top of page

კიდევ ერთი „ომი, რომელიც არ მომხდარა“?


დავით დარჩიაშვილი | კრიტიკა | 18 თებერვალი, 2022



წინამდებარე წერილი მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ ზოგიერთი რუსი ანტიპუტინისტი და დემოკრატი ინტელექტუალის მსჯელობა, თითქოს 2021 წლიდან უკრაინის ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა უფრო საინფორმაციო ოპერაციაა, ვიდრე ომის რისკი, ზედაპირულია. ასეთი მსჯელობა ნაწილობრივ მაინც ჟან ბოდრიარის პოსტმოდერნულ ინტელექტუალურ მემკვიდრეობას ეყრდნობა. ამასთან, რუსი ანალიტიკოსები ახდენენ ერთერთი ევროპული (ამ შემთხვევაში, შვედური) ანალიტიკური ცენტრის წინააღმდეგობრივი ანგარიშის ნაუცბათევ ინტერპრეტაციას.


ყველაფერ ამაზე ჩემი პასუხებია: ა) თუ რუსულ სამხედრო კონცენტრაციას ქონდა საინფორმაციო ოპერაციის ელფერი, ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი რამ ომის ნაწილი არაა - ჰიბრიდული ომიც ომია; ბ) დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რას აპირებდა ან აპირებს პუტინი. შვედების ვარაუდი, რომ უკრაინის საზღვრების სიახლოვეს რუსული შტაბების თუ ავიაციის არარსებობა რეალური ომის ალბათობას ამცირებდა, არც თუ დასაბუთებულია; გ) უკრაინა ისედაც ომშია რუსეთთან, მიუხედავად იმისა, თუ რა მასშტაბის და ბუნების ახალ ოპერაციებს განახორციელებს ან არ განახორციელებს პუტინი.


ბოდრიარის კონცეფცია თანამედროვე ომების ვირტუალური ხასიათის შესახებ თავისთავად ხელოვნურია. ომში ყოველთვის არის ბუნდოვანება, ბლეფი, ხაფანგები - ეს ჯერ კიდევ ანტიკურ ჩინეთში იცოდნენ და ომის ამ თავისებურებებს ტრაქტატებს უძღვნიდნენ. თანამედროვე ომების თავისებურებებზე კი ჰიბრიდული ომის კონცეფტი უფრო ადექვატური ამხსნელი ძალის მქონეა, ვიდრე ჟან ბოდრიარის „ომი არ მომხდარა“ კონცეფტი.


* * *

წერილის სათაური ფრანგი პოსტმოდერნისტი თეორეტიკოსის, ჟან ბოდრიარის ცნობილი ესეთა სახელწოდებების პერიფრაზია. 1991 წელს ბოდრიარმა სპარსეთის ყურეში განვითარებულ დრამას, რომელიც ყურის ომის სახელითაა ცნობილი და რომლის ფარგლებშიც მამა ბუშის ჯარმა სადამ ჰუსეინს ოკუპირებული კუვეიტი ძალით დაატოვებინა, სამი ესე მიუძღვნა. ესენია: „ყურის ომი არ მოხდება“; „ყურის ომი: ის ნამდვილად ხდება?“ და „ყურის ომი არ მომხდარა“. საბოლოოდ, სამივე ესე 1991 წლის მაისში ერთიანი წიგნის სახით გამოიცა.[1]


პირველ ესეში, რომელიც სპარსეთის ყურეში ამერიკელთა და მოკავშირეთა ოპერაციის დაწყებამდე დაიწერა, ბოდრიარი წინასწარმეტყველებდა, რომ ომი არ მოხდებოდა. ოღონდ ეს არ იყო ფრენსის ფუკუიამასეული „ისტორიის დასასრულით“ თუ გლობალური დემოკრატიული მშვიდობის იდეით ნასაზრდოვები ოპტიმიზმი. ბოდრიარი მიიჩნევდა, რომ ნამდვილ ომს მძევლებით მანიპულაცია, შანტაჟი და მოლაპარაკებები ჩაანაცვლებდა. „მეომრებმა თავი უდაბნოში ჩაიმარხეს და სცენაზე მხოლოდ მძევლები დატოვეს, ჩვენი, როგორც ინფორმაციის მძევლების ჩათვლით“ (The Gulf War will not take place, გვ 24).


ომების შეუძლებლობაზე საუბრისას, ბოდრიარი მიანიშნებს, რომ ახალ სამყაროში აღარც ომის დეკლარაცია ხდება, აღარც გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის არი სხვაობა ნათელი, რადგან „გამარჯვებული წაგებულის მძევალი ხდება“ (იქვე, გვ 26). შემდგომი პასაჟი კი ამ პოსტმოდერნისტი მოაზროვნეს შეხედულებათა კვინტესენციაა. მისი აზრით, არისტოტელეს ლოგიკაა, რომ ვირტუალური ბოლოს რეალურში გადადის და სადაც ჯარების კონცენტრაციაა, იქ ბოლოს იარაღი გაისვრის. „მაგრამ ეს ლოგიკა აღარაა ჩვენი. ჩვენმა ვირტუალურმა დაჯაბნა რეალური. . .ჩვენ ვიმყოფებით ვირტუალურის მიერ რეალურის შეკავების ჰიპერრეალურ ლოგიკაში“ (იქვე, გვ 27).


მეორე ესე დაიწერა თებერვლის დამდეგს. სადამ ჰუსეინის არმიის პოზიციები უკვე იბომბებოდა, ბოდრიარი კი ამტკიცებდა, რომ ეს იყო სარეკლამო, სპეკულატიური, ვირტუალური ომი, რომელიც აღარ ემორჩილებოდა კლაუზევიცის ფორმულას ომზე, როგორც პოლიტიკის სხვა საშუალებებით წარმოებაზე. „ეს უფრო პოლიტიკის არარსებობაა. არა-ომი სტატუსის და პოლიტიკის გაქრობის საზარელი ტესტია, მსგავსი იმისა, როგორიც სააქციო ბირჟის სპეკულატიური სამყაროს კრახია ეკონომიკის და ეკონომიკურ მიზანთა ბუნდოვანების ტესტი“ (The Gulf War: is it really taking place? გვ 30-31).


არსებითად, ამ მეტაფორული ენით ბოდრიარი რეალურად მიმდინარე ამბების მედია საშუალებებით გაბუნდოვანებას თუ შეცვლას უსვამდა ხაზს. „მედია აქეზებს ომს, ომი აქეზებს მედიას და რეკლამა კონკურირებს ომთან“ - წერდა იგი (იქვე, გვ 31). მისთვის ეს ომი სპექტაკლია, რომელსაც მიზანი არ აქვს, თვითმიზნურია. „როდესაც ომი ინფორმაციად გადაიქცევა, ის წყვეტს რეალურ ომად ყოფნას, ვირტუალური ხდება. . .ყველაფერი, რაც ინფორმაციაში გადადის, დაუსრულებელი სპეკულაციებისა და ტოტალური გაურკვევლობების ადგილად იქცევა“ - ასეთია ბოდრიარის პოსტმოდერნული კრედო (იქვე, გვ 41). შესაბამისად, იგი კი არ უარყოფს ომის - ამ შემთხვევაში - სპარსეთის ყურეში 1991 წლის დასაწყისში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების მატერიალურ შემადგენელს, არამედ ეჭვი შეაქვს საზოგადოებისათვის მიწოდებული მისი საზრისისა და მოდალობების რეალურობაში: „ჩვენ ვრჩებით ეკრანების ამარა, რომელიც გვაწვდის ომის ეფექტების, ან ომის დისკურსის ეფექტების სიმპტომატურ ვერსიებს“ (იქვე). მეორე ესეს სულისკვეთება ისიცაა, რომ ბოდრიარის აზრით, ომი ერთდროულად ესკალირებს და დეესკალირებს, ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა ხდება. ე.წ. რეალურ დროში ინფორმაციების მოწოდება უფრო გვაცილებს რეალობას, ვიდრე გვაახლოვებს მასთან. აქედანა მომდინარეობს დასკვნა, რომ ის (თუ ისეთი) ომი, რომლის შესახებაც მსოფლიო მედია იუწყება, რეალობაში არ მიმდინარეობს.


ბოლო ესე, უშუალოდ ის, რომლის სახელიც მოგვიანებით გამოცემულ მთელს კრებულს დაერქვა, ცდილობს აგვიხსნას, რომ „ყურის ომი არ მომხდარა“. სათაურთან აშკარა შეუსაბამობაში, აქ ბოდრიარი ერთგან მაინც წერს, რომ ეს ომი მაინც იყო, მაგრამ - „ასექსუალური. . .მტერი მხოლოდ კომპიუტერულ სამიზნედ ჩანდა. . .ერაყელები აფეთქებდნენ სამოქალაქო შენობებს, რათა ჭუჭყიანი ომის შთაბეჭდილება შეექმნათ. ამერიკელები ნიღბავდნენ სატელიტურ ინფორმაციას, რათა სუფთა ომის შთაბეჭდილება შეექმნათ. . .ბოლო ერაყული შეთქმულებაა კუვეიტიდან საიდუმლო ევაკუაცია და ამით დიდი შეტევის გაბაიბურება. რეტროსპექტულად - პრეზიდენტის გვარდიაც ალბათ მირაჟი იყო. . .ომი დიდი მოწყენილობით დასრულდა, ან უარესი - განცდით, რომ მოგვატყუეს. ტრაბახა ერაყელები და თვალთმაქცი ამერიკელები. . .მათ ერთმანეთი არც უნახავთ: როცა ამერიკელები საბოლოოდ გამოჩნდნენ თავისი ბომბების ფარდის უკან, ერაყელები უკვე თავისი კვამლის მიღმა იყვნენ გამქრალნი“. (The Gulf War did not take place, გვ 62). ამ ციტატით ყველაფერი ნათელია - რაღაც კი მოხდა, მაგრამ ის არა, რასაც მედია თუ ოფიციოზი გვეუბნება. ასეთია ბოდრიარის ტრილოგიის ბოლო ესეს სათაურის დასაბუთება.


ბოდრიარის შემოქმედების მთავარი იდეა რეალობის გაქრობისა და მისი ხატებებით - სიმულაკრებით - ჩანაცვლების შესახებ საინტერესოცაა და ლოგიკურიც. სოციალური სამყარო, დიდწილად, მართლაც ინტერპრეტაციებია და საკმაოდ ხშირად ყველას თავისი „სიმართლე“ აქვს. მაგრამ ამ ფრანგ პოსტმოდერნისტთან ეს დაკვირვება ისეთ ფანტასმაგორიულ ფორმებს იღებს, რომ იგი ცნობილი კინოფილმის „მატრიცა“ ავტორთა შთაგონების წყარო გახდა. რა თქმა უნდა, CNN თუ ნებისმიერი საინფორმაციო წყარო რეალობას სუბიექტურ ელფერს სძენს. ხშირად საინფორმაციო პოლიტიკების უკან გავლენიანი წრეების ინტერესებია. მაგრამ ყველანაირ მანიპულაციებს აქვს ზღვარი - სხვაგვარად ისინი ვერ უძლებს კონკურენციას და ამ შემთხვევაშიც გაუგებარი რჩება თუ რატომ არ უნდა უწოდო სპარსეთის ყურის ომს ომი.


ცივი ომის შემდგომი სამხედრო კონფლიქტები დიდწილად განსხვავდება კლასიკური ომებისაგან: მათ საინფორმაციო და სამართლებრივ შემადგენელში განსაკუთრებული აქცენტებია ლეტალური ქმედებების შეზღუდვაზე, საქმის ჰუმანიტარულ მხარესა თუ მშვიდობის აღდგენის მიზნებზე. ტერიტორიული დაპყრობების სტიგმატიზაციაც მრავლის მეტყველია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში. მაგრამ ყოველივე ეს, ისევე როგორც მანიპულაციები და შანტაჟი, რაც სამხედრო ძალების გამოყენების მზარდი მოდალობაა, შეიძლება სხვა სიტყვებით - მაგალითად, ჰიბრიდული ომით - გადმოიცეს. „ომი არ მოხდება და არ მომხდარა“ ნამეტანია როგორც 1991 წლის სპარსეთის ყურის მოვლენებისათვის, ისე უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებული დრამისათვის. მგონია, ბოდრიარის დამაბნეველ მეტაფორიზმს არც ის ამართლებს, რომ მას, როგორც ბევრ ფრანგ ინტელექტუალს, განსაკუთრებით უყვარს ამერიკული პოლიტიკის კრიტიკა - ამერიკელთა მიერ განსხვავებული სოციალური და კულტურული სამყაროების ვერ გაგება და ვერ მიღება. ამ კრიტიკაშიც შეიძლება ვეძიოთ რაციო ან ამერიკელთა „დემოკრატიის ექსპორტის“ თუ „ლიბერალური ჯვაროსნობის“ ემოციური მიუღებლობა, რაც პრაქტიკაში ზოგჯერ აღმოსავლურ დიქტატურათა „სასარგებლო იდიოტებს“ წარმოშობს. მაგრამ ეს სხვა თემაა - ბოდრიარის გახსენება მხოლოდ უკრაინის მიმდინარე დრამის ზოგიერთი ინტერპრეტაციის შესაფასებლად დამჭირდა.


* * *

ჟან ბოდრიარს უკრაინაზე არაფერი უთქვამს - მან უკეთეს სამყაროში მანამდე გადაინაცვლა, ვიდრე პუტინი ევროპას რევიზიონიზმის ახალ ტალღას დაატეხდა თავს. მეტიც - იგი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომსაც და ყირიმის ანექსიასაც არ მოსწრებია. სამაგიეროდ, რიგ თანამედროვე და მთლიანობაში საკმაოდ კარგ მოაზროვნეთა შორის გვხვდება უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაციის ბოდრიარისეული შეფასებები. ისინიც, როგორც 1991 წელს ბოდრიარი, თანამედროვე საომარ ტაქტიკასა თუ სტრატეგიაში უფრო ბლეფს და დეზინფორმაციას ხედავენ, ვიდრე ჰიბრიდულობას.


საერთოდ, უმადური საქმეა წერდე მოვლენაზე, რომელიც არ დასრულებულა, მიმდინარეობს. გამოაქვეყნებ ნაწერს და მისი დებულებები შეიძლება უკვე მოძველებული აღმოჩნდეს. მაგრამ ამ რისკს არ ეპუებოდა ბოდრიარი, არ ეპუებიან მისი ახალი ადეპტები და არ შევეპუები მეც. ამიტომ, მინდა შემოგთავაზოთ სამი ტექსტის ანალიზი - სამივე 2021-2022 წწ მიჯნაზე უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებთან, ისევე როგორც შავი ზღვის სანაპიროებთან რუსული არმიისა და ფლოტის კონცენტრაციის შეფასებას ეძღვნება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ტექსტების ავტორთა აზრით ყოველივე ეს ნონ-სტარტერია, ბლეფია - ბოდრიარი როგორც იტყოდა - ჩვენ, განვითარებადი მოვლენების რეალურ დროში შემყურე მედია-მომხმარებლები, მანიპულაციების მძევლები ვართ, ხოლო ამ მანიპულაციების მიზეზი, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, შიდა მოხმარების პოლიტიკური ინტერესებია, რომლებიც ფართომასშტაბიან კინეტიკურ ომს არ ითვალისწინებს. თუმცა, მივუბრუნდეთ უშუალოდ ტექსტებს:


14 თებერვალს, ვალენტინობა დღეს, სერგეი მედვედევმა, ჩემმა კარგმა კოლეგამ და რუსეთის კვლევის ცენტრის საქმიანობის მხარდამჭერმა, დაპოსტა - „ეს ომი (უკრაინა-რუსეთის, დ.დ.) სულ უფრო ფანტასმაგორიულ და აბსურდულ სახეს იღებს - არშემდგარი მოვლენა გარდაქმნის რეალობას. . .მედიური და პოლიტიკური მანქანები სივდებიან შიშებზე და მოლოდინებზე. იდეალური პოსტმოდერნული ომი. სამწუხაროა, რომ ბოდრიარი ვერ მოესწრო“ (https://www.facebook.com/sergei.medvedev3/posts/10227405867960708).


სერგეის მოსაზრებები იანვარ-თებერვალში უკრაინასა და მის ირგვლივ შექმნილ მოვლენებზე უფრო დეტალურად 11 თებერვლის პოსტსა და გაზიარებულ ტექსტშია მოცემული (https://www.facebook.com/sergei.medvedev3/posts/10227387930192275). საერთოდ, ამ ჩემს ტექსტს მეც პოსტ-მოდერნული „მატრიოშკასავით“ ვაგებ: სერგეის ტექსტი ასახავს მოვჩანის გაზიარებულ ტექსტს, მოვჩანისა შვედი ანალიტიკოსების ანგარიშს, ეს უკანასკნელები კი, მნიშვნელოვანწილად, რუსული გენშტაბის უფროსის, გერასიმოვის სტატია-დოქტრინამდე ჩადიან. ანუ, როგორც პოსტ-მოდერნისტებს მიეწერებათ - არაა რეალობა ტექსტის მიღმა. რა ვქნა - ამ წერილის ჟან ბოდრიარით დაწყება მეც გარკვეულ ქარგაში მაქცევს.


სერგეი წერს, რომ იგი თვეებია, იმის გადმოცემას ცდილობდა, რაც კარნეგის მოსკოვის ცენტრის მკვლევარმა ანდრეი მოვჩანმა ახსნა - რუსეთ-უკრაინის ომი, როგორც დიდი საერთოსაჯარისო ოპერაცია, არც იგეგმებოდა და არც მოხდება. სერგეის აზრით, რომელიც ფაქტების მოვჩანისეულ ინტერპრეტაციასაც ეყრდნობა და ბოდრიარის ფილოსოფიასაც, ომი დასავლური მედიის მიერაა მოგონილი და ტირაჟირებული. მისთვის, არსებითად, ეს რუსული დეზინფორმაციის ოპერაციაა, რომელსაც უკრაინა და დასავლეთი აჰყვა. რუსეთმა (უფრო სწორად, რეჟიმმა) მოიგო - პუტინი მსოფლიო ნიუსების თავშია და მოსკოვში დასავლელი ლიდერების რიგი დგას. მოიგო უკრაინამაც - იგი უფრო ახლოსაა ნატოსთან. მაგრამ დასავლეთს რა ჭირად უნდოდა ყოველივე ეს?! მშვიდობისმყოფელის ჯილდოს მისათვისებლად? ასკვნის და კითხულობს სერგეი მედვედევი.


ანდრეი მოვჩანის პოსტი კი უფრო შორსაა პოსტმოდერნიზმისაგან. ეს ავტორი შვედების ანალიზის ობიექტურობაში თუ რეალიზმში ჩანს დარწმუნებული. 10 თებერვლის პოსტში (https://www.facebook.com/andrei.movchan/posts/5107301395992696) მოვჩანი აცხადებს, რომ ნახევარწლიანი ესკალაციის ფონზე, როგორც იქნა, გამოჩნდა ანალიტიკა და არა დაუსრულებელი განმეორება სიტყვებისა „ინტერვენცია-სანქციები“. იგულისხმება შვედური რუსეთის კვლევების ცენტრის 2022 წლის 9 თებერვლის ანგარიში Russian military options regarding Ukraine. მოვჩანის ინტერპრეტაციით, ანგარიშის ყურადსაღები დებულებებია: 1) რუსეთის მოსალოდნელი ინტერვენციის შესახებ ძირითადი საინფორმაციო წყარო უკრაინის თავდაცვის სამინისტროა; 2) რუსეთი ამას ყოველთვის უარყოფდა, მაგრამ ესკალაციის ფონზე აშშ-ის ულტიმატუმის მსგავსი მოთხოვნები გადასცა; 3) ობიექტურად დასტურდება უკრაინის საზღვრებთან მხოლოდ 40 ბატალიონის ზომის ტაქტიკური დაჯგუფების განლაგება, უკრაინა კი 67 ასეთ დაჯგუფებაზე საუბრობს; ამ დაჯგუფებათა აბსოლუტური უმრავლესობა სახმელეთო ძალებიდანაა. შვედი ექსპერტები ეთანხმებიან უკრაინელებს, რომ ასეთი დაჯგუფებებით სახმელეთო ოპერაცია შესაძლებელია, მაგრამ:


  • დამოუკიდებელი წყაროების თანახმად, ამ ძალებს თითქმის არ ახლავთ ლოჯისტიკური, ელექტრონული და საინჟინრო ნაწილები, რომლებიც უცხო ტერიტორიაზე ღრმა ოპერაციის განხორციელებისათვისაა საჭირო. უკრაინის საზღვრებთან თითქმის არაა სადესანტო ნაწილები, რომელიც ასევე საკვანძოა. არ შეინიშნება ავიაციის გადმოსროლაც. არაა ინფორმაცია არც შტაბების განლაგებაზე;


  • უკრაინის სიახლოვეს განლაგებული რუსული ნაწილების რაოდენობა კატეგორიულად არასაკმარისია იმ ფართომასშტაბიანი ოპერაციისათვის, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აანონსებდა;


  • 2009 წლიდან მაინც, რუსეთის არმიის წრთვნები თავდაცვითი უნარების შემუშავებაზე იყო ორიენტირებული. შეტევით ოპერაციას სულ სხვა უნარების გამომუშავება სჭირდება;


  • რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა ჯერ კიდევ 2013 წელს გამოაქვეყნა ე.წ. გერასიმოვის დოქტრინა, რომლის მიხედვითაც რუსული არმიის აღმშენებლობა მიმდინარეობდა. დოქტრინის თანახმად, რუსეთი აღარ ემზადება „კლასიკური“ ოპერაციებისათვის. მის ნაცვლად, უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედებისას, პრიორიტეტია სპეცდანაყოფების თანამშრომლობა ადგილობრივ კოლაბორანტებთან შეზღუდულ დროსა და სივრცეში. პარალელურად, პრიორიტეტია შორმანძლიანი რადიუსის ზუსტი შეიარაღების გამოყენება. შესაბამისად, ფართომასშტაბიანი მოქმედება უკრაინის ტერიტორიაზე შეუსაბამოა ამ დოქტრინასთან და რუსული არმიის ამჟამინდელ უნარებთან.


მოვჩანის აზრით, შვედი ექსპერტები უკრაინის წინააღმდეგ რუსულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას მოუმზადებლად თვლიან. მსგავსი ოპერაცია მეტად სარისკოა თავად რუსეთისათვის. ლოკალური ოპერაციები შესაძლებელია, მაგრამ ეს მუდმივი მოცემულობაა. მოვჩანი ხაზს უსვამს, რომ შვედების შეფასებით, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს მიმდინარე რუსული სამხედრო გადაადგილებები შესაძლოა საინფორმაციო ოპერაციის ელემენტი იყოს. უფრო სავარაუდოა, რომ მათი მიზანია რეაქციის გამოწვევის და საერთაშრისო უსაფრთხოების წესრიგის შერყევის სურვილი. ეს იძლევა დიპლომატიური წიაღსვლების საშუალებას, რაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. მიმდინარე კრიზისმა კრემლს ევროპის უსაფრთხოების პერსპექტივებზე და უკრაინის მომავალზე უმაღლეს დიპლომატიურ დონეზე მსჯელობის შესაძლებლობა მისცა. „თუ. . .რუსეთი არასოდეს გეგმავდა უკრაინაში შეჭრას, მაშინ აშშ/დასავლეთის შეფასებები მას წაადგებოდა. რუსეთმა მოიპოვა დიპლომატიური პლათფორმა ევროპის უსაფრთხოებაზე და ნატოს გაფართოებაზე საკუთარი პოზიციების გამოსახატად“ - ციტირებს ბოლოს მოვჩანი და სვამს კითხვას: თუ ეს ასეა და დასავლეთის შეფასებები რუსეთს დაეხმარა, კარგი იქნება, რომ ამაზე ვინმემ დაწეროსო.


ამდაგვარი ანალიზის თუ ინტერპრეტაციების შეფასებამდე, მინდა რუსი ანალიტიკოსების მიერ მოხმობილი შვედური ტექსტი უშუალოდაც განვიხილო. SCRS ანუ რუსეთის კვლევების შვედური ცენტრი შედარებით ახალი და პატარა ანალიტიკური ინსტიტუტია, რომელიც, მისი წარმომადგენლის თქმით, კონკრეტული კლიენტებისათის მუშაობს. მადლობა მათ წარმომადგენელს ზემოთნახსენები ანგარიშის მოწოდებისათვის, რომელიც, მთლიანობაში, მისდევს მოვჩანის მიერ მონათხრობს. თუმცა, მოვჩანთან არის გარკვეული უზუსტობები, უშუალოდ შვედების მსჯელობა კი დამატებით კითხვებს აღძრავს.


პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ, შვედური შეფასებით, ომის გარდაუვალობაზე უკრაინული ინფორმაციები ყველაზე ალარმისტულია, მაგრამ დასავლეთის შეშფოთება რუსული არმიის გადაადგილებების სატელიტური ფოტოებით დაიწყო: რუსეთის შესაძლო საომარ მზადებაზე საწყისი შეტყობინებები ამერიკული იყო და არა უკრაინული (SCRS Brief 22-02/February 2022 Russian Military Options Regarding Ukraine, გვ 3). მეორე, დოკუმენტში წერია, რომ მაშინ როცა ფართომასშტაბიანი ინტერვენცია ალბათ არ მოხდება და არც იგეგმებოდა რუსეთის მხრიდან, ლიმიტირებული თავდასხმა, რომლის მიზანი იქნება უკრაინული სამხედრო აღმშენებლობის შეფერხება/უკრაინული არმიის დასუსტება, სავსებით რეალისტურია (იქვე, გვ 1).


მთლიანობაში, შვედი ექსპერტები ვერ ხედავენ ფართომასშტაბიანი ომის იმანენტურ საფრთხეს და საამისოდ შემდეგი არგუმენტები მოყავთ: 1. ასეთი ომი ეწინააღმდეგება რუსული სამხედრო წრთვნების რამდენიმეწლიან მოდალობებს და გენშტაბის უფროსის, გერასიმოვის დოქტრინალურ ხედვებს (იქვე, გვ 7-12) ; 2. უკრაინის საზღვრებთან არ ჩანს შტაბების, სადესანტო და სპეც. ჯარების, ელექტრონული, ლოჯისტიკური და სანჟინრო ნაწილებისა და ავიაციის მობილიზება (იქვე, გვ. 11; 17) 3. რუსეთი კატეგორიული იყო ნატოსა და აშშ-სთვის გაგზავნილ მოთხოვნებში ნატოს გაფართოვების დაუშვებლობის და ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის გადახედვის შესახებ, მაგრამ ამ მოთხოვნებს ულტიმატუმის სახე არ ჰქონია (იქვე, გვ 6); 4. ფართომასშტაბიანი ომი დიდი რისკი იქნება თავად რუსეთისათვის (იქვე, გვ 15); 5. კრემლის ამოცანებია რუსეთის მიმართ პატივისა და შიშის გენერირება მსოფლიოში, უკრაინის ნატოში არდაშვება, უკრაინის ჯარის გაძლიერების პრევენცია, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში რუსეთ-ბელარუს-უკრაინის გაერთიანება. აქედან პირველი და მეორე ამოცანები არსებითად შესრულებულია. ფართომასშტაბიანი ინტერვენცია ყოველივე ამას დაუპირისპირდებოდა (იქვე, გვ 1).


ამ ლოგიკიდან გამომდინარე, შვედები ასკვნიან, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული არმიის კონცენტრაცია უფრო რუსეთის უსაფრთხოების პრობლემატიკაზე ყურადღების მიქცევას ემსახურება, ვიდრე შეტევის მომზადებას (იქვე, გვ 1). მეორეს მხრივ, შვედი ექსპერტები უფრო რეალისტურად თვლიან რუსეთის მხრიდან შეზღუდული ოპერაციის ჩატარებას, რაც გერასიმოვის ხედვებთან შესაფერისი იქნებოდა - ესაა შეზღუდულ არეალში სპეცდანაყოფებით მოქმედება და ზუსტი დამიზნების იარაღით უკრაინული სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება. მაგრამ იქვე აზუსტებენ - რუსეთს დაკარგული აქვს მოულოდნელობის ეფექტი და ამგვარი ოპერაციებიც ნატოს მხრიდან კონტრ-ზომებს გამოიწვევს. უკრაინა არ/ვერ დაწყნარდება და მისი მომავალის სათავისოდ გადაწყვეტა რუსეთს გაუჭირდება (იქვე, გვ 13).


შვედური ანალიზის კიდევ ერთი საყურადღებო თეზისი ისაა, რომ ანგარიშის ავტორები აქამდე გადადგმული რუსული სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯების წარმატებულობაზე საუბრობენ. თუ რუსული სამხედრო კონცენტრაციის მიზანი არა ფართომასშტაბიანი ომი, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შერყევა და ამ ფონზე დიპლომატიური წიაღსვლების განხორციელება იყო, შვედების აზრით ამან გაამართლა: „ამ კრიზისმა რუსეთს მისცა შანსი, რომ საკუთარი ხედვების საერთაშორისო პრეზენტაცია განეხორციელებინა“ (იქვე, გვ 15). შვედები მართლაც თვლიან, რომ მიმდინარე მოვლენების საინფორმაციო ოპერაციად წარმოდგენა შეესაბამება გერასიმოვის ხედვებს თანამედროვე ომების შესახებ, ორიენტირებულია დასავლეთის რეაქციის გამოწვევაზე და, ამ მხრივ, იგი შედეგიანი შეიძლება იყოს, რადგან რუსეთმა მოიპოვა დიპლომატიური პლათფორმა უმაღლეს დონეზე, მიიღო პატივისცემა და შიში. ნატო შეიძლება არ ეთანხმდებოდეს არგაფართოვების რუსულ მოთხოვნას, მაგრამ ცხადი ხდება, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ალიანსი არ გაფართოვდება. რუსეთის საბოლოო ამოცანა - უკრაინაზე კონტროლის მიღწევა - შეიძლება ნელნელა ასევე შესრულდეს, თუ არ იქნება ფართომსაშტაბიანი ომი და რუსეთი ხაზს გაუსვამს, რომ მისთვის მტერი ნატო და კიევია და არა უკრაინელი ხალხი (იქვე, გვ 17).


ახლა ორიოდე სიტყვა შვედური ტექსტის არასრულ რუსულ ინტერპრეტაციებზე: აქ, პირველ რიგში, ანდრეი მოვჩანია საყურადღებო. მის გადმოცემასა და ორიგინალს შორის რამდენიმე შეუსაბამობაა: მოვჩანი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ, ანგარიშის თანახმად, ინფორმაცია ფართომასშტაბიანი ომის იმინენტურობისა და გეგმების შესახებ ძირითადად უკრაინული წყაროდან ვრცელდება. ეს არაა მთლად სწორი - როგორც ვნახეთ, შვედები რუსული სამხედრო გადაადგილებების სატელიტურ იმიჯებსაც ახსენებენ; მოვჩანი საუბრობს კრემლის ულტიმატუმის მსგავს მოთხოვნებზე ნატოს მიმართ, შვედები ულტიმატუმს ვერ ხედავენ; მოვჩანი ამბობს, რომ შვედთა აზრით, უკრაინის საზღვრებთან ობიექტურად მხოლოდ 40 ბატალიონის ზომის ტაქტიკური დაჯგუფება დასტურდება, მაგრამ შვედები ასე კატოგორიულები არ არიან და არც უკრაინულ წყაროებში ნახსენები უფრო დიდი ციფრების რეალურობას გამორიცხავენ.


სერგეი მედვედევის რეფლექსია კი სხვაა - მას, როგორც ვთქვი, სურათი პოსტმოდერნული მსოფლმხედველობის ჭრილში გადააქვს, რაც, თავისთავად, ორიგინალურია და როგორც მოვჩანის, ისე შვედური პირველწყაროს ინტერპრეტაციებისაგან განსხვავებული. სერგეი სვამს კითხვას, რატომ აყვა რუსულ თამაშს - საინფორმაციო ოპერაციას - დასავლეთის პოლიტიკური კლასი და მედია. თუმცა, შვედებისა და მოვჩანისაგან განსხვავებით, სერგეი იმასაც ამბობს, რომ ვითარებით არა მარტო პუტინმა, არამედ უკრაინამაც მოიგო, რადგან ახლა იგი ნატოსთან უფრო ახლოსაა. თუ ასეა, იქნებ მისი კითხვის ერთერთი ლოგიკური პასუხი ესეცაა? თავისთავად, პედალირება მისი მსჯელობის იმ შეუსაბამობაზე, რომ თუ უკრაინამ მოიგო, პუტინი როგორღა მოიგებდა, პოსტმოდერნიზმის ლოგიკის მიღმაა, ვირტუალურიდან ნაციონალური ინტერესების სამყაროში გვაბრუნებს და სერგეის ამაზე აღარ ჩავეკითხებოდი.


მაგრამ, როგორც ვთქვი, არც შვედური ანალიზია უზადო და წინააღდეგობებისაგან თავისუფალი: თუ შვედები მხოლოდ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სცენარის რეალობას ეჭვობენ, რომლის თანახმად, მინიმუმ, ნახევარი უკრაინის ოკუპაცია იყო განზრახული, მაშინ გასაგებია - ამისათვის საკმარისი ძალები რუსეთს არ მოუგროვებია საზღვრებთან. მაგრამ აშშ-სა თუ დასავლეთს აქცენტი არასოდეს ჰქონია მარტო ასეთ სცენარზე. მეორეს მხრივ, შვედებს უფრო რეალისტურად ეჩვენებათ უკრაინის დიდი ტერიტორიების დაბომბვა, მაგრამ გაუგებარია, რატომ არ იქნება ეს, თავისთავად, სრულმასშტაბიანი ომი? და კიდევ, შვედები საუბრობენ, რომ რუსული ოპერაციის რეალურობის საწინააღმდეგოდ საზღვრის სიახლოვეს სადესანტო და სპეცდანიშნულების ნაწილების ნაკლებობა მეტყველებს. მათი აზრით, ამასვე ნიშნავს სამხედრო ავიაციის დატოვება მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე. მაგრამ, ეყრდნობა რა RAND Corporation-ის ანალიტიკოსთა ინფორმაციას, Wall Street Journal-ის 14 თებერვლის სტატია უკრაინის საზღვრებთან სპეცნაწილების მობილიზაციაზეც საუბრობს და ჰაერიდან უკრაინის ტერიტორიაზე საავიაციო დარტყმის შესაძლებლობებზეც (The Wall Street Journal By Michael R. Gordon and Max Rust, Updated Feb. 14, 2022 1:58 pm ET, https://www.wsj.com/articles/russian-buildup-near-ukraine-features-potent-weapons-systems-well-trained-troops-11644789065). აქვეა აღნიშნული, რომ უკრაინის ფართომსაშტაბიანი ოკუპაციის რეალისტურობაში ეჭვი ამერიკელებსაც ეპარებათ. მაშ რაშია ამერიკელი და შვედი ანალიტიკოსების წმინდა სამხედრო-ტექნიკური შეფასებების არსებითი განსხვავება, გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელნი რუსულ სპეცდანიშნულების ჯარებს ვერ ხედავენ და გერასიმოვის სტატია/დოქტრინა დოგმა გონიათ?


რაც შეეხება რუსული ავიაციის მზადყოფნას ომისათვის, დავეყრდნობი ერთერთ დასავლურ პუბლიკაციას. ავიაციის უნარების აშკარად მცოდნე კაცი წერს: რუსეთს, სულ ცოტა 76 ე.წ. Bear და Blackjack ბომბადმშენი ყავს, რომლებსაც შეუძლია უკრაინას Kh-101s რაკეტები ამ ქვეყანასთან მიახლოვების გარეშე დაუშინოს. მძიმე ბომბადმშენი ტუ-160-ების პოლკის საჰაერო ბაზა ცენტრალურ რუსეთში მდებარეობს. ლონდონში მდებარე სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ანალიტიკოსის, დუგლას ბერის აზრით, ამ თვითმფრინავებს საკუთარი ბაზის თავზე ფრენისასაც შეუძლიათ ევროპის უდიდესი ნაწილის რაკეტებით დაბომბვა (Russian Bombers Could Pummel Ukraine ... Without Going Anywhere Near Ukraine, David Axe, Forbes Staff, Aerospace & Defense Jan 21, 2022,08:00am EST, https://www.forbes.com/sites/davidaxe/2022/01/21/russian-bombers-could-pummel-ukraine-without-going-anywhere-near-ukraine/?sh=5b3fcc6740d3). არ დავუჯეროთ? ასეთი ტექნოლოგიების არსებობის პირობებში რუსული ავიაციის რა წინასწარ გადმოსროლას ელიან შვედები უკრაინის საზღვრებზე, გაუგებარია.


საბოლოო ჯამში, შვედური ანალიზი კითხვებს თავად მისი ძირითადი თეზისის მიმართ აჩენს - იყო ჩაფიქრებული ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის მიერ თუ არა? ადექვატური იყო დასავლური განგაშის ზარები თუ არა? ვფიქრობ, ზუსტი პასუხი თავად შვედებს არ აქვთ, რადგან იმასაც ამბობენ, რომ გერასიმოვის თანახმადაც, თანამედროვე ომებში სამხედრო და არასამხედრო აქტივობები ნათლად ვერ იყოფა და რომ რუსეთი თანამედროვე ომის არაერთ მეთოდს იყენებს უკრაინის წინააღმდეგ. გასაგები ერთადერთია - უკრაინის ოკუპაცია მეორე მსოფლიო ომის სტილში ალბათ არ იქნება. მაგრამ ომის არმოხდენასა და მის კლასიკურ სცენარებს შორის დიდი ამპლიტუდაა, რომელსაც მხოლოდ პოსტ-მოდერნული ფეიკი ვერ შეავსებს. ამას არც შვედები ფიქრობენ და რუსი ანალიტიკოსების ნაწილის აქცენტები, რომ არაფერიც არ ხდება თუ არ მოხდება, უნიადაგოა. ლიმიტირებული ომი ასევე ომია, მისი გადაზრდა ფართომასშტაბიანში კი შეიძლება ყოველგვარი დოქტრინის თუ წინასწარი წრთვნების მიღმა მოხდეს. გერასიმოვის დოქტრინა, რომელიც, არსებითად, ჰიბრიდულ ომებს ქადაგებს და ფართომასშტაბიან ფრონტალურ შეტევებს მოძველებულად აღიქვამს, დოგმა არაა. თან გერასიმოვი წერდა ფართომასშტაბიანი ოპერაციების მოძველებულობაზე და არა შეუძლებლობაზე.


ანგარიშიდან იკვეთება, რომ შვედებს პუტინის რაციონალურობის იმედი აქვთ, მაგრამ რამდენად სწორია ეს? რაციონალური არც ისაა, რაც რუსეთ-უკრაინის საომარი კონფრონტაციის წინა ეტაპზე, ილოვაისკში თუ დებალცევოში ხდებოდა, როდესაც ათასობით ადამიანის მოკვდინების პროცესი მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევამ გააჩერა. და თუ მაინც მივიღებთ თეზას, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები რუსული საინფორმაციო ოპერაციაა, ამაზე ლოგიკური პასუხი შემდეგი მგონია: ძალიან კარგი - დაე იყოს ასე. მაგრამ დასავლეთი კი არ აყვა ამ რუსულ ოპერაციას, როგორც სერგეი მედვედევი ფიქრობს, არამედ დასავლეთმა და, უპირველეს ყოვლისა, შეერთებულმა შტატებმა იგი სათავისოდ და რუსეთის საზიანოდ შეატრიალა: დიდი ხანია, ასე ერთიანი დასავლეთი არ ყოფილა პუტინის ამბიციების პირისპირ. ამ ერთიანობას ხელი პირველ რიგში თავად რუსეთის სამხედრო მოძრაობებმა (ფეიკმა თუ რეალურმა - შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ) შეუწყო. თუ ამერიკამ რაღაცა დროს რაიმე გაბუქა, როგორც ინგლისურად იტყვიან good for us, ვისთვისაც რუსული რევიზიონიზმი საფრთხეა. დღეს უკვე პუტინის შეცბუნების ნიშნებია თვალნათელი: ერთერთმა დაანონსებულმა „იქს“ დღემ მშვიდად ჩაიარა, რუსეთის პრეზიდენტი კი თავის საგარეო საქმეთა მინისტრს მოლაპარაკებების გაგრძელების ნებართვას აძლევს. თუმცა, მთავარ პრობლემას კი შვედებიც სწორად ხედავენ - რუსეთს უკრაინული სახელმწიფოს დაშლა და/ან დაქვემდებარება სურს. ამ სურვილის რეალიზაციას იგი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს, რაც უკრაინისა და მისი დასავლელი მოკავშირეების გამარჯვებაა. მაგრამ პუტინის რუსეთიც სცენაზე რჩება და ესე იგი ომი - თუნდაც ვირტუალურ/ჰიბრიდული - ისევ გრძელდება.


 

[1] ამ წერილში ვხელმძღვანელობ ბოდრიარის აღნიშნული ესეების ინგლისური თარგმანით, Jean Baudrillard, The Gulf War Did Not Take Place, Translated and with an introduction by Paul Patton, Indiana University Press, Bloomington, USA, 1995

bottom of page