top of page

მარკ ფეიგინის ეთერი, რომლიდანაც იკვეთება, რომ დღევანდელი საქართველო საბჭოთა საქართველოა

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 12 იანვარი, 2023

 მარკ ფეიგინმა, რომელმაც 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის საერთაშორისო კამპანია დააორგანიზა, იმავე დღეს სცადა გარკვევა, თუ რაა დღევანდელი საქართველო. ჩანაფიქრი ამბიციურია და ცხადია, რომ მისი სრულფასოვანი აღსრულება ერთსაათიანი ლაივ სტრიმებით შეუძლებელია. მაგრამ ცდა ღირდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ საქმეში თანამოსაუბრეებად მან მოიწვია ნინო ქათამაძე - მომღერალი, გიორგი მარგველაშვილი - პრეზიდენტი და კობა ნაყოფია - ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე.  


საუბრის ნაწყვეტები ქართულ ტელესივრცეში უკვე გავიდა. ამ ნაწყვეტებში ალბათ ის მთავარი იყო ნათქვამი, რისთვისაც სტუმრები ეწვივნენ მარკს - მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რაც შეიძლება ფართოდ უნდა შუქდებოდეს, რათა ეს ჰუმანიტარული და ეროვნული ინტერესის დამაზიანებელი რეალობა დასრულდეს. მაგრამ მარკის მიზანი, ვფიქრობ, უფრო ღრმა, სტრუქტურული მიზეზების გარკვევაც იყო - რატომ ხდება ეს? რატომ ეგუება ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილი? განსაკუთრებულად დამაფიქრებელია ქართული სოციუმის დინამიკური თუ ცნობადი, მოკლედ, შემოქმედებითი წრეების შემგუებლობა შექმნილ ვითარებასთან.


თავად ფეიგინი არ აკეთებს დასკვნებს, თუმცა კი წარმართავს საუბარს გარკვეულ კალაპოტში და სტუმრებიც იხსნებიან. ზოგჯერ ბარიერად ენა იქცევა - ნაყოფიას გარდა, სტუმრებს დრო სჭირდებათ კომპლექსურ საკითხებზე სამსჯელო რუსული ტერმინოლოგიის მოსაძებნად. ამიტომ, მათი პასუხები ხშირად ინტერპრეტაციებს ითხოვს, რაც განსაკუთრებით ქალბატონ ნინოზე ითქმის. საერთოდაც, კარგი მომღერალი სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ანალიზის პროფესიონალი ვერ იქნება. მაგრამ, მთლიანობაში, მისი და გიორგი მარგველაშვილის შეფასებები კარგად ჯდება ერთმანეთში საიმისოდ, რომ ჩემი განსაკუთრებული აკადემიური ინტერესის მოწმობად მივიჩნიო - ესაა თანამედროვე საქართველოში საბჭოთა მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი. როგორც ვხედავ, ამ მემკვიდრეობის ცხოველმყოფელობა - ისევე, როგორც რუსეთში - სულაც არ აღმოჩნდა მიბმული თაობების ცვლაზე. არსებობს „გაკვალული ბილიკის“ თეორია, პოლიტიკური თუ შემოქმედებითი ელიტების რეპროდუქციის სხვადასხვა თეორიები, რომლებიც სწორედ ასეთი ფენომენების, ანუ, თითქოს წარსულში გარდასული სისტემებისა თუ წყობილებების აღორძინებას ხსნის.


გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ „ის სისტემა, ძალაუფლების სტრუქტურა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, ანალოგიურია რუსეთში ჩამოყალიბებულის“. აქაა ინსტიტუტების ჩამოშლა და ჩანაცვლება არაფორმალური მმართველობით, ელიტის ფილტრაცია იმ დონეზე, რომ მას აღარ შეეძლოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება; მოსახლეობის „იდეოლოგიურ ნემსზე“ შესმის მცდელობა, რის შედეგადაც სააკაშვილის წამებით სიკვდილის მოახლოების ეთერში ყურება ჩვეულებრივი ამბავი ხდება; დასავლეთის კრიტიკა, რომელიც ცივი ომის პერიოდისას თუ არ აჭარბებს, აღარც ჩამოუვარდება. იდეოლოგია, რომელიც საქართველოში მკვიდრდება, ესაა „ვიმეგობროთ დასავლეთთან იმ შემთხვევაში, თუ არაფერს მოგვთხოვს და დაგვაფინანსებს, სხვა შემთხვევაში - არ გვჭირდება“.


მარგველაშვილის აზრით, ადვილი არაა იპოვო ქვეყანა, რომელიც სისტემატურად აკრიტიკებს დასავლეთს და უკრაინას. მაგრამ სწორედ ასეთია დღევანდელი საქართველო.


კობა ნაყოფია არსებითად ეთანხმება და ამბობს, რომ ისე ჰგავს ქართული სამთავრობო მედიების ქცევა და რიტორიკა პროკრემლისტურ რუსულ მედია საშუალებებისას, ჩნდება განცდა რუსეთიდან ვიღაც ტექნოლოგის აქ ყოფნისა და ხელმძღვანელი ფუნქციების შეთავსების შესახებ. საინტერესოა ნინო ქათამაძის კონტრიბუცია: ქართულად უკეთ იტყოდა, მაგრამ მაინც გასაგებია, რომ იგი ბევრის დუმილს თუ რეჟიმთან ზოგიერთის შემგუებლობას შიშით და ლუკმა-პურის შოვნის ინტერესით ხსნის. ფეიგინი გაოგნდა, რადგან ჩვენზე, როგორც კოლექტიურ ერთობაზე, ალბათ უკეთესი წარმოდგენისა იყო. სანაცვლოდ დახვდა რუსეთს მიახლოებული სურათი.


და რა დასკვნაა ყველაფერი აქედან? სიტყვათაწყობა „საბჭოთა საქართველო“ ამ ნარატივში არ ისმის. მხოლოდ ერთხელ ახსენებს წამყვანი პოსტ-საბჭოურობას, როგორც ვითარების ამხსნელ ტერმინს, მაგრამ მარგველაშვილი მას აჩერებს - პოსტ-საბჭოური მოდელები სხვადასხვაა და ყველგან არ ხდება ის, რაც რუსეთსა და საქართველოშიო. მთლიანობაში, ეს გადაცემა ჩემთვის წყაროა, დოკუმენტია, ე.წ. reference point-ია და არა საქართველოს კონცეფცია, რომელზე ფიქრი უნდა გაგრძელდეს. და როგორც წყარომ, მე ამ გადაცემამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა, რომ საბჭოურობიდან ვითომ წასვლა წრეზე სიარული აღმოჩნდა. აი, იმდაგვარად, ცნობილ ფილმში რომაა: „ამ ხვრელშიც ვიყავით უფროსო და იმ ხვრელშიც“. აღარაა წითელი დროშა, თითქოს დაშვებულია კერძო საკუთრება, გვაქვს პარტიათა პლურალიზმი, მაგრამ, რუსული გამოთქმისა არ იყოს, воз и ныне там.


საბჭოთა სისტემისათვის არსი მარტო სოციალისტური მოდელი და ერთპარტიულობა არაა. როგორც ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი რონალდ სუნი წერს თავის წიგნში The Making of the Georgian Nation, საბჭოთა ეპოქაში არსებითი იყო ხელმძღვანელობის განსაკუთრებული, გასამხედროებული ტიპი, რომლის მახასიათებლებს წარმოადგენდა ქვემდგომთა ჩაგვრა, რეპრესიები, სიყალბე და გადაბრალებები. ჯორჯ კენანის ცნობილი The Long Telegram-იც უნდა გავიხსენოთ, რომლის დებულებები ცივი ომის დროს ამერიკის შეკავების სტრატეგიის საფუძველი გახდა. საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი თეორეტიკოსი, რომელიც მაშინ სტალინური მოსკოვის ამერიკულ საელჩოში მუშაობდა, წერდა, რომ სსრკ-ს იატაკქვეშა მუშაობის უპრეცედენტო გამოცდილების სპეცსამსახური ჰყავდა. იგი ყველაფერზე იყო წამსვლელი და მიდიოდა კიდეც. დავამატებდი, რომ კგბ-დ ცნობილ მაგ სპეცსამსახურს არანაკლები უნარების პარტიული ელიტა მართავდა. მაშინ ჩამოყალიბდა მართვის ის კულტურა, რომელიც ცოცხალია. მოკლედ, რუსეთშიც და საქართველოშიც ისევ სტალინის მართვეები არიან ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, აღიარებენ „დიდი ბელადის“ კულტს თუ არა.


მმართველი სისტემა და ელიტის ქცევითი მოდელები გავლენას ახდენს რიგით ადამიანებზე. საბჭოთა მოქალაქე - ამ სიტყვის პირობითობის გათვალისწინებით, რადგან სსრკ-ში სამოქალაქო საზოგადოება არ იყო - ძალადობის პირობებში გადარჩენაზე იყო ორიენტირებული. ახლაც ასეა: მას ეძლევა მეტ-ნაკლებად წყნარი ცხოვრების საშუალება, თუ არ იქნება „თეთრი ყვავი“, თუ არ შეუქმნის პრობლემას ძლიერთა ამა ქვეყნისათა. ეს ფენომენი რუსეთში კარგადაა შესწავლილი, თუმცა უკრაინაზე კრემლის გალაშქრებამ მზარდად მოუსპო რუს ობივატელს წყნარი ცხოვრება. საქართველოში თითქოს ჯერ უკეთაა საქმე, მაგრამ, ნინო ქათამაძის რეპლიკებისა არ იყოს, ადამიანთა დიდი ნაწილი აქაც არიდებს თავს სამოქალაქო პასუხისმგებლობებს, რისი მიზეზიც ისევ საბჭოთა გამოცდილება თუ განმეორებადი ცხოვრების წესია.


ახალგაზრდას შეიძლება უჩნდებოდეს, და უჩნდება კიდეც, კითხვა, რაღა დროს საბჭოთა საქართველოა, რომელშიც მას არასოდეს უცხოვრია. მაგრამ ისტორიას, მით უმეტეს, უახლესს, გავლენა იმის მიუხედავად ახასიათებს, იყო თუ არა მისი უშუალო მომსწრე და მონაწილე დღევანდელი მოსახლეობის უმეტესობა. ასეც რომ არ იყოს, ომები, გადატრიალებები, რევოლუციები თუ პოლიტიკური კრიზისები, რითაც საქართველომ ბოლო 30 წელი იცხოვრა, სწორედაც იმ საბჭოთა ისტორიის ბრალია. შედეგად, უშუალოდ თუ მუტაციებით, ეს ისტორია ისევ რეზონირებს. თუ ამას არ გავაცნობიერებთ და შეცვლასაც ერთად არ მოვინდომებთ, ფეიგინის კითხვა, ევროპის კავშირში შესვლა ხომ სულ გინდოდათ და კიდევ გინდათო, რიტორიკულ-ირონიული და, რაც მთავარია, უპასუხო იქნება. 

bottom of page