ფიონა ჰილისა და ჯონატან ფინკის წინააღმდეგობრივი ფიქრები მომავალზე
დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 8 თებერვალი, 2023
2023 წლის თებერვალი: კიდევ ერთხელ ფიონა ჰილი - ისტორიკოსი, სტრატეგიულ საკითხთა ანალიტიკოსი, აშშ-ის ყოფილი საჯარო მოხელე და ამჟამად ბრიტანელ-ამერიკელი ექსპერტი რუსეთისა და პოსტ-საბჭოთა სივრცისა, რომელიც, თურმე, სამუშაოდ დარემის (გაერთიანებული სამეფო) უნივერსიტეტის მენეჯმენტში გადადის. გთავაზობთ მასთან პოდკასტს პატარა, მაგრამ მეტად საინტერესო ინტერნეტ რესურსზე Silicon Curtain, რომელიც თანამედროვე უსაფრთხოების პრობლემატიკაზე სპეციალიზდება.
თემა ისევ ძველია, მაგრამ საინტერესო წახნაგებით - პუტინის “გეოკულტურული” (ამ ტერმინს ისევ პოლონელი ისტორიკოსის, ანჟეი ნოვაკისგან ვსესხულობ) და ფსიქოლოგიური პორტრეტი, როგორც ომის მიზეზი. აი, ჰილის და ფინკის სამი თეზისი:
ნატო არასოდეს ემუქრებოდა რუსეთს, რადგან, როგორც საუბრის წამყვანი, ჯონატან ფინკი ამბობს, ან რატომ უნდა დამუქრებოდა, ან რით უნდა დამუქრებოდა? დასავლეთი რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, თავდასხმის სამხედრო შესაძლებლობები კი არც ჰქონდა მზადყოფნაში. ნატო მხოლოდ გამაღიზიანებელი იყო პუტინის იმპერიული ამბიციებისათვის;
პუტინი ისე გაზარდეს, რომ მის „მენტალურ რუკაში“ (ეს ტერმინიც უყვარს ჩემგან პატივცემულ და ბოლო დროს ჩემს ფიქრში მყოფ ანჟეი ნოვაკს), მინიმუმ, უკრაინა, ბელორუსი და რუსეთი ერთია;
კოვიდ-იზოლირებამ ამ მენტალური რუკის რეალიზაციის სურვილი გაუმწვავა - უფრო ჩაიკეტა განდობილთა ვიწრო ჯგუფის შიდა სამყაროსა თუ სამზარეულოში.
იყო დრო, ფიონამ პუტინი სპეცაგენტად, რუსული ინტერესებისათვის ოპორტუნისტ მებრძოლად დახატა. ახლა კი ის დაბერდა და „მითო-ისტორიკოსი“ გახდა? ჯონატანს ეს ცინიზმიდან რომანტიზმამდე განვლილი ტრაექტორია აფიქრებს. ფიონა პასუხობს, რომ ალბათ ასეა, მაგრამ პუტინს ისტორია სულ აინტერესებდა. მითებითა თუ საბჭოთა ისტორიული კლიშეებით მის ამდაგვარ ობსესიას ესმებოდა ხაზი ვალდაის კლუბის 2011 წლის შეხვედრაზე, რომელსაც ფიონა ჰილი დასწრებია. - პუტინი რუს „ისტორიის კაცად“ გადაიქცა და ამას ვერ წარმოვიდგენდი. იგია, ვინც ორუელის სტილში ცდილობს აკონტროლოს წარსული, აწმყო და მომავალი. დასავლეთში მის ამგვარ ღირებულებათა სისტემას ადრიდანვე ვერ გაუგეს. ამის გამო კრიტიკას ვიმსახურებთ - თვლის ფიონა.
მეორე მხრივ, ფიონა ჰილის თვალთახედვით, რუსეთ-უკრაინის ომი საბჭოთა მემკვიდრეობის ომია. იგი მსგავსია იუგოსლავიის ომების, რომლის აცილების პირობას ელცინის ადმინისტრაცია დებდა. ამ თეზისს, რომელიც სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს გაგებული, ბოლოში დავუბრუნდები.
საუბარში კიდევ რამდენიმე საინტერესო და კომპლექსური თემა ჟღერს: ა) არის გეოპოლიტიკური/გავლენის ზონების ხედვა ცოცხალი დასავლეთშიც? ბ) პუტინს, როგორც კაგებეს აღზრდილს, არ სჯერა ნამდვილი, ორგანული საზოგადოებრივი მოძრაობების - მისთვის ყველა პოლიტიკური პროცესი ტექნოლოგიების და მანიპულაციების შედეგია. აქედან მეორე თემა უფრო გაშლილია მსჯელობაში, პირველს კი - რომელმაც ფიონასაგან გაიჟღერა - წამყვანი აღარ წაყვა.
დავიწყოთ მეორიდან: ასეთი აზროვნება კაგებეს მიღმაც პოპულარულია ყოფილ საბჭოთა კავშირში. სოციალური ქსელი აჩვენებს, რომ ლამის ყოველ მეორე ჩვენგანს სჯერა- თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება, ის აუცილებლად ფარული გარიგებებისა და შეთქმულებების შედეგია. არა და თუ რამე მასწავლა ისტორიამ, შემდეგია: სამყაროს ამოძრავებს „უხილავი“ სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ძალები. ისინი, არსებითად, საზოგადოებათა კოლექტიური იმპულსების თუ ნების გამოხატულებებია. ჩაწყობები და შეთქმულებებიც არსებობს, მაგრამ, როგორც წესი, ისინი მარცხით მთავრდება, თუ „უხილავ“ ძალთა ტალღაზე არ დაჯდა.
პირველ კითხვას ფიონა ცოტა ბუნდოვნად პასუხობს. იგი აღიარებს, რომ ამერიკაშიც არის გეოპოლიტიკური ხედვები, ბრიტანეთმა კი ჩრდილო ირლანდიაში ჯარიც შეიყვანა. მაგრამ მისი საბოლოო დასკვნაა, რომ ეროვნულ თვითგამორკვევასთან ევრო-ამერიკელები დიდი ხანია იარაღით არ ომობენ. უკრაინის თვითგამორკვევაზე რუსეთის რეაქცია უპრეცედენტოა.
კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი წამყვანისაგან: რუსეთი უზარმაზარი და, გარკვეულწილად, პოსტინდუსტრიული ქვეყანაა, პოლიტიკური მემკვიდრის განსაზღვრის მექანიზმები კი ვიკინგების დროინდელი აქვს - სსრკ უფრო დახვეწილი იყო ამ მხრივ. ფიონამ - აბაო! ჩვენ რაღაც იდეოლოგიურ დებატებში ვართ დასავლეთში, პრობლემა კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში - რუსეთში - მარტო ერთ კაცს აქვს მნიშვნელობა და, არ ვიცით, ვღელავთ, თუ რა მოხდება. დაუშვებელია, რომ ეს იყოს ასე!
ჯონატანი სვამს მორიგ რთულ კითხვას: რუსეთის მომავალზე ფიქრისას ნავალნიზე ან ლიბერალებზე უნდა კონცენტრირდეს დასავლეთი თუ ინსტიტუტებზე? ფიონა ნავალნის ან მთელი რუსული ოპოზიციის გარჩევაში არ მიყვება წამყვანს და უკრაინის თემაზე გადადის - ამ ქვეყანამ განვითარების სხვა ვექტორი აირჩია. იგი რუსეთს და საბჭოეთს პოლონეთივით დაემშვიდობა, მაგრამ მისახედია კორუფცია.
ახლა კი ფიონას ზემოთნახსენებ აზრს მინდა დავუბრუნდე იმის შესახებ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი იუგოსლავიის დაშლის დროინდელ ომებს ჰგავს. საქმე ისაა, რომ თუ ამ ომს სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ გარე აგრესიად აღვიქვამთ, ვიღებთ მორალურ სიცხადეს. მაგრამ თუ ოდესღაც ერთიანი იმპერიის დაშლის დისკურსში შევდივართ, გამორიცხული არაა, ტერიტორიულ დავებზე თუ გავლენის ზონებზე სარისკო მგრძნობელობა გამოვიჩინოთ. მომეჩვენა, რომ ფიონა ჰილს ამ საკითხზე ნათელი პასუხი არ აქვს. წამყვანიც არ ჩაეკითხა. ეგებ ვაზვიადებ და იგი მყარია თავის შეხედულებებში?
საუბრის განმავლობაში ფიონა ერთი მხრივ ამბობდა, რომ 90-იან წლებში დასავლეთი პოსტსაბჭოურ სივრცეს რუსული სათვალით უყურებდა, რაც შეცდომა იყო. - რატომ ჩავთვალეთ, რომ სსრკ-ს დაშლისას რუსეთისათვის მეტი ანგარიში უნდა გაგვეწია. ეს არათანამიმდევრულობაა - ასკვნის ფიონა. მაგრამ ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ ომის დასრულებაა საჭირო. მისი კრედოა - პუტინის მიერ შექმნილი ბნელი რეალობის წინაშე უკანდახევა არ შეიძლება, მაგრამ ომიც არ გვინდა. ფიონას ესმის, რომ თუ პუტინს დაუთმობენ, ის ახალ ავანტიურებზე წავა: დონბასის დაკავების შემდეგ კვლავ მოუნდება კიევიც. მაგრამ რას ფიქრობს კოლექტიური დასავლეთი ყოველივე ამის დასრულების ოპტიმალურ გზებზე? არის ის მზად, უკრაინელებთან ერთად დადგეს 1991 წლის საზღვრების უპირობოდ აღდგენის პოზიციაზე? ცნობილი მკვლევარი, უკრაინის გულშემატკივარი ფიონა ჰილი დუმს. თუმცა, ჯონატანიც არ ეკითხება. იგი უფრო იმდაგვარი ზოგადფილოსოფიური დასკვნებითაა დაკავებული, როგორიცაა „ისტორიისათვის ლოკალური ფაქტორები გეოპოლიტიკაზე მნიშვნელოვანია“. სრულიად ვეთანხმები, მაგრამ უკრაინისა და რუსეთის სამომავლო საზღვრებისა თუ ბედის საკითხს ეს სენტენცია ისევ აბუნდოვანებს.
მორალი აქედან ერთი მგონია: ყველაფერი უკრაინის ხელშია - რამდენსაც შეძლებს მისი ხალხი დაუღალავი და უშიშარი ბრძოლით, დასავლეთიც იმდენს დაუჭერს მხარს. რუსეთის გამოცხადება ნაცისტურ გერმანიად და მისი ანალოგიური განადგურება არავის აქვს ფიქრად ევროპასა და ამერიკაში - ყოველ შემთხვევაში, ეს არ ჩანს ევრო-ატლანტიკური ცივილიზაციის მეინსტრიმულ მსოფლხედვასა და ნებაში.