top of page

კოლონიალიზმის კვლევების დისკურსი, რუსეთი და არა მარტო

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 24 ივლისი, 2023

ვუსმენ ლიტერატურათმცოდნეს და კულტუროლოგ ეკატერინა მარგულისს ევგენი კისილიოვის იუტუბ არხზე. რაზეც ისინი საუბრობენ, თანამედროვე რუსული საზოგადოების - მოდი ასე ვთქვათ - მნიშვნელოვანი შტრიხია. ეკატერინა დღეს ბევრმა რუსმა ინტელექტუალმა დაგმო. სულ ბოლოს, დიმიტრი ბიკოვი ლანძღავდა მას იმავე კისილიოვთან. საბედნიეროდ, წაკითხული მაქვს ის წერილი, რის გამოც (იყო ალბათ სხვა მიზეზებიც, მაგრამ ყველაფერი ამით იწყებოდა, ამ წერილის ირგვლივ ბრუნავდა) იგი აითვალწუნეს. წერილი ბროდსკის შემოქმედების ერთ ასპექტზეა. მარგულისი ამ პოეტში ხედავს მაჩოიზმსა და იმპერიალიზმს - უფრო სწორად, ინტელექტუალურ კოლონიზატორს და, ვფიქრობ, კარგადაც ასაბუთებს ამას. მარგულისის კრიტიკოსები კი ამბობდნენ და ამბობენ, რომ ბროდსკის ლექსი „უკრაინის დამოუკიდებლობაზე“ იყო შემთხვევითი, იყო ხუმრობა. ბროდსკიმ თავად აკრძალა მისი ბეჭდვა. აქ აღარ დავდებ ამ ლექსის ბმულს - ადვილი საპოვნელია ინტერნეტში. არა, თვლიდა და თვლის მარგულისი, ბროდსკიში იყო იმპერიალისტური/კოლონიზატორული საწყისი, ისევე, როგორც დოსტოევსკიში, მანამდე პუშკინში და მათ ყველა თანამედროვე დამცველში.


  • რა ვქნათ - კითხულობს კისილიოვი - იმათმა, ვისაც ბროდსკის პოეზია მოგვწონს?

  • გააცნობიერეთ, რომ რუსული კულტურის წიაღშია იმპერიით გატაცება, აიღეთ პასუხისმგებლობა, მიხვდით, რომ იმპერია სისაძაგლით მთავრდება, რაც არ უნდა ბრწყინვალება ახასიათებდეს მას - დაახლოებით ასეთია ეკატერინას პასუხი.


ამ საუბრის წითელი ხაზი (არა აკრძალვის, არამედ ტექსტის არსის გაგებით) ისაა, რომ ოდესის ამასწინანდელი დაბომბვა ინტელექტუალთა, კულტურის მოღვაწეთა პასუხისმგებლობაცაა და ამის ნიმუშია მარიუპოლის დაბომბილი ,,ნათეატრალის“ რუსული კლასიკის წარმომადგენელთა პორტრეტებით მორთვის ფაქტი.


ეკატერინა მარგულისისათვის რუსული იმპერიული სულისკვეთების ფორმირება ე.წ. ოქროს ხანის რუსულ მწერლობასთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, ამას არ/ვერ აცნობიერებს ისეთი აღიარებული თანამედროვე „რუს-შვეიცარიელი“ მწერალიც კი, როგორიც მიხაილ შიშკინია. მან 2014-შივე დაგმო ყირიმის ანექსია, გმობს პუტინის რეჟიმს. მაგრამ, თვლის ეკატერინა, როგორც კი საქმე რუსულ კულტურასა თუ ინტელიგენციის როლზე მიდგება, იგი პასუხისმგებლობას არიდებს და ირიდებს. „მე უნდა გავჩუმდე უკრაინაში პუშკინის ძეგლების ჩამოგდებაზე, სხვებმა დაიცვან ისინი“, ამბობს შიშკინი და მარგულისს ეს აწუხებს: ანუ, უნდა გავჩუმდეო და ლაპარაკობ? პუშკინი, ესე იგი, დასაცავია? კითხულობს ეკატერინა რიტორიკულად.


ეკატერინა მარგულისის კრედო უკვე ვახსენე - მას რუსული ორასწლიანი ინტელიგენცია უცვლელად პასუხისმგებლად მიაჩნია იმაზე, რასაც იმპერია სჩადიოდა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მონაწილეობდნენ კულტურის წარმომადგენლები რუსული პოლიტიკის ფორმირებაში უშუალოდ, თუ არა. დღესაც რუსული კულტურა ვერ ახდენს სათანადო თვითრეფლექსიას იმაზე, თუ რა ადგილი ეკავათ და უკავიათ მის წარმომადგენლებს ხელისუფლებასთან მიმართებაში, როგორ ახდენს ხელისუფლება მათი პროდუქტის ინსტრუმენტალიზაციას. „დიადი კულტურა“, როგორადაც რუსები თავის სახელოვნებო მემკვიდრეობას  აფასებენ, ეკატერინასათვის ასევე იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის მენტალიტეტის გამოვლინებაა.


ამ საუბარმა გამიჩინა პოზიტიური დამოკიდებულება ე.წ. კოლონიალიზმის თუ პოსტკოლონიალიზმის თანამედროვე დისკურსის მიმართ. მისი არსი „თეთრი ადამიანის ტვირთის“ მხილება და დაგმობაა. იგი ამტკიცებს, რომ ევროპის ,,ცივილიზატორულ“ მისიაში იყო აროგანტულობა, რომელიც წარმოშობდა ან ახსნას უძებნიდა სისასტიკეს. რაც მალე ვაღიარებთ ამას და მოვრჩებით სხვადასხვაგვარი იმპერიების თუ იმპერიული ძალაუფლებების ფეტიშებით - სახელებით, ძეგლებით - აღფრთოვანებას, მით უკეთესი. ამ ახალი, თუმცა უკვე მემარცხენე ინტელექტუალურ ტრადიციად ქცეული დისკურსის გამოვლინებაა მოძრაობა #BlackLivesMatter, თუმცა კი მას კონკრეტული, ამერიკულ-აქტივისტური კონტექსტი აძლევდა ფორმას. ამ მოძრაობამ, გარკვეულწილად, ახალი ბიძგი მისცა ისტორიულ პერსონაჟთა მონუმენტების დამხობის პოლიტიკას, რომელიც სცდება აშშ-ს საზღვრებს და, მინიმუმ, ჩერჩილამდე მიდის.


ჩერჩილს მართლაც აქვს რასისტული გამონათქვამები. იგი მისტიროდა იმპერიას და ეს ისევე წარმოადგენს მისი პიროვნების მახასიათებელს, როგორც ჰიტლერიზმთან და კომუნიზმთან მისი დაუღალავი ბრძოლა. თუ კისილიოვივით ვიკითხავთ, რა ვქნათ ქართველებმა ჩერჩილის მიმართ ჩვენში ფესვგამდგარ პატივისცემასთან დაკავშირებით, ალბათ, უნდა ვაღიაროთ, რომ იგი იყო ადამიანი თავისი შუქ-ჩრდილებით - კარგთან ერთად, ცუდის მთქმელიც და გამკეთებელიც. ამ ცუდის განმეორება 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით დაუშვებელი უნდა იყოს, თორემ მარგულისისეულ არარეფლექსირებად რუსებს დავემსგავსებით.

სამწუხაროდ, თვითრეფლექსიის უნარი საქართველოში იშვიათი ხილია, ფეტიშიზმი კი ფართოდაა გავრცელებული. გასაგებია, რომ ჯერაც ცოცხალი რუსული იმპერიის აგრესიულობა არც უკრაინელებს უტოვებს სათანადო სივრცეს საკუთარი ისტორიის კრიტიკული გააზრებისათვის და არც ჩვენ. მაგრამ ფაქტი თუ რამეა, ისაა, რომ თუ ერის ისტორიას მუდმივ მსხვერპლად ყოფნის ქარგაზე აგებ, ნებსით თუ უნებლიედ, იღებ მოდელს, რომლის ექსტრემალური ვარიანტი სწორედ რუსეთია. რუსებმა დააჯერეს თავს, რომ მათი ყველა ომი სამართლიანი იყო და მუდმივად თავს იცავდნენ, ან სხვათა გადარჩენას ემსახურებოდნენ. ამ მითის შექმნაში ლიტერატორებმა და ისტორიკოსებმა შეიტანეს უდიდესი წვლილი. მაგრამ ჩვენ ჩვენს მითოლოგიას ვაშენებდით აქამდე, რომელშიც ყველა უცხოტომელი ან იმპერიალისტი იყო, ან რომელიმე იმპერიის ფარული გულშემატკივარი. რუსული იმპერია ბევრად უფრო ხელმოცარული იქნებოდა, კავკასიაში რომ ქართულ-აფხაზურ-ოსური და სომხურ-აზერბაიჯანული ცალმხრივი, კონფრონტაციული ნარატივები არ ჰქონოდა ხელთ. ასევე იყენებდა და ახალისებდა იგი პოლონურ-უკრაინულ-ლიტვურ დაპირისპირებებს.


მე-19 და მე-20 საუკუნეებში ყველამ მტრობის ტექსტები შექმნა და ასეც იცხოვრა. სხვა რამ აზროვნება წარმოუდგენელი ან უკიდურესად მარგინალური იყო მაშინ. ყველა ნაციონალიზმში არის თავისი მიკრო-იმპერიულობა, რაოდენ მცირე ტერიტორიას არ უნდა მოიცავდეს იგი. მიწა, სისხლი, ენა კონფრონტაციულობას ახალისებს და შეუძლებელი ხდება იმის გაგება, ან საყოველთაო ჭეშმარიტებად მიღება, თუ ვინ ვის რა დაუშავა, როდის და რატომ. ცალსახაა, რომ რუსული იმპერიალიზმი ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამარცხდეს, მაგრამ თუ ჩვენთვის საერთაშორისო სამართლით მიკუთვნებულ ტერიტორიაზე მშვიდობა გვინდა, ეს ქვეყანა ყველა აქ მუდმივად მცხოვრებმა თავისად უნდა მიიღონ. ეს, პირველ რიგში, აფხაზებს, ოსებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს ეხება. მიხეილ ჯავახიშვილის თუ მუხრან მაჭავარიანის ზოგიერთი ნაწარმოები ამ ამოცანას, 21-ე საუკუნის პოლიტიკური თანაარსებობის პროექტს არანაირად არ შეეფერება. ეს არც მათ აკრძალვას ნიშნავს და არც მათი გენიალობის უარყოფას - საჭიროა მხოლოდ კრიტიკული გადააზრება და მე-20 საუკუნის ღირებულებების წარსულში დატოვება. ამას ითხოვდა და ითხოვს ეკატერინა მარგულისი რუსული ინტელიგენციისაგან, რის გამოც, ჯერ-ჯერობით, გმობას იმსახურებს. ჩვენც უნდა დავფიქრდეთ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩვენსავე „ჩონჩხზე კარადაში“.


ერი არ არის პრიმორდიალური ერთობა, მაგრამ ეგოიზმი და მტრობა მართლაც ადამიანთან და საზოგადოებასთან ერთად გაჩნდა. ნაციონალიზმი მისი მხოლოდ მოდერნული ფორმაა - იმპერიებისა და ფეოდალიზმების საწინააღმდეგოდ გაჩენილი. მაგრამ ნაციონალისტები და იმპერიალისტები მხოლოდ მეტოქენი არ არიან - რაღაც მომენტში ისინი იმეორებენ ერთმანეთს. თანამედროვე კოლონიურმა თუ პოსტკოლონიურმა კვლევებმა კარგად დაინახა იმპერიული მენტალობის ანატომია და შეამჩნია ისიც, რომ ხშირად, მისი არა მხოლოდ მსხვერპლნი, არამედ ენთუზიასტი მომხმარებლებიც კოლონიური ხალხების წარმომადგენლები იყვნენ. ისინიც კი, ვინც ბოლოს იმპერიალიზმს უპირისპირდებოდა, მის მეთოდებსა და ღირებულებებს საკუთარ მოთხოვნილებებზე ირგებდა. მშვიდობა ასე არ მყარდება. ამიტომ, რაოდენ ნაკლული არ უნდა იყოს ყველა მიწიერი მოდელი, გამოსავალი მაინც ევროპის კავშირის გზით სიარულია. მრავალეთნიკური ქვეყნების გადარჩენა და მომავალი ჰორიზონტალური ქსელების და მრავალდონიან-დანაწილებული სუვერენიტეტის ევროპული გამოცდილების გაზიარებაშია.

 



bottom of page