top of page

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა

8 დეკემბერი, 2021

Stacked Wooden Logs
Trans image.png

The White House via Reuters

ვიდეო საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტს უთხრა, რომ მას საიმედო, იურიდიულად დაფიქსირებული ისეთი გარანტიები სჭირდება, რომელიც გამორიცხავს აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებას.

კრემლმა პრეზიდენტების ვიდეო საუბრის შესახებ პრეს-რელიზის საკუთარი ვერსია გაავრცელა, რომლითაც დიდწილად დაადასტურა ვაშინგტონის მიერ გახმოვანებული ინფორმაცია და ის რუსული მჟავეებითაც შეკმაზა.

ვლადიმერ პუტინმა მდგომარეობის დაძაბვაში კიევი და მისი პროვოკაციული პოლიტიკა დაადანაშაულა, ასევე ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ უკრაინა არც 2015 წლის მინსკის შეთანხმებებს ასრულებს და არც "ნორმანდიული ფორმატისას".

ვლადიმერ პუტინის თვალსაზრისით, რუსეთი კი არა, სწორედ ნატო სახიფათოდ ცდილობს უკრაინის ტერიტორიის ათვისებას და რუსეთის საზღვრების სიახლოვეს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას.

"რუსეთი დაინტერესებულია საიმედო, იურიდიულად დაფიქსირებული ისეთი გარანტიების მიღებით, რაც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთ მიმართულებით გაფართოებას" - უთქვამს ნატო-ს შესაძლო გაფართოებით გულდაძმარულ რუსეთის ლიდერს.

რუსეთის პრეზიდენტმა ისეთ პრობლემურ თემებზეც ისაუბრა, როგორიც არის - შეკვეცილი დიპლომატიური წარმომადგენლობები, ირანის ბირთვული პროგრამა და კიბერ უსაფრთხოება.

მასთან, კრემლის აზრით, საუბარს თურმე გახსნილი და საქმიანი ელფერი დაჰკრავდა. მხარეები იმაზეც შეთანხმებულან, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ერთობლივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, დიალოგი და კონტაქტი მომავალშიც შეინარჩუნონ.

ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას მოსკოვი არც აქამდე მიესალმებოდა გაშლილი ხელებითა და გახსნილი მკერდით, თუმცა გაფართოების დაუშვებლობის იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიები მართლაც რაღაც ახალია ვლადიმერ ვლადიმერის ძის სასაუბროში. ამას კი, სათანადო ყურადღების დათმობა სჭირდება, რადგან ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობა რაღა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად, ბევრ სხვა რამესა და მათ შორის საქართველოსაც მოიაზრებს.

bottom of page