top of page

ხრუშჩოვი: „თქვენ ამას ვერ ეღირსებით!“

Image-empty-state.png

გოგი თუშმალიშვილი | ბლოგ-პოსტი | 20 დეკემბერი, 2022

1953 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობამ თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობის შანსი წაართვა

 

1953 წლის 10 ივლისს გაზეთი „პრავდა“ იტყობინებოდა მცირე ცნობით, რომ „ახლახან“ ჩატარდა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმი და რომ გიორგი მალენკოვის მოხსენების - „ლ.პ. ბერიას ანტიპარტიული და კრიმინალური საქმიანობის შესახებ“ საფუძველზე, ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება თავისი რიგებიდან ბერიას გარიცხვის შესახებ. „პრავდა“, ასევე, იტყობინებოდა, რომ სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გაათავისუფლა ბერია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, ხოლო მისი საქმე გადაეცა სსრკ-ის უზენაეს სასამართლოს, ვინაიდან ბერიას საქმიანობა მიმართული იყო საბჭოთა სახელმწიფოს საზიანოდ და უცხოური კაპიტალის ინტერესების სასარგებლოდ. საბჭოთა სახელმწიფოს ახლადმოვლენილი ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ინიცირებული „დესტალინიზაციის“ პროცესი ჯერ კიდევ მზადების სტადიაზე იმყოფებოდა, მაგრამ ლავრენტი ბერიასა და მისი გარემოცვის წევრების - მერკულოვის (დედით - წინამძღვრიშვილი), ქობულოვის (თბილისში დაბადებული სომეხი), მილშტეინის (1920-30-იან წლებში მოღვაწეობდა საქართველოში), დეკანოზოვის (დეკანოზიშვილი), გოგლიძის, რუხაძის, რაფავას, წერეთლის და სხვების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები, მათი დაპატიმრება და გადაუდებელი დახვრეტა, ცალსახად ანტიქართულ აქცენტებს სძენდა იმდროინდელ საბჭოთა ყოფას.


ამ, დაძაბულსა და საბჭოთა საქართველოსთვის ნეგატიურ ფონზე, მწიფდებოდა მოსკოვის სამთავრობო წრეებისთვის ფრიად არასასიამოვნო რამ: თბილისის „დინამო“ რეალურ პრეტენზიას აცხადებდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობაზე ფეხბურთში. უკვე პირველი წრის შემდეგ „დინამო“ ორი ქულით (იმხანად გამარჯვება ორი ქულით ფასდებოდა, ხოლო ფრე - ერთით) უსწრებდა თავის უშუალო კონკურენტს, მოსკოვის „სპარტაკს“, ხოლო მოსკოვისვე „დინამოს“ და „ტორპედოს“ - ოთხ-ოთხით. მეორე წრეშიც „დინამომ“ არ შეანელა საჩემპიონო სვლა, თუმცა, „სპარტაკი“ მუდამ შორიახლოს იმყოფებოდა. ვითარება საბჭოთა ოფიციოზისთვის არასასურველ ბრუნს იძენდა და დრო დადგა, რაიმე ეღონათ. პირველივე ასეთი ქმედება უთუოდ უპრეცედენტო ფაქტად იქცა სრულიად ფეხბურთის ისტორიაში: საჩემპიონოდ მომართულ გუნდს „მოსტაცეს“ მთავარი მწვრთნელი! მართლაც, 7 აგვისტოს თბილისის „დინამომ“ დაამარცხა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით 3-2, მაგრამ გამარჯვების სიხარული ჩაამწარა ცენტრიდან მოსულმა დირექტივამ. საბჭოთა იერარქის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის საკავშირო კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლაი რომანოვის განკარგულებით, თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი მიხაილ იაკუშინი ჩამოაცილეს გუნდს და სამუშაოდ მოსკოვის „დინამოში“ გადაიყვანეს. თავად იაკუშინი, ცნობილი მეტსახელით „ცბიერი მიხეი“ (Xитрый Михей), მოგვიანებით იხსენებდა: „რასაკვირველია, მკითხეს, ვიყავი თუ არა თანახმა. თუმცა, ისიც მართალია, რომ ლაპარაკი ულტიმატუმის ფორმით მიმდინარეობდა.“ იაკუშინის ნაცვლად „დინამოს“ მწვრთნელად ბორის პაიჭაძე დაინიშნა და მორიგ ტურში თბილისელებმა უპრობლემოდ დაამარცხეს კიეველი თანაკლუბელები (3-0), მაგრამ შემდეგ მოულოდნელად წაიბორძიკეს ვილნიუსში ადგილობრივ „სპარტაკთან“ (1-1).


უკანასკნელი ტურის წინ, როცა „დინამო“ და „სპარტაკი“ 27-27 ქულით პირველ-მეორე ადგილს იყოფდნენ, თბილისელებს არცთუ მარტივი გამოცდა ელოდათ -  მატჩი მოსკოვში ადგილობრივ „ტორპედოსთან“. ეს თამაში „დინამოს“ აუცილებლად უნდა მოეგო და იმის იმედად ყოფილიყო, რომ „სპარტაკი“ დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთს მაინც წააგებდა.  (ლენინგრადში - „ზენიტთან“ და, გამოტოვებულ მატჩს, მოსკოვში, კუიბიშევის ასევე „ზენიტთან“). თუ თბილისის „დინამო“ და მოსკოვის „სპარტაკი“ ქულების თანაბარი რაოდენობით დაამთავრებდნენ ჩემპიონატს, მაშინ დინამოელები საკავშირო ფიზიკური კულტურის უმაღლეს საბჭოსთან (ВСФК) არსებულ ფეხბურთის სამმართველოს გადაწყვეტილებას უნდა დალოდებოდნენ: დანიშნავდა თუ არა ეს ინსტანცია დამატებით მატჩს სსრკ ჩემპიონის გამოსავლენად (ასეთი რამ შემდგომ ორჯერ მოხდა - 1964 და 1970 წლებში). სხვა მხრივ კი, ბურთების შეფარდება მოსკოველებს უკეთესი ჰქონდათ და, ერთი შეხედვით, ოფიციოზს ბევრი სანერვიულო არც უნდა ჰქონოდა. მაგრამ, საბჭოთა სისტემაში შემთხვევითობა გამორიცხული იყო - „ზემოთ“ ცალსახად თავის დაზღვევა გადაწყვიტეს.


4 სექტემბერს დანიშნული მატჩი „ტორპედოსთან“, რომელიც მოსკოვის „დინამოს“ სტადიონზე შედგა, თბილისელებმა დამაჯერებლად ჩაატარეს. უკვე პირველ ტაიმში იური ვარდიამიდის და გოგი ანთაძის გოლებით „დინამო“ დაწინაურდა (2-0), რასაც მეორე ტაიმში „ტორპედომ“ ვალენტინ ივანოვის ერთი გოლით უპასუხა. იყო კიდევ მომენტი, როდესაც მოსკოველებმა ბურთი გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. თამაშის მონაწილეთა მოგონებებით, მატჩის მსვლელობისას ტრიბუნებზე სიმშვიდე სუფევდა, არავითარი განსაკუთრებული ვნებათაღელვა არ შეინიშნებოდა. მაგრამ, მატჩის დამთავრებამდე თხუთმეტიოდე წუთით ადრე, სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა, რომ ლენინგრადში „ზენიტმა“ დაამარცხა მოსკოვის „სპარტაკი“ (ლენინგრადის მატჩი ნახევარი საათით ადრე დაიწყო მოსკოვისაზე). ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში თბილისის „დინამო“ ორი ქულით გაუსწრებდა „სპარტაკს“! დინამოელთა მცველი, ვლადიმერ ელოშვილი მოგვიანებით იხსენებდა, რომ იმ მომენტიდან სიტუაცია სტადიონზე მკვეთრად დაიძაბა: „აი, იქ დაიწყო, რაც დაიწყო. ტრიბუნები შემაშფოთებლად აგუგუნდნენ, გაისმა შეძახილები: ჰკა, მაგათ... მოედანზე გადმოაგდეს ბოთლები (მინისა).“  


საფინალო სასტვენისთანავე, რომელმაც დინამოელთა გამარჯვება დააფიქსირა (2-1), მინდორზე მოხულიგნო მაყურებლები შეცვივდნენ და მსაჯ ბელოვს საცემრად გამოუდგნენ. მსაჯი ტორპედოელებმა დაიცვეს, შემოარტყეს წრე, გაიყვანეს მინდვრიდან და თავიანთ საშხაპეში გადამალეს. ბოლოს, იმ მცირერიცხოვანმა მილიციამ, რომელიც სტადიონზე იმყოფებოდა, შეძლო ტრიბუნისქვეშა გასახდელების გადაკეტვა და ვნებათაღელვა თანდათანობით დაცხრა. დადგენილი წესის მიხედვით, გუნდების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და მატჩის მთავარმა მსაჯმა შეავსეს ოქმი, მოაწერეს ხელი და დატოვეს სტადიონი. პროტესტის ნიშანწყალიც არ ჩანდა. წლების შემდეგ, ბორის პაიჭაძე იხსენებდა: „მსაჯის ოთახში პროტესტის შესახებ არავითარი ლაპარაკი არ ყოფილა. და, არც ოქმის შევსების მომენტში. მე და კოლიამ (ნიკოლაი მოროზოვი, „ტორპედოს“ მწვრთნელი) ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და დავიშალეთ.“ დინამოელებმა თავიანთ სასტუმროს მიაშურეს, ტორპედოელებმა - თავიანთ სახლებს. მოსკოველთა თავდამსხმელის, იური ზოლოტოვის თქმითაც, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა: „გასახდელში მოროზოვმა ერთდღიანი გეგმითი შვებულება მოგვცა მოსკოვის „დინამოსთან“ ბოლო თამაშის წინ.“


სწორედ ამ მომენტიდან იწყება უცნაურობათა მთელი რიგი. მსაჯისა და მწვრთნელების ხელმოწერილ ოქმში ჩნდება ნიკოლაი მოროზოვის ჩანაწერი, რომ მოსკოვის „ტორპედო“ აცხადებს პროტესტს არაობიექტური მსაჯობის გამო: თბილისელთა პირველი ბურთი წესების დარღვევით იყო გატანილი, ხოლო „ტორპედოს“ უსამართლოდ არ ჩაუთვალეს გატანილი გოლი. მალევე, გვიან ღამით, სასტუმროში, სადაც თბილისელები იყვნენ განთავსებული, გაისმა სატელეფონო ზარი, აპარატთან ბორის პაიჭაძეს უხმობდნენ. დინამოელთა მწვრთნელს ფიზკულტურის კომიტეტიდან ურეკავდნენ გამაოგნებელი დირექტივით: გუნდი დარჩენილიყო მოსკოვში და მომზადებულიყო გადათამაშებისთვის მოსკოვის „ტორპედოსთან“! საინტერესოა ასევე, რომ უკვე 5 სექტემბრის ცენტრალურ (მოსკოვის) გაზეთებში გაჩნდა ცნობა „ტორპედოს“ მიერ მატჩის გაპროტესტების შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იმდროინდელი რუდიმენტული საბეჭდი ტექნოლოგიებით გაზეთის გამოცემას დრო სჭირდებოდა, გასაოცარი იყო ასეთი ოპერატიულობა „ტორპედოს“ გვიან ღამით გამომცხვარი პროტესტის გამოსაქვეყნებლად. შემდეგი უცნაურობა ის იყო, რომ ოფიციალური განცხადება „ტორპედო“-„დინამოს“ მატჩის რეზულტატის გაუქმებისა და დანიშნული გადათამაშების შესახებ, რომელსაც ხელს აწერდა საბჭოთა მაღალჩინოსანი ნიკოლაი რომანოვი, გამოქვეყნდა  გაზეთებში უკვე 6 სექტემბერს. არადა, დებულებით, მსგავსი პროტესტი უნდა განეხილა რამდენიმე საფეხბურთო ინსტანციას (ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს ფეხბურთის სამმართველოს, მსაჯთა საკავშირო კოლეგიას, დაინტერესებული გუნდების წარმომადგენლებს) და ამიტომ, გადათამაშების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა. თანაც, პრესაში ინფორმაციის წყაროდ მითითებული იყო ოფიციოზის მთავარი ორგანო - „საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტო“ (TACC), რომელიც, ჩვეულებრივ, სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციას აქვეყნებდა და არა სპორტული შეჯიბრებების პერიპეტიებს.


გადათამაშება 7 სექტემბრისთვის დაინიშნა და ისე მოხდა, რომ ზუსტად იმ დღეებში, მოსკოვში ტარდებოდა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმი, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი, ალექსანდრე (ალიოშა) მირცხულავა. თავის მოგონებებში მირცხულავა ადასტურებს ქვეყანაში არსებულ მძიმე ფონს, რომელიც ბერიას დაპატიმრების შემდეგ შეიქმნა და ასევე, იმ „არაჯანსაღ, შოვინისტურ განწყობილებას, რომელიც სპორტშიაც შეიჭრა.“ ვინაიდან პლენუმის დასკვნითი დღე ზუსტად 7 სექტემბერს ემთხვეოდა, პლენუმის მონაწილეებმა სთხოვეს სკკპ ცკ-ის პირველი მდივანს, ნიკიტა ხრუშჩოვს, რომელიც პლენუმს თავმჯდომარეობდა, სხდომა ერთი დღით გადაედოთ, რათა მატჩზე დასწრების საშუალება ჰქონოდათ. ხრუშჩოვი დათანხმებულა მონაწილეთა თხოვნას და თვითონაც გამოუთქვამს სურვილი, სტადიონზე წასულიყო თამაშის სანახავად. იქვე, ალიოშა მირცხულავას გადმოცემით, ხრუშჩოვს გაუხედავს მისკენ და „ვითომდა ხუმრობით, მაგრამ მკვახედ და ღვარძლიანად“ უთქვამს: „მირცხულავას უნდა წაგვართვას პირველობა მოსკოვს, მაგრამ ეს გამორიცხულია, ვერ მოესწრება!“ შემდეგ, მირცხულავა იხსენებს, რომ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მასთან სასტუმროში ბორის პაიჭაძე მივიდა. დინამოელთა მწვრთნელს, რომელსაც აშკარად ეტყობოდა აღელვება, რესპუბლიკის პირველი პირისთვის უთქვამს, რომ გუნდის ირგვლივ სიტუაცია იყო უკიდურესად მძიმე და რომ სასტუმროში მისდიოდათ ტელეგრამები, სადაც „დინამოს“ მოგების შემთხვევაში სიკვდილით ემუქრებოდნენ. იყო იმავე შინაარსის სატელეფონო ზარებიც. „დინამოს“ სტადიონისკენ გამგზავრება დაცვის თანხლებით მოუწია, ხოლო თამაშის წინ, იხსენებს ალიოშა მირცხულავა, ის ჩავიდა დინამოელთა გასახდელში და იქ გამართეს „გულახდილი სჯა-ბაასი.“ სიტუაციის გაანალიზების შემდეგ, როგორც გადმოგვცემს ცკ-ის ყოფილი პირველი მდივანი, ყველანი შეთანხმდნენ, რომ ამ ვითარებაში უმჯობესი იქნებოდა დაჯერებულიყვნენ მეორე ადგილს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „დინამოს“ უნდა დაეთმო ის მატჩი.


მირცხულავასა და დინამოელების შეხვედრის საკუთარ ვერსიას გვთავაზობს ვლადიმერ (ვოვა) ელოშვილი. მისი თქმით, ეს შეხვედრა არა მატჩის წინ, არამედ ერთი დღით ადრე შედგა: „ბაზაზე მოულოდნელად გამოგვეცხადა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ალექსანდრე მირცხულავა. საოცრად შეშინებული ჩანდა, სახეზე ფერი არ ედო. იგი გვეხვეწებოდა, წინააღმდეგობა არ გაგვეწია მოსკოველებისთვის. მახსოვს, როგორ შეეჭმუხნა სახე ბორის პაიჭაძეს, ამის გამგონეს...“ თუმცა, პარტიული ხელმძღვანელისგან ასეთი თხოვნა რომც არ ყოფილიყო, საეჭვოა, თბილისელებს მატჩის მოგების ოდნავი შანსი  ჰქონოდათ. საბჭოთა ფეხბურთის მმართველმა წრეებმა იმ თამაშზე არბიტრად მიავლინეს ნიკოლაი ლატიშევი, რომელიც მანამდეც და მერეც ხშირად იყო შემჩნეული ზემდგომი ინსტანციებიდან მიღებული ინსტრუქციების ბეჯითად შესრულებაში. ვოვა ელოშვილი იხსენებს, ასევე, თუ როგორ მიმართა თამაშის წინ ლატიშევმა პაიჭაძეს: „ბორია, წინასწარ ვიხდი ბოდიშს იმისთვის, რაც მოედანზე მოხდება.“ მართლაც, ჯერ კიდევ მატჩის 25-ე წუთზე ლატიშევმა მოედნიდან გააძევა დინამოელი რევაზ მახარაძე. მალევე, მათდამი მსაჯის ლოიალურობით გათამამებულმა მოსკოველებმა მწყობრიდან გამოიყვანეს კარლო გაგნიძე. იმხანად მოთამაშეების შეცვლა არ შეიძლებოდა და თბილისელები ცხრანი დარჩნენ მოედანზე. ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ დინამოელებზე არ წყდებოდა ფსიქოლოგიური შეტევა ტრიბუნებიდანაც: „ბერიას ნაშიერებო, გაეთრიათ აქედან, გეყოფათ რაც იპარპაშეთ“ - ისმოდა ასეთი შეძახილები მატჩზე დამსწრეთა გადმოცემით. რასაკვირველია, ასეთ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო. „დინამომ“ დათმო ის მატჩი ანგარიშით 1-4. „ნიკიტა ხრუშჩოვი და მისი ელიტა აღტაცებული იყო, თავს ვერ იკავებდა სიხარულისგან და თავგამოდებით უკრავდა ტაშს, როდესაც ტორპედოელები ბურთის „გატანას“ ახერხებდნენ“, იხსენებს ალიოშა მირცხულავა.


1953 წლის ჩემპიონატი ისე დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო: მოსკოვის „სპარტაკმა“ დაამარცხა გამოტოვებულ მატჩში კუიბიშევის „ზენიტი“ (შემდგომი სეზონიდან ამ გუნდს ეწოდა „კრილია სოვეტოვ“) ანგარიშით 1-0 და პირველი ადგილი დაიკავა. თუ თბილისის „დინამოს“ მოსკოვის „ტორპედოსთან“ პირველ მატჩში დამსახურებულ გამარჯვებას არ წაართმევდნენ, მაშინ ჩემპიონატის ორივე ლიდერი 29-29 ქულას დააგროვებდა. დაინიშნებოდა თუ არა ამ შემთხვევაში დამატებითი მატჩი, სათუოა. სსრკ ჩემპიონატის დებულებაში ასეთი რამ არ იყო გაწერილი, ხოლო მოსკოველებს ბურთების უკეთესი შეფარდება ჰქონდათ და დიდი ალბათობით, ჩემპიონობა მაინც მათ დარჩებოდათ. მაშ, რაღა საჭირო იყო მთელი ამ მასკარადის მოწყობა? საბჭოთა ფეხბურთის მკვლევარმა, დაბადებით თბილისელმა აქსელ ვართანიანმა გაასაჯაროვა მის მიერ არქივში ნაპოვნი დოკუმენტი, სადაც ВСФК-ს 1953 წლის 9 სექტემბრით დათარიღებული დადგენილებაა ასახული: „დაევალოს ამხ. ლატიშევს, კუზნეცოვს, ბოგდანოვს და ფომიჩოვს შეადგინონ წერილი ამხ. ნ.ს. ხრუშჩოვის სახელზე და მოახსენონ 1953 წლის 4 სექტემბერს მოსკოვის სტადიონ „დინამოზე“ მომხდარის შესახებ.“ რატომ უნდა დაინტერესებულიყო ხრუშჩოვი, რომელიც სრულიად გულგრილი იყო სპორტისა და, კერძოდ, ფეხბურთის მიმართ, ამ მატჩის პერიპეტიებით? ყოველივეს ლოგიკური ახსნა ალბათ ამ პერსონაჟისთვის დამახასიათებელ ,,ველიკოდერჟავულ’’ შოვინიზმსა და მკვეთრად გამოხატულ ანტიქართულ განწყობაში უნდა ვეძებოთ. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ საბჭოთა სპორტის ფუნქციონერებმა თავი დაიზღვიეს მათთვის არასასიამოვნო სიურპრიზებისგან. „ცბიერი მიხეის“ მოსკოვში გადაყვანაც და „ტორპედოსთან“ დაპირისპირებისას მოწყობილი უმსგავსობაც ამით აიხსნება. ყველა ეს გარემოება, არც იმდროინდელი ცკ-ის პირველი მდივნის, მირცხულავას ფრთხილი პოზიციის გაკრიტიკების საფუძველს იძლევა: ხომ ნათელია, რომ საბჭოთა იმპერიის შავბნელ მესვეურებშიც კი თავისი იმპულსურობით, უნდოობით და პრიმიტიული აზროვნებით გამორჩეული ნიკიტა ხრუშჩოვი, ნებისმიერ სადამსჯელო ოპერაციაზე იყო წამსვლელი.

 

სტატიის ავტორი მადლობას მოახსენებს დემიკო ლოლაძეს და დათო კაკაბაძეს, თავიანთი პირადი არქივებიდან საჭირო მასალების გაზიარებისთვის.


 

სტატიაში გამოყენებული ლიტერატურა და საგაზეთო მასალები:

მირცხულავა, ალიოშა. 1992.  სკკპ პოლიტბიურო თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ. ლიტერატურულისაქართველო, 24.07.1992

ტორაძე, გულბათ. 2003. სამარცხვინო აქციის „იუბილე“. საქართველოს რესპუბლიკა, 08.09.2003

 ლოლაძე, დემიკო. 2003. სიზუსტე ყველგან და ყოველთვის. საქართველოს რესპუბლიკა, 22.09.2003

ნოზაძე, ოთარ. 1996. მავრმა გააკეთა თავისი საქმე... ლაშარის გორი, 12.04.1996

ჩხიკვაძე, გურამ. 1990. ფეხბურთი და პოლიტიკა, 11.05.1990

Knight, Amy. 1993. Beria Stalin’s First Lieutenant. Princeton: Princeton University Press, pp. 210-211

Советский спорт. 1953. Московский „Спартак“ снова чемпион страны. 12.09.1953

Ванят, Юрий. 2003.  Геннадий Ларчиков, Мэтр спортивной журналистики. Советский спорт, 08.12.2003

Вартанян, Аксель. 2010. „Убийство“ в Петровском парке. Спорт-Экспресс, https://www.sport-express.ru/football/reviews/785990/ (18.12.2022)

 Нозадзе, Отар. 1991. Три матча, три ошибки. Заря Востока, 28.03.1991

 Чемпионат СССР по футболу 1953. Класс «А», https://teams.by/class-a-1953-chempionat-sssr/table-1257/ (18.12.2022)

bottom of page