top of page

ნევზოროვი ნაკისთან - მეფისტოფელის საბჭოური ვარიანტი?

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 9 ივნისი, 2022

ალექსანდრ ნევზოროვი

ჩემთვის მაიკლ ნაკი რუსულენოვანი ბლოგოსფეროს ვარსკვლავი დღეს გახდა. ვინც უკრაინული დრამით ცხოვრობს და ყოველ თავისუფალ წამს რაიმე ახალს, დამაიმედებელს ეძებს უკრაინის გარდაუვალი გამარჯვების მოახლოებაზე, ის ალბათ იცნობს მაიკლ ნაკის და მის რეგულარულ საუბრებს რუსლან ლევიევთან. როგორც დღევანდელ რუსეთს სჩვევია, მაიკლ ნაკიზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კრემლის თვალში იგი უცხოეთის აგენტია. მაგრამ, ამ შემთხვევაში ნაკის ბიოგრაფია არაა მთავარი. საინტერესო ისაა, რომ მან გახსნა და ცოტა დაძაბა გაუხსნელ-დაუძაბველი, უდავოდ ნიჭიერი და საკუთარ თავში უკიდეგანოდ დარწმუნებული „გლებიჩი“ ანუ ალექსანდრე ნევზოროვი. ეს მოხდა 2022 წლის 8 ივნისს.


„დაწყნარდი, იყავი კორექტული“ აღმოხდა ნევზოროვს მაიკლ ნაკისთან საუბრისას, რომელშიც თითქოს მაიკლი იყო წამყვანი, ნევზოროვი კი სტუმარი. მაგრამ ნევზოროვი რისი ნევზოროვია, რომ ეს შეხვედრა საკუთარ თოქ-შოუდ, ე.წ. ნევზოროვის ოთხშაბათების მორიგ რეპრეზენტაციად არ გამოეცხადებინა. ნაკი დაჰყაბულდა. საერთოდ, იგი მაქსიმალურად კორექტული იყო. ცნობილი სტუმრის პატივისცემასაც გამოხატავდა. საუბარი ტრადიციული „სლავა უკრაინი, გეროიამ სლავა“-თი დასრულდა. მაგრამ ნევზოროვს არ ეთმობოდა ეთერი. ვფიქრობ გრძნობდა, რომ ნაკიმ რაღაც შეუსრულა - ნევზოროვი აჭრა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ორი კითხვის, უფრო სწორად, ერთი კითხვისა და ერთი რეპლიკის შედეგი. ნევზოროვს ორივეზე ჰქონდა მაქსიმალურად დახვეწილი რეაქცია. მაგრამ მის ლოგიკას რაღაც აკლდა. მომეჩვენა, რომ აუღელვებელი ნევზოროვი აღელდა და თავი არც თუ კომფორტულად იგრძნო.


„ხელნაწერები არ იწვისო“ ამბობს ბულგაკოვი „ოსტატსა და მარგარიტაში“. მისი ვოლანდი, რომელსაც თავად ავტორი გოეთეს მეფისტოფელის გავლენით ხატავდა, თითქოს ღმერთის მსახურიცაა - ბედისწერის აღმსრულებელი. იგი თავად არ სჩადის ბოროტებას - ბოროტებას მხოლოდ აღასრულებს იქ და მის მიმართ, ვინც ეს ბოროტება თავად დაიტეხა თავს. რაღაც ამდაგვარ პერსონაჟს ქმნის საკუთარი თავისაგან ნევზოროვი. და მას თავისი „ხელნაწერი“ - მოუცილებელი წარსული - აქვს.


დღეს ნევზოროვი პუტინთან საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მეწინავეა. ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა მისცა, რასაც „ახალი უკრაინელი“, რუსეთში დევნილი ჟურნალისტი (უფრო სწორად, როგორც თავს უწოდებს, რეპორტიორი) ომში მოკავშირეობით ხსნის - ეს ჩემი ომიცაა... მე მილიონობით რუსის გუნება-განწყობაზე გავლენის მოხდენა შემიძლია - ამბობდა ნევზოროვი ერთ-ერთ უკრაინელ ჟურნალისტთან რამდენიმე დღის წინ შემდგარი საუბრის დროს. იგი ალბათ მართალია: საგრძნობია მისი მახვილგონივრობის ძალა და თუ ამ ძალის ისარი ამჟამად რუსული იმპერიის წინააღმდეგაა მიმართული, ნევზოროვის ადგილი უკრაინაშიც არის. ოღონდ, მეფისტოფელი რისი მეფისტოფელია, ცოდვები რომ არ ჰქონდეს. ბევრ უკრაინელს ეს წარსული ადარდებს და რეზონირებს ბულგაკოვისეული „ხელნაწერები არ იწვის“ - ამჟამად უკვე ნევზოროვ/ვოლანდის მიმართ. ირონიაა, რომ ბულგაკოვიც კიევში იყო დაბადებული.


ნაკისაც წარსული გაახსენდა და მისი მტკივნეული კითხვა ამ წარსულს შეეხო. ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების გარიჟრაჟზე ალექსანდრ ნევზოროვს ლენინგრადის ტელევიზიის პოპულარული გადაცემა მიჰყავდა. მან გააკეთა სიუჟეტი საბჭოთა ომონელების და ლიტველი პროტესტანტების დაპირისპირებაზე ვილნიუსში. ამ დაპირისპირებას ათზე მეტი ვილნიუსელის სიცოცხლე შეეწირა. ნევზოროვი დიდი ვნებით ასხამდა ხოტბას ომონელებს. შემდეგ მან, როგორც თავად ამბობს, სსრკ-ს ნანგრევებზე მიმდინარე ეთნოკონფლიქტებში იომა და, რა თქმა უნდა, პრორუს სეპარატისტთა მხარეზე იყო. ნევზოროვი რფ სახელმწიფო დუმის დეპუტატიც გახდა, „თანაშემწედ“ კი ლენინგრადის ორგანიზებული დანაშაულის უგვირგვინო მეფე, ბარსუკოვ-კუმარინი გაიფორმა. იმ დროს, როდესაც პუტინი ხელახლა უბრუნდებოდა საპრეზიდენტო სავარძელს მედვედევად წოდებული გაუგებრობის შემდეგ და მთელი რუსული დემოკრატიული ოპოზიცია ამას აპროტესტებდა, ნევზოროვი პუტინის ნდობით აღჭურვილ პირად პოზიციონირებას დათანხმდა.


ნევზოროვი არაფერს მალავს. იგი საკმაოდ ნიჭიერია საიმისოდ, რომ ეს ყოველივე ახსნას, ბალტიისპირელებს ბოდიში მოუხადოს, თქვას, რომ რუსული ფაშიზმით თავადაც იყო ავად და, ამიტომ, კიდევ უფრო სძულს ეს ფაშიზმი. მაგრამ ნაკისთან საუბარში ცოტა დაიბნა, როდესაც ნაკიმ კითხა - თქვენ მხოლოდ ავად იყავით ფაშიზმით თუ ამ დაავადების გავრცელებას უწყობდით ხელს? ნევზოროვის პასუხი ნაწილობრივ გულწრფელი იყო. მან თქვა, რომ - კი. ოღონდ შემდეგ დაიწყო არაფრისმთქმელი, ხელოვნური ახსნა, რომლის თანახმად რუსი „რეპორტიორი“ ავადმყოფობით მხოლოდ „ლაბორატორიაში“, „კოლბაში“ აკეთებდა ცდებს. მას ფაშიზმის შესწავლა უნდოდა - არ ეგონა, რომ ფაშიზმის ბაცილა გარეთ გამოაღწევდა. რომც ასე იყოს, ლიტვაში დანაშაულის ჩამდენი ომონელების ხოტბა ან დნესტრისპირეთში ტყვიის სროლა ლაბორატორიული ექსპერიმენტებია? ნაკის ეს არ უკითხავს. მან მხოლოდ ზოგადად აღნიშნა, რომ მსმენელი თავად გამოიტანდა დასკვნებს. ნევზოროვი ჭკვიანია და იგი საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩა, რაც მას იშვიათად ემართება.


ნაკის მეორე კითხვა-რეპლიკა მოყვა იმას, რომ ნევზოროვმა რუსეთის დღევანდელი საჭეთმპყრობლები თუ მათი მიმდევრები ომით დამახინჯებული ინვალიდებისადმი სექსუალური ლტოლვის მქონეებად მონათლა და ამას ერთგვარი პერვერსია უწოდა. ნაკიმ მაინც შეახსენა, რომ, თავისთავად, განყენებულად თუ ავიღებთ, ინვალიდობა არაა სიმახინჯე. მე ეგ არ მიგულისხმია, კორექტული იყავი, დაწყნარდი - დაახლოებით ასეთი იყო ნევზოროვის რეაქცია. მას ალბათ ეს მართლა არ უგულისხმია იმ მომენტში და პასუხებიც საკმაოდ კეთილგანწყობილად გამოთქვა, თუმცა კი სახის მიმიკებით ნერვიულობა დაეტყო.


მოკლედ, დაუმარცხებელი ნევზორივი დამწყებ ნაკისთან საუბარში არც თუ მყარად გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, დღეს იგი სწორ მხარეს დგას და რუსულ იმპერიალიზმს თავისი მახვილი კალმითა თუ ენით ებრძვის. მაგრამ ეს თავმომწონეობა, ვფიქრობ, ზოგჯერ მაინც, სინანულის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული და საკუთარი ბიოგრაფიის არა მხოლოდ ახსნაში, არამედ გამართლებაშიც გადადის. ზემოთ უკვე ნახსენებ სხვა ინტერვიუში ნევზოროვი უფრო დამაჯერებელი იყო: იგი ამბობდა, რომ ახალგაზრდობაში მისი იმპერიალიზმი პუშკინის ლექსებით საზრდოობდა - ასე გაზარდეს და დრო დასჭირდა, რომ ტკბილხმოვანი ლექსების მიღმა იმპერიალიზმის სიმახინჯე დაენახა. ნაკისთან კი ენა დაება თუ ლოგიკამ უმტყუნა. ან იქნებ მისი ეგოიზმი და ნარცისიზმი ჰომო სოვიეტიკუსის ქარგისაა, რომლის თანახმადაც ადამიანი მუდმივ ბრძოლაშია თვითგადარჩენისათვის და ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს? ასე აღწერენ საბჭოთა ადამიანის ტიპს ამერიკელი და რუსი სოციოლოგები. „გლებიჩი“-ც ამ ტიპის პროდუქტად შეიძლება დავინახოთ, თუმცა მეტად ნიჭიერ და, ვიმეორებ, დღეს ისტორიის სწორ მხარეს მდგომ პროდუქტად.


ნაკიმ კი თავისი როლი შეასრულა - მეფისტოფელს თავისი „მეფისტოფელი“ დახვდა. ახალი თაობა მაინც უფრო სუფთა და თანამიმდევრულია, იმედია :)

bottom of page