top of page

კრემლის „სუვერენული სიმართლე“ და „ციფრული რკინის ფარდა“

Image-empty-state.png

გიორგი ფანიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 13 აგვისტო, 2022

ბოლო თვეებში, უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად, საქართველოს ათი ათასობით რუსეთის მოქალაქე მოაწყდა და მრავალმა მათგანმა აქ მშვენიერი, დროებითი ნავსაყუდელი იპოვა. ამ უცნაურ და, პრინციპში, მოულოდნელ რუსულ მიგრაციას არაერთი გამომწვევი მიზეზი აქვს, თუმცა მათი ერთობლიობა „რეჟიმის დისკომფორტიდან“ თავის დაღწევის მცდელობად შეიძლება შეფასდეს. კრემლის რეჟიმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დისკომფორტს კი, რუსეთის ციფრული თვითიზოლაცია ანუ კრემლის მიერ თავისუფალი ინტერნეტითა და ინტერნეტ პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის დახშობა/გაკონტროლება წარმოადგენს. სწორედ რუსეთის ირგვლივ დაშვებული „ციფრული რკინის ფარდა“ გახდა ახლო სამეზობლოში და მათ შორის, საქართველოში მოზღვავებული რუსული მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.


ქვევით ერთად გავერკვეთ თუ რა ხდება რუსეთის ინტერნეტ სივრცეში და როგორ უმკლავდება „დასავლეთის მზაკვრულ შემოტევას“ კრემლის „ციფრული რკინის ფარდა“.

 

რა იყო უკრაინამდე


კრემლმა ინტერნეტსა და ინტერნეტ კონტენტზე საგრძნობი შეზღუდვების, უფრო სწორედ, კონტროლის დამყარება ჯერ კიდევ უკრაინის პირველი ომის პერიოდში - 2014 წელს დაიწყო. მანამდე რუსეთის ინტერნეტ სივრცე დიდწილად თავისუფალი და მზარდად განვითარებადი იყო.


ახალი ათასწლეულის მიჯნაზე, როდესაც ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთი გლობალურ ინტერნეტზე დაერთდა და თავისუფალი, პოსტ-საბჭოთა ეკონომიკის ეპოქაში ფეხი შედგა. სწორედ 2000-იან წლების დასაწყისში რუსეთში არაერთმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ აიდგა ფეხი და წარმატებასაც მიაღწია.


მაგალითად, 2000 წელს რუსეთში ამოქმედდა „Yandex“-ი, რომელიც ცნობილია, როგორც „რუსული Google“-ი და წარმოადგენს რუსეთის ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ საექსპორტო პროდუქტს. „Yandex“-მა მოახერხა და მსოფლიოში რიგით მეხუთე ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა გახდა.


ამასობაში, ნიჭიერმა რუსმა ინტერნეტ მეწარმემ, პაველ დუროვმა შედარებითი ინტერნეტ თავისუფლებით ისარგებლა და 2007 წელს Facebook-ის რუსული ანალოგი VK (ВКонтакте) დააარსა, რომელსაც დღესდღეობით 500 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. ამავე დუროვმა მოგვიანებით - 2013 წელს, საკონტაქტო აპლიკაცია Telegram-ი აამუშავა, რაც Whatsapp-ის რუსულ ალტერნატივას წარმოადგენს. ამ ქსელმაც გლობალური წვდომა მოიპოვა და დღეის მდგომარეობით, 700 მილიონამდე მომხმარებელი ჩაიბა.

ამასთან, იყო მეტ-ნაკლები ტექნოლოგიური წარმატების სხვა ისტორიებიც.



მარყუჟმა მოჭერა დაიწყო

დროთა განმავლობაში, დასავლეთთან მზარდი სტრატეგიული და ღირებულებითი შეუთავსებლობის ფონზე, კრემლმა რუსეთის ინტერნეტ ინდუსტრიის კისერზე მარყუჟის ჯერ მოხვევა, შემდეგ კი მოჭერა დაიწყო. როგორც ზევით ვთქვით, ამის პირველი შესამჩნევი ნიშნები ჯერ კიდევ 2014-15 წლებში გამოიკვეთა.


უკრაინის თემასთან ერთად, ალექსეი ნავალნის მამაცმა სამოქალაქო აქტიურობამ და თუნდაც პოლიტიკურად უშედეგო საპროტესტო მოძრაობებმა ვლადიმირ პუტინის „სილოვიკების“ გარემოცვას ნათლად დაანახა, რომ ინფორმაციისა და კრემლისგან განსხვავებული მონათხრობის ინტერნეტით თავისუფალი მიმოსვლა რეჟიმს მხოლოდ ახალ-ახალ პრობლემებს შეუქმნიდა. ცხადი გახდა, რომ რუსეთის შედარებით თავისუფალი და მზარდად განვითარებადი ინტერნეტ ინდუსტრიაც კრემლის „სუვერენული სიმართლის“ კულტივირების სამსახურში უნდა ჩამდგარიყო.

ჯერ იყო და პაველ დუროვი იძულებული გახდა VK-ს მმართველობაზე უარი ეთქვა და რუსეთიც დაეტოვებინა. მისი VK-ს წილი კი 2021 წელს „Gazprombank“-მა შეიძინა. იგივე ბედი გაიზიარა Yandex-მაც, რომელიც იძულებული შეიქნა თავისი „ოქროს წილი“ კრემლთან დაახლოებული კომპანიისთვის დაეთმო.


უკრაინაში მეორე ომის დაწყებამდე, ნელ-ნელა, მაგრამ დამაჯერებლად, რუსეთში პრობლემები შეექმნა და შემდეგ საერთოდ აიკრძალა ის ინტერნეტ მედიები/გამოცემები, რომლებიც „სიმართლის“ კრემლისგან განსხვავებულ ვერსიას ავრცელებდნენ.


2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და კრემლმა საკუთარ აღქმაში დასავლეთთან ომი დაიწყო. უკრაინაში ომმა კრემლის „სუვერენული სიმართლის“ თემა სულ სხვა სიმწვავით გააცოცხლა. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, კრემლს სულ უფრო გაუჭირდა იმის ახსნა თუ რას და რატომ ეომებოდა უკრაინაში. რუსეთის სამხედრო წარუმატებლობებმა და შეფერხებებმა კი, უამისოდაც აალებულ რუსულ ინტერნეტ სივრცეს ნავთი გადაასხა.


Yandex-ი იძულებული გახდა, საკუთარ საძიებო სისტემაში დამოუკიდებელი ინტერნეტ მედიასაშუალებები დაებლოკა. ამის შედეგად, თავად კომპანიის ღირებულება, რომელიც შარშან 30 მილიარდ აშშ-ს დოლარს შეადგენდა 5 მილიარდამდე დაეცა.


2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ Facebook-ის, Instagram-ისა და Whatsapp-ის მფლობელი კომპანია Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი საქმიანობა აკრძალა. რუსული სატელეკომუნიკაციო საშუალებები კი ვალდებულები გახდნენ „შავი ყუთები“ დაემონტაჟებინათ ყველა შემომავალი ინტერნეტ ნაკადის გასაკონტროლებლად.


და ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ როგორ მკვეთრად შეიცვალა რუსეთის ინტერნეტ სივრცე ბოლო პერიოდში.


„სუვერენული სიმართლე“ და „სუვერენული ინტერნეტი“


„სუვერენული სიმართლის“ დაცვასა და გავრცელებას ინტერნეტიც სუვერენული ესაჭიროებოდა. ამიტომ, „სუვერენული ინტერნეტის“ განსავითარებლად, ომის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ რესურსები მოიძია და ამ გზაზე პირველი ნაბიჯებიც გადადგა.


უახლოეს მომავალში კრემლის გეგმით უნდა ამოქმედდეს რუსული ავტონომიური ინტერნეტი - “RuNet”-ი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, თავისუფლად უნდა ჩაეხსნას მსოფლიო ინტერნეტის ქსელს.


რუსული ინტერნეტის შექმნით, მოსკოვი, ასევე, ცდილობს მის უფროს პარტნიორს - ჩინეთს მიბაძოს და „ჩინეთის დიდი ცეცხლის კედლის“ (ჩინური ინტერნეტის სისტემა) წარმატებული მოდელი რუსეთში დანერგოს.


დარგის ექსპერტები თვლიან, რომ “RuNet”-ის ეფექტიანი ამუშავება სავსებით შესაძლებელია, თუმცა პრობლემა რუსული ინტერნეტის სანდოობის აღქმაში იქნება და არა მის ტექნოლოგიურ გამართულობაში.


საკუთარი ინტერნეტის გარდა, მოსკოვი ცდილობს საკუთარი სოციალური ინტერნეტ პლატფორმები განავითაროს და რუსულენოვანი მომხმარებლებისთვის პარალელური სივრცე შექმნას, რომელსაც სრულად გააკონტროლებს.


მაგალითად, აქტიურად, მაგრამ ჯერჯერობით არცთუ ისე წარმატებულად მიმდინარეობს მუშაობა “RossGram”-ის შექმნაზე, რამაც ცნობილი და რუსეთში აწ უკვე აკრძალული Instagram-ი უნდა ჩაანაცვლოს.


როგორც ცნობილია, რა ხანია ფეხის მოკიდებას და “YouTube”-ის ჩანაცვლებას ცდილობს “Rutube”-იც, მაგრამ დიდწილად წარუმატებლად.


ეს ყველაფერი არ იკმარეს და სულ ახლახან, საკუთარი პროპაგანდის შთაბეჭდილებების ქვეშ მოქცეულმა კრემლის მესვეურებმა ომის თაობაზე რუსული „სუვერენული სიმართლის“ დასავლეთისგან დასაცავად და ხალხში გასავრცელებლად, ინტერნეტ ენციკლოპედიის - “Wikipedia”-ს რუსული ანალოგის შექმნაც გადაწყვიტეს.


სიმართლის ჩასანაცვლებლად გადადგმულმა ამ და სხვა ნაბიჯებმა დიდწილად რუსეთის ციფრულმა იზოლაცია გამოიწვია. დიგიტალურმა იზოლაციამ კი, რუსეთის საშუალო ფენასა და განსაკუთრებით ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი დისკომფორტის შეგრძნება გააღვივა. ამ ყველაფერმა ბევრს რუსეთის გაურკვეველი დროით დატოვებისკენ უბიძგა, „ციფრული რკინის ფარდის“ მიღმა დარჩენილები კი აიძულა სულ უფრო მეტად ისარგებლონ ვირტუალური კერძო ქსელებით, ე.წ. VPN-ბით, რასაც რუსეთის მთავრობა, ასევე, ცეცხლითა და მახვილით ებრძვის.



შეჯამება

თავისთავად რუსული ინტერნეტ სივრცის განვითარებასა და მეტად ათვისებაში ცუდი არაფერი იქნებოდა, მისი ერთადერთი მიზანი განსხვავებულ ინფორმაციაზე, ანალიზსა თუ აღქმაზე წვდომის შეზღუდვა ან/და გაკონტროლება რომ არ იყოს.

მოსკოვი თვლის, რომ რეჟიმის გადასარჩენად, „სუვერენული სიმართლის“ ჯერ შექმნა, შემდეგ კი მისი დაცვა და მასობრივი გავრცელებაა აუცილებელი. ამისთვის მას დასავლეთისგან დამოუკიდებელი და განსხვავებული - სუვერენული ინტერნეტ სივრცე ესაჭიროება, რომელიც სრულად დომინირებული იქნება სახელმწიფო პროპაგანდითა და მოვლენების სპეციფიკურად რუსული აღქმით.


„სუვერენული სიმართლე“ დღეს შეიძლება უკრაინის ირგვლივ იყოს კონცენტრირებული, ხვალ კი მისი მიმართვა, სიტუაციის მიხედვით, სხვა თემებზეც იქნება შესაძლებელი.


შეიძლება ითქვას, რომ კრემლმა საკუთარი პოლიტიკური სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ქვეყანას „ციფრული რკინის ფარდა“ ჩამოაფარა და გადაწყვიტა, რეალობისგან თავი ალტერნატიული რეალობით დაიცვას.


ეს ყველაფერი რუსეთიდან ტვინებისა თუ ბიზნესების გადინებას მომავალშიც მხოლოდ წაახალისებს, ფარდის მიღმა დარჩენილ რუსულ პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას კი უფრო სწორხაზოვანსა და უხეშს გახდის საერთაშორისო თუ რეგიონული აღქმების მიმართ.


ამიტომ, სავარაუდოდ, რუსების ძალზე სპეციფიკური „ციფრული მიგრაცია“ უახლოეს სამეზობლოში, მათ შორის საქართველოშიც, მომავალშიც გაგრძელდება. რუსები შეეცდებიან „გაკონტროლებულ ინტერნეტსა“ და ძლიერი სახელმწიფო პროპაგანდით დომინირებულ ინტერნეტ სივრცეს თავი უახლოეს სამეზობლოში დააღწიონ და იქ აითვისონ არსებული ინტერნეტ ინფრასტრუქტურა. მაგრამ „უახლოესი სამეზობლოს“ გეოგრაფიაც საგრძნობლად ვიწროვდება - მეზობელ ბალტიის ქვეყნებში მათ, ფაქტობრივად, აღარ იღებენ, ბელარუსში ჩასვლას აზრი არ აქვს, უკრაინაში - ომია, ცენტრალური აზია - მიმზიდველი არაა, აზერბაიჯანი - საორჭოფოა. საქართველო და სომხეთი კი ჯერჯერობით ის ლოკაციებია, სადაც მათთვის ხელსაყრელი, ნაკლებად რეგულირებული ინტერნეტ გარემოა. საქართველოსთვის კი, ამგვარი მიგრაციის ტალღა სავსებით ახალია, ამიტომ ოფიციალურმა თბილისმა ჯერ არ იცის როგორ მოახდინოს „ციფრული მიგრანტების“ იმგვარი ინტეგრაცია, რომ მათგან მომავალი რისკებიც შეამციროს და მათი საქმიანობითაც მაქსიმალურად ისარგებლოს.

„ციფრული მიგრაცია“ ერთადერთი და ყველაზე დიდი პრობლემა ნამდვილად არ არის. გლობალური ინტერნეტ სივრციდან გასვლა და „სუვერენული სიმართლის“ კულტივირება რუსეთს კიდევ უფრო ღრმად შეიყვანს ყალბი აღქმების იმ გამოქვაბულში, საიდანაც გამოსვლა მას სულ უფრო გაუჭირდება.


მაღალი ალბათობით, საკუთარ ციფრულ სამყაროში გამომწყვდეულ რუსეთთან უფრო გართულდება მთელ რიგ სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ თემებზე თუნდაც მცირე კომპრომისების მიღწევა, დასავლეთთან სისტემური გაუგებრობები და უთანხმოებები კი მხოლოდ იმატებს.


ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რუსული „ციფრული რკინის ფარდის“ კალთები შესაძლოა მის უახლოეს სამეზობლოსაც გადასწვდეს და იქაურ ძალზე მყიფე დემოკრატიულ სისტემებს საფრთხე შეუქმნას.


 

ეს ბლოგ-პოსტი ნაწილობრივ ეყრდნობა Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიას, ასევე სხვა ღია წყაროებში მოპოვებულ ინფორმაციას: https://www.telegraph.co.uk/business/2022/08/06/how-putins-digital-iron-curtain-struggling-suppress-dissent/?fbclid=IwAR21fA2bQOGl6ZgoE-e3vDWYVT9s0RlhbEF-y8IYK0IVN7HmV8j-TOm28QI

bottom of page