top of page

პარეტოს კანონი ბრაუდერის ხედვით: მიწვდება იგი ივანიშვილს?

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 24 ნოემბერი, 2022

ბილ ბრაუდერი

კიევში გადასახლებული ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ევგენი კისილიოვის საუბარი ბილ ბრაუდერთან მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც  საინტერესოა და რუსული პოლიტეკონომიის მკვლევართათვისაც. საუბარი ახლახანს, ნოემბერში შედგა და ბრაუდერის წიგნის „აქტივთა დაპატიმრება“ რუსულენოვანი ვერსიის გამოქვეყნებას მიეძღვნა. ბილ ბრაუდერი იმითაა ცნობილი, რომ პუტინური პირამიდის ორი რუსი მტრის, ბორის ნემცოვის და ვლადიმირ კარა-მურზას თანადგომით, მან მიაღწია პუტინისათვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საერთაშორისო სანქციის, ე.წ. მაგნიცკის სიის მიღებას ამერიკული და ევროპული საკანონმდებლო ორგანოების მიერ. ნემცოვის მკვლელობაშიც და კარა-მურზას ამჟამინდელ პატიმრობაშიც ამ ისტორიამაც შეიტანა წვლილი. არსებითად, ბრაუდერი-ნემცოვი-კარამურზას გზის შემდგომი გამგრძელებელი იყო ალექსეი ნავალნი. ეს გზაა რუსული პოლიტიკური ეკონომიის ანატომიის ამოხსნა.


ევგენი კისილიოვი კითხულობს, თუ რატომ გამწარდა პუტინი მაგნიცკის სიის თავდაპირველ ვერსიაზე - მასში შეყვანილი და სანქცირებული რუსები ხომ საჯარო და საპოლიციო ბიუროკრატიის მხოლოდ საშუალო რგოლის ის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ გრაუდერის რუსი ადვოკატის, მაგნიცკის დაღუპვასთან ციხეში. მაგნიცკიმ გამოავლინა ხაზინის ქურდები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ამის გამო იგი დასჯილიყო. საქმე ისაა, რომ როგორც მოგვიანებით, 2017 წელს გაირკვა, ეს ადამიანები ფულს პუტინის მეგობარს, ჩელოისტს, სერგეი როლდუგინს ურიცხავდნენ. ე.წ. პანამას საქმიდან ირკვევა, რომ ამ ჩვეულებრივ მუსიკოსს ოფშორებში 2 მილიარდი აშშ დოლარი ჰქონდა. რატომ? პასუხი ლოგიკურია - ეს ფული მას მიაბარეს, რადგან იგი პუტინის ახალგაზრდობის მეგობარია. მსგავსი რამ მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - ასე პუტინი აგროვებდა და ინახავდა პირად სიმდიდრეს, რადგან თუ არა საიდუმლოდ, საბანკო ანგარიშების ფიქტიური მფლობელების გამოყენებით, რუსეთის თვითმპყრობელი ამ ჭუჭყიან ფულს ვერ მიითვისებდა.


თუ პუტინამდე წილი მაგნიცკის მიერ მიკვლეული კონკრეტული სახაზინო ქურდობიდანაც მივიდა, რაც დაკავშირებული იყო ბილ ბრაუდერისათვის რუსეთში გახსნილი კომპანიების წართმევის ჩახლართულ საქმესთან, ნათელი წარმოსადგენია, რომ ეს არამც და არამც არაა ერთეული შემთხვევა. ერთადერთია ის ლოგიკური სურათი, რასაც ბრაუდერი კისილიოვთან საუბარში ხატავს: პუტინი მაფიის ბოსია, იგი პირამიდის სათავეში ზის და წილს ყველა მეტნაკლებად სოლიდური ტრანზაქციიდან იღებს. მისი სიმდიდრის ნაწილი როლდუგინის მაგვართა მეშვეობით აკუმულირდება, ნაწილი კი ე.წ. ოლიგარქებზე მინდობილი ქონებიდან.


ციტატა ბრაუდერის ინტერვიუდან: „მაგალითად, როცა ხედავთ ფორბსის სიაში 16 მილიარდიან ოლიგარქს, უნდა იფიქროთ, რომ სინამდვილეში ის არ ღირს 16 მილიარდი, არამედ შეიძლება მხოლოდ ნახევარი. დანარჩენი პუტინისა და უსაფრთხოების სააგენტოთა სხვა წევრებისათვისაა. . .რუსეთიდან  მომდინარე ჭუჭყიანი ფულის ანალიზის საფუძველზე ვფიქრობთ, რომ პუტინმა და დაახლოებით ათასმა კაცმა მის ირგვლივ 22 წლის განმავლობაში ერთი ტრილიონი დოლარი მოიპარეს“. ბრაუდერის ანალიზით, დანსკის, რაიფაიზენის, კრედიტ სუისის და სხვა ბანკების მეშვეობით ირეცხებოდა ეს ფული. მისი თქმით, რუსი მილიარდერები, არსებითად, პუტინის „კონჩილიერები“ (მაფიის ბოსთა ფინანსური მრჩევლები და მენეჯერები) არიან. შესაბამისად, მგონია დროა, აშკარად არაადეკვატური ტერმინი - ოლიგარქი - კონჩილიერით ჩავანაცვლოთ.


ინტერვიუს ბოლოსკენ, ბრაუდერი იხსენებს ბიზნესში ყოფნისას ნასწავლ წესს, რომლის თანახმად ადამიანის ქმედებების მხოლოდ 20% იძლევა 80% შედეგს, დანარჩენი ქმედებები კი ნაკლებეფექტურია. ეს ვილფრედო პატეროს ცნობილი ფორმულაა, რომელიც სხვადასხვა კონტექსტებში მოქმედებს. ბრაუდერისათვის კი საქმე ისაა, რომ პირველ რიგში ასზე მეტი ე.წ. ოლიგარქი/კონჩილიერია დასასანქცირებელი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ფიქრი ნავალნის მომხრეთა მიერ შედგენილ სანქცირებული 6000 კაციან სიაზე. ბრაუდერის ლოგიკით სწორედ ასე გამოთავისუფლდება უკრაინის აღორძინებისათვის საჭირო თანხები - უშუალოდ პუტინის და მისი უახლოესი გარემოცვის ჯიბიდან.


შეიძლება დავამატოთ, რომ ასეთ პირთა ანგარიშების გაყინვა/კონფისკაციით პუტინის მაფიურ პირამიდას თავი წაეცლება, იგი ფინანსური ბალიშის გარეშე დარჩება. დაინგრევა რუსული პოსტ-კომუნისტური პოლიტიკური ეკონომიაც. რუსული აგრესიის ქვეშ მყოფი საქართველოსთვის ეს უაქტუალურესი საკითხია. მაგრამ ჩვენ სხვა, კერძო ინტერესიც გვაქვს: ამ ოლიგარქ/კონჩილიერთა მეგობარი და პარტნიორი რომ ბიძინა ივანიშვილია, ეს არავისთვისაა საიდუმლო. მასაც აქვს მილიარდები და, მიუხედავად იმისა, რომ იგი რუსეთიდან წლებია, რაც წამოვიდა, ბრაუდერის ჩემთვის დამაჯერებელი ლოგიკით მისი ქონების ნახევარიც პუტინისა და მისი „ოპრიჩნიკების“ წილი უნდა იყოს. აბა ისე რატომ შეუწყობდა ხელს პუტინური სისტემა ივანიშვილის გამდიდრებას - ლამაზი თვალებისათვის? სხვა ალტერნატივა არ ჩანს. კი, ეს ვარაუდია, მაგრამ ისეთი, რომელსაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაეცემა დოკუმენტირებული პასუხი.

 

bottom of page