top of page

ბერიას კოდი, ანუ სამართალდამცავი სისტემის: საძულველი „მამები“ და სასურველი „მამობილები“

Image-empty-state.png

გიორგი მელაძე | ბლოგ-პოსტი | 30 იანვარი, 2023

ბლოგპოსტის დაწერას წინ უძღოდა სოციალურ ქსელში წამოწყებული მცირე დისკუსია, რომელმაც ავტორი დაარწმუნა, რომ თემა ნამდვილად აქტუალურია და აუცილებლად უნდა იყოს საჯარო დისკუსიის საგანი. თუმცა, სანამ უშუალოდ მთავარ თემაზე გადავიდოდეთ, ხაზი აუცილებლად უნდა გავუსვათ რამდენიმე გარემოებას:


1. სარწმუნო წყაროების სიმწირე - ლავრენტი ბერიას შესახებ უამრავი კვლევაა გამოცემული. მასალა დაბეჭდილია როგორც რუსულ, ასევე ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე. წყაროებად გამოყენებულია საბჭოთა კავშირის ოფიციალური გამოცემები, პირადი გამოცდილების მქონე პირთა ინტერვიუები, მკვლევრების პირადი დაკვირვებები. რუსულენოვანი წყაროების ერთი ნაწილი შექმნილია მისი სიცოცხლის ბოლოს - დევნის პერიოდში. საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული ბუნების გათვალისწინებით, ძნელია იმის იდენტიფიცირება, თუ წყაროების რა ნაწილია სარწმუნო და რა პროპაგანდისტების მიერ შექმნილი, ისტორიის გაყალბების მიზნით. სანდო წყაროების ნაკლებობას ხაზს უსვამს სერგო ბერიას მონათხრობის რედაქტორი, ისტორიკოსი ფრანსუაზ თომი.[1]


2. მწირი ქართულენოვანი აკადემიური კვლევები - ბევრია პუბლიცისტური ტექსტი, სადაც ავტორები ბერიას მისი ცხოვრების ამა თუ იმ ეპიზოდს თვითმხილველის მონათხრობზე დაყრდნობით აღწერენ. ხშირად გვხვდება მასალა, სადაც ავტორი ბერიას მიერ მიღებულ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას წარმოგვიდგენს კულუარებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. გაუგებარია, რამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.


3. „კეთილი“ მითები ბერიას გარშემო - მეგრელები გადაარჩინა გადასახლებას;  ქაქუცა ჩოლოყაშვილს ბანდის დაშლას ურჩევდა და აფრთხილებდა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და ა.შ. ჩვენ ბლოგპოსტში მხოლოდ იმ მასალას გამოვიყენებთ, რომელიც ან აკადემიური საზოგადოების მიერ აღიარებულ წყაროებშია აღწერილი, ან თავად ბერიას ავტორობითაა გამოცემული.


4. ბლოგპოსტის ავტორი არ არის ისტორიკოსი. სადისკუსიო მასალის შექმნას წინ უსწრებდა ავტორის დაინტერესება საბჭოური სამართლის სისტემით. სწორედ ამ კვლევისას ამოტივტივდა ბერიას, როგორც სისტემის ერთ-ერთი არქიტექტორის სახე. ამიტომ, აუცილებლად ჩავთვალეთ, მისი პიროვნებაც გვექცია კვლევის, შესწავლის ობიექტად. კარგად გვესმის, რომ მხოლოდ მრავალწლიანი საჯარო დისკუსიის შედეგად შეიძლება მივიღოთ სასურველი პროდუქტი, გონივრული მსჯელობა ბერიას მემკვიდრეობაზე.


ახლა კი, დროა, თემას დავუბრუნდეთ და აღარ მოვაცდინოთ მკითხველი გრძელი შესავლით.

მაშ ასე, - ბერია!


ბერიაზე წერა ნამდვილი ღამის კოშმარია ნებისმიერი მკვლევრისთვის, ვინც მისი ბიოგრაფიის აღწერას გადაწყვეტს. უამრავი ადამიანური ტრაგედიის ცენტრში მდგარი დიქტატორის ნდობით აღჭურვილი პირი, თავადაც უამრავი ბოროტების არქიტექტორად მიიჩნევა.


მის შესახებ დაწერილი ტექსტების კითხვისას აშკარაა ბერიას მრავალსახეობა, როგორიცაა:


  • ჯაშუში, რეპრესიული სამსახურების ეფექტური მოხელე, სადისტი.

  • კარგი ხელმძღვანელი, ლიდერი.

  • რეფორმატორი.

  • მოღალატე.


ეს ბოლო სახე, შემდგომში უკვე „პრესტროიკის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაკოვლევმა საზოგადოებას ჯერ კიდევ 1953 წელს წარუდგინა, თუმცა მასალა ბერიას დაპატიმრების შემდეგ გაასაიდუმლოვეს და მხოლოდ 1991 წელს გამოქვეყნდა.[2] აღნიშნული სადისკუსიო წერილის ავტორი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს სახეა, რომელმაც, რიგ შემთხვევებში ბერიას პიროვნების რეაბილიტაცია, მისი პიროვნების და მის მიერ შექმნილი სისტემის მითოლოგიზაცია გამოიწვია საქართველოში.


ბერია - ჯაშუში


1921-31 წლებში ბერია ხელმძღვანელობდა ჩეკას ჯაშუშურ ქსელს მთელ კავკასიაში. ის სარგებლობდა განუსაზღვრელი ძალაუფლებით და ყოველგვარი პოლიტიკური დევნა, რეპრესია, ამ წლებში  მისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. 10 წელი საკმარისი დროა, რომ კარგმა მენეჯერმა ინსტიტუტი შექმნას და ერთგული თაობა გამოზარდოს.


ჯაშუშური საქმიანობა ბერიას კარიერას წითელ ხაზად გასდევს. როგორც Chatham House-ის 1953 წელს გამოქვეყნებულ მიმოხილვა გვეუბნება,  ბერიას შექმნილი უნდა ჰქონოდა ოფიციალური ინსტიტუტების პარალელური საიდუმლო სამსახურები, რაც პარტიისგან მიღებული დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა. მართლაც, ბერია ოფიციალურად აღარ ხელმძღვანელობდა არც „ენკავედე“-ს და არც დაზვერვას ომის დასრულების შემდეგ, თუმცა საიდუმლო ოპერაციების შესრულებას მაინც ახერხებდა.[3]

ცინიზმი, სადიზმი, მსხვერპლის აბუჩად აგდება, დაბნევა და ამ პროცესით სიამოვნების მიღება აქვს აღწერილი საკუთარ მემუარებში ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში გაქცეულ „ჩეკისტს“, გიორგი აგაბეკოვს, იგივე გიორგი არუთინოვს. მისი ტექსტიდან ვიგებთ, რომ მწერლებს შორის ბერია დაინდობდა და ხელშეუხებლად ტოვებდა ხოლმე მათ, ვინც მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ მწერალთა კავშირის სხდომებზე, მომხრეებს კი თავის მოკვლას აიძულებდა, როგორც ეს პაოლო იაშვილის შემთხვევაში მოხდა.[4]


ბერიას დროს დამუშავდა და ამოქმედდა ჯაშუშობის ტოტალური სისტემა. ყველა სამსახურში, ყველა ოჯახში უნდა ყოფილიყო ჯაშუში. Heinrich Boll Stiftung-ის მიერ 2005 წელს ორგანიზებულ შეხვედრაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შოთა უტიაშვილმა მოკლედ მიმოიხილა ჯაშუშური ქსელები და აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი იყო საიდუმლო სამსახურების მიერ საზოგადოების პენეტრაცია, 350 ათასამდე ადამიანი მუშაობდა საიდუმლო სამსახურებისთვის, გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის ინფორმაციას და მათ შორის ინფორმაციას ოჯახის წევრების შესახებ.


ბერია - ლიდერი


1931 წლიდან ბერია იცვლის პოზიციას და ჯერ კომუნისტური პარტიის საქართველოს ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ ინიშნება, 1932 წელს კი სრულიად კავკასიის ხელმძღვანელობას იბარებს. ამ თანამდებობებზე ის ახალ პროექტებს იწყებს. მკვლევრები ბერიას კარგ მენეჯერად ახასიათებენ, ვისთან მუშაობაც თანამშრომლებს ძალიან მოსწონდათ.[5]


პოლიტიკური ლიდერის თანამდებობაზე, ბერიამ რამდენიმე წელში საფუძველი ჩაუყარა სოფლის მეურნეობის ახალ მიმართულებებს საქართველოში, გადააჯგუფა კოლმეურნეობები, ააშენა ფეროშენადნობთა ქარხანა, მასობრივად დაიწყო ყურძნის გაშენება აღმოსავლეთში, ციტრუსის - დასავლეთ საქართველოში და ა. შ. იგი პირადად ედგა სათავეში არქიტექტურულ პროექტებს და მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის სრული გარდაქმნა თუ ინდუსტრიული ცენტრების აშენება და, მოსკოვში გადასვლის შემდეგ, რამდენიმე ცნობილი, მათ შორის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მშენებლობა. მისი „ხელი“ შეეხო ყველაფერს საქართველოში და თუ გავითვალისწინებთ მის ჯაშუშურ წარსულს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯაშუშურ კარიერაზე არასდროს უთქვამს უარი. სწორედ ის წარსული გამოცდილება ეხმარებოდა ინფორმაციის მოგროვებასა და მასზე რეაგირებაში, პროექტების მართვაში. ანუ, ბერია იქცა ჯაშუშური სამყაროდან მოსულ პოლიტიკურ ლიდერად, რომელიც ღიად მართავდა კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, ძალაუფლებას კი საიდუმლო პოლიციის მხარდაჭერით იმყარებდა.


ჩვენი ინტერესის ძირითადი საგანი სწორედ „პარალელური ინსტიტუტების“ ფენომენია და მიგვაჩნია, რომ ბერიას მიერ განხორციელებული რეფორმები ცენტრალურ ადგილს უნდა იკავებდეს ამ ფენომენის შესწავლაში. ამ თემასთან კავშირშია ბერიას მიერ 1950 წელს გამოქვეყნებული მიძღვნა სტალინისადმი, სადაც ის სტალინური სისტემის საფუძვლებზე ლაპარაკობს და ახსენებს „თვითკრიტიკის“ სისტემის გაძლიერების აუცილებლობას.[6] მკითხველისთვის, ცხადია, „თვითკრიტიკის“ სისტემა მოიაზრებოდა, როგორც მონოპოლისტი კომუნისტური პარტიის დამაბალანსებელი პროცესი და ინსტიტუტები, რომელიც ამ პროცესს მართავდნენ. თუმცა, მასალის სიმწირის გამო, ამ მეტად დეტალურად ამ თემაზე ჯერ ვერ დავწერთ.


საქართველოში ბერია 1938 წლამდე რჩება, რის შემდეგაც გადადის მოსკოვში. აქ მის სახელთან აკავშირებენ რეპრესიების დასრულებასა და 1937-38 წლების რეპრესიების მთავარი შემსრულებლის, შინაგან საქმეთა საკავშირო სახალხო კომისარიატის ყოფილი ხელმძღვანელის ნიკოლაი ეჟოვის გასამართლებას. ბერია თავად იყო რეპრესიების ხელმძღვანელი კავკასიაში, თუმცა ეჟოვის ჩანაცვლება შესაძლებლობას აძლევს ამ ისტორიიდანაც პოზიტიური ლიდერის რეპუტაციით დაიძვრინოს თავი.


ამის შემდეგ ის იბარებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, როგორიცაა სამრეწველო ობიექტების გადატანა უსაფრთხო ადგილზე მეორე მსოფლიო ომის დროს, ატომური ბომბის მოპოვება და ა. შ. ამ პროექტების წარმატებით შესრულებამ მისი გავლენა განუზომლად გაზრდა სტალინის კარზე.

 

ბერია - რეფორმატორი


ქართულ მედიაში (ძირითადად, „ასავალ-დასავალი,“ „თბილისელები,“ „სარკე“) გამოქვეყნებული მასალის უდიდესი ნაწილი ბერიას, როგორც რეფორმატორს აცნობს მკითხველს.


სტალინის სიკვდილის შემდეგ, ბერიამ რამდენიმე რადიკალური რეფორმის ინიცირება მოახდინა. ის ასაბუთებდა, რომ ეკონომიკა უნდა გათავისუფლებულიყო პარტიის კონტროლისგან, „აღმოსავლეთ გერმანია“ უნდა გადაეცათ „დასავლეთ გერმანიისთვის“, უნდა გაეუქმებინათ უცხოური მედიისთვის დაწესებული მაუწყებლობის შეზღუდვა საბჭოთა ტერიტორიაზე და ა. შ. თუმცა მას რეფორმების ინიცირების დრო აღარ მიეცა - 10 ივლისს, პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით,[7] ბერია დააპატიმრეს.


ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, რატომ გამოვიდა რეფორმების მოთხოვნით ადამიანი, რომელიც პირადად გეგმავდა უკრაინელების რეპრესიებსა და გადასახლებებს, პირადად ესწრებოდა ჩეჩნებისა და ინგუშების გადასახლებას, პირადად მონაწილეობდა დაკითხვებსა და წამებაში?[8] რა მოტივი ამოძრავებდა სტალინის მემკვიდრეს? ის, რომ ბერია დაგეგმვა-გადაზღვევის ოსტატი იყო, ნათელია გვიან 20-იან წლებში მის მიერ განხორციელებული „მცირემასშტაბიანი წმენდის“ პროცესიდანაც, როცა პატიმრების წამების პარალელურად მან ორჯონიკიძეს და სხვა მაღალჩინოსნებს წინასწარ მიწერა წერილები მის წინააღმდეგ მოსალოდნელი კამპანიის დაწყების თაობაზე, სადაც მას ხალხის უსამართლო წამებას დააბრალებდნენ.[9] ინფორმაციით ოსტატურად მანიპულირება ბერიას მიერ მრავალჯერ გამოცდილი ხერხი იყო და, სტალინის სიკვდილის შემდეგაც, ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა, შეკრიბა პოლიტბიურო და სტალინის აუდიო ჩანაწერები მოასმენინა, სადაც ბელადი მომავალ დახვრეტებს გეგმავდა.[10]


ბერია - მოღალატე


სტალინისგან განსხვავებით, ბერია თავისი სიკვდილით არ მომკვდარა. ის 1953 წლის ივლისში დააპატიმრეს, გაასამართლეს და იმავე წლის დეკემბერში დახვრიტეს. სტალინის თანამემკვიდრედ მან მხოლოდ სამ თვეზე ოდნავ მეტი გაძლო. არადა, მთელი სისტემა, რომელიც მანამდე ააწყო და რომელსაც ეფექტურად იყენებდა სტალინის სიცოცხლეში, სულ სხვა მოლოდინებს უჩენდა. პირველი ჩეკისტის შესახებ მისის დაპატიმრებისთანავე გავრცელდა უამრავი ისტორია. ლაპარაკობდნენ მის აღვირახსნილ ცხოვრებაზე, ქუჩებიდან ქალების გატაცებაზე, სისასტიკეზე, სხვა ქვეყნის ჯაშუშობასა და ა.შ. 2000 წელს მოსკოვის სასამართლომ უარი თქვა მის რეაბილიტაციაზე და ბევრი სხვა პარტიული ფუნქციონერისგან განსხვავებით, ვინც სიკვდილის შემდეგ გაამართლეს, ბერია დღესაც მოღალატედ მიიჩნევა. თუმცა მისი ღალატის ობიექტი - საბჭოთა კავშირი - ფორმალურად მაინც, აღარ არსებობს.


მოკლე შეჯამება


შეჯამების ნაწილში აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ სათაურს და ავხსნათ, რამ განაპირობა სათაურის ამგვარად ჩამოყალიბება. არ არსებობს საქართველოში ქალაქი, სადაც თერგდალეულების რაიმე სიმბოლო არ იყოს გამოფენილი. „დამფუძნებელი მამები“ - ხშირად ასე მოიხსენიებენ მე-19 და მე-20 საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე საჯარო პირებს, მწერლებსა და პოლიტიკოსებს - თანამედროვე საქართველოს იდეოლოგემებია. მაგრამ განსხვავებული სურათი ჩანს, როცა სამართალდამცავ სისტემას ვსწავლობთ. აქ სხვა „დამფუძნებელი მამების“ სახეებია პოპულარული. ხმამაღლა ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ინსტიტუტების ქცევა მიგვანიშნებს, რომ სამართალდამცავი სისტემა და სამართლის კულტურა გაცილებით ახლოს დგას საბჭოურ წინამორბედებთან, ვიდრე ილია ჭავჭავაძესთან. სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ სისტემის ნამდვილ „მამებად“ ჯერ კიდევ რჩებიან საბჭოთა ავტორიტარი ლიდერები. განსაკუთრებული ადგილი მათ შორის ბერიას უკავია.


სტალინის მკვლევრები მას აღწერენ როგორც მაფიის ბოსს, დაუნდობელს, მორალის არმქონესა და ყველაფერზე წამსვლელს საკუთარი ძალაუფლებისთვის.[11] ასეთი ადამიანის ერთგულ მსახურად მოიაზრებოდა ბერია, რომელიც მზად იყო არათუ შეესრულებინა ნებისმიერი დავალება, არამედ, ხშირ შემთხვევაში, თავად გამოსულიყო ძალადობის ინიციატორად, მასშტაბები მიეცა ბელადის დავალებისთვის.


როგორ უნდა წავიკითხოთ ბერიას კოდი? მოდით, ასე ვთქვათ: ოფიციალური სტრუქტურების პარალელური ინსტიტუტების შექმნა, პოლიტიკური პოლიცია, საიდუმლო სამსახურების მიერ ყველა დაწესებულების პენეტრაცია, ეკონომიკური პროცესების მართვა პარტიის ოფისიდან, მოკლევადიან წარმატებებზე ორიენტირება, პოლიტიკური მოწინააღმდეგის სასტიკი დევნა, წესსა და ოფიცრის ღირსებაზე უარის თქმა და ძალაუფლების მსახურების უპირველეს ამოცანად დასახვა - ესაა სტალინის ეპოქის და ბერიას, როგორც სტალინის ყველაზე სანდო „ლეიტენანტის“, მემკვიდრეობა.


ბერია მანიპულირებდა ადამიანებით, ინფორმაციით და ამ ყველაფერში ოსტატურად იყენებდა ჯაშუშურ ქსელს. მისი დასჯის შემდეგ ანდროპოვი გახდა მეორე „ჩეკისტი“, რომელმაც შეძლო მცირე ხნით საბჭოთა კავშირის სათავეში მოქცევა. მესამე „ჩეკისტი“ უკვე პუტინია.


„ჩეკისტების“ მიერ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გავრცელების ქართული გამოცდილება აუცილებლად მოითხოვს დამატებით შესწავლას. არქივებზე წვდომის შეზღუდვა კვლევას ართულებს, თუმცა ამგვარი კვლევის გარეშე შეუძლებელი იქნება სრულად გავიაზროთ საბჭოთა მემკვიდრეობა, საქართველოს სამართალდამცავი სისტემის ფუძემდებლური წესრიგი და თანამედროვე პოლიტიკური კულტურა, რომლის ნაწილად კვლავაც რჩება დასმენა, შანტაჟი, მოსყიდვა და სახელმწიფოს მიერ ჯაშუშების გამოყენებით პოლიტიკურ პროცესში ჩარევა.


საკითხით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ გაეცნოს:


Sangster A., The Times Life And Moral Dillema Of Beria, Cambridge Scholars Publishing, 2019

Knight A., Beria, Stalin's first lieutenant, Princeton University Press, 1993

Beria S., Thom F., Beria – My Father Inside Kremlin, Bristol Classical Press, 2001

 

 

 

[1] Beria S., Thom F., Beria – My Father Inside Kremlin, Bristol Classical Press, 2001, გვ. 4.

[2] იგივე, გვ. XII.

[3] The World Today, Beria: Leader or Traitor? Aug. 1953, Vol. 9, No. 8, გვ. 323.

[4] Agabekov, OGPU, გვ. 155-156, სქოლიო გამოყენებულია Knight A. მიერ ბერიას შესახებ დაწერილ კვლევაში Beria, Stalin's first lieutenant, Princeton University Press, 1993. აგაბეკოვს წყაროდ იყენებენ დაზვერვის ეორვნული უნივერსიტეტის კვლევაში Riehle, K.P., Russian Intelligence, 2022.

[5] Knight A., Beria, Stalin's first lieutenant, Princeton University Press, 1993, გვ. 226.

[6] Beria L., The Great Inspirer and Organizer of the Victories of Communism, Foreign language Publishing House, 1950.

[7] გაზეთი „პრავდა“, 10 ივლისი, 1953 წელი, პოლიტბიუროს გადაწყვეტილება ბერიას დაპატიმრების შესახებ სახელმწიფო რალატის ბრალდებით.

[8] Antonov-Ovseyenko A., The Time of Stalin: Portrait of A Tyranny, London: Harper&Row, 1981.

[9] Sangster A., The Times Life And Moral Dillema Of Beria, Cambridge Scholars Publishing, 2019, გვ. 301.

[10] Beria S., Thom F., Beria – My Father Inside Kremlin, Bristol Classical Press, 2001.

[11] Sangster A., The Times Life And Moral Dillema Of Beria, Cambridge Scholars Publishing, 2019, გვ. 239

bottom of page