top of page

„ზღვიდან ზღვამდე“ კონცეფცია და ონავარი პუტინი

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 7 ნოემბერი, 2022

ეძღვნება 11 ნოემბერს, პოლონეთის ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს


პუტინის დისკურსი რუსული პოლიტიკის სარკეა. იგი ბევრი რამით გამოირჩევა, რაზეც ადრეც ვწერდი. ამჯერად ყურადღება მიიქცია ბავშვურ-ონავრულმა აქცენტებმა, რითიც ევრაზიის თვითგამოცხადებული დიქტატორი პოლონეთს სწამებს ცილს. 4 ნოემბერს, რუსი ხალხის ე.წ. ერთობის დღეზე პუტინი ისტორიკოსებსა და „ტრადიციული რელიგიების“ წარმომადგენლებს შეხვდა. ეს დღე იყო, აგრეთვე, რუსეთის ისტორიული და სამხედრო-ისტორიული საზოგადოებების 10 წლისთავი, პუტინი კი უკვე წლებია ისტორიითაა გატაცებული და ამ ჟანრში საკუთარ კალამსაც ცდის.


თავისთავად, ეს დღესასწაულიც მიუთითებს თუ სადაა დღევანდელი რუსეთის ოფიციალური იდეოლოგიის ნიშანსვეტები. 4 ნოემბერმა (ძველი სტილით, 22 ოქტომბერი) 2005 წლიდან ჩაანაცვლა 1917 წლის ოქტომბერ/ნოემბრის „რევოლუციის“ ზეიმი რუსეთში. არა, ლენინურ გადატრიალებას აღარც ელცინი სცემდა პატივს, მაგრამ იმპერიულ მითოლოგიაში გადაშვება ეს მაინც უფრო პუტინის Now-how აღმოჩნდა. „ხალხის ერთობის დღე“ ეძღვნება 1612 წელს კრემლიდან პოლონელების განდევნას, რომლის ორგანიზატორების, მინინისა და პოჟარსკის ძეგლი წითელ მოედანზე იმპერატორი ალექსანდრე პირველის ბრძანებით დაიდგა. სხვათა შორის, 1917 წლის შემდეგ ბოლშევიზმის „ანტიისტორიული“ ტალღა ამ ძეგლსაც ემუქრებოდა - ბოლშევიკებს ხომ არაფერი წმინდა არ სწამდათ და ძეგლის აღება/განადგურებაზეც ბჭობდნენ. მაგრამ ისტორიზმმა თუ იმპერიალისტურმა ტრადიციამ გადასძლია - ძეგლი მხოლოდ ჩააჩოჩეს, რომ სამხედრო აღლუმებისათვის არ შეეშალა ხელი.


თუმცა, დავუბრუნდეთ ონავრობას. პუტინმა განაცხადა და მკვდრეთით აღმდგარმა საინფორმაციო სააგენტო TACC-მა გაავრცელა, რომ მიუხედავად რთული ურთიერთობებისა „რუსეთი პოლონეთს მუდამ პატივით ეპყრობოდა“ (ეკატერინე მეორე, სტალინი და ტუხაჩევსკი ალბათ საფლავში გადატრიალდნენ დ.დ.), მაგრამ „ჩვენ ვიცით მათი ჩანაფიქრი ზღვიდან ზღვამდე დიდი სახელმწიფოს შექმნისაო“. მერე დასძინა, რომ ამაზე ახლა ცოტამ თუ იცის, უკრაინელი და პოლონელი ლიდერები ერთმანეთს ეხუტებიან, „მაგრამ ჩანაფიქრი ისევ ცოცხალია“ და „არქივები სათანადო დოკუმენტებს ინახავს“. ამ იქედნური ბოდვის (სხვაგვარად ვერ ვიტყვი) უფრო მკაფიო, ჯარისკაცული პირდაპირობით ნათქვამი ვერსიები პატრუშევს და მედვედევს ეკუთვნის - ერთი ამბობდა, რომ პოლონეთმა სავარაუდოდ დასავლეთ უკრაინის ოკუპაცია დაიწყო, მეორე კი პროვოკაციულ რუკებს აქვეყნებდა, რომელთა თანახმად პოლონეთის საზღვრებში კიევიც იყო მოქცეული.


არ ვიცი, რის მიღწევას იმედოვნებს ამ ცილის წამებით პუტინი. არ მგონია, კიევში ვინმეს სჯეროდეს ამისი. ყოველ შემთხვევაში, მილიონობით უკრაინელია დღეს პოლონური თავშესაფარის მადლიერი, პრეზიდენტი ანჟეი დუდა და პრემიერი მატეუშ მორავიეცკი კი შეგვიძლია გაბედულად ჩავრიცხოთ ვოლოდიმირ ზელენსკის ყველაზე დიდ ქომაგთა რიგებში. ამიტომ, გარდა თანდაყოლილი ავყიობის შეუკავებელი სურვილის დაკმაყოფილებისა, ალბათ ასეთი განცხადებები ისევ უფრო შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი - რუსული საზოგადოება ღრუბელივით იწოვდა და ინერციით ისევ იწოვს დეზინფორმაციას. რუსული ოფიციალური დეზინფორმაცია რომ ონავრობას შევადარე, ეგეც არაა შემთხვევითი. ცელქ ბავშვებს ახასიათებთ დაუჯერებელი და აბსურდული ბრალდებებით კომუნიკაცია. შემდეგ ეს კრიმინალთა ხელწერა ხდება, რასაც ერთი ანალიტიკოსი „სარკისებრ მეთოდად“ მოიხსენიებდა. მისი არსი შემდეგია: ქუჩის ავარა თუ ჯიბგირი, მოკლედ ე.წ. Гопник-ი, საათს გლეჯს მაჯიდან გამვლელს და იწყებს ყვირილს, რომ საათს მას სწორედ ეს გამვლელი ართმევდა. სანამ ხალხი და გაოგნებული გამვლელი რაიმეს მიხვდება, ავარა წყნარად ტოვებს აქტის განხორციელების ადგილს. დაახლოებით ასე წარმომიდგება რუსული საგარეო (პრინციპში საშინაოც) პოლიტიკა, ონავრობა-ბავშვურობა კი იმაშია, რომ ძალიან დაუჯერებელ ისტორიებს ქმნიან, როგორიც იყო, მაგალითად, დასავლეთის დადანაშაულება დაავადების გადამტან კოღოთა რაზმების ფორმირებაში. ამას წინათ, მგონი, არესტოვიჩმა თქვა - ეჭვი მაქვს, თავად სცადეს ქიმიურ კოღოთა ესკადრილიების შექმნა და არ გამოუვიდათო.


დავუბრუნდეთ პოლონეთს: რა თქმა უნდა, აქაც არის დეზინფორმაცია, რუსეთის აგენტურა ან „სასარგებლო იდიოტთა“ საკმარისი რაოდენობა. პოლონურ-უკრაინული წარსული სავსეა დრამატული ფურცლებით და სტეფან ბენდერას სახელსა თუ ქალაქი ლვოვის ისტორიას პოლონეთში უკრაინელებისაგან განსხვავებულად აღიქვამენ. არსებობს უკიდურესად მემარჯვენე-ნაციონალისტური პოლიტიკური ჯგუფებიც, რომლებიც ზოგჯერ პოლონეთის პარლამენტშიც აღწევენ. მაგრამ მმართველი ან სხვა წამყვანი პოლიტიკური ძალებისათვის იმის დაბრალება, რაზეც წერილის თავშია საუბარი, საკუთარი დანაშაულებრივი განზრახულობებისა თუ ქმედებების ვულგარული გადაბრალების მაგალითია, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე. აქვეა ისტორიის და პოლონური პოლიტიკური დისკურსის დისკრედიტაციისკლასიკური მაგალითიც:


თუ პოლონეთში რომელიმე წამყვანი პოლიტიკური ძალა შეიძლება ასოცირდებოდეს 1918 წელს მეორე რესპუბლიკის დამფუძნებლის იუზეფ პილსუდსკის მემკვიდრეობასთან, ამბობს ისტორიკოსი, ჟურნალისტი და ფილოსოფოსი კშიშტოფ ბჟეხჩინი, ესაა ძმები კაჩინსკების დაარსებული და ამჟამად მმართველი PiS. ბჟეხჩინი ავტორია სტატიისა ლეონ ვასილევსკის შესახებ,[i] რომელიც იუზეფ პილსუდსკის სოციალისტური პარტიის ერთერთი მთავარი იდეოლოგი იყო და ასეთად დარჩა სახელმწიფოს მეთაურად ქცეული თანაპარტიელისაგან დისტანცირების შემდეგაც.  ვასილევსკი საუკუნეზე მეტი ხნის წინ დანაწილებულ-დაპყრობილი „რჟეჩპოსპოლიტას“ მიწებზე ხალხთა თანასწორუფლებიანი ფედერაციის აშენებას ქადაგებდა, რომელშიც უკრაინელებიც პოლონელებთან ერთად გაერთიანდებოდნენ. ეს იდეა ხიბლავდა იუზეფ პილსუდსკისაც, რომლის სახელსაც დაუკავშირდა „ზღვიდან ზღვამდე“ (ბალტიისა და შავ ზღვებს შორის) გადაჭიმული პოლიტიკური ერთობის იდეა, რომელიც არ იყო მოკლებული გრანდიოზულობასა თუ პოლონურ პოლიტიკურ ამბიციურობას. მაშინ საბჭოთა რუსეთმა ეს არ დაუშვა. როგორც ბჟეხჩინი წერს, იდეა ჩაშალა პოლონეთის და უკრაინის სისუსტემაც და ლიტვის უსურველობამ. მაგრამ ცენტრალურ/აღმოსავლეთევროპული ცივილიზაციური ერთობის პროექტი ნამდვილად არ მომკვდარა - თუ ეს აწუხებს პუტინს, მაშინ ის მართალია. ოღონდ პუტინის ინტერპრეტაციით „ზღვიდან ზღვამდე“ პოლონური ეთნონაციონალიზმის გამოვლენაა, რეალობაში კი, მაშინაც და, მით უმეტეს, ახლა, პილსუდსკი/ვასილევსკის ვიზიონერობამ სულ სხვა - ცივილიზაციური ელფერი მიიღო, რომელიც საერთო ევროპეიზაციის კონტექსტშია დასანახი.


1997 წელს მაშინდელმა რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ (კრაკოვის ყოფილმა არქიეპისკოპოსმა იან ვოიტილამ) პოლონეთის ისტორიულ დედაქალაქში, გნიეზნოში დიდი კონგრეგაციის სხდომა ჩაატარა, რომელიც 1000 წლის წინ შემდგარი პოლონეთის მეფისა და გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორის შეხვედრის აღსანიშნავად გაიმართა. მას ესწრებოდნენ როგორც პოლონეთის, ისე უკრაინისა და ლიტვის პრეზიდენტები. პაპმა აღნიშნა, რომ პოლონეთს აქვს მისია - იყოს გაერთიანებული ევროპის საყრდენი. პოლონელი ისტორიკოსის ანჟეი ნოვაკის აზრით, ეს სიტყვები მე-19 საუკუნის „პოლონურ რომანტიკულ მორალურ იმპერიალიზმს“ მოგვაგონებდა.[ii]  დიდი ანგარიშით, პილსუდსკის ოცნებაც აღმოსავლური ბოლშევიკური ბარბაროსობის წინააღმდეგ ხომ „სანიტარული კორდონის“ აგება იყო, რაც ემთხვეოდა იმჟამინდელი ფრანგი თუ ბრიტანელი პოლიტიკოსების ხედვებს. ეს ვიზიონერული მემკვიდრეობა ახლაც ცოცხალია პოლონეთში. მისი შერყვნა, საკუთარ ტერიტორიულ ამბიციებთან გაიგივება კი რუსული ხელწერაა.


„ზღვიდან ზღვამდე“ კონცეფცია რომ არანაირად არ ასოცირდება ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპაში არსებული თანამედროვე საზღვრების ცვლილების ჩანაფიქრთან, ამის გარანტია პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებია. პოლონეთის ნებისმიერი მთავრობა მათი ერთგული იქნება, რადგან პოლონეთი კანონის უზენაესობის პრინციპზე მდგომი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. ესაა რუსეთი, რომელიც სხვა ცივილიზაციას ეკუთვნის და რომლის ხელისუფლებანი ხელმოწერილ დოკუმენტებს არ სცემდნენ და არ სცემენ პატივს.


 

[i] Krzysztof Brzechczyn, Porównanie Jako Dowód, 1999, Uniwersitet Adama Mickiewicza, Poznań

[ii] Andrzej Nowak, History and Geopolitics: A Contest for Eastern Europe, Polish Institute of International Affairs, Warsaw, 2007, p. 197

bottom of page