90-იანების რუსეთის „ცნობადი სახეები“ უკრაინის მხარეს
დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 25 დეკემბერი, 2022
ოსტანკინოს ტელეანძა
ევგენი კისილიოვი და ალექსანდრე ნევზოროვი ორი რუსეთის განმასახიერებლები იყვნენ 80-იანების და 90-იანების მიჯნაზე. სინამდვილეში, რუსეთი ერთიცაა და მრავალიც, ისევე, როგორც საქართველო თუ შეერთებული შტატები. სხვადასხვა წრეები პერმანენტულად არ ეთანხმებიან, უპირისპირდებიან ერთმანეთს ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებზე. ასე არის და იყო რუსეთშიც. ეს არ უარყოფს იმ აზრს, რომ იგივე საქართველოს მიმართ რუსეთში შეიძლება იმპერიული კონსენსუსიც არსებულიყო. თუმცა, ცვლილებები ამ მხრივაც ხდება და ამ ორი პერსონაჟის იუტუბ-შეხვედრა ნათქვამის დადასტურება მგონია.
ჟენია და „გლებიჩი“, როგორც ნევზოროვს ეძახიან, ამ საუბარში ნელ-ნელა სინჯავენ ერთმანეთს და ეს უკვე საინტერესოა მათთვის, ვინც კონტექსტი იცის და აინტერესებს. ისინი საპასუხო კომპლიმენტებს არ იშურებენ და არც იმას მალავენ, რომ, არსებითად, მტრები იყვნენ. ნევზოროვი აღიარებს, რომ სიმართლესთან მისასვლელად მან გრძელი და მიხვეულ-მოხვეული გზა აირჩია, მაგრამ ახლა კისილიოვის სანგარშია. სანგარი უკრაინაა, უფრო სწორად, მის დასაცავად და რუსეთის დამარცხებისათვის მებრძოლთა შესაკრები ადგილი.
საერთოდ, ნევზოროვი უფრო მეტყველია, ეპატაჟური და ტრადიციულად ამბიციური. იგი ამბობს, რომ შორეულ 90-იანებში წამყვანი ჟურნალისტები გავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ ამინდზე. ეს ალბათ ასეცაა, ვისაც ეგ დრო ახსოვს. სხვათა შორის, პოსტ-მოდერნისტი მწერალი, ვიქტორ პელევინი თავის „პეპსის თაობაში“ აღწერს თუ როგორ ქმნიდა ან ანადგურებდა მედია თუ მის უკან მიმალული გავლენიანი სამყარო პოლიტიკურ პერსონაჟებს. ეს უკანასკნელნი არც იყვნენ რეალურნი - მხოლოდ მედია იმიჯები.
პოსტ-მოდერნული მატრიცის მიღმიერ, მატერიალურ სამყაროში ელცინი მაინც ელცინი იყო და ზიუგანოვი - ზიუგანოვი. მაგრამ ისეთი „მოლაპარაკე თავები“, როგორიც ეს ორი ადამიანი ან აწ გარდაცვლილი დორენკოა, ნამდვილად არ თამაშობდნენ უკანასკნელ როლს იმაში, თუ ვისი, რომელი ბანაკის მხარეს გადაიხრებოდა ამომრჩევლის სიმპათია. კისილიოვი თანამიმდევრული ლიბერალი იყო, ნევზოროვი კი, როგორც თავად ამბობს, დაქირავებული მეომარი. იგი ყველაზე უფრო ობსკურანტულ პერსონაჟებთან მეგობრობდა - პეტერბურგის „ღამის გუბერნატორად“ წოდებული განგსტერი ბარსუკოვ/კუმარინიდან დაწყებული და წითელ-ყავისფერი იმპერიალისტებით დამთავრებული. ბოლოს, უკვე 21-ე საუკუნეში, მან პუტინის საარჩევნო შტაბშიც ამოყო თავი. ერთხელ, წარსულში, მან ტყვიაც მიიღო, ოღონდ რუსეთის მიერ გაღვივებულ ეთნოკონფლიქტებში არა, სადაც იგი ასევე დაიარებოდა. მერე კი დადგა განსაწმენდლის ჟამი. ამასაც ჰყვება წარმოდგენილ საუბარში, გარკვეულწილად.
პერესტროიკისა და პოსტ-საბჭოთა რუსეთის ორი ვეტერანი მედია-მებრძოლი მსჯელობს მომავალზე: დამარცხდება და დაისჯება რუსეთი, თუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და სოროკინის დისტოპიის მსგავს „ოპრიჩნიკის ქვეყანად“ გადაიქცევა? კისილიოვი ამბობს, რომ ახლანდელი რუსული ელიტა გვიანსაბჭოურზე უფრო სასტიკია, ნევზოროვი კი ამატებს - უპრეცედენტო და გლობალური ქურდებიც არიან, რაც ჩეკიზმს შიგნიდან ჭამსო. შესაბამისად, ასკვნის „გლებიჩი“, რუსეთი უკიდეგანოდ კორუმპირებული რომ არ იყოს, უფრო საშიში იქნებოდა. ამიტომ „ოპრიჩნიკთა სამყარო“ არ რეალიზდება. მერე კი ამატებს - იმიტომაც არ რეალიზდება, რომ ჩვენ მოვიგებთ საინფორმაციო ომსო.
უკიდეგანოა ნევზოროვის თავდაჯერებულობა. მას მიაჩნია, რომ კისილიოვთან ერთად შეუძლია იყოს რუსეთის ხელისუფლებათა ლეგიტიმიზმის განმამტკიცებელი ან დამანგრეველი. ეს ესმით საჭეთმპყრობლებს, ამიტომ ნებისმიერ ფასად იყვნენ მზად ერთხელაც ეყიდათ იგი. მან კი ისრაელში წასვლა არჩია და იქიდან, საჯაროდ, შემოთვალა - მთელი მსოფლიო ერთი კაცის სიკვდილზე ოცნებობს და ეს კაცი პუტინიაო.
მედია სახეების უკიდეგანო ძალის რწმენა აშკარად გადამეტებულია, მაგრამ მაინც ასახავს პოლიტიკური პროცესის უდავოდ მნიშვნელოვან სტრუქტურას. ძალაუფლების მპყრობლებს და მათ ხელქვეით ძალოვნებს „პოეტები“, „მოლაპარაკე თავები“, მოკლედ, იდეოლოგემების შემქმნელები და ინტერპრეტატორები სჭირდებათ. ვერ ვიტყვი, რომ მათ გარეშე ტირანი მყისიერად ემხობა, მაგრამ რატომღაც მას მუდმივად აქვს მიდრეკილება მიიზიდოს სიტყვის ოსტატნი, არ დაზოგოს სახსრები საამისოდ.
რუს ტირანებს ნიჭიერი მგოსნები არასდროს აკლდა. მგოსნობის ფუნქციას, ხშირად, ისინიც ითავსებდნენ, ვინც, რიგ შემთხვევებში, ოპონირებდნენ მათთან. ნათქვამის მაგალითია ალექსანდრე პუშკინი, რომლის სახელი ბოლო დროს თბილისში გახდა აქტუალური - ვგულისხმობ ამ პოეტის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ ვნებათაღელვას. მაგრამ ეს სხვა თემაა - ამ ბლოგ-პოსტის გმირებისათვის უცნობი. მთავარი ისაა, რომ ახლა პუტინი კარგავს სიტყვის ოსტატებს. ჟურნალისტიკის სფეროში, როგორც „პოეტიკის“ დიდი სამყაროს ნაწილში, ეს განსაკუთრებითაა შესამჩნევი: სალავიოვები ვერ შეედრებიან ნევზოროვსა და კისილიოვს, რომლებმაც უკრაინას შეაფარეს თავი და ამ ახალი სამშობლოს ტრუბადურებად იქცნენ.
და მაინც, რაა პოსტ-საბჭოური მედია ფრონტის ამ ორ მეტრის აზრი იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალი რუსეთი და რა გავლენას მოახდენს მასზე უკრაინა? კისილიოვი ტრადიციულად თავშეკავებულია. საერთოდ, იუტუბ არხზე იგი ეწვია ნევზოროვს, ანუ მასპინძელი ნევზოროვია, მაგრამ კისილიოვი მაინც უფრო წამყვანი/ინტერვიუერის ამპლუაში გრძნობს თავს. მასპინძელს კი ვიზიონერობა არ ასვენებს და ხან აცხადებს, რომ რუსეთის ბედს უკრაინა დაწერს, ხანაც წინასწარმეტყველებს, რომ პუტინის დასრულების შემდეგ რუსეთში სამოქალაქო ომი იქნება. მთლიანობაში, მისი ხედვა უიმედოა - რუსეთში ნაციზმის ბაცილა კიდევ დიდხანს იბოგინებს, რადგან იგი განუკურნებელია. კისილიოვი კი არ ეწინააღმდეგება ამ პესიმიზმს.
რაა საუბრის ხაზი? შეიძლება ისევ ნევზოროვის ერთი ტირადა ავიღოთ ასეთად: აღმოჩნდა - ამბობს იგი - რომ რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში იგებს ომს, თუ მას ამერიკა ეხმარება და უკრაინელი მეომრებიც მის არმიაში არიან. თუ არა და რუსეთს ომის მოგება არ შეუძლია. მთლიანობაში კი ხაზი დაიკარგა და საუბარმა მიიღო ძველი ნაცნობებისა და კოლეგების ცოტა სუმბურული შეხვედრის სახე, რომელსაც პროფესიონალური დიდებით ხიბლი გასდევდა. მგონია, ამ საუბრის ნახვა მაინც ღირს, რადგან 90-იანიწლების რუსეთს ქმნიდა არა მარტო ელცინი თუ ზიუგანოვი, არამედ ნევზოროვიც და კისილიოვიც.