top of page

სსრკ-ს დაშლა რობერტ სერვისის მიხედვით


დავით დარჩიაშვილი | კრიტიკა | 2 აპრილი, 2022


ბრიტანელი ისტორიკოსი რობერტ სერვისი ერთ-ერთი იმათგანია, ვისი ისტორიული ნაშრომების გარეშე ჩვენი წარმოდგენა, თუ სად გაქრა ან გაქრა თუ არ გაქრა საბჭოთა კავშირი, ნაკლული იქნებოდა. სერვისისა და მისი კვლევის ობიექტის გახსენება იმითაცაა აღსანიშნავი, რომ 2022 წლის 30 დეკემბერს მას - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს - 100 წელი შეუსრულდებოდა. ან იქნებ შეუსრულდება? თუ კონკრეტულ საზღვრებს, მმართველობისა და მეურნეობის ფორმას ვიგულისხმებთ, იგი, დიახაც, ისტორიის კუთვნილებაა. მაგრამ თუ გავიხსენებთ რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის ოცნებებს, წუხილებს, სურვილებს - ეს ისტორია ისევ ცოცხალია. ნიშანდობლივია ისიც, რომ, როგორც 40 წლის წინ, ბორის გრებენშჩიკოვის როკ-ჯგუფი „აკვარიუმი“ ისევ შავ სიაშია - ახლა მას და რიგ სხვა რუს მუსიკოსებს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაგმობის გამო უზღუდავენ კონცერტების შესაძლებლობას. დღევანდელი რუსეთის პოლიტიკურს რეჟიმს სოციოლოგმა ლევ გუდკოვმა „მეორადი ტოტალიტარიზმი“ უწოდა (Лев Гудков, 2018 Вторичный, или возвратный тоталитаризм. Вестник общественного мнения № 3–4 (127) июль-декабрь, стр. 255-257). რომც არ მივიღოთ ეს დეფინიცია, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სსრკ-ს აჩრდილი ჯერაც დაძრწის ევროპაში და სისხლიან კვალს ტოვებს. . .


ამიტომ, მინდა გავარჩიო რობერტ სერვისის მონოგრაფიის A History of Modern Russia, from Nicholas II to Putin ზოგიერთი დებულება საბჭოთა კავშირის კრიზისისა და 1991 წელს მისი ფორმალური გარდაცვალების შესახებ. ვეცდები გამოვხატო რაა ამ შეხედულებებში გასაზიარებელი და რა - საკამათო: უეჭველობის დაღი ხომ მარტო წმინდა წიგნებს ადევს და ისიც მხოლოდ ორთოდოქსი მორწმუნეებისათვის. სერვისი კი ისტორიკოსია, თანაც იმათგანი, რომელნიც არც არქივებში თუ სხვაგვარად შენახულ დოკუმენტებს გაურბიან და არც მხოლოდ „მასტერ-ნარატივების“ შექმნის პრეტენზიას ასხივებენ. შესაბამისად, მათთან კამათი ყოველთვის საქმიანი და კეთილგანწყობილი შეიძლება იყოს.


ვფიქრობ, წიგნი იმისგანაც გვიცავს, რომ ისეთი გლობალური მნიშვნელობის მოვლენა, როგორიც იყო სსრკ-ს გაუქმება 1991 წლის დეკემბერში - შექმნიდან 69 წლის შემდეგ - რომელიმე ერთი მიზეზით არ ავხსნათ ხოლმე. ასეთი ერთმიზეზობრიობაა თავად მიზეზი იმისა, რომ იმპერიების აღორძინების იმედს თუ შიშს ვერ გაურბის მავანი, რადგან მათი ნგრევა შეთქმულებისა თუ შემთხვევითობის შედეგი ჰგონია. მსგავს მოვლენათა კომპლექსურობის დანახვის უნარი კი გვეხმარება მომხდარის გარდაუვალობისა და მათი შეტრიალების შეუძლებლობის გაცნობიერებაში.


ამასთან, როგორც ტრადიციული ისტორიოგრაფიის მიმდევარი, რობერტ სერვისი ნაკლებადაა გატაცებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური სტრუქტურების ანალიზით. მისთვის სტრუქტურები მხოლოდ გარემოებებია, რომელთა ფონზეც მთავარია კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანის მოქმედება, მისი ინტელექტისა და ნების დიაპაზონი, მისი შეცდომები თუ იღბლიანობა. შესაბამისად, სსრკ-ს ბოლო წლებს, სერვისი, რამდენიმე საკვანძო აქტორის, პირველ რიგში, ამ გლობალური ძალის პირველი და ბოლო პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის ქცევის ანალიზით ხსნის. სათანადო ყურადღება ეთმობა პოსტ-საბჭოთა რუსეთის პირველ პრეზიდენტს, ბორის ელცინს და ელცინ-გორბაჩევისეულ წინააღმდეგობრივ ურთიერთობას.


შესაძლოა, მსგავსი მიდგომა სოციალური მეცნიერებების პერსპექტივიდან ნაკლულად მოჩანდეს. თუმცა მინდა გავიხსენო რუსეთის კიდევ ერთი ექსპერტის, სოვიეტოლოგისა და პოლიტიკის მეცნიერის, ტიმოთი კოლტონის მოსაზრება, რომელიც გადმოცემულია რობერტ ლეგვოლდთან ერთად მის მიერ დარედაქტირებულ წიგნში - After Soviet Union. From Empire to Nations, W. W. Norton & Co. (3 Mar. 1993): „ინდივიდებს ისტორიაში ყოველთვის აქვთ მნიშვნელობა. მაგრამ ისეთ რუდიმენტულ გარემოში, როგორიც პოსტ-საბჭოთაა, შემთხვევები და აქტორები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკეთ სტრუქტურირებულ გარემოში“ (გვ. 43). ვფიქრობ, აგრეთვე, რომ სოციოლოგი და სტრუქტურაციის თეორიის შემქმნელი ენტონი გიდენსი რობერტ სერვისს გაგებით მოეკიდებოდა: ისტორიის დიდი, უხილავი ძალები თუ სტრუქტურები მხოლოდ აქტორთა მოქმედების მეშვეობით არსებობს და მათივე ნებელობით იცვლება. თუმცა, იმავდროულად, ინდივიდიც შეგვიძლია „გარემოებათა საყვირად“ წარმოვიდგინოთ. მოკლედ, როგორც ამ ფრაზის ავტორზე უფრო დიდი ქართველი პოეტი იტყოდა, „ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა“ – „ბუნება“ კი, ამ შემთხვევაში, ადამიანიც არის, მისი და მის მიერ სტრუქტურირებული გარემოც და თავად მისი ბ(გ)უნებაც.


ნათქვამის გაშლას თუ კონკრეტიზაციას უშუალოდ სსრკ-ს სერვისისეული დასასრულის ანალიზისას შევეცდები. სერვისის მოსაზრებებს თეზისებად გადმოვცემ და დავნომრავ, რათა მათი აღქმა და, ზოგჯერ, კრიტიკაც, უფრო ადვილი იყოს. ეს ნუმერაცია ჩემია - მისი წიგნი სხვა აგებულებისაა და წინამდებარე თეზისებიც ამ ფორმით არ აქვს გამოყოფილი. მაგრამ მე მისი მოსაზრებები გადავაჯგუფე, რადგან, ვფიქრობ, ტექსტის წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებები ასე უფრო მომყავს წესრიგში და სხვებისათვის მათ გაზიარებასაც მიადვილებს.


  1. გორბაჩოვი, როგორც ცენტრალური ფიგურა. ბუნებრივია, საბჭოთა კავშირის ლიკვიდაცია[1] გარემოებათა კომპლექსური თანხვედრის შედეგია. მათ შორის არ უნდა დაგვავიწყდეს სუბიექტური თუ პიროვნული ფაქტორი. მიხეილ გორბაჩოვი არ იყო ლიბერალი. მას „საჯაროობა“, რაც ტაბუდადებული თემების ახსნას გულისხმობდა, საბჭოთა კავშირის გადარჩენისათვის, „ლენინის იდეალებთან“ დაბრუნებისათვის უნდოდა. მიზეზი იყო გაცნობიერება, რომ კომპარტიის წევრთა უმრავლესობა ვერ ახერხებდა დაგროვილი სოციალური, ეკონომიკური და, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური პრობლემების გადაჭრას. უშუალოდ გორბაჩოვის შემთხვევაში, „ახალი აზროვნება“ არ/ვერ აღწევდა თავად კომუნიზმის ან მისი რუსული ნაირსახეობის საწყის იდეალთა უარყოფამდე. მაგრამ დებატების გათავისუფლება თანდათანობით „გასცდა ხრუშჩოვის და, მით უმეტეს, ლენინის მცდელობებს“ (Service 2003, გვ. 448).


პროცესის დასაწყისში მან მოიზიდა და დააწინაურა ხრუშჩოვის „მე-20 ყრილობის შვილები“ - რეფორმების მომლოდინე მრჩევლები, ლიტერატორები და მეცნიერ თანამშრომლები. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმებზე გორბაჩოვი საუბრობდა „თვითგანვითარების პროცესში მყოფ სოციალიზმზე“, დემოკრატიზაციაზე. საგარეო პოლიტიკაში აქცენტი გადაჰქონდა „საერთოადამიანურ ღირებულებებზე“. მაგრამ, გმობდა რა ე.წ. საკომანდო-ადმინისტრაციულ სისტემას, პარალელურად იგი ხაზს უსვამდა ლენინის „ჰუმანიზმს“ და აქებდა კოლექტივიზაცია-ინდუსტრიალიზაციას.


რობერტ სერვისი ამ წინააღმდეგობრიობას ახსნას ორი გარემოებით ცდილობს: მისი თქმით, გორბაჩოვის შეხედულებები ზედაპირული და ამბივალენტური იყო. მას არ ესმოდა საზოგადოების მრავალფეროვნება, განსაკუთრებით კი - „ნაციონალური საკითხი“. მაგრამ ბრიტანელი ისტორიკოსის მიერ დახატულ სურათში განსაკუთრებული ადგილი უკავია ძალაუფლებისათვის მიმდინარე იმ ბრძოლას, რომელიც გორბაჩოვის „ტახტის“ ირგვლივ დაუსრულებლად მიმდინარეობდა. ეს მეორე გარემოება გორბაჩოვს სიფრთხილისაკენ უბიძგებდა, მის რეფორმებს აფერხებდა და გორბაჩოვიც აგვიანებდა. მისი რეფორმატორობა თანდათან რადიკალიზდებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის გაღრმავებულ კრიზისს მაინც ჩამორჩებოდა.


საბოლოო ჯამში, სერვისისათვის გორბაჩოვია საკვანძო ფიგურა და სიმპათიის ობიექტი, რადგან, მართალია, გორბაჩოვს არ ესმოდა, რომ რისი (საბჭოთა კავშირის დ.დ.) შენარჩუნებაც უნდოდა, სწორედ იმას არყევდა: ცენტრალური კონტროლის მოშლით ბრეჟნევის დროს აყვავებული ლოკალიზმი, კორუფცია და ნაციონალიზმი ახლა უფრო ძლიერდებოდა (გვ. 466). მაგრამ იგი სწორად ხვდებოდა, რომ კომუნისტურ პარტიასა და პოლიტბიუროში მყოფი კონსერვატორების დამარცხების გარეშე ეკონომიკური პროგრესი არ მიიღწეოდა (გვ. 451). ამიტომაც დააბრუნა მან საჯარო სივრცეში ანდრეი სახაროვის მსგავსი პიროვნებები. საბოლოო ჯამში კი, სერვისის თქმით, გორბაჩოვი რუსეთის „Holy fool” (ნეტარი) იყო (გვ. 466).


პრინციპში, შეიძლება მნიშვნელოვანწილად დავეთანხმოთ სერვისს სსრკ-ს დაშლის მთავარ ფიგურანტად მიხაილ გორბაჩოვის არჩევასა და, საერთოდ, ასეთი კატაკლიზმების დროს სუბიექტურ თუ პიროვნულ ფაქტორებზე აქცენტირებაში. როგორც ტიმოთი კოლტონი, კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი სოვიეტოლოგი, რომელიც პოლიტიკის მეცნიერია და, შესაბამისად, სისტემურ ფაქტორებს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, წერდა: ინდივიდები ყოველთვის მნიშვნელოვანნი არიან ისტორიაში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ისეთ რუდიმენტულ გარემოში, როგორიც პოსტ-საბჭოურია. . .პიროვნული ხასიათის ფაქტორი მეტს ნიშნავს, ვიდრე უკეთ სტრუქტურირებულ გარემოში (Timothy J. Colton, Robert Legvold, After Soviet Union. From Empire to Nations, W. W. Norton & Co. (3 Mar. 1993, გვ 43).სხვათა შორის, იგი სერვისს გორბაჩოვის „ნეტარობაზეც“ ეთანხმებოდა: კარლტონს მოჰყავს ელცინის სიტყვები, რომ ქვეყნის ბუნებრივი რესურსები და ხალხის მოთმინება მისცემდა გორბაჩოვს საშუალებას მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებით შემოფარგლულიყო და ტოტალიტარული ლიდერობით ენებივრა (გვ 18-19). გორბაჩოვმა სხვა გზა აირჩია და ამაში ალბათ მართლა იყო იდეალიზმი. მაგრამ რამდენად შეეფერება გორბაჩოვის ეს ერთგვარი გაიდეალება პიროვნული ძალაუფლებისათვის იმ მძაფრ ბრძოლას, რომელზეც სერვისიც საუბრობს და რაშიც გორბაჩოვი ინტენსიურად იყო ჩართული? რამდენად საკმარისია გორბაჩოვისეული ახსნები თბილისსა თუ ვილნიუსში 1989 და 1991 წლებში დაღვრილი სისხლისა, რის თანახმადაც ეს ყოველივე ადგილობრივი ხელმძღვანელების თუ კონსერვატორების ბრალი იყო და რასაც სერვისი უკომენტაროდ გადმოსცემს? ან როგორია გორბაჩოვის პასუხისმგებლობის ხარისხი 1991 წლის აგვისტოს პუტჩზე? ვფიქრობ, რობერტ სერვისს ამაზეც მეტის თქმა შეეძლო.


  1. პოლიტიკურ-იდეოლოგიური ძალები. რობერტ სერვისი დიდ ყურადღებას აქცევს ზემოთნახსენებ მთავარ პერსონაჟთა - პირველ რიგში, მიხეილ გორბაჩოვისა და ბორის ელცინის - პიროვნულ ამბიციებს, ზრუნვას პერსონალურ ძალაუფლებაზე და, აქედან მომდინარე, წინააღმდეგობრივ მანევრებს. მაგრამ, იმავდროულად, ავტორისათვისაც ეს პერსონაჟები გარკვეულ პოლიტიკურ- იდეოლოგიურ ძალებს განასახიერებენ. სერვისის თქმით, ელცინი წარმოადგენდა რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს, თუმცა კი, გარდაქმნების დასაწყისისათვის მაინც, მას არ ჰქონდა პროგრამა და ტაქტი. მოგვიანებით, ელცინი საკავშირო სახალხო დეპუტატების ყრილობის ე.წ. ინტერ-რეგიონული ჯგუფის ლიდერი გახდა ანდრეი სახაროვთან, გავრიილ პოპოვთან და იური აფანასიევთან ერთად. ისინი გორბაჩოვისაგან გაცილებით მეტს მოითხოვდნენ - მაგალითად, კომპარტიის დატოვებას, მრავალპარტიულობაზე სწრაფ და რადიკალურ გადასვლას, პრივატიზაციას.


მეორე მხრიდან გორბაჩოვი საკავშირო კომუნისტური პარტიის კონსერვატიულ ნაწილს უპირისპირდებოდა, რომლის მედროშე თავდაპირველად სკკპ ცკ-ს მეორე მდივანი იგორ ლიგაჩოვი იყო. შემდეგ, სსრკ-ს ფარდის დაშვების წინ, ეს ფუნქცია იტვირთეს ანატოლი ლუკიანოვმა, ვლადიმერ კრიუჩკოვმა, ბორის პუგომ. მათ თანამდებობებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. არსებითი ისაა, რომ სერვისისათვის ეს ორი ძალა განასახიერებდა იმჟამინდელი საბჭოთა პოლიტიკური ლანდშაფტის ძირითად მოთამაშეებს, რომელთა ჭიდილში წყდებოდა სისტემის ბედი.


1988 წელს გორბაჩოვმა მოახერხა პარტიული ნომენკლატურის კონსერვატიული ფრთის წინააღმდეგობის გადალახვა და საკავშირო დეპუტატთა ყრილობის არჩევნების დანიშვნა ახალი, კონკურენტული ფორმით. სერვისის აზრით, ამით მას ხელისუფლების ცენტრი კომპარტიიდან დეპუტატთა ყრილობისაკენ გადაჰქონდა. ყრილობის და მისი მრავალრიცხოვანი შემადგენლობიდან არჩეული უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ მან საკუთარი კანდიდატურა გაიყვანა. 1990 წელს ცეკას კონსერვატიული ნაწილიც და ახლად შექმნილი სახალხო დეპუტატთა ყრილობაც გორბაჩოვმა კონსტიტუციიდან მე-6 მუხლის, კომპარტიის მონოპოლიური მდგომარეობის გაუქმებაზეც დაითანხმა. მაგრამ თავად არ დატოვა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა, რასაც მისგან ელცინის გუნდი ითხოვდა. თუ, ერთი მხრივ, სერვისი გორბაჩოვის რეფორმებს წინააღმდეგობრივად და ნაგვიანებად მიიჩნევს, რადიკალთა ზეწოლას მასზე მაინც კომპარტიაზე რეფორმატორთა გავლენების შესუსტების რისკის მატარებლად თვლის. სერვისი საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ რადიკალთა ერთ-ერთი ლიდერის, იური აფანასიევის გადეპუტატებას გორბაჩოვი საკუთარ დამსახურებას მიაწერდა და მის საკმაოდ მკაცრ კრიტიკაში უმადურობას ხედავდა.


როგორც რადიკალებს, ისე კონსერვატორებს სერვისი ძირითადად სახელმწიფო ინსტიტუტებში აკვირდება: მმართველი კომუნისტური პარტიის და სახალხო დეპუტატთა საბჭოების ცენტრალურ, რესპუბლიკურ თუ საოლქო დონეებზე. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ სერვისი ახსენებს ამ ინსტიტუტთა გარეთ თანდათან გამოკვეთილ სხვა პოლიტიკურ აქტორებს თუ აქტივობებსაც. ესენია ე.წ. არაფორმალური ორგანიზაციები, „სახალხო ფრონტები“ და ინტერფრონტები, უშუალოდ რუსეთში შექმნილი ნაციონალისტური ორგანიზაცია Память. სერვისი გაკვრით ახსენებს ეროვნულ რესპუბლიკებში არსებულ ვითარებას და მის განსხვავებულობას სახელმწიფოს ცენტრში განვითარებული ტენდენციებისაგან. ამასთან დაკავშირებით, ხაზი ესმება ეთნიკურ ნიადაგზე აღმოცენებულ კონფლიქტებს და ადგილობრივი კომპარტიული ნომენკლატურების მცდელობებს, რესპუბლიკებისაგან საბოლოოდ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი საფეოდალოები ამა თუ იმ ფორმით. სერვისი ხაზს უსვამს, რომ გორბაჩოვი რესპუბლიკური ნომენკლატურების ქმედებებს მისი კურსის ღალატად აღიქვამდა. საერთოდ, სერვისის ხედვით, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან, კონსერვატორებისა და რადიკალებისაგან გორბაჩოვის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და ამ მოთხოვნათა შორის ლავირების სირთულე, სსრკ-ს ბოლო ლიდერს თანდათან უმცირებდა საკუთარ სოციალურ ბაზას.


გარდაქმნების დროინდელი რუსეთის სოციალურ-კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას რობერ სერვისი კიდევ ორ გარემოებას უსვამს ხაზს: 1. მას შემდეგ, რაც დემოკრატიზაციის პროცესმა ჯერ არაფორმალურად, თანდათანობით კი უკვე კანონმდებლობის დონეზეც გახადა შესაძლებელი მრავალპარტიულობა, რეგიონული, კლასობრივი, იდეოლოგიური თუ პერსონალური დაპირისპირებები ხელს უშლიდა ერთიანი რადიკალური მოძრაობის ფორმირებას; 2. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, როგორც დედაქალაქში, ისე პროვინციებში, მრავალი სამოქალაქო ინიციატივა ისახებოდა, რასაც პოპულარული როკ-მუსიკოსებიც უწყობდნენ ხელს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პროცესების მაყურებელი უფრო იყო, ვიდრე მონაწილე. ამ ვითარებას სერვისი უშუალოდ გორბაჩოვისთვისაც ხელის შემშლელად თვლის.


  1. საერთო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფონი


როგორც ვთქვი, რობერტ სერვისი უფრო ინდივიდუალური ისტორიების ისტორიკოსია, ვიდრე სისტემურ-სტრუქტურული ანალიტიკოსი. მაგრამ მას მშვენივრად ესმის, რომ ისტორიული პერსონაჟები ვაკუუმში არ მოქმედებენ. ავტორი საყვედურობს თავის გმირს, რომ მან ვერ გაიგო ფონური კონტექსტი, სანამ იგი მისთვის აუტანელი არ გახდა. ასე მაგალითად, გორბაჩოვი არ ელოდა, რომ იგივე მოკავშირე რესპუბლიკებში „ახალი აზროვნება“ თუ „გარდაქმნა-პერესტროიკა“ ძველ ეროვნულ ტკივილებს გააღვიძებდა. მთლიანობაში, მგონია, რომ ამ ტკივილთა სიღრმეს თავად სერვისიც არ უთმობს სათანადო ყურადღებას და აქცენტი უფრო რესპუბლიკური ელიტების მიერ ნაციონალიზმის ეგოისტურ ინსტრუმენტალიზაციაზე გადააქვს. მაგრამ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერვისის ასეთი პასაჟები სისტემურ/ფონურ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებაა. საინტერესოა ისიც, რომ, სერვისის თანახმად, გორბაჩოვს განსაკუთრებით უკრაინული ნაციონალიზმის ეშინოდა. ამის გამო მან აღნიშნული რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად ბრეჟნევის კადრი, კონსერვატორი შერბიცკი დატოვა, რომელიც გარკვეული ხანი მაინც აფერხებდა უკრაინის სახალხო ფრონტის - „რუხის“ წარმოშობას.


სერვისის გადმოცემით, გორბაჩოვისათვის აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების სწრაფი დამხობა ასევე ერთგვარი სიურპრიზი იყო. გორბაჩოვმა უარი თქვა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის თუ ჩეხოსლოვაკიის ძველ ხელისუფალთა მხარდაჭერაზე, მაგრამ მას არ ეგონა, რომ 1990 წლისათვის ევროპაში მხოლოდ ერთი კომუნისტური სახელმწიფო, ალბანეთი დარჩებოდა. როგორც სერვისი წერს, გორბაჩოვი და მისი თანაგუნდელები ელოდნენ, რომ ყოფილი მოკავშირეები მოიხიბლებოდნენ საბჭოთა გარდაქმნებით და იგივე გზას გაჰყვებოდნენ. მაგრამ ეს გზა ასცდა ფონურ, სისტემურ მახასიათებლებს - აღმოსავლეთ ევროპული რეჟიმების და იქაური საზოგადოებების გაუცხოების დონეს. შედეგმაც არ დააყოვნა.


გორბაჩოვის ეკონომიკური პოლიტიკა არ და ვერ ითვალისწინებდა თავად საბჭოთა სისტემის დაავადების სერიოზულობასაც. სერვისის თანახმად, ეკონომიკური თვალსაზრისით სსრკ მესამე სამყაროს ყოფილ კოლონიურ ქვეყანას ჰგავდა. გორბაჩოვის მიერ ალკოჰოლის გაყიდვებთან ბრძოლამ და არაკონკურენტულ მანქანათმშენებლობაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. ყოველივეს დაერთო ჩერნობილის ბირთვული რეაქტორის აფეთქება, სპიტაკის მიწისძვრა, რაც დამატებით ხარჯებს ითხოვდა. გახსნილმა დისკუსიებმა საცალო ფასების არაადეკვატურობაზე მომხმარებლის ალარმიზაცია და შიდა შესყიდვების ზრდა გამოიწვია, რაც პროდუქტის დეფიციტს აფართოებდა. ბევრ რეგიონებში ისეთი პროდუქტი, როგორიც შაქარი და ხორცია, ტალონებზე გაიცემოდა. კერძო მომსახურების - ე.წ. კოოპერატივების დაშვების ფორმები ეკონომიკის კრიმინალიზაციის აღრმავებდა.


1990 წლის აგვისტოში გორბაჩოვმა თითქოს გადაწყვიტა რადიკალური ეკონომიკური პლატფორმის მხარდაჭერა და ამ საქმეში იმჟამად უკვე რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ქცეულ ბორის ელცინთან თანამშრომლობა. ეს პლატფორმა, რომელიც ეკონომისტი სტანისლავ შატალინის 500 დღის პროგრამის სახელით იყო ცნობილი და საბაზრო ეკონომიკაზე ფუნდამენტურ გადასვლას გულისხმობდა, მიიღო ელცინის უზენაესმა საბჭომ. მაგრამ მთავარი სსრკ-ს უზენაესი საბჭო იყო, სადაც გორბაჩოვმა საბოლოოდ მაინც ვერ გაბედა პროგრამის უცვლელად გატანა - იგი ჯერ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ უარყო, შემდეგ კი, სერვისის თანახმად, ისე გადაკეთდა, რომ საწყისი ფორმა და დანიშნულება დაკარგა.


არსებითად, მიხაილ გორბაჩოვის პოლიტიკურმა კურსმა ვერ გაუძლო სოციალურ-პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გამოწვევებს. 1991 წლისათვის ბიუჯეტის დეფიციტი მანამდე უცნობ ციფრს, 13-14%-ს აღწევდა. ეცემოდა როგორც სოფლის მეურნეობის, ისე მრეწველობის პროდუქტიულობა. თავისი მმართველობის დასასრულს გორბაჩოვს საერთაშორისო სესხების აღებაც გაუჭირდა და ყველაფერმა ამან მისი საწყისი პოპულარობა გაანადგურა. ასეთია სსრკ-ს კრიზისისა და კრახის რობერტ სერვისის მიერ დახატული ფონური სურათი, რომელსაც ძნელია, არ დაეთანხმო. ახსნადია და გასაგები ისიც, თუ რატომ ვერ აუღო ალღო ამ კომპლექსურობას გორბაჩოვმა და, მიუხედავად ამისა, რაა მისი დამსახურება. თუმცა პირველი და ბოლო კომუნისტი პრეზიდენტის საბოლოო შეფასებისათვის მნიშვნელოვანია უშუალოდ სსრკ-ს გაუქმებასთან დაკავშირებული პიროვნულ-პოლიტიკური პერიპეტიების განხილვა. სერვისი ამას ცდილობს და მკითხველის გადასაწყვეტია, თუ რაა ამ სურათში დამაჯერებელი თუ საკამათო.


  1. პუტჩი და საბჭოთა კავშირის ფორმალურ-იურიდიული დაშლა


დრამის ბოლო აქტი 1990-1991 წლების მიჯნაზე განვითარდა და მის აღწერაში სერვისი, ვფიქრობ, წინააღმდეგობრივი ხდება. ერთი მხრივ, იგი წერს, რომ გორბაჩოვი დაიღალა. სისხლიანი კონფლიქტების მატების ფონზე იგი სტაბილურობის დამყარების საჭიროებაზე ალაპარაკდა. გორბაჩოვი თანდათან გაუუცხოვდა გარდაქმნების იდეოლოგიურ „ძრავს“ - ალექსანდრე იაკოვლევს, დაიწყო კონსერვატორებთან დიალოგი. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტში ეკონომიკურ სფეროში მან ამომავალ ვარსკვლავთან, რადიკალ ელცინთან თანამშრომლობაც გადაწყვიტა, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობაში გასული ელცინი მას ძველებურად აღიზიანებდა და მის წინააღმდეგ კონსერვატორ რუს კომუნისტ პოლოზკოვსაც უმაგრებდა ზურგს. სერვისის აზრით, ეს ელცინის ამბიციების მოთოკვის, მასსა და რუსეთის კომპარტიის ახალი ხელმძღვანელის, პოლოზკოვის დაპირისპირებაში არბიტრად დარჩენის სურვილით იყო ნაკარნახევი. მაგრამ შესაძლოა ყოველივე სხვაგვარად შეფასდეს: 1990 წლის შუახნებიდან რესპუბლიკებმა სუვერენიტეტის (ოღონდ არა დამოუკიდებლობის) გამოცხადება დაიწყეს. პროცესს აჰყვა ელცინის რუსეთიც. გორბაჩოვი ამას არანაირად არ ელოდა და არ იღებდა. იგი განაგრძობდა რეფორმების საკუთარი ფარგლების დაცვას: 1990 წლის მარტში, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი როლის საკონსტიტუციო დებულების გაუქმების პარალელურად, საკავშირო დეპუტატთა ყრილობას მან თავი პრეზიდენტად აარჩევინა. მაგრამ სსრკ-ს დაშლისაკენ სვლა გორბაჩოვისათვის წითელი ხაზი იყო.


ეგებ მსგავსმა აკვიატებამ იგი საბოლოოდ კონსერვატორთა და იმ რუს ნაციონალისტთა ბანაკთან დააახლოვა, რომლებიც დეპუტატთა ყრილობაზე ახლად შექმნილ ფრაქცია „სოიუზ“-ში გაერთიანდნენ? სერვისი ამას გამორიცხავს და ამბობს, რომ გორბაჩოვს ეშინოდა „სოიუზის“, რომლის ნაწილი სსრკ-ს რუსეთის იმპერიის მემკვიდრედ აღიქვამდა. მან იცოდა, რომ „სოიუზს“ მომხრეები მაღალ თანამდებობებზე ჰყავდა. მაგრამ შიში რომ ზოგჯერ „შეიქმს სიყვარულსა“? მთლიანობაში, ვეთანხმები სერვისს - „სოიუზი“ გორბაჩოვისათვის ნამეტანი უნდა ყოფილიყო. თან ამ გაერთიანებას იგი სძულდა. მაგრამ მაინც არაა ცხადი, უბრალო მერყეობა, დაღლა და თავდაცვით ნაკარნახევი იყო კომპარტიის რეფორმატორულ ფრთასთან გორბაჩოვის თანდათანობითი გაუცხოება, თუ საქმე პრინციპების ღალატთან გვქონდა. 1990 წლის 20 დეკემბერს შევარდნაძემ თანამდებობა ხმაურით დატოვა, განაცხადა რა დეპუტატთა ყრილობაზე, რომ ქვეყანაში დიქტატურა მოდიოდა. გორბაჩოვის მთავრობაში მოვიდნენ რეფორმებისადმი უარყოფითად განწყობილი ვალენტინ პავლოვი, გენადი იანაევი, რეპრესიების მომხრე შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი პუგო. სერვისი ჰყვება ამ ყოველივეს და ამბობს, რომ შევარდნაძის შიშებს საფუძველი ჰქონდა, მაგრამ თავად გორბაჩოვის აზრთა ცვლილებისა და ძველი ტოტალიტარული სისტემისაკენ შესაძლო შებრუნების მას არ სჯერა.


1991 წელს გორბაჩოვმა თითქოს ენერგია დაიბრუნა - მან ჯერ საბჭოთა კავშირის ყოფნა-არყოფნაზე წარმატებული საკავშირო რეფერენდუმი ჩაატარა, მერე კი მისი განახლების დოკუმენტზე მუშაობის ინიცირება მოახდინა. სერვისის ინტერპრეტაციით, ახალი საკავშირო ხელშეკრულების იდეა, რომლის პარამეტრებზე შესათანხმებლად გორბაჩოვის აგარაკზე, „ნოვო ოგარიოვოში“ 9 რესპუბლიკის ლიდერი იკრიბებოდა, მხოლოდ კონსერვატორებს აღიზიანებდა. არა და საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, რომელსაც ვერა და ვერ გაემიჯნა გორბაჩოვი, „ნოვო ოგარიოვოს“ პროცესის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. ოღონდ ამ პროცესში განხილული დებულებების ირგვლივ კამათი არ სრულდებოდა.


სერვისი არ განიხილავს ახალი საკავშირო ხელშეკრულების ტექსტს და მასზე უთანხმოების ნიუანსებს. იურიდიული დეტალები ალბათ არცაა განსაკუთრებით საინტერესო იმ ფონზე, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს, საქართველოს და სომხეთს უკვე დამოუკიდებლობა ჰქონდათ გამოცხადებული, დანარჩენი რესპუბლიკები და ცენტრი კი მხოლოდ ზოგად ან/და ბუნდოვან ფორმულირებებზე თუ თანხმდებოდნენ. საკუთარი წუხილები ჰქონდათ ავტონომიებსაც - განსაკუთრებით თათარსტანს - მით უმეტეს, რომ ელცინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადებოდა და რეგიონებს სთავაზობდა, აიღეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენიც გინდათო. თანაც, ყოველივე სულ სხვა მოვლენამ - პუტჩმა - გადაფარა.


ახალი საკავშირო ხელშეკრულების პარაფირება 1991 წლის 20 აგვისტოსათვის დაიგეგმა. აგვისტოს დასაწყისში გორბაჩოვი შვებულებაში გავიდა. 18 აგვისტოს კი დაიწყო მოსკოვის პუტჩის სახელით ცნობილი მისტერია. სერვისის ნარატივით, კონსერვატორთა რევანში ნელ-ნელა მწიფდებოდა. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირის ფუნდამენტური განახლების პროექტი, რომლის თანახმად სახელმწიფოს სახელწოდებაც უნდა შეცვლილიყო - მასში „სოციალისტური რესპუბლიკები“ „სუვერენული რესპუბლიკები/სახელმწიფოებით“ უნდა ჩანაცვლებულიყო - კონსერვატორებისათვის ხარის წინ წითელი ნაჭრის აფრიალებას ჰგავდა. ყოველივეს ერთვოდა ბალტიისპირეთის, საქართველოს და სომხეთის კიდევ უფრო შორს მიმავალი რადიკალიზმი. სერვისი პუტჩის მომზადების სიგნალს ხედავს Советская Россия-ში 23 ივლისს დაბეჭდილ წერილში „სიტყვა ხალხს“. მასში ისმოდა სსრკ-ს გადარჩენის მოწოდება. წერილს ხელს სახმელეთო ჯარების სარდალი ვარენიკოვიც აწერდა (გვ. 497). მოსალოდნელ გადატრიალებაზე გორბაჩოვს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერიც აფრთხილებდა, მაგრამ გორბაჩოვმა არაფერი მოიმოქმედა და ყირიმში მდებარე ფოროსის სამთავრობო აგარაკზე გაემგზავრა.


შემდგომი მოვლენები, რომელსაც რობერტ სერვისი აღწერს, საბჭოთა ისტორიის საკვანძო მომენტების ყველა მეტ-ნაკლებად მცოდნისათვის ცნობილია: 18 აგვისტოს გორბაჩოვს იზოლაციას უკეთებენ ვიცე-პრეზიდენტი იანაევი, ძალოვანი მინისტრები და პრემიერ-მინისტრი. ისინი საგანგებო მდგომარეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით აცხადებენ და ქმნიან სახელმწიფო საგანგებო კომიტეტს. მათთან ფარულ გარიგებაშია სახალხო დეპუტატთა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. კომიტეტი სამიზნეში ამოიღებს ბორის ელცინს. ეს უკანასკნელი კი „თეთრ სახლად“ წოდებულ რუსული უზენაესი საბჭოს შენობაში გამაგრდება თავის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე რუცკოისთან ერთად და დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს. მასთან მიდის ალექსანდრე იაკოვლევი, ედუარდ შევარდნაძე. მოსკოვის ქუჩებში კი ჯარია გამოსული და პუტჩით აღშფოთებული ათეულ ათასობით მოსკოველი. 3 დღეში პუტჩისტებმა ყურები ჩამოყარეს. რუცკოი ფოროსში იანაევის თვითმფრინავით გაფრინდა და გორბაჩოვი ჩამოიყვანა.


სერვისის ინტერპრეტაციით, ამის შემდეგ სსრკ-ს შემდგომი ბედი გამარჯვებული და გმირად შერაცხული ელცინის ხელში იყო და არა გორბაჩოვის. სერვისი ახსენებს მოარულ აზრს, რომ პუტჩი შესაძლოა თავად გორბაჩოვის წახალისებული პროვოკაცია ყოფილიყო, რათა შემდეგ მას კონსერვატორებსა და რადიკალებს შორის კიდევ ერთხელ ეკისრა არბიტრის როლი და პუტჩით შეშინებული ზოგიერთი რესპუბლიკური ლიდერიც უფრო დამყოლი გაეხადა საბჭოეთის რეფორმირება-შენარჩუნების საქმეში. მაგრამ არც თავად ჩვენი ავტორი და არც მთელი დასავლური აკადემიური სპექტრი არ იზიარებს ამ აზრს. ფოროსიდან ჩამოსული რუცკოი მოგვიანებით ჰყვებოდა, რომ გორბაჩოვს იზოლირების არაფერი ეტყობოდა, მაგრამ რუცკოი მოგვიანებით ანტიელცინურ ბანაკში, ახალ კონსერვატორთა რიგებში აღმოჩნდა. თუმცა ეს სხვა ისტორიაა - ელცინმა, ისევე როგორც გორბაჩოვის მადლიერმა დასავლეთმა მას პირი შეუნახა და საბჭოთა დემოკრატიზაციის მამა ამ მძიმე ეჭვებისა თუ ბრალდებისაგან გაათავისუფლა. სამაგიეროდ, ელცინმა გორბაჩოვს ძალაუფლებაც წაართვა. როგორც სერვისი ამბობს, ელცინი არ იყო გულმოწყალე გამარჯვებული.


ბორის ელცინის უზენაესმა საბჭომ რუსეთში კომპარტიის ფუნქციონირება შეაჩერა, მოგვიანებით კი აკრძალა კიდეც. ამან გორბაჩოვს პარტიის გენერალური მდივნის პოსტიდან გადადგომა აიძულა. ელცინმავე დაუჭირა მხარი ბალტიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას და რუსეთის მინისტრების საკავშირო მინისტრებზე ზემდგომობაც გამოაცხადა. პუტჩის შემდეგ დეზორგანიზებულმა საკავშირო სტრუქტურებმა მას ამაზე ვერაფრით უპასუხეს. გორბაჩოვი კი კიდევ რამდენიმე თვე რჩებოდა მომაკვდავი სსრკ-ს პრეზიდენტად და მას ნოვო-ოგარიოვოს მოლაპარაკებათა პროცესის გაცოცხლების უფლებაც მიეცა.

წითელი იმპერიის გარდაცვალების ბოლო აკორდებს სერვისი შემდეგნაირად გადმოსცემს: საჯაროდ ელცინი უარყოფდა მისი გაუქმების სურვილს. გორბაჩოვი ახალ ვითარებაში მხოლოდ კონფედერაციის მსგავს მოდელზე ფიქრობდა, რომლის პრეზიდენტი ვერ იდომინირებდა რესპუბლიკების ხელმძღვანელებზე. ხვდებოდა რა თავის არაპოპულარობას, დისკრედიტირებას, იგი ახალი კავშირის პრეზიდენტობას ელცინს სთავაზობდა. მაგრამ ელცინი მერყეობდა და უკრაინის ლიდერის საბოლოო პოზიციას ელოდა. როდესაც 1 დეკემბერს უკრაინელებმა სრულ დამოუკიდებლობას დაუჭირეს რეფერენდუმზე მხარი, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მცდელობებმა აზრი დაკარგა. ელცინმა რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის ლიდერთა საგანგებო, უგორბაჩოვო შეხვედრა მოითხოვა. სერვისი ვითარების კულმინაციის მიზეზებში არ გამორიცხავს როგორც რუსულენოვან უკრაინელთა ალერგიას გორბაჩოვის მიმართ, რამაც მათ უკრაინის დამოუკიდებლობისათვის დააჭერინა მხარი, ისე ელცინის იმპულსურობას.


***

თანამედროვეობის „მეფე ლირი“ მიხაილ გორბაჩოვი 25 დეკემბერს გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. ამის მიზეზი რუსეთ-უკრაინა-ბელორუსის ალიანსი გახდა. თუმცა, 1991 წლის 8 დეკემბერს, ბელოვეჟის სამთავრობო აგარაკზე ბორის ელცინის, სტანისლავ შუშკევიჩისა და ლეონიდ კრავჩუკის მიერ მიღებული ფორმულა „საბჭოთა კავშირი, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა, წყვეტს თავის არსებობას“, იურიდიულად ზუსტი, მაგრამ პოლიტიკურად თუ საზრისულად გაზვიადებული აღმოჩნდა. სსრკ შეიკუმშა, არსებითად კი არ გამქრალა, რამდენადაც მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკა და საშინაო „მეორადი ტოტალიტარიზმი“ უკვე პუტინის რუსეთმა განაგრძო. ამის საბოლოო დასტური 2022 წლის 24 თებერვალს რუსული არმიის უკრაინაში შეჭრაა. პუტინი ისე იმუქრება ბირთვული არმაგედონით, როგორი მუქარაც გასული საუკუნის 50-60-იანი წლების შემდეგ არ გაგონილა. ცივი ომის ხანას რეფრენად გასდევდა არა მხოლოდ დესტალინიზაცია და „დათბობა“, არამედ ნიკიტას მიერ ალალბედად წამოსროლილი ფრაზა დასავლეთის მისამართით „ჩვენ თქვენ დაგმარხავთ“. დღეს, არსებითად, ცივი კი არა, ცხელი ომი დაბრუნდა და პუტინის ქმედებები მესამე მსოფლიო ომის გაღვივებისაკენაა მიმართული.

მიუხედავად ამისა, 1991 წლის დეკემბრის მოვლენები ეპოქალური მნიშვნელობის იყო. თავისთავად, სსრკ-ს გაქრობა მსოფლიო რუკიდან, კრემლიდან წითელი დროშის ჩამოხსნა, კომუნისტური იდეოლოგიის კრახი და ფუნდამენტური ტერიტორიული ცვლილებები არაა მხოლოდ სიმბოლური: რუსულ-ევრაზიული იმპერია ერთხელ კიდევ გადატყდა წელში, თუმცა კი არა საბოლოოდ.


რა თქმა უნდა, ამის მიზეზები სტრუქტურულია: უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირის სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკურ-იდეოლოგიური სისტემები ვეღარ შეეფერებოდა მის გლობალურ ამბიციებს. ბიუჯეტი აღარ ჰყოფნიდა საბჭოთა გეგმური ეკონომიკის შენარჩუნებას, იხრწნებოდა არმია და საზოგადოების სულ უფრო ფართო ფენებში მკვიდრდებოდა ნიჰილიზმი კომუნისტური იდეალებისა თუ მათი განმასახიერებელი პოლიტბიუროს გერონტოკრატიის მიმართ. მიუხედავად ოფიციალური პროპაგანდისტული ნიაღვრის განგრძობადობისა, მას ამარცხებდა ამერიკული ჯინსი, როკი და კოკა-კოლა. შესაბამისად, მატერიალურ-ინსტიტუციურ პრობლემებს ახლდა იდეაციური სტრუქტურების რღვევა თუ სახეცვლილებაც. ინდივიდუალიზმი, სიტყვის თავისუფლება, კრიტიკული აზროვნება - ლიბერალიზმის საწყისები - აღწევდა საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ კლასშიც. ყოველივეს ემატებოდა ძველი ნაციონალიზმების გამოღვიძება. ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა კავშირის კუბოს სახურავში ჩაჭედებული საბოლოო ლურსმნის როლი უკრაინის ნაციონალურმა გამოღვიძებამ ითამაშა. „ისტორიის უხილავი ძალების“ სწორედ ამ მზარდმა ტალღამ შობა გორბაჩოვიც და ელცინიც მთელი თავისი წინააღმდეგობრივი ბუნებებით.


ანუ, ერთი მხრივ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები, რომლებმაც პირადი გადაწყვეტილებებით მისცეს იურიდიული ლეგიტიმურობა სსრკ-ს გაუქმებას, სწორედაც რომ გარდაუვალი გარემოებების საყვირები არიან. მაგრამ, მეორე მხრივ, რასაც ხაზს უსვამს რობერტ სერვისი და არა მხოლოდ რობერტ სერვისი, კომუნისტური იმპერიის დაკნინება და კრიზისი შეიძლება გახანგრძლივებულიყო, ანდა ბოლო აკორდები გაცილებით უფრო სისხლიანი ყოფილიყო, რომ არა ამ და რიგ სხვა პერსონაჟთა კონკრეტული გადაწყვეტილებები თუ ნაბიჯები. სამწუხაროდ, მომავალმა აჩვენა, რომ ვერც გორბაჩოვმა და ვერც ელცინმა ვერ აღმოფხვრეს ახალი იმპერიალიზმის, რევანშიზმის საფრთხე. იგი ისევე ჩაწნული აღმოჩნდა გარდაქმნა-ლიბერალიზაციის მენტალურ და მატერიალურ სტრუქტურებში, როგორადაც საშინელებათა ფილმებში ვითომ დამარცხებული მონსტრი ტოვებს ხოლმე საკუთარ დნმ-სა თუ კვერცხს გარემოში, რომელიც მის დამმარცხებლებს გაწმენდილი ჰგონიათ. ან იქნებ არც სურდათ დემოკრატიზაციის ამ გმირებს საბოლოო განწმენდა?


ასეა თუ ისე, გორბაჩოვმა და კომპანიამ ისტორიული პერსონაჟების განსაკუთრებული როლი იტვირთეს და შეასრულეს. რობერტ სერვისის განხილული ნაშრომის დედააზრიც ესაა და ამაში იგი არ ცდება. არსებობს ,,პიცა-ჰატის“ ძველი სარეკლამო რგოლი: მოსკოვის ერთ-ერთ პიცერიაში მიდის დავა, თუ რაა გორბაჩოვის მემკვიდრეობა, გორბაჩოვი კი იქვე კუთხეში ზის - შვილიშვილთან ერთად. კომუნისტური ნოსტალგიით შეპყრობილები და ახალგაზრდა დემოკრატები ერთმანეთს არ უთმობენ. და უცებ ვიღაც ღვთისნიერი იტყვის - გორბაჩოვი რომ არ ყოფილიყო, არ გვექნებოდა პიცა! კამათი წყდება და მოკამათეები სალამს უძღვნიან გორბაჩოვს.


 

[1] რაც, მნიშვნელოვანწილად, ფორმალური აღმოჩნდა. მის აღდგენას პუტინი ახლაც ცდილობს, მაგრამ სერვისის განსახილველი მონოგრაფია 2003 წელს დაიბეჭდა და მოვლენათა შემდგომი განვითარება მას ამ ტექსტში არ გაუანალიზებია. გვიანდელი პუბლიკაციები, კერძოდ Kremlin Winter: Russia and the Second Coming of Vladimir Putin ცალკე განსჯის საგანია, ისევე, როგორც პუტინის რუსეთის და სსრკ-ს შედარებითი დახასიათება.

bottom of page