top of page

რეჟიმის ცვლილება რუსეთში - რამდენად შესაძლებელია?

Image-empty-state.png

ზურაბ ჭიაბერაშვილი | ბლოგ-პოსტი | 1 დეკემბერი, 2022

საერთაშორისო საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ნათელია, რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება რუსეთის მიერ 2014 წელს წამოწყებულ ომში: საერთაშორისოდ აღიარებული (1991 წლის) საზღვრების ფარგლებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენა. ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ამ გამარჯვების ბონუსიცაა და ლოგიკური გაგრძელებაც - უკრაინა იქნება ევროპის უსაფრთხოების კედელი, ბეტონი, ქვა და რკინა, რაც მის ეკონომიკურ წარმატებასაც გულისხმობს და კბილებამდე შეიარაღებასაც.


უკრაინის გამარჯვებისგან განსხვავებით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთლად ნათელი არაა, რას ნიშნავს რუსეთის დამარცხება. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დასავლეთის ლიდერები დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ ფრაზას „რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“, მაგრამ არ ამბობდნენ ფრაზას „რუსეთი უნდა დამარცხდეს“.


კონვენციური აზრით, რა თქმა უნდა, დამარცხებაა საერთაშორისოდ აღიარებული (1991 წლის) საზღვრების ფარგლებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენა. რა თქმა უნდა, რუსეთის დამარცხება იქნება უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაც: 2022 წლის 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთ-ერთი casus belli ხომ ნატოს აღმოსავლეთით, რუსეთის უშუალო საზღვრამდე გაფართოება იყო.


უკრაინის ტერიტორიაზე თანამედროვე სტრატეგიული შეიარაღების განთავსებაც (რაც მოჰყვება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას) ასევე სამხედრო მარცხისა და პუტინის სტრატეგიული შეცდომის ნაწილი იქნება. ამ ჩამონათვალს შეგვიძლია მივამატოთ კალინინგრადის ოლქის (მინიმუმ) დემილიტარიზაცია, ბელორუსის დემოკრატიზაცია, მოლდოვიდან რუსეთის მე-14 არმიის გაყვანა (ან მისი განადგურება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ), შავი ზღვის ფლოტის ჩაძირვა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დაგვიტოვებს უკმარისობის განცდას.


რა მოხდება თავად რუსეთში? - ესაა რუსეთის დამარცხების განტოლების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე უცნობი ცვლადი. მასზეა დიდწილად დამოკიდებული საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის სრულფასოვანი აღდგენა შემდეგი აზრით:


  • მინიმუმ მსოფლიომ, განსაკუთრებით დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის მერყევმა ნაწილმა, უნდა დაინახოს, რომ ავტორიტარი აგრესორი მარცხდება არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ საკუთარ ქვეყანაშიც;


  • და მაქსიმუმ ავტორიტარი აგრესორი ჰააგაში საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს.

უკრაინის, როგორც ევროპის უსაფრთხოების სისტემის აღმოსავლეთ ბასტიონის გამაგრება და კბილებამდე შეიარაღება არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია თავად რუსეთის ძირეული ტრანსფორმაციის გარეშე. ტრანსფორმაციის შესაძლებლობის გაჩენისთვის კი აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.


დასავლეთის ოფიციალური პირები მკაცრად მისდევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და არ საუბრობენ რუსეთში რეჟიმის ცვლილებაზე. პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ვარშავაში 26 მარტს წარმოთქმული სიტყვის ბოლოს გაჟღერებულმა ფრაზამ „ეს კაცი როგორ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში?!“ დასავლეთში კრიტიკა დაიმსახურა. ახლაც, როდესაც ჰააგის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მიდის საუბარი, რუსეთში რეჟიმის ცვლილებას დასავლელი ლიდერები დელიკატურად უვლიან გვერდს.

ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთში არ ესმით ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისათვის რუსეთში რეჟიმის ცვლილების მნიშვნელობა. ესმით, მაგრამ, საერთაშორისო სამართლის ნორმებს მიღმა, ყველაზე დიდი დაბრკოლება შემდეგია: არ არსებობს მკაფიო წარმოდგენა, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. ექსპერტებისა და ანალიტიკოსების, ასევე ევროპაში დევნილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ ორი საბაზისო სცენარი განიხილება:


  • კარის გადატრიალება. ამ სცენარში პუტინის გარემოცვა მიდის დასკვნამდე, რომ მთელი პასუხისმგებლობის პუტინზე აკიდებისა და მისი მოცილების გარეშე რეჟიმი ვერ გადარჩება;


  • მასობრივი ჯანყი. ამ სცენარში ჯანყი შეიძლება დაიწყოს სოციალურ ან ეთნიკურ ნიადაგზე.


ამ სცენარების რეალისტურობაზე მსჯელობა უმადური საქმეა, თუმცა, შესაძლებელია, ვიმსჯელოთ იმაზე, რამ შეიძლება მისცეს ბიძგი ან ერთ, ან მეორე სცენარს, ან ამ საბაზო სცენარების რაიმე კომბინაციას. კარის გადატრიალებას ან მასობრივ ჯანყს ბიძგი შეიძლება მისცეს:


  • მორიგმა სამხედრო ფიასკომ. ანალიტიკოსები ასეთად განიხილავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ყირიმზე კონტროლის აღდგენას ან ზაპოროჟიეს, დონეცკის თუ ლუჰანსკის რეგიონებში ისეთ გარღვევას, როგორიც ხარკოვის ან ხერსონის რეგიონებში მოხდა;


  • ცხოვრების დონის მკვეთრმა დაქვეითებამ. იმის მიუხედავად, რომ რუსეთში არ მოხდა ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა (ხდება მისი სამხედრო რელსებზე გადაწყობა და, საერთაშორისო სანქციების პირობებში, ნახევრად ჩაკეტილ სისტემად გარდაქმნა), სრული კონსენსუსია იმაზე, რომ ცხოვრების დონის დაქვეითება, და თანაც მკვეთრი, გარდაუვალია.


მორიგმა სამხედრო ფიასკომ (რომელიც აუცილებლად იქნება) და ცხოვრების დონის მკვეთრმა დაქვეითებამ რომ კარის გადატრიალებას ან მასობრივ ჯანყს არ მისცეს ბიძგი, რეჟიმის პროპაგანდისტები ამტკიცებენ: რუსეთს ნატო ებრძვის და, შესაბამისად, ასეთ დაპირისპირებაში სამხედრო წარუმატებლობაც დასაშვებია და გაჭირვება უნდა ავიტანოთ.


პროპაგანდის მიღმა, მასობრივი ჯანყის შესაძლებლობას ამცირებს ისიც, რომ საპროტესტო ბირთვი რუსეთს გარეთაა: მათ ან ომის დაწყებისთანავე დატოვეს რუსეთი, ან ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების პირველ დღეებში. სხვათა შორის, უკვე მომხდარი ნაწილობრივი და მოსალოდნელი საყოველთაო მობილიზაცია მასობრივი ჯანყის შესაძლებლობას ამცირებს სხვა კუთხითაც: მთელი საზოგადოება ხდება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ აქტიური თანამონაწილე (პასიური ახლაც არის).

იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა დღევანდელ რუსეთში პროტესტის რაიმე შესაძლებლობა (რუსეთის სამხრეთში ეთნიკურ ნიადაგზე შეიარაღებული პროტესტის დაწყების გარდა), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსი დამოუკიდებელი სოციოლოგების მიერ რუსული საზოგადოებისა და რიგითი რუსის სოციო-ფსიქოლოგიური ანალიზი. იმის მიუხედავად, რომ ავტორიტარულ რეჟიმში სოციოლოგიური კვლევების შედეგების სანდოობა ეჭვს იწვევს, ანალიტიკური „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევები ზოგად ტენდენციას ნამდვილად ავლენს.


 „ლევადა-ცენტრის“ აკადემიური ხელმძღვანელი, ორტომეულის „Возвратный тоталитаризм“ ავტორი ლევ გუდკოვი 2022 წლის ივლისის წერილში „ადაპტაციის სამი ფაზა: უკრაინასთან ომი რუსულ საზოგადოებრივ აზრში“ წერს: „ჩემი თავდაპირველი ვარაუდი, რომ უკრაინასთან ომი საკმაოდ მალე გამოიწვევდა საზოგადო უკმაყოფილებას და პროტესტს მოსახლეობაში, რომელიც შოკს მიიღებდა რუსეთის დაუსაბუთებელი აგრესიით, ნგრევითა და ადამიანური მსხვერპლით, არ გამართლდა სოციოლოგიური კვლევების თანახმად. არასწორი აღმოჩნდა ის წანამძღვარიც, რომ, ერთი მხრივ, მსოფლიო თანამეგობრობის გარდაუვალი სანქციები და, მეორე მხრივ, მოსახლეობის ცხოვრების დონის დაქვეითება, სოციალური დანახარჯების შემცირება, „ობივატელის“ კეთილდღეობაზე ომის შედეგებისა და გავლენის გაცნობიერება გარდაუვალად, თანაც დროის მოკლე მონაკვეთში, ხელისუფლებისადმი უარყოფითი განწყობების ზრდას გამოიწვევდა.“ (ამ წერილს იხილავს ისტორიკოსი სერგეი მედვედევი ლევ გუდკოვთან რადიო „თავისუფლებისთვის“ ჩაწერილ ინტერვიუში.)


მართალია, წერილი ხარკოვის რეგიონში რუსეთის არმიის ფიასკომდე და ხერსონის დაკარგვამდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვითაა დაწერილი, მაგრამ ანალიზი, რითაც ლევ გუდკოვი თუნდაც ომის პირველი 4 თვის განმავლობაში დაფიქსირებულ მყარ განწყობებს ხსნის, სავარაუდოდ, კვლავ გაუძლებს მორიგ სამხედრო ფიასკოს და ცხოვრების დონის განუხრელ დაქვეითებას.


გუდკოვის Homo Putinus ნაწყენი, გაბრაზებული, შურისძიებით გამსჭვალული ადამიანია. „პროპაგანდისა და სხვა სოციალური ინსტიტუტების ხანგრძლივმა მოქმედებამ ააღორძინა საბჭოთა ტიპის ტოტალიტარული პოლიტიკური კულტურა, რომელიც ადამბლავებს სუბიექტური შეხედულების ფორმირებისა და რეპრესიული ხელისუფლების მოქმედების შეფასების უნარს,“ - წერს გუდკოვი. წერილში მოყვანილ ამ მონაცემებში კარგად ჩანს, რომ Homo Putinus, რომელსაც სრული იდენტიფიცირება აქვს ძალაუფლების მპყრობელთან, გაურბის საკუთარ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას.

გუდკოვის აზრით, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა, მორალისა და პასუხისმგებლობის მოშლა, ცინიზმი იმ სასოწარკვეთის შედეგია, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩენილი იმედების გაცრუებას მოჰყვა. Homo Putinus-ს ეგონა, რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრებდა და რაკიღა ეს არ გამოვიდა, ყველა და ყველაფერი სძულს საკუთარი თავის ჩათვლით. ამ არასრულფასოვნების განცდისგან გაქცევის ერთადერთი საშუალება ხელისუფლებასთან იდენტიფიკაცია და წარსულის მითებით („მესამე რომი“) ნაკვები ყალბი უპირატესობის მოპოვებაა. ასეთი ადამიანი თანხმდება მორჩილებას და სახელმწიფოს თავნებობას არა მხოლოდ სხვაზე (მაგალითად, უკრაინელებზე), არამედ თავად მასზეც.


თუ „ლევადა-ცენტრის“ კვლევების შედეგები და მათი გუდკოვისეული ანალიზი სწორია, მაშინ სოციალურ ნიადაგზე მასობრივ ჯანყს რუსეთში უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ. მასობრივი ჯანყის შიშის გარეშე კი არც კარის გადატრიალებაა მოსალოდნელი. თუ რეჟიმი პროპაგანდითა და რეპრესიული მანქანით შეინარჩუნებს სტაბილურობას, გაუგებარია, რატომ უნდა მოახდინოს რეჟიმის ლიდერის ჩანაცვლების ინიცირება.


დასავლურმა სანქციებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რუსულ ეკონომიკას, მაგრამ მოსკოვს, პეტერბურგსა და რამდენიმე პოლიტიკურად მნიშვნელოვან დიდ ქალაქს ჯერ მკვეთრად არ უგრძნია ცხოვრების დონის დაქვეითება. თანდათან ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ არა მყისიერად. უკვე ცხადია, რომ უკრაინამ საერთაშორისოდ აღიარებული (1991 წლის) საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი სრულადაც რომ აღიდგინოს, დასავლური სანქციები ავტომატურად არ მოიხსნება. სანქციების გაგრძელების მიზანი ძირეული ტრანსფორმაციისთვის რუსეთის იძულება იქნება, რა თქმა უნდა, რეჟიმის ცვლილების პერსპექტივით.

 

bottom of page