top of page

გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს?

ზარინა ბურკაძე | კრიტიკა | 14 დეკემბერი, 2022



2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 2014 წლისგან განსხვავებით, როდესაც რუსეთმა მხოლოდ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, 2022 წლის სამხედრო ინტერვენცია მიზნად ისახავდა უკრაინისათვის სუვერენტიტეტის წართმევას და დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას. ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი 1939 წელს მოხდა, როდესაც ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმი პოლონეთს თავს დაესხა, რასაც შემდეგ მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. მას შემდეგ რაც, უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით, პუტინის სამხედრო ავანტურა წარუმატებელი აღმოჩნდა, რუსეთმა ბირთვულ შანტაჟს მიმართა. ამდენად, საერთაშორისო პოლიტიკაში კვლავ აქტუალური გახდა შეკითხვა, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს. ვიდრე ამ კითხვას გაეცემა პასუხი, მიმოხილული იქნება ის მიზეზები, რამაც ხელი შეუწყო აგრესიული რეჟიმის ჩამოყალიბებას რუსეთში.   

 

კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის ფორმირება რუსეთში

პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთი არასტაბილური ავტორიტარული რეჟიმიდან კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმად გარდაიქმნა. ამ ტიპის პოლიტიკური რეჟიმის ფორმირებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. პირველი, რუსეთის პარტიული სისტემა გახდა დომინანტური, სადაც სახელისუფლებო პარტია ერთიანი რუსეთი აკონტროლებდა პოლიტიკურ სივრცეს, მათ შორის ფსევდო-ოპოზიციური პარტიების ჩამოყალიბებით. მეორე, ადმინისტრაციული კონტროლი გაძლიერდა მართვის ვერტიკალის ცენტრალიზაციით. მაგალითად, 2005 წელს გაუქმდა გუბერნატორის არჩევნები, ხოლო საარჩევნო ბარიერი 7 % გახდა. მესამე, ძლიერი საპრეზიდენტო სისტემის პირობებში შექმნილი ინსტიტუციური ფონი პოლიტიკურ წინააღმდეგობას შეუძლებელს ხდიდა (Gel’man, 2006).


კრემლი მედიის, ბიუროკრატიისა და უსაფრთხოების სამსახურების ინსტრუმენტალიზაციას ახდენდა პოლიტიკური მეტოქეების ჩამოშორების მიზნით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვისა და ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობები ამის ნათელი მაგალითებია. პუტინის რეჟიმსრეპრესიების დაფინანსებაში რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ენერგო კომპანია გაზპრომის ფინანსური რესურსები უწყობდა ხელს.


2012 წელს, რუსეთში მიიღეს კანონი რუსეთის საგარეო აგენტის  შესახებ, რომელიც თავდაპირველად ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს უზღუდავდა საერთაშორისო დონორებისგან დაფინანსების მიღებას, შემდეგ კი იგივე აკრძალვა გავრცელდა მედია საშუალებებზე (Russia’s Foreign Agent Law). ამ კანონით, ადგილობრივმა ოპოზიციურმა ძალებმა დაკარგეს წინააღმდეგობის უნარი და შესაძლებლობა შეეზღუდათ რეჟიმის ავტორიტარული მისწრაფებები. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კრემლმა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მისი გავლენის ქვეშ მოაქცია, რითაც მეცო-დონეზე პოლიტიკური ძალადობის შემზღუდველი მექანიზმები შეასუსტა (Straus, 2012)

 

ავტორიტარიზმის ექსპორტი

პუტინის რუსეთმა ავტორიტარიზმის ხელშეწყობის გავრცელება დაიწყო პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში პოლიტიკური, ეკეონომიკური, ენერგო, სამხედრო და ადამიანური რესურსების გამოყენებით (Bugajski, 2000). კრემლი სამ მთავარ მეთოდს მიმართავდა ამ მიზნის მიღწევაში - გაძლიერებას, დამხობასა და იზოლაციას (Ambrosio, 2009). მაგალითად, ლუკაშენკოს რეჟიმის გაძლიერება ბელორუსში, ხოლო იანუკოვიჩის რეჟიმის უკრაინაში, ასევე, 2008 წელს საქართველოსა და 2022 წელს უკრაინაში არასასურველი მთავრობების დამხობის მცდელობები, ამ პოლიტიკის ემპირიული მანიფესტაციებია. რაც შეეხება იზოლაციის პოლიტიკას, რუსეთის ხელისუფლება მას ქვეყნის შიგნით ოპოზიციური ძალების დასასუსტებლად იყენებდა.


საგულისხმოა ის გარემოება, რომ ავტორიტარიზმის ეს ფორმა შეერწყა იმგვარ იდეოლოგიურ საწყისებს, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება იმპერიული მისწრაფებების აღსრულებას მორალისგან დაცლილი საერთაშორისო პოლიტიკისათვის დამახასიათებელი წესებით. ამიტომაც, რუსეთის პოლიტიკური ელიტებისა და მათ მიერ მართული პროპაგანდისტული მედიების დისკურსში გენოციდური ლექსიკის სიჭარბეა.


რუსეთში განვითარებული პოლიტიკური პროცესები და უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი გენოციდური დანაშაულები თანხვედრაშია მაიკლ მანის თეორიულ დაშვებასთან, რომელიც ასაბუთებს, რომ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ძალთა კონფლიქტმა შესაძლოა გამოწვიოს ეთნიკური წმენდა ან გენოციდი, რადგან სხვა „გეგმებმა“ ვერ გადაჭრეს არსებული პოლიტიკურ-იდეოლოგიური წინააღმდეგობა დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ამდენად, საჭირო ხდება „გეგმა გ“-ს გამოყენება, რაც გულისხმობს ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული ქმედებების ჩადენას ეთნიკური ჯგუფის სრული ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით (Man, 2006).  

 

შეკავების პოლიტიკა საერთაშორისო კონფლიქტების დროს

2022 წლის 10 დეკემბერს, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა გადაიზარდოს რუსეთსა და ნატოს შორის ომში (NATO chief fears Ukraine war could become a wider conflict). რუსეთმა ომი ევროკავშირის საზღვრებთან დაიწყო, რომლის შედეგად შექმნა ლტოლვილთა ნაკადები, ენერგო არასტაბილურობა და ბელორუსიის ჩართვით ეს ომი რეგიონალური გახადა.


ბირთვული კრიზისის ორი გამოკვეთილი შემთხვევაა საერთაშორისო პოლიტიკაში. 1945 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვული იარაღი გამოიყენა იაპონიის წინააღმდეგ, რადგან 1941 წელს, იაპონიის პერლ ჰარბორზე თავდასხმამ და შემდეგ იაპონიის მიერ ჩინეთისა და სამხრეთაღმოსავლეთ აზიის  ოკუპაციამ იაპონიისა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა გაამწვავა. ბირთვული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე, ცივი ომის პირობებში, 1962 წლის კუბის კრიზისის დროს მოხდა. ერთი-ერთი შესაძლო მიზეზი, თუ რატომ არ გადაიზარდა ეს დაპირისპირება ბირთვულ ომში მდგომარეობს დაპირისპირებული მხარეების სამხედრო ძალთა ბალანსსა და სიმეტრიულობაში. ჰერმან კანმა ამ კრიზისის დაძლევა „ნდობისა და აღქმის“ ცვლადებით ახსნა, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ საბჭოთა კავშირი თვლიდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა იარაღი და ნება მის გამოსაყენებლად. ამასთანავე, ის უთითებდა იმაზე, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს დაწინაურებული ე.წ. „ესკალაციის კიბეზე,“ რათა მეორე მხარემ გაიაზროს საკუთარი უპირატესობის არქონა  (Kahn, 1965).

 

როგორ მუშაობს ბირთვული შეკავების პოლიტიკა

შეკავების პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების თანახმად, ატომური არსენალის განლაგება და მისგან მომდინარე საფრთხე არის მნიშვნელოვანი, რადგან სამხედრო ელიტებისათვის ბირთვული იარაღი არის გამარჯვების მთავარი საშუალება (Brodie 1959). პოზიციის მნიშვნელობა ვიპინ ნარანგმა კიდევ უფრო განავრცო, როდესაც სამ ბირთვულ პოზიციაზე მიუთითა, რომელიც ბირთვულმა ძალამ შესაძლოა შეარჩიოს, რასაც განსხვავებული გავლენა აქვს ბირთვულ შეკავებაზე. ეს პოზიციებია - ასიმეტრიული ესკალაცია, გარანტირებული შურისძიება და კატალიზატორი. ასიმეტრიულ ესკალაციას ახასიათებს კვოტირება, რომ შეაჩეროს კონვენციური თავადასხმა და სწრაფად უპასუხოს ასიმეტრიული ესკალაციით ბირთვული იარაღის პირველ გამოყენებას. გარანტირებული შურისძიების პოზიციაში მოწინააღმდეგე საპასუხო ბირთვულ თავდასხმას ახორციელებს გადარჩენილი ძალებით. კატალიზატორის შემთხვევაში დაპირისპირებული მხარე ცდილობს მესამე მხარის ჩარევას (Narang, 2013).

 

ბირთვული შეკავებისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტია თავდაპირველი დარტყმა და მისგან გამოწვეული შედეგებისგან თავის დაღწევის უნარი. მოწინააღმდეგე მხარეების მიერ სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ორმხრივი განადგურება გარანტირებულია. ამ პრინციპს კი შეკავების ლიტერატურაში  „ორმხრივად გარანტირებული განადგურების დოქტრინა“ (Mutually Assured Destruction) ეწოდება. ვინაიდან ამ დოქტრინის თანახმად ორივე მხარის არსენალის განეიტრალება ხდებოდა, უოლსტეტტერმა შემოიღო ეტაპობრივი შეკავების კონცეპტი, რაც გულისხმობს შეზღუდულ ომებს და ჭკვიანი, ზუსტი და მართვადი იარაღის გამოყენებას, რომელიც მოწინააღმდეგის სამხედრო აპარატს ანადგურებს (Wohlstetter 1959).


შეკავების პოლიტიკა შესაძლოა უფრო მეტად იყოს დამოკიდებული დაშინებასა და იძულებაზე. ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღები პირები უნდა აცნობიერებდნენ ძალადობის სიმძიმეს, რომელიც მათი ბირთვული ქმედების საპასუხოდ იქნება განხორციელებული. ეს ფაქტორი განაპირობებს ბირთვული საფრთხის თავიდან არიდებას. ამდენად, ბირთვული არსენალის საკმარისი რაოდენობა შესაძლოა მეტ ზიანს მოასწავებდეს, რამაც შესაძლოა დაპირისპირებულ ქვეყენას დაათმობინოს ან საპასუხო თავადასხმა განახორციელებინოს (Schelling, 1967). შეკავების პოლიტიკისთვის პოლიტიკური ფსიქოლოგია მეტად მნიშვნელოვანია, სახელდობრ კი მონაწილე მხარეების იდეები და ის, თუ როგორ ახდენენ ისინი რეალობის კონსტრუირებას (Jervis 1989). კენეტ უოლცის მტკიცებით სამი ფაქტორია მნიშვნელოვანი შეკავებამ, რომ იმუშავოს - პრევენციულ ომებს არ უნდა მიმართონ ბირთვულმა სახელმწიფოებმა, მათ უნდა განავითარონ მომდევნო დარტყმისთვის საჭირო ხელშეუხებელი არსენალი და ბირთვული იარაღი დაცული უნდა იყოს შემთხვევითი ან უნებართვო გამოყენებისგან (Waltz, 1990).


ბირთვული შეკავების პოლიტიკა შესაძლოა წარუმატებელი იყოს თუ ორგანიზაციული თეორიის მნიშვნელობას გავითვალისწინებთ. სამხედროები შესაძლოა სრულად რაციონალურები არ იყვნენ, რადგან მიკერძოების,  მოუქნელი რუტინისა თუ მოძველებული ინტერესების გამო ორგანიზაციული ქცევისკენ არიან მიდრეკილნი. შესაბამისად, შეკავების პოლიტკის წარუმატებლობა შესაძლებელია. ასეთ დროს, ეფექტური წინააღმდეგობის ძალა მხოლოდ სამხედროების მკაცრი სამოქალაქო კონტროლია (Sagan, 1994). ლონგი და გრინი ამტკიცებდნენ, რომ  მობილური რაკეტები (mobile intercontinental ballistic missiles - ICBMs) და წყალქვეშა ნავები (submarine launched ballistic missiles – SLBMs) ბევრად უფრო  სახიფათოა, რადგან მათ შეუძლიათ ბირთვული სამიზნე მოულოდნელი თავდასხმით გააოცონ, რასაც უფრო მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე ბირთვულ უპირატესობას ან ბირთვული არსენალის რაოდენობრივ სხვაობას თუ თანაფარდობას (ლონგი, გრინი, 2015).


ამ თეორიული დაშვებების საფუძველზე განვიხილავთ შესაძლო სცენარებს, რაც შეიძლება განვითარდეს რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში.

 

შესაძლო სცენარები და შედეგები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაზე სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც თავის მხრივ ხელს არ შეუშლის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ რუსეთის რეჟიმის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებას (Netherlands willing to house special court for Russia invasion of Ukraine).


რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაშია, მის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინის მხარდასაჭერად გამოხატული მრავალმხრივი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარების ფონზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაახლა 1941 წლის დროს მიღებული ლენდ-ლიზის აქტი (Land-Lease Act, 1941), რომლის საფუძველზეც ის საბჭოთა კავშირს ეხმარებოდა სამხედრო შეიარაღებით  ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამჯერად, ამ აქტს უკრაინის დემოკრატიის დაცვის აქტი ეწოდა (Ukraine Democracy Defense Lend-Lease Act of 2022).


აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რუსეთმა გერმანიასთან ურთიერთობები გაიფუჭა, რადგან უკრაინაში ინტერვენციის საპასუხოდ გერმანიამ გაყინა რუსეთის ნორდსტრიმ 2-ის პროქეტი (Germany freezes Nord Stream 2 gas project as Ukraine crisis deepens). ენერგო შანტაჟის ფონზე, ევროკავშირმა სტრატეგიული ენერგო პარტნიორობა წამოიწყო აზერბაიჯანთან (A Memorandum of Understanding on Strategic Partnership in the field of energy). განახლებადი ენერგიის შესახებ კი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ყაზახეთთან (EU, Kazakhstan Ink Agreement on Raw Materials and Renewable Hydrogen at COP27). ამ ნაბიჯებით ევროკავშირმა ენერგორესურსების დივერსიფიკაცია დაიწყო და რუსეთისათვის ომის დაფინანსების წყაროები შეზღუდა. რუსეთისთვის პირდაპირი კონფრონტაცია აზერბაიჯანთან ან ყაზახეთთან სახიფათოა, რადგან ეს ნიშნავს თურქეთისა და ჩინეთის გამოწვევას. ამდენად, რუსეთი ცდილობს ირანთან თანამშრომლობით და სომხეთის გამოყენებით შექმნას არასტაბილური გარემო რეგიონში.

არახელსაყრელი გარე ფაქტორების გარდა, საგულისხმოა უშუალოდ რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის შიგნით მიმდინარე პროცესები. 2022 წლის 22 თებერვალს, ვიდრე უკრაინის სამხედრო ინტერვენცია მოხდებოდა, პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა, სადაც საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს მოსთხოვა წარმოედგინა გეგმა, რომლითაც თვითაღიარებული ლუჰანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთთან შეერთება განხორციელდებოდა, რაც ნარიშკინსთვის დამაბნეველი კითხვა აღმოჩნდა. ეს თავის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ პუტინს არ გააჩნია ნდობა უსაფრთხოების სამსახურების მიმართ (‘Speak directly!’: Putin has tense exchange with his chief spy). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ე.წ. „ლიბერალური ფრთის“ ნაწილმა რუსეთი ომის დაწყებიდან მცირე ხანში დატოვა (Putin adviser Anatoly Chubais quits and leaves Russia over invasion of Ukraine). სამხედრო ელიტაში არსებულ უთანხმოებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილის გენერალი დმიტრი ბულგაკოვის დათხოვნა მოხდა ლოგისტიკური ოპერაციების წარუმატებლობის გამო (Dmitry Bulgakov: Putin fires deputy defense chief amid supply failures).


რეჟიმის ცვლილების ლიტერატურაში ამ პროცესებს უწოდებენ ელიტებს შორის განხეთქილებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა პოლიტიკური რეჟიმის რღვევის დაწყებისათვის (Schmitter, O’Donnell, 1986), თუმცა არასაკმარისი, თუ მას მოსახლეობის მხარდაჭერა არ ახლავს. ლევადა ცენტრის 2022 წლის ნოემბრის გამოკითხვების თანახმად, რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერა (52 %) რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ კვლავ მაღალია (Conflict with Ukraine: November 2022). ემიგრაციაში წასული რუსეთის მოქალაქეების მოტივები კი ბუნდოვანი, ხოლო რუსული დიასპორის როლი მყიფე შიდა სოციალური მობილიზაციის გაძლიერებაში. ასეთ პირობებში, რთულია შეფასდეს საზოგადოებრივი უკმაყოფილების ხარისხი. ამასთანავე, კოლექტიური დასავლეთი თავს იკავებს ხისტი პოლიტიკისგან, რადგან წარმოსახვითი მტრის ხატის შექმნით, პუტინის რეჟიმმა უფრო მეტად არ გაიმყაროს რუსეთის მოქალაქეთა მხარდაჭერა.


ამ გარემოებების გათვალისწინებით, შეკავების პოლიტიკის წარუმატებლობის რამდენიმე პირობა არსებობს. პირველი, რუსული ავტორიტარული რეჟიმის პირობებში რთულია ბირთვული იარაღი დაცული იყოს უნებართვო გამოყენებისგან, რასაც ამწვავებს პოლიტიკოსებსა და სამხედროებს შორის არაჯანსაღი დამოკიდებულება და სამხედროების პოლიტიკური მიზნებისათვის ინსტრუმენტალიზაცია. მეორე, ის თუ, როგორ ახდენს პუტინი რეალობის კონსტრუირებას განსაზღვრავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, მით უფრო, როდესაც ის საერთაშორისო იზოლაციაშია, რეჟიმის შიგნით კი მისი ნდობა შემცირებულია მასთან კოოპტაციაში მყოფი ჯუგფების მიმართ. მესამე, საერთაშორისო საზოგადოების მიერ პუტინის რეჟიმის ძალადობის დაგმობა სამართლებრივი ანგარიშვალდებულების მექანიზმების გააქტიურობას იწვევს, რასაც პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი აქვს. ამდენად, პუტინისთვის გამარჯვება ნიშნავს რეჟიმის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად.


თუმცა, რუსეთი დიდი ალბათობით სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. ნატოს წარმომადგენლებისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ თუ ნატოს წევრი ქვეყნის მიმართ გამოყენებული იქნება ძალა, კოლექტიური დასავლეთი, წევრი ქვეყნების ტერიტორიის თითოეულ გოჯს დაიცავს, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდების მე-5 მუხლის შესაბამისად (Allies Will Protect, Defend Every Inch of NATO Territory), რომელიც კოლექტიური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება.


პუტინის ფსიქოლოგიური და იდელოგიური აღქმების მიუხედავად,  თავდაპირველი დარტყმისგან თავის დაღწევისა და საპასუხო დარტყმის განხორციელების უნარი შესწევს კოლექტიურ დასავლეთს (იხ. დიაგრამა 1). დასავლელი ლიდერების გამოსვლები მიანიშენბს იმაზე, რომ “შურისძიება გარანტირებული იქნება” და რუსეთის მიმართ გაგზავნილი გამაფრთხილებელი მესიჯები სარწმუნოა, რაც მნიშვნელოვანი შემკავებელია. გარდა ამისა, სტრატეგიული ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირება მოხდა 1970 წელს მიღებული გაუვრცელებლობის პოლიტიკის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო. იგი მრავალჯერ განახლდა. 2021 წლის 3 თებერვალს, რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ მის 2026 წლამდე განახლებაზე (Nonproliferation Policy).   

 

დიაგრამა 1: ბირთვული სახელმწიფოების შესაძლებლობები. მონაცემები და დიაგრამა დამუშავებულია ამერიკელმეცნიერთა ფედერაციის მიერ და ხელმისაწვდომია: https://fas.org/issues/nuclear-weapons/status-world-nuclear-forces/


სტრატეგიული ბირთვული იარაღისგან განსხვავებით, პრობლემურია არასტრატეგიული იგივე ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რომელსაც რუსეთი და ჩინეთი  ფლობენ და მათი წარმოების შეზღუდვა არ ხდება არცერთი ხელშეკრულებით (Nuclear Weapons: Who Has What a Glance). ტაქტიკური ბირთვული იარაღების გადაადგილების შემჩნევა რთულია და მათ შესაძლოა მოულოდნელობის უფრო დიდი ეფექტი ჰქონდეთ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, კოლექტიური დასავლეთის პასუხი ორი სცენარით შესაძლოა განვითარდეს. პირველი, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლიათ განახორციელონ საჰაერო თავდასხმები რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების განადგურების მიზნით იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც აქტიური ომი იქნება. მეორე შემთხვევაში, კოლექტიურ დასავლეთს შეუძლია რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების და სამხედრო შესაძლებლობების განადგურება თავად რუსეთის ტერიტორიაზე როგორც ტაქტიკური ბირთვული ისე, არაბირთვული შესაძლებლობების გამოყენებით.  


ორივე შემთხვევაში პუტინის დამარცხება რუსეთში რეჟიმის ცვლილებას დააჩქარებს. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციული მოწყობის გათვალისწინებით ტერიტორიული კონფლიქტის ეპიზოდების ალბათობა გაიზრდება ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების პირობებში. ეს პროცესები კი ომის დამნაშავეების გასამართლების პარალელურად, რუსეთში დარჩენილ საზღვრებში დემოკრატიულ პროცესებს დააჩქარებს.


 

[i] Land-Lease Act (1941) ხელმისაწვდომია აქ: https://www.archives.gov/milestone-documents/lend-lease-act

[ii] Ukraine Democracy Defense Lend-Lease Act of 2022 (2022) ხელმისაწვდომია აქ: https://www.congress.gov/bill/117th-congress/senate-bill/3522/all-info

[iii] U.S.-Russian Nuclear Arms Control Agreements at a Glance (2022) ხელმისაწვდომია აქ: https://www.armscontrol.org/factsheets/USRussiaNuclearAgreements

bottom of page