რუსეთზე დაწესებული სანქციების არასაკმარისი ეფექტის ამხსნელი და განმმარტავი „რუსული“ ფაქტორები
გიორგი ბოკუჩავა | ბლოგი | 30 ივნისი, 2021
ევროკავშირის სანქციები, რომლებიც დაეწესა რუსეთს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გამო, საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს 2014 წლიდან, რამეთუ დასავლეთის სანქციების რეჟიმის ქვეშ მოექცა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი, სახელმწიფო უდიდესი ტერიტორიით, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არმიით, ბირთვული იარაღის მასიური არსენალით და ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა. რუსეთი გეოპოლიტიკურად ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოა, რომელიც დასავლეთის სანქციების სამიზნე გახდა 21-ე საუკუნეში. დაწესებული სანქციების მიუხედავად, ყირიმი დღესაც ანექსირებულია, უკრაინული დონბასი კი კვლავინდებურად რჩება საომარი მოქმედებების ზონად.
ევროკავშირის სანქციების ეფექტურობას სულ უფრო ხშირად განიხილავენ დასავლელი პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები. 2015 წლის მარტიდან, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმი ევროკავშირმა დაუკავშირა მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებას. ვინაიდან რუსეთი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამართლებრივ ვალდებულებებს, ევროკავშირის საბჭო, შეთანხმებების შესრულების შეფასების შემდეგ, ახანგრძლივებს ეკონომიკურ სანქციებს 6 თვეში ერთხელ.
სავარაუდოდ, ევროკავშირი იყენებს სანქციების მოხსნის პერსპექტივას, რათა უბიძგოს რუსეთს შეასრულოს მინსკის შეთანხმებები, თუმცა რუსეთის უცვლელი პოლიტიკა უკრაინის მიმართ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სანქციები არ არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის იძულება ხელშეკრულებების შესრულებისკენ. რუსეთი აჩვენებს, რომ მზად არის გაიღოს სანქციებით დაწესებული ფასი.
სანქციების არაეფექტურობის საინტერესო განმარტება წარმოადგინა კატონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და წარსულში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ანდრეი ილარიონოვმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ვერც სანქციებთან დაკავშირებული ეკონომიკური სტაგნაცია და ვერც რეცესია ვერ ახდენს სასურველ გავლენას რუსეთის საზოგადოებრივ აზრზე და ვერ უბიძგებს რუს ხალხს ზეწოლა მოახდინოს მთავრობაზე საგარეო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით, ვინაიდან ავტორიტარულ რეჟიმებში, უარყოფითი ეკონომიკური დინამიკა გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ სტაბილურობაზე. მისი თქმით, რუსეთში, დემოკრატიული სისტემებისგან განსხვავებით, ხელისუფლების შენარჩუნება დამოკიდებულია ტერორის აპარატსა და პროპაგანდაზე. ამ გადმოსახედიდან ნათელია, რომ პუტინს არ აღელვებს მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერა, რადგან რუსეთში კაპიტალი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია კრემლის ძალაუფლებაზე.
ფრიად გავრცელებულია მოსაზრება, რომ სანქციები ეფექტურად ვერ მოქმედებს ისეთი ტიპის რეჟიმის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთშია დამყარებული, სადაც ოლიგარქების ბედი მთლიანად დამოკიდებულია პრეზიდენტზე და ოლიგარქებისთვის კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს მეტ თუ ნაკლებ მოგებას მიიღებენ ისინი, არამედ იმაში, მიიღებენ რაიმეს საერთოდ თუ არა. შეიძლება ითქვას, რომ სანქციები ვერანაირად ვერ გამოიწვევს ოლიგარქების აჯანყებას რუსეთში, რადგან რუსული ბიზნესი მთლიანად დამოკიდებულია მთავრობაზე. აშშ-ის აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე და ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, მაიკლ კარპენტერი ამ ფენომენს ნათლად ხსნის და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ”რუსეთი არის პატრონაჟული სახელმწიფო, სადაც ეკონომიკური რესურსების გადანაწილება ხდება პატრონ-კლიენტის კავშირების სისტემის საშუალებით”, ამიტომ ”სანქცირებული ჩინოვნიკები სინამდვილეში ვერ მოახდენენ ზეწოლას რეჟიმზე, რადგან მათი სიმდიდრე და ძალაუფლება მთლიანად დამოკიდებულია კრემლის ნებაზე”.
რუსი ჟურნალისტი, ანდრეი სოლდატოვის დაკვირვებით, რუსები დიდწილად იზიარებენ რუსეთის მიერ დიდი სახელმწიფოს/ძალის (Great Power) სტატუსისა და „დაკარგული სიდიადის“ აღდგენის შესახებ ნარატივებს. იგი იხსენებს, რომ 1970-იან და 1980-იან წლებში მრავალი დისიდენტი მხარს უჭერდა კრემლის პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპაში, მაშინაც კი, როდესაც ისინი სტალინიზმის მოწინააღმდეგეები იყვნენ ყველა თვალსაზრისით და ასკვნის, რომ ამრიგად, იმპერიალიზმი რუსი ხალხის ფსიქიკაშია ჩაქსოვილი.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტის დადასტურება შესაძლებელია მრავალი ექსპერტის მოსაზრებით. მაგალითად, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი და ექსპერტი რუსეთის საკითხებში, ბრაიან უიტმორი, აღნიშნავს, რომ რუსეთში არსებობს ღრმად ფესვებგადგმული საზოგადოებრივი კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ რუსეთს აქვს მეზობლებზე იმპერიული დომინირების შეუვალი უფლება და სანამ ეს კონსენსუსი როგორმე არ შეიცვლება, რუსეთის მეზობლები უსაფრთხოდ ვერ იქნებიან - იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება რუსეთის მმართველი.
ლევადას ცენტრის გამოკითხვის თანახმად, სსრკ-ს დაშლიდან 25 წლის შემდეგ, რუსეთის რესპონდენტთა 56% კვლავ ნანობდა მის დაშლას, ხოლო 43% თვლიდა, რომ დაკარგა დიდი ძალის (ზესახელმწიფოს) მოქალაქეობის განცდა და სიამაყე. ეს მონაცემები მკაფიოდ ასახავს რუსეთის საზოგადოების იმპერიალისტურ ცნობიერებას და ერთგვარ „პოსტ-იმპერიალისტურ ტრავმას“.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსული პროპაგანდა ოსტატურად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პუტინის რეჟიმის უსაფრთხოებას შორის, რომელმაც მონოპოლიზება მოახდინა მთელ სახელმწიფო ძალაუფლებაზე ე.წ. ძალაუფლების ვერტიკალის შექმნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სრულმასშტაბიანი, უწყვეტი პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიის საშუალებით რუსულ საზოგადოებაში პუტინის მაღალი რეიტინგის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგნეს. პუტინმა შეძლო რუსეთის მიერ წარმოებულ ომებისთვის მოსახლეობის თვალში გმირული და სამართლიანი ხასიათის მიცემა, რამაც დაარწმუნა რუსეთის მოსახლეობა იმაში, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში სინამდვილეში თავდაცვითი ომია რუსეთის ინტერესების მტრული დასავლეთისგან დაცვის მიზნით.
ამრიგად, როდესაც საქმე ეხება სანქციების გავლენას რუსეთის საზოგადოებრივი აზრზე, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ეფექტურობას, რომლის ფონზეც რუს ხალხს უჭირს დისტანცირება მოახდინოს პროპაგანდის ოფიციალური დისკურსისგან, რაც მიზნად ისახავს მათ დარწმუნებას დასავლეთის მტრულ ზრახვებში და უბიძგებს რუსეთის მიერ საბჭოთა კავშირის დროინდელი (ან მიახლოებული მაინც) გეოპოლიტიკური გავლენისა და დიდი ძალის (ზესახელმწიფოს) სტატუსის დაბრუნებას უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ, ვიდრე საკუთარ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინმა შეძლო სანქციების გამოყენება რუსული საზოგადოების პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარშემო კონსოლიდაციისა და რუსეთში მისი ძალაუფლების ლეგიტიმურობის განსამტკიცებლად.