კაბინეტური ომი პუტინის გარემოცვაში (ფიქრები რუსული მედია-ვერსიების თაობაზე)

Image-empty-state.png

ზურაბ ჯგუბურია | ბლოგ-პოსტი | 28 ნოემბერი, 2021

Kremlin.ru

უკრაინა - რუსეთის მოსალოდნელი ღია ომის ანალიზს დღეს ბევრი ცდილობს, მათ შორის, საქართველოშიც. მთავარი საზრუნავი, ალბათ, ისაა, განიმუხტოს გლობალური დაპირისპირება, რაც რუსეთის აგრესიული ქმედებებიდან მომდინარეობს და, საბოლოოდ, შეიძლება მე-3 მსოფლიო ომში გადაიზარდოს. საყურადღებოა, რომ ამ შესაძლო პლანეტარულმა კატაკლიზმმა რუსეთის შიდა პოლიტიკურ წრეებშიც გარკვეული ფარულ უთნხმოებები თუ პოსტ-პუტინისეული პერიოდის ხელისუფლების გადანაწილების პრობლებიც გამოამზეურა. გარეგნულად მონოლითურმა და აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელმა „პეტერბურგულმა კლანმა“ იგრძნო ცვლილებების გარდუვალობა და, უკრაინის მოვლენების ფონზე, მისი წევრები საკუთარ პერსონალურ ინტერესებზე კონცენტრირებას ცდილობენ.


მიმდინარე წლის 23 ნოემბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, რუსეთის ფაქტიურმა მე-2 პირმა ნიკოლაი პატრუშევმა „პირველმა გაისროლა“: 2018 წელს აშშ სასანქციო „კრემლის სიის“ ნომინანტი ნ.პატრუშევი 2021 წლის 6 ნოემბერს ჯერ მოსკოვში სპეციალური მისიით ჩამოსულ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსს უილიამ ბერნსს შეხვდა, ხოლო მოგვიანებით სატელეფონო მოლაპარაკება გამართა აშშ პრეზიდენტის თანაშემწესთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ეტყობა ამერიკელ „ტოპ მოღვაწეებთან“ შეხვედრების შემდეგ პატრუშევმა ჩათვალა, რომ „გზა ხელისუფლების პირველი პოზიციისკენ უკვე ხსნილია“ და 23 ნოებერს რუსულ გავლენიან ტაბლოიდს „Аргументы и Факты.ru“ ვრცელი ინტერვიუ მისცა არა მხოლოდ უკრაინის თემატიკაზე, არამედ რუსეთის როლზე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში.


მაგრამ დაბერებულმა ჩეკისტმა რაღაც „ვერ მოზომა“ და ყველასთვის მოულოდნელად მეტად არაპოლიტიკური და მიუღებელი ფრაზა „უკრაინაში ცეცხლი მალე აგიზგიზდება“ გამოიყენა. კი ეცადა კრემლი მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის პირით ამ განცხადების შერბილებას, მაგრამ სტატია გაზეთში უკვე დაბეჭდილიც და გავრცელებულიც იყო. ამას მოჰყვა 24 ნოემბერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (რსდს) ოფიციალური პრეს-რელიზი, რომელიც, ერთი შეხედვით, ნ.პატრუშევის განცხადების „შელამაზებას“ ცდილობდა, მაგრამ ბევრმა იგი ნ.პატრუშევზე პირადად რსდს-ს დირექტორის სერგეი ნარიშკინის თავდასხმად, ანუ კრემლის მმართველთა შიდა დაპირისპირებად აღითქვა.


რუსეთში დიდი ხანია მუსირებს აზრი, რომ სწორედ ს.ნარიშკინია პუტინის ყველაზე რეალური მემკვიდრე მისი „პეტერბურგული კლანიდან“. ამასთან, ნ.პატრუშევი აღიქმება კომუნისტურ - რეტროგრადული, ხოლო ს.ნარიშკინი ე.წ. სისტემური ლიბერალური ძალების წარმომადგენლად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ წინა ადმინისტრაციის პირობებში სწორედ არანაკლებ „სანქციონირებული“ ს.ნარიშკინი, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ბორტნიკოვთან და გენშტაბის სამხედრო დაზვერვის უფროს კორობოვთან ერთად, 2018 წელს შეხვდნენ ვაშინგტონში ცსს მაშინდელ უფროსს, შემდგომში სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს და სირიის საკითხებში გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს - ამოქმედდა ე.წ. „ცხელი ხაზი“, რაც გამორიცხავდა აშშ-რუსეთის უშუალო სამხედრო დაპირისპირებას ამ რეგიონში.


აშშ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს „სქემა“ დაირღვა და პირველ პლანზე ნ.პატრუშევი წარმოჩინდა, რაც რუსულ პოლიტიკურ სინამდვილეში უმაღლეს სახელისუფლებო აღმავალ გზაზე დიდ წარმატებად ითვლება: რაც არ უნდა „იხმაურონ“ ადგილზე რუსმა პოლიტიკოსებმა, მათ პიროვნულ წარმატებებაზე გავლენას ამერიკელებისგან „ხელის ჩამორთმევა“ ახდენს.


მაგრამ ნარიშკინს რჩება რესურსი, რომ „უკრაინაში ცეცხლის აგიზგიზების“ მომლოდინე პატრუშევზე ოფიციალური პრეს-რელიზით მსოფლიოს შენიღბული სიგნალი გაუგზავნოს. ეს გზავნილია - არაა პატრუშევი და მისი უწყება უკრაინის საკითხის ერთპიროვნულად გადამწყვეტი ფიგურა/ორგანო; რუსეთში „სხვა სერიოზული ძალაც არსებობს“. შესაძლოა, ამ ყოველივესთან კავშირშია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სენსაციური ცნობა უკრაინაში 1-2 დეკემბერს დაგეგმილი „სახელმწიფო გადატრიალების“ შესახებ. თუ მსგავსი რამ მართლა იგეგმებოდა/იგეგმება, ეგებ ესაა პატრუშევისეული „ცეცხლის აგიზგიზების“ მცდელობა, ხოლო ამ ფაქტის წინასწარი გამჟღავნება თავად რუსეთიდან ამ ჩანაფიქრის გადაფიქრება?


რაც არ უნდა იყოს ყოველივე ამის უკან, ერთი ცხადია: რუსეთის ძალოვანთა ორი „ვოევოდა“ საჯარო სივრცეში ერთმანეთს დაუპირისპირდა. თანაც ორივე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის, „პეტერბურგის კლანის“ უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია.


ერთი შეხედვით პატრუშევიც და ნარიშკინიც მეტად მსგავსი ბიოგრაფიის მატარებელია: პატრუშევი 1951 წელს, ხოლო ნარიშკინი 1954 წელს დაიბადა და ორივე კადრის მზვერავია. ბოლო დრომდე, გარკვეულ ასპექტებში პატრუშევი ოდნავ ასწრებდა მის ვიზავის: იგი არის რფ გმირი და „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენის სრული კავალერი. მისი შვილი, დიმიტრი, რფ სოფლის მეურნეობის მინისტრია. ნარიშკინი არაა ამდენი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, მაგრამ უფრო მაღალი „ინტელექტუალური“ დამსახურებების პიროვნებაა: არის რუსეთის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, აქვს სახელმწიფო მმართველობის „ცივილურ“ ორგანოებში მუშაობის მეტი გამოცდილება: იყო პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მთავრობის ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე.


ჩანს, რუსეთის პრეზიდენტის კაბინეტის სქელი ხალიჩისქვეშ დაიწყო „ბულდოგების დაუნდობელი ბრძოლა“ მთავარი პრიზისთვის - მომავალი პრეზიდენტის სავარძლისთვის. ოღონდ, ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, „გლეხი კაცითვინ არავინ არალი“: ბოლო პერიოდში სწორედ ნარიშკინი აკეთებს იმპერიულ განცხადებებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. 26 ნოემბერს მან აშშ ადმინისტრაცია „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებისთვის გააკრიტიკა. კურირებს იგი პერსონალურად როგორც „ქართული ოცნებიდან“ „რბილი“ გახარიას გამოყოფის და, პარალელურად, ღია კრემლისტური „კონსერვატიული“ პარტიის ფორმირების პროცესს, მომავალში გამოჩნდება.


https://www.gazeta.ru/politics/news/2021/11/23/n_16902961.shtml

https://www.gazeta.ru/politics/news/2021/11/24/n_16908523.shtml

https://www.gazeta.ru/politics/news/2021/11/23/n_16903495.shtml

http://svr.gov.ru/smi/2021/11/ssha-provotsiruyut-obostrenie-na-vostoke-ukrainy.htm

https://www.newsgeorgia.ge/%D1%81%D0%BB%D1%83%D0%B6%D0%B1%D0%B0-%D0%B2%D0%BD%D0%B5%D1%88%D0%BD%D0%B5%D0%B9-%D1%80%D0%B0%D0%B7%D0%B2%D0%B5%D0%B4%D0%BA%D0%B8-%D1%80%D1%84-%D0%BE%D0%B1%D1%8A%D1%8F%D1%81%D0%BD%D0%B8%D0%BB%D0%B0/