top of page

რუსეთს სურს უკრაინის საბჭოთა სარდაფში ისევ ჩაკეტვა

პიტერ პომერანცევი

როდესაც პუტინი კრემლში რესენტიმენტებს გამოხატავდა, ცივი ომისთვის შესაფერისი სტილით მიუთითებდა ბირთვულ საფრთხეებზე, შუა საუკუნეების  წმინდა ომზე „სატანისტური“ დასავლეთის წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიების ანექსიით საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, უკრაინის არმია აგრძელებდა მის მიერ ანექსირებულად გამოცხადებული ტერიტორიების გათავისუფლებას. მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხალხი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, მათ ეგებებოდა შვებამოგვრილი ხალხი. ბევრი ჰყვებოდა, როგორ ატარებდნენ კვირებს, ზოგჯერ თვეებსაც კი, როდესაც საკუთარ სარდაფებში ოკუპანტებს ემალებოდნენ. 

 

მთელ უკრაინაში არის მიწისქვეშა საავადმყოფოები, სკოლები, სატელევიზიო სტუდიები და კონცერტები. დაახლოებით 2500 მშვიდობიანი მოქალაქე თავს აფარებდა მარიუპოლის ლაბირინთულ გასასვლელებსა და დარბაზებში, აზოვსტალის უზარმაზარ, ოთხი კვადრატული მილზე გაშენებული ქარხნის კომპლექსის ქვეშ, რადგან რუსებმა მათ თავზე ქალაქი გაანადგურეს. 

 

იქ არის პირქუში სარდაფები, სადაც რუსული ჯარები აწარმოებენ დაკითხვებს, აწამებენ და აუპატიურებენ დაბმულ ხალხს. ახლახან გათავისუფლებულ იზიუმში მსხვერპლები საუბრობენ წამების ადგილად ქცეულ სარდაფებზე, სადაც ელექტრო-შოკების გამოყენებით ჰკითხავდნენ მათ. მსგავსი წამების კამერები იმდენად სისტემურია, წამების ფორმები კი თანმიმდევრული, რომ ეს არ შეიძლება მხოლოდ სუბორდინაცია დარღვეული ჯარისკაცების ინიციატივა იყოს: წამება რუსული პოლიტიკის ნაწილია. კიდევ მრავალ მსხვერპლს არ შეუძლია ლაპარაკი: ამჟამად მიმდინარეობს იმ მასობრივი საფლავის ეგზგუმაცია, რომელშიც 400-ზე მეტი ცხედარია. 

 

ეს იყო უკრაინელი ჟურნალისტი ანდრიი ბაშდივოი, ახლა კონტრშეტევის ფრონტზე მყოფი ჯარისკაცი, რომელმაც [რუსების] შემოჭრის პირველ კვირებში პირველად მიაპყრო ჩემი ყურადღება სარდაფების სიმბოლურ მნიშვნელობას. ისინი წარმოადგენს სიმბოლოებს, თუ როგორ სურს რუსეთს მთელი ქვეყნის გამომწყვდევა, ხაფანგში მოქცევა და შეზღუდვა. ისინი წარმოადგენს რუსეთის ომის მიზნების ფიზიკურ გამოვლინებას და მოტივაციას. მაგრამ კონკრეტულად რა არის ეს სარდაფი, რომელშიც რუსეთს სურს უკრაინის შეყვანა? რა იმალება რუსული გონების სარდაფში?

 

ყოველდღიურად ადამიანები უკრაინაში „დემოკრატიისთვის იბრძვიან, წირავენ სიცოცხლეს იმ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის, რომელშიც მათი ხმა მნიშვნელოვანი იქნება. რუსეთი კლავს და აპატიმრებს თანამდებობებზე არჩეულ პირებს და ამკვიდრებს ძალადობრივ დიქტატურას ყველგან, სადაც ის შეიჭრება. 

 

„სამოქალაქო საზოგადოება“, ჰორიზონტალური სოციალური ურთიერთკავშირების ის ქსელი, რომლის დაკარგვასაც მისტირიან აშშ-ში, აქ რეალურად არსებობს - მოქალაქეები ერთობლივი ძალისხმევით აშენებენ თავდაცვით ბარიკადებს, ასუფთავებენ გასროლილი რაკეტების შედეგად წარმოქმნილ ნამსხვრევებს, ზრუნავენ დაჭრილებსა და ობლებზე. უკრაინა შეგვახსენებს, რას ნიშნავს ჭეშმარიტი „ოჯახის ღირებულებები“ - მთელი ქვეყანა იბრძვის, როგორც ერთი დიდი ოჯახი. 

 

სიმაღლეებისკენ სწრაფვა ყოველთვის შთამაგონებელია. რუსული არტილერიის ტყვიამ ეს შეუძლებელი გახადა. რუსეთის არა მხოლოდ ფიზიკურად აიძულებს უკრაინელებს იყვნენ სარდაფში, არამედ ცდილობს მათ მენტალურ გამომწყვდევასაც - წაართვას მომავლის, ჰორიზონტისა და ღიაობის განცდა. 


მთელი ეს საშინელება რუსული გონების სარდაფშია ჩაკეტილი, სადო-მაზოხისტური წამების სარდაფში გათამაშებული დამცირების ისტორია. სწორედ ამ სარდაფში სურთ რუსებს უკრაინელების გამოკეტვა.

 

რუსეთის ამჟამინდელი შემოჭრა იმეორებს საბჭოთა სტილის „ფილტრაციის“ ბანაკებს, მასობრივ სიკვდილით დასჯას, დეპორტაციას, ქალაქების მასშტაბურ განადგურებას, საჩვენებელ სასამართლო პროცესებსა და მდაბიო პროპაგანდას. 

 

გზავნილი შემდეგია: თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ გავქცეოდით წარსულს,  ამის გამო, თქვენც ჩვენთან ერთად უნდა იტანჯებოდეთ.

 

ომის პირველივე კვირებიდან უკრაინელები დასავლეთს სთხოვენ „დაიცავით ჩვენი ცა“, იქნება ეს ფრენის აკრძალული ზონის ამოქმედებით, ან თუნდაც მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემით. ცას პირდაპირი მნიშვნელობით სჭირდება დაცვა რუსული რაკეტებისგან, მაგრამ ასევე გადატანითი მნიშვნელობით - უკრაინის უფლებას განსაზღვროს საკუთარი მომავალი. დასავლეთმა ძალიან ცოტა რამ გააკეთა დასახმარებლად, უარი თქვა თვითმფრინავების და უფრო დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიცემაზე. ახლა უკრაინელები საკუთარი ცისა და ჩვენი მომავლის დასაცავად იბრძვიან. რუსეთს სურს უკრაინის ჩაკეტვა საკუთარი წარსულის სარდაფში, ასევე ევროპის ჩათრევა, დაბრუნება სამყაროში, სადაც მოძალადე სახელმწიფოები ამცირებენ მათზე პატარა სახელმწიფოებს - სამყარო, რომელიც გვეგონა, უკან მოვიტოვეთ. 

 

პუტინს კუბის სარაკეტო კრიზისის იაფფასიანი სცენარის განმეორება სურს. როგორც ანტონ ბარბაშინმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა და Riddle-ის რედაქტორმა აღნიშნა,  პუტინი ცდილობს სამყაროს 1970-იან წლებში დაბრუნებას - სსრკ ამერიკის ტოლია; მოსკოვი აკონტროლებს ევროპის ნახევარს. სანამ უკრაინელების სულისკვეთებით ბრძოლას არ ვისწავლით, ჩვენი მომავლის დაკარგვასაც ვრისკავთ. 


 

სრული სტატია ინგლისურ ენაზე: https://bit.ly/3Tlv3oX

 

 

bottom of page