top of page

ინიციატივა ,,ტრიბუნალი პუტინისთვის“ კონკრეტულ შტრიხებს იძენს

Image-empty-state.png

ნინო იმედაშვილი | ბლოგ-პოსტი | 12 დეკემბერი, 2022

 

11 ნოემბერს, 8 თვიანი რუსული ოკუპაციის შემდეგ, უკრაინის მიერ ქალაქ ხერსონის განთავისუფლებამ და ომის დანაშაულების  400-მდე მორიგი მტკიცებულებების აღმოჩენამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა რუსული ომის გენოციდური ხასიათი.

 

უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის დანაშაულზე საერთაშორისო ფორმატით ტრიბუნალის შექმნას მხარს უჭერენ როგორც ომის დანაშაულების სპიციალისტები ისე ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი პოლიტიკური პირები. აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმაც  რეზოლუციით აღიარა რუსეთის ქმედება უკრაინაში გენოციდად და უკრაინის  წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის რუსი პოლიტიკური და სამხედრო პირებისთვის  საერთაშორისო ტრიბუნალების შექმნასაც მხარი დაუჭირა.

 

დისკუსია დაწყებულია ფორმატის შესახებაც. მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაეროს ეგიდით ,,სპეციალიზებული სასამართლოს“ შექმნის ინიციატივა დააყენა. ამავე  ინიციატივაში მან განაცხადა, რომ უკრაინას მიყენებული ზარალისთვის რუსეთმა 600 მილიარდი  უნდა გადაუხადოს. ევროკავშირი ამ მიზნით გამოიყენებს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინულ 300 მილიარდ ევროს რეზერვს და რუსი ოლიგარქების, ასევე, გაყინულ 19 მილიარდ ევროსაც.

 

გაეროს ფორმატში საერთაშორისო ტრიბუნალის საკითხზე ტელეკომპანია ,,დოჟდთან“ ინტერვიუში უფლებადამცველ  ევგენი ზახაროვმა განაცხადა, რომ გაეროს ფორმატი ტრიბუნალის ლეგიტიმურობას გაზრდიდა, თუმცა რუსეთის ვეტოს უფლების გამო საეჭვოდ მიიჩნევს ამ ფორმატით ტრიბუნალის შექმნას. მისივე თქმით, დანაშაულების სიმრავლე  (მხოლოდ უკრაინას 34,000-მდე ომის დანაშაულის მტკიცებულება უკვე დოკუმენტირებული აქვთ) ეროვნულ დონეზე გამოძიებას შეუძლებელს, ხოლო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას კი გარდაუვალს ხდის.

 

ბრიტანელის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა უკრაინის მხარდამჭერ სახელმწიფოებს: ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთს, შვედეთს და ბალტიის ქვეყნებს გაუგზავნა წერილობითი იდეა  საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი ნიურნბერგის ფორმატის მოდელზე შეექმნათ.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელი მაღალჩინოსნების ომის დანაშაულში გასამართლებას ქალაქ ნიურნბერგში მეორე მსოფლიო ომის მოკავშირე სახელმწიფოებმა საბჭოთა კავშირმა, დიდი ბრიტანეთმა, აშშ-მ და საფრანგეთმა 1945 წლის 8 აგვისტოს ლონდონის შეთანხმებით საფუძველი დაუდეს. ნიუბრგის გამეორება ანუ ,,ახალი ნიურნბერგი“ ახლა უკვე რუსეთისთვის იმ რეალობიდან გამომდინარე, როცა კრემლმა მეორე მსოფლიო ომის კონტექსტი მოარგო მის ბრძოლას უკრაინელებთან, რადგან ახლა უკრაინელები არიან ,,ფაშისტები“/,,ნაცისტები“ და ამიტომ რუსების მტრები, ლოგიკური დასასრული იქნება აგრესორისთვის.

 

უკრაინის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ისეთ საერთაშორისო ტრიბუნალზე შეთანხმება, რომელიც უკრაინის  წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის,  პირველ რიგში, პასუხისმგებლობას პუტინს და მის უახლოესს გარემოცვას დააკისრებს.  რადგან  მთლიანობაში პუტინი და მისი მინისტრები შოიგუ, ლავროვი და სხვები არიან პასუხისმგებლები იმ საშინელ დანაშაულებზე, რომელთა მოწმენიც ვართ.

 

ეს ტრიბუნალი არ ანაცვლებს  ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომლის ამჟამინდელმა პროკურორმა კარიმ ხანმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან უკრაინაში მეოთხე დღეს  საკუთარი ინიციატივით გამოთქვა სურვილი წინასწარი მოკვლევა დაეწყო. თუმცა ჰააგის სასამართლო ქვეყანას აგრესიის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას არ აკისრებს. ამიტომაა მნიშვნელოვანი ცალკე ტრიბუნალი, რაზეც მსჯელობა მიდის. ჰააგა პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობას სამ კონკრეტულ დანაშაულზე აკისრებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, ესენია: ომის დანაშაულზე, დანაშაულზე კაცობრიობის წინააღმდეგ და გენოციდზე.

 

დევიდ შეფერი, ომის დანაშაულებში აშშ-ს პირველი ელჩი (1997-2001 წწ.), ყოფილი იუგოსლავიის და რუანდის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალებისა და სიერა ლეონესა და კამბოჯის წითელი ქმერების რეჟიმის დანაშაულებათა სპეციალური სასამართლოს ერთ-ერთ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სამივე დანაშაული უკრაინაში უკვე სახეზეა. განურჩეველი დაბომბვისგან მასობრივად განადგურებული სამოქალაქო, სამედიცინო, წყალმომარაგების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის აკრძალული კლასტერული იარაღის გამოყენებით ითვლება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად. გენოციდის აქტებიც ვიხილეთ -უკრაინელების,  როგორც ეროვნული ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული მასობრივი მკვლელობები თავში მიბჯენით ხელებშეკრული და შემდეგ საერთო საფლავში ჩაყრილი მოქალაქეები (ბუჩაში 400 ცხედარი, იზუმში 450 ცხედარი და ა.შ.). ასევე, გენოციდის აქტებია თავშესაფრების (მარიუპოლში), ჰუმანიტარული კორიდორების, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სამედიცინო ცენტრებზე სარაკეტო იერიში 248-ჯერ მიიტანეს 2022 წლის მაისის მდგომარეობით) მიზანმიმართული დაბომბვა და უკრაინიდან რუსეთში 1 მილიონი უკრაინელის -  აქედან 180,000 ბავშვი - იძულებით გასახლება.   

 

ამ დანაშაულებზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამოკვეთას დრო სჭირდება. (მაგ: 2008 წლის აგვისტოს ომის დამნაშავე სამ მაღალჩინოსანზე  ჰააგამ ორდენი 2022 წელს გამოსცა). უკრაინის შემთხვევა იქნება ალბათ გამონაკლისი ამ მხრივ, რადგან ომის დანაშაულების ასეთი სწრაფი აღნუსხვა პირველია ისტორიაში. რაც ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების გაერთიანების ,,ტრიბუნალისთვის“ აქტივისტების დიდი დამსახურებაა.  

 

მართალია, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას რუსეთი არ აღიარებს და არ აპირებს სასამართლოსთან თანამშრომლობას, თუმცა, სასამართლოს  მიერ გაცემული დაკავების ორდენი ნებისმიერ სხვა 123 ხელმომწერ ქვეყანაში ამოქმედდება. გარდა სამართლებრივისა, ჰააგის გადაწყვეტილებას  დიდი პოლიტიკურ დატვირთვა ექნება. ომის დამნაშავის სახელი რთული სატარებელია - თუნდაც,  რუსეთში. თანამდებობების შენარჩუნება სულ უფრო გაუჭირდებათ.

 

უშუალოდ პუტინის გასასამართლებლად საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს. მართალია ის უარყოფს ყველა ბრალდებებს და ბუჩის სიმხეცესაც კი „დადგმულს“ უწოდებდა, მაგრამ არსებობს პუტინის და პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფი პირების საჯარო განცხადებები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს გენოციდის საჯარო წაქეზებაზე.

 

ამერიკის სტრატეგიისა და პოლიტიკის ინსტიტუტმა New Lines-მა და კანადურმა რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ყველა ასეთ განცხადებას თავი მოუყარა და დაადგინა, რომ გენოციდის კონვენციის III პუნქტი დაარღვიეს პუტინმა და მისმა გარემოცვამ, გენოციდის საჯარო წაქეზებით. ეს არის ცალკე დანაშაული, მიუხედავად იმისა, მოჰყვება თუ არა მას გენოციდი. პუტინის განცხადებას კი მოყვა არაერთი ფაქტი, რომლის მტკიცებულებები ამავე ანგარიშში თავმოყრილია რაც ტრიბუნალისთვის ნამდვილად საშური საქმეა.

 

ანგარიშიდან მხოლოდ იმ ნაწილს მოვიყვან, რომელიც მიჩნეულია მტკიცებულებებად უმაღლესი პოლიტიკური ელიტის ან კრემლის მედია კომენტატორების მიერ  გენოციდის ქმედების წაქეზების ან წახალისებისთვის. გენოციდი პოლიტიკური პირების წაქეზებით იწყება ამიტომ საერთაშორისო ტრიბუნალი პუტინს და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებს პირველ რიგში ამ მუხლითაც გაასამართლებს.

 

პუტინი და მისი სპიკერები საჯარო განცხადებებში:

 

ა) უკრაინული ერის და მათ იდენტობას  უარყოფდნენ, რაც გულისხმობს იმას, რომ ვინც თავს უკრაინელად თვლის, საფრთხეს უქმნის რუსეთის ერთიანობას, არიან ნაცისტები და ამიტომ დასჯას იმსახურებენ.

 

ბ) "სარკისებრი  ბრალდებებს უყენებდნენ მსხვერპლს" - უკრაინელებს ისეთ   სისასტიკეების დაგეგმვაში ან ჩადენაში ადანაშაულებდნენ, რასაც თავად გეგმავდნენ

 მათ წინააღმდეგ, რათა უკრაინელების მიმართ ძალადობა როგორც თავდაცვად და აუცილებელი ქმედებად გამოჩენილიყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა სრულიად ცრუ პრეტენზია წაუყენეს უკრაინას, რომ უკრაინამ ჩაიდინა მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკრაინაში. ეს გახადეს საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის.

 

გ) აგრესია „დენაციფიკაციისთვის“ -  რუსეთის ოფიციალური პირები და სახელმწიფო მედია უკრაინის ,,დეჰუმანიზაციას“ მიმართავდნენ. უკრაინა როგორც ერი არ არსებობს და ის რუსეთის ნაწილია. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა შეჭრის გამართლება - „დენაციფიკაცია“ ანუ ერის განადგურება უნდა მოეხდინათ. ასევე, უკრაინელებს ახასიათებდნენ როგორც არასრულფასოვან, უღირს სუბადამიანებად, რომლებიც ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენდნენ რუსეთისთვის (მოიხსენიებდნენ "ნაცისტებად", "მესამე რაიხად"). რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი წერს: „მესამე რაიხად გარდაქმნის შემდეგ... იგივე ბედი ეწევა უკრაინას… რასაც იმსახურებს! ამ ამოცანების შესრულება შეუძლებელია მყისიერად. და არა მხოლოდ ბრძოლის ველებზე გადაწყდება“. მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა  კავშირის გამარჯვების აღნიშვნის  წინა დღეს, პრეზიდენტმა პუტინმა ტელეგრამა გაუგზავნა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ,,სეპარატისტებს“ უკრაინაში, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსები იბრძვიან „მათი მშობლიური მიწის ბინძური ნაცისტებისგან გასანთავისუფლებად“, და რომ „გამარჯვება ჩვენი იქნება, როგორც 1945 წელს“.  რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საჯაროდ გააძლიერა ეს ისტორიული პარალელი და შეაქო რუსეთის ბრძოლა ,,ნაცისტების“ წინააღმდეგ.

 

დ) ,,სისასტიკის“ დაჯილდოვება -  პუტინმა საჯაროდ დააჯილდოვა ის ჯარისკაცები, რომლებზეც არსებობს მტკიცებულებები, რომ უკრაინაში მასობრივ მკვლელობებში მიიღეს მონაწილეობა. ანალოგიურად მოიქცა პუტინი 2008 წლის აგვისტოს ომის დამნაშავეების მიმართაც - სამხრეთ ოსეთის ,,შსს მინისტრს“ მიხეილ მინძაევის  გმირის წოდება მიანიჭა ომის შემდეგ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კი 2022 წელს მასზე დაკავების ორდენი გასცა და პასუხისმგებლობა დააკისრა ქართველი სამოქალაქო და სამხედრო პირების თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებასა და არაადამიანური მოპყრობაში, ასევე ადამიანის ღირსების შელახვასა და მძევლების აყვანაში.  

 

ანგარიშში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკე  ეხმაურება სახელმწიფო პროპაგანდისტულ კამპანიის შინაარსს. მსხვერპლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ჯარისკაცები იყენებდნენ იმავე ტერმინოლოგიას: გაუპატიურების მუქარისას „ყველა ნაცისტი მეძავია“, „ნაცისტებზე ნადირობა“, ან მოვინადირე ნაცისტი, „ჩვენ გაგათავისუფლებთ ნაცისტებისაგან“, „ჩვენ აქ ვართ რომ გაგწმინდოთ  ჭუჭყისაგან.“

 

რუსეთის პოლიტიკოსების გენოციდის წამქეზებელი საჯარო განცხადებების და სამხედრო პირების გენოციდური ქმედებების თანხვედრამ მიუმხრობელი ქვეყნებიც კი უკრაინის მხარეს დააყენა. მაგალითად, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუჩის საშინელებას ომის დანაშაული უწოდა.

 

 კრემლის პროპაგანდისტებისთვისაც  ,,ტრიბუნალი პუტინისთვის“ ნომერ პირველ განხილვის თემად გადაიქცა, რადგან მათ გააცნობიერეს, რომ ის მხოლოდ პუტინისთვის არ იქნება. პუტინის ომისთვის სასჯელს ყველა გაინაწილებს და ეს მხოლოდ ქვეყნის იზოლაციით გამოწვეული სიდუხჭირესთან გამკლავებას არ მოიცავს. ამას ემატება შიდა უკმაყოფილებაც, ნებისმიერი წარუმატებლობა ფრონტზე შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის რისკს ზრდის, რაც საფრთხეს პუტინის ,,მომსახურე პერსონალსაც“ უქმნის. 

 

,,თუ ვერ გავიმარჯვებთ, პრეტენზიები შეეხება ყველას გამონაკლისის გარეშე,“ განაცხადა, კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ოლგა სკაბეევამ.

 

„ჰა­ა­გა ელო­დე­ბა დამ­ლა­გე­ბელ­საც კი, რო­მე­ლიც კრემ­ლის კედ­ლის მიღ­მა ქვა­ფე­ნილს წმენ­დს. ამი­ტომ, ჰა­ა­გის გე­ში­ნო­დეთ," განაცხადა Russia Today-ს მთა­ვა­რმა რე­დაქ­ტო­რმა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნმა.

 

 ეს  განცხადებები გამოხატავს  კრემლის პოლიტიკური ელიტაში გაბატონებული შიშის განწყობებს. ესაა საერთაშორისო გასამართლების ან შიდა დესტაბილიზაციით დასჯის შიში, რომელსაც ინსტინქტით გრძნობენ რომ ძალიან ახლოსაა. 

 

bottom of page