის, ავტორიტარიზმისა და პოპულიზმის სახიფათო ტრიადაში, პოპულიზმის ნაცვლად, მე რევიზიონიზმს ჩავსვამდი - როგორც არსებული ლიბერალური წესრიგის მართლაც მომაკვდინებელ საფრთხეს. თუმცა, დასავლეთმა რევიზიონიზმი, როგორც საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგის ძალაზე დაფუძნებული პოლიტიკით გადახედვის შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გამორიცხა საკუთარი სტრატეგიული გათვლებიდან. დასავლეთში გავრცელებული დომინანტური აზრით, დემოკრატიის გავრცელება და გეოპოლიტიკა არ უნდა იყოს ერთმანეთთან კავშირში - დემოკრატიის გავრცელება ღირებულებებზე დაფუძნებული მორალური იმპერატივია და არა საკუთარი გავლენების გეოპოლიტიკური პროექცია (Nodia 2014). ამასობაში, რუსეთში და ჩინეთში ამ ყველაფერს დასავლეთის თვალთმაქცობად და მე-19 საუკუნის „დიდი თამაშების“ შენიღბვის მცდელობად მიიჩნევენ, რომელიც მხოლოდ დასავლეთის ინტერესებს ემსახურება. ერთი მხრივ, დემოკრატიზაციის გარდაუვალობის დასავლურმა რწმენამ და მეორე მხრივ, რუსეთის და ჩინეთის გლობალური მსოფლიო წესრიგისადმი ტრანზაქციულმა დამოკიდებულებამ რუსეთი და ჩინეთი მომგებიან ვითარებაში ჩააყენა, რაც დასავლეთმა ნელა და გვიან გაიაზრა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, გრძელი და რთული პოლიტიკური და ბიუროკრატიული პროცესის გავლის შემდეგ, ხსენებული გააზრების პროცესის გამოხატულება 2017 წელს მიღებული ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაა, რომლის მიხედვით, მსოფლიო შევიდა ახალ, დიდი სახელმწიფოების კონკურენციის ფაზაში და დასრულდა თანამშრომლობის ფაზა.[iv] სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ რთული ვითარებაა ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც სტრატეგიული კულტურის სრული ატროფია მოხდა, რომლის რეანიმაციის მცდელობებს უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე ვხედავთ.


ვლადიმერ პუტინისა და სი ძინ პინის ნაციონალიზმი ერთი რომელიმე ელიტის ან ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ კი არაა მიმართული, არამედ ლიბერალური დემოკრატიისა და გლობალური წესრიგისადმი ზოგადად. ცხადია, ნაციონალიზმის ასეთი „უსაზღვრობა“ ამ სახელმწიფოების იმპერიულ გამოცდილებაშია საძიებელი, რომელსაც დეკოლონიზაცია არსებითად არ განუცდია. ამ ფონზე, რუსულ-ჩინური ნაციონალიზმის სამიზნე, ყოველ კონკრეტულ ვითარებაში, შესაძლოა, აღმოჩნდეს ნებისმიერი ერი - როგორც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის აგენტი. რუსეთის შემთხვევაში ესენი არიან სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთის იმპერიის (საბჭოთა კავშირის) ფარგლებში „დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფის“ შედეგად წარმოიშვნენ. პირველი და მეორე მსოფლიო ომების ტრაგიკული გამოცდილების კვალდაკვალ ყოფილი ევროპული იმპერიები ერ-სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ, რომელთა შემთხვევაში ისეთმა სუპრა ნაციონალურმა ერთობამ, როგორიც ევროკავშირია და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა კეთილდღეობამ ერთგვარი კომპენსატორის როლი ითამაშა. რის შედეგადაც, განსხვავებით რუსეთისგან, ყოფილი იმპერიული მეტროპოლიები ადვილად გათავისუფლდნენ იმპერიული წარსულისაგან. ვლადიმერ პუტინი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საზღვრებისა და სუვერენიტეტის არ ცნობით არ ცნობს, ასევე, თანამედროვე რუსეთის საზღვრებს და მისთვის ეს საზღვრები რუსეთის იმპერიის საზღვრებში მდებარეობს.


იმპერიული გამოცდილებაა ჩინური ნაციონალიზმის და მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკის წყაროც. ჩინეთის გეოპოლიტიკური აქტიურობა რეგიონში შედარებით ახალია და არა მხოლოდ სწრაფი და ეკონომიკური ზრდისა და სამხედრო მოდერნიზაციის შედეგია, არამედ კომუნისტური პარტიის და კონკრეტულად სი ძინ პინის რეჟიმისთვის იდეოლოგიური ლეგიტიმაციის საშუალება. სი ძინ პინმა, განსხვავებით მისი წინამორბედებისგან, კონკრეტულად მის პერსონალურ მმართველობას დაუკავშირა ამერიკული დომინაციის დასრულება რეგიონში და „სამშობლოს გაერთიანება“. სი ძინ პინისთვის, ახალი გლობალური წესრიგი ჩინეთის გაერთიანებით იწყება და მის სამიზნეს ჰონგ-კონგი, სამხრეთ ჩინეთის ზღვა და ტაივანი წარმოადგენს. როგორც ელიზაბეთ ეკონომი აღნიშნავს, ჩინეთის მიზანი არსებული საერთაშორისო წესრიგის უბრალოდ მოდიფიკაცია კი არა, მისი არსებითი გადახედვა და იმ ტიპის რეჟიმის ჩამოყალიბება წარმოადგენს, სადაც ლიბერალურ წესრიგს და ადამიანის უფლებების პრიმატს სახელმწიფოს პრიმატი ჩაანაცვლებს.[v]


სამწუხაროდ, იმპერიული ნაციონალიზმისა და დეკოლონიზაციის პრობლემა ჯერ კიდევ გაუგებარი რჩება დასავლეთში გარკვეული აკადემიური წრეებისათვის და მათთვის რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა უსაფრთხოების ლეგიტიმური წუხილებით, ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებაზე რეაქციით აიხსნება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო ურთიერთობების რეალიზმის სკოლის წარმომადგენლების მერშაიმერის და ვოლტის პოზიცია, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას დასავლეთის შეცდომების შედეგად მიიჩნევენ (Mearsheimer 2014). დასავლეთის შეცდომა, სინამდვილეში, მისი გეოპოლიტიკური ინტერესებს გაფართოება კი არა, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიზაციის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სათანადოდ ვერ გააზრებაა, რასაც რუსეთი მუდმივად იყენებს როგორც საბაბს საკუთარი ქმედებების ლეგიტიმაციისათვის. ის, რომ რეალისტები ცდებიან, ყველაზე უკეთ ჩანს რუსეთ-საქართველოს 90-იანი წლების ურთიერთობების დინამიკაში, რა დროსაც საქართველოზე პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნების მიზნით (როგორც პერიფერიაზე მეტროპოლიამ), რუსეთმა ხელი შეუწყო კონფლიქტების გაღვივებასა და მათ შენარჩუნებას. იმ დროს არავითარი ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან ახლოს, მით უფრო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, არ მდგარა დღის წესრიგში. აი, რუსეთის ნატოში შესაძლო გაერთიანების ექსტრავაგანტური იდეები კი ნამდვილად არსებობდა დასავლეთში.


გარკვეულწილად, ალბათ, სოციალური მეცნიერებების პარადოქსად უნდა მივიჩნიოთ, რომ რუსეთის ქმედებების ამხსნელობითი თეორიული ძალა ნაციონალიზმის თეორიებს უფრო აღმოაჩნდა, ვიდრე საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე გავლენიან სკოლას. დიდია ალბათობა, რომ რუსეთის სამომავლო ტრაექტორიის პატერნების შესახებაც ნაციონალიზმის თეორიებმა მოგვცენ პასუხი. კერძოდ, რა ამარცხებს იმპერიულ ნაციონალიზმს? ეროვნული ნაციონალიზმები და ხალხების სუვერენული არჩევანი თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი პოლიტიკური მომავალი, მათ შორის საგარეო პოლიტიკური არჩევანი! უკრაინელი ხალხის ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ დასავლეთს საკუთარი ატროფირებული სტრატეგიული კულტურის რეანიმაციის შესაძლებლობას აძლევს. უკრაინისთვის დასავლურ დახმარებას აქვს როგორც მორალური, ისე გეოპოლიტიკური შინაარსი, რაც დასავლური ინტერესების პროექციას კი არა, რუსული იმპერიალიზმის დამარცხებას ნიშნავს. კონსოლიდირებული, მკვეთრი პასუხი რუსულ რევიზიონიზმზე მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ჩინეთისთვისაც, რაც, საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ გაამყარებს ლიბერალური დემოკრატიის ნაკლიან, მაგრამ მდგრად უპირატესობას ავტორიტარიზმებზე.


შეჯამება

ცივი ომის დასრულების შედეგად გამოწვეულმა ეიფორიამ დასავლეთში იმ ტიპის იდეების და პოლიტიკური დღის წესრიგის გავრცელებას დაუდო სადავე, რომლებიც მთლიანად გამორიცხავდნენ გეოპოლიტიკურ კონკურენციასა და რევიზიონიზმს. შედეგად, მნიშვნელოვნად დასუსტდა ევროპული სახელმწიფოების სამხედრო შესაძლებლობები და საგარეო პოლიტიკის კეთების უმთავრეს ინსტრუმენტად ე.წ. რბილი ძალა იქცა. ამ ფონზე, რევიზიონისტულმა ძალებმა - რუსეთმა და ჩინეთმა ისარგებლეს მომენტით და გლობალური პოლიტიკური წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენეს. ნაციონალიზმის სხვადასხვა ფორმების აღზევებამ და მისმა შერწყმამ იმპერიალიზმთან, პრაქტიკულად, ჩამოშალა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებული ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის აზია-წყნარიოკეანეთში არსებულ სტატუს კვოს. რუსული-ჩინური ნაციონალიზმი, ზოგადად, ლიბერალური დემოკრატიისა და გლობალური წესრიგის წინააღმდეგაა მიმართული, რომლის მსხვერპლი, კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინა და უკრაინელი ხალხია. იმპერიული ნაციონალიზმის, რევიზიონიზმის შეჩერება უკრაინაში, მორალურთან ერთად, საკვანძო პოლიტიკური აქტი იქნება დასავლური ლიბერალური დემოკრატიისა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს შესანარჩუნებლად.



 

ბიბლიოგრაფია


Bieber, Florian. “Is Nationalism on the Rise? Assessing Global Trends.” Ethnopolitics 17, no. 5 (October 20, 2018): 519–40. https://doi.org/10.1080/17449057.2018.1532633.

BRANDS, HAL, and CHARLES EDEL. The Lessons of Tragedy: Statecraft and World Order. Yale University Press, 2019. https://doi.org/10.2307/j.ctvbnm3r9.

Economy, Elizabeth. “Xi Jinping’s New World Order,” February 17, 2022. https://www.foreignaffairs.com/articles/china/2021-12-09/xi-jinpings-new-world-order.

Kohn, Hans. The Idea Of Nationalism: A Study In Its Origins And Background. Transaction Publishers, 1967.

Mearsheimer, John J. “Why the Ukraine Crisis Is the West’s Fault: The Liberal Delusions That Provoked Putin.” Foreign Affairs 93, no. 5 (2014): 77–89.

Mudde, Cas, and Cristobal Rovira Kaltwasser. Populism: A Very Short Introduction. Oxford University Press, 2017.

Nodia, Ghia. “The End of the Postnational Illusion.” Journal of Democracy 28, no. 2 (2017): 5–19. https://doi.org/10.1353/jod.2017.0019.

———. “The Revenge of Geopolitics.” Journal of Democracy 25 (October 1, 2014): 139–50. https://doi.org/10.1353/jod.2014.0059.

Nye, Joseph S. “Soft Power.” Foreign Policy, no. 80 (1990): 153–71. https://doi.org/10.2307/1148580.

Stephen Kotkin. “The Cold War Never Ended,” June 30, 2022. https://www.foreignaffairs.com/reviews/review-essay/2022-04-06/cold-war-never-ended-russia-ukraine-war.

[i] ნაციონალიზმის ტიპები, ცხადია, ბევრად მეტია. მაგალითად, იხილეთ Louis Wirth,"types of nationalism", რომელშიც ის ნაციონალიზმის ოთხ ტიპზე საუბრობს, თუმცა, ყველა ეს კატეგორია, მაინც, შესაძლოა დაჯგუფდეს ორ ძირითად ტიპად. [ii] იხ. მაგალითად: Hans Kohn, The Idea Of Nationalism: A Study In Its Origins And Background (Transaction Publishers, 1967). [iii] ნაციონალიზმის წარმავლობის შესახებ დებატების შეჯამება იხილეთ გია ნოდიას სტატიაში The end of the postnational illusion." Journal of Democracy 28, no. 2 (2017): 5-19. [iv] Trump, Donald J. National security strategy of the United States of America. Executive Office of The President Washington DC Washington United States, 2017. [v] Economy, Elizabeth. “Xi Jinping’s New World Order,” February 17, 2022, https://www.foreignaffairs.com/articles/china/2021-12-09/xi-jinpings-new-world-order

bottom of page