top of page

გეოპოლიტიკის ისტორიული კონტექსტუალიზაცია: ვარიაციები ანჟეი ნოვაკის წიგნზე „ისტორია და გეოპოლიტიკა. დავა აღმოსავლეთ ევროპისათვის“


დავით დარჩიაშვილი | კრიტიკა | 3 თებერვალი, 2023


რეზიუმე


რუსულ იმპერიულ აღქმაში ანუ რუსულ გეოპოლიტიკაში პოლონეთი ხან კედელი იყო და ხან - დერეფანი, თვლის იაგელონის უნივერიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, სოვიეტოლოგი ანჟეი ნოვაკი. იგი, ასევე, ბევრს წერს, თუ რა იყო და რა არის რუსეთი პოლონელთა თვალთახედვიდან, როგორ ესმოდათ და ესმით პოლონურ ინტელექტუალურ წრეებსა თუ პოლიტიკოსებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და მისია. არსებობდა ოდესმე პოლონური იმპერიალიზმი? Rzeczpospolita და პოლონეთი ერთი და იგივეა? თავსებადია ლოიალურობა უცხო იმპერიის მიმართ და სამშობლოს სამსახური? ამ და რიგ სხვა საკითხებზე, რომლებიც, რუსეთის უკრაინულ აგრესიის ფონზე მზარდ აქტუალობას იძენს, იხილეთ ჩემი ესე ნოვაკის ერთ-ერთი გახმაურებულ ნაშრომზე. ვფიქრობ, წინამდებარე ტექსტი საინტერესო საკითხავი უნდა იყოს ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის და, კერძოდ, პოლონეთის ისტორიით დაინტერესებულთათვის. აქაა ფიქრი იმაზეც, თუ რა წონა და მნიშვნელობა აქვს როგორც ისტორიას, ისე გეოპოლიტიკას ჩვენი შეხედულებებისა და პოლიტიკური ორიენტაციის ფორმირებაში. ვთვლი, რომ გეოპოლიტიკის ისტორიასთან თუ ისტორიოსოფიასთან ერთ სიბრტყეზე დაყენება, როდესაც ამა თუ იმ ერის ისტორიაზე ვსაუბრობთ, საკამათოა. ამასთან, ნოვაკის გეოპოლიტიკური შტუდიები სამყაროს ხედვის ამ პერსპექტივის სულ სხვაგვარი, შესაძლოა, თავად ავტორის შეხედულებათა საპირისპირო ინტერპრეტაციის სტიმულს აჩენს.



ზოგიერთი მოსაზრება ნაშრომის აქტუალობაზე, ჩარჩოსა და ავტორზე


ანჟეი ნოვაკის წიგნი (Nowak 2008), რომელიც ესეს სათაურშია მოხსენიებული და რომლის მიმოხილვასაც წინამდებარე ტექსტი ეძღვნება, აქტუალურიცაა და საინტერესოც. ინტერესი მის მიმართ ორმხრივია - აკადემიური და პოლიტიკური. ბოლოდან დავიწყოთ: წიგნის ცენტრალური საკითხი უკრაინა არაა, მისი ფოკუსია პოლონეთის და რუსეთის საუკუნოვანი ურთიერთდამოკიდებულებები და იმ რეგიონის ცვალებადი ბედი, რომელსაც ტიმოთი სნაიდერმა „სისხლიანი მიწები“ უწოდა (Snyder 2012). მაგრამ უკრაინა სწორედ რომ აღნიშნული რეგიონის - აღმოსავლეთ თუ ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ნაწილია. შესაბამისად, ნოვაკის ნაშრომი საჭიროა იმ ომის ფესვებზე სამსჯელოდ, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგია. წიგნი 2008 წელს გამოიცა და, ბუნებრივია, 2014 თუ 2022 წლების საომარ მოვლენებს ვერ დაფარავდა. მაგრამ ისტორიული მოვლენები არასოდეს აიხსნება დაწყების წერტილით. მათ მიზეზები ხშირად ათწლეულების თუ საუკუნეების სიღრმეშია. ნოვაკი სწორედ ამ მიზეზების, კონტექსტის ინტერპრეტაციას გვთავაზობს. შესაბამისად, წიგნი აქტუალურია როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ ქართველი მკითხველისათვის მნიშვნელოვანი რეგიონული კატაკლიზმების უკეთ გასაგებად. მეტიც, იგი გვეხმარება იმაზე დაფიქრებაში თუ კიდევ რა შეიძლება მოხდეს - როგორია ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის მომავალი.


რა თქმა უნდა, ისტორია, როგორც აკადემიური საგანი, პროგნოზების კეთების ასპარეზი არაა. თუმცა, რახან იგი გვეხმარება კვლევის ობიექტის - ერის, რეგიონის თუ სხვა რამ სოციალური ერთობის - შეცნობაში, ისტორია მომავალზე დაფიქრების ადეკვატურ ნიადაგსაც ქმნის. თან ნოვაკი მიიჩნევს, რომ ისტორია ისტორიოსოფიისათვის, ანუ მისი განზოგადებისა და აწმყოს კონსტრუირებისათვის გამოიყენება პოლიტიკოსებისა თუ იდეოლოგების მიერ. ეს მას განსაკუთრებით სუბიექტურ ელფერს ანიჭებს, სამაგიეროდ კი ცოცხალს ხდის: პოლონელთათვის ერთ-ერთი მთავარი ზეიმი დღემდე „ვისლას სასწაულის“ ანუ ვარშავასთან ბოლშევიკთა არმიის შეჩერების წლისთავია, რუსთათვის კი ეროვნულ დღედ 1612 წელს კრემლიდან პოლონელ შლიახტიჩთა გაძევებაა მიჩნეული. ანუ ისტორია ცოცხლობს. „დღევანდელი მოსკოვი-ვარშავას პოლიტიკური კონფლიქტები ისევ ისტორიის ჩრდილში თამაშდება“ - წერს ავტორი (Nowak, 2008, 8)


თითქოს მსგავსი, პროცესთა განგრძობადობა-განპირობებულობის ჩვენების ფუნქცია აქვს გეოპოლიტიკასაც, რომელიც ანჟეი ნოვაკის წიგნის სათაურშია ნახსენები.   გეოპოლიტიკას ისტორიაზე ბევრად უფრო პრობლემური ბედი დაჰყვა. ჩემთვის იგი არცაა ავტონომიური აკადემიური დისციპლინა. თავისი ტრადიციული სახით, გეოპოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობების ცალმხრივი, დეტერმინისტული აღქმა მგონია.


XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე ამერიკელი ზღვაოსნის, ალფრედ მაჰანის ინტელექტუალურ ნაკვალევზე დაყრდნობით, ბრიტანელი და გერმანელი „გეოპოლიტიკოსები“ სამყაროს სახელმწიფოთა მუდმივი გეოგრაფიული დაპირისპირების ასპარეზად წარმოიდგენდნენ. ჩნდებოდა „საზღვაო“ და „სახმელეთო“ იმპერიების ეტერნალური მეტოქეობის თეორიები, „ჰარტლანდის“ და „რიმლანდის“ ბრძოლათა კონცეფციები და ა.შ. ამ ხედვებმა XX საუკუნის ცნობილი ამერიკელი თეორეტიკოსი და დიპლომატი, ზბიგნევ ბჟეზინსკიც მონუსხა. ოღონდ თუ იგი მაინც მისდევდა იდეების, ანუ დემოკრატიის ავტორიტარიზმთან ბრძოლის პრიმატის ლოგიკას, პოსტ-საბჭოთა რუსეთში გეოდეტერმინიზმმა - „გენეტიკურად“ კუთვნილი სივრცის პყრობის ჟინმა - ტრადიციული გეოპოლიტიკა კვლავ ფსევდომეცნიერებების საუფლოში გაიტყორცნა.


დღეს არსებობს ე.წ. კრიტიკული გეოპოლიტიკა, რომელიც ამა თუ იმ გეოგრაფიული არეალის სტრატეგიულ მნიშვნელობას კი არ ეძებს, არამედ მისი მაძიებლების წარმოსახვითი სამყაროს გეოგრაფიაზე თავსმოხვევას ხედავს. მე ვერ ვიტყვი, გეოპოლიტიკის რა ვერსიის მხარდამჭერია ანჟეი ნოვაკი - იგი, უბრალოდ, კონკრეტულ მაგალითებს განიხილავს. მისი მიდგომაა, რომ მაშინ, როდესაც ლიბერალები „ისტორიის დასასრულზე“ საუბრობენ, რუსეთი ისევ სივრცეებითაა გატაცებული და, ამიტომ, გეოპოლიტიკის მოძველებაზე საუბარი ალბათ ადრეა. ნოვაკი გვთავაზობს ვიდებატოთ პოსტ-მოდერნულ პოლიტიკაზე „რომელშიც სივრცე ზედმეტად ხშირადაა იგნორირებული“ (იქვე 2008, 35).


შესაბამისად, იგი გვეპატიჟება რამდენიმე საუკუნოვანი პოლონურ-რუსული ისტორიისა და გეოპოლიტიკის განსახილველად. მკითხველის წინაშე კონსტრუირდება ისტორიული დრამის ამსახველი სურათები, სადაც გეოგრაფია და პოლიტიკა ხშირად და საკმაოდ ლოგიკურადაა გადაჯაჭვული. ამ სურათებს ნაკლები აქვთ საერთო სერ ჰარფორდ მაკინდერის „ჰარტლანდის თეორიასთან“ ან ზბიგნევ ბჟეზინსკის „დიდ საჭადრაკო დაფასთან“. გეოგრაფიული დეტერმინიზმი აშკარად არაა ნოვაკის კრედო და მის მსჯელობებში ისეთი ცვლადები როგორც იდეები, პოლიტიკური ამბიციები და კულტურაა (შემოაქვს ტერმინი „გეოკულტურაც“) იქვემდებარებს გეოგრაფიას. ასე მაგალითად, ნოვაკი გვიყვება, რომ რუსულ გეოპოლიტიკურ და გეოკულტურულ დილემებზე გავლენა ევროპის „ერების გაზაფხულმა“, ყირიმის ომმა, პოლონეთის 1863 წლის აჯანყებამ იქონია. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნაა გამოსატანი, რომ ისტორიული ხდომილებები ანიჭებდნენ მნიშვნელობას გეოგრაფიას, კერძოდ, პოლონეთის მდებარეობასა და მის მიმართ დამოკიდებულებას, და არა პირიქით.


წიგნი ხშირად გვაბრუნებს თანამედროვე რუსეთის ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის კლიშეებთან, რომლებიც საუკუნეების სიღრმიდან მოდის. ნოვაკის ტექსტიდან კარგად ჩანს, თუ როგორი არაადეკვატურია ხოლმე ასეთი ანაქრონისტული ნაბიჯები, როგორ იღებენ ისინი კიტჩის, პაროდიის სახეს. თუმცა ხიფათის განცდა ამით არ კლებულობს და ნოვაკიც თითქოს უკვე ელოდებოდა კვანძის იმდაგვარად გახსნას, როგორც ეს წიგნის გამოცემიდან წლების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვალს მოხდა.


როგორც ვთქვი, წიგნის მთავარი გმირი პოლონეთია, რაც ჩვენთვის ორმაგადაა საინტერესო. რა არ ეთმობა თანამედროვე პოლონურ საზოგადოებას  - როგორც ერთგან ნოვაკი უწოდებს -  იაგელონთა იმპერიის (იქვე, 45-47) მემკვიდრეობიდან? როგორ აღიქვამდა პოლონური ელიტა ეროვნულ ინტერესს მისი სახელმწიფოებრიობის გაუქმებისას, რუსეთის და სხვა იმპერიების ფარგლებში მოქცევის შემდეგ, კომუნისტური მმართველობისას და დღეს? რა ლოზუნგებით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მისი ბრძოლა - ანუ როგორ განიცდიდა ევოლუციას პოლონური იდეოლოგია და გეოპოლიტიკა? ქართველი მკითხველისათვის ამ კითხვებზე პასუხი დროულია, რადგან თუ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და განვითარება გვინდა, პოლონეთი ერთ-ერთი საყურადღებო მაგალითი, ან იქნებ მოდელიცაა ჩვენთვის. განსხვავებები ბევრია - პოლონეთის ზომებით დაწყებული და მისი კათოლიკური იდენტობით დამთავრებული. თან პოლონეთი მეტ-ნაკლებად სამშვიდობოსაა გასული ნატოსა და ევროპის კავშირის წევრობით. მაგრამ ჩვენ ხომ გვაინტერესებს, რეალურად რას იძლევა ეს წევრობა საუკუნოვან ისტორიაზე იმდაგვარად ფოკუსირებული ერებისათვის, როგორიც პოლონელები და ქართველები არიან?! თან მსგავსებები პოლონეთსა და საქართველოს შორის ეგებ განსხვავებებზე მეტიც იყოს: პოლონელებიც უცხო იმპერიების მეტოქეობის მსხვერპლად აღიქვამენ თავს. როგორც კიდევ ერთი ცნობილი პოლონელი ისტორიკოსი, პიოტრ ვანდიჩი წერდა (Wandycz, 1996) მათაც ჰქონდათ და ეგებ კიდევ აქვთ იდენტიფიკაცია კაცობრიობისათვის გოლგოთაზე ასულ ქრისტესთან (იქვე 1996, 118), რაც ჩვენს გამორჩეულობისაკენ მიდრეკილებას უნდა გვახსენებდეს. მე თუ მკითხავთ, ასევე ბევრი მსგავსებაა, ერთი მხრივ, ქართულ და აფხაზურ, მეორე მხრივ კი პოლონურ და რუთენიანულ/უკრაინულ იდენტობათა თანდათანობით დაცილებას შორის; დაბოლოს, როგორც პოლონურ, ისე ქართულ სოციუმში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა თავად-აზნაურობა, რომანტიკული პოეზია თუ შედარებით გვიანდელი ინტელიგენცია.  


ამ უკანასკნელ ფენომენზე საინტერესო სურათებს იძლევა ნოვაკი, მაგრამ თავად ფენომენის შეფასებისათვის, რომელიც მე ძალზე მახსენებს ქართულ ანალოგს, ისევ ვანდიჩს დავესესხები: პოლიტიკური ლიდერების უმეტესობას რაღაც აკავშირებდა ძველ შლახტასთან, თუნდაც მის მიდრეკილებასთან მუდმივი ამბოხებისაკენ...პოლონური ინტელიგენციის ფენომენი ახლოს იყო რუსულთან, თუმცა გამოირჩეოდა კულტურული და ეროვნული ლიდერის პასუხისმგებლობით (იქვე, 261).


მაგრამ დავუბრუნდეთ ანჟეი ნოვაკის ისტორიოსოფიას, გეოპოლიტიკურ შეფასებებს და ყოველივე ამის კონკრეტულ ილუსტრაციებს. შესავლის დასასრულს იმის თქმა მინდა მხოლოდ, რომ ბედმა მასთან შეხვედრა და საუბრის შესაძლებლობა 2022 წლის სექტემბერში მარგუნა. მანვე მაჩუქა აქ განხილული წიგნი, როგორც მის შემოქმედებაში გამორჩეული და ჩემს კვლევით ინტერესებთან თანხვედრაში მყოფი ტექსტი. ანჟეიმ გამოხატა საქართველოს რუსულ-იმპერიული გამოცდილების შესწავლისა და პოლონურთან შედარების ინტერესი, თუმცა კი აღიარა, რომ ამის შესახებ ბევრი არაფერი იცის. სხვათა შორის, იაგელონის უნივერსიტეტის პროფესორი ანჟეი ნოვაკი, წარდგენილი როგორც ისტორიკოსი, პედაგოგი, პუბლიცისტი და სოვიეტოლოგი,  კითხულობს პოლონეთის ისტორიის მეტად საინტერესო ციკლს პოლონურ რადიოზე. ციკლის სახელწოდებაა Historia Żywa. მისი ინტერნეტში პოვნა ამ ლინკითაა შესაძლებელი https://www.youtube.com/watch?v=etNSLDTXJ_k&t=1138s


 

პოლონური ელიტის  იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური ხედვების დინამიკა


წიგნი იმის მტკიცებით იწყება, რომ რუსეთ-პოლონეთის გეოპოლიტიკური კონფლიქტი, სულ ცოტა, XVI საუკუნეში ჩაისახა და მკვლევრები ახლა სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის გეოპოლიტიკურ განზომილებას უბრუნდებიან. უშუალოდ რუსულ გეოპოლიტიკურ ორიენტირებად, თავად რუს ავტორთა ანალიზის კვალობაზე, ნოვაკი მონღოლეთის, კიევის რუსეთის და მსოფლიო მართლმადიდებლობის ცენტრობის იდეებს ხედავს. თუმცა პეტრე პირველმა, ნაწილობრივ კი, ეკატერინე მეორემ, ინიციატივა დაკარგულ პოლონეთზე გავლენის დამყარება სხვა მოტივებითაც ისურვეს - მათ რუსეთის ევროპულ პოლიტიკაში დამკვიდრება და რუსეთის ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთ ცენტრად ქცევა სურდათ. ამავდროულად, სწორედ ეკატერინეს დროს ისახება რუსულ აზროვნებაში დილემა: იმპერია აზიის მთებსა და ტრამალებზე ევროპელობის გამავრცელებელი უნდა იყოს თუ ახალი იდენტობა მოძებნოს ევროპის საპირწონედ? (Nowak, 2008, 13-23). ასეთ საკითხებზე მსჯელობა ფუნდამენტია, რომ გავიგოთ რუსეთიდან მომდინარე რა საფრთხეებს და რით უპირისპირდებოდა პოლიტიკური დაქვეითების, სუვერენიტეტის დაკარგვის გზაზე დამდგარი პოლონური ელიტა?


რუსეთის ქცევა განმანათლებლობის აღმოსავლურ ცენტრად ზოგიერთ პოლონელ მოაზროვნესაც უნდოდა. იან პოტოცკი უკვე რუსეთის-ავსტრია-პრუსიის მიერ დაყოფილ/გაუქმებული პოლონეთის პირობებში წერდა იმპერატორ ალექსანდრე პირველს და მის პოლონელსავე საგარეო საქმეთა მინისტრს, ადამ იერჟი ჩარტორისკის, რომ სწორედ ევროპელობის განსავრცობად უნდა დაეპყრო რუსეთს კავკასია, დაემყარებინა გავლენა ჩინეთის ვაჭრობასა და ავღანეთზე. მაგრამ, როგორც ნოვაკი თვლის, ევროპის შუქურად რუსეთის გადაქცევის ეს იდეა, რომლის ფარგლებშიც პოლონეთი საკუთარ ფუნქციას მონახავდა, დაგვიანებული იყო. ევროპა საფრანგეთის რევოლუციამ გაყო და იმჟამინდელი რუსული პროპაგანდის თანახმად, პოლონეთის საბოლოო დანაწილებაც აქ ფრანგული რევოლუციური იდეების გავრცელების აღსაკვეთად მოხდა.


ჩემი აზრით, წიგნის ზემოთნახსენები პასაჟები ნოვაკის ისტორიოსოფიის ორ წახნაგს წარმოაჩენს, თუმცა ისინი მკაფიოდ არაა არტიკულირებული: 1. პოლონური ელიტის ნაწილი რუსეთის სამსახურში ცდილობდა არა მხოლოდ პიროვნული, არამედ ეროვნული ინტერესების განხორციელებას (ამ თეზისს ქვემოთ კიდევ დავუბრუნდები, რადგან იგი საკვანძოა პოლონური ისტორიული თუ პოლიტიკური დისკურსის გააზრებაში); 2. იმჟამინდელი გეოპოლიტიკა, ანუ პოლონეთის და მთელი ევროპის აღქმა რუსული მხრიდან, ისევე როგორც რუსეთისა პოლონეთიდან, მიმდინარე პოლიტიკურ ინტერესებსა და იდეოლოგიურ არჩევანზე ხდებოდა დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოლონეთი რუსეთის იმპერიისათვის არ ყოფილა თავისთავადი და უცვლელი მოცემულობა. მის მიმართ დამოკიდებულება სიტუაციური იყო. ასე ხედავს ნოვაკი და ეს იგულისხმება რეზიუმეში მოყვანილ ციტატაში, რომ პოლონეთი პეტერბურგიდან და მოსკოვიდან ხან დასავლეთისაგან გამყოფ კედლად მოჩანდა და ხანაც დასავლეთისაკენ გამყვან დერეფნად. პეტრემ თუ მისმა დამ, საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ ბნელ იზოლაციონისტად მონათლულმა სოფიომ „დერეფნის გეოპოლიტიკით“ დაიწყეს. ეკატერინე მეორემ ეს ხაზი გააგრძელა. მაგრამ საფრანგეთის რევოლუციამ რუსეთში ანტიევროპული დისკურსის განვითარებას შეუწყო ხელი. „დერეფანი“ „კედლად“ იქცეოდა...

ნოვაკის წიგნის ზემოთდასახელებულ პასაჟებში იკვეთება ერთი გარემოებაც: ადამ ერჟი ჩარტორისკი, პოლონეთის ნობილიტეტის წევრი, რომელიც ახალგაზრდობაში რუსებს ეომებოდა, მალე რუსეთის საიმპერატორო ოჯახს დაუმეგობრდა და ახალგაზრდა ალექსანდრე პირველის ახლო მეგობარი, მისი „ინტიმური კომიტეტის“ წევრი გახდა. რუსეთის სამსახურში ჩამდგარი, იგი 1805 წელს წერდა, რომ იმპერიის მისია რევოლუციური სისტემისაგან ევროპის გათავისუფლება იყო (იქვე, 24). იმავდროულად, ჩარტორისკი ალექსანდრესავე ნებართვით კურირებდა გაუქმებული პოლონურ-ლიტვური სახელმწიფოს - RzeczPospolita-ს ვილნო/ვილნიუსის საგანმანათლებლო ოლქს, რომელშიც კიევიც შედიოდა, და იქ მოწინავე, ლიბერალურ სულისკვეთებას ნერგავდა. პარალელურად, პოლონელი მაგნატების შთამომავალი სამშობლოს აღდგენაზეც ოცნებობდა.  1830 წელს იგი იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულებს შეუერთდა და ემიგრაციაში წასული ზრუნავდა რუსეთის დამონებულ ხალხთა ელიტების მომზადება-კოორდინაციაზე. ნოვაკის აზრით, ადამ იერჟი ჩარტორისკი პოლონეთის გამათავისუფლებლის, იუზეფ პილსუდსკის „პრომეთეანიზმად“ მონათლული პროგრამის საფუძველთა შემქმნელი იყო (იქვე, 185). აქედან გამომდინარე, ჩარტორისკის ბიოგრაფია რუსეთის იმპერიის სამსახურში შესული პოლონური არისტოკრატიის საგრძნობი ნაწილის წინააღმდეგობრივ პოლიტიკურ პროფილსა თუ იდენტობაზე მეტყველებს. მთლიანობაში, განსაკუთრებით კი რუსეთის ფარგლებში ავტონომიური პოლონეთის სამეფოს აღდგენაზე ვენის 1814-1815 წლების კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პოლონური ელიტა იმპერიის მიმართ ლოიალობისა და ნაციონალიზმის შეხამებას ცდილობდა.


ერთი შეხედვით, ამ მცდელობებისაგან არაფერი გამოდიოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. პოლონელები იყოფოდნენ - მაგალითად, 1850-იანი წლების „წითლებად“ (რადიკალებად) და „თეთრებად“ (ზომიერებად) (Wandycz, 1996, 167-169) - უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ ხშირი იყო შერიგებებიცა და ერთობლივი ნაციონალური ძალისხმევაც, როგორც ეს ადამ იერჟი ჩარტორისკის შემთხვევაში მოხდა. რახან არ მტოვებს სხვადასხვა დროებში პოლონური და ქართული ეროვნული მოძრაობების შედარებაზე ფიქრი, ჩარტორისკი, პოლონურ ეკონომიკაზე მზრუნველი, 1830 წლის აჯანყების კრიტიკოსი ფრანციშეკ კსავერი დრუცკი-ლიუბეცკი, 1863 წლის აჯანყების დროს ე.წ. პოლონეთის (რუსული) სამეფოს სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვიელოპოლსკი, პოლონური ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და პილსუდსკის მუდმივი ოპონენტი რომან დმოვსკი ქართველ ისტორიულ პერსონაჟებს მაგონებენ. ამ ადამიანებმა კარიერა და ცხოვრება სხვადასხვაგვარად დაამთავრეს. ბევრ მათგანს ძველი პოლონური ორდენებიც ჰქონდა მიღებული და რუსულ-იმპერიულიც. მათგან ალბათ ყველაზე პრო-იმპერიული ვიელოპოლსკი, რომელიც, აჯანყების არდაშვების მიზნით, პოლონელ აქტივისტებს რუსეთის ჯარში უშვებდა, განსაკუთრებით წინააღმდეგობრივ გრძნობებს აღძრავს.


არსებითად, ვიელოპოლსკიც იმედოვნებდა, რომ 1830 წლის აჯანყების შემდეგ პოლონეთის ე.წ. კონგრესის სამეფოს[i] ალექსანდრე მეორე ავტონომიის ნაწილს მაინც დაუბრუნებდა, ახალი აჯანყება კი ყველაფერს დაასამარებდა. მაგრამ მისი ოცნებებიდან არაფერი გამოვიდა და ვიელოპოლსკიმაც იმპერიის გარეთ, დრეზდენში დაასრულა სიცოცხლე. თანამედროვე პოლონელ მკვლევართა გადმოცემით,[ii] ეროვნული ღალატის ზღვარზე მოსიარულე ვიელოპოლსკის აჯანყების შემდეგ კიდევ ერთი განსაცდელის წინაშე აღმოჩენილი პოლონური საზოგადოების წარმომადგენლები სთხოვდნენ, რამე ეღონა (Wiech, 2002, 103). პიოტრ ვანდიჩის ინტერპრეტაციით, საუკუნენახევრის გასვლის შემდეგ ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ 60-იან წლებში პოლონელები ვიელოპოლსკის რეფორმებს უნდა დასჯერებოდნენ (Wandycz,1996, 165). რით არ იყო ვიელოპოლსკი, ისევე როგორც დრუცკი-ლუბეცკი თუ სხვები, ალექსანდრე ჭავჭავაძე ან გრიგოლ ორბელიანი? შეიძლება, რეფორმატორული თუ ადმინისტრაციული უნარებით, ჩვენი ლოიალისტი არისტოკრატები მაინც ჩამორჩებოდნენ ევროპულ განათლებას ნაზიარებ პოლონელ მაგნატებს - როგორც ცოტა უფრო გვიანდელმა ისტორიამ აჩვენა, ქართველები მიდიოდნენ პოლონეთში განათლების მისაღებად და არა პირიქით. როდესაც ამის საშუალება მოგვეცა, ევროპულ იდეებს ნაზიარები ჩვენი წინაპრებიც ეპოქის სულის შესაფერისი პოლიტიკური პროგრამების შემოქმედნი გახდნენ. ნიშანდობლივია, რომ ვარშავაში სწავლობდა ნოე ჟორდანია. ამ თემებზე პოლონეთის ელჩთან ჩემი საუბრისას გამოიკვეთა, რომ ელჩი, პროფესორი მარიუშ მაშკიევიჩი, რომელიც საქართველოს ისტორიითაა დაინტერესებული, ნოე ჟორდანიას იდეურ-პოლიტიკურ ტრაექტორიაში იუზეფ პილსუდსკისთან ხედავს პარალელებს, რომან დმოვსკის შეხედულებათა ძირითადი პრინციპები კი მას  ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობას აგონებს.[iii]


რა თქმა უნდა, მსგავსი პარალელიზმი სპეციალურ კვლევას ითხოვს. მაგრამ საყურადღებოა, რომ ილიაც, პოლონური არისტოკრატიისა და ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელივით, ავტონომისტი იყო, რადგან იმპერიის ნგრევა-გაქრობის ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავდა. ნიშანდობლივია, რომ 1906 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოხვედრისას ილია სწორედ პოლონელ დეპუტატებს დაუახლოვდა.  ე.წ. კრესის[iv] დეპუტატთა ჯგუფის და რუსული კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, მოსკოველმა ადვოკატმა ალექსანდრე ლედნიცკიმ იმპერიის ამ კვაზი-პარლამენტში საქართველოს ავტონომიის საკითხი დაარეგისტრირა. ილია განსაკუთრებით გულშემატკივრობდა პეტერბურგელი ქართველების მინდობილობით დარეგისტრირებულ ამ კანონპროექტს და ქართველ სოციალ-დემოკრატებს მის მხარდაჭერას სთხოვდა (კობახიძე 2020).


ერთი თემა, რაც აქედან მომდინარეობს და, ალბათ, რუსეთის იმპერიის არსებობის ხანაზე კიდევ უფრო მეტად, საბჭოთა იმპერიის პერიოდს თუ თანამედროვეობას ეხება, ეროვნული ღალატის თემაა. სად გადის ზღვარი იმპერიის მიმართ ლოიალობის აღიარებას, კოლაბორაციასა და, საბოლოო ჯამში, ღალატს/Zdrada-ს შორის? ამის თაობაზე პოზნანის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში პოლონელ კოლეგებთან მცირე დისკუსია მქონდა. 2022 წლის 28 სექტემბერს უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც პოლონური Rezeczpospolita-ს დაყოფა/დაპყრობის ისტორიოგრაფიას მიეძღვნა,[v] ვიკითხე თუ რაა (ან რა იყო) ღალატის და ლოიალობის საზღვრების დისკურსი პოლონეთში. სწრაფად გაჩნდა დამაზუსტებელი კითხვები - იყო თუ არა, მოღვაწეობის რაღაც მონაკვეთში, მოღალატე ჩარტორისკი და დრუცკი-ლუბეცკი? რაც შეეხება პასუხებს, ერთი მხრივ, პოლონელი ისტორიკოსები ამბობდნენ, რომ ეკატერინე მეორეს ინიციატივით განხორციელებული დაყოფა-დანაწევრების ეპოქაში უცხოელთაგან ფულის აღება, მათთან თანამშრომლობა იმთავითვე ღალატად შეფასდა. ეს ეხებოდა ე.წ. ტორგოვიცას კონფედერაციის წევრებს,[vi] რომელთა ლიდერების შთამომავლები მოგვიანებით „წინაპართა დანაშაულის“ გამოსყიდვას საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმეების კეთებით ცდილობდნენ.


მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც თანამედროვე პოლონელი ინტელექტუალები მიხსნიდნენ, სახელმწიფოს დაცემით ქრება ძველი ლოიალობებიც. რევოლუციონერობისა და რეფორმატორობის კიდევ ერთი შემთავსებელი, გაპოლონელებული გერმანელი იოახიმ ლელეველი, რომელსაც ცნობილი ლოზუნგის „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის“ ავტორად მიიჩნევენ,[vii] „ხალხისადმი ლოიალობის“ ახალი ცნების ავტორი იყო. იგი ქადაგებდა, რომ სახელმწიფო დასრულდა, მაგრამ საჭიროა ახალი მენტალობა ანუ ეროვნული აღორძინება.  ოღონდ რას უნდა ნიშნავდეს აღნიშნული ლოზუნგი კონკრეტულად, როდესაც პოლონურ შლახტას, გარემოებათა გამო, პოლონეთის ახალი მეფისადმი, ანუ რუსეთის იმპერატორისადმი ფიციც ჰქონდა დადებული?  ერთი პასუხი, რაც ამ დისკუსიაში გავიგე და დავიმახსოვრე, ისაა, რომ იმპერიის სამსახურში ყოფნისას, კონკრეტულ მოხელეს არ უნდა ევნო/nie szkodzić საკუთარი ხალხისათვის. თუმცა, ესეც საკმაოდ ზოგადი დეფინიციაა. აკი კოლეგებმა ღალატი/zdrada-ს ისტორიულ სემანტიკაზე ცალკე კონფერენციის გამართვა განიზრახეს. სანამ იგი ჩატარდება, ალბათ შეიძლება ითქვას - პოლონეთის XIX-XX საუკუნეების ისტორია ღალატზე უკონტექსტოდ საუბრის შეუძლებლობას აჩვენებს.


მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ მარეკ ნოვაკს, რომელიც თავის მხრივ ეხება ამ თემას და არანაირ იარლიყებს არ არიგებს. იგი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ადამ იერჟი ჩარტორისკი ალექსანდრე პირველს ერთგულად ემსახურებოდა, რუსული ელიტის საგრძნობი ნაწილისათვის ის და მისნაირნი იმპერიის პოტენციურ მოღალატეებად ითვლებოდნენ (Nowak 2008, 66-67). რუსულ განათლებულ კლასში თანდათან უფრო ძლიერდებოდა ნარატივი, რომ იმპერია მთავარი ღირებულებაა, პოლონელები კი „სლავების იუდა“ ერია (Tanty 2002, 42). მსგავსი შეხედულების საფუძვლები თავად ალექსანდრე პირველის კარის ისტორიკოსის, ნიკოლაი კარამზინის მიერ იყო ჩაყრილი და ისინი განსაკუთრებით პოლონეთის 1863 წლის აჯანყების შემდეგ გაძლიერდა.


ნოვაკის დამსახურებაა პოლონური ეროვნული ხედვების ისტორიული და იდეოლოგიური სტრუქტურის აღწერა. მისი წიგნი გვთავაზობს ქვეყნის ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის გეოპოლიტიკურ შეხედულებათა ევოლუციის სურათსაც. ყოველივე იწყება ღრმა ისტორიული ექსკურსით, რადგან, ჩანს, ავტორისათვის მთელი შემდგომი პოლონური თვითრეფლექსია ამ ისტორიის გაცნობიერებისა და რეინტერპრეტაციის საფუძველზე ხდება. იმპერიის ცნება მხოლოდ ნეგატიურია თანამედროვე პოლონელების უმეტესობისათვის. მაგრამ ნოვაკს ესმის, რომ ლიტვურ-პოლონურ-რუთენიანული[viii] პოლიტიკური ერთობა, რომელიც XV საუკუნიდან არისტოკრატული თავისუფლებების იდეით იწყებდა შეკვრას (Nowak 2008, 43-45) თანდათან იმპერიის ზოგიერთ ნიშანსაც იძენდა. Rzeczpospolita (რესპუბლიკა, თანამეგობრობა), რომელიც საბოლოოდ 1569 წელს გაფორმდა, ნოვაკისათვის ჯერ კიდევ XVIII საუკუნის გადმოსახედიდან არც იყო სახელმწიფო, იმდენად დიდი თავისუფლებები ჰქონდა მოსახლეობის აზნაურულ 7-10%-ს. მისთვის ეს უფრო არისტოკრატთა ანარქიული ასოციაციაა (იქვე, 52). იმავდროულად, ავტორი აღნიშნავს პოლონელ და ლიტველ მაგნატთა ჟინს, რომ ამ ასოციაციის ფარგლებში მოსკოვიც მოქცეულიყო. ნოვაკი საუბრობს დღევანდელი დასავლეთ-ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთ უკრაინის - პოდოლიეს - პოლონურ კოლონიზაციაზეც. საინტერესოა, რომ საკუთარი ნაციონალური გადმოსახედიდან, ამ ფაქტს უკრაინელი ისტორიკოსები სულაც არ/აღარ აღიქვამენ ნეგატიურად და პოლონური გვირგვინის ქვეშ უკრაინული მიწების გაერთიანების საწინდრად მიიჩნევენ (იქვე, 52). ბუნებრივია, სულ სხვაა ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ ჩამოყალიბებული „მოსკვიცინთა“[ix]რუსი შთამომავლების ისტორიოსოფიული თუ გეოპოლიტიკური ხედვა - მათთვის ეს ყოველივე ხომ ოდესღაც „დაკარგული“ კიევის რუსეთია.


დაუსრულებელი ომების პარალელურად, XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე მოსკოვი და Rzeczpospolita-ს ცენტრად ქცეული ვარშავა ერთიანობის პერსპექტივაზეც საუბრობდა. გამორიცხული არაფერი იყო, მაგრამ პროცესი რელიგიური მოტივით ჩაიშალა: ჯერ მოსკოვის მართლმადიდებლური მიტროპოლია იქცა საპატრიარქოდ, რითაც ლიტვა-პოლონეთის მართლმადიდებლებზე პატრონაჟის პრეტენზია გაცხადდა, მერე ლიტვა-პოლონეთმა გააფორმა ბრესტის უნია, რის საფუძველზეც რომის პაპთან შერიგებულ მართლმადიდებელთა, ე.წ. უნიატთა ეკლესია წარმოიშვა. როგორც ნოვაკი თვლის, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და პოლიტიკური ელემენტების კორელაციამ ისევ პოლონურ-კათოლიკური ცენტრის სასარგებლოდ გადახარა ვითარება Rzeczpospolita-ში (იქვე, გვ 56-57). რელიგიური იდენტობის დომინირების პირობებში ამ ვითარებამ მოსკოვი-ვარშავას კავშირი გამორიცხა და მალევე მომძლავრებულმა მოსკოვმა პოლონეთის კუთვნილ უკრაინის მიწებზე მართლმადიდებელთა აჯანყებების წახალისება დაიწყო.


ნოვაკის წიგნი იდეების ისტორიაზეა და არა პოლიტიკურ ან სამხედრო ისტორიაზე. შესაბამისად, იქ ვერ ვნახავთ მოვლენების ქრონოლოგიას. პოლონეთის თუ რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობათა ისტორიის დეტალური თხრობა ჩემი მიზანიც არაა, რადგან ამის გაცნობა თუნდაც ვიკიპედიიდან შეიძლება და, თანაც, მე ნოვაკის ინტერპრეტაციები მაინტერესებს. სხვა წყაროებს მე მხოლოდ ამ ინტერპრეტაციათა ინტერპრეტაციისათვის ვიყენებ. შესაბამისად, ახალი ომების, პერეიასლავლის და ანდრუსოვოს ზავებისა თუ, საბოლოოდ, Rzeczpospolita-ს განადგურების მოყოლის გარეშე ვიტყვი, რომ რუსეთის მზარდმა სიძლიერემ და პოლონური სახელმწიფოს მზარდმა სისუსტემ დაპირისპირების შედეგი გარდაუვალი გახადა. საინტერესო ისაა, როგორ რეაგირებდა ყოველივე ამაზე პოლონური განათლებული კლასი.


ნოვაკი მისდევს ფილოსოფიისა და იდეების აწ გარდაცვლილი პოლონელი ისტორიკოსის, ანჟეი ვალიცკის სქემას და პოლონური პატრიოტიზმის ნაირფერ პოლიტიკურ ტრადიციებზე გვესაუბრება. ერთი მათგანი დაკავშირებული იყო ნობილიტეტის როლთან და თავისუფალი მოქალაქის ევროპულ იდეასთან. იგი ცენტრალური ხელისუფლების სისუსტეს ქადაგებდა, იცავდა „ლიბერუმ ვეტოს“[x] პრინციპს. ნოვაკი თანახმაა, რომ პოლონეთის დაყოფის ფაქტობრივი პერსპექტივიდან, ასეთი, ანუ „რესპუბლიკანური“ ტრადიცია დეგენერაციად და ყალბ პატრიოტიზმად მოსჩანს, მაგრამ იდეების ისტორიის პერსპექტივიდან პოლონური „რესპუბლიკანიზმი“ საყურადღებოდ მიაჩნია (იქვე, 87-90).


„რესპუბლიკელები“ აღიარებდნენ, რომ „ლიბერუმ ვგეტო“ ბოროტად გამოიყენებოდა, თუმცა თვლიდნენ, რომ მისი გაუქმება მეფეს განუზომლად გააძლიერებდა, რადგან მას სეიმში უმრავლესობის შეკრება არ გაუჭირდებოდა. ამიტომ ითხოვდნენ, რომ მსგავსი პრინციპი სეიმის ერთ სესიაზე ერთხელ მაინც ამოქმედებულიყო (იქვე, 93).  რესპუბლიკური გადმოსახედიდან, სამშობლო მხოლოდ თავისუფალ ადამიანთა ერთობა იყო. ისინი კითხულობდნენ - მონარქიად ქცეული სამშობლო ისევ სამშობლოა? პოლონელი, რომელიც მეფეს ვეღარ ირჩევს, ისევ პოლონელია? (იქვე, 114). „რესპუბლიკელებმა“ სთხოვეს აზრი ჟან ჟაკ რუსოს და მანაც დაწერა, რომ სამყაროში ან რესპუბლიკა არსებობდა, ან იმპერია. პოლონეთი უნდა გაფრთხილებოდა თავის ტრადიციებს და თუ საგარეო პოლიტიკური სისუსტის გამო მას მეზობელი გადაყლაპავდა, პოლონელებს სწორედ იდენტობის შენარჩუნებით უნდა მიეღწიათ იმისათვის, რომ ის ვერ მოენელებინათ (იქვე, 98-99).


„რესპუბლიკური“ სულისკვეთების გამომხატველები იყვნენ ჰეტმანი სევერინ რჟევუსკი და ახალაგაზრდა, ერთხელ უკვე ნახსენები იან პოტოცკი. მათგან პირველი სვამდა კითხვას, რა აზრი აქვს საგარეო დამოუკიდებლობას საშინაო თავისუფლების გარეშე? იან პოტოცკი კი აგებდა კონცეფციას, რომლის თანახმად სამოქალაქო ღირებულებების იერარქიაში პირველადი საშინაო თავისუფლება იყო და მისი  საგარეო გამოწვევებთან მორიგება ძლიერი მფარველის პოვნით იყო შესაძლებელი (იქვე, 104). პოტოცკის მიაჩნდა, რომ რესპუბლიკებს საგარეო პოლიტიკის განხორციელება არ შეუძლიათ, იმპერიებს კი აწყობთ ასეთი მეზობლები, როგორც ბრიტანეთს ჰოლანდია ან საფრანგეთს შვეიცარია. შესაბამისად, პოლონეთის ბუნებრივი პატრონი რუსეთი უნდა ყოფილიყო: პოლონეთი ამ იმპერიის ერთ-ერთი ფლანგის სადარაჯოზე იდგებოდა, რუსეთი კი პოლონელთა თავისუფლებას დაიცავდა. სამხედრო აღმშენებლობა და მისთანანი პოლონეთის მსგავსი ქვეყნისათვის მხოლოდ მეზობელთა გამაღიზიანებელი იქნებოდა (იქვე, 105).


ნოვაკის აზრით, ეს იყო „რესპუბლიკელთა“ „რეალისტური“ არგუმენტი. რა საინტერესოდ რეზონირებს XVIII საუკუნის მსგავსი ლოგიკა, რომელსაც, ალბათ, იმპერიების ეპოქაში რაციონალობა გააჩნდა, XXI საუკუნის ზოგიერთი სხვა ქვეყნის საჭეთმპყრობელთა გუნება-განწყობასთან! განსხვავება ისაა მხოლოდ, რომ ახლა, საერთაშორისო სამართლის განვითარების კვალობაზე, ეს იდეები ანაქრონიზმად მოჩანს.


ნოვაკი წერს, რომ რესპუბლიკელთა არგუმენტაციის „იდეალისტურ“ ვერსიას ადამ ვავჟინიეც რჟევუსკი ავითარებდა. თავად მასონი და დემოკრატი, ადამი ძველ, სარმატული კულტურის[xi] მატარებელ ოჯახში იზრდებოდა. იგი ავითარებდა ეთიკურ დისკურსს, იშველიებდა რუსოს და ამტკიცებდა, რომ „ყალბი პატრიოტიზმი“ მმართველებს დიდებისაკენ, სახელმწიფოებს კი ომებისაკენ უბიძგებს. „უტვინო მონავ, რა გიხარია, რომ ერი, რომელშიც ცხოვრობ, ფართოვდება, გამორჩეული და დიდია“ წერდა ადამ რჟევუსკი, ხოლო ნოვაკი დასძენს, რომ მსგავსი მიმართვა რუსეთის მაცხოვრებლებს უფრო მიესადაგებოდათ (იქვე, 105-108). მგონია, რომ როგორც რჟევუსკის სიტყვები, ისე, რაც მთავარია, ნოვაკის შეფასება გეოპოლიტიკურ მსოფლმხედველობას უყენებს წყალს - როგორც წყაროს, ისე მისი ინტერპრეტატორის ლოგიკით, კეთილდღეობისაკენ სწრაფვაში გეო-ორიენტირებული სტრატეგია უკან იხევს შიდა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის პრინციპების წინაშე.


ნოვაკის წიგნში ადამ ვავრჟნიეც რჟევუსკი ორი თვალთახედვით განსხვავდება „რეალისტი რესპუბლიკელებისაგან“ - ორივე შემთხვევაში, პროგრესულობით. თუ ჰეტმანი სევერინი გლეხებისა და ბიურგერებისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭებაში მთავრობის მიერ მათი მანიპულაციის საფრთხეს ხედავდა, ადამი წერდა, რომ ერი, რომელშიც 1 მილიონია თავისუფალი, 7 მილიონი კი მონა, განწირულია. იმავდროულად, თუ იან პოტოცკი და ტარგოვიცელი მეამბოხეების ერთ-ერთი ბელადი შჩენსნი პოტოცკი მომავალს რუსეთთან კავშირში ხედავდნენ, ადამისათვის „წმინდა რესპუბლიკელობის“ წარმატება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რესპუბლიკური უნივერსალიზმის განვრცობაზე იყო დამოკიდებული (იქვე, 111-113).


პოტოცკების და სხვების „რესპუბლიკანიზმმა“ 1792-1795 წლებში „გაიმარჯვა“, ოღონდ შედეგი აღმოჩნდა მოსალოდნელად სავალალო. ჯერ ერთი, გამარჯვება მხოლოდ რუსეთის ხიშტების დახმარებით განხორციელდა. და მეორეც, პოლონურმა შლახტამ შეინარჩუნა მამულები, მაგრამ დაკარგა  მეფის არჩევის მათთვის ასე ძვირფასი უფლება. ნოვაკი მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკელებს“ სამომავლო პერსპექტივები ექნებოდათ, ეკატერინეს ჯარი რომ პოლონეთის რეფორმატორული მთავრობის დამხობით შემოფარგლულიყო. ასე კი, Rzeczpospolita-ს გაუქმებით, ვისაც პატრიოტის სახელი ადარდებდა, ყველამ დაინახა კატასტროფა. „ტარგოვიცელები“, რომლებმაც ეს ჯარი ფორმალურად მოიწვიეს, უბრალო მოღალატეებად იქცნენ და ორი პატრიოტიზმის ადგილი პოლონეთში აღარ დარჩა (იქვე, 116).


დამოუკიდებლობის დაკარგვის წინ Rzeczpospolita-ში სხვა ტიპის პატრიოტიზმი დომინირებდა. მან წააგო, მაგრამ არა საშინაო ოპონენტებთან, არამედ უცხო იმპერიებთან. იგი ასოცირდებოდა სახელმწიფოს გაძლიერებისათვის საჭირო რეფორმაციის იდეასთან. ქვეყნის პირველი, 1772 წლის დაყოფის შემდეგ იგი შეტევაზე იყო გადასული. უპირველეს ყოვლისა, რეფორმატორები მემკვიდრეობითი მონარქიის დამყარებას ითხოვდნენ. ცხადი იყო, რომ მონარქიის არჩევითი ფორმა, რომელიც „ლიბერუმ ვეტოს“ წესთან თანაარსებობდა, მეზობელ იმპერიებს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის საშინაო პოლიტიკით მანიპულირების საშუალებას აძლევდა. ამ მხრივ ისევ რუსეთი იყო მოწინავე პოზიციაზე. ჯერ პეტრე პირველმა აარჩევინა შლახტას სასურველი კანდიდატი და დაბლოკა მიუღებელი, შემდეგ კი ეკატერინე მეორემ დასვა პოლონეთის ტახტზე საკუთარი ფავორიტი. მართალია, ამ უკანასკნელმა - სტანისლავ მეორე ავგუსტ პონიატოვსკიმ - ბოლომდე არ გაუმართლა რუსეთის იმპერატრიცას და რეფორმატორთა მხარეს დადგა. მაგრამ, როგორც ითქვა, ეკატერინემ ყველაფერი რესპუბლიკელთა დახმარებით და საკუთარი ჯარით დაასრულა. თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, როგორც ნოვაკი წერს, ინტელექტუალურ შეტევაზე ცვლილებების მომხრენი იყვნენ. მათი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, სტანისლავ სტაშიჩი წერდა, რომ „რესპუბლიკელებს“ უჭირდათ და საჭირო იყო მემკვიდრეობით მონარქიაზე გადასვლა (იქვე, 100-101).


ანჟეი ნოვაკი გვთავაზობს „ურმის გადაბრუნების“ შემდგომი პოლონური პატრიოტული აზრის განვითარების საინტერესო ინტერპრეტაციას. მისი თქმით, სამ იმპერიას შორის განაწილებული ყოფილი Rzeczpospolita-ს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ხედვებში, რაღა თქმა უნდა, XIX-XX საუკუნის ევროპის ინტელექტუალური ტენდენციები აირეკლებოდა, მაგრამ კვლავაც ნარჩუნდებოდა ისტორიული პატრიოტიზმების მემკვიდრეობა. მიუხედავად კრახისა, პატრიოტიზმის სპეციფიკურად რესპუბლიკურ ფორმას არსებობა არ დაუსრულებია (იქვე, 116). ოღონდ იგი მოდერნიზდა რომანტიზმის ხანაში. იოახიმ ლელეველის თუ ადამ მიცკევიჩის რესპუბლიკური პატრიოტიზმი, რაც შეიძლება პოლონეთის განსაკუთრებული პოლიტიკური და ცივილიზაციური წარსულით ხიბლად გავიგოთ, თანდათან მსოფლაღქმად იქცეოდა და პრაქტიკას სცილდებოდა (იქვე, 117). იხლიჩებოდა მეორე, დამოუკიდებლობის და რეფორმირების მოთხოვნებთან დაკავშირებული პატრიოტიზმი: მისი ერთი ნაწილი უფრო დამოუკიდებლობაზე ხდებოდა ორიენტირებული, მეორე კი რეფორმებზე.


პატრიოტიზმის ამ ბოლო ორი ნაირსახეობიდან ნოვაკი პირველს, როგორც თავად ამბობს, „პროვოკაციულად“ იმპერიულ პატრიოტიზმს უწოდებს, რაშიც ალბათ ეთნიკურად ლიტვური და ბელორუსულ-უკრაინული მიწების კვლავ შემოერთების სურვილს გულისხმობს. იგი თვლის, რომ ეს ხაზი დაკარგვიდან 123 წლის შემდეგ აღდგენილმა დამოუკიდებლობამ გააძლიერა. იგი დასძენს, თუმცა ბოლომდე არ განმარტავს, რომ პატრიოტიზმის ამ ვერსიაში იყო რესპუბლიკანიზმის ელემენტების სინთეზიც - სტაშიჩის ხედვა ჟან ჟაკ რუსოს იდეებს შეერწყაო. საბოლოო ჯამში, ნოვაკისათვის ეს სინთეზური პატრიოტიზმი იოზეფ პილსუდსკის პოლიტიკაში განსხეულდა (იქვე, 118-119).


დაბოლოს, პოლონურ პატრიოტიზმში იკვეთებოდა და ძლიერდებოდა მესამე ნაკადი, რომელსაც ანჟეი ნოვაკის წინამორბედი მკვლევარი, ანჟეი ვალიცკი „რეალისტურად კონსტრუირებული ეროვნული ინტერესების დაცვა“-ს ეძახდა. ნოვაკი ამ ტრადიციას „მოდერნიზაციის პატრიოტიზმს“ უწოდებს (იქვე, 87, 120). ეს იყო ფოკუსი სოციალურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო თუ ცივილიზაციურ საკითხებზე. ამ შემთხვევაში, პატრიოტიზმის არსი გაიგებოდა როგორც პოლონური ნაციის ჩაყენება მოწინავე, ცივილიზებულ ერთა შორის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო როგორც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პარალელურად, ისე ცალკე. პოლონური ინტელექტუალური ტრადიციით, ასეთი დამოკიდებულებები აღიწერებოდა როგორც „ორგანული სამუშაო“ ან (1863 წლის აჯანყების შემდეგ) როგორც „პოზიტივიზმი“. მისი წარმომადგენლები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ რუსეთის იმპერიის სახელმწიფო აპარატში, ბიზნესში, აკადემიურ თუ პროფესიულ სფეროებში. ნოვაკი „ორგანული სამუშაოს“ მიმდევრებს უფრო იმ რომანტიკოსებთან აიგივებს, ვინც ხედავდა, რომ დამოუკიდებლობა არარეალურია, მაგრამ თავისი საქმით სწორედ დამოუკიდებლობისათვის ნიადაგის შექმნას ემსახურებოდა. „პოზიტივისტები“ კი, ნოვაკისათვის, ეროვნული პოლიტიკის მარგინალიზაციას ახდენდნენ, რადგან პოლონეთისათვის ამბიციურ ჩართულობათა ხარჯების არიდება სურდათ (იქვე, 121-122).


სახელმწიფოებრივ პატრიოტიზმსა და „პოზიტივიზმს“ შორის მოიაზრებდა ნოვაკი XIX საუკუნის ბოლოსკენ ჩასახულ ეროვნულ-დემოკრატიულ მოძრაობას. მისი აღიარებული ლიდერი, რომან დმოვსკი დიდხანს გაურბოდა რუსეთთან დაპირისპირებას და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა რიგებში მხოლოდ მაშინ ჩადგა, როდესაც პირველ მსოფლიო ომში რუსეთის მარცხი გამოიკვეთა. ნოვაკი თვლის, რომ დმოვსკის „მოდერნიზაციული პატრიოტიზმი“ მაინც „იმპერიულ პატრიოტიზმამდე“ მიდიოდა (იქვე, 122). იყვნენ უფრო იდეური, სოციალისტური მოძღვრების ერთგული პრორუსებიც. ნოვაკი არ მსჯელობს, შეიძლება თუ არა მათი მიკუთვნება პოზიტივიზმის გარკვეული კლასტერისადმი, რაც გასაგებია, მათი ფუნდამენტური რადიკალიზმიდან გამომდინარე. თუმცა, მეორეს მხრივ, პოლონეთის მოწყობას ისინიც  ევროპული ცივილიზაციის სპეციფიკური ვერსიით ლამობდნენ.


ნოვაკის ანალიზი კრიტიკულია და დაცლილია აპოლოგეტიკისაგან პოლონურ პატრიოტიზმთა რომელიმე ვერსიის მიმართ. პილსუდსკის ფედერალიზმი მას რესპუბლიკური და იმპერიული პატრიოტიზმების ნაზავად მიაჩნია, სადაც იმპერიულობა უფრო ძალაუფლებით გატაცებაა, მაგრამ არა იმ დოზით, რომ რესპუბლიკანიზმის თავისუფლებისმოყვარეობა სრულ დავიწყებას მისცემოდა. თუმცა ნოვაკი იმასაც ამბობს, რომ ფედერალიზმის პოპულარობა რეალური იმპერიის შექმნის შეუძლებლობით იყო გამოწვეულიო (იქვე, 125).  


ასეა თუ ისე, პოლონეთი უფრო იმპერიებთან მებრძოლად ყალიბდებოდა, ვიდრე ახალი იმპერიის შემოქმედად. ნოვაკის მიერ გადმოცემული რომან დმოვსკის ეროვნულ-დემოკრატთა ხაზი გარკვეულ კითხვებს აღძრავს. თუ მათი მოძღვრება ე.წ. მოდერნიზაციის პატრიოტიზმის საფუძველზე აღმოცენდა, რომელიც ბოლომდე ვერ იდენტიფიცირდებოდა სამშობლო-პოლონეთთან და სამშობლო-დასავლეთის (ზოგჯერ კი სამშობლო-რუსეთის) კატეგორიებით ოპერირებდა, რატომ გახდა დმოვსკი ე.წ. ინტეგრალური ნაციონალიზმის მიმდევარი? (Wandycz 1996, 287-293). ალბათ წიგნში მეტია სათქმელი იმაზე, რომ ინტეგრალური ნაციონალიზმი, რომელიც ეთნიკურ სიწმინდესთან და უმცირესობების ასიმილაციასთან/დეპორტაციასთან იყო წილნაყარი, ასევე საერთოევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი მეინსტრიმული მოძღვრება იყო XIX საუკუნის მიწურულს თუ XX საუკუნის პირველ ნახევარში, რაც ამ ცივილიზაციის დღევანდელ მდგომარეობასთან სრულიად შეუსაბამოდ მოჩანს. ნოვაკი აღნიშნავს, რომ დმოვსკის ეთნონაციონალიზმი ანტისემიტურ ნიშნებს ატარებდა (Nowak 2008, 189). საერთოდ, პოლონეთი განსაკუთრებული მაგალითია ებრაელთა მიმართ ტოლერანტობისა და ანტისემიტური იმპულსების პარადოქსული თანაარსებობისა, რაც კომუნისტური მმართველობის პერიოდსაც გადმოჰყვა XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლომდე.


ნოვაკის წიგნი ეხება არა მხოლოდ პოლონურ პოლიტიკურ დისკურსს, არამედ პრაქტიკასაც, ანუ განსხვავებული იდეების ხორცშესხმას. როგორც კი შანსი გაჩნდა, ანუ ალექსანდრე პირველმა პოლონელთა ემოციების ნაპოლეონის წინააღმდეგ გამოყენების საჭიროება დაინახა,[xii] ჩარტორისკის იდეა პოლონური სახელმწიფოს რუსული ზედამხედველობის ქვეშ აღდგენისა გაცოცხლდა. 1810-1811 წლებში ზემოთ ნახსენები ლოიალისტი და პოლონური „ორგანული სამუშაოს“ ერთ-ერთი წინამორბედი, კსავერი დრუცკი-ლუბეცკი შესაბამისი პროექტის შემუშავებაში ჩაერთო. პროექტი განხორციელდა, მაგრამ რუსულ-პოლონური კომპრომისი ამას არ გამოუწვევია - სულ პირიქით.


პოლონეთის საზოგადოებრივ ცხოვრებასთან მიმართებაში ზემოთნახსენები ტერმინების - „ორგანული სამუშაო“ და „პოზიტივიზმი“ - ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარია. ანჟეი ნოვაკი დიდ ყურადღებას არ უთმობს მათ ეტიმოლოგიას, ურთიერთმიმართებას და იმით იფარგლება, რომ ამ ტერმინოლოგიის უკან ე.წ. მოდერნიზატორული პატრიოტიზმის მიმდინარეობას განიხილავს. მართლაც, ადამ იერჟი ჩარტორისკი აჯანყების შემდგომი ემიგრაციიდან პოლონელებს სწორედ იმისაკენ მოუწოდებდა, რასაც მომავალში ორგანული მუშაობა/პოზიტივიზმი ეწოდა და რასაც, ალექსანდრე პირველის პოლონურ სამეფოში, დრუცკი-ლუბეცკი ემსახურებოდა. 1863 წლის აჯანყებიდან XIX საუკუნის 90-იან წლებამდე და ალბათ შემდეგაც, იმპერიათა ფარგლებში საკუთარ ეკონომიკაზე და კულტურაზე ზრუნვა პოლონელთა ფართოდ გავრცელებულ მოტივად რჩებოდა. ეს ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ადამ იერჟიც, მერე კი მისი შვილიც, ემიგრაციიდან აგრძელებდნენ ანტიიმპერიულ მოღვაწეობას. ესეც ალბათ პოლონური Now How იყო - ომი და მშვიდობა ერთდროულად.


მსგავსი ეკლექტიკა ბევრი დათრგუნული ნაციონალიზმისათვისაა დამახასიათებელი. გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების ფუნქციაა პატრიოტიზმების ისეთი მრავალფეროვნება, როგორიც პოლონელ ერს ჰქონდა. მის წარმომადგენელთა შორის დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ასე მაგალითად, „ორგანული სამუშაოს“ მიმდევარი, მიუხედავად იმისა, უწოდებდა ასეთად თავს თუ არა, მარკგრაფი ალექსანდრე ვიელეპოლსკი რადიკალთა მხრიდან ტერორისტული თავდასხმის ობიექტიც იყო. ამ ყოველივეს ეროვნული საზოგადოების მშენებლობისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ანჟეი ნოვაკის თხრობა მაინც უფრო ლიდერთა იდეოლოგიებსა და სტრატეგიებზეა, ვიდრე მათი კონფლიქტების ფორმებზე.  ამით ჩვენ პოლონური საზოგადოების იდეოლოგემათა განგრძობადი სტრუქტურა გვეძლევა. დანარჩენი კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ან სხვა წყაროებიდან გავიგოთ.


ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც ნოვაკი გვაწვდის, ეხება პოლონურ „დიპლომატიას რწმუნებების გარეშე“. პოლონეთის აღდგენაზე ან დამპყრობელი იმპერიების მმართველებთან მუშაობდნენ, ან ემიგრაციაში მიდიოდნენ და იქიდან ცდილობდნენ ხელსაყრელი კონფლიქტების გაღვივებას. ამ ძალისხმევის სუბიექტებს დიპლომატიური რწმუნებები არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონდათ - მათ არავინ აღიარებდა ელჩებად ან ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლებად, რადგან ისინი აღარ წარმოადგენდნენ საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტს. მაგრამ ამ ფორმალურ თუ ნორმატიულ რეალობას სხვადასხვა შეფერილობის პოლონელი პატრიოტები არ შეუჩერებია. მათ იმედს მათთვისავე სასურველი გეოპოლიტიკური იმიჯების პროპაგანდირება წარმოადგენდა - ეგებ დამპყრობელი სახელმწიფოები ან მათი მეტოქეები აჰყოლოდნენ ამ იმიჯებს. არსებითად, ამ იდეას გამოხატავს ნოვაკი, როდესაც ბერლინში, ვენაში, პეტერბურგში, ლონდონსა თუ პარიზში მოქმედ პოლონელ პოლიტიკოსებზე საუბრობს (იქვე, 128-147). XIX საუკუნის პოლონური გოლგოთას განხილვა შორს წაგვიყვანს - იმედები არ ხორციელდებოდა, გარდა ავსტრიაში შემავალ კრაკოვთან, ლვოვთან და მთელ გალიციასთან მიმართებაში. მიზეზი ის იყო, რომ ავსტრია ნელ-ნელა ავსტრო-უნგრეთად გადაიქცა და ამ ყველაზე მრავალეროვან იმპერიას უმცირესობათა უფლებების პატივისცემის მეტი პოტენციალი თუ ნება აღმოაჩნდა.


გეოპოლიტიკურ ფაქტორს რომ დავუბრუნდეთ, ნოვაკის ნარატივის ამ მონაკვეთიდან კიდევ ერთხელ მოჩანს, რომ გეოპოლიტიკა ხედვების წინააღმდეგობრივი მრავალფეროვნებაა, რომლიდანაც სასურველს კონკრეტული სახელმწიფოები თავისი შინაგანი მიდრეკილებების მიხედვით ირჩევენ. ასე მაგალითად, ჩარტორისკის საწყისი გეოპოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ავტონომიური პოლონეთი რუსეთის საყრდენი უნდა ყოფილიყო ევროპაში, უტოპია აღმოჩნდა (იქვე, 139). ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ გათვლა გამოდგა მცდარი - ნოვაკის აზრით, ეს მხოლოდ გაზრდიდა რუსეთის გავლენას ევროპაში -  არამედ ის, რომ ალექსანდრე პირველის პოლონელებთან ფლირტი ყოფილი პოლონეთის მიწებზე გაბატონებულ რუს დიდმოხელეებს და ახლად გაჩენილ რუს ნაციონალისტებს აღიზიანებდა (იქვე, 67-70). ჰო და როგორაა შესაძლებელი ობიექტურად იმის დადგენა თუ რომელი გეოპოლიტიკა იყო სწორი? სხვათა შორის, 1846 წლის კრაკოვის აჯანყების დროს ავსტრიის მოხელეებმა პოლონელი მემამულეებისა და უკრაინელი გლეხების კონფლიქტი წაახალისეს გალიციაში. მაშინ ამას ჯერ კიდევ დისიდენტი ალექსანდრე ვიელოპოლსკი შეესწრო. შოკირებულმა, ავსტრიის კანცლერ კლემენს ფონ მეტერნიხს მისწერა, რომ რუსეთის იმპერიის მხარდამჭერი ხდებოდა. ვფიქრობ, ეს ფაქტიც გეოპოლიტიკის მეორადობასა და ადამიანური ვნებების პირველადობაზე მიუთითებს.


პოლონელმა რწმუნებების არმქონე დიპლომატებმა ყირიმის, 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის და 1904-1905 წლები რუსეთ-იაპონიის ომების გამოყენება ვერ შეძლეს. არავის სურდა რუსეთთან კონფლიქტი პოლონეთის გამო. ევროპის ლიბერალები პოლონურ კათოლიციზმს მიიჩნევდნენ ანაქრონიზმად და ყოფილ აღმოსავლეთ Rzeczpospolita-ში მცხოვრები ეთნონაციონალიზმის გზაზე შემდგარი ლიტველები, ბელორუსები თუ უკრაინელები უფრო პოლონელებში  იწყებდნენ პრობლემის დანახვას, ვიდრე რუსებში (იქვე, 145).   


ვითარების ცვლა პირველი მსოფლიო ომით დაიწყო და პოლონური ტრადიციის გამომხატველმა ორმა ლიდერმა, დმოვსკიმ და პილსუდსკის ორი განსხვავებული დიპლომატიური ხაზი აირჩია: ერთი რუსეთისაგან ელოდა ისევ ავტონომიის დათმობას, მეორემ კი ავსტრია-გერმანიის სამხედრო მხარდაჭერაზე და იმპერიის არარუსი ერების ნაციონალიზმის წახალისებაზე აიღო გეზი. ნოვაკი მიიჩნევს, რომ არც ერთი მათგანის როლის დაკნინება არ შეიძლება პოლონური „რწმუნების არმქონე“ დიპლომატიის საბოლოო წარმატებაში (იქვე, 147).


თუმცა ნოვაკისათვის მთავარი გმირი იუზეფ პილსუდსკია და ერთ-ერთი საკვანძო თემა ისაა, თუ როგორ არგებდა მკვდრეთით აღმდგარი მეორე Rzeczpospolita-ს Naczelnik Państwa (ამგვარი იყო მისი თანამდებობა 1918-1922 წლებში) ნაციონალისტურ-რესპუბლიკურ თუ ფედერალისტურ ოცნებებს სრულიად არეულ გეოპოლიტიკურ ვითარებას.


1899 წელს ძველ თანაპარტიელსა (მაშინ პილსუდსკი პოლონეთის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო) და ფედერალიზმის იდეოლოგს, ლეონ ვასილევსკის მან სთხოვა, რომ ბროშურაში „ცარიზმის მიერ დათრგუნვილ ერებზე“ ცვლილება შეეტანა და  დაეწერა - ლიტვა პოლონეთის გაგრძელებაა. იყო ეს ფედერალური პროგრამა? კითხულობს ანჟეი ნოვაკი (იქვე, 171). სამართლიანობა ითხოვს, აღინიშნოს, რომ ძველი Rzeczpospolita-ს უკრაინულ და ლიტვურ ნაწილებს 1918 წელს პოლონეთთან თანამშრომლობა არ სურდა. პილსუდსკის კი ლიტვის მიმართ როგორც ისტორიული ნოსტალგია, ისე გეოპოლიტიკური და პიროვნული ინტერესი ჰქონდა - იგი ვილნიუსთან მდებარე სოფელ ზულოვოში იყო დაბადებული.


ნოვაკის ვერსიით ლიტვა-ბელორუსიის მიმართულებით: 1) 1918 წლის მიწურულს პილსუდსკი პარიზის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პოლონეთის დელეგაციას ავალებდა, რომ რუსეთთან საზღვრის  პრიპიატის ტყეებზე გატარებისათვის ებრძოლათ. ეს უფრო ეთნონაციონალისტი დმოვსკის ხედვა იყო, ვიდრე გულწრფელი ფედერალისტი ვასილევსკის. ამ ეტაპზე ფედერაციული კავშირი ლიტვასთან თუ ვინმესთან ნახსენები არ ყოფილა; 2) 1919 წლის აპრილში პილსუდსკი გეგმავს ვილნიუსის ოპერაციას, იწყებს საუბარს ფედერალიზმზე, თან ვასილევსკის წერს, რომ ლიტვა-ბელორუსიასთან მიმართებაში იგი არც იმპერიალისტია და არც ფედერალისტი; 3) 21 აპრილს პილსუდსკი ვილნიუსშია და მოსახლეობას თავისუფალ არჩევნებს ჰპირდება. პარალელურად იგი მდინარე ბერეზინასა და დვინაზე გასვლას ფიქრობდა. 1772 წლის საზღვრების აღდგენა მისთვის იყო ოპტიმუმი, მაისამდე დაკავებული მიწების შენარჩუნება კი მინიმუმი. თუ ლიტვა-ბელარუსთან ფედერაცია არ გამოვიდოდა და ევროპა რუსული 1815 წლის ავტონომიის საზღვრებში დატევას მოსთხოვდა, პილსუდსკი მზად იყო ვილნიუსისათვის ეომა (იქვე, 171-175).


ნოვაკის თქმით, გზადაგზა ყალიბდებოდა პილსუდსკის ხედვა უკრაინის შესახებაც. მას მიაჩნია, რომ 1920 წელს კიევზე გალაშქრების წინ, პილსუდსკი დამოუკიდებელი უკრაინის შენარჩუნებას მარტო დნეპრის მარჯვენა ნაპირზე იმედოვნებდა, დანარჩენზე ოცნება კი მხოლოდ პეტლიურას გაძლიერების შემთხვევაში შეიძლებოდა. კიევის დაკარგვისა და წითელი არმიის კონტრ-იერიშის ვარშავასთან შეჩერების შემდეგ რიგაში გაიმართა მოლაპარაკებები ლენინის რუსეთთან, რომლის დროსაც პოლონეთის მთავრობამ თავი დაანება Rzeczpospolita-ს საზღვრებში თავისუფალ ქვეყანათა ფედერაციაზე ფიქრს. ნოვაკი მიიჩნევს, რომ მთავარი ამოცანა სტრატეგიული იყო - პოლონეთის ცენტრალური რაიონებიდან წითელი რუსეთის რაც შეიძლება შორს შეკავება. იგი არ ეთანხმება „ჩვენი და თქვენი თავისუფლების“ იდეის დამცავ პოლონელ ისტორიკოსებისა და ჟურნალისტების მტკიცებას, რომ რიგის მოლაპარაკებებზე პოლონეთი-ბელორუსია-უკრაინის და, შესაძლოა, ლიტვის ფედერაციის იდეის არგაჟღერება დელეგაციის წევრის, დმოვსკელი ეროვნულ-დემოკრატი სტანისლავ გრაბსკის ბრალია. როგორც ირკვევა, პილსუდსკის ერთგული რომან კნოლი, რომელიც პოლონური დელეგაციის მდივანი იყო, საიდუმლო ინსტრუქციაში წერდა -  უნდა შეწყდეს პეტლიურას მხარდაჭერა, საბჭოთა რუსეთს კი უკრაინის ფორმალური სუვერენიტეტი მოეთხოვოს; ეგებ მომავალში უკრაინელმა კომუნისტებმავე დაიწყონ თავისი „დიდი ძმების“ ოპონირება. „ეს იმედი გამართლდა, ოღონდ 70 წლის შემდეგ“, ასკვნის ნოვაკი (იქვე, 179-180).


პილსუდსკიმ მოიპოვა სტრატეგიული დერეფანი, რითაც ლიტვა რუსეთს დააცილა და ლატვიას დაუმეზობლდა. მაგრამ მინსკის შენარჩუნება, რომელიც პრინციპული ფედერალისტის, ლეონ ვასილევსკის აზრით, პრო-პოლონური ძალების ცენტრი უნდა გამხდარიყო ბელორუსში, ვერ მოხერხდა. შეიქმნა იმდაგვარი გეოპოლიტიკური კვანძი, რომელიც ჰენრი კისინჯერს მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ წინაპირობად მიაჩნდა: არავინ იყო შედეგებით კმაყოფილი და პილსუდსკიც, ისევე როგორც იმჟამინდელი პოლონელი ისტორიკოსი ოსკარ ჰალეცი, პოლონეთის მისიას „ცენტრალურ-აღმოსავლეთი“ ევროპის ლიდერობაში ხედავდა. ნოვაკის გადმოსახედიდან, პილსუდსკი დაუბრუნდა ადამ იერჟი ჩარტორისკის გეგმას, რომელიც აწ უკვე გაწითლებული რუსული იმპერიის არარუს ელიტათა დარაზმვას გულისხმობდა. მას „პრომეთეანიზმი“ ეწოდა. მაგრამ რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა[xiii] ეს იდეა „ეგზოტიკად, ანაქრონიზმად ან მომავალი თაობებისათვის შეტყობინებად აქცია“ (იქვე, 185-186).


პრომეთეანიზმი შესაძლოა გაგებული იყოს როგორც რეკონსტრუირებული თუ ადაპტირებული „ინტერმარიუმი“/Rzeczpospolita. თუმცა 1945 წელს იდეოლოგიათა ცვალებად წარმატებებზე დამოკიდებული გეოპოლიტიკა კიდევ ერთხელ შეიცვალა.  მეორე მსოფლიო ომმა და კომუნისტური გავლენის ზონის გეოგრაფიულმა გაფართოებამ   პოლონურ საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის ძველი ფლუიდები კიდევ ერთხელ აშალა და გადააწყო. ნოვაკი პოლონელ კომუნისტთა გეოპოლიტიკა-ისტორიოსოფიაში პარადოქსს პოულობს - ესაა მემარჯვენე რომან დმოვსკის იდეათა კვალი. თეზისურად, ახალი კომუნისტური რესპუბლიკის, იგივე PRL-ს[xiv] ნოვაკისეული ისტორიოსოფიულ-გეოპოლიტიკური პროფილი შემდეგია:


  • სტალინის რეჟიმისაგან იყო შემოთვლილი - პოლონელებმა უნდა ისწავლონ ეთნოგრაფიულ საზღვრებში პატარა ერად ცხოვრება. პოლონელებისაგან გაწმენდილი იქნა „კრესი“ ანუ ძველი აღმოსავლეთ Rzeczpospolita, რომელიც ლიტვის, ბელორუსის და უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკებად ქცეულიყო. სანაცვლოდ კომუნისტები გერმანიის ხარჯზე ახალი პოლონეთის დასავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებს აფართოებდნენ - ამით უნდა შექმნილიყო მუდმივი პოლონურ-გერმანული ანტაგონიზმის ნიადაგი, რაც პოლონეთს რუსული გეოპოლიტიკური პატრონაჟის მძევლად აქცევდა;

  • ამ ფონზე იგმობა ზე-ეროვნული პოლიტიკური იდეალები, როგორც „სამარცხვინო“ ანარქიული წარსულის ნიშანი. იგმობა აჯანყებების რომანტიკული ტრადიციაც და კულტურული მისიონერობა აღმოსავლეთში. სამაგიეროდ, ხდება დმოვსკის იდეოლოგიის რჩეულ ნაწილთა განმეორება - პოლონეთი შუა საუკუნეების პიასტთა სამეფოს მემკვიდრეა, რომელიც ეთნიკურად ჰომოგენური იყო და გერმანელ აგრესორებს ებრძოდა. კომუნისტებს არგუმენტაციის განვითარებაში დაეხმარა რამდენიმე სპეციფიკური კათოლიკური ჯგუფი, რომლებსაც დმოვსკის ანტისემიტიზმიც მოსწონდა. ეს კათოლიკეები სრული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას სისულელედ მიიჩნევდნენ და თანახმანი იყვნენ რუსეთის ანტიგერმანულ პროტექციონიზმზე (იქვე, 187-189).


მსგავსი დამოკიდებულებები თუ გეოპოლიტიკური ხილვები რაღაცით წააგავს სტალინის მიერვე საქართველოში ინტენსიურად წახალისებულ ანტითურქულ სენტიმენტებს - საბჭოთა რუსეთი ზოგიერთი ეთნონაციონალისტური სურვილების გარანტორი უნდა ყოფილიყო როგორც პოლონეთში, ისე საქართველოში, და ამით შეენარჩუნებინა იდეოლოგიური პრიმატი დამორჩილებულ ერებზე. სამწუხაროდ, ნოვაკი არ აანალიზებს მოსკოვის მიმართ ზოგიერთი პოლონელი კომუნისტი ლიდერის დაუმორჩილებლობის მცდელობებს - იქნებოდა ეს ანტისტალინისტი ავტორიტარი გომულკა, მაო ძე დუნის მხარდაჭერის მოიმედე ოხაბი თუ დასავლეთით მოხიბლული ბრეჟნევის მეგობარი გიერეკი. სამაგიეროდ, ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს ჯერ კიდევ კომუნიზმის დროს დაწყებულ და შემდგომ განვითარებულ „ინტერმარიუმის“, „პრომეთეიზმის“ თუ უფრო ადრინდელი, XVIII-XIX საუკუნის ხედვათა რეინტერპრეტაციებს.


ამ უკანასკნელის საინტერესო ნაირსახეობად ნოვაკს პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის ის პოზიცია მიაჩნია, რომელიც PRL-ში მოღვაწე კარდინალ სტეფან ვიშინსკის და რომის პოლონელი პაპის, იოანე-პავლე მეორეს სახელებს უკავშირდება. ნოვაკი თვლის, რომ სწორედ კათოლიკურმა ეკლესიამ დაუბრუნა პოლონეთს დამოუკიდებლობისა და მისიონერობის სული. ეკლესია იყო „სარმატული“ რომანტიკული კულტურისა და ძველი დიდების დამცველი. ვიშინსკი ჯერ კიდევ 1981 წელს აცხადებდა „აღმოსავლეთი პოლონური ეკლესიისათვის გაიღო. იგი უნდა დავიპყროთ“ (იქვე, 190). ნოვაკი გვიხსნის, რომ ამ სიტყვებში კომუნიზმის სულიერი რევოლუციით დამარცხება იგულისხმებოდა. თუმცა, ცალსახაა აღმოსავლეთში მისიონერობის მიზნის აღორძინებაც. ამავე კონტექსტში წერს იგი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ ძველი „იმპერიალიზმი“ გააღვიძა. თავდაპირველად მას შიშით აკვირდებოდნენ მინსკში, ვილნიუსსა თუ ლვოვში. მაგრამ 90-იანი წლების შუახანებისათვის პოლონეთმა უარი თქვა რაიმე სახის სპეციალურ სტატუსზე აღმოსავლეთში, პილსუდსკის იაგელონურ ხედვებსა და დმოვსკის რწმენაზე, რომ საზღვარი სამხედრო ძლიერების ამსახველია (იქვე 192).


ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ტრადიციული პოლონური გეოპოლიტიკა მოკვდა. თუ იგი რეზიდუალურად ნარჩუნდებოდა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ეს ხდებოდა არა გეოპოლიტიკის მუდმივი ტექტონიკური ფილების არსებობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მოსკოვში უფრო პირდაპირ უბრუნდებოდნენ ძველ, ხავსმოდებულ გეოპოლიტიკურ სქემებს და დასავლეთის მიმართ ისევ ცივილიზაციურ-პოლიტიკურ მტრობას ასხივებდნენ. თემას შემდგომ სექციაში დავუბრუნდეთ, პოლონური ისტორიოსოფიისა და გეოპოლიტიკის განხილვა კი, ნოვაკის კვალობაზე, პოლონეთის კომუნისტური უზურპაციიდან ვიდრე 2000 წლამდე პარიზში გამომავალი ემიგრანტული ჟურნალის „პოლიტიკა“ წვლილის ხსენებით მინდა დავასრულო.


ნოვაკის აზრით „პოლიტიკა“ და მის წიაღში შემუშავებული იერჟი გედროიცის/იულიუშ მიეროშევსკის 1989 წელს გამოქვეყნებული ემიგრანტული პროგრამა ფრენსის ფუკუიამას „ისტორიის   დასასრულის“ კონტექსტშია აღსაქმელი. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ პროგრამის სულისკვეთება ძველი კრაკოვის ისტორიული სკოლის და კათოლიკე ნეოპოზიტივისტების არგუმენტთა გაცოცხლებაა (იქვე, 193). შეიძლება ირონიაა, რომ ამ პროგრამაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცნობილი ამერიკელი მკვლევარი, ტიმოთი სნაიდერი მიცკევიჩის და პილსუდსკის პატრიოტიზმთა გაგრძელებას ხედავს (Snyder, 2003, 222): სად რომანტიკული პატრიოტიზმი, რასაც ნოვაკი იმპერიულ და რესპუბლიკურ პატრიოტიზმთა ნაზავად ხედავდა, და სად (თუნდაც ნეო) პოზიტივიზმი?


თუმცა ნოვაკის მსჯელობა მაინც საინტერესოა თანამედროვე პოლონური ეროვნული მსოფლაღქმის გასაგებად. მისი თქმით, რასაც სნაიდერიც ეთანხმება და თავად გედროიც-მიეროშევსკის პროგრამაც ადასტურებს, ამ ავტორებმა ჯერ კიდევ კომუნიზმის ეპოქაში აღიარეს აღმოსავლელ მეზობელთა ტერიტორიული მთლიანობა, უარი თქვეს ისტორიულ სევდაზე, რასაც ლვოვის თუ ვილნიუსის დაკარგვა იწვევდა და ბევრი პოლონელი ემიგრანტიც გააოცეს ამით. მათვე აღნიშნეს, რომ რუსეთთან მტრობა დავიწყებას უნდა მიეცეს და მტრად მხოლოდ როგორც რუსული, ისე პოლონური „ნაციონალისტური იმპერიალიზმი“ გამოცხადდეს. „კულტურის“ კრედო იყო ტრადიციულად პოლონური იდენტობის ზოგიერთი ნიშნის „ამპუტაცია“, რათა დაემკვიდრებინათ ადგილი „დასავლეთევროპული ქალაქის გარეუბანში“ ანუ ევროპის კავშირში (Nawak, 2008, 194). ეს პასაჟი ჰგავს ძველ პოზიტივიზმსა თუ „ორგანულ სამუშაოს“ სულისკვეთებას, მაგრამ გიედროიც/მიეროშევსკის მოწოდებები არ იფარგლებოდა მეზობელთა ტერიტორიული მთლიანობის აღიარებითა და რუსეთთან ამბიციური საუბრის შეწყვეტის სურვილით. მთავარი იყო პოლონეთის ორიენტირება იმაზე, რომ ლიტვას, ბელორუსს და უკრაინას თავი დაეღწია საბჭოთა/რუსული გავლენისაგან. „მინიმალისტური“ გაგებით, გიედროიცი და მიეროშევსკის მოსაზრებები ითარგმნებოდა, როგორც პოლონეთის ტრადიციული მისიონერობის დავიწყება, რუსეთთან თანამშრომლობაზე ზრუნვა, აქცენტი ბელორუსიის და უკრაინის კორუმპირებულობასა და არადემოკრატიულობაზე. „მინიმალისტების“ აზრით, დახმარებას მხოლოდ ლიტვა იმსახურებდა, დანარჩენებზე კი პოლონეთს არანაირი პოზიტიური გავლენის მოხდენა არ შეეძლო (Sienkiewicz, 2000). მაგრამ სავსებით იყო შესაძლებელი გიედროიც/მიეროშევსკის მოძღვრების უფრო ფართო და პროაქტიული ინტერპრეტაციაც: ყოფილ აღმოსავლეთ პოლონეთში რუსული გავლენების არდაშვებაზე აქცენტი დიახაც გავს პილსუდსკის ან თუნდაც ჩარტორისკის სულისკვეთებას და, შესაბამისად, ნოვაკს შეიძლება ამ ტექსტის იდეოლოგიურ ფესვებსა თუ ინტერპრეტაციაზე ვეკამათოთ.


ასეა თუ ისე, გიედროიც/მიეროშევსკი იყო და არის პოლონეთის ოფიციალური საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი. მას ცოტა თუ აყენებს ეჭვის ქვეშ პოლონური პოლიტიკური და ინტელექტუალური წრეებიდან. სხვათა შორის, პარიზულ „კულტურაზე“ იზრდებოდნენ გვიანკომუნისტური ელიტის წარმომადგენლებიც. პრაქტიკაში კი კათოლიკური ეკლესია საერო პოლიტიკურ კლასზე არანაკლები როლის თამაშს განაგრძობდა. როგორც ნოვაკი წერს, ვითარებას ამწვავებდა პოსტ-კომუნისტური რუსული რესენტიმენტის მზარდი რეციდივი. პოლონეთი კვლავინდებურად ექცეოდა რუსული ელიტის ეჭვიანი და ამბიციური ყურადღების ქვეშ. ნატოს გაფართოების პერსპექტივების კვალობაზე მოსკოვში სოლიდური მედიაც ავრცელებდა ვერსიას, რომ პაპი იოანე-პავლე მეორე და ზბიგნევ ბჟეზინსკი პრეზიდენტ ალექსანდრე კვასნევსკის ძველი Rzeczpospolita-ს აღდგენის იდეას აცნობდნენ. ეს უსაფუძვლო ინსინუაცია იყო, მაგრამ ასეთ გამოხტომებს თუ რუსეთის ჭირვეულობასა და ოფიციალურ ანტი-ნატოურ დემარშებს პოლონელებიც სათანადოდ პასუხობდნენ. 1999 წელს პოლონეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრონისლავ გერემეკი ღიად გამოხატავდა სურვილს, პოლონეთი რეგიონალური ძალა (Mocarstwo/Power) გამხდარიყო (Nowak, 2008, 194). პოლონური მედია იყენებდა ფორმულებს: „პოლონეთი, როგორც ანტიიმპერიული კორდონის მშენებელი და პოსტ-საბჭოთა აღმოსავლეთ ევროპის ადვოკატი“ (იქვე, 195). 1997 წელს ძველ დედაქალაქ გნიეზნოში იოანე-პავლე მეორემ აღნიშნა პოლონეთის პირველი მეფისა და გერმანული ერის საღვთო რომის იმპერატორის შეხვედრის 1000 წლისთავი, რომელსაც 7 ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრო, გერმანიის და უკრაინის პრეზიდენტების ჩათვლით. პაპი აცხადებდა, რომ პოლონელებს უნდა ეტვირთათ მისია - შეექმნათ გაერთიანებული ევროპის საყრდენი თავისი კათოლიკური იდენტობით. ნოვაკის ინტერპრეტაციით, ეს გავდა „მორალურ იმპერიალიზმს“ დესპოტური აღმოსავლეთის და მატერიალისტური დასავლეთის წინააღმდეგ“ (იქვე, 198).


ადვილი არ არის, დაივიწყო ხუთასწლოვანი ტრადიცია. პოლონეთი ისევ „მესამე რომსა“ და „ევროპულ-გერმანული საღვთო რომის იმპერიის“ შუაშია. იგი მუდმივად სუსტია მესამე იმპერიის შესაქმნელად, მაგრამ ზედმეტად ძლიერი და ამაყია საიმისოდ, რომ პატარა ქვეყნის დაქვემდებარებული როლი აირჩიოს. ქვეყანა „ნორმალურობასა“ და „სარმატულობას“ შორისაა (იქვე, 199) - დაახლოებით ასე, გეო-პოეტურ სტილში ასრულებს ნოვაკი პოლონურ მოგზაურობას. მაგრამ წიგნი არ მთავრდება - ავტორი პოლონეთის კვლავ ცოცხალი და გეოპოლიტიკურ ხილვებში ჩაძირული მეტოქის, რუსეთის ისტორიოსოფიის დახასიათებაზე გადადის.    



პოლონეთი და არა მხოლოდ პოლონეთი რუსული თვალთახედვით: რუსული ისტორიოსოფიისა და გეოპოლიტიკის წრებრუნვა


რუსული თემა ნოვაკის მონოგრაფიის დასაწყისშივე ჩნდება - პოლონური ისტორიისა და გეოპოლიტიკის გადმოცემა სხვაგვარად ვერც მოხდებოდა, რადგან Rzeczpospolita-ს უდიდესი ნაწილი რუსეთის იმპერიამ შეიერთა. თითქმის 200 წლის მანძილზე ვარშავა, კრაკოვი, პოზნანი, ისევე როგორც კიევი, ვილნიუსი თუ ლვოვი კოლონიურ პერიფერიას წარმოადგენდნენ, მოსკოვი და პეტერბურგი, ბერლინი და ვენა კი მეტროპოლიას. ოღონდ ვისაც პოლონეთის დასავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები და/ან კულტურა და პოლიტიკა აინტერესებს, შეუძლია პიოტრ ვანდიჩის აქ რამდენიმეჯერ ციტირებული წიგნი წაიკითხოს - ნოვაკის ინტერესი აღმოსავლეთ ევროპა და პოლონეთის რუსული ნაწილია.


უშუალოდ პოლონეთის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და იდეოლოგიური ევოლუციისადმი მიძღვნილ თავებში ავტორი ხაზს უსვამს როგორც რუსულ-იმპერიული გეოპოლიტიკის, ისე იმპერიული იდეოლოგიის ცვალებად და განგრძობად ნიშნებს. მისი თქმით, XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან რუსეთის ევროპასთან მეტოქეობა, რისი ნაწილიც იყო პოლონეთის საკითხი, სტრატეგიულიდან იდეოლოგიურზე გადადის (იქვე, 26). პეტრეს და ეკატერინე მეორეს ზღვები და ევროპული განმანათლებლობა იზიდავდათ, რის ფუნქციადაც პოლონეთის კონტროლს თვლიდნენ. მაგრამ მათგან უკანასკნელმა XVII საუკუნის მოსკოვიტური ტრადიცია გამოიყენა და აქცენტი Rzeczpospolita-ს მართლმადიდებლური მოსახლეობის მფარველობაზეც გააკეთა. ამას დაემატა საფრანგეთის რევოლუციის შიშით გაზრდილი გაუცხოება ევროპისაგან, რომელთან ურთიერთობაში ყოველთვის იყო სოციო-კულტურული სიცივე.[xv] უპირველეს ყოვლისა, იგი ისევ მეზობელ Rzeczpospolita-ს ბედზე აისახა. ამ ნეგატიური დამოკიდებულებების განსაზღვრებად ნოვაკს შემოაქვს ტერმინი გეო-კულტურა. იგი ავტორისათვის კავშირშია 1812 წელს ნაპოლეონის შემოსევის შემდეგ დაწყებული სლავური ფესვების რომანტიკულ ძიებასთან, რასაც ნიკოლაი კარამზინის ისტორიული წიაღსვლები უქმნიდა ფონს. კარამზინით მონუსხულნი იყვნენ როგორც სამეფო კარზე, ისე მომავალი დეკაბრისტები და არისტოკრატი პოეტები. რაც დრო გადიოდა, პრობლემა ღრმავდებოდა. ნოვაკი იხსენებს რუს პოეტ ფიოდორ ტიუტჩევს, რომელიც 1849 წელს, ევროპაში განვითარებული ლიბერალური რევოლუციებისა და ე.წ. ერების გაზაფხულის ფონზე წერდა, რომ საფრანგეთიდან ლპობა მოდის და მთელი ევროპა მოწამლულია (იქვე, 29). რა თქმა უნდა, რუსეთშიც იყვნენ ლიბერალები. თავად ალექსანდრე პირველიც, როგორც უკვე ვნახეთ, გარეული იყო ლიბერალურ ფლირტში პოლონელებთან. მაგრამ რუსულ ინტელექტუალურ და იდეოლოგიურ ცხოვრებაში წამყვან ხაზად მაინც ნიკოლოზ პირველის განათლების მინისტრის სერგეი უვაროვის მიერ შექმნილი ფორმულა - „თვითმპყრობელობა, მართლმადიდებლობა, ხალხურობა“ - ყალიბდებოდა. ოდესღაც თავად პროევროპელი უვაროვი 1830 წელს წერდა, რომ აღმოსავლური კულტურები რუსეთთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ევროპასთან (იქვე).


უშუალოდ პოლონელებისადმი ეჭვიანობა მუდმივად არსებობდა, მაგრამ აჯანყებების კვალობაზე იგი სიძულვილშიც გადადიოდა და რუსული ლიბერალიზმი ნაციონალიზმით იცვლებოდა. ოღონდ რამდენად გეოპოლიტიკური იყო ეს მოვლენები ან რამდენად შეიძლება ყოველივე ამის „გეოკულტურად“ სახელდება? ვფიქრობ, მსგავსი ტერმინები უსასრულოდ აფართოებს გეოგრაფიული დეტერმინიზმის ფარგლებს და ანალიტიკურად მოუხელთებელს ხდის მას. ნოვაკს კი თავისი, არც თუ უინტერესო არგუმენტი აქვს ამ ტერმინის დასაცავად: 1863 წლის იანვრის აჯანყების შემდეგ ნიკოლაი დანილევსკი, რომლის „რუსეთი და ევროპა“ თანამედროვე რუსეთის გარკვეულ წრეებში უჭკნობი პოპულარობით დღესაც სარგებლობს,  ევროპას ომს უცხადებდა და, გეოპოლიტიკის თუ გეოკულტურის საკუთარი ვერსიით, საოცნებო სლავურ კავშირში ბერძნები, რუმინელები და უნგრელებიც კი შეჰყავდა  (იქვე, 30). მისი ლოგიკა ამ არასლავ ხალხებთან კულტურულ სიახლოვეს ეყრდნობოდა. მოვლენებს თუ გავუსწრებთ, შეიძლება ითქვას, რომ დანილევსკის ვერრეალიზებულ ხედვებს იოსებ სტალინმა თითქმის შეასხა ხორცი. მაგრამ ეს მოხდა მეტად ცოტა ხნით, რაც გეოპოლიტიკის მსგავს ვერსიათა უსაფუძვლობაზე მაინც მეტყველებს.


ბევრად უფრო რაციონალურად ჟღერდა XX საუკუნის დამდეგის რუსული გეოპოლიტიკური ტექსტები თბილ ზღვებზე იმპერიის გასვლის საჭიროების შესახებ (იქვე, 31). ყოველ შემთხვევაში, ასეთი სურვილები უფრო შეეფერებოდა გლობალიზებადი და კოლონიური იმპერიებით დაფარული მსოფლიოს იმჟამინდელ კონტექსტს. როგორც მსოფლიო ომებმა და საბჭოთა კავშირის წარმოქმნამ აჩვენა, თუ რა იყო მაშინ არაადეკვატური, ეს იმჟამინდელ ლიბერალთა იმედია ისტორიის დასასრულის შესახებ: როგორც ვხედავთ, ისტორია ახლაც არ დასრულებულა. მაგრამ ევროპის გეოპოლიტიკა კი დრამატულად იცვლებოდა, რითაც მუდმივი სქემების შექმნის თუ სტრატეგიული კალკულაციების შეუძლებლობას აჩვენებდა. ამ ცვლილებების ერთ-ერთ ცენტრს პოლონეთი წარმოადგენდა: რუსეთი საფრანგეთს და ინგლისს დაუახლოვდა, რამაც, სხვა შედეგებთან ერთად, გერმანულენოვან სახელმწიფოებთან ალიანსში პოლონეთის დამონების საუკუნოვანი სისტემა დაანგრია (იქვე, 32-33).


დასაწყისში აღვნიშნე, რომ თუ ნოვაკის ნარატივი გეოპოლიტიკისათვის რაიმე მნიშვნელობის მინიჭების სტიმულია, ეს არაა რწმენის განმტკიცება მუდმივ გლობალური დაპირისპირებებში, სამყაროს  „ჰართლანდად“ და „რიმლანდად“ დაყოფაში თუ საზღვაო და სახმელეთო ძალების შეუთავსებლობაში, რასაც კლასიკა და ზოგიერთი რუსი ავტორი ქადაგებს. მსგავსი სქემები ისტორიის სპეციფიკურმა ეპოქამ - XIX-XX საუკუნეების კოლონიალიზმმა წარმოშვა და, როგორც ხშირად ხდება, ანალიტიკოსთა ნაწილმა ისინი წარსულს და მომავალს მოარგო. ჩვეულებრივ, გეოპოლიტიკა კაცობრიობის ისტორიას გეოგრაფიული დეტერმინიზმით  ხსნის და იდეოლოგიას, ღირებულებებს თუ კულტურას დამოკიდებულ ცვლადებად თუ არარელევანტურ ფაქტორებად წარმოაჩენს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ნოვაკის მიერ გამოყენებული ტერმინი „გეოკულტურა“ რაიმენაირად აკომპენსირებს სამყაროს მნიშვნელოვანწილად ერთგანზომილებიან აღქმას. თანაც, ნოვაკის წიგნი არ იძლევა ნათელ სურათს, თუ როგორ ესმის ავტორს გეოპოლიტიკა. უკვე ვთქვი, რომ, ავტორისავე სიტყვებით, ისტორიის ბორბლის დაუსრულებელი ტრიალი ამ საკითხზე უფრო დებატების საჭიროებას აჩვენებს, ვიდრე რაიმე გამზადებული თეორიის მიღება-მტკიცების გარდაუვალობას. თანაც ალბათ საკამათო არ უნდა იყოს, რომ ადამიანის მიერ ცის, კოსმოსის და ვირტუალური კიბერ სივრცის ათვისების პირობებში სამყაროს ერთადერთ ღერძად მხოლოდ საზღვაო და სახმელეთო შესაძლებლობებზე ფოკუსირება ანაქრონიზმია.


მაგრამ ყოველივე ეს გეოპოლიტიკურ ფაქტორთა არარსებობას არ ნიშნავს. მსგავსი მტკიცება მეორე უკიდურესობა იქნებოდა - სივრცე დროით განზომილებაზე არანაკლებ არსებითია და პოლიტიკას ნამდვილად ებმის თუ განაპირობებს. ოღონდ არ უნდა გვეგონოს, თითქოს მსგავს მიზეზ-შედეგობრიობას აუცილებლად რაიმე მუდმივი და უნივერსალური ფორმა აქვს. არსებობს ძველ ინდურად მიჩნეული კვაზი-გეოპოლიტიკური დაკვირვება, რომლის თანახმად „მტრის მეზობელი მეგობარია“. როგორც ვნახეთ, რაღაც მონაკვეთში ეს ლოგიკა პოლონეთთან მიმართებაშიც მუშაობდა: Rzeczpospolita-ს მიუღებლობაში მის აღმოსავლეთით მდებარე რუსეთი დასავლეთით მდებარე პრუსია/გერმანიის თანაგრძნობას პოულობდა და პირიქით. მაგრამ ვითარებები იცვლებოდა და იგივე ამ მხარეებს პოლონეთი ან ბუფერად ესახებოდათ, ან საკუთარ ცივილიზაციურ მოკავშირედ. შესაბამისად, თუ რამეა მთავარი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ზოგადად, თუ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კონკრეტულად, ეს მაინც უფრო იდეოლოგიები, თვითიდენტიფიკაცია და აქედან მომდინარე ეროვნული ინტერესების ფორმულირებებია.  სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ფორმირებული, ნაწილობრივ მაინც მემკვიდრეობითი და დინამიკური გეოპოლიტიკა აღმოაჩნდა წითელ რუსეთს/საბჭოთა კავშირს 1918 წელს მკვდრეთით აღმდგარი Rzeczpospolita-ს მიმართ.


ამ პოლიტიკის მემკვიდრეობითობა იმაში გამოიხატა, რომ წითელ რუსეთს იმპერიული რუსეთისაგან გადმოჰყვა პოლონელების უნდობლობა, პოლიტიკური სიძულვილი, რომელიც ზოგჯერ ქსენოფობიაში გადადიოდა. ამას ნაწილობრივ ანეიტრალებდა პერიოდულად განმეორებადი განცდა, რომ პოლონეთი მთლიანობაში მოუნელებელი იყო და რაღაც დათმობებს საჭიროებდა. ეს სიძულვილი ჯერ კიდევ XVIII საუკუნის რუს მწერალთან, დენის ფონვიზინთან ჩანს, რომელიც პოლონეთს შავ ხვრელს  უწოდებდა (იქვე, 61). შემდგომ ამისა „პოლონური უღლის გადაგდებაზე“, ნოვაკის თქმით, ბევრი რუსული დრამა თუ ნოველა დაწერილა. 1808 წელს კი მოსკოვიდან 1612 წელს პოლონელთა გაძევების ინიციატორების, მინინისა და პოჟარსკის ძეგლის აღმართვა გადაწყდა. ყველაფერი ძველისადმი ნიჰილისტურად განწყობილი პირველი ბოლშევიკები ამ ძეგლის დანგრევაზეც ფიქრობდნენ, მაგრამ ზემოთნახსენებმა მემკვიდრეობითობამ იმაშიც იჩინა თავი, რომ ძეგლს მხოლოდ მცირედით შეუცვალეს ადგილმდებარეობა და იგი ისევ მოსკოვის წითელ მოედანზეა.


როგორც ვთქვი, კარამზინი ანტიპოლონურ პოლიტიკურ სტერეოტიპთა ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მისი „რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ ალექსანდრე პუშკინის მუზასაც მოემსახურა და, რიგ ფუნდამენტურ საკითხებში, საბჭოთა ისტორიოგრაფიის რუსულ-ნაციონალისტური ბუნების განმაპირობებელია. იგი ამტკიცებდა დამოუკიდებელი პოლონეთის შეუთავსებლობას რუსეთის სახელმწიფო ინტერესთან; რუსეთის ისტორიულ უფლებას რუთენიანულ მიწებზე, რადგანაც კიევის რუსეთი იგივე მოსკოვის რუსეთია და აწმყო პოლონელთა წარსული მტაცებლობის შედეგია. ყოველივე ამის საფუძველზე, პოლონელთადმი სიმპათიის მქონე იშვიათ რუსთგანი, ემიგრანტი მწერალი და პუბლიცისტი ალექსანდრე გერცენი თვლიდა, რომ სწორედ კარამზინმა გააღვივა სიძულვილი პოლონეთის მიმართ. ნოვაკი თავის მხრივ შენიშნავს, რომ შეგვიძლია წარსულისა და აწმყოს კარამზინისეული მიზეზ-შედეგობრიობის არგუმენტი შევატრიალოთ და ვთქვათ, რომ რუსი ისტორიკოსი მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი წუხილების წარსულზე პროეცირებას ახდენდა (იქვე 70-76).


საბჭოთა ისტორიოგრაფიის და, მთლიანობაში, მწერლობის trademark სწორედ თანამედროვე ნაციონალისტურ/იმპერიული სენტიმენტების შორეულ წარსულში გადატანის ანაქრონისტული მეთოდია, რის სათავეებთანაც კარამზინი და რომანტიზმი იდგა. ამაში იყო პარადოქსიც, რადგან კომუნიზმის იდეოლოგიიდან ნაციონალისტური ისტორიოსოფიის უმსჯელობები პირდაპირ არ გამოიყვანებოდა. თუმცა პარადოქსის ამოხსნაში შეგვიძლია დავეთანხმოთ ნოვაკის „გეოპოლიტიკურ“ არგუმენტს: ლენინი არ იყო დიდი რუსეთის შოვინისტი. . .მაგრამ მას და მის პარტიას ძალაუფლების ინსტინქტი ახასიათებდა. . .რადგან რუსეთი იყო მათი ძალაუფლების ბაზისი, რუსული გეოპოლიტიკური ინტერესი კომუნიზმის ინტერესი გახდა (იქვე, 150). აქ აღარ გავიმეორებ ბოლშევიკთა ბრძოლის პერიპეტიებს პილსუდსკის ახალ პოლონეთთან. ვიტყვი მხოლოდ, რომ ნოვაკის თანახმად, ლენინის ცნობიერებაში პოლონეთის გასაბჭოების იდეა მთელს ევროპაში რევოლუციური ქარცეცხლის დანთების მიზანს ებმოდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პერიოდულად ლენინი „ბურჟუაზიულ მთავრობებთან“ მოლაპარაკებასა და თანაარსებობაზეც საუბრობდა, რაც მის ცინიზმამდე მისულ პრაგმატიზმს აჩვენებდა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისტორიაში დარჩა მისი ნებართვითა და წახალისებით განხორციელებული სამხედრო შეტევა ვარშავაზე.


ისტორიულ წყაროებში ნოვაკი გამოარჩევს ლენინის, სტალინისა და ტროცკის 1920 წლის კორესპონდენციას. ლენინი მაშინ იტალიაში რევოლუციას ელოდა და რუმინეთის, უნგრეთის და ბოჰემიის (დღევანდელი ჩეხეთი) გასაბჭოებას ითხოვდა, სტალინი კი პასუხობდა, რომ მალე ლვოვში (მაშინდელი Rzeczpospolita) შევიდოდა.  სტალინის აზრით, არა მხოლოდ პოლონეთი, არამედ ფინეთი, გერმანია და უნგრეთი რუსეთთან კონფედერაციულ კავშირში უნდა შემოსულიყვნენ. ტროცკი ითხოვდა, პოლონელ მუშებში აგიტაცია გაეწიათ ისეთი ახალი „გმირებისათვის“, როგორიც ბოლშევიკური საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელი, პოლონელი ფელიქს ძერჟინსკი იყო. იმავე წლის აგვისტოში ლენინი პოლონეთის დასრულებას გადაუდებელ საჭიროებად მიიჩნევდა (იქვე, 165-166).


პილსუდსკის სახელმწიფო მაშინ გადარჩა. ნოვაკს გადმოცემული აქვს პოლონეთთან ომის შემდგომი პოლემიკა რომელიც ლენინსა და კარლ რადეკს შორის გამართულა. ლენინის რეპლიკაზე, რომ ბოლშევიკებმა ხიშტით მოსინჯეს პოლონეთი, ლვოვში დაბადებულმა ლიტველმა ებრაელმა რადეკმა უპასუხა - არ იყო საჭირო „ცდა,“ საკმარისი იყო გაზეთების კითხვა, რომ გაგვეგო, არაა დასავლეთი მზად რევოლუციისთვისო (იქვე 167). საინტერესო და წინასწარმეტყველური იყო ლენინის საუბარი შვეიცარიელ კომუნისტთან, რომელიც პოლონური დაზვერვის ინფორმატორი აღმოჩნდა: პოლონეთს მაინც დავიპყრობთ - უთქვამს ლენინს - მომავალში ევროპის ნახანძრალზე ან გერმანიის ჰეგემონია აღმოცენდება, ან ევროპის კომუნისტური კავშირი (იქვე, 168).


30-იანი წლები ნოვაკს გამოტოვებული აქვს, კომუნისტური პოლონეთის ეპოქის რუსულ/საბჭოთა რეფლექსიებზეც ბევრს არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რაც ზემოთ ვთქვი. შეიძლება ზოგადად ის გარემოება აღინიშნოს, რომ სტალინს, გარდა პოლონეთის გაყოფისა, მისი ელიტის განადგურებისა და, ამ ქვეყნისათვის საგრძნობლად გერმანიზებული სილეზია-პომერანიის გადაცემით,   გერმანია-პოლონეთის ურთიერთობებში მტრული მუხტის დატოვებისა, რუსულ-იმპერიული იდეოლოგიის აღორძინებაც აინტერესებდა. სწორედ მის დროს შეიქმნა სახელმძღვანელოები, რომლებიც კარამზინის ისტორიოსოფიას იმეორებდა. იგივე გაგრძელდა შემდგომშიც: პოლონეთის არაერთგზისი დანაწილება რუსეთის მხრიდან სამართლიანობის აღდგენად - კიევის რუსეთის ფესვებთან დაბრუნებად - ცხადდებოდა.


მაგრამ ნოვაკს უფრო 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა ისტორიოსოფია და გეოპოლიტიკური წიაღსვლები აინტერესებს. ამ შემთხვევაში იგი იმდენად პოლიტიკოსთა ხედვებით ან ოფიციალური დოკუმენტებით არაა დაინტერესებული, რამდენადაც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელთა კონცეფციებით. ნოვაკი ნაკლებად იწუხებს თავს „მარგინალი“ დუგინითაც. სამაგიეროდ, იხილავს სამი ალექსანდრეს - სოლჟენიცინის, მილერის და პანარინის - მოსაზრებებს. სოლჟენიცინის იმპერიალიზმი თუ რუსი ერის კონცეფტი აღმოსავლეთ სლავთა რეინტეგრაციაა და სლავოფილურ ხაზს მიყვება; ალექსანდრე მილერი ევროპული პოსტ-მოდერნიზმით და ედვარდ საიდის „ორიენტალიზმის“ თეორიითაა გატაცებული, ოღონდ ყოველივე ამას ისევ სოლჟენიცინის თუ ძველი სლავოფილების იდეათა განმეორებისათვის იყენებს. მისი კონსტრუქციაა „სამებაში გაერთიანებული რუსი ერი“. მილერი უტევს ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის „მენტალურ რუკას“ (იქვე, 205-208). იგი Rzeczpospolita-ს ძველ მემკვიდრეობად და რუსეთის დასავლეთისაგან გარიყვის ამოცანად მიაჩნია. ნოვაკი საინტერესოდ პასუხობს - ვიღებთ პოლონური მენტალური რუკების კრიტიკას, მაგრამ სადაა რუსულ მენტალურ რუკებზე რეფლექსია? რუსული ინტელექტუალური ელიტა ხომ ისევ ფიქრობს იმპერიის ახალ სიცოცხლეზე? კიევის წაშლა რუსული მენტალური რუკიდან განსაკუთრებით ძნელია, მაგრამ რა ვუყოთ ამ მიწებზე მცხოვრებთა ლოგიკას? (იქვე, 226-231). რა უმანკოდ ჟღერდა ყოველივე ეს, სანამ პუტინი რუსული „მენტალური რუკების“ სასარგებლოდ და დასავლური თუ პოლონური მენტალური რუკების საწინააღმდეგოდ ბარბაროსულ ომს დაიწყებდა!


ნოვაკისათვის რუსული იმპერიის ახალი სიცოცხლის ინტელექტუალურ შემოქმედთა შორის გამორჩეული ალექსანდრე პანარინი იყო, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა. მის მიზანს ძველი იმპერიის თუ საბჭოთა კავშირის საერთაშორისო გავლენების აღდგენა და დასავლეთის მიმართ კულტურული პროტექციონიზმი წარმოადგენდა. მაგრამ აღმოსავლეთში რუსეთის პოზიციონირება დასავლურ-ლიბერალური უნდა ყოფილიყო და რუსეთს კავკასიაში თუ სხვაგან თავი ღია საზოგადოების პრინციპებით უნდა დაემკვიდრებინა (იქვე, 216-217). ხედავდა რა ასეთი პოლიტიკის ორსახოვნებას, პანარინი ავითარებდა „მეორე რომის“ იდეას: „რომი“ მისთვის ჰეგემონური კულტურული სივრცის მეტაფორაა, სადაც აშშ და ევროპის კავშირი დომინირებს. იმისათვის, რომ რუსეთში ევრაზიანელობამ არ იმძლავროს, რომელსაც პანარინი აკრიტიკებდა, დასავლეთმა იგი აღმოსავლეთში „ისტორიის დასასრულის“ მოდარაჯე ძაღლად, ანუ მეორე რომად უნდა აღიაროს. ალბათ დასავლეთის თავმოსაწონად, იგი ცივილიზაციის მთავარ საფრთხედ „ეთნოკრატიებს“ აცხადებდა და ახალ ბარბაროსობად ნათლავდა (იქვე, 217-218). ნოვაკი პანარინის იდეებით ხსნიდა ადრეული ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას.


რუსეთისათვის გავლენის ზონის შეუნიღბავად მოთხოვნის გარდა, უშუალოდ პანარინის იმპერიალიზმს ისიც აჩვენებდა, რომ იგი მილერივით გაურბოდა რაიმენაირი სერიოზული ძალის წარმოშობის პერსპექტივას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; მოითხოვდა უკრაინის დატოვებას რუსული პროტექტორატის ქვეშ; ამუნათებდა პოლონეთსა და ჩეხეთს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შედეგად მათი მოსახლეობა დასავლეთის ლუმპენ-პროლეტარიატად გადაიქცეოდა. იგი იქამდე მიდიოდა, რომ აცხადებდა - სუსტი რუსეთი პოლონეთის არარსებობას ნიშნავსო. მთლიანობაში, დასავლეთის მხრიდან რუსული ამბიციების მოთოკვის კვალდაკვალ, პანარინი იწყებდა „აროგანტული“ ვაშინგტონის კრიტიკას და „მესამე რომის“ ანუ რუსეთის განსაკუთრებულობის იდეას უბრუნდებოდა (იქვე, 219-222).


პირადად მე პანარინის „მეორე რომის“ იდეა XVIII-XIX საუკუნეების რუსულ იმპერიალიზმს მაგონებს, რომელსაც განმანათლებლობის მცირე ფერუმარილიც ჰქონდა. დაახლოებით ასეთ იდეებს ქადაგებდა მაშინ იან პოტოცკი.  ნოვაკი კი აღნიშნავს, რომ პარალელურად მატულობდა მტკიცებები რუსეთის იმპერიის ფორმირების ბუნებრივ-ნებაყოფლობით ხასიათზე. მსგავსი „მენტალური რუკები“ ვრცელდებოდა კარნეგის ამერიკული ფონდის დაფინანსებით გამომავალ რუსულ ჟურნალ Pro et Contra-ს მიერ (იქვე, 223).


რა თქმა უნდა, რუსეთში ყოველთვის იყვნენ ანტიიმპერიალისტი ლიბერალები. ალექსანდრე გერცენს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჰქონდა დანაშაულის განცდა პოლონელების მიმართ. ზოგიერთი რუსული რევოლუციური დაჯგუფება პოლონელი ამბოხებულების გვერდით იბრძოდა. მსგავსი ადამიანები წერდნენ თუ საუბრობდნენ XX საუკუნის 90-იანებშიც და დღემდეც წერენ თუ საუბრობენ. მაგრამ ნოვაკის წიგნი მათზე არაა, რადგან მათ არც პოლიტიკაზე აქვთ გავლენა, არც სახელმწიფოს იდეოლოგიაზე და არც ამ ყოველივეს ფუნდამენტში არსებულ განათლების ოფიციალურ პოლიტიკაზე. ბორის ელცინის დროს, როგორც ნოვაკი ხედავს, სახელმწიფო ნაკლებად ერეოდა ისტორიული მითოლოგემებით მანიპულაციის პროცესში, რომელიც ახალი რუსული „პატრიოტული“ სინთეზის ფორმირებას ემსახურებოდა. 1999 წლიდან კი სახელმწიფომ ისტორია კვლავ აიღო საკუთარ იარაღად. ისევე, როგორც სტალინის ხანაში, დაიწყო პრესტიჟული ისტორიული გამოცემების ბეჭდვა, რომელთაც მზარდად იყენებდნენ სახელმძღვანელოებად. თავის დროზე სტალინმა ალექსანდრე ნეველი და ივანე მრისხანე თავის წინამორბედებად გამოაცხადა. მსგავსი აზროვნება დაბრუნდა 2005 წლის 9 მაისს, „სამამულო ომში“ საბჭოთა კავშირის გამარჯვების მესამოცე წლისთავზე. სტალინისეული ისტორიული სინთეზი პუტინის პროპაგანდის საფუძველი გახდა. რუსეთის იმპერიას თავისუფლების წყაროდ ხატავდნენ (იქვე, 235-238).


სასკოლო სახელმძღვანელოებით თუ გავლენიან პერსონათა მონოგრაფიებით ისტორიის პროფანაცია საქართველოსაც ახსოვს: ნოვაკი წერს, თუ როგორ გადაიქცნენ კომპარტიის ისტორიკოსები ძველი რუსეთის ისტორიის სპეციალისტებად (იქვე, 239), რაც მე იმპერიის ყოფილი პერიფერიის, საქართველოს ინტელექტუალურ-იდეოლოგიურ ცხოვრებას მაგონებს, მიუხედავად იმისა, ემთხვეოდა რუსული და ქართული განახლებული ისტორიული ნარატივები ერთმანეთს, თუ არა. მაგრამ საქართველო თუ იმპერიის სხვა პერიფერიები ნოვაკის თემა არაა. მისი წუხილების გათვალისწინებით ახალი ქართული ეროვნული ნარატივის შექმნა მომავლის საქმეა. ნოვაკი იმას აღნიშნავს, რომ  რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოები სულ უფრო უახლოვდებოდნენ კიევისა და მოსკოვის ეტერნალური ერთობის დისკურსს და პუტინის განცხადებას, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო.


პუტინმა ეს აზრი 2005 წლის 25 აპრილს გააჟღერა. ნოვაკი წერს, რომ მისი გამოსვლა გაზეთ „სოვეტსკაია რასია“-ში 1991 წლის 23 ივლისს დაბეჭდილი იმ საპროგრამო წერილის სულისკვეთებას იმეორებდა, რომელიც საბჭოთა დემოკრატიზაციისა და საჯაროობის პოლიტიკის საწინააღმდეგო პუტჩის ინსპირაციას წარმოადგენდა. არსებითად,  ეს ნაბიჯები თუ მათი მსგავსება ისევ იმპერიულ ნოსტალგიაზე მეტყველებდა. იქნებოდა ეს იმპერია წითელი თუ ორთავიანი არწივის ფრთებით გასხივოსნებული, ამას მნიშვნელობა ეკარგებოდა: როგორც ნოვაკი იხსენებს, კომუნიზმის იდეოლოგიური იდეალები 1991 წლის რამდენიმე დღიანი პუტჩის ლიდერებსაც არ უხსენებიათ (იქვე, 242). საქმე მიდიოდა იქით, რომ სტალინისავე ტრადიციით, ეს ბელადი და ძველი იმპერიის მშენებლები თანამოაზრეებად გამოეცხადებინათ. ესმოდა ეს თუ არა, ყოფილი დისიდენტი სოლჟენიცინიც ამ წისქვილზე ასხამდა წყალს, როცა წერდა, რომ ჯერ ივანე მესამეს მიერ გაუქმებული, მერე კი ივანე მრისხანეს მიერ ფიზიკურად განადგურებული ნოვგოროდის რესპუბლიკა, რომელსაც შეიძლება რუსეთის ალტერნატიული განვითარების ტრაექტორია შეექმნა, „დამპალი ოლიგარქია იყო“ (იქვე, 246-247).


თანამედროვე ოფიციალური რუსული ისტორიოსოფიის კიდევ ერთ საკვანძო პერსონაჟად, რომელიც ძველ და საბჭოთა იმპერიების საზრისს პოსტ-საბჭოთა პუტინისტურ მსოფლმხედველობასთან აერთიანებს, ანჟეი ნოვაკს ნატალია ნაროჩინსკაია მიაჩნია. ეს ქალბატონი თაობათა კავშირის სიმბოლოა, რადგან მისი მამა სტალინის დროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის კათედრის გამგე იყო. თავად ნატალიამ გვიანსაბჭოთა პერიოდში გაეროს სამდივნოში იმუშავა, შემდეგ პუტინის პარლამენტში იდეპუტატა და რუსული ვიკიპედიის მიერ ახლა „მართლმადიდებელ იდეოლოგად“ მოიხსენიება.  ნოვაკი წერს, რომ მისი შეხედულებები ფართოდაა ტირაჟირებული. ნაროჩინსკაია ქადაგებს, რომ მსოფლიოს ბედი რუსულ სულიერებაზეა დამოკიდებული. მისი რწმენით, ეს ახსნა ალექსანდრე დანილევსკიმ და გაიგო იოსებ სტალინმა. იგი თვლის, რომ ნოვგოროდში მიწვეული თავადი ალექსანდრე ნეველიდან მოყოლებული, რუსეთში ლეგალურ ნორმებზე უფრო სულიერი სიმართლე იზიდავთ. რაც მთავარია, მისი თქმით რუსეთი არასოდეს ყოფილა აგრესორი. სამაგიეროდ ნაროჩინსკაიას ამტკიცებს, რომ დასავლეთი რუსეთისგან მუდამ უდაბნოს შექმნას ცდილობდა, სამტკიცად კი XIX საუკუნის ბრიტანული სატირული გამოცემა მოაქვს (იქვე, 253-257).


რასაც ნაროჩინსკაია საერთაშორისო სამართალზე ამბობს, რაციონალურ ინტერპრეტაციას ძნელად ექვემდებარება, მაგრამ სრულად ხსნის პუტინის ქცევას უკრაინაში. მისი მტკიცებით, რახან 1918 წელს ბალტიისპირეთს დამოუკიდებლობა გერმანიამ და რუსეთმა უბოძა, ამ ქვეყნებს სრული უფლება აქვთ უკან წაიღონ თავისი საჩუქარი. რაღაც ამდაგვარი გააჟღერა პუტინმა 2005 წელს გერმანული ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში (იქვე, 295). თუმცა ნაროჩინსკაია უფრო შორსაც მიდის: იგი თვლის, რომ რამდენადაც პეტრე პირველმა ესტონეთი იყიდა, ამ ქვეყნის რუსეთისაგან გამოყოფა კერძო საკუთრების დარღვევაა (იქვე 260). მართალი რომ ვთქვა, ზოგჯერ თავს ვეკითხები, ზუსტად გადმოსცა თუ არა პატივცემულმა პოლონელმა პროფესორმა ნაროჩინსკაიას წიაღსვლების ეს პასაჟი. მაგრამ რამდენადაც ანჟეი ნოვაკის პროფესიულ კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარება, ისევ რუსული ოფიციოზის არაადეკვატურობის ულიმიტობა უნდა დავიჯერო. პრინციპში, უკრაინაში შეჭრის ფორმები და მოტივები ამის სოლიდურ ნიადაგს იძლევა.


ნოვაკი წერს, რომ მეგალომანები სხვა ქვეყნებშიც არსებობენ, მაგრამ საშიში რუსეთის ზომა და პოტენციალია. რუსი ისტორიკოსები უდიდეს დანაშაულებს ამართლებენ. მათი იდეოლოგიური დაშვებაა, რომ დიდ სახელმწიფოთა ურთიერთობის არსი სასიკვდილო კონფლიქტია. დასავლეთთან იგი ცივილიზაციურია და თუ ეს ასეა, მაშინ ინდივიდუალური თავისუფლების მსხვერპლშეწირვაც ღირებულია (იქვე, 261-262). მგონია, რომ თანამედროვე რუსული ოფიციალური ელიტის მსგავსი ორიენტაცია იმასაც აჩვენებს თუ რაოდენ მოწყვლადია გეოპოლიტიკური ხედვები სრული პროფანაციისათვის.


ყველაფერი ამის წაკითხვის შემდეგ ფიქრობ, რომ ჭეშმარიტად მეტი იყო ინტელექტი ძველი რუსეთის ოფიციალურ თუ მასთან დაახლოებულ იმპერიულ წრეებში. ყოველ შემთხვევაში, მათი  შეხედულებები ცოტა მაინც შეეფერებოდა ეპოქის სულს. ნოვაკი წიგნს ამერიკულ სოვიეტოლოგიაში პოლონელთა ინტელექტუალური შენატანის განხილვით ამთავრებს. საინტერესო, მაგრამ მგონი ცოტა განყენებული თემაა. ამიტომ ეს ესე მინდა წიგნის ბოლომდე განხილვის გარეშე დავასრულო. ოღონდ უნდა შევეხო წიგნის მიწურულს დასმულ კიდევ ერთ საკითხს. ცოტა წინააღმდეგობრივად, თუმცა მაინც ლოგიკურად, ნოვაკი ისევ იმპერიის ხანას უბრუნდება. მას უნდა, გაარკვიოს, რას ფიქრობდა და ფიქრობს რუსეთის განათლებული კლასი ერი-სახელმწიფოს იდენტობის   მიღებაზე, სადაა ზღვარი კოლექტიური იდენტობის ამ ფორმასა და იმპერიას შორის. ელცინის ეპოქაში ეს საკითხი მკვეთრად დაისვა. მაგრამ, როგორც ნოვაკი წერს, რუსეთი პირველად არ დგებოდა დილემის - ერი თუ იმპერია - წინაშე. ნოვაკს სურს ამ დილემაში გარკვევა და ასკვნის, რომ ისტორიული რუსული პასუხი დაპყრობილი ხალხების რუსიფიკაცია იყო.


ნიკოლოზ მეორის რეფორმატორი პრემიერ-მინისტრი, პეტრე სტოლიპინი იმპერიის დაისისას უფრო მის ეთიკურ-იდეალისტურ ვარიანტს უჭერდა მხარს, რომლის მისიათა ეპიცენტრში ინდივიდის კეთილდღეობა იქნებოდა. პეტრე პრაქტიკოსი იყო და, კონცეპტუალურ დონეზე, ამ იდეებს მისი ძმა ალექსანდრე გამოხატავდა. პოპულარული გაზეთის „ნოვოე ვრემიას“ ფურცლებზე მას რუსული ინტეგრალური ნაციონალიზმის ავტორი მიხაილ მენშიკოვი დაუპირისპირდა. მენშიკოვი წერდა, რომ ზეეროვნული იმპერია ფიქციაა, თავად ტერმინი ძალას ნიშნავს, იმპერია ომია და არა მშვიდობა თუ ეთიკური კომპრომისები. შესაბამისად, ასკვნიდა მენშიკოვი, რუსეთის იმპერიის მიზანი მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთა სრული ასიმილაცია უნდა იყოს. მაგრამ თავის ეთნონაციონალისტურ-იმპერიულ ზრახვებს მენშიკოვი პოლონური მიწების ისტორიულ ბირთვზე არ ავრცელებდა, რადგან არ სჯეროდა, რომ პოლონელი ერის მონელება შესაძლებელი იქნებოდა (იქვე, 270-271).


მენშიკოვის მტკიცებით თუ უვაროვის ფორმულიდან მოყოლებული, რუსული ერი-სახელმწიფოს იდეა დაპყრობილ ხალხთა უმეტესობის ასიმილაციას ებმოდა, რამდენადაა შესაძლებელი, მსგავსის რეალიზაციის შემთხვევაშიც, იმპერიის დასრულებაზე საუბარი? მაშინდელ პროევროპელ ინტელიგენტ თეორეტიკოსთა საგრძნობი ნაწილი - ვასილი როზანოვი, პეტრე სტრუვე - მაინც ლიბერალიზმისა და იმპერიალიზმის შეხამებას ლამობდა. მომავალი ევრაზიელი პეტრე სავიცკი კი მიიჩნევდა, რომ იმპერიასა და ერს შორის ზღვარი პირობითია, რადგან ერიც ასიმილაციის შედეგია (იქვე, 273).


ნოვაკის თქმით, რომანოვთა იმპერიის ნგრევით განხორციელდა არა მისი ეთიკურ-ლიბერალური გარდაქმნა, არამედ მენშიკოვის ინტეგრალური ნაციონალიზმის სცენარი - პერიფერიებმა ცენტრის ავადმყოფობით ისარგებლეს, მერე კი იდეურად ანტიიმპერიულმა ძალამ - ბოლშევიკებმა - ტრადიციული რუსული ღირებულებებისა და მოდერნულობის სინთეზი შეძლო. პერიფერიებს კულტურული ნაციონალიზმის უფლება მიეცა, ოღონდ ისინი დარჩა ცენტრის კონტროლქვეშ. ცენტრი კი იყო არა რუსეთი, არამედ კომუნისტური პარტია (იქვე, 277-278).


მაგრამ გახდა საბჭოთა კავშირი ნაციონალური სახელმწიფო, საბჭოელები კი ერი? მენშიკოვი ნაციონალიზმს ქადაგებდა თუ ისეთ იმპერიალიზმს, რომელიც ნაციონალიზმის სინონიმია? ასევე საინტერესოა, რაა მსგავსება დმოვსკის პოლონურ და მენშიკოვის რუსულ ინტეგრალურ ნაციონალიზმებს შორის? ყოველივე ამის გარკვევას ნოვაკის წიგნი არ ყოფნის და არც მენშიკოვის კონკრეტული საგაზეთო სტატიის წაკითხვა იქნება ალბათ საკმარისი. ნაცია და/თუ იმპერია ცალკე განხილვას იმსახურებს როგორც საბჭოთა კავშირის კონტექსტში, ისე ზოგადადაც. აქ მხოლოდ იმის დამატება შეიძლება, რომ მენშიკოვით თუ უმენშიკოვოდ, ნოვაკისთვისაც საბჭოთა კავშირი თავიდანვე იმპერიად წარმოდგება. თუმცა იგი იმპერიის გაცოცხლების მეორე ეტაპს ინდივიდუალურად სტალინს უკავშირებს. ამით ნოვაკი ეთანხმება თანამედროვე რუს იმპერიალისტ ნაროჩინსკაიას - ოღონდ კონცეპტუალურად და არა მორალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. სტალინმა აღადგინა იმპერიის რუსული ცენტრი, ასკვნის ნოვაკი (იქვე 278).  


პოსტ-საბჭოთა რუსეთიც რომ ისევ იმპერიად დარჩა, ამას ალბათ ნოვაკის დამოწმება არც სჭირდება. და მაინც, აღნიშვნას იმსახურებს მძივივით აწყობილი მისი შემდეგი მტკიცება: 90-იანების დასაწყისში გაჩენილი დილემა - იმპერია თუ ერი-სახელმწიფო, უარყოფილი იქნა (იქვე 282). ყოფილ რესპუბლიკებს მოსკოვში „ახლო უცხოეთი“ დაარქვეს. ყავისფერ-წითელ კოალიციასთან ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ელცინის ადმინისტრაციას არ შეეძლო რაიმე სხვა სიმბოლოების პოვნა, გარდა იმპერიულისა (იქვე, 284). ამ სიმბოლიზმის ფორმირებაში წვლილი შეიტანა ნიკიტა მიხალკოვის და ლეონიდ პარფიონოვის ფილმებმა. ჩვეული პოსტ-მოდერნული სარკაზმით, საქმეში ჩაერთო პოპულარული მწერალი ვიქტორ პელევინი, რომელმაც რიტორიკულად იკითხა, რატომ უნდა გაგვეცვალა ბოროტების იმპერია ბანანის რესპუბლიკაში, რომელიც ბანანებს ფინეთიდან იღებს? რუსული საექსპერტო საზოგადოება თავისებურად აღიქვამდა დასავლეთში ერი-სახელმწიფოს იდეის დევალვაციას ისეთ აგლომერაციებთან შედარებით, როგორებიც ევროპის კავშირი ან NAFTA იყო - რუსული გამოცდილებით ისინიც იმპერიებად მოჩანდნენ (იქვე, 285-291).


მას შემდეგ, რაც 2003 წელს რუსეთის ფედერაციის რეფორმატორმა დიდმოხელემ, ანატოლი ჩუბაისმა ლიბერალური იმპერიის მშენებლობის იდეა გააჟღერა, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რუსების მხოლოდ 1%-ს არ სჯეროდა ასეთი პერსპექტივის. ჩუბაისისაგან განსხვავებით, ნოვაკი გონებითა და გამოცდილებით სწვდება ზღვარს, რომელსაც იმპერია გარდაუვალად აღწევს სიკეთესა და ბოროტებას შორის ბალანსირების პროცესში. მენშიკოვის კვალობაზე, ჩვენი ავტორი ასკვნის, რომ იმპერია გვერდს ვერ აუვლის დაპირისპირებას იმათთან, ვინც თავს მის მსხვერპლად თვლის. შედეგად, დგება არჩევანი, რომელიც მენშიკოვის და სტოლიპინის პოლემიკაშიც იკვეთებოდა: იმპერიული პროექტის მიტოვება, მიღება იმ რეალობისა, რომ იმპერიული და ლიბერალური წესრიგი შეუთავსებელია, თუ მისი დაცვა. ნოვაკი ხედავს, რომ რუსეთის მმართველთა არჩევანი მენშიკოვის ლოგიკას მისდევს (იქვე, 301). ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დავეთანხმოთ არა ინტეგრალური ნაციონალიზმის თუ რუსი მმართველების დღემდე შეუცვლელი არჩევანის, არამედ ანჟეი ნოვაკის ლოგიკას.  



დასკვნის მაგიერ


მიმაჩნია, რომ რიგ წერილობით დოკუმენტებს - შეტყობინებებს, ბრძანებულებებს, დავთრებს თუ სხვა - შეიძლება ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაცია ჰქონდეს. ამიტომ არ დავიწყებ პოსტ-მოდერნისტულ მტკიცებებს, რომ ტექსტი რეალობას არ ასახავს, მისი უნივერსალური გაგება შეუძლებელია, „ავტორი მოკვდა“ და ავტორები, პერსონაჟები და მკითხველები თავ-თავიანთ გზას გაუდგნენ. მაგრამ როდესაც რთულ კომპლექსურ ტექსტს ვეხებით, გაუგებრობები და დაუსრულებელი ინტერპრეტაციები გარდაუვალია. ასეთი ტექსტი იყო ჩემთვის ანჟეი ნოვაკის განხილული წიგნი. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ მისი ბოლომდე მესმის, ზოგჯერ კი ეჭვი მიპყრობდა. ამიტომ, შევეცადე გადმომეცა ის, რაც დავინახე და როგორც დავინახე, მიუხედავად იმისა თუ რას ფიქრობდა ავტორი ყოველ კონკრეტულ თემაზე.


ჩვენი შესავალში ნახსენები შეხვედრისას, მისი წიგნი ჯერ არ მქონდა წაკითხული. ცოტა ვიკამათეთ კიდეც: მაგალითად, მე ვფიქრობდი (და ახლაც ვფიქრობ), რომ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტს ერთი ფესვი ისტორიის სიღრმეში აქვს და თავისი არსით ეს ფესვი ანუ მიზეზი სოციალურია. ვკითხე, იგივეს ხომ არ ჰქონდა ადგილი გალიციაში პოლონელებსა და უკრაინელების რუთენიანელ წინაპრებს შორის. არ დამეთანხმა: არ მგონიაო, უფრო რელიგიურიაო. საკითხში ჩაღრმავების დროც არ იყო და, ალბათ, ინგლისური ენაც საზღვარს უდებდა ურთიერთგაგებას, თუმცა კი შევთანხმდით, რომ რუსეთის იმპერიის კვლევაში თანამშრომლობას გავაგრძელებთ.


არ ვიცი, დამეთანხმება თუ არა ანჟეი გეოპოლიტიკის იმდაგვარ ინტერპრეტაციაზე, როგორადაც იგი მე ამოვიკითხე მისი წიგნიდან. ასევე, ალბათ, გაცილებით მეტია სათქმელი ერისა და იმპერიის კონცეფტთა ურთიერთმიმართებაზე როგორც რუსეთში, ისე პოლონეთში. მე ეს საკითხი საქართველოს კონტექსტშიც მაინტერესებს და, საერთოდ, განხილული წიგნი ჩემთვის შედარებითი მასალაა საკუთარი ერის უკეთ შესაცნობად. ოღონდ ერი/იმპერიას საკითხში თუ რამ ისე ვერ გავიგე, როგორადაც ავტორს ჰქონდა გადმოცემული, ამას გულწრფელად მივაწერ ინტერპრეტატორის და არა ავტორის პრობლემას.

ორიოდე ჩემი რეფლექსიაც ისევ გეოპოლიტიკაზე და შემდეგ ქართულ ისტორიულ თუ გეოპოლიტიკურ იდენტობაზე რუსულ-პოლონურ ისტორიულ დაპირისპირებათა კონტექსტში:


გეოპოლიტიკა დიდხანს ესმოდათ როგორც გეოობსესია საგარეო პოლიტიკაში: თითქოს არსებობს მაგიური თვისების მქონე მიწის ფართობები და ამა თუ იმ ქვეყნის სიძლიერეც ისაა, დაეუფლოს რაც შეიძლება მეტ ასეთ ფართს. რუსეთში მსგავსი შეხედულებები დღესაც წამყვანია და მარტო ალექსანდრე დუგინის წიაღსვლებით არ შემოიფარგლება. თუმცა დუგინისათვის ქსენოფობიაც მყარი ვალუტაა და ერთგვარ გეოცივილიზიონისტად გვევლინება დანილევსკის, ტრუბეცკოის და გუმილიოვის კვალობაზე. ნოვაკის წიგნი გვიჩვენებს, რომ თუ ევროპაში გეოგრაფია და პოლიტიკა სადმე მართლა გადაიჯაჭვა, ერთი ასეთი ადგილი პოლონეთია. მაგრამ მისი მსჯელობა მე კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ კლასიკური გეოპოლიტიკის პოზიტივისტურ-იმპერიალისტური დისკურსი აბსურდამდე შეიძლება მიდიოდეს.


ნოვაკის გეოპოლიტიკა შორსაა საბუნებისმეტყველო უნივერსალიზმისა და დეტერმინიზმისაგან, თუ მუდმივმოქმედი მატრიცების რწმენისაგან. იგი უფრო ნაციონალიზმით თუ იმპერიალიზმით თავბრუდახვეული აქტორების ტერიტორიული დავებია. ესაა მეტოქის დასუსტების ჟინისა და საკუთარი, ხშირად პერვერსიული ამბიციების მანიფესტაცია. არის, მაგალითად, თვეების განმავლობაში რუსების შეტევის ქვეშ მყოფი ქალაქი ბახმუტი რაიმე განსაკუთრებული სტრატეგიული კვანძი, თუ მისთვის ბრძოლაში პრინციპების/იდეების დაპირისპირება ირეკლება? იყო 1918 წლის ქართულ-სომხური სასაზღვრო ომი ბორჩალოს მაზრაში სტრატეგიული, თუ იგი მხოლოდ ორი ახალგაზრდა, გამოუცდელი ერის მოწყვლადობის, შიშების, კომპლექსების და თავქარიანობის მანიფესტაციაა? ამ კითხვებზე პასუხები მუდმივად იქნება დამოკიდებული ხედვის კუთხეზე და არა  გეოგრაფიაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში, თუ მეტოქეებმა ომი გადაწყვიტეს, კონკრეტული სიმაღლეები თუ მდინარეები, ქალაქები თუ ტრასები ულოგიკოდ იძენენ სამხედრო მნიშვნელობას. საქმეც ისაა, ვინ და რა მოტივით იღებს გადაწყვეტილებას საომარი მოქმედებების დაწყებაზე.


ნოვაკის მონაყოლი ისტორიით, პოლონელების ბრძოლა იყო იდეური, სამყაროს თანამედროვე გაგებასთან საკმაოდ ახლოს მდგომი. სხვაგვარად იგი უნდა დანებებულიყო XVIII-XX საუკუნის გეოპოლიტიკური გიგანტების წინაშე. საბოლოო ჯამში, გაქრნენ/ქრებიან ან გადასხვაფერდნენ ისინი და არა პოლონეთი.  პილსუდსკიც სტრატეგიულად ან, გნებავთ, გეოპოლიტიკურად უყურებდა ვილნიუსს, ბელორუსის ტყეებსა და ჭაობებს, მდინარე დნეპრს. მაგრამ მისი ქმედებების მამოძრავებელი იყო საფრანგეთის რევოლუციის და ძველი პოლონური „სარმატიზმის“ კულტურათა სინთეზი, რომელიც თაობებს გაჰყვა.


შესაბამისად, მაკინდერის თუ ჰაუსხოფერის გლობალურ გეოპოლიტიკურ სქემებს პოლონეთში ანაცვლებდა  ადგილობრივი მასშტაბის სტრატეგიული აზროვნება და, თუ მაინც და მაინც, „გეოცივილიზაციური“ ხედვა. ანჟეი ხშირად ხმარობს ტერმინ გეოპოლიტიკას. მაგრამ მის გეოპოლიტიკაში „გეო“ კონტექსტია, სცენაა, რომელზედაც „პოლიტიკას“ იდეოლოგია განაპირობებს. ეს უკანასკნელია დამოუკიდებელი ცვლადი და არა თავისთავად მიწა. ნოვაკი არ მისტირის Rzeczpospolita-ს ტერიტორიულ დანაკარგებს და აქედანაც ჩანს, რომ მისთვის გეოპოლიტიკა მეორადია. არსებითად, სწორედ ტერიტორიულ და არა იდეურ თუ ისტორიოსოფიულ კომპრომისებზე იყვნენ მზად მისი თხრობის გმირებიც - პილსუდსკი, დმოვსკი თუ ძველი „რესპუბლიკელები“. იმავე იუზეფ პილსუდსკის „ინტერმარიუმი“ და „პრომეთეიზმი“ გეოგრაფიულ განზომილებას კი აშკარად ფლობდა, მაგრამ იდეა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი განხორციელების გეოგრაფიული პარამეტრები. ნოვაკის პოლონელებმა დათმეს კონკრეტული ისტორიული გეოგრაფია, მაგრამ დღემდე ცოცხლად მოიტანეს განმანათლებლობის ეპოქის ისტორია.


დაბოლოს, საქართველო - რა იყო ეს გეოპოლიტიკურ-ცივილიზაციური კონტექსტი ჩვენთვის?  XV საუკუნეში, ანუ როდესაც პოლონეთი ევროპული ცივილიზაციის აღმოსავლეთის ფლანგზე ფართოვდებოდა, ბიზანტიელთა შორის რომის პაპთან უნიის იდეა ფეხს იკიდებდა, დაშლილ რუსეთში კი ევროპულივე გავლენებით საეკლესიო რეფორმაციის მცდელობებს ჰქონდა ადგილი, საქართველოს სამეფოსაც კიდევ ერთხელ ეძლეოდა დასავლეთის  ნაწილად ქცევის შანსი. 1460 წელს, როგორც საქართველოს მეფე, ისე მისი ვასალები დასავლეთ თუ სამხრეთ საქართველოდან, რომის პაპის ეგიდით ანტიოსმალურ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე თანხმდებოდნენ. მაგრამ დრო იყო ცუდი - ინფორმაცია ნელა ვრცელდებოდა, როდესაც ამ უზარმაზარი სივრცის ერთ კუთხეში კოლექტიური მოქმედებისათვის მზაობა პიკს აღწევდა, მეორეგან სხვა ისტორიული თუ იდეოლოგიური ძალები იღებდნენ უპირატესობას.


ეს უკანასკნელი სცენარი განვითარდა რუსეთში, სადაც XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე „მოსკოვი - მესამე რომი“-ს ამბიციურმა და არსებითად ანტიდასავლურმა იდეამ გაიმარჯვა. პარადოქსია, მაგრამ ამას ხელი შეუწყო ბიზანტიელი იმპერატორების მემკვიდრე სოფია პალეოლოგმა, რომელიც სწორედ რომის პაპის მეცადინეობით მიათხოვეს მოსკოვის დიდ მთავარ ივანე მესამეს. შედეგად, „მოსკოვია“ ამოვარდა შესაძლო ევროპული ოჯახიდან, თუმცა კი მისი დაბრუნების მცდელობები კიდევ დიდხანს გაგრძელდა, რაშიც პოლონელები განსაკუთრებულად აქტიურ როლს თამაშობდნენ: მეორე სოფიას, ამჯერად პეტრე პირველის უფროსი დის კარზე პოლონურ ენას, მოდას და ლიტერატურას წამყვანი პოზიცია ეკავა.


საქართველო კი ძალიან აღმოჩნდა დაცილებული ევროპის ცენტრებს. მიუხედავად ამისა, კავშირის აღდგენის მცდელობები არასოდეს შეწყვეტილა. უბრალოდ, ყველაზე მოხერხებული საამისო გზა რუსეთზე გამავლად მოეჩვენა მავანს და არჩევანი საბოლოოდ მასზე შეჩერდა. რუსეთში კი, როგორც ვნახეთ, ევროპის მიმართ რესენტიმენტმა იმძლავრა. ნებსით თუ უნებლიედ, XIX საუკუნიდან ქართული ინტელიგენცია რუსული ინტელიგენციის ლიბერალურ ნაწილთან ერთად აღმოჩნდა ევროპული პერსპექტივის დაბრუნებისათვის ბრძოლის ხაზზე. აქედან გაიცნო და შეიყვარა მან ევროპის არანაკლებ შეჭირვებული პოლონური ფლანგი. პარტნიორობაში გადაზრდილი ამ ნაცნობობის საყურადღებო მაგალითებზე კი ესეს ძირითად ტექსტში ვისაუბრე.


რაა აქედან მორალი? ალბათ ერთი: გეოგრაფია ნამდვილად იყო როგორც ჩვენი, ისე სხვების ჯვარი XV საუკუნიდან მაინც. პროევროპული ძალები შორს აღმოჩნდნენ, ანტიევროპული ძალები კი უფრო ახლოს. მაგრამ ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორი კონკრეტულ ადამიანთა ვნებები და იდეოლოგიური ორიენტაციები მგონია. ამ ფაქტორთა გამო მოწყდა რუსეთი ევროპას და საგრძნობლად დავცილდით მას ჩვენც. მაგრამ ახლა, როდესაც გეოგრაფიის როლი კიდევ უფრო დავიწროვდა, უნდა გავიხსენოთ ისტორიის მომგებიანი სურათები და შევქმნათ პროევროპული ისტორიოსოფია და გეოპოლიტიკა. მივხვდეთ, რომ დაცილება შემთხვევითობის და არა განგების ბრალია და შესაბამისად ვიმოქმედოთ. თუ გვინდა, რა თქმა უნდა.

 


 

გამოყენებული ლიტერატურა


კობახიძე, რატი. ილია ჭავჭავაძე პოლიტიკაში. 12.11.2020, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, https://egi.ge/ka/8-%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%95%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/#_ftn5

Nowak, Andrzey. 2008. History and Geopolitics: A Contest for Eastern Europe, Polski Institut Spraw Międzynarodowych, Warsaw

Snyder, Timothy. 2012. “Bloodlands”. Europe Between Hitler and Stalin, Basic Books, NY

Snyder, Timothy. 2003. The Reconstruction of Nations, Poland, Lithuania, Belarus, 1569-1999, Yale University Press, New Haven & London

 

Tanty, Mieczysław, Polskie Kontakty z Panslawistami Rosyjskimi po Powstaniu Styczniowym, W: Pod. Red. Andrzeja Szwarca i Pawla Wieczorkiewicza, Unifikacia za Wszelką Cenę, Sprawy Polskie w Politice Rosyjskiej na Przełomie XIX i XX Wieku, Studia i Materialy, Wydawnictwo DIG, Warszawa 2002

 

Sienkiewicz, Bartłomiej. 24.02.2000, Pochwala Minimalizmu, Tygodnik Powszechny, N52-53

 

Стеблій Ф.І., Голобуцький П.В., ЛЕЛЕВЕЛЬ Йоахим, дата публікації: 2009 http://resource.history.org.ua/cgi-bin/eiu/history.exe?&I21DBN=EIU&P21DBN=EIU&S21STN=1&S21REF=10&S21FMT=eiu_all&C21COM=S&S21CNR=20&S21P01=0&S21P02=0&S21P03=TRN=&S21COLORTERMS=0&S21STR=Lelevel_Yoahim

 

Wandycz, Piotr S. 1996. The Lands of Partitiond Poland, 1795-1918, University of Washington Press, US9.Wiech, Stanisław, Rządy Warszawskiego Generala-Gubernatora Piotra Albiedyńskiego – Lata Nadziei, Lata Żłudzeń, W: Pod. Red. Andrzeja Szwarca i Pawla Wieczorkiewicza, Unifikacia za Wszelką Cenę, Sprawy Polskie w Politice Rosyjskiej na Przełomie XIX i XX Wieku, Studia i Materialy, Wydawnictwo DIG, Warszawa 2002

 

[i] პოლონეთის ავტონომიურ სამეფოს, რომელიც რუსეთის იმპერიაში შედიოდა 1815 წლიდან, კონგრესის სამეფოსაც ეძახდნენ. ამის მიზეზი შესაბამისი გადაწყვეტილების ვენის 1814-1815 წლის კონგრესზე მიღება იყო.  

[ii] Stanisław Wiech, Rządy Warszawskiego Generala-Gubernatora Piotra Albiedyńskiego – Lata Nadziei, Lata Żłudzeń In: Pod. Red. Andrzeja Szwarca i Pawla Wieczorkiewicza, Unifikacia za Wszelką Cenę, Sprawy Polskie w Politice Rosyjskiej na Przełomie XIX i XX Wieku, Studia i Materialy, Wydawnictwo DIG, Warszawa 2002

[iii] საუბარი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩთან, 1.07. 2022  

[iv]  პოლონელები ასე ეძახდნენ ყოფილი დამოუკიდებელი Rzeczpospolita-ს იმ მიწებს, რომლებიც რუსეთმა უშუალოდ შეიერთა და განაცალკევა ვარშავის ირგვლივ ფორმირებული ავტონომიური პოლონეთის სამეფოსაგან.  

[v] Historiografia Polska I Europejska wobeć rozbiorów Rzecypospolitej, Organizatorzy: Wydzial Historii UAM w Poznaniu, Towarzystwo Historiczno-Literackie w Pariżu, Biblioteka Polska w Pariżu, Centre de civilisation polonaise – Universitete Paris-Sorbonne  

[vi] რუსეთის დახმარებით რამდენიმე პოლონელი მაგნატის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობა Rzeczpospolita-ს ახალი, 1791 წლის 3 მაისის რეფორმატორული კონსტიტუციის მიმართ. ამბოხის მონაწილეებს ეკატერინე მეორემ მრავალრიცხოვანი არმია მიაშველა და პოლონეთის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ამბოხებულები ასეთ შედეგს არ ითხოვდნენ, „ტორგოვიცელი“ მოღალატის სინონიმი გახდა.  

[vii] ასეა იგი მოხსენიებული უკრაინის ისტორიის ენციკლოპედიაში Стеблій Ф.І., Голобуцький П.В., ЛЕЛЕВЕЛЬ Йоахим, дата публікації: 2009 http://resource.history.org.ua/cgi-bin/eiu/history.exe?&I21DBN=EIU&P21DBN=EIU&S21STN=1&S21REF=10&S21FMT=eiu_all&C21COM=S&S21CNR=20&S21P01=0&S21P02=0&S21P03=TRN=&S21COLORTERMS=0&S21STR=Lelevel_Yoahim

[viii] ლათინურ ტექსტებში რუთენიად მოიხსენიებდნენ დაშლილი კიევის რუსეთის იმ ნაწილებს, რომლებიც XIII-XIV საუკუნეებში ლიტველებისა და პოლონელების გავლენის ქვეშ ხვდება. ამ საერთო ექსონიმიდან განვითარდა შემდგომ უკრაინული, ბელორუსული და რუსინული იდენტობები.  

[ix] ტრადიციულად პოლონელები რუსებს მოსკალებად, მოსკვიცინებად ან, როსეიანებად მოიხსენიებდნენ.  

[x] ლიბერუმ ვეტო პოლონური სეიმის ნებისმიერი წევრის გაუსხვისებელ უფლებას ნიშნავდა, ჩაეგდო კანონი თუ სხვა გადაწყვეტილება. ეს წესი XVII საუკუნის შუახანებიდან დამკვიდრდა და ეყრდნობოდა პრინციპს, რომ თუ ყველა არისტოკრატი თანაბარია, გადაწყვეტილებები ერთხმადაა მისაღები.  

[xi] სარმატიზმი პოლონური არისტოკრატიის ანუ შლახტის იდეოლოგიად და იდენტობის განმსაზღვრელად მიიჩნეოდა. შლახტიჩები ეთნიკურადაც ემიჯნებოდნენ ხლოპებს ანუ გლეხებს და თავს სარმატთა მითური ტომის მემკვიდრეებად თვლიდნენ. ამის გამოხატულებად მიაჩნდათ სამოსი და ჩამოშვებული ულვაშები. სხვათა შორის, ამ იდეოლოგემის ნაწილი იყო რწმენა, რომ Rzeczpospolita ცივილიზებულ სარმატიას განეკუთვნებოდა, აღმოსავლეთით კი ბარბაროსული სარმატია მდებარეობდა.  

[xii] ეს არ იყო ადვილი, რადგან Rzeczpospolita-ს გაუქმების შემდეგ, რაშიც, რუსთა გვერდით, პრუსიამ და ავსტრიამაც მიიღეს მონაწილეობა, პოლონური არისტოკრატიის აქტიური ნაწილი, სხვადასხვა შეფერილობის პატრიოტები საფრანგეთის რევოლუციური მთავრობის მოიმედეები გახდნენ. გენერალი ბონაპარტის იტალიურ არმიაში საბრძოლო ნათლობა მიიღეს ახლადფორმირებულმა პოლონურმა ნაწილებმა. იქვე დაიწერა პოლონეთის ამჟამინდელი სახელმწიფო ჰიმნი, როგორც პოლონელ მეომართა სიმღერა. 1805-7 წლებში ფრანგი ხალხის იმპერატორად ქცეულმა ნაპოლეონმა პოლონეთის დამყოფი სამივე იმპერიის ჯარები დაამარცხა და პოლონეთის პრუსიულ ნაწილში ფრანგული პროტექტორატის ქვეშ ე.წ. ვარშავის საჰერცოგო შექმნა. 1809 წელს საჰერცოგოს ავსტრიის პოლონეთის მიწებიც შეუერთეს. დიდი იყო პოლონელთა მოლოდინი, რომ მათი სამშობლოს აღდგენა რუსულ ტერიტორიებზეც გაგრძელდებოდა. ბუნებრივია, ნაპოლეონს არ სურდა ამ დონეზე რუსეთის იმპერიის გაღიზიანება, მაგრამ პოლონეთის საკითხი რუსეთ-საფრანგეთის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო მიზეზად რჩებოდა. ნოვაკი ხაზს უსვამს თავის ნარატივში, რომ 1810 წელს ალექსანდრემ შესთავაზა ნაპოლეონს ერთობლივი განცხადება, რომ Rzeczpospolita არასოდეს აღდგებოდა. ნაპოლეონმა უარით უპასუხა (Nowak, 2008, 67).  

[xiii] პოლონეთის გაყოფის 1939 წლის 23 აგვისტოს შეთანხმება სტალინსა და ჰიტლერს შორის.  

[xiv] PRL ანუ Polska Rzeczpospolita Ludowa კომუნისტური პოლონეთის ოფიციალური სახელწოდება იყო 1952-1989 წლებში. დღევანდელი პოლონეთი 1997 წლის კონსტიტუციით მესამე Rzeczpospolita-დ ითვლება და რადგან მასში I და II Rzeczpospolita-ს საუკეთესო ტრადიციების გაგრძელებაზეა საუბარი. კომუნისტური პოლონეთი არ შეჰყავთ ამ რიგითობაში სუვერენულობის შეზღუდულობის თუ არქონის გამო. იგივე ითქმის ნაპოლეონის მიერ შექმნილ ვარშავის დიდ საჰერცოგოზე (1807-1815) და ალექსანდრე პირველის დროს შექმნილ ე.წ. პოლონეთის (კონგრესის) სამეფოზე   (1815-1917). ამ კვაზიდამოუკიდებელი სახელმწიფოებისაგან ყველაზე შეზღუდული ეს უკანასკნელი იყო - 1863 წლის აჯანყების შემდეგ მას ავტონომიის არსებითად ყველა ნიშანი ჩამოერთვა და სახელადაც ვისლისპირეთის მხარე ეწოდა.  

[xv] ისიც უნდა ითქვას, რომ ამ გაუცხოებას პარალელურად გასდევდა ხიბლის ელემენტებიც. ანჟეი ნოვაკი ამ წიგნში არ წერს, მაგრამ ბევრი სხვა წყაროს მეშვეობით და თავად ნოვაკის პოპულარული რადიოლექციებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ პეტრე პირველი ჩრდილოეთ ევროპის პროტესტანტული სამყაროთი იხიბლებოდა, მისი უფროსი დის კარზე სწორედ პოლონური ენა, ლიტერატურა და ჩაცმულობა იყო გავრცელებული.

bottom of page