აკადემიური დისკურსი რუსეთის მომავალზე: მისი ნაკლოვანებანი და განვითარების პერსპექტივები
დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 13 მარტი, 2022
რუსეთის ომის საპროტესტო დროშა
ბუნებრივია, დასავლეთის აკადემიური წრეები მსჯელობენ რუსულ ინტერვენციაზე უკრაინაში, დასავლეთის პასუხებზე, უკრაინელი ხალხის თავგანწირულ ბრძოლასა და რუსეთის მზარდ იზოლაციაზე. მაგრამ ჯერ-ჯერობით ნაკლებად გვხვდება აკადემიური რეფლექსია იმაზე, თუ რა ელის რუსეთს, როგორი იქნება მისი ადგილი და კონფიგურაცია მნიშვნელოვანწილად შეცვლილ მსოფლიოში ხვალ. 9 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანთან, ლიზ ტრასთან ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა: „აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი დამარცხდება და რუსეთი იწვნევს სტრატეგიულ მარცხს, რაც არ უნდა მოკლევადიან ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიოს უკრაინაში“. ლოგიკურია, რომ მსგავსი მოლოდინის ირგვლივ აკადემიური წრეების უფრო თავისუფალი და სავარაუდო სცენარებზე ორიენტირებული შეხედულებები ვრცელდებოდეს, მაგრამ ასეთები იგვიანებს.
ნათქვამის ილუსტრაციაა საბჭოთა კავშირის და პოსტ-საბჭოთა რუსეთის რიგი დასავლელი ექსპერტების ინტერვიუები თუ დისკუსიები რუსეთ-უკრაინის ომზე. თავს ვერ დავდებ, რომ ყველა ვნახე, მაგრამ ნიშანდობლივი მგონია, რომ ე.წ. თოქ-შოუს intelligence square ცნობილ ფორმატში მოწვეულ ისტორიკოს ოუენ მეთიუს, რომელიც პოლონელ პოლიტიკოს რადოსლავ სიკორსკისთან ერთად უკრაინაში მიმდინარე ომს აანალიზებდა, დიდი არაფერი უთქვამს რუსული რეჟიმის მომავალზე. ერთადერთი, რაც მან აღნიშნა, ისაა, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ იკვეთება. იგრძნობოდა, რომ მეთიუ არც მომავალში ელის რაიმე განსაკუთრებულს. რუსეთისადმი ადეკვატური სიხისტით გამორჩეული სიკორსკის აზრები, ამ შემთხვევაში, განსახილველი ნაკლებადაა, რადგან იგი რუსეთის აკადემიურ ექსპერტთა დასავლურ თანამეგობრობას არ ეკუთვნის.
შესაძლოა უფრო თვალსაჩინო იყოს დიდ ბრიტანეთში Oxford Union Society-ს მიერ ორგანიზებული დისკუსია, რომლის გამორჩეულ სპიკერებს შორის იყო საქართველოში ბევრად უფრო ცნობილი მკვლევარი ნილ მაკფარლენი. სამართლიანობა ითხოვს, აღინიშნოს, რომ სემინარი რუსულ აგრესიაზე ბრიტანულ რეაქციას ეძღვნებოდა. მაგრამ, ვფიქრობ, თავად მომხსენებლებს, წამყვანს ან აუდიტორიიდან ვინმეს უნდა ეკითხა, როგორ ხედავენ პატივცემული პროფესორები რუსეთის მომავალს საშუალოვადიან პერსპექტივაში. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა.
საინტერესოა ამერიკული აკადემიური წრეების მოსაზრებები ამ საკითხის ირგვლივ. რამდენიმე დღის წინ შედგა იელის უნივერსიტეტის გლობალური საკითხების ჯექსონის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პანელური დისკუსია. მასში მონაწილეობდნენ წიგნის „სისხლიანი მიწები“ - ავტორი, საერთაშორისო პოპულარობის მქონე ისტორიკოსი ტიმ სნაიდერი, იელის პროფესორები რიჩარდ ლევინი და არნ უესტადი. საუბარი ეხებოდა ომს უკრაინაში და აქედან მომდინარე საერთაშორისო პერსპექტივებს. გაკეთდა მშვენიერი ანალიზი იმისა, თუ რა მართავს პუტინის გონებას, როცა ის უკრაინაზე ფიქრობს. სნაიდერის თქმით - ესაა კოლონიური რეფლექსები, რომელთაც არაფერი აქვს საერთო ისტორიასთან, ისტორიკოსის გონებასთან.
ბოლო კითხვა, რაც წამყვანმა დასვა, მიმართული იყო იქით, რაც ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს - რა მოხდება 6-12 თვეში? უესტედმა და სნაიდერმა თავი აარიდეს რუსეთის მომავლის განმსაზღვრელი შიდა ფაქტორების განხილვას და განაცხადეს, რომ ბევრი რამ უკრაინელებზე და ჩინეთზეა დამოკიდებული. ჩინეთის და რუსეთის სამომავლო ურთიერთობებში უესტედი ხედავს შესაძლო პარალელს ისტორიული გერმანიისა და ავსტრო-უნგრეთის იმპერიების ურთიერთობებთან. ძალიან საინტერესოა, მაგრამ რა გამომდინარეობს აქედან? სნაიდერი მსჯელობს, რომ საჭიროა დაკვირვება რუსული დემოკრატიული ძალების მოქმედებაზე და ელიტის წევრთა პოზიციონირებაზე. მაგრამ რაა მოსალოდნელი, ან რა უნდა დასავლეთს? ვფიქრობ, სნაიდერიც და უესტედიც ზუსტად განსაზღვრავენ პუტინის ხედვას ამ ომის თაობაზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რესურსების დაუფლებასთან და იდეაციურია, რუსეთის მომავლის მისეულ ხატებას ეხება. ამ ხედვით რუსეთი მეტ-ნაკლებად აღადგენს ძველ იმპერიულ საზღვრებს და უკრაინის „ხელოვნური“ ერი ქრება. მაგრამ მსჯელობა და პასუხები იმაზე, თუ რაა რეალისტური თავად რუსეთისათვის უახლოეს პერსპექტივაში იგივე ევრო-ატლანტიკური გადმოსახედიდან, იგვიანებს.
ყველაზე შთამბეჭდავი, აზრთა ამშლელი, რაც ამ დღეებში მომისმენია, უკრაინელი ფილოსოფოსის, ანდრიი ბაუმაისტერის აზრია. ომამდე იგი აღიარებდა რუსეთის მნიშვნელობას ევროპულ თუ ევრაზიულ სამყაროში. მაგრამ დაიწყო ომი და ანდრიი კარს მომდგარ გეოპოლიტიკურ რევოლუციაზე საუბრობს. მისი აზრით, რუსეთმა დაკარგა მსოფლიოს ერთ-ერთი ცენტრის ფუნქცია თუ ფუნქციის პერსპექტივა. იგი „გაიწოვება“ ევროპასა და ჩინეთს შორის. მაგრამ ბაუმაისტერი (იმედია, მხოლოდ ჯერ-ჯერობით) არ წარმოადგენს ევროპის კავშირისა თუ ამერიკის ინტელექტუალურ სამყაროს. თავისთავად, რუსი ინტელექტუალები მეტს მსჯელობენ თავიანთი ქვეყნის მომავალზე. ეს მსჯელობა ბუნებრივი და საინტერესოა, მაგრამ ძალზედ პოლიტიზებული და, ამა თუ იმ ფორმით, აპოკალიფსური.
დავიწყე ამ ბლოგ-პოსტის წერა და მოულოდნელად მომეცა საშუალება, გერმანიის მარშალის ფონდის ბერლინის ოფისის ხელმძღვანელისათვის „ლაივში“ მომესმინა. ტომას კლეინ-ბროკჰოფის შეხედულებები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მასთან ერთ ჭერქვეშ ყოფნის წყალობით, შემეძლო მეკითხა, თუ როგორ ხედავს იგი რუსეთის მომავალს და რა უნდა იყოს ამ მომავლის სასურველი ვარიანტის დადგომის ევროპული და, კერძოდ, გერმანული სტრატეგია. მისი პასუხი საინტერესო, თუმცა პესიმისტური აღმოჩნდა: რუსეთმა ორჯერ დაკარგა დემოკრატიზაციის შანსი, მესამე დიდი ხანი არ იქნება, ამბობდა ტომასი, წინააღმდეგობები ელიტაში მოსალოდნელია, მაგრამ რუსეთის „პროფესიონალური კლასი“ ქვეყნიდან გარბის, რაც ამ ქვეყნის რეფორმირების შანსს ამცირებს. ამას ემატება იზოლირებული ავტორიტარული რუსეთის ჩინეთის ვასალად ქცევის პერსპექტივაც. რაც შეეხება დასავლურ სტრატეგიას, ტომასმა სერბების, ხორვატების და ბოსნიელების დეიტონის შეთანხმებით მორიგების მაგალითი გაიხსენა, რამაც ბოსნია-ჰერცეგოვინას ახალი სახელმწიფო შექმნა. „თუმცა ბირთვულ რუსეთთან მიმართებაში ეს წარმოუდგენელია“ დასძინა მან. ერთადერთი, რაც მკაფიო და ცალსახა იყო ტომასის მსჯელობაში - სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დიდი ალბათობით წლების მანძილზე გაგრძელდება.
მოკლედ, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ რასაც დასავლური აკადემიური წრეები რუსეთის მომავალთან დაკავშირებით ამბობენ, მოკლეა და ნაწყვეტ-ნაწყვეტი. მიზეზი გასაგებია - მსოფლიო ჯერაც შოკშია რუსული სამხედრო აგრესიის მასშტაბების გამო. არავის ტოვებს ბირთვული არმაგედონის მოლოდინი და მისი თავიდან აცილების ბუნებრივი სურვილი. ეგებ ამ უკანასკნელიდან ერთგვარი თავშეკავებაც მომდინარეობდეს - რუსეთის სამომავლო დასუსტებისა თუ ტრანსფორმირების ხმამაღალი დეტალიზაცია შეიძლება ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდეს. როგორც სჩვევია, აშშ-ში მოღვაწე ანდრეი პიანტკოვსკი ამ დღეებში თავს არ იკავებს და ამბობს: „ასი აფეთქებული რუსული ტანკიც და ვიღაც შევა პუტინის ბუნკერში“, რასაც ამა თუ იმ ფორმით „გაჩინელებული“ ახალი რუსეთის ფორმირება მოჰყვება. მაგრამ რეზონანსული აკადემიური პოზიციების მქონე ინგლისური, ამერიკული თუ გერმანული პროფესურა უფრო თავშეკავებულია. ჩვენ, აქ, საქართველოში - შედარებით უაფექტოდ - რისი თქმა შეგვიძლია?
მეც ანტონი ბლინკენივით მგონია, რომ რუსეთი დამარცხდება. როგორც სამხედრო დანაკარგებით, ისე იზოლირებით, სტრატეგიულად იგი უკვე დამარცხებულია. თუმცა, ისევ გაუგებარია და არტიკულირებას ითხოვს მისი მომავალი. გავბედავ და მხოლოდ თეზისურად გამოვყოფ ვექტორებს, რომლებიც ამ მომავლის განმსაზღვრელი უნდა გახდეს. იქნებ ხვალ თუ ზეგ მათზე უფრო დეტალიზებულ რეფლექსირებას წავაწყდეთ - როგორც დასავლეთის აკადემიური, ისე, თანდათანობით, პოლიტიკურ-დიპლომატიური წრეებიდანაც:
რუსეთი ფინანსურად ვეღარ შეძლებს უზრუნველყოს საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი დამოუკიდებელი ცენტრის ფუნქცია, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ეს პუტინმა მნიშვნელოვანწილად შავი ფულით და კრიმინალური მეთოდებით მოახერხა. დღევანდელი მოცემულობით, რაც რუსეთის მხრიდან ევროპულ უსაფრთხოების სისტემასთან ღია სამხედრო დაპირისპირებამ შექმნა, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ახალი რუსული იმპერიალიზმის მაფიური საყრდენები დაანგრიოს. თუ აშშ-სა და ევროპის კავშირში ეს მისწრაფებები შენარჩუნდა, და მგონია, რომ შენარჩუნდება, ევროატლანტიკური ერთობის ფინანსურ და სადაზვერვო ინსტიტუტებს შესწევთ მსგავსი ამოცანის ბოლომდე განხორციელების უნარი.
რუსეთს აღარანაირად ექნება რესურსი შეინარჩუნოს არსებული ბირთვული იარაღი. მისი გადაცემა ჩინეთისათვის, ისევე როგორც ჩინური ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ქვეშ გადასვლა არა მგონია რუსული პოლიტიკური ელიტის და პროფესიონალური კლასის ოცნებას წარმოადგენდეს. თავისი კულტურით და კულტურულ-პოლიტიკური გეოგრაფიით რუსული სამყარო უფრო ევროპულია, ვიდრე აზიური. თან ჩინურ-რუსული ალიანსი ევროატლანტიკური სამყაროს ნომერ პირველი საფრთხეა. ბუნებრივია, ეს უკანასკნელი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მისი არდაშვებისათვის;
უკიდურესად მწვავე რუსული იმპერიული ნაციონალიზმის დაძლევა ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის ადვილი არ იქნება. მაგრამ მგონია, რომ უკრაინის საბოლოო დაკარგვა, რაც გარდაუვალია, რუსეთში შექმნის არა მე-20 საუკუნის 30-იანი წლების გერმანული რესენტიმენტის მსგავს ფსიქოლოგიურ კლიმატს, რამაც ჰიტლერი მოიყვანა, არამედ გამაჯანსაღებელ ეფექტს იქონიებს. რესენტიმენტი და ახალი იმპერიალიზმი რუსეთმა უკვე მოსინჯა: ეს იყო და ჯერ კიდევ არის პუტინის მმართველობა. ისტორიული დიალექტიკის ლოგიკით, შემდგომი ეტაპი მხოლოდ დემოკრატიასთან მიბრუნება და, შესაბამისად, დემოკრატიულ სამყაროსთან შერიგება უნდა იყოს.
ევროპასა და ამერიკასთან სამომავლო რუსულ რეკონსილიაციას ხელს შეუწყობს ქვეყნის რადიკალური დეცენტრალიზაცია. რუსული ნაციონალიზმი გარდაუვალად წავა ევროპული ლოგიკით - ასეთია მისი წამყვანი ინტელექტუალური ელიტის, მისი პროფესიონალური კლასის და, რაც მთავარია, ევრო-ამერიკული სამყაროს დაკვეთა. ეს ლოგიკა მოიტანს იმდაგვარი კოლექტიური იდენტობის გამარჯვებას, რომელიც დაეყრდნობა ესენინის ლირიკას, არყის ხის (Березка) ხატს, ვლადიმირის თუ ნოვგოროდის არქიტექტურას. მასში მოიძებნება ადგილი ურალისა და ციმბირისთვისაც. დანარჩენი - ანუ თათარსტანი, ჩრდილო კავკასია და ა.შ. მიიღებს იმ ზომის ავტონომიურობას, როგორსაც მოისურვებს. სტაბილური, ხანგრძლივვადიანი ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოება მხოლოდ ასეთმა იდენტობამ და შესაბამისმა პოლიტიკურმა სისტემამ შეიძლება მოუტანოს რუსეთს.
მესმის, რომ ასეთი „ვარდისფერი“ მომავალი მყისიერად არ დადგება. მაგრამ თუ მსოფლიო მოინდომებს და რუსეთშიც ამგვარი პერსპექტივის მხარდამჭერები კონსოლიდირდებიან, ბევრად უფრო კონკრეტულ გათვლებს გააკეთებენ და სათანადო პოლიტიკებს განსაზღვრავენ, იგი შეიძლება მატერიალიზდეს.