top of page

იგორ იაკოვენკო და ვიტალი პორტნიკოვი: რუსულ-უკრაინული ცივილიზაცია პოსტ-საბჭოთა პოლიტიკის შესახებ. საკითხავი სტუდენტებისათვის

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 26 თებერვალი, 2023

სხვაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს საუბარი და მის საფუძველზე შექმნილი ბლოგი მე სტუდენტებთან ურთიერთობისათვის გამომადგება. ამ საუბარში მთავარი პორტნიკოვია - იგი პასუხობს კითხვებს. საერთოდაც, იგია ამჟამად უკრაინელი, ოდესღაც კი მოსკოველი ჟურნალისტი, რომელიც მუდამ ადევნებდა თვალს ჯერ შიდა-საბჭოთა, შემდეგ კი მის ნანგრევებზე აღმოცენებული სახელმწიფოების პოლიტ-ტექნოლოგიებსა და აქტორებს. საუბარი კვლავაც ეძღვნება იმას, თუ რით და როგორ შეიძლება დამთავრდეს რუსული აგრესია უკრაინაში. მაგრამ მსჯელობა პუტინის თავში მიმდინარე პროცესებზე ნელ-ნელა მიდის ჩერნომირდინის, კუჩმას, ელცინის, „ბორის აბრამიჩის“ (ბერეზოვსკის), სერჟ სარქისიანის გახსენებამდე. სამწუხაროა, რომ აქ არ ჟღერს ჩვენთვის აქტუალური სახელები - მაგალითად, შევარდნაძე. თუმცა კუჩმა-ელცინი-პუტინის ბმაზე საუბარი ნიშანდობლივია შევარდნაძე-ელცინი-პუტინის ბმაზე დასაფიქრებლად.



პორტნიკოვს ახასიათებს იმპულსური და მახვილგონივრული ეფექტებით დახუნძლული მანერა (ასეთი მგონია მისი პასაჟი, რომ მიმდინარე ომი კიდევ გაიწელება, თუ ბაიდენის ეკრანზე ყურებისას პუტინს ბუბლიკი არ დაადგა ყელზე და არ დაიხრჩო). ამიტომ, მის ტირადებში შეიძლება რაღაც დაიკარგოს, ან მსმენელს გამორჩეს - მოკლედ, რაღაც ისე ვერ გავიგოთ ან თავად მთქმელსაც არ ესმოდეს ბოლომდე, რასაც ამბობს. მაგრამ მაინც, მინდა თეზისებად დავალაგო, რასაც ვისმენ. ვიმეორებ - ეს სტუდენტებისათვის გამომადგება-თქო :)


თეზისი პირველი: პუტინი ხელისუფალთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც უმაღლესი თანამდებობრივი ხარისხი მოულოდნელად, თავბრუდამხვევი სისწრაფით და სრულიად დაუმსახურებლად ერგებათ ხოლმე. ასეთები ბევრია დღევანდელ რუსულ ელიტაში. ასეთია, მაგალითად, კირიენკო, გრიზლოვი და ა.შ. ასეთ დროს ხშირია თავის „ღვთის რჩეულად“ წარმოდგენა მოულოდნელად აღზევებულთა მხრიდან. შესაბამისად, პუტინს სჯერა, რასაც საჯაროდ ამბობს და, თუ არ მოკვდა, უკან უკრაინიდან ნებით არ დაიხევს. (აქ საინტერესოა იაკოვენკოს ჩართვა - ჰიტლერმა თავი მოიკლა, მაგრამ ჰიტლერი იდეური იყო. ეს არც ამას იზამს. კი, ეთანხმება პოლიტიკის მეცნიერებაში განსწავლული იაკოვენკო, ჰიტლერი რევოლუციური ტიპის ბელადი იყო. ისიც არსაიდან მოვიდა, მაგრამ რევოლუციური კიბე აიარა. პუტინი კი უბრალოდ არსაიდანაა).


არსებითად, ამ თეზისში არის ლაქები - თუ პუტინისნაირებს თავისი „ღვთის რჩეულობა“ სწამთ, ანუ ირაციონალურნი არიან, მარცხის დროს რატომ არ იკლავენ თავს? სად და როგორ მიდიან? განა არაა ამაზე პასუხი - გარბიან, პანიკა ემართებათ, ხელახალი გარაციონალურობისთვის არც დრო რჩებათ და არც სულიერი ძალები. მაგრამ ეს თუ სხვა პასუხი არ ისმის საუბარში. ამიტომაც, საუბარი ყოველთვის უფრო ნაკლული იქნება, ვიდრე აკადემიური სტატია თუ ესე. მაგრამ საუბარსაც აქვს თავისი პეწი, როგორც წყაროს, ნარატივს.


თეზისი აჩენს კითხვას: თუ „არსაიდან“ მოსული ხელისუფალი ცუდია (და ასეთი რამ რომ ცუდია, პორტნიკოვი ამას უსვამს ხაზს), მაშინ რა ვუყოთ ზელენსკის? არსებითად, ისიც ხომ არსაიდან მოვიდა? აქ ალბათ მეტია სამსჯელო. საერთოდ, ზელენსკის ფენომენი ცალკე განხილვას ითხოვს და კარგია, რომ მასზე უკვე წიგნები იწერება და ქართულადაც ითარგმნება. მაგრამ დავუბრუნდეთ თეზისებს.


თეზისი მეორე:  დასავლური პოლიტიკები იმიტომაცაა რაციონალური, რომ იქ აქტორები გრძელ კარიერულ გზას გადიან. მათ აქვთ თამაშის წესები, მათ იციან ზომიერება, უკან დახევა. პორტნიკოვის თქმით, ამით საბჭოთა ნომენკლატურაც გამოირჩეოდა - ხელმძღვანელები ნელ-ნელა და ფრთხილად ადიოდნენ ძალაუფლების კიბეზე. ამიტომ შეეძლოთ უკან დახევაც. ასეთი ყოფილან გორბაჩოვი, ელცინი. მათ გადმოიტანეს ნომენკლატურული, უფრო ზომიერი და ფრთხილი სტილი პოსტ-საბჭოთა პოლიტიკაში. ამის შედეგი იყო, რომ ორივენი მშვიდად წავიდნენ. მე აქ პორტნიკოვს ჩავეკითხებოდი, თუ ეს ასეა, რატომ, როგორ დაუშვეს მედროვეთა აღზევება? მედროვენი იყვნენ (თუმცა, სრულიად სხვადასხვანაირი ფესვიდან თუ გზით) ბერეზოვსკიც და პუტინიც. ალბათ მიპასუხებდა, რომ არც ელცინი და, მით უმეტეს, არც გორბაჩოვი, არ იყვნენ უძლეველნი. არსებობდა სხვა ჯგუფები, სხვა ელიტები, სხვა სოციალური ლიფტები. საერთოდ, მართვის არც ერთი ტრადიცია, ტენდენცია თუ სოციალური ბაზა არაა ერთადერთი ან წინააღმდეგობრიობისაგან დაზღვეული. მაგრამ ეს საუბარი არ შემდგარა :)


თეზისი მესამე: უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების გარდაუვალობა ელცინის დროიდან ჩანდა. მაშინაც არ იღებდა და ვერც წარმოიდგენდა რუსეთი უკრაინის სრულ დაცილებას მისგან. ამიტომ ელცინიც, ჩერნომირდინიც ცდილობდნენ უკრაინაში კუჩმას მაგვარი პერსონაჟებისათვის შეეწყოთ ხელი - კუჩმა ხომ საბჭოთა ინდუსტრიულ-ნომენკლატურული წრეების „ხორცი ხორცთაგანი“ იყო! მოსკოვი ცდილობდა რუსულ-უკრაინული ოლიგარქიის ინტერესთა დაახლოებას. გავლენის ბერკეტები კი იყო ძველი სამრეწველო კავშირები და იაფი გაზი. პუტინმა აქ აურია, „გადაამლაშა“. კუჩმას იანუკოვიჩი „შეტენეს“, გაჩნდა მედვედჩუკი. პუტინი იმპერიის ხისტი და მყისიერი აღდგენის მოსურნე აღმოჩნდა. მაგალითისათვის, ელცინ-ჩერნომირდინი არ შეუშლიდა ხელს უკრაინას ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში; არ შეუშლიდა ხელს ამაში სომხეთსაც. შესაბამისად, ხელისუფლებას შეინარჩუნებდნენ მოსკოვის მოკავშირე ვიქტორ იანუკოვიჩიც და სერჟ სარქისიანიც. პუტინის სულსწრაფობამ კი მათ და პუტინსავე ყველაფერი დააკარგვინა. მე აქაც ჩავეკითხებოდი - ანუ პუტინმა თავად გააღვივა ანტირუსული ნაციონალიზმი უკრაინაშიც და სომხეთშიც და დაზაფრა დასავლეთი? კი, მიპასუხებდა პორტნიკოვი, მაგრამ ეს საუბარიც არ შემდგარა :)


თეზისი მეოთხე: შესაბამისად, იმპერიის შენების მხოლოდ ღიად ძალადობრივი გზა დარჩა. რახან იმპერიული იდეა რუსეთში ისევ უკვდავი იყო, „რბილი“ თუ ეკონომიკურ-ნომენკლატურული ბერკეტები კი ირყეოდა და ნაციონალურ რესპუბლიკათა პროდასავლური ნაციონალიზმი ძლიერდებოდა, დარჩა ძალოვანი ბერკეტი. თუმცა ეს ვიცით, ვხედავთ ომს. აქ ვიკითხავდი - სომხეთის მარცხი ყარაბაღის მეორე ომში პუტინის რევანშიცაა არაპრორუს პაშნიანზე?


თეზისი მეხუთე, რომლის შესახებ არაფერია ნათქვამი: საქართველო. აქ მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, მუშაობდა თუ არა ზემოთაღწერილი სქემა ჩვენზე? ელცინი ფრთხილი იყო, პუტინმა კი კონფრონტაცია აირჩია? მე მახსენდება ცხინვალში კოკოითის მოსვლა, რუსული პასპორტების მასობრივი კამპანია და უფრო ღია მხარდაჭერა სეპარატისტებისა მოსკოვიდან. ყოველივე ეს პუტინის დროს ხდებოდა და ხდებოდა მანამ, სანამ საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება დამყარდებოდა.


თეზისი მეექვსე: იგი ნაწილობრივ პასუხობს მეხუთე, არშემდგარ თეზისს. პუტინის აზრით, ყოფილი რესპუბლიკები დაინვალიდებულნი უნდა ყოფილიყვნენ - ხელ-ფეხ (აფხაზეთი, ცხინვალი, ყირიმი, დონბასი) მოჭრილნი, რათა „მაცივარში მჯდარნი“ დალოდებოდნენ იმპერიის აღდგენას. ნატო მათ ასეთ ფორმაში ვერ გაეკარებოდა. როგორც კი პუტინს გაუჩნდა განცდა, რომ შეიძლება მსგავსმა მეთოდებმა აღარ იმუშავოს, ნატო მაინც შემოვიდეს იქ, სადაც რუსული იმპერია ბოლომდე უნდა აღმდგარიყო, პუტინი გადავიდა ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე.


***

კიდევ ბევრი საინტერესო რამაა ამ საუბარში. მაგალითად ის, თუ ვინ ეგონა პუტინს ზელენსკი, მისი ელექტორატი, სინამდვილეში კი რა აღმოჩნდა. მაგრამ ეს ცალკე, უკრაინული თემაა. ზოგადად, პუტინის რუსეთს რომ არ ესმის არც თანამედროვე მსოფლიოსი და არც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების იდეური განვითარების ტრაექტორიის, ამაზეც დამატებითი, უკვე თავად ამ რესპუბლიკებში (იგივე საქართველოში) მიმდინარე პროცესების ანალიზია საჭირო. რახან ეს საკითხები არ იყო პორტნიკოვ-იაკოვენკოს საუბრის უშუალო თემა, მეც აქ გავჩერდები. მაგრამ დასასრულს საუბრის ორიოდ საინტერესო ნიუანსზეც მინდა ყურადღების გამახვილება. „ერის“ წინაშე თავის ბოლო გამოსვლაში პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში ნაომრებს კარიერული ლიფტები უნდა გაუხსნან.


პორტნიკოვს ეს აუხდენლად მიაჩნია, რადგან ეფ-ეს-ბეს ნომენკლატურა ამას არ დაუშვებს. გამოდის, რომ პუტინის მსგავსი შემთხვევითი ადამიანების გვერდით გაჩნდა ახალი ნომენკლატურა, რომელიც რაღაცას დაუშვებს ან არ დაუშვებს? თუ ეს ასეა, ამ ნომენკლატურისათვის პუტინიც მზარდად მოსაცილებელი ხდება. ასე განვითარდება მოვლენები რუსეთში? და რას მოუტანს ეს მეზობლებს? ეს საკითხიც ცალკეა საფიქრალი.


პორტნიკოვი მსჯელობს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ოთხ სცენარზე, საიდანაც სამი უკანასკნელი ახალი ომების საწინდარია, თუ თავად რუსეთი არ შეიცვალა. რუსეთის შეუცვლელობის შემთხვევაში კი ერთადერთი სცენარი, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ახალი ომები შეიძლება აცილებულ იქნას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნატოში შესვლაა. მაგრამ თუ იმავდროულად რუსეთი არ შეიცვალა, საკმაოდ რეალურია მისი აგრესიის მიმართულების გადატანა შუა აზიისა და კავკასიისაკენ. შეიცვლება თუ არა რუსეთი და როდის, პორტნიკოვი ამის შესახებ დიდ ოპტიმიზმს არ ასხივებს.


ვინც დოსტოევსკის და შევჩენკოს შემოქმედებებს იცნობს (თუმცა, ამის გარეშეც) მიაქციეთ ყურადღება პორტნიკოვის მსჯელობას იმის შესახებ (სადღაც 35-ე წუთიდან), როგორ და რატომ არ ესმით რუსებს უკრაინელების, ამერიკელებს კი რუსების. საინტერესო აზრია იმის შესახებ, რომ პოლიტიკაში იდეებსა და კულტურას არანაკლები როლი აქვს, ვიდრე ეკონომიკას და ტანკებს.

bottom of page