top of page

საზოგადოებრივი აზრის სარკე პუტინის ოპორტუნიზმის გასაგებად

Image-empty-state.png

ზურაბ ჭიაბერაშვილი | ბლოგ-პოსტი | 20 დეკემბერი, 2021

thedrive.com

რუსეთის საგარეო პოლიტიკა რევიზიონისტული და რევანშისტულია. ვლადიმირ პუტინი დაუფარავად აცხადებს, რომ მას „ცივი ომის“ დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მიღებული ვითარების რევიზია და „ახლო საზღვარგარეთში“ - როგორც ყოფილ საბჭოთა სატელიტებს უწოდებენ კრემლში - გავლენის აღდგენა/გაძლიერება სურს.

ამ რევიზიონისტული და რევანშისტული პოლიტიკის განხორციელების მეთოდი ოპორტუნისტულია. როგორც ლორდი პალმერსტონი იტყოდა საუკუნენახევრის წინ, „რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა და ქმედება ყოველთვის იყო სხვისი ხელყოფა იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას სხვა მთავრობების აპათია და უმოქმედობა მისცემდა. მაგრამ როგორც კი გააზრებული წინააღმდეგობა ხვდება, ის ყოველთვის ჩერდება და უკან იხევს.”[i]

„სხვა მთავრობების“ რუსეთისადმი დამოკიდებულება პერიოდულად იცვლებოდა განვლილი 30 წლის განმავლობაში, რაც 2014 წელს აღვწერე წერილში „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“:[ii]

1991-2000 წლებში დომინანტური იყო თვალსაზრისი, რომ რუსეთი საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამ თვალსაზრისს ამყარებდა არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკური კოლაფსი და პოლიტიკური გავლენის დაქვეითება, არამედ ნაივური რწმენა, რომ რუსეთის დემოკრატიზაცია შესაძლებელია.

2000-2008 წლებში ნათელი გახდა, რომ დემოკრატიზაციის ნაცვლად რუსეთი „მშობლიურ“ ავტორიტარიზმს მიუბრუნდა, მაგრამ რუსეთი ჯერ კიდევ არ აღიქმებოდა საფრთხედ. საქართველოში რუსეთის შეჭრამ საფრთხე ხელშესახები გახადა, თუმცა არც იმდენად, რომ „სხვა მთავრობებს“ რუსეთისადმი მკაფიო და ჩამოყალიბებული პოლიტიკის შექმნაზე ეზრუნათ.

2008-2013 წლებში დომინირებდა განცდა, რომ რუსეთი საფრთხეა, მაგრამ მოვლადი. ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო კამპანიამ 2014 წლიდან სათავე დაუდო ახალ პერიოდს, რომელიც ასე შეიძლება აღიწეროს: რუსეთი რეალური საფრთხეა ევროპისთვის (და არა მარტო). ამჟამინდელი დაძაბულობა კითხვით - გაბედავს თუ არა რუსეთი უკრაინაში უფრო ფართომასშტაბიან შეჭრას - ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის რეალური გამოწვევაა.

ეს ცვლილებები დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის აღქმაში ასახულია Pew Research-ის მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვების შემაჯამებელ ამ ორ გრაფიკზეც:[iii]






ამ გრაფიკებზე ვხედავთ, როგორ მცირდებოდა რუსეთის მიმართ სიმპათია და ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობა ევროპისა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში რუსეთის მხრიდან გამოვლენილი აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და პუტინის მიერ გატარებული ავტორიტარული საშინაო პოლიტიკის ფონზე.

რუსეთის მიმართ სიმპათიისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის შემცირება არ გარდასახულა დასავლეთის ქვეყნების საერთო ჩამოყალიბებულ დოქტრინაში, რომელიც პუტინის ოპორტუნიზმს - ისარგებლოს დემოკრატიის სისუსტეებით და დასავლეთში აზრთა სხვადასხვაობით - სამოქმედო სივრცეს შეუკვეცდა „ახლო საზღვარგარეთში“.

ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგან რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება ყველაზე ტრივიალურია. ეკონომიკურ ფაქტორებზე თუ ვმსჯელობთ, რუსული გასაღების ბაზარი არანაკლებ მნიშვნელოვანია ექსპორტზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის (მაგალითად, გერმანია), ვიდრე გაზის მიღება რუსეთიდან.

მაგრამ ამჯერად უფრო არატრივიალურ ფაქტორებს მივაპყროთ ყურადღება. „ცივი ომის“ შემდგომ ახალ თაობას დასავლეთში არ აქვს რუსეთის საფრთხის იგივე აღქმა, რაც წინა თაობებს ჰქონდათ. და ეს ამ გრაფიკზეა ასახული:[iv]



ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რამდენად ხელსაყრელი ნიადაგი შექმნა პუტინისთვის ევროპაში ეთნონაციონალისტურ კონსერვატიზმზე დაფუძნებული პოპულიზმის ტალღამ. ეს ტალღა პუტინს თავად არ შეუქმნია, მაგრამ დღეს მას ოსტატურად იყენებს (აფინანსებს კიდეც) საიმისოდ, რომ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებმა საერთო ჩამოყალიბებულ დოქტრინა ვერ შექმნან რუსეთის რევიზიონისტული და რევანშისტული საგარეო პოლიტიკის შესაბოჭად.

ქვემოთ მოყვანილი ორივე გრაფიკი იმავე გამოკითხვებიდან აჩვენებს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მხარდამჭერებში რუსეთის მიმართაც სიმპათიაა და პუტინის მიმართა მეტი ნდობა.






მართალია, უმრავლეს შემთხვევაში მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს არ იკარებენ ევროპის ქვეყნების მმართველი კოალიციები, მაგრამ ამ პარტიების რუსეთისადმი დამოკიდებულება აშკარად არ უწყობს ხელს დასავლეთში რუსეთის შესაბოჭად მწყობრი დოქტრინის ჩამოყალიბებას.


თავის მხრივ, რუსეთის რევიზიონისტული და რევანშისტული საგარეო-პოლიტიკური ნებისმიერი ნაბიჯი სარკისებურ ასახვას პოვებს პუტინის რეიტინგზე ქვეყნის შიგნით, რაც „ლევადას ცენტრის“ ამ გრაფიკზეა გამოსახული (წითელი ხაზით მონიშნულია საქართველოსა და უკრაინაში შეჭრის მომენტები):[v]



გაკვეთილი საქართველოსთვის

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ საერთო ჩამოყალიბებული დოქტრინის ვერშემუშავება უკავშირდება ნაივურ რწმენას, რომ რუსეთი მიღწეულით დაკმაყოფილდება და გაჩერდება. თავის როლს თამაშობს რუსული პროპაგანდა, რომელიც დასავლეთის უმოქმედობისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ამზადებს. მაგალითად, „საქართველო წამოეგო რუსულ პროვოკაციას“ ან „რუსული ენის შეზღუდვით უკრაინელებმა საბაბი მისცეს პუტინს“ ხელსაყრელია მათთვის, ვისაც ახლა, ამ მომენტში თავის ატკივება არ უნდა. ეს კი პუტინის მორიგი კამპანიის საფუძველია.


საქართველომაც რუსეთისადმი ნაივური თუ რუსული პროპაგანდით კარგად ნაკვები დამოკიდებულების ფაზა გაიარა. 2012 წელს დომინანტური იყო თვალსაზრისი, რომ საქართველოსადმი რუსეთის აგრესიული პოლიტიკა „ვარდების რევოლუციის“ მთავრობის რიტორიკით იყო განპირობებული და არა პუტინის მკაფიო მიზნით, რომ ყოფილი კოლონიის სწრაფი განვითარება და ნატოში გაწევრიანების ხელშესახები პერსპექტივა შეეჩერებინა.


NDI-ს 2012 წლის ნოემბრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას რუსეთისგან მომდინარე საფრთხე გაზვიადებული ეჩვენებოდა:[vi]



რაც თანდათან მნიშვნელოვნად შეიცვალა და, მაგალითად, 2019 წლის აპრილში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებში საქართველო რუსეთის საფრთხის ისევ უფრო რეალისტურ აღქმას დაუბრუნდა:[vii]





როგორც დასავლეთში, საქართველოშიც საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა. ოღონდ ამასობაში რეალობაც შეიცვალა.

2013 წლის თებერვლის წერილში[viii]“რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება” – რის ფასად?“ ვწერდი:


„აქ ასევე უნდა გავიხსენოთ რუსეთის ფედერაციის გაცხადებული ამოცანები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრისა და წარმოებული ომის დროს. ეს ამოცანები იყო:


– დასავლურ სამხედრო კავშირში – ნატოში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება

– საქართველოს ეკონომიკური განვითარების შეფერხება

– საქართველოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შეცვლა იმგვარი ხელისუფლებით, რომელიც მოახდენდა ქვეყნის უკუსვლას ყველა ზემოჩამოთვლილი მიმართულებით – დემოკრატიული მმართველობა, საბაზრო ეკონომიკა, ლიბერალური ღირებულებების მქონე საზოგადოება.“


შეძლო თუ არა რუსეთმა ამ ამოცანების შესრულება 2021 წლისთვის, მკითხველმა განსაჯოს.


 

[i] https://www.goodreads.com/quotes/1094245-the-policy-and-practice-of-the-russian-government-has-always [ii] https://forbes.ge/moskovs-tsremlebis-ar-sje/ [iii] https://www.pewresearch.org/fact-tank/2020/12/16/views-of-russia-and-putin-remain-negative-across-14-nations/ და https://www.pewresearch.org/fact-tank/2021/06/14/few-across-17-advanced-economies-have-confidence-in-putin/ [iv] https://www.pewresearch.org/fact-tank/2021/06/14/few-across-17-advanced-economies-have-confidence-in-putin/ [v] https://www.levada.ru/indikatory/ [vi] https://www.ndi.org/sites/default/files/Georgia-Nov-2012-Survey-ENG.pdf [vii] https://www.ndi.org/sites/default/files/NDI%20Georgia_April_2019_Public_Issues%20Poll_ENG_Final.pdf [viii] https://sapere8aude.wordpress.com/2013/02/01/26/

bottom of page