რატომ არ გამოდიან რუსები?

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 9 მაისი, 2022

კიევის ცენტრალურ მოედანზე „სისხლიან ხუთშაბათს, 2014 წლის 20 თებერვალს, ცეცხლმოკიდებული საბურავების კვამლი. სულ მცირე, 77 ადამიანი დაიღუპა. ანასტასია-ტეილორ-ლინდის ფოტო

ამ ვიდეოში, რომელიც რუსულენოვანი უკრაინული ტელეპროგრამის 7 მაისის საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემას ასახავს, ბევრი ეპიზოდია. წინამდებარე ბლოგის ინსპირაციაა ერთ-ერთი: „რუსეთის ფედერაციის სტუდენტთა პროტესტები და სოციოლოგიური გამოკითხვების ზიანი“. სადღაც მეათე წუთზე იწყება საუბარი წამყვანსა და რუს ანალიტიკოსს, პუბლიცისტ, ჟურნალისტ ფედორ კრაშენიკოვს შორის. კრაშენიკოვი ამტკიცებს, რომ რუსების უმრავლესობას არ უნდა ომი, არ შეიძლება უნდოდეს ომი, მაგრამ აქტიური პროტესტის ეშინია. ეს თეზისი იწვევს კამათს: წამყვანი კითხულობს, რატომ არ ეშინოდა უკრაინელს გამოსულიყო მაიდანზე 2013 წელს და რატომ ეშინია რუსს? კამათის კონტექსტია - იქნებ რუსს არ უნდა? იქნებ ის არსებულით კმაყოფილია და უკრაინის განადგურების მსურველი? კრაშენიკოვი აშკარად ღიზიანდება და, მგონია, ესეც აჩვენებს კონტექსტს ანუ გამოუთქმელ წუხილსა და აზრს, რომ ომი მარტო პუტინს კი არა, საშუალო სტატისტიკურ რუსსაც უნდა. ეს კონტექსტი, იგივე დისკურსი, არაა უშუალოდ წამყვანის ან მოპასუხის შემოთავაზებული. იგი თითქოს მძიმე, ტყვიისფერ ღრუბლად ჰკიდია მათ თავზე. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ამ პაექრობის ჩემეული ინტერპრეტაცია.


პაექრობა კი შემდეგი ფორმით გაგრძელდა: კრაშენიკოვმა ამოიგმინა - თქვენ, უკრაინელები, სხვა ხალხი ხართ. მე მჯერა, რომ სხვა ხალხი ხართ. რატომ ადარებთ მაიდანის დროინდელ ამბებს რუსულ რეალობას? ხედავთ მაიდანს, მაგალითად, ჩინეთში?! არაა მაიდანი უნივერსალური მოდელი. . .თქვენ მაიდანზე კარვების გაშლის გამო გესროდნენ (ეს ხდებოდა 2013-2014 წლებში), ჩვენ უკვე კარვის ყიდვისას გვიჭერენ და ბნელ შუკებში გვკლავენ, სანამ მიტინგის ადგილამდე მივაღწევდეთ. თან უკრაინა მაინც პატარაა - კიეველს ლვოველი რამდენიმე საათში დაეხმარება. მოსკოველს ხაბაროვსკელი?! დაახლოებით ასეთი იყო კრაშენიკოვის დეკლამაციაც და საუბრის სულისკვეთებაც. კიეველი წამყვანი მოლბა, აღარ გააგრძელა დამუნათება.


რა მორალია აქედან? მგონია, კრაშენიკოვის არგუმენტაცია თავის არსში სწორია, თუმცა ნაკლული და უადგილო სიბრაზენარევი. იგი ამბობს, რომ სოციოლოგიურ კვლევებს არ უნდა ვენდოთ და რუსული საზოგადოების განწყობების მთავარი ინდიკატორი ისაა, რომ ომის მხარდამჭერ აქციებზე თავისი ნებით არავინ მიდის. შეიძლება ეს აქციები - ცოცხალი ადამიანების ფიგურებისაგან ასო Z-ს გამოყვანა და „გეორგიევსკის“ ლენტების ფრიალი ადმინისტრაციული რესურსის პროდუქტია, მაგრამ მრავალი მაგალითი და მოწმობაა იმისა, რომ რუსული საზოგადოება, მინიმუმ, გაყოფილია და მისი ერთი ნახევარი პუტინის სამხედრო დანაშაულებს უმაგრებს ზურგს. გასაგებია, რომ კრაშენიკოვს ამაზე საუბარი არ სურს, ამაზე საუბარი აღიზიანებს, რადგან დანაშაულზე პასუხისმგებლობა ასე მთელ რუსეთზე გადადის - მარტო პუტინით თუ მისი „კამარილიით“ არ იფარგლება. პასუხისმგებლობა ეკისრება კრაშენიკოვსაც, ის კი, როგორც თავად ამბობს ამ საუბარში, რუსი პატრიოტია.


პატრიოტია სერგეი მედვედევიც - ბევრად უფრო ცნობილი მწერალი, ისტორიკოსი და ჟურნალისტი. მაგრამ მას პატრიოტიზმი რუსული (და არა პუტინური) ფაშიზმის მხილებად და კოლექტიური მონანიების საჭიროებად ესმის. კრაშენიკოვი ალბათ სხვაა. მაგრამ ახლა ამაზე არაა საუბარი, თუ პასუხისმგებლობის ვისი რა წილია რუსული ისტორიული აგრესიულობის გამო. ამ შემთხვევაში მე დამაინტერესა უკრაინული მაიდანის, როგორც არალეგიტიმური რეჟიმის დამხობის მეთოდის უნივერსალურობა-უნიკალურობის საკითხმა. ეს საკითხი საქართველოსთვისაც აქტუალურია. ამიტომ, შევეცდები კრაშენიკოვის ემოციური არგუმენტაცია შევავსო თუ გავაღრმაო, როგორადაც ეს მე მესმის.


უკრაინელი და რუსი ერები ისევეა სხვადასხვა, როგორც რუსი და ქართველი, ან ქართველი და სომეხი ერები. ამაში არ იგულისხმება ენების სიშორე-სიახლოვე ან სახვითი ხელოვნება: ერს, პირველ რიგში, ქმნის ისტორია და მისი ინტერპრეტაციები, საკუთარი თუ სამეზობლო პოლიტიკით გამოწვეული კოლექტიური ემოციები, იდეოლოგიები თუ იდეოლოგემები: ენა მხოლოდ დამხმარე გარემოებაა. ამ გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია განსხვავება არა მხოლოდ რუსულ და უკრაინულ საუკუნეობრივ წარსულს შორის, არამედ დღევანდელ პოლიტიკურ გამოცდილებებშიც. უკრაინის წარსულში იყო ისეთი დროებაც, როდესაც მისი მმართველი ელიტა მოსკოვს ეტმასნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი მოსკოვი უკრაინელი გლეხების შიმშილით მკვლელობაზე მიდიოდა. „ჰოლოდომორს“ 3-4 მილიონი უკრაინელი შეეწირა 30-იან წლებში, თუმცა გამკითხავი და წინააღმდეგობის მაორგანიზებელი არც მაშინდელ დასავლეთში მოიძებნა და არც უკრაინის მიწაზე. შედეგად, უკრაინის ისტორიის ეს დრამატული ფურცელი ერის ქმნადობაში მსხვერპლის იმიჯის შეტანითაა გამორჩეული და არა გმირობის. იგი სოციალურ-ტიპოლოგიურად უფრო აახლოებს დღევანდელ რუსს და მაშინდელ უკრაინელს, როგორც რეჟიმის მრავალჯერად მსხვერპლებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, „ჰოლოდომორმა“ უკრაინელთა რუსებისაგან გაუცხოებას შეუწყო ხელი, ისევე როგორც სხვა ბევრმა ისტორიულმა ეპიზოდმა, რომელთა გახსენებაც შორს წაგვიყვანდა. ყოველივემ კი თავი ბოლოს მაიდანზე მოიყარა - ჯერ 2004 წელს, შემდეგ კი 2013 წელს.


ის, რომ იანუკოვიჩის პრორუსული და კლეპტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ორჯერ გაიმარჯვა, მეტყველებს ა) მის სიმწიფეზე და მრავალრიცხოვნობაზე, ბ) უკრაინელთა ანტირუსულ ნაციონალიზმზე, გ) იანუკოვიჩის რეჟიმის სისუსტეზე. ამან მოიტანა მაიდანის წარმატება. მსგავსი ცვლადების გარეშე გმირობას შედეგი ან არ მოაქვს ან მხოლოდ შემდგომ თაობებს უნათებს გზას. უკრაინელებს არანაკლები შემართება ჰქონდათ 1940-იან წლებშიც, მაგრამ კონტექსტი სხვა იყო: სტალინს იანუკოვიჩივით ვერ მოერეოდნენ, მით უმეტეს, რომ გულშემატკივარი მსოფლიოში არავინ ჰყავდათ. საბჭოთა კავშირის დაშლამ კი უკრაინულ ეროვნულ შემართებას სულ სხვა ასპარეზი შეუქმნა. მეტიც, ბევრი ისტორიკოსი დასავლეთსა და არა მარტო დასავლეთში, თვლის, რომ სსრკ-ს კუბოში ბოლო ლურსმანი სწორედ უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა ჩაარჭო.


რუსეთში კი ასეთი კონტექსტი არ შექმნილა. სამოქალაქო საზოგადოება მის ქალაქებში არანაკლებ აქტიური იყო. მისი ძალა გამოჩნდა 1991 წელს, ნაწილობრივ - 2012-2013 წლებშიც. მაგრამ ნაციონალიზმი, როგორც ფაქტორი, დიდწილად პუტინისეული „სახელმწიფო ცივილიზაციის“ ანუ „ძერჟავნიკობის“ მომხრეთა მიერ აღმოჩნდა მიტაცებული. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოებამ მასები ვერ აიყოლია. დაბოლოს, იანუკოვიჩის სახელმწიფოსაგან განსხვავებით, პუტინის სახელმწიფო ბევრად უფრო მომზადებული აღმოჩნდა ნებისმიერი დისიდენტობის წინააღმდეგ. მისი ძალოვანი სტრუქტურები ბოლო დრომდე არ იყო ბუტაფორიული. ყოველ შემთხვევაში, შიდა ოპოზიციის განდევნა-განადგურებას მისი შესაძლებლობები ეყო.


ამდენად, მთლიანობაში, კრაშენიკოვი მართალი გამოდის: დიქტატურა ძლიერია თუ ის მაშინ კი არ ისვრის, როცა საპროტესტო მასები უკვე შეკრებილია, არამედ მანამდე ახერხებს ტერორს, მოსყიდვას, მასების გამოთაყვანებას. იანუკოვიჩს ასეთები ნაკლებად შეეძლო, პუტინი კი ამ ყოველივეს ჯერ კიდევ ახერხებს. კრაშენიკოვი მხოლოდ იმაზეა ჩუმად, თუ რა ხარისხისაა მასების გამოთაყვანება, როგორ სჯერა ჩვეულებრივ, კრიტიკული აზროვნების უნარს მოკლებულ რუსს, რომ პუტინი კი არ დაესხა თავს ზელენსკის, არამედ ზელენსკი და ნატო - პუტინს. რუსული ოფიციალური მედია ხატავს სურათს, რომ „უკრაინელი ფაშისტები“ ანგრევენ საკუთარ ქალაქებს, „გმირული რუსული არმია“ კი მოსახლეობის გადარჩენას ცდილობს. პუტინის ამასწინანდელი ბრძანება შოიგუს - არ დაბომბოთ „აზოვსტალი“ (რა თქმა უნდა, გააგრძელეს დაბომბვა), იმავეს ემსახურება.


ეჭვი არ მეპარება, რომ „სამამულო ომზე“ გადაღებულ ფილმებზე გაზრდილი რუსი, რომელიც სხვა რამ ნარატივებს არ გასცნობია, ახლა კი მრავალწლიან ანტიდასავლურ საინფორმაციო ნიაღვარში იმყოფება, ამას იჯერებს. ამიტომ, ისევ დროა საჭირო და როგორც იგივე ვიდეოსიუჟეტში ერთი მამაცი რუსი გოგონა ამბობს - ყოველდღიური საუბარი გამოთაყვანებულ მოყვასთან. რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდი შედეგს თუ დადებს, ეს ძალიან გვიან იქნება. პროცესების დამაჩქარებელი უკრაინული ჯარი და დასავლური იარაღია. არ დავივიწყოთ სანქციების ეფექტიც, რაც, ადრე თუ გვიან, თერაპიულად იმოქმედებს რუსულ კოლექტიურ იდენტობაზეც. ასე რომ, ცვლილებების მსურველი რუსები აღაც გაურბიან ლოზუნგს Слава Украинi. Спасение России ამ ლოზუნგის მატერიალიზაციაშია. ოღონდ, ჯერ ამ ჭეშმარიტების გამგებნი ცოტანი არიან რუსეთში. ამიტომ, რუსები არ გამოდიან ქუჩაში და ვერ/არ ამხობენ პუტინს.