top of page

პუტინის დისკურსი


დავით დარჩიაშვილი | კრიტიკა | 26 ოქტომბერი, 2021





. . .წაიკითავს თუ არა პუტინი ოდესმე ლექციებს ობამასავით?


- თუ კაცი ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობს,


არა მგონია, მისი ლექციები საინტერესო იყოს.


სერგეი ალექსაშენკო, ეკონომისტი


რუსეთის ფედერაციის


ცენტრობანკის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე



შესავალი

წინამდებარე ნარკვევი იმის შესახებაა, თუ რა მსოფლმხედველობა უდგას უკან თანამედროვე რუსეთის აგრესიულ საგარეო და რეპრესიულ საშინაო პოლიტიკებს. ყველანაირი პოლიტოლოგიური თუ სიციოლოგიური თეორიებით, რუსეთი ავტორიტარული ქვეყანაა. შესაბამისად, მის ცხოვრებაში გადამწყვეტია არა მხოლოდ და არა უბრალოდ პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის, არამედ პირველი პირისა და მისი უახლოესი გარემოცვის დისკურსი.


დისკურსი, როგორც რეალობის სიტყვებში მოქცევის ქარგა, რომელიც სოციალურ საზღვრებს ემორჩილება და ძალაუფლების ბერკეტიცაა, პირის თუ პირთა ჯგუფის მსოფლმხედველობის სარკეა. იგი ინტერ-სუბიექტური ფენომენია - ცხოვრებისეული „უნივერსიტეტებიდან“, ოფიციალურ და არაოფიციალურ პედაგოგებთან ურთიერთობებით და იმ ტექსტებით ყალიბდება, რომელსაც ვეცნობოდით, ვეცნობით და რომლებიც განსაკუთრებით რეზონირებს ჩვენში. დისკურსებში არეკლილი „ჭეშმარიტებები“, „ცოდნა“ განუყოფელია ისტორიაზე მსჯელობისაგან. პუტინსაც რეალობის წარსულის პრიზმაში მოქცევის თავისი მცდელობები აქვს - რუსეთის განუზომელი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტი ვერ გაექცეოდა საკუთარი დისკურსის ფორმირებას და ტირაჟრებას, მით უმეტეს ახლა, როცა ვერავინ უწევს ქმედით კონკურენციას, აქვს აურაცხელი პირადი ფინანსური შესაძლებლობები და შესულია ფილოსოფიური ჭვრეტის ასაკში. თუმცა, ცალკე კვლევის საგანია, რა წიგნებთან თუ პედაგოგებთან ჰქონდა პუტინს საქმე, რასაც იგი საკუთარ დისკურსში ეყრდნობა: როგორც მისი ყოფილი მრჩეველი, პოლიტ-ტექნოლოგი გლებ პავლოვსკი ამბობს, პუტინი გატაცებულია რუსეთის ისტორიით, ოღონდ ეტყობა, უცნაურ წიგნებს, რაღაც პოპულარულ ლიტერატურას ირჩევს.[1]


ნარკვევისათვის ეპიგრაფად წამძღვარებული სიტყვების ავტორი თვლის, რომ პუტინს არ აქვს სტრატეგიული ხედვა. გლებ პავლოვსკიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პროპაგანდას ზურგს გარკვეული სწავლება, იდეოლოგია უნდა უმაგრებდეს, რაც პუტინს არ გააჩნია. გამოდის, პუტინი მხოლოდ ისტორიის ინტერპრეტაციებით ცდილობს ფონს გასვლას, რასაც რუსი ანალიტიკოსებისაგან ხშირად გაიგონებთ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ საქმე არც მთლად ასეა და ფიქრს აღმიძრავს, მაგალითად, რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ მილოვის ვიდეო ბლოგი „როგორაა მოწყობილი ჩეკისტის ფსიქოლოგია“.[2]მასში საუბარია რუსული ЧК-НКВД-КГБ-ФСБ-ს თანამშრომელთა სპეციფიკურ ყაიდაზე - სახელმწიფოს კორპორატიულ ხედვასა და მისი სახელით ნებისმიერი დანაშაულისათვის მზაობაზე.


ეს არაა იდეოლოგია ამ ტერმინის ტრადიციული გაგებით. ეს უფრო მატერიალიზაციაა ვლადიმირ სოროკინის დისტოპიური რომანისა „ოპრიჩნიკის დღე“. დღევანდელი ეფესბეს ქცევა (ლიტვინენკოს ან ნავალნის გახმაურებული ქეისების გახსენებაც კმარა) ბოროტი პრაქტიკებია. მაგრამ გარკვეული დისკურსი/მსოფლმხედველობა ამას უმაგრებს ზურგს. მილოვი თვლის, რომ მასში არსებითია: ა) კონსპიროლოგიურ/მისტიკური მენტალიტეტი, რომლის ერთერთი მაგალითია სატანისტ „მასონებთან“ ე.წ. მკვდარი წყლით ბრძოლის კონცეფცია; ბ) უპატივცემულობა როგორც კანონის ისე მორალის მიმართ, რადგან ყველა ადამიანი ცოდვილია/პოტენციური მტერია; გ) „სამშობლოს“ დაცვის პრინციპი მეთოდებში შეუზღუდავად. დაშვებულია ტერორიზმიც; დ) რწმენა, რომ ადამიანი პლანქტონია. მას ღირებულება არ გააჩნია. თავად სპეცსამსახურთა ოფიცრები კი ახალი აზნაურები არიან; ე) რესურსის, ფულის წართმევა, როგორც მთავარი ღირებულება. ეს მართლდება საკუთარი მნიშვნელობის რწმენით; ვ) მტრობის კულტურა - სამყარო ბრძოლაა და ვინც შენსკენ არაა, მტერია. მილოვის თქმით, დიალოგის კულტურა სპეცსამსახურების წარმომადგენლებისათვის არ არსებობს. ეს იწვევს მათ მსოფლაღქმაში საშინაო თუ საგარეო მტრების რაოდენობის განუხრელ ზრდას.[3]


რუს-ამერიკელ ისტორიკოსს იური ფელშტინსკის სოროკინის რომანის რეალური პროტოტიპის რწმენა სხვა დონეზე აჰყავს: პუტინის ცნობილი გამოსვლა 1999 წლის 20 დეკემბერს, „ჩეკისტის დღეს“ უშიშროების თანამშრომლების წინაშე, სადაც მან განაცხადა, რომ „ეფესბეს თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც თქვენ მიერ მივლინებული იყო მთავრობის საფარქვეშ, პირველ ეტაპზე ამოცანებს თავს ართმევს,“ ფელშტინსკისათვის აღიარებაა.[4] მიუხედავად იმისა, დავინახავთ თუ არა ამ განცხადების უკან სპეცსამსახურების ორგანიზებულ შეთქმულებას, ფელშტინსკი რიგ მტკიცებულებებში მაქსიმალურად დამარწმუნებელია: რუსეთიდან ემიგრირებულ კგბ-ს ყოფილ ოფიცერთან, ვლადიმირ პოპოვთან თანამშრომლობით დაწერილ მის წიგნში ნათქვამია, რომ რუსული სპეცსამსახურები ჰგავს მაფიას; რომ ისინი ყოფენ კაცობრიობას „აგენტებად და ობიექტებად“; რომ ისტორია არ იცნობს ანალოგებს, როდესაც სახელმწიფოს სპეცსამსახურები მართავდნენ.[5]დანარჩენი, ანუ ვარაუდები, რომ რუსული საგარეოპოლიტიკური აგრესიულობა საზრდოობს სპეცსამსახურების სურვილით - გაიფართოვონ გავლენა მსოფლიოში; რომ სამოქალაქო და სპეც-ორგანოთა ბრძოლა ძალაუფლებისათვის ჯერ კიდევ 1917 წელს დაიწყო და პუტინი მისი გამგრძელებელია, ვფიქრობ, უფრო სკრუპულოზურ კვლევას საჭიროებს - სხვაგვარად, იგი კონსპირაციული თეორიის კიდევ ერთ ვერსიას ჰგავს. თუმცა, როგორც ცნობილი გამოთქმა გვეუბნება, რომლის ავტორობა ვის აღარ მიეწერება,  “Just because you're paranoid doesn't mean they aren't after you.”


მაგრამ წინამდებარე ნარკვევი არ ეხება იმას, თუ რამდენად ძველია თანამედროვე რუსული ჰიბრიდული ომის მეთოდიკა და მისი სპეცსამსახურების ბრძოლა ძალაუფლებისათვის. არ ვიხილავ არც ფელშტინსკის ერთ-ერთ მთავარ თემას - ФСБ-ს მიერ დასავლეთში რადიკალ-მემარჯვენე პარტიებისაგან ე.წ. მეხუთე ინტერნაციონალის ფორმირებას. ეს ყოველივე უაღრესად საინტერესოცაა და აქტუალურიც. მაგრამ არანაკლებ იმსახურებს ყურადღებას ის, თუ რა სიტყვებში და ემოციებში იკვეთება პუტინის დისკურსი - მისი აგრესიული ქმედებების გამართლება/დასაბუთება. ესაა ამ ნაშრომის თემა და საამისოდ აღებულია სამი ბოლოდროინდელი ნარატივი - 2021 წელს პუტინის ავტორობით გამოსული ორი ვრცელი სტატია და ერთი მოკლე - მედვედევისეული. დიმიტრი მედვედევი არ ყოფილა ФСБ-ს თუ СВР-ის ოფიცერი. მაგრამ ვფიქრობ, მისი ტექსტი საინტერესო ნიმუშია ძველი ანდაზის - ხარი ხართან დააბი, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო. საკმაოდ დიდხანს იყო ყოფილი პრეზიდენტი, პრემიერი და ამჟამინდელი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  მიბმული ვლადიმერ პუტინზე საიმისოდ, რომ ბოლომდე აეთვისებინა პოლიტიკური პატრონის დისკურსი.


ერთი სხვაობა კი მაინც არის მათ შორის: მედვედევში ზილოტის მონდომება იგრძნობა. იგი შეურაცხმყოფელ ფრაზეოლოგიაზე იმთავითვე გადადის და ბეჯითად იმეორებს რუსეთის სახელმწიფოს შეუმცდარი კეთილშობილების მითს. დისკურსის ეს ორივე მახასიათებელი პუტინისაა, მაგრამ მედვედევს აკლია ერთი ელემენტი, რაც სპეცსამსახურთა წარმომადგენლებმა კარგად აითვისეს - ესაა უეცარი „შერბილებები“ ტექსტში: მინიშნება, რომ ავტორს აქვს სურვილი აიტანოს ოპონენტი, ითანამშრომლოს კიდეც მასთან, რადგან მტრობა არაა თვითმიზანი და მხოლოდ ოპონენტის „არასწორი“ ქმედებების შედეგია. ზოგადად, „კეტისა და თაფლაკვერის“ მონაცვლეობა სამყაროსავით ძველია და ე.წ. coercive diplomacy-ს განეკუთვნება. მაგრამ საბჭოთა წარსულმა ასეთი „მაიძულებელი დიპლომატიის“ განსაკუთრებით არადიპლომატიური, ცინიკურ-მაფიური, იმავდროულად კი ვულგარული მემკვიდრეობა დატოვა, რისი სიმბოლოც შეიძლება ნიკიტა ხრუშჩოვის გაეროში ქცევა იყოს, როდესაც საყოველთაო მშვიდობაზე საუბარს იგი მაგიდაზე ბრახუნით და ფეხსაცმლის გახდით უკეთებდა აკომპანიმენტს. რუსეთის ფედერაცია ამ მხრივაც სსრკ-ს მემკვიდრეა და განსახილველი ტექსტების ეთიკური სტანდარტებიც ამაზე მიუთითებს.


ამასთან, ვერ ვიტყვი, ეს სტილი სპეცსამსახურებში დაიბადა, თუ კომპარტიული ნომენკლატურის სამოქალაქო ნაწილში. ამიტომაც ვერ ვემხრობი ბოლომდე ფელშტინსკის პარადიგმას რუსულ ხელისუფლებაში სპეცსამსახურებისა და დანარჩენი პოლიტიკური ელიტის საუკუნოვან დაპირისპირებაზე - მგონია, ეს ზედმეტად სქემატური სურათია. ოღონდ ახლა ვერც იმის განხილვაში შევალ, ძველმა ЦК КПСС-მა ასწავლა ძველ КГБ-ს ქცევის და საუბრის სპეციფიკური ნორმები თუ პირიქით. ცხადია, რომ პოლიტიკური დისკურსი, რომელიც პუტინსა და მის გარემოცვას ახასიათებს, კომუნისტური წარსულიდან ნაანდერძევი სიმბიოზია, რომელშიც, ზემოთნახსენები სამი ტექსტის საფუძველზე, სამ მოტივს გამოვყოფ: 1) ისტორიის ნაციონალისტურ-კოლექტივისტური ხედვა, რაშიც ფაქტების შეგნებული შერჩევითობა ზედაპირზეა; 2) ოპონენტთა შეურაცხმყოფელი, სრულიად არადიპლომატიური სტილი; 3) მაფიოზური მანერა, მუქარების და შეურაცხყოფების ნაკადში ზოგჯერ დაუყვავონ მსხვერპლსა თუ მეტოქეს და საკუთარ „დიდსულოვნებას“ გაუსვან ხაზი.


ვფიქრობ, ესაა ფსიქოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი საფუძველიც და გამართლებაც იმ ქცევისა, რასაც რუსული სპეცსამსახურები და მათ ლოგიკას აყოლილი დიპლომატიური კორპუსი, კრემლის და სახელმწიფო სათათბიროს მესვეურები, ეკონომიკური აგენტები ახორციელებენ საზღვარგარეთ. იგივე მოტივაცია მოქმედებს საკუთარი მოსახლეობისადმი დამოკიდებულებებშიც, რის შედეგადაც საზოგადოების ნაწილი ემიგრაციას მიმართავს, ნაწილი - წინააღმდეგობას, უმეტესობა კი - სამწუხაროდ - უიმედობასა ან ტრანსში იმყოფება. ამ უკანასკნელ მდგომარეობას განაპირობებს მძლავრი საკომუნიკაციო პოლიტიკა.


უკრაინას დიმონისაგან

დიმიტრის დიმონად მოხსენიება რუსული სოციო-ლინგვისტური თავისებურებაა და საძმოების სლენგის ნიმუშია. ვიღაც ამ კრიმინალური შეფერილობის თიკუნს ალბათ სიმპათიის გამოსახატავადაც იყენებდა, თუმცა კი მაშინდელი პრემიერ მინისტრის პრეს-მდივანის ნატალია ტიმაკოვას ღია გაღიზიანებას და პროტესტს იწვევდა.[6] როგორც მოსალოდნელი იყო, ტიმაკოვას პროტესტის შემდეგ საზოგადოების კრიტიკულმა ნაწილმა მეტსახელი აიტაცა. ოღონდ, პრეზიდენტ და პრემიერყოფილის ჰაბიტუსიდან და წარსულიდან გამომდინარე, „დიმონად“ მოხსენიებაში ერთგვარი ირონიაც იყო: დიმიტრი მედვედევი არა იმდენად პუტინისეულ ბრიგადას - სპეცსამსახურების ყოფილ ოფიცერთა და პეტერბურგელ მოკრიმინალო სპორტსმენების წრეს - ეკუთვნოდა, რამდენადაც მათთან მიტმასნილ თუ მათ მიერ ამორჩეულ/მოსყიდულ ინტელექტუალებს.


დიმიტრი მედვედევი ლენინგრადის ინტელიგენტთა ოჯახიდანაა. მამა - ლექტორი, დედა - ასევე, ამასთან - პავლოვსკის სასახლის გიდი. თავად მან პროფესიად სამოქალაქო სამართალი აირჩია, დისერტაციაც დაიცვა. ამბობენ, რომ სტუდენტობისას კორექტულობით გამოირჩეოდა და „ლედ ზეპელინით“ იყო გატაცებული. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე იგი პრეზიდენტის ამპლუაში შეხვდა ქართულ დელეგაციას და, გადმოცემით, მეგობრული თუ არა, უაღრესად ზრდილობიანი ყოფილა. მაგრამ მოვლენათა როგორც მანამდელი, ისე შემდგომი განვითარება მას არანაირად არ ემორჩლებოდა. ცნობილია ფაქტი, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დაწყებულ მოლაპარაკებებში შუამავალ საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პრემიერ ვლადიმირ პუტინთან მეტი საუბარი უწევდა, ვიდრე პრეზიდენტ მედვედევთან.[7]


მოსაზრებები იმის შესახებ, ყოველთვის ყველაფერში ეთანხმებოდა მედვედევი პუტინს თუ არა, ნაირფერია. ზოგადი დასკვნაა - მან ვერ შეძლო КГБ-ს პოლკოვნიკის ალტერნატივის შექმნა, რაც ანეგდოტების ნიადაგი გახდა.[8] დისკურსულ ნარატივში კი, რომელიც სრულიად ახალია და მისი სახელით გავრცელებული, როგორც ვთქვი, მედვედევი მაქსიმალურად მიუახლოვდა პუტინის მსოფლმხედველობას. რა თქმა უნდა, ეს არაა პირველი შემთხვევა: პუტინივით შეურიგებელი იყო მედვედევი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს წარმოებული ომის შეფასებაშიც. მაგრამ წერილი, რომელსაც ქვემოთ განვიხილავ, უფრო იდეოლოგიური დატვირთვისაა.


2021 წლის 11 ოქტომბერს „კომერსანტში“დიმიტრი მედვედევის სახელით დაბეჭდილი წერილის სათაურია „რატომ არის კონტაქტი უკრაინის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან უაზრო - ხუთი მცირე პოლემიკური თეზისი.“[9] მისი ეპიგრაფი მეტყველია და ორ გარემოებაზე მიუთითებს: შეიძლება ამით მედვედევს პუტინის განსაკუთრებული სიამოვნება სურდა და, ასევე, ადრესატის შეურაცხყოფა, რაც შესავალში ნახსენები პუტინისეული რუსეთის სამი დისკურსული მოტივიდან მეორეა. ეპიგრაფი ასე ჟღერს:«Коза з вовком тягалася, тiльки шкура вiд кози зосталася». ანდაზის უკრაინული წარმომავლობა შთაბეჭდილებას არ ამცირებს, თუ არ ზრდის.


ხუთივე თეზისი სავსეა შეურაცხყოფებით (მეორე დისკურსული მოტივი), სტატიის დასაწყისი კი ანტისემიტიზმის ინტონაციებსაც შეიცავს: მედვედევი მსჯელობს ამ ქვეყნის პრეზიდენტის „გარკვეულ ეთნიკურ ფესვზე.“ თურმე ზელენსკის, „ახალი მაიდანის შიშით“ და პირადი ძალაუფლების სურვილით შეუცვლია ზნეობრივი ორიენტაცია, დაუწყია სამსახური უკრაინის „გამხეცებულ ნაციონალისტურ ძალებთან.“ მედვედევი დასძენს, რომ ზელენსკის „კოგნიტური დისონანსი აქვს“, რადგან არაა დარწმუნებული, რომ ერთ დღეს არ მიაკითხავენ „ზურგზე ყვითელი ვარსკვლავის დასახატად“. გადადის რა ე.წ. ბენდერელების სისასტიკის აღწერაზე (რაც პუტინისეული დისკურსის პირველი მოტივია), მედვედევი დასძენს, რომ ზელენსკის ოჯახური გარემოს ადამიანს შეზიზღდებოდა პრო-ბენდერული განწყობების წახალისება, მაგრამ „სჭირდება, რადგან სხვაგვარად ტვინს გაასხმევინებენ“.


შემდეგი თეზისი ასევე პუტინისეული დისკურსის პირველი და მეორე მოტივებიდანაა. უკრაინელებთან საქმის დაჭერა არ ღირს, რადგან ისინი დამოუკიდებელი ადამიანები არ არიან - მათ უცხოეთი უფრო პირდაპირ მართავს, ვიდრე სსრკ მართავდა სოციალისტურ ქვეყნებს. „ვასალებთან საქმის დაჭერა უაზრობაა“ - ასეთია მედვედევის ვერდიქტი.


მესამე და მეოთხე თეზისები ისევ ლანძღვა და დამცირებაა: თურმე უკრაინის ხელმძღვანელობასთან არ შეიძლება ურთიერთობა, რადგან ისინი კორუმპირებულები არიან და „მოსკალების“ ფულზეც კი არ ამბობენ უარს. მედვედევის სიტყვებით, ისინი გაუნათლებლებიც არიან და სიტყვის გამტეხებიც, რამეთუ ეს „შინნაზარდი ტალეირანები“ მუდმივად იცვლიან პოზიციებს აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებისათვის მინსკში გაფორმებულ შეთანხმებებთან დაკავშირებით.


და ბოლოს - მეხუთე თეზისი: რა უნდა აკეთოს რუსეთმა? არაფერი, პასუხობს მედვედევი, დაიცადოს, სანამ უკრაინას „გონიერი ხელისუფლება“ ეყოლება, რომელიც არ იქნება ორიენტირებული „დებილურ ყირიმის პლათფორმებზე.“ ჩვეულ დისკურსულ სტილში, ამ შემთხვევაში, ნიშნის მოგების ფორმით, მედვედევი ასკვნის - „რუსეთმა იცის ლოდინი, ჩვენ მომთმენი ხალხი ვართ“.


ამ ყოველივეში ჩანს, თუ რაა რუსული საგარეო პოლიტიკის მოდუს ოპერანდი: დისკურსი უკომპრომისობის და მასთან გარდაუვლად დაკავშირებული აგრესიულობის ამხსნელიცაა და წარმმართველიც. ასეთი სიტყვები თუ აზრები მატერიალიზდება პოლიტიკაში, რომელიც ომისაგან ძნელად განსხვავდება. მისი არსი კარგადაა დაჭერილი არასახაზო, არარეგულარული თუ ჰიბრიდული ომის კონცეფტებში. როგორც თანამედროვე რუსული სამხედრო ხელოვნებისა და კულტურის ერთი ექსპერტი ამბობს, პუტინის მმართველობის პირობებში კლაუზევიცის მაქსიმა, რომლის თანახმად ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, არსებითად შეიცვალა მიდგომით - პოლიტიკაა ომის გაგრძელება და მასში წამყვან ადგილს საინფორმაციო ოპერაციები იკავებს.[10]


თუმცა ჰიბრიდული ომის არსი და მაგალითები ცალკე ანალიზს ითხოვს. აქ უფრო საუბარი იმაზეა, თუ რატომ და როგორ მიდის რუსეთი გამოცხადებულ თუ გამოუცხადებელ ომებამდე. მედვედევის წერილი მხოლოდ მცირე და ფერმკრთალი (თუმცა კი ძალზედ ვულგარული) კოპიოა იმისა, რასაც ამ მხრივ პუტინის ნარატივები იძლევა. ისინი უფრო მსხვილი კალიბრის „საინფორმაციო ყუმბარებია“ როგორც თანამედროვე რუსული ჰიბრიდული ომების დასახასიათებლად, ისე მათი გამომწვევი ლოგიკის გასაგებად.


პუტინისეული უკრაინა

2021 წლის 12 ივლისს კრემლის საიტი აქვეყნებს ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ წერილს, „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ“.[11] რუსეთის პრეზიდენტს რომ ეს თემა აწვალებდა, არაერთი მისი გამონათქვამიდან იყო ცნობილი. აქ კი აზრებს, საკუთარ არგუმენტებს თავი მოუყარა, დისკურსად აქცია, რომელშიც კრემლის რუსეთის ახალი იდეოლოგია თუ არა, იდეოლოგიის გარკვეული სუროგატი მაინც შეინიშნება. რუსულ-უკრაინული სისხლხორცეული ერთობის (რაშიც ბელორუსიც მოიაზრება) მტკიცება საბჭოთა ისტორიოგრაფიიდან და პროპაგანდისტული ნარატივებიდანაა აღებული და ამაში სიახლე არაფერია: პუტინის ხედვა, ამ მხრივ, საბჭოთა კაგებისტურ/პარტიული ნომენკლატურის შეხედულებათა განმეორებაა. საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ მთელი პუტინური დისკურსი არსებითად საბჭოურია შინაარსითაც და სტილითაც. ოღონდ მასში კომუნისტური იდეოლოგიის ზოგიერთი ძირითადი პოსტულატია შესუსტებული - უფრო სწორად - გაუკუღმართებული. მაგალითად, პუტინი აკრიტიკებს მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების ბოლშევიკური „კორენიზაციის“ პოლიტიკას, რითაც რესპუბლიკების სოციალისტურ ნაციონალიზმს ეძლეოდა გასაქანი. მაგრამ მივყვეთ ტექსტს თანამიმდევრობით,  კრემლისტურ/პუტინისტური დისკურსის უკვე აღნიშნული სამი მოტივის - 1) ისტორიის შერჩევითობა, 2) შეურაცხმყოფელი სტილი და 3) მუქარების/„დიდსულოვნების“ გათამაშება - ნაკვალევზე.


პუტინი იმეორებს მემატიანეთა მანტრას, რომ კიევი მე-9 საუკუნის ნახევრად ლეგენდარული პერსონაჟის, ოლეგის მიერ გამოცხადდა რუსული ქალაქების დედად. აქედან იგი ასკვნის, რომ რუსები, უკრაინელები და ბელორუსები ძველი Русь-ის მემკვიდრეები არიან. ამასთან, არაფერია ნათქვამი ე.წ. ნორმანისტულ თეორიაზე, რომლის შესახებ მას უნდა სმენოდა და რომელიც იმდროინდელი აღმოსავლეთ სლავური ქალაქების სკანდინავურ ელიტებზე აქცენტირებს. პუტინი არც იმაზე დარდობს, რომ ამგვარი ლოგიკით, ანუ ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე პოლიტიკის სამსახურში ჩაყენებით, ფრანგი და გერმანელიც ერთია და ჩეხი და პოლონელიც: ამ უკანასკნელების პირველი სახელმწიფო ე.წ. დიდი მორავია იყო, თუმცა ეს შეიძლება პუტინმა არ იცოდეს. სამაგიეროდ, იგი აშკარად რუსთა ისტორიული ერთობის კონტექსტში სვამს ლიტვასაც, რადგან ემოციურად აღნიშნავს, რომ მონღოლთა დროინდელი დაქუცმაცების დროს მომხდარ ერთერთ ომში ლიტვის მთავარი იაგაილო მოსკოვის დიდი მთავრის დიმიტრის დასახმარებლად მიისწრაფოდა და რომ ეს იაგაილო ტვერის თავადისქალის შვილი იყო.


ვფიქრობ, ეს ყოველივე კი ასეა, მაგრამ პარალელურად, იმჟამინდელი მთავარ-თავადები არანაკლები ენთუზიაზმით უსწორდებოდნენ ერთმანეთსაც. თანაც, ასეთი „თანამებრძოლეობით“ იგივე საქართველო და სომხეთი ერთი ქვეყანა უნდა იყოს, ან/და ორივე ახლაც ირანში შედიოდეს.


ტექსტის დისკურს-ანალიზი, ვფიქრობ, ნათლად აჩვენებს დომინანტურ შეხედულებას, რომ რუს-უკრაინელ-ბელორუსებად დაყოფა კათოლიციზმის დანაშაულია. პუტინი იხსენებს ე.წ. ბრესტის 1596 წლის უნიას, რომლის თანახმად „დასავლეთ რუსეთის“ სამღვდელოების ნაწილი რომის პაპს დაექვემდებარა. „დაიწყო ლათინიზაცია და მართლმადიდებლობის გამოდევნა“, რასაც მოჰყვა წინააღმდეგობა. XVII საუკუნის შუახანებში ამბოხებულ უკრაინელებს მოსკოვი გამოესარჩლა. თანაც, უკრაინელთა მოსკოვის ქვეშევრდომობაში გადმოსვლა ათეული ქალაქების მოსახლეობისაგან ფიცის მიღების შედეგად მომხდარა, „რასაც ადგილი არ ჰქონია ლიუბლინის უნიის (ლიტვა-პოლონეთის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის ხელშეკრულება, რისი ძალითაც, თავის დროზე, დღევანდელი უკრაინაც და ბელორუსიც პოლონური  rzeczpospolita-ს ფარგლებში მოექცა) დადებისას“ - შენიშნავს ნიშნის მოგებით პუტინი.


მოსკოვის მხარეს გადასული კაზაკთა ჰეტმანის ბოგდან ხმელნიცკის რუსეთის მეფისადმი გაგზავნილი წერილი, სადაც „სრულიად მართლმადიდებლურ რუსულ სამყაროზეა“ საუბარი, პუტინისათვის კანონზომიერებაა, ხმელნიცკის მემკვიდრეების ისევ პოლონელებისაკენ ლტოლვა კი შემთხვევითობა; ტერმინები „უკრაინა“ და “უკრაინელი“ პუტინის მიერ რუსული სამყაროს სასაზღვრო ზონის და საზღვრის დამცველების აღმნიშვნელადაა გაგებული. აქვეა მოცემული ტერმინი „მალაია რუს“-ის ლეგიტიმურობის მტკიცება, რადგან დნეპრის მარცხენა ნაპირს მოსკოვში ასე დაერქვა.


რაც შეეხება მოხმობილ ფაქტებს, ისინი ცნობილია ისტორიკოსებისათვის, მაგრამ არის სხვა ფაქტებიც, რომელთაც პუტინი გვერდს უვლის. კერძოდ: გარკვეულ სასაზღვრო მიწებს „ოკრაინა“-ს კიევის რუსეთში კი ეძახდნენ, მაგალითად, ფსკოვს და რიაზანს, მაგრამ დღევანდელ უკრაინას ეს სახელი პოლონური სახელმწიფოს ფარგლებში დაერქვა; რუსეთის იმპერიის შექმნის შემდგომ მასში მოქცეულ უკრაინულ მიწებზე მცხოვრებ 1,5 მილიონ უნიატს (ბერძნულ-კათოლიკური რწმენის მიმდევარს) რუსულ მართლმადიდებლობაში გადასვლა უბრძანეს; უკრაინული ენა გავს რუსულს და ამაზე საუბრობდა პუტინის მიერ ციტირებული კიევის უნიატი მიტროპოლიტი იოსებ რუტსკი, მაგრამ ეს ენა ასევეა ახლოს პოლონურთან, სერბო-ხორვატულთან, სლოვაკურთან. იგი მე-13 საუკუნიდან დასცილდა აღმოსავლურ „რუსულს“ და მე-16 საუკუნეში ე.წ. რუსინულ/რუთეანული, ძველი საეკლესიო სლავური და პოლონური ენების ნაზავზე განვითარდა.[12] გამოდის, თუ პუტინის ლოგიკას ბოლომდე გავყვებით, პოლონელები და სერბებიც ერთი ხალხია. ჩნდება მხოლოდ კითხვა, რატომ არ ითხოვს რუსეთის პრეზიდენტი მათ აღქმას დიდი რუსი ხალხის ნაწილად. არა და საქმე იმაშია, რომ ხალხის, ეთნოსის ერად ქცევას ესაჭიროება ე.წ. მაღალი კულტურა - გარკვეულ ენაზე მაღალმხატვრული ნაწარმოებების შექმნა და მისი მასობრივი გავრცელება. ასეთი რამ უკრაინელებმა, პოლონელებმა, რუსებმა ცალ-ცალკე გააკეთეს.


პუტინმა არ იცის ნაციონალიზმის მკვლევართა მსჯელობები „მაღალი კულტურის“ როლზე ნაციების ფორმირებაში.[13] სამაგიეროდ, მოჰყავს მწერალი ნიკოლაი გოგოლის ბილინგუალიზმის და რუსული იდენტობის საინტერესო მაგალითი. მაგრამ რაა ამ მაგალითის არსი? რა თქმა უნდა, გოგოლი რუსული კულტურის ნაწილიცაა და უკრაინულისაც. ასეთი მაგალითები სამყაროში ბევრია და ჯეიმს ჯოისის ან ვალტერ სკოტის გახსენებაც კმარა. ესეთი შემთხვევები მხოლოდ ნაციათა ქმნადობაში შემთხვევითობის, ხელოვნურობის, წინააღმდეგობრიობის მნიშვნელობაზეა მიმანიშნებელი და არა იმაზე, რის დამტკიცებასაც პუტინი მთელი ამ ოპუსის ფურცლებზე ცდილობს: თითქოს რუსეთია ისტორიულად კანონზომიერი ქმნილება, უკრაინა კი ხელოვნური.


რა თქმა უნდა, პუტინი იმაში მართალია, რომ მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის აზნაურებად ჩაწერილმა ყოფილმა კაზაკებმა დიდი კარიერული წინსვლა განიცადეს. კიევო-მოჰილას აკადემიის კურსდამთავრებულები ასევე წინაურდებოდნენ. უკრაინელები/მალოროსები დიდ როლს თამაშობდნენ რუსეთის იმპერიის გაფართოვებაში, მის სამხედრო, კულტურულ თუ სამეცნიერო ცხოვრებაში. ისიც სწორია, რომ უკრაინელებს ჰქონდათ განსაკუთრებული როლი საკავშირო კომუნისტურ პარტიაშიც. მაგრამ ეგ უფრო ჩვეულებრივი იმპერიული პროცესია, როდესაც სახელმწიფოს სამსახურში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები წინაურდებიან, ვიდრე რუსების და უკრაინელების ერთ ერად წარმოდგენის საფუძველი. პარალელურად, მას არ ახსენდება, რომ იგივე კიევო-მოჰილას აკადემია, რომელიც პოლონური rzeczpospolita-ს ფარგლებში იყო შექმნილი და კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტის მსგავსი სტატუსი ჰქონდა, იმთავითვე მჭიდროდ იყო ინტეგრირებული ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში. რუსეთის იმპერიის ფარგლებში კი მან სტატუსი დაკარგა და თეოლოგიურ სასწავლებლად გადაკეთდა.


სამართლიანობა ითხოვს, აღინიშნოს, რომ სტატიის ბოლოსკენ პუტინი თითქოს აღიარებს იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი იცვლება და რიგი ისტორიული გარემოებების შედეგად ერთი ხალხის ნაწილმა თავი შეიძლება სხვა ერად აღიქვას. „როგორ მოვექცეთ ამას? პასუხი ერთია - პატივით“ - ამბობს პუტინი. იგი იმასაც ეთანხმება, რომ ეროვნული კუთვნილების არჩევა ადამიანის უფლებაა. მაგრამ აქ სხვა კითხვა ჩნდება: თუ ასეა, რა საჭირო იყო ისეთი წიაღსვლები, სადაც ისტორიის შერჩევით მოყოლას მისი ღია გაყალბება და შეურაცხყოფებიც საკმარისად ახლდა? ასე მაგალითად, ტექსტში საუბარია: თანამედროვე უკრაინისათვის ნიშანდობლივ „საზიზღრობაზე“, როგორიცაა ადამიანთა იძულება, უარყონ საკუთარი იდენტობა;  ასიმილაციაზე, რომელიც, „თავისი შედეგებით მასობრივი იარაღის გამოყენების ტოლფასია;“ ხელისუფლების მიერ ხალხის ძარცვაზე; უკრაინის გადაქცევაზე ბარიერად ევროპასა და რუსეთს შორის, რისი დამკვეთებიც თურმე ავსტრიის იმპერიის პროექტებით ხელმძღვანელობენ; უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევის მიზნით, დასავლეთის მიერ ამ ქვეყნის პრობლემების „ცინიკურ გამოყენებაზე;“ ისტორიული მოღალატეების განდიდებაზე და „ნამდვილ პატრიოტთა“ სახელების ახალგაზრდათა ცნობიერებიდან ამოშლაზე. ოდესაში 2014 წელს დატრიალებულ ტრაგედიას, რომლის დროსაც, დაპირისპირებულ მხარეთა ორმხრივ სროლას ხანძარი და მსხვერპლი მოყვა, პუტინი ნათლავს „უკრაინელი ნეონაცისტების მიერ ადამიანთა ცოცხლად დაწვად“ და აცხადებს, რომ „ბენდერელებს“ იგივე სურდათ სევასტოპოლში, დონეცკში, ლუგანსკში.


პარალელურად, მის დისკურსში მაქსიმალურადაა შერბილებული საბჭოთა რეჟიმის დანაშაული უკრაინელი ხალხის მიმართ. პუტინი დაუკონკრეტებლად აცხადებს, რომ რიგ ამ ბრალდებებთან არა თუ თანამედროვე რუსეთს, არამედ სსრკ-სა და კომპარტიასაც არანაირი შეხება არ ქონია. საპასუხოდ კი გაისმის უცნაური ბრალდება თუ წყენა გარე სამყაროს მისამართით, თუ რატომ არ ითვლება ბოლშევიკთა მიერ რუსეთის ისტორიული მიწების მოკავშირე რეესპუბლიკებისათვის გადაცემა დანაშაულად.


პუტინის ამ უკანასკნელ და კურიოზულ აღშფოთებაზე ორი რიტორიკული კითხვა ჩნდება: 1) რატომ ჰგონია მას, რომ 1922 წელს გავლებული რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის საზღვრები აზარალებდა რუსეთის და არა, ვთქვათ, ლიტვა-პოლონეთის ან ავსტრო-უნგრეთის ისტორიულ ფარგლებს. რაიმე პასუხის მაგვარზე ტექსტში მინიშნება არაა, გარდა იმისა, რომ პუტინისათვის კიევი იმთავითვე რუსთა ქალაქების დედაა და მე-18-19 საუკუნეებში რუსეთის იმპერიამ ე.წ. მალაროსია და ნოვოროსია (ყირიმისა და შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროს რუსული სახელწოდებები) შეიერთა. ჰიპოთეტურ შეთავაზებას, რომ იქნებ იმავე ავსტრიის იმპერიას, ან ახალგაზრდა უკრაინას შეიძლებოდა ჰქონოდა პრეტენზია ჯერ გერმანული, მერე სლავური და ბოლოს თურქული ტომებით დასახლებულ ამ მიწებზე, პუტინი, სავარაუდოდ, არ იღებს.


2) მეორე კითხვა კიდევ უფრო რიტორიკულია - ვინ და რა სამართლებრივი ნორმებით უნდა ჩაუთვალოს ბოლშევიკებს დანაშაულად 1922 წელს უკრაინა/რუსეთის საზღვრების დადგენა? თუ მოლაპარაკებებისას ერთი მხარე მეორეს ხელებს უგრეხდა, შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ პუტინს ასეთი ეპიზოდები არ მოაქვს. საბოლოო ჯამში, იგი ხომ დისკურსს ქმნის და არა ისტორიას.


საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში შესრულებული ამ წერილის თანახმად 1918 წლის უკრაინული დამოუკიდებლობა სრული ფიქცია იყო, ისევე როგორც ფიქციაა ამჟამინდელი დამოუკიდებლობაც. თუმცა რიგ ნიუანსებში ავტორი სცდება საბჭოთა ტრადიციას: პუტინი ყურადღებას ამახვილებს 1918-1921 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე სხვადასხვა პოლიტიკური წარმონაქმნების არსებობაზე, რომელთა ტერიტორიები ბოლშევიკებმა „ხელოვნურად“ გააერთიანეს და ამ გაერთიანებას, ლენინის ნებით, ახალი საკავშირო სახელმწიფოს წევრის სტატუსი მიანიჭეს. ამ წევრს, უკრაინას, სსრკ-დან გამოსვლის უფლება მიეცა. „ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტში ჩაიდო ნელი მოქმედების ნაღმი“ - ასკვნის პუტინი და დღეს უკრაინელებს ისეთ პრეტენზიას უყენებს, რომელიც მაფიოზური კულტურითა და კოდექსით თუ აიხსნება.


პუტინის დისკურსის მესამე მოტივი - მუქარებისა და „დიდსულოვნების“ იმიტაციის სიმბიოზი - ამჯერად შემდეგია: იგი აცხადებს, რომ უკრაინის ნებაა, აირჩიოს საკუთარი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზა, მაგრამ რა პირობებით?. . .“წადით იმით, რითაც მოხვედით.“ ერთი შეხედვით, პუტინი ამას აცხადებს უკრაინის „ანტი-რუსულობის“ გამო. იგი ამუნათებს უკრაინულ ელიტას, რომელიც ქვეყნის სსრკ-ს ფარგლებში ყოფნის პერიოდს ოკუპაციას ეძახის. შესაბამისად, რეპლიკა „წადით, მაგრამ პირობებით,“ არა უკრაინის დამოუკიდებლობით, არამედ მისი „ანტი-რუსულობითაა“ განპირობებული. მაგრამ ფორმულირება ისეთია, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის თავად ფაქტიც წყენისა და საყვედურის მიზეზადაა წარმოჩენილი. ვფიქრობ, აქ ან რედაქტორების უყურადღებობასთან გვაქვს საქმე, ან პუტინის მსოფლმხედველობის სრულ აცდენასთან თანამედროვე საერთაშორისო სამართალთან. ამ უკანასკნელის ნიშნები ზემოთჩამოთვლილ სხვა პასაჟებშიც არის.


ამის პარალელურად, ვხედავთ საკუთარ „კეთილშობილებაზე“ ხაზგასმას: პუტინის თქმით, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა უკრაინის ტერიტორიული ერთიანობისათვის. ეს „ყველაფერი“ მინსკის შეთანხმებებია, რომელთა საფუძველზეც კიევს დონეცკთან და ლუგანსკთან თანაარსებობის მოდალობებზე უნდა მოელაპარაკა. როგორი იყოს უკრაინა, ამბობს პუტინი „კეთილშობილურად“, უკრაინელების გადასაწყვეტია. ოღონდ იქვე დასძენს, რომ რუსეთი არასოდეს დაუშვებს მისი ისტორიული ტერიტორიების გამოყენებას მისსავე წინააღმდეგ. პუტინისათვის „უკრაინის ჭეშმარიტი სუვერენტიტეტი სწორედ რუსეთთან პარტნიორობითაა შესაძლებელი“.


ერთი წინააღმდეგობრიობაცაა ამ ოპუსში, რაც მე ისევ კრიმინალური სამყაროს მოციმციმე დისკურსს მაგონებს: პუტინი ხან თავს ესხმის დასავლეთს, რომ უკრაინის „ანტირუსობა“ მისი წაქეზებულია, ხან კი აღნიშნავს, რომ მინსკის შეთანხმებებისაკენ და მათი შესრულებისაკენ უკრაინას საფრანგეთი და გერმანია უბიძგებდენ რუსეთთან ერთად. ამით რუსეთის პრეზიდენტი თავად დასავლეთის „განხეთქილებაზე“ ხაზგასმას ცდილობს თუ იმაზე, რომ უკრაინა „პროტექტორატია,“ არ ვიცი. შეიძლება ის უბრალოდ ბორგავს იმ რთული საერთაშორისო ვითარების გამო, რომელშიც რუსეთი თავად ჩააგდო.


მეორე მსოფლიო ომის რუსული ოფიციალური პარადიგმა

პუტინის დისკურსის გასაგებად ერთ-ერთი საკვანძო ტექსტია მისი სახელით დაბეჭდილი ვრცელი სტატია „დიდი გამარჯვების 75 წელი: საერთო პასუხისმგებლობა ისტორიისა და მომავლის წინაშე“.[14] მასში მარტივი, მოსახლეობისათვის გასაგები სტილითაა გადმოცემული თუ რაა ის ძირითადი დუღაბი, რაც „რუსულ სამყაროს“ უნდა კრავდეს. საბჭოთა კავშირი, პუტინისათვის, სწორედ ამ დუღაბთან ასოცირდება, თავად ეს „წებო“ კი 1945 წელს ნაციზმზე გამარჯვება და, ამით, „სამყაროს გადარჩენაა.“ ამ ფრაზაში, რომელსაც პუტინი „რუსეთის ხალხების“ თავგანწირვაზე, 9 მაისს „ყელში ბურთის მობჯენაზე“ და პირადი ოჯახის გამოცდილებაზე აქცენტირებით განაგრძობს, მრავალი რუსი პოლიტიკური ფილოსოფოსისა თუ მწერლის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი მესიანიზმი ჩანს: სხვათა შორის, რუსეთზე, როგორც კაცობრიობისათვის სწორი გზის მარადიულ მიმანიშნებელზე, უყვარს მსჯელობა რუსეთის თანამედროვე იდეოლოგიის დაუღალავ მშენებელს, ალექსანდრე დუგინს.[15]


ოღონდ თუ დუგინი, კოლექტივიზმით მოხიბლულ სლავოფილ და ევრაზიანელ ინტელექტუალურ წინაპართა კვალობაზე, ტოტალიტარიზმს ქადაგებს, პუტინი, ამ შემთხვევაში მაინც, უფრო მოკრძალებულია. ამჯერად იგი არც ბოლო დროს კრემლისაგან დისტანცირებულ, ადრე კი მეტად გავლენიან ვლადისლავ სურკოვს იმეორებს, რომელიც „სუვერენული დემოკრატიის“ და „ღრმა ხალხის“ ანტიდასავლური კონცეფციებითაა ცნობილი. ყველაფერი ეს რუსული იდეოლოგიური დისკურსის შემადგენელი ნაწილებია, მაგრამ აქ პუტინის წვლილზე ვსაუბრობთ.


ეს „წვლილი“ სათაურშივე იკითხება: რუსეთმა სამყარო იხსნა და რუსეთი მეორე მსოფლიო ომის შედეგების სადარაჯოზე უნდა იდგეს. ამავე დროს, წერილის სტილი არაა მხოლოდ საბჭოთა კავშირის 1941-1945 წლებში განხორციელებული ქმედებების ხოტბა. ეგ თავისთავად, მაგრამ დისკურსი ისევ იმ, ზემოთ ნახსენებ მოტივებს ეყრდნობა: ისტორიის შერჩევითი გამოყენება; ოპონენტების შეურაცხყოფა; მუქარა-დიდსულოვნების მაფიოზური ნაზავი.


რუსეთის პრეზიდენტი თავიდანვე იწყებს პოლემიკას მათთან, ვინც არ იღებს მეორე მსოფლიო ომის საბჭოურ ნარატივს. ამ ნარატივის რევიზიის მომხრეებში იგი ხედავს „ცუდად შენიღბულ კომპლექსებს“ და გადადის შეტევაზე - გერმანიას რევანშისაკენ ბრიტანეთმა და აშშ-მ უბიძგა, მაშინ როცა სსრკ აგრესორის წინააღმდეგ კოლექტიურ უსაფრთხოებას ითხოვდაო.[16]შემდეგ მოდის ტრადიციული საბჭოური ბრალდებები, რომელთა თანახმად, ევროპული დემოკრატიების მიერ ჰიტლერთან გაფორმებული მიუნხენის შეთანხმება იყო მსოფლიო ომისაკენ რეალური ბიძგი; რომ პოლონეთიც მოკავშირეებმა გაწირეს. ჩნდება შედარებით იშვიათი ბრალდებაც, რომ გერმანელებთან ერთად თავად პოლონელებიც მონაწილეობდნენ ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში. მთავარი იდეა კი ისაა, რომ ბრიტანეთს და საფრანგეთს მიზნად გერმანიისა და საბჭოთა კავშირის დაჯახება ჰქონდათ.[17]


ეს უკანასკნელი თემა წამყვანი იყო ცივი ომის დროს, პოლონეთისათვის ბრალდებათა წაყენება კი შედარებით მარგინალური. პუტინი ტოვებს პირველ ნარატივს და ენთუზიაზმით ავსებს მეორეს. რიგ საარქივო დოკუმენტებზე მითითებით, იგი ცდილობს დახატოს სურათი, რომ დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები განგებ ჭიმავდნენ სულ უფრო ამბიციური გერმანიის შესაკავებლად საბჭოთა კავშირთან პაქტის გაფორმებას, რის ფარგლებში ამ უკანასკნელს პოლონეთის დახმარებაც შეეძლებოდა. თუმცა პუტინი იქვე აცხადებს, რომ იგივე საფრანგეთისა და ბრიტანეთის ზეწოლის მიუხედავად, პოლონეთი უარობდა სსრკ-სთან ერთობლივი სამხედრო მოქმედების შესაძლებლობას გერმანიის არმიის წინააღმდეგ.[18]

პუტინის მთავარი განსხვავება საბჭოთა იდეოლოგებისაგან ამ საკითხში ისაა, რომ იგი ვეღარ უარყოფს 1939 წლის აგვისტოში გაფორმებულ გერმანია-საბჭოთა კავშირის პაქტის საიდუმლო ოქმების არსებობას, რომლის თანახმად ჰიტლერი და სტალინი აღმოსავლეთ ევროპის გაყოფაზე შეთანხმდნენ: ამ ოქმების აღიარებასა და გამომზეურებას გორბაჩოვისეულმა „პერესტროიკამ“ შეუქცევადი სახე მისცა. შესაბამისად, პუტინი პაქტისა და ოქმის გამართლებაზე გადადის.


ერთის მხრივ, იგი ეთანხმება სსრკ უმაღლესი საბჭოს 1989 წლის დადგენილებას, რომლითაც სტალინ-ჰიტლერის გარიგების საიდუმლო ოქმები დაიგმო. მაგრამ, მეორეს მხრივ, მთელი მისი ლოგიკაა - აბა რა ექნა საბჭოთა კავშირს, როდესაც ა) პოლონეთის ელჩი გერმანიაში ჰიტლერს ებრაელთა დევნისათვის მადლობებს უხდიდა; ბ) რიგი სხვა ქვეყნები გერმანიასთან ასევე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და „არ ვიცით,“ იქნებ მათაც ქონდათ საიდუმლო ოქმები, მოლაპარაკების მასალები დღემდე არ აქვთ გასაჯაროებული.[19]  პუტინის არგუმენტი ისიცაა, რომ გერმანია აუცილებლად განავრცობდა აგრესიას აღმოსავლეთით, სსრკ-ს მიმართულებით. 1939 წლის სექტემბერში გერმანელები უკვე მინსკს უახლოვდებოდნენ და საბჭოთა კავშირი ვერ დაუშვებდა მომავალი კონფრონტაციის საზღვარს მოსკოვიდან რამოდენიმე ათეულ კილომეტრში.[20] საერთოდაც, აცხადებს პუტინი, პოლონეთის დაპყრობა მთლიანად პოლონეთის მთავრობის ბრალია, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა კი პოლონეთს უღალატეს.[21] ასეთი დისკურსული ფონის შექმნის პარალელურად, პუტინი აღნიშნავს, რომ საკუთარი სამხედრო-სტრატეგიული თუ თავდაცვითი ამოცანების გადასაწყვეტად, სსრკ-მ ბალტიისპირეთის „ინკორპორაციის პროცესიც“ დაიწყო, მაგრამ, მისი თქმით, ეს ხდებოდა იმჟამინდელი საერთაშორისო სამართლის თანახმად. ბალტიის რესპუბლიკებმა სსრკ-ს ფარგლებში შეინარჩუნეს საკუთარი მმართველობა და ენა. მათ ქონდათ საკუთარი წარმომადგენლობები საკავშირო სტრუქტურებში.[22]


მოკლედ, არა მხოლოდ მთელ მსოფლიოს აქვს მადლობა სათქმელი, რომ საბოლოო ჯამში საბჭოეთმა ჰიტლერული არმიები დაამარცხა, არამედ უშუალოდ ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს - სსრკ საზღვრებში მოხვედრის გამო. პუტინის საერთო პათოსში ერთი შტრიხიცაა: პოლონელებმა, ისევე როგორც ფრანგებმა თუ ბრიტანელებმა, რაც გადახდათ, თავს დააბრალონ. გასაგებია, რომ იმ წინასაომარ ვითარებაში ყოველი ეროვნული სახელმწიფო საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ჰიტლერთან ნაირფერი ღია თუ არაფორმალური კომუნიკაციები ყველას ჰქონდა, სანამ, 1939 წლის სექტემბერში, მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა. მაგრამ ცხადი, თეთრზე შავით დაწერილი რეალობა ისაა, რომ საბჭოთა კავშირი გაურიგდა ჰიტლერს პოლონეთის გაყოფაზე და ბალტიისპირეთის დაპყრობაზე. დიდი ომი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო და საფრანგეთის დაპყრობისა თუ ბრიტანეთის დაბომბვის დროს გერმანია საბჭოთა ნედლეულით მარაგდებოდა. არც ისაა დასავიწყებელი, თუ როგორ თანამშრომლობდა გერმანიის პოლიტიკური პოლიცია - გესტაპო - და სსრკ-ს ნკვდ კიდევ ერთხელ გაყოფილი პოლონეთის ტეროტორიაზე. მთავარი კი ისაა, რასაც პუტინი ყოველმხრივ უვლის გვერდს, რომ საბჭოთა კავშირი მთელი ამ მრავალმხრივი, ღია თუ ფარული მოლაპარაკებების დროს რჩებოდა დასავლური დემოკრატიების ერთ-ერთ მთავარ მტრად - მისი იდეოლოგიის ქვაკუთხედი იყო რევოლუციის განვრცობა მსოფლიოში. საბჭოთა სპეცსამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოქმედ ადგილობრივ ანტისისტემურ პოლიტიკურ ძალებთან - აფინანსებდნენ მათ. ლოგიკურია, რომ ასეთი სახელმწიფოს მიმართ არც პოლონეთს და არც არავის დიდი ნდობა არ ექნებოდა.


პუტინი ნიშნის მოგებით აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს, ლოიდ ჯორჯს გამართლებულად მიუჩნევია წითელი არმიის მიერ პოლონეთის აღმოსავლეთის დაკავება 1939 წელს. რა თქმა უნდა, იგი არ წერს და, შეიძლება, არც იცის, რომ ეს ბრიტანელი პოლიტიკოსი 30-იან წლებში საკმაოდ წინააღმდეგობრივ ფიგურად ითვლებოდა. დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ს მხრიდან პოლონეთის დროებით გაწირვაზე საუბარი უფრო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდშია უპრიანი, როდესაც პოლონელები სტალინის გაფართოებული იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ. მაგრამ პუტინი ამაზე არაფერს იტყოდა, ისევე, როგორც არაფერია იმ წერილში ნათქვამი კატინში НКВД-ს მიერ დახვრეტილ ათასობით პოლონელ ოფიცერზე, ან გერმანელების წინააღმდეგ აჯანყებული ვარშავის ბედის ანაბარა მიტოვებაზე 1944 წელს. სამაგიეროდ, ამ წერილშიც პუტინი არ უშვებს ხელიდან შანსს, რომ ნაცისტებთან თანამშრომლობაში უკრაინელი ნაციონალისტები ამხილოს.


„დიდსულოვნების“ შემოტევა ამ დისკურსში აქა-იქ იგრძნობა. პუტინი ამბობს, რომ ის არ ირგებს მოსამართლის მანტიას - დაე, საერთაშორისო მკვლევარებმა ერთობლივად და ობიექტურად იკვლიონ ყველაფერი. მაგრამ თურმე რუსების მეტს ეს არავის უნდა, ევროპელებს მხოლოდ ის სურთ, რომ რუსეთმა თავი იმართლოს. და ბობოქრობს რუსეთის პრეზიდენტი, რომ 2019 წლის 19 სექტემბერს ევროპის კავშირის პარლამენტმა მეორე მსოფლიო ომის დაწყების პასუხისმგებლობა რუსეთსაც დააკისრა. - მათ არ გაახსენდათ მიუნხენის გარიგება, ეს რეზოლუცია ფარატინა ქაღალდია, ყველაფერში დამნაშავეა სახელმწიფოებრივი ეგოიზმი და აგრესორის წახალისება, უპატიოსნობაა მტკიცება, რომ რიბენტროპის ორდღიანმა ვიზიტმა მოსკოვში განაპირობა მსოფლიო ომი! - ასკვნის იგი და ამ მაღალი ტონალობით დაწერილ სიტყვებში „კეთილშობილება“ შეურაცხყოფებში გადადის.[23]


შემაჯამებელი გზავნილები, რითაც პუტინი-ისტორიკოსი პუტინ-პოლიტიკოსს მოემსახურა, შემდეგია: მეორე მსოფლიო ომის საბჭოური ინტერპრეტაციის რევიზია საფრთხეა ომისშემდგომი საერთაშორისო სისტემისათვის. ესაა დაცინვა მეხსიერებაზე, ანუ „უზნეობა.“ საბჭოთა ჯარების მრავალწლიანი ყოფნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მისთვის „ვითომ ოკუპაციაა“.[24]პუტინი ნოსტალგიური ინტონაციით იხსენებს ჩერჩილს და რუზველტს, რომელთაც ესმოდათ რუსული არმიის გადამწყვეტი როლი ჰიტლერული სამხედრო მანქანის განადგურებაში. ისტორიიდან პოლიტიკაში მობრუნებული პუტინი ომისშემდგომი სისტემის ქვაკუთხედად გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს ინსტიტუტს ხედავს, მის შენარჩუნება-განმტკიცებას მოითხოვს „გამარჯვებული სახელმწიფოებისაგან“[25] და აცხადებს, რომ „პირდაპირ თუ ვიტყვით, ეს უმსხვილესი სახელმწიფოების შეტაკების ერთადერთი გონიერი ალტერნატივაა“.[26]  ანუ, ისევ მუქარა?


დასკვნა

პუტინი არაა ბოლშევიკი. მას ერთგვარი თეთრგვარდიული სევდა/წუხილი ემჩნევა ტროცკისა და ლენინის მიერ 1917 წელს განხორციელებული გადატრიალების გამო. ალბათ ამიტომაცაა, რომ პირდაპირი თუ არაპირდაპირი, „ობშჩიაკური“ სახელმწიფო მონოპოლიზმით და პროპაგანდით კვლავინდებურად გატაცებულ ქვეყანაში თეთრ გენერლებზე, ცარიზმის დროინდელ პერსონაჟებზე ძვირადღირებულ ფილმებს იღებენ. მაგრამ პუტინი ჩეკისტია და, საბოლოო ჯამში, მის იდეოლოგიურ წიაღსვლებში ცარიზმის ხატება და „სამამულო ომის“ სტალინური ვერსია ერწყმის ერთმანეთს. წინამდებარე წერილები ამის ნიმუშია.


იდეოლოგიაში აქცენტი აწმყოსა და მომავალზე უნდა იყოს, პუტინის დისკურსში კი, რომელიც, საბოლოო ჯამში კვაზი-იდეოლოგიურია, მთავარი ისტორიის გარკვეული ინტერპრეტაციის დაცვაა. როგორც პოლიტოლოგი არკადი დუბნოვი ამბობს, პუტინისათვის უკრაინა იგივეა, რაც ჩემთვის სასაფლაო, რომელზედაც ახლობლები მყავს დამარხული.[27]ეს მეტაფორა გამოდგებოდა მეორე მსოფლიო ომისადმი მისი დამოკიდებულების დასახასიათებლადაც. ასევე უყურებს პუტინი უსაფრთხოების საერთაშორისო არქიტექტურასაც - იგი იცვლება, პუტინი კი ისევ სტალინის დროინდელ კონფერენციების შედეგებს მისტირის. სხვათა შორის, მის ისტორიულ შტუდიებში არის ერთი პლუსი: ვისაც ეზარება საბჭოთა და ნაწილობრივ თანამედროვე რუსულ-ნაციონალისტური ისტორიოგრაფიის შესწავლა, მტვრიანი წიგნების ფურცვლა თუ მათ ციფრულ ვერსიებში ნავიგაცია, პუტინის ნაწერები შეუძლია მოკლე კონსპექტად ჩათვალოს და ამით დაკმაყოფილდეს.


მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ ამბის, რასაც პუტინის და მისი გარემოცვის დისკურსი წარმოადგენს. პუტინი ილანძღება, იმუქრება ისტორიის საკუთარი ვერსიის დაცვის დროს და მას ბაძავს მედვედევიც. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ უკან არმია, სპეცსამსახურები და ჰიბრიდული ომის მძლავრი ტექნოლოგიაა, ყოველივე ეს მეტად სერიოზულ სახეს იღებს. მოკლედ, ამ ნაწერებში ირეკლება ის მოტივცია, რის გამოც ზღუდავს რუსეთის ფედერაცია უკრაინისა თუ საქართველოს სუვერენიტეტს. ამ ნაწერებშივეა ერთერთი მიზეზი რიგ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში რუსეთის ფედერაციის მმართველი ელიტის ღია და შენიღბული ჩარევისა. და ერთიც, აქვეა უშუალოდ რუსული საზოგადოების მიმდინარე რეპრესირების ამხსნელი იდეაც: 2021 წლის პირველ ივლისს რუსეთის ფედერაციის „ისტორიკოსმა“ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომლის თანახმად აიკრძალა სსრკ-ს ხელმძღვანელობის, სარდლობის და სამხედრო მოსამსახურეების მიზნების, გადაწყვეტილებების და მოქმედებების გაიგივება გერმანიის მიზნებთან, გადაწყვეტილებებთან თუ მოქმედებებთან, როგორადაც ეს უკანასკნელნი ნიურნბერგის ტრიბუნალმა განსაზღვრა. აიკრძალა აგრეთვე ნაცისტური გერმანიის განადგურებაში საბჭოთა ხალხის გადამწყვეტი როლისა და ევროპის გათავისუფლებაში სსრკ-ს ჰუმანიტარული მისიის უარყოფა.[28]


რა თქმა უნდა, პუტინის და მისი გარემოცვის დისკურსის უკან ავტოკრატიული მმართველობის შენარჩუნების ცინიკურ-მატერიალური მიზეზი იმალება. მაგრამ ნებისმიერ მატერიალურ მიზეზს იდეური გამყარება სჭირდება, რაც, თანდათან, შეიძლება ავტორმაც დაიჯეროს. ვგონებ ამითაა დაკავებული ხანში შესული პრეზიდენტი.



[1] #СлухайЭхо / Глеб Павловский // 03.09.21 https://www.youtube.com/watch?v=KQ2-rhwhoAQ

[2]  Владимир Милов, Как устроена психология чекиста? [Коротко о главном], Premiered Apr 23, 2021

https://www.youtube.com/watch?v=-smbWcUt62w (ნანახია 14/09/2021)

[3] Владимир Милов, Как устроена психология чекиста? [Коротко о главном], Premiered Apr 23, 2021

https://www.youtube.com/watch?v=-smbWcUt62w (ნანახია 14/09/2021)

[4] Юрий Фельштинский, Пятый Интернационал.Радио, Свобода, Право Автора, 12/08/201https://www.svoboda.org/a/30086938.html (ნანახია 16/10/2021)

[5]Дмитрий Волчек, Агенты и объекты. "Омерзительная гадина" государства чекистов, Радио Свобода, Политика, 16/10/2021 https://www.svoboda.org/a/agenty-i-obekty-omerziteljnaya-gadina-gosudarstva-chekistov/31506942.html (ნანახია 16/10/2021)

[6] MarkExclusive1, Пресс-секретарь Медведева заступилась за шефа. Он вам не «Димон». Он председатель правительства. Не обязательно называть его Дмитрием Анатольевичем, но можно хотя бы Дмитрий и на «вы»? Это правила хорошего тона, 28/03/2013, https://www.youtube.com/watch?v=kot75IEg-nI(ნანახია 18/10/2021)

[7]Francois Murphy, Georgia 'mad' to spark Russia clash-French source, Reuters, 13/08/2008

https://www.reuters.com/article/idUSLD81797 (ნანახია 16/10/2021)

[8] Luke Hardling, Dmitry Medvedev: the rise and fall of the Robin to Putin’s Batman, The Guardian, 15/01/2020, https://www.theguardian.com/world/2020/jan/15/dmitry-medvedev-the-rise-and-fall-of-the-robin-to-putins-batman (ნანახია, 18/10/2021)

[9] Дмитрий Медведев,  Почему бессмысленны контакты с нынешним украинским руководством, Пять коротких полемических тезисов,Отношения России и Украины, Коммерсантъ, 11/10/2021 https://www.kommersant.ru/doc/5028300 (ნანახია 15/10/2021)

[10] Maj. Scott J. Harr, Expanding Tolstoy and Shrinking Dostoyevsky How Russian Actions in the Information Space are Inverting Doctrinal Paradigms of Warfare, MILITARY REVIEW September-October 2017 (pp 39-48) https://www.armyupress.army.mil/Journals/Military-Review/English-Edition-Archives/September-October-2017/Harr-Expanding-Tolstoy-and-Shrinking-Dostoyevsky/

[11] Статья Владимира Путина «Об историческом единстве русских и украинцев», Президент России, 12 июля 2021 года, http://kremlin.ru/events/president/news/66181

[12] Cultural Heritage of East Central Europe: A Historical Outline By Wojciech RoszkowskiInstytut Studiów Politycznych Polskiej Akademii Nauk and Institut Jagielloński, Warszawa 2015, გვ 69-71

[13] ამ თემაზე საინტერესოა ერნსტ გელნერის შრომები. იხ. მაგ. Ernest Gellner, Nations and nationalism, In: Richard K. Betts, (2008), Conflict after the cold war: Arguments of causes of war and peace, third edition, C olumbia University, New York,  pp 336-346

[14]В.В. Путин, 75 лет великой победы: общая ответственность перед историей и будущим, „Известия“, Москва 2020, http://static.kremlin.ru/media/events/files/ru/hOAWB1GRwEMuVtAAGREjC8Vvl3VxqiW4.pdf

[15] დავით დარჩიაშვილი, დუგინის მანიფესტი ათ თეზისად და ათი პასუხი მას, კრიტიკა,რუსეთის კვლევის ცენტრი, 5/04/2021, ttps://www.crs.ge/critique-geo/david-darchiashvili-critique-02

[16] В.В. Путин, 75 лет великой победы: общая ответственность перед историей и будущим, „Известия“, Москва 2020, стр. 6. 7-9 http://static.kremlin.ru/media/events/files/ru/hOAWB1GRwEMuVtAAGREjC8Vvl3VxqiW4.pdf

[17] იქვე, გვ 12

[18] იქვე, გვ 14

[19] В.В. Путин, 75 лет великой победы: общая ответственность перед историей и будущим, „Известия“, Москва 2020, стр. 15-16  http://static.kremlin.ru/media/events/files/ru/hOAWB1GRwEMuVtAAGREjC8Vvl3VxqiW4.pdf

[20] გვ 19-20

[21] იქვე, გვ 16-18

[22] იქვე, გვ 21

[23] В.В. Путин, 75 лет великой победы: общая ответственность перед историей и будущим, „Известия“, Москва 2020, стр. 26-28  http://static.kremlin.ru/media/events/files/ru/hOAWB1GRwEMuVtAAGREjC8Vvl3VxqiW4.pdf

[24] გვ 29

[25] გვ 46

[26] გვ 43

[27] Аркадий Дубнов, Как Путин хочет объединить Абхазию, Донбасс, север Казахстана и другие территории под эгидой Москвы, Политика. Прямая линия, TV Rein, 31/07/2021

https://www.youtube.com/watch?v=0ohbZ3t4gL0

[28] Федеральный закон «О внесении изменения в Федеральный закон «Об увековечении Победы советского народа в Великой Отечественной войне, 1/07/2021, http://kremlin.ru/catalog/keywords/117/events/66036

bottom of page