top of page

“Дождь“: Pros and Cons

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 12 დეკემბერი, 2022

თავიდანვე ვიტყვი, გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმები ვიტალი პორტნიკოვს, რომელიც ტელეკომპანია „დოჟდის“ ირგვლივ დეკემბერში ატეხილ სკანდალზე საუბრობს. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ოდესღაც საბჭოთა, ამასთანავე ლატვიელი და ახლა უკვე უკრაინელი ჟურნალისტის არგუმენტები უძლიერესია „დოჟდის“ კრიტიკოსთა მხრიდან გაჟღერებულთა შორის. ვფიქრობ, როგორც ამ სკანდალში, ისე პორტნიკოვის ემოციურ ტირადებში, მინიმუმ, სამი ურთულესი და წინააღმდეგობრივი თემა იკვეთება: პროფესიონალიზმი; პატრიოტიზმი; ნონკონფორმიზმი. ეს სამეული ცხოვრებაში შეიძლება გამოცდების სახით დაგვიდგეს წინ - ანუ მორალური არჩევანის წინაშე აღმოვჩნდეთ. ასე დაემართა „დოჟდ“-ს.


რუსული ლიბერალური მედიის ეს ცნობილი წარმომადგენელი მაუწყებლობის ლატვიური ლიცენზიის გარეშე დარჩა. ამასთან დაკავშირებით, რუსი ოპოზიციონერი ლეონიდ გოზმანი უკრაინულ მედიასთან საუბარში აცხადებდა - ლატვიელების გადაწყვეტილება მათი გადაწყვეტილებაა, ეს მათი ქვეყანაა. . . მაგრამ, როგორც „დოჟდის“ გულშემატკივარი, ნიშნის მოგებით ამატებდა: „“დოჟდი“ რუსეთიდან გააძევეს, რადგან იგი პუტინის წინააღმდეგია და უკრაინის მხარესაა, ლატვიიდან კი გააძევეს, რადგან იგი პუტინის მხარესაა და უკრაინის წინააღმდეგ?!“.


ლიცენზიის ჩამორთმევა იურიდიული ქმედებაა, რომელიც, როგორც ირკვევა, ტელეკომპანიის მხრიდან გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდება. მათ შორის მთავარია ეთერის დროს ლატვიურ ენაზე მორბენალი სტრიქონის არგამოყენება. გოზმანის რეპლიკა მორალის სფეროდანაა და რიტორიკულ ხერხს წარმოადგენს. საქმის არსი კი უფრო ღრმადაა. ყოველ შემთხვევაში, რუსულ ანტიპუტინისტურ ბანაკსა და უკრაინაში წყალგამყოფი ჩარჩო თუ პრინციპები სწორედ ზემოთნახსენები ჩამონათვალი აღმოჩნდა.


პორტნიკოვი უხსნის „დოჟდს“, რომ საჭიროა მორალური სიცხადე და იგი გამორიცხავს რუსი ჯარისკაცების მიმართ რაიმე სიმპათიის, მითუმეტეს დახმარების შესაძლებლობას, სანამ ისინი აგრესიაში მონაწილეობენ; რომ „დოჟდი“, „ეხო მასკვსი“ თუ ზოგიერთი სხვა ლიბერალური მედია-საშუალება, რომელიც ბოლო დრომდე იყო ნებადართული რუსეთში, ორთქლის გამოშვებას თუ რეჟიმის გაკეთილშობილებას ემსახურებოდა; რომ იგივე მორალური სიცხადისათვისაა საჭირო, ლიბერალური თუ დამოუკიდებელი მედიები რეჟიმის მსახურებს ენის მოჩლექით არ ესაუბრებოდნენ, კორპორაციულ საღამოებზე არ პატიჟებდნენ. და საერთოდ, ბორტნიკოვის აზრით, „დოჟდის“ მიერ ლატვიის კანონმდებლობის იგნორირება იმპერიული მენტალიტეტის გამოვლინებაა.


როგორც გითხარით, ძლიერი გამოსვლაა...თუმცა კი კითხვებს აღძრავს:


„დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ, იმავე უკრაინულ მედიაში ა) ბოდიში მოიხადა ისეთ უსაქციელობაზე, როგორიც ყირიმის რუკის რუსულ ფერებში ჩვენება იყო; ბ) მკაფიოდ განაცხადა, რომ ჟურნალისტი, რომელმაც რუსი მობილიზებულების მიმართ სიმპათია არ დაიშურა და მათ თბილ წინდებს თუ რაღაც ამდაგვარს დაჰპირდა - გათავისუფლებულია სამსახურიდან. ლატვიური კანონმდებლობის დარღვევაზე, რაც ლატვიური მორბენალი სტრიქონის არდაყენებას ეხებოდა, წამყვანი რესპონდენტს არ ჩაკითხვია. სამაგიეროდ, გაირკვა, რომ „დოჟდის“ ერთ-ერთი საზოგადოებრივი ბრალმდებელი ვინმე აიდერ მუჟდაბაევია - მართლაც პრო-კრემლინური „მოსკოვსკი კამსამოლეცის“ ძველი თანამშრომელი. ეს ფაქტი აჩვენებს, თუ რა ძნელია პოსტსაბჭოურ რეალობაში იმის გარკვევა, ვინ ვინაა და ვის მხარესაა რეალურად.


ცნობილია რა „დოჟდის“ არაერთი რეპორტაჟი რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ და ისიც, რომ არხი არასოდეს იყო ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი, შეგვიძლია თუ არა, მის მთავარ ნიშნად მაინც კრემლის „სასარგებლო იდიოტიზმი“ და იმპერიალიზმი ჩავთვალოთ? დღეს ეს ტელეარხი რუსეთიდან გაქცეულია და, ლატვიური ლიცენზიით თუ ულიცენზიოდ, შეეძლება იუთუბზე რაიმე განსაკუთრებული რისკის გარეშე მაუწყებლობა. მაგრამ ვენდოთ მას? უფრო მეტიც, მორალურად გამართლებული უნდა იყოს მისით სარგებლობა, თუ იგი საეჭვო ორიენტაციის წყაროს კატეგორიაში გადავიყვანოთ?


პასუხის ნაცვლად, მინდა დავუბრუნდე ზემოთნახსენებ სამ საკითხს: პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, ნონკონფორმიზმი. როგორც ვახსენე, “დოჟდის“ საქმეში მე ამ თემა/პრინციპებთან მიმართება მაინტერესებს. მინიმუმ, არხის ჟურნალისტმა კარასტილიოვმა პროფესიული სტანდარტი დაარღვია, რაც მთავარმა რედაქტორმაც აღნიშნა: მისი რეპლიკით „დოჟდი“ რუსული არმიის ჯარისკაცთა ყოფაზე მზრუნველად გამოჩნდა. ამისათვის იგი სამართლიანად დაისაჯა. მთავარმა რედაქტორმა ცალსახად განაცხადა, რომ არხი არანაირ მატერიალურ დახმარებას არ უწევს რუს მობილიზებულებს: ერთადერთი, რითაც იგი მათ ეხმარება, გაქცევაში ინტელექტუალური მხარდაჭერაა. რომც არ იყოს ასე და კარასტილიოვის ნათქვამის უკან რაიმე რეალური იმალებოდეს, „დოჟდის“ მთავარი რედაქტორის disclaimer-ს მისი ეფექტი ნულზე დაჰყავს. მაგრამ აქ სხვაცაა - არხი რუსულია და შეიძლება მის კოლექტივს გული შესტკიოდეს რუს ჯარისკაცთა ბედზე თუ არა? ამ კითხვით პროფესიონალიზმიდან პატრიოტიზმის თემაზე გადავდივართ. პასუხი ერთია - თუ კონკრეტული ქვეყნის არმია სამხედრო დანაშაულს სჩადის, ამ ქვეყნის პატიოსან ჟურნალისტს მისი მარცხი უნდა სურდეს, თუნდაც ამ არმიაში ძალით გაწვეული მეზობლები თუ მეგობრები ჰყავდეს. ადამიანურად გასაგებია, რომ გულის სიღრმეში ამ დროს შეიძლება ტიროდეს, მაგრამ მის ცრემლებს საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით კი უკრაინა ვერ და არ მიიღებს. სხვათა შორის, უშუალოდ ძიადკოს ეს კარგად ესმის. მასაც თუ აქვს ასეთი ცრემლი დაღვრილი, იგი ამას უჩუმრად აკეთებს და უკრაინელების წინაშე მათ მხარდამჭერად რჩება ბევრად მეტი ხანია, ვიდრე მისი ზემოთნახსენები ბრალმდებელი.


რჩება ნონ-კონფორმიზმი. ვინ და რატომ შექმნა თავის დროზე „დოჟდი“? ვინ აფინანსებდა მას? მართალი რომ ვთქვა, არ ვიცი. იგი წლების წინ შეიქმნა და, ვფიქრობ, კრემლის ირგვლივ შემორჩენილ ე.წ. სისტემურ ლიბერალებთან ჰქონდა ბმა. ეს ცუდია და უსიამო. თუმცა ისიც საკითხავია, შეეძლებოდა მას სხვაგვარად მაუწყებლობა და, საერთოდ, რა კომპრომისების ფასად შეიძლება ტელეარხის გაკეთება ავტორიტარულ ქვეყანაში. ცხადია, რომ უკომპრომისოდ ეს არ ხდება. მაინც მგონია, რომ „დოჟდის“ დახურვა რუსეთში, მისი ჟურნალისტების დევნა ეფესბეს მიერ და ასობით სიუჟეტი, რაც მათ კრემლის საწინააღმდეგოდ გაუკეთებიათ,  ადამიანთა ამ ჯგუფს როგორც რეგიონის, ისე უშუალოდ რუსეთის არაიმპერიული მომავლისათვის მებრძოლთა ბანაკში ტოვებს. ოღონდ მოცემულ მომენტში მათთან მართალია უკრაინაც და ლატვიაც. მაშ ვინღა ტყუის? ვგონებ, ა) არავინ - ასეც ხდება ხოლმე; ბ) „რომის პაპზე უფრო კათოლიკე“ მისი მაგინებელი რუსები.

bottom of page