top of page

რუსული ლიბერალური ინტელიგენციის მოულოდნელი ზომიერი ოპტიმიზმი?


დავით დარჩიაშვილი | კრიტიკა | 25 ივლისი, 2021


საქართველო რუსეთთან მართალია, რადგან პატარაა და ის, დიდი, მას სიპატარავის გამო ჩაგრავს. სხვაფრივ, დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური კლასის, მას მიმყოლი ზეპური საზოგადოების და დანარჩენთა საგრძნობი ნაწილი ტყუპის ცალივით წააგავს რუსულ ანალოგს. სახელმწიფო ჩვენშიც წოდებრივ-კორპორატიულია, თუმცა კი რუსული ჩაგვრის შიშით ევრო-ამერიკას ელაციცება და, ამიტომ, მედიას მთლად იმ დღეში არ/ვერ აგდებს, როგორშიც დიდი ძმა. ხალხში ისევეა ფესვგამჯდარი ატომიზაცია, კონსპირაციული თეორიები, თვითგადარჩენაზე მუდმივი ზრუნვა-წუხილი, როგორც იმ მეორე (თუ პირველ?) „ღვთივკურთხეულში“. ერთი განსხვავება ნათესაური კლანურობაა. ის ჩვენთან უფრო ძლიერია და ევროპული სოციალური კაპიტალის სუროგატს გვაძლევს. უკეთესის, ანუ სამოქალაქო საზოგადოების არქონის გამო, ეს ფენომენი გარკვეული ალტერნატივაა საიმისოდ, რომ სახელმწიფოს ეგოისტურ-უნიათო ბუნების პირობებში თავი გავიტანოთ.


საბედნიეროდ, იმათთანაც და ჩვენთანაც არიან ადამიანები, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან „დალხენილი“ ტრანსატლანტიკური სივრცის კრიტიკულად მოაზროვნეებს წარსულსა თუ აწმყოში. ისინი სწუხან საქმეთა სავალალო მდინარებაზე, სვამენ დიაგნოზს, პოულობენ საამისოდ დამარწმუნებელ სიტყვებს. რადგანაც რუსეთის და საქართველოს საზოგადოებათა წყლულები მნიშვნელოვანწილად მსგავსია, და იმიტომაც, რომ იმპერიული რუსეთი კვლავ დამოკლეს მახვილივით კიდია ჩვენს თავს, მათი (კოლექტიური რუსების) დიაგნოზი თუ პროგნოზი საინტერესო და სასარგებლო მგონია ჩვენივე მომავლის წარმოსადგენად. საამისო მეთოდად კი, ჭკვიანი რუსის აზრების მოსმენა/წაკითხვა ეფექტის მომცემია.


სერგეი მედვედევი მეგობარიცაა და ჩვენი ცენტრის პროექტების მონაწილეც. რამდენიმე წლის წინ გამოიცა მისი წიგნი „ყირიმის პერიოდის პარკი“, რომელიც პუტინის რუსეთზე დაწერილი პოლიტიკურ-კულტურული ესეების კრებულია.  ლვოვში პრეზენტაციის სარეკლამო ანონსში ეს წიგნი რუსული პოლიტიკური მეცნიერების ბესტსელერად იყო მოხსენიებული. 2018 წელს წიგნის პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც შედგა. თანამედროვე რუსული ცხოვრების ჩანახატთა ეს კრებული წამძღვარებული იყო შესავლით, რომელშიც ავტორი რუსეთში ლევიათანის, ანუ ყოვლისმომცველი, ადამიანთა მომნელებელ-გადამამუშავებელი სახელმწიფოს დაბრუნებაზე საუბრობდა. როგორ ჰგავდა და ჰგავს ეს შეფასება ჩვენი ცენტრის კიდევ ერთი რუსი მეგობრის, უცხოეთის აგენტად შერაცხული ლევადა ცენტრის ხელმძღვანელის ლევ გუდკოვის მოსაზრებას პუტინის რეჟიმის ე.წ. მეორადი ტოტალიტარული ბუნების შესახებ! სერგეის არაერთხელ განუცხადებია, რომ როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ისე ყირიმის ანექსია მისი სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, ოღონდ „ყირიმის პერიოდს“ ანუ 2013/14 წლებიდან შექმნილ ვითარებას იგი განსაკუთრებულად მუქ ფერებში ხატავდა. შეიძლება ვიკამათოთ, შეიცვალა თუ არა რუსული სახელმწიფო არსებითად ამ ამბებიდან მოყოლებული. მედვედევი ძირითად აქცენტს ქვეყნის საშინაო პოლიტიკასა და მისი ელიტის იდეოლოგიურ წიაღსვლებზე აკეთებდა და მიიჩნევდა, რომ წოდებრივ-კორპორატიული, რეპრესიული, დანარჩენ სამყაროზე ეჭვით მომზირალი რუსეთი საბოლოოდ ყირიმის ანექსიისას ჩამოყალიბდა. სავარაუდოა, რომ დასავლეთშიც ბევრი ასე უყურებს რეალობას, თუმცა როგორც დასავლეთთან, ისე საკუთარ სამოქალაქო საზოგადოებასთან ხიდები პუტინმა მთლად 2003 წელს თუ არ დაწვა, 2012 წელი მაინც გამორჩეული გახადა არჩევნების გაყალბებით, ხელისუფლებაში მობრუნებით, ე.წ. დიმა იაკოვლევის კანონით. გავიხსენოთ, რომ ამ კანონმა შეერთებულ შტატებში ბავშვების გაშვილება აკრძალა და რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს ფუნქციონირება გაურთულა. შესაბამისად, მან ოპოზიციურ წრეებში „გარეწრების კანონის“ სახელი დაიმსახურა.


მაგრამ ეს წერილი რუსული ავტორიტარიზმის ქრონიკა არაა. იგია რეფლექსია სერგეი მედვედევის ახალ შეფასებებზე, ხედვაზე, როგორადაც მან ეს ტელეკომპანია „დოჟდ“-ში სტუმრობისას გამოხატა 2021 წლის ივლისში. მე მომეჩვენა, რომ სერგეი ახლა უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე თავის გახმაურებულ წიგნში. არა, იგი არ ამტკიცებს, რომ კრემლის რეჟიმის რეპრესიულობამ იკლო. ასე რომ ეთქვა, ალბათ არც მისი ინტერვიუს ქვემოთ მითითებულ ლინკს გავაზიარებდით. თან მედვედევი ერთ-ერთი იმათგანია მოსკოვში მცხოვრებთაგან, ვინც ღიად გმობს ალექსეი ნავალნის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს.  მისთვის 2021 წლის რეპრესიები, როგორც თავად ამბობს, პოლიციელთა თუ გვარდიელთა მხრიდან პროტესტანტთა „ღვიძლის ასფალტზე გასრესა“ პუტინისეული ბიოპოლიტიკის მარკერია. არანაკლებ ნატურალისტურია რუსული საზოგადოების დიდი ნაწილის მისეული ილუსტრაცია. სერგეისათვის რუსული სახალხო ეჭვიანობა ვაქცინაციის მიმართ ორ რამეზე მიუთითებს: საზოგადოება ატომიზირებულია, ადამიანი საკუთარი კომფორტის მიღმა ვერ იყურება, არ არსებობს საზოგადოებრივი სიკეთისა თუ სოლიდარობის განცდა. შესაბამისად, ვაქცინაზე უარის თქმა ისეთივე ნიშანდობლივი მაგალითია ზემოთქმულისა, როგორიც ნაგვის ქუჩაში დაყრაა. ამასთან, სერგეის თქმით, რუსული საზოგადოება სხვებზე მეტად კონსპიროლოგიურია. ანუ მისი დიდი ნაწილისათვის ვირუსიც შეთქმულებაა და ვაქცინაციაც. აცრების მომხრე მოსახლეობის მხოლოდ 14%-ია - როგორც სერგეი ასკვნის - განათლებული უმცირესობა.


და სადაა აქ ოპტიმიზმი? შეიძლება იკითხოს მკითხველმა თუ მაყურებელმა. იგი შემდგომ ლოგიკაშია: მედვედევი თვლის, რომ რუსულმა სახელმწიფომ პანდემიისას უუნარობა აჩვენა. გაზაფხულზე თითქოს ბრძოლა მიმდინარეობდა. საკუთარი წარმოების ვაქცინაც შეიქმნა. მაგრამ ბრძოლა დასრულდა, ვაქცინა საერთაშორისო დონეზე ვერ დარეგისტრირდა, ანტივაქსერულ განწყობებს ბოლო დრომდე სახელმწიფომ არაფერი დაუპირისპირა. „სახელმწიფოს მხოლოდ საკუთარი საჯდომის უზრუნველყოფა შეუძლია“, ასკვნის სერგეი და თვლის, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება არ გარისკავს საკარანტინო შეზღუდვებს - სიკვდილიანობის მატებას ხალხი საავადმყოფოების პერსონალს აბრალებს, ლოკდაუნებს კი ხელისუფლებას დააბრალებს და კრემლს ეს არ სურს.  პუტინის ხელისუფლება არ ხარჯავს ნავთობის ფასის ზრდით ისევ მომატებულ შემოსავლებს ხალხისათვის - მოსალოდნელი გლობალური ომით აშინებს ადამიანებს და მისთვის მზადებით ამართლებს მომჭირნეობას. ხალხიც ჩუმადაა. რუსეთის იზოლაცია მხოლოდ გაიზრდება ასე. მაგრამ, სერგეის აზრით, რუსეთს არ თუ აღარ აქვს თეოკრატიის ან რაიმე სხვა ტიპის ტოტალიტარიზმის რესურსი. რუსეთი ვერ გადაიქცევა დიდ ბელარუსად, რადგან „ლუკაშენკოს ათვლის წერტილი მოსკოვია, ჩვენი კი ვაშინგტონი“.


მედვედევი მიიჩნევს, რომ კრემლი გააგრძელებს წერტილოვან დარტყმებს საკუთარ საზოგადოებაზე თუ საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ მას უნდა, რომ დასავლეთი ელაპარაკებოდეს. მას სხვაგვარად არ შეუძლია. 2010 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელი რუსეთში ერთნაირსქესიანი წყვილების რეგისტრაციის აკრძალვაზე ახლახან დაკმაყოფილდა. ამას ექნება რეზონანსი. მოსკოვში ერთ-ერთმა კომერციულმა ფირმამ გეი წყვილის იმიჯი გამოიყენა საკუთარი პროდუქციის რეკლამაში. მერე შეეშინდა, რეკლამა მოხსნა, ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს რგოლი სოციალურ ქსელებშია. იგი რეზონირებს. ურბანიზაცია თავისას გარდაუვალად აღწევს, რუსეთი პერიფერიაა, მაგრამ გლობალიზაციის პერიფერია. ლევიათანი იშლება, იგი ვერ უძლებს გამოწვევებს. დღეს რუსეთი კარელიასა და იაკუტიაში მიმდინარე მასობრივ ხანძრებს ვეღარ ებრძვის, ხვალ კოვიდის ან ჩინეთის მსგავსი გამოწვევები კიდევ მოიმატებს და ლევიათანი - რუსული იმპერიული სახელმწიფო - ამ გამოწვევების გასამკლავებელ საშუალებებს არ თუ ვერ ფლობს. „ჩვენ ვცხოვრობთ დაშლის ეპოქაში“ ასეთია სერგეის დასკვნა.


ეს თეზისები სუმბურულია - სხვაგვარი ვერც იქნება ინტერვიუს ფორმატში. სერგეიმ არც ის იცის, როდის დაიშლება ლევიათანი, როდის გახდება რუსეთი ჩვეულებრივი ქვეყანა. მაგრამ მას ეს სწამს, რადგან ამაშია ისტორიის გარდაუვალი კანონზომიერება და ცივილიზაციის სისტემური ლოგიკა. აი ასეთი, ზომიერი, ფრთხილი, მაგრამ მყარია, მომავალზე გათვლილია სერგეის ოპტიმიზმი. ასე ფიქრობს „განათლებული უმცირესობა“ რუსეთში.


მგონია ჩვენთანაც, ანუ პოსტსაბჭოურობის მომცრო კუნძულზე, იგივე მოხდება. დღეს უმრავლესობა რუსებივით კონსპიროლოგიურია, რაც მმართველ კლანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. რუსულივე მოტივებით თუ კულტურული სტერეოტიპებითაა ნასაზრდოები LGBTQ თემის დევნა თუ ჟურნალისტების ცემა თბილისში. მსოფლიო ცივილიზაციის განუხრელ დამკვიდრებასთან ბრძოლა სულ უფრო მახინჯ და სასტიკ ფორმებს იღებს. მაგრამ მეც მწამს, რომ ეს დასრულდება როგორც რუსეთში, ისე (და ამიტომაც) საქართველოში. ოღონდ სერგეივით არ ვიცი, როდის.


https://tvrain.ru/teleshow/politika_prjamaja_linija/sergej_medvedev-534421/?fbclid=IwAR1lSB67yuiYw8DTdBDktWsVE6kLvnsO0dzz51wJuG-KPmh1SMsWw8A_tDY

bottom of page