top of page

ომის გახანგრძლივება ჩინეთზეა დამოკიდებული

Image-empty-state.png

ზურაბ ჭიაბერაშვილი | ბლოგ-პოსტი | 20 თებერვალი, 2023

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ასპექტი ჩინეთის განცხადებაა. საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთი სამშვიდობო გეგმას გაახმოვანებს. როგორც ირკვევა, ამასთან დაკავშირებით, ჩინეთი ესაუბრება გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას.


ეს განცხადება საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც არსებითად იცვლება ამერიკელთა და დასავლეთევროპელთა (გერმანია, საფრანგეთი) რიტორიკა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. ჯერ იყო “უკრაინა არ უნდა დამარცხდეს“, შემდეგ - „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“, ახლა უკვე მივიღეთ „რუსეთი უნდა დამარცხდეს“.


უფრო მეტიც, როგორც შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ გასულ კვირაში განაცხადა, „რუსეთმა [უკვე] წააგო სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე უკრაინაში“. არადა მილი იყო ყველაზე თავშეკავებული, ყველაზე მჭმუნვარე, ყველაზე სკეპტიკოსი რუსეთის შესაძლო მარცხთან დაკავშირებით.


რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩინეთი ინიციატივით გამოდის იმ დროს, როდესაც რუსეთის შეტევა დონბასში თავის კულმინაციას აღწევს - წარმატებისა და არსებითი შედეგების გარეშე - და მსოფლიო უკრაინელების კონტრშეტევის მოლოდინშია; და იმ დროს, როდესაც უკრაინის მხარდამჭერი დასავლური კოალიცია საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი მომენტი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე დამარცხებას იწვნევს.


ფორმალურად დასავლეთი უარს ვერ იტყვის ჩინეთის - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის - წინადადების განხილვაზე. ჩინეთი აცხადებს, რომ მისი გეგმა გაეროს წესდებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეყრდნობა, თუმცა იქვე დასძენს, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფორმალურად მიესალმა ჩინეთის ინიციატივას, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ “სამართლიანი მშვიდობა ნიშნავს, რომ არ ვაჯილდოებთ აგრესორს და ვდგებით საერთაშორისო სამართლისა და იმის მხარეს, ვისაც თავს დაესხნენ“. მან კატეგორიულად გამორიცხა მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის რაიმე ნაწილის დათმობა.


რა ამოძრავებს ჩინეთს? და რატომ ახლა?

ჩინეთი ყველაზე მეტად უნდა იყოს გაბრაზებული რუსეთზე. იგი განუხრელად ზრდიდა თავის სამხედრო პოტენციალს იმის პარალელურად, რომ დასავლური „კეთილდღეობის სახელმწიფოებს“ არ სურდათ გლობალური საფრთხეების ზრდის თანაზომადი ხარჯის გაღება თავდაცვაზე. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება: დასავლური სამხედრო მრეწველობა ამუშავდა არა უბრალოდ უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად, არამედ, ზოგადად, დასავლური სამხედრო პოტენციალის გასაზრდელად. ჩინეთის ინტერესებში არ შედიოდა ის, რაც პერლ ჰარბორზე იაპონელთა შეტევის არქიტექტორმა, გენერალმა იამამოტომ დღიურში ჩაწერა: „ვფიქრობ, მძინარე გოლიათი გავაღვიძეთ“.


ამის მიუხედავად, არა მგონია, ჩინეთის სტრატეგიულ ინტერესში შედიოდეს, რომ დასავლეთმა რუსეთი მნიშვნელოვნად დაასუსტოს:


  • ჯერ ერთი, ბიპოლარულ (ამერიკულ-ჩინურ) სამყაროში მას სჭირდება რეგიონული „საქმის ამრევები“, რომლებიც ამერიკისა და დასავლეთის ყურადღებას და რესურსებს წაიღებენ. რუსეთის ათწლეულობით გამოთიშვა „საქმის ამრევის“ როლიდან ასუსტებს ჩინეთის საჭიროებას, რომ დასავლეთმა საერთაშორისო ლიბერალური წესრიგი შეინარჩუნოს. ეს კი თავად ჩინეთზე გაზრდილ წნეხს ნიშნავს;

  • მეორეც, ჩინური ავტორიტარიზმისთვის დარტყმაა სხვა ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება, მით უმეტეს, თუ ამას თავად რუსეთის შიგნით რეჟიმის დამხობა/ცვლილება მოჰყვება. ამიტომ, ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია, ავტორიტარულმა რუსეთმა „სახე შეინარჩუნოს“;

  • მესამეც - და ეს კავშირშია პირველ ორთან - „გლობალური სამხრეთი“ და იქაური ავტორიტარები ნერვიულობენ: თუ დასავლეთი რუსეთს დააჩოქებს, მსოფლიოში დემოკრატიზაციის ახალი ტალღა შეიძლება დაიწყოს. ჩინეთი იძულებულია, „გლობალური სამხრეთის“ ლიდერის პოზიციიდან ილაპარაკოს.

თუ ჩინეთი დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის - ამ „მძინარე გოლიათის“ - გაღვიძებას ვეღარ გააჩერებს, მაშინ მისთვის უმჯობესია, დასავლეთს გაცილებით ძვირად დაუჯდეს რუსეთის საერთაშორისო თამაშიდან გამოთიშვა. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი სწრაფად არ უნდა დამარცხდეს.


გაზაფხულზე უკრაინელთა კონტრშეტევა შეიძლება იმდენად წარმატებული იყოს, რომ პუტინის რეჟიმი ხუხულასავით ჩამოიშალოს. მაშინ ჩვენი მსჯელობა აზრს დაკარგავს. მაგრამ თუ ეს ასე არ ხდება და ომი იწელება, მაშინ ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივას უნდა შევხედოთ, როგორც ფორმალურ პრელუდიას, რომლის წარუმატებლობა ჩინეთს ხელს გაიხსნის რუსეთს უფრო აქტიურად დაეხმაროს.


რა თქმა უნდა, „აქტიურად დახმარება“ ძალიან ბუნდოვანი ცნებაა. ერთი მხრივ, ორ ქვეყანას შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა - დასავლური სანქციების ფორმალური დაცვის პარალელურად - რუსეთისთვის უკვე დახმარებაა. მეორე მხრივ, დასავლურ სამყაროსთან ფინანსურ-ეკონომიკური გადაჯაჭვულობა ჩინეთს მოქმედების არეალს უზღუდავს. ამიტომ ძნელი სათქმელია, რა ფორმით, მაგრამ ფაქტია: ჩინეთი ახლა შეეცდება, ბოლო მაშველი რგოლი გადაუგდოს რუსეთს.

 

bottom of page