top of page

რუსული „არხეომოდერნი“, ანუ რატომ ყეფს ძაღლი როცა ქარავანი მიდის

Image-empty-state.png

გიორგი კაციაშვილი | ბლოგ-პოსტი | 31 დეკემბერი, 2021

Jones Day

„მინდა ჟურნალისტები არ კვდებოდნენ ახალგაზრდები“ - ასე ამთავრებს დიმიტრი მურატოვი თავის გამოსვლას ნობელის კომიტეტის წინაშე. მართალია, რუსეთში ნამდვილ ჟურნალისტებს არ სწყალობენ, პროპაგანდისტებს - კი. რუსეთის უახლესი ისტორიიდან შეგვიძლია არაერთი მაგალითი გავიხსენოთ, როცა ჟურნალისტებს იტაცებდნენ, კლავდნენ და ამ გზით ცდილობდნენ სიმართლის დამალვას, საზოგადოებისთვის ყურების დახშობას, რაც ასე აუცილებელია დიქტატურის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის. ამას ისიც დაემატა, რომ ოფიციალურად უცხოეთის აგენტებად ე.ი სამშობლოს მოღალატეებად აცხადებენ, რაც მათ მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.


გვინდა თუ არა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ხალხი, რომელიც რუსეთში მშვიდობასა და წინსვლას უჭერს მხარს, მურატოვის ჩათვლით (ზაპადნიკები), ცალკე სამყაროში ცხოვრობენ. მათ თითქოს არანაირი გავლენა არ აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, რადგან უმრავლესობა სწორედაც რომ პროპაგანდის მომხმარებელია; მაგრამ განა ციფრულ საუკუნეში შეუძლებელია ინფორმაციის ისეთი წყაროს მონახვა რომელიც ფაქტებს მეტნაკლებად ობიექტურად გააშუქებს? ჩემი აზრით მურატოვის გამოსვლის პათოსს უკეთ გავიგებთ თუ მოკლე ექსკურსს გავაკეთებთ რუსული აზროვნების ისტორიაში - ჩაადაევისა და დუგინის ფონზე რუსული საზოგადოების ანატომიას მოვფენთ ნათელს.


,,ზაპადნიკები’’ და ,,სლავიანოფილები”

,,ზაპადნიკებისა” და ,,სლავიანოფილების” დაპირისპირება რუსეთში დღეს არ დაწყებულა. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ პეტრე პირველის რეფორმებიდან მოყოლებული ეს კამათი მთელს რუსულ ისტორიას ლაიტმოტივად გასდევს და რუსეთიც „ირწევა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“. დღეს, ისევე როგორც რამდენიმე საუკუნის წინ, რუსეთი გზაჯვარედინზე დგას - ერთი მხრივ ამბიცია იყოს მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის საკვანძო ელემენტი, ხოლო მეორე მხრივ ევროპასთან კულტურული სიახლოვე თავიდან წამოჭრის ძველ საკითხს და ახალი შინაარსებით ამდიდრებს მას.


პეტრე ჩაადაევი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც სერიოზულად გაიაზრა საკითხის მნიშვნელობა; მოკლედ გადავავლოთ თვალი მის ნააზრევს


,,ჩვენ დროის მიღმა ვდგავართ, თითქოს საკაცობრიო აღზრდა არ შეგვხებია. ჩვენ ხომ ქვეყანას უკანონო შვილივით მოვევლინეთ მემკვიდრეობისა და იმ ხალხთან კავშირის გარეშე, რომელიც ჩვენამდე ცხოვრობდა; არ გვახსოვს არცერთი გაკვეთილი, რომელიც ჩვენამდე უსწავლიათ და შესაბამისად ცალ-ცალკე, ახლიდან გვიწევს ამ გაწყვეტილი ძაფების აღდგენა; ის რაც სხვებს ინსტინქტად და ჩვევად დაჰყვათ ჩვენამდე ძალით მოდის; ჩვენი მეხსიერება არ სცდება გუშინდელ დღეს, თითქოს საკუთარი თავისთვისაც კი უცხონი ვართ; ისე უცნაურად ვმოძრაობთ, რომ თითქოს ყოველი ახალი აუქმებს წინას, რაც ბუნებრივი შედეგია სესხებაზე და მიბაძვაზე დაფუძნებული კულტურული ცხოვრებისა; ჩვენთვის სრულიად უცხოა პროგრესის იდეა - ყოველი ახალი ავიწროებს წინას, რადგან არ გამომდინარეობს მისგან და კაცმა არ იცის საიდანაა მოტანილი; ჩვენ გამუდმებით მზა იდეებს ვეწებებით და მათს წარმოებაზე ენერგია არ დაგვიხარჯავს, ტვინი არ გვიჭყლეტია; ასაკი გვემატება, მაგრამ არ ვხდებით უფრო ბრძენნი. ვმოძრაობთ წინ ოღონდაც გამრუდებული გზით, რომელსაც არ მივყავართ დანიშნულების წერტილამდე. ჩვენ იმ ბავშვებს ვგავართ რომელთაც თავის დროზე არ ასწავლეს დამოუკიდებლად აზროვნება - მომწიფებულ ასაკში აღმოჩნდება, რომ მათ არაფერი თავისი არ გააჩნიათ, მთელი მათი ცოდნა, მთელი მათი სული გარეთაა - აი, ასეთები ვართ ჩვენ“.


[i]ჩაადაევის თვითკრიტიკის სიღრმემ შეუძლებელია არ მოგვხიბლოს, ამიტომ მასზე კიდევ ვისაუბრებ, თუმცა ახლა სლავიანოფილურ ფრთას მივუბრუნდეთ, რომლის თანამედროვე წარმომადგენელი ალექსანდრ დუგინია. მას თავის ლექციაში “Археомодерн, Деконструкция идиотизма” შემოაქვს ორგანზომილებიანი ისტორიულ-სოციალური მოდელი, რომლითაც აღწერს რუსული ისტორიის თავისებურებას. დუგინის აზრით, ისევე როგორც რელიგია, საზოგადოებაც აღიწერება კირიგმა-სტრუქტურის დიქოტომიით. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ წილადი, რომლის მრიცხველი კირიგმა ე.ი რაციონალური ნაწილია, ხოლო მნიშვნელი კი სტრუქტურა კი ირაციონალური ნაწილი. სხვა კონტექსტში მრიცხველი შეიძლება ცნობიერს, ელიტას ან დეკლარირებულს აღნიშნავდეს, მაშინ როცა მნიშვნელი არაცნობიერს, უმრავლესობასა და კოლექტიურ სიღრმეში ჩუმად მომუშავე ძალას.


დასავლური ცივილიზაცია დუგინისთვის „სამაგალითოა“ იმ აზრით, რომ ყველაზე თანმიმდევრულია, ოღონდ თანმიმდევრულია თვითდესტრუქციისკენ, რომელსაც იგი პოსტმოდერნს უწოდებს (მას იგი ესმის როგორც ისტორიის დასასრული და არა როგორც ისტორიის შეწყვეტა - დასასრული შეიძლება უსასრულო იყოს). დასავლური, ისევე როგორც რუსული ისტორია დუგინის აზრით იწყება ერთგანზომილებიანი მოდელით რომელსაც “არხე” ან “არქაიკა” ჰქვია, თუმცა განსხვავებით რუსულისაგან დასავლური ლოგოსი „ან-ან“ ლოგიკურ ოპერატორს ეფუძნება. შესაბამისად, ერთი პარადიგმა მეორის შემდეგ და ნაცვლად მოდის, ხოლო ორგანზომილებიანი მოდელი მხოლოდ პროცესს აღნიშნავს.


ორგანზომილებიანი მოდელი, რომელშიც ტრადიცია იკავებს მრიცხველის ე.ი დეკლარირებულის ადგილს, ხოლო არხე მნიშვნელში გადადის - ისტორიის შემდგომი ეტაპია. რუსული და დასავლური ისტორია ამ ეტაპზეც ემთხვევა ერთმანეთს. განსხვავება იწყება ახალ დროში, როდესაც პეტრეს რეფორმები ტრადიციას ე.ი წილადის მრიცხველს ჩაენაცვლა ხოლო მნიშვნელზე ე.ი არხეზე გავლენა არ მოუხდენია. დუგინის აზრით, ეს იყო ეპოქა როდესაც მცირერიცხოვანმა მოდერნისტულმა ელიტამ დეკლარირებულ იდეოლოგიად აქცია ტრადიციულ/არქაული ქვეყნის მოდერნიზაცია, მაგრამ ამ მცდელობამ სიღრმისეული შედეგი ვერ გამოიღო. მას შემდეგ რამდენიმე საუკუნემ განვლო, მაგრამ დუგინის აზრით სიტუაცია არ იცვლება - რუსული საზოგადოების მოდერნიზაცია ვერ ხერხდება. ყოველი ახალი წამოწყება კომუნიზმის ჩათვლით კლდეზე დაცემული მარცვლის ბედს იზიარებს - “აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას ჩავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა”.- სხვათა შორის, ბიბლიიდან ციტირებული ეს იგავი ძალიან ჰგავს იმას რასაც ჩაადაევი რუსულ აზროვნებაზე ამბობს.



„რუსული ისტორია ანომალიაა“ - ამბობს დუგინი და იღებს მას, როგორიც არის; „დასავლური სილოგიზმი ჩვენთვის უცხოა“ - ამბობს ჩაადაევი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ “სტატუს-კვო” ცუდია და უნდა შეიცვალოს. ორივეს აზრით განსხვავებით ევროპული, თანმიმდევრული, „ან-ან“ ლოგიკისაგან რუსულ ცნობიერებაში ყოველი ელიტის მიერ თავსმოხვეული მოდერნისტული იდეოლოგია ეჯახება მასებში ღრმად ფესვგადგმულ არქაიკას, შესაბამისად იგი თავის საპირისპიროში გადადის. სწორედ ასე იყო კომუნიზმის შემთხვევაში, როდესაც აბსოლუტური თანასწორობის იდეა აბსოლუტური მონობის იდეაში გადაიზარდა.


შეგვიძლია დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ დუგინის მიერ შემოთავაზებულ მოდელს, საიდანაც გამომდინარეობს, რომ არხე მუდმივად იქნება სოციალური სტრუქტურის მნიშვნელი, რომელიც ყოველთვის მოაშთობს „ლიბერალური ელიტის“ მიერ თავს მოხვეულ იდეოლოგიას. ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,ზაპადნიკისა’’ და ,,სლავიანოფილის’’ შეხედულება რუსული ისტორიის ანომალიურობაზე ერთმანეთს ემთხვევა.


თუ არხეომოდერნის თეორია (ორ ურთიერთგამომრიცხავ დროში არქაიკასა და მოდერნულობაში ერთდროულად ყოფნა, ოღონდ ერთში დეკლარირებულად მეორეში რეალურად) სწორია, რამდენიც უნდა იყეფონ ძაღლებმა ქარავანი კურსს მაინც არ შეიცვლის. გაუგებარია მაშინ რისთვის ჭირდება პუტინის ხელისუფლებას ამხელა პროპაგანდისტული მანქანა საზოგადოებისთვის ყურების ასახვევად - „არქაული რუსეთი“ ხომ ისედაც ყრუა „ლიბერალური ყეფის“ მიმართ?! ფაქტია, რომ სჭირდება ე.ი რუსი ადამიანი არ არის ყრუ და თუ საშუალება მიეცა მშვენივრად გაარჩევს შავს თეთრისაგან. სწორედ ამაშია ნამდვილი ჟურნალისტის მისია, რომელიც სიცოცხლეს რისკავს რათა ადამიანებს სიმართლის გაგების შესაძლებლობა არ მოუსპოს.


შემთხვევითი არ არის, რომ ჟურნალისტები (გარკვეული აზრით ქოფაკები) არიან დიმიტრი მურატოვი და ალექსეი ნავალნი, ეს უკანასკნელი რეჟიმმა ჯერ სიკვდილისთვის, შემდეგ კი ციხისთვის გაიმეტა. თანამედროვე ციფრულ საუკუნეშიც კი რუსული საზოგადოება მოკლებულია თავისუფალი სიტყვის მოსმენის შესაძლებლობას, ხოლო რეჟიმი ჯერ ისევ კლავს ზედმეტად „თამამ“ ჟურნალისტებს.

,,სლავიანოფილებისა” და ,,ზაპადნიკების” დიდი ხნის წინ დაწყებული დავა ჯერ ისევ არ გადაწყვეტილა, არადა, მის შედეგებზეა დამოკიდებული თანამედროვე რუსეთის იდენტობა - გახდება მოდერნული სახელმწიფო მკაფიოდ დადგენილი საზღვრებით თუ დარჩება იმპერიად, რომელიც საკუთარი ნაგვის მეზობელ ქვეყნებში გატანით იქნება დაკავებული (როგორც ვლადისლავ სურკოვი ამბობს). ამ დავის გადაწყვეტაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველო ბედიც.

[i] Чаадаев, П. ФИЛОСОФИЧЕСКИЕ ПИСЬМА, http://az.lib.ru/c/chaadaew_p_j/text_0010.shtml (27.12.2021)

bottom of page