top of page

ალექსეი ნავალნის ევროპარლამენტმა სახაროვის ჯილდო მიანიჭა

21 ოქტომბერი, 2021

Stacked Wooden Logs
Trans image.png

ალექანდრ ნემენოვი | Getty Images

რუსეთის მთავარ პოლიტპატიმარს ევროპარლამენტმა სახაროვის ჯილდო მიანიჭა."აზრის თავისუფლებისთვის" ანდრეი სახაროვის სახელობის ჯილდოს 2021 წლის მფლობელად ევროპარლამენტმა დატუსაღებული რუსი ოპოზიციონერი - ალექსეი ნავალნი დაასახელა.


ევროპარლამენტმა ალექსეი ნავალნის პუტინის კორუფციულ რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლა და ამ ბრძოლაში გამოვლენილი პირადი სიმამაცე შეუქო. ამასთან, ევროპარლამენტმა ალექსეი ნავალნი მიიჩნია რუსეთში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისთვის თავგანწირულ მებრძოლად.


საქებარ და გამამხნევებელ შეძახილების კორიანტელთან ერთად, ევროპარლამენტის დეპუტატებს არც ალექსეი ნავალნის უკანონო პატიმრობა გამორჩენიათ და ამ წონიანი ჯილდოს მინიჭებისას, მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.


ანდრეი სახაროვის სახელობის ჯილდო ევროპარლამენტის ყველაზე ძველი და წონიანი ჯილდოა, რომელიც ჯერ კიდევ 1988 წელს დაწესდა. მისი პირველი მფლობელები კი ნელსონ მანდელა და ანატოლი მარჩენკო (საბჭოთა დისიდენტი) იყვნენ.


სახაროვის აჩრდილმა და შემდეგ ამ სახელის "უხსენებელთან" (ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის არასდროს მოიხსენიებს სახელით და გვარით) ბმაში ხსენებამ კრემლი მხოლოდ ააფორიაქა. "თქვენ ამ ვაჟბატონზე რეალურ ინფორმაციას არ ფლობთ და ვერავინ გვაიძულებს პატივი ვცეთ თქვენს გადაწყვეტილებებსო" - არ დააყოვნა დმიტრი პესკოვის კომენტარმაც.


ალბათ, ეს უკანასკნელი დაჯილდოვება რუსულ და ევროპულ პოლიტიკურ ელიტებს შორის არსებულ გაუგებრობებს მხოლოდ გააღრმავებს. რუსეთი კი, რა ხანია მხოლოდ საკუთარ ჯილდოებს ცნობს და ისიც ძალზე "განსხვავებული" დამსახურებებისთვის. ამიტომ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სახაროვის ჯილდო რუსი ოპოზიციონერისა და რუსული ოპოზიციის ისედაც სავალალო მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებს.


bottom of page