top of page

პუტინის ხატ-სახება

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 5 აგვისტო, 2022

ისტორიას ქმნიან პერსონაჟები, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა საკუთარი ნებით არჩეულ დროსა და სივრცეში - დაახლოებით ასე თქვა მარქსმა, რაც აჩვენებს, რომ მას მხოლოდ სისულელეები არ უთქვამს. მოგვწონს თუ არა, გვჯერა თუ არა, რუსეთის ამჟამინდელ დანაშაულებს, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტული სახელი და გვარი აქვს. ბევრი რამ შეიძლებოდა განვითარებულიყო ცოტა სხვაგვარად და, პერსპექტივაში, საერთაშორისო საქმეების თანამედროვე ტრაექტორიიდან საგრძნობი გადახრაც მომხდარიყო, რომ არა ვლადიმერ პუტინი.


მასზე უამრავი დაწერილა და, ეჭვი მაქვს, უკრაინული გამბიტის შემდეგ, იგი თანამედროვე დოკუმენტური პროზის ყველაზე პოპულარული „გმირი“ გახდება. ამ ბლოგში კი ორი, საკმაოდ განსხვავებული შემფასებლის ნარატივებს მინდა დავეყრდნო, რათა პუტინის პერსონაზე ვიფიქროთ. ესენია მიხაილ ხოდორკოვსკი და ტონი ბლერი. მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს, ორივე ესაუბრება მედია სამყაროშიც წამყვანი ქვეყნის ორი წამყვანი მედია საშუალების ორ წამყვან წამყვანს: ფარიდ ზაქარიას და პიტერ ბეიკერს.


ამ საუბრებში ბევრი რამაა საინტერესო. ორივე ახალია, ანუ უკრაინაში მიმდინარე ომი ამ ინტერვიუთა ჩაწერისას კარგა ხნის დაწყებული იყო. შესაბამისად, როდესაც ეს ორი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში (ტონი ბლერი), ისე რუსეთსა და ენერგეტიკაში (მიხაილ ხადარკოვსკი) ფრიად გარკვეული აქტორი აცხადებს, რომ რუსეთის საქმე ცუდადაა, მათი დასკვნები ყველა უახლესი მოვლენის გათვალისწინებითაა გაკეთებული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო დღეებია საქართველოშიც და ალბათ სხვაგანაც, კვლავ გახშირდა წუხილი à la „რუსეთს რა მოერევა, გაზის გაყიდვით მეტი შემოსდის, ვიდრე ომის წარმოებისათვის გასდის“ და ა.შ. სინამდვილეში, ესეც ბლეფია. ბოლო მონაცემებით, რუსეთს ენერგოპროდუქტების გაყიდვები 30%-ით შეუმცირდა, ალტერნატიული გაზით ევროპის ზამთრისათვის მომარაგება კი გრაფიკს უსწრებს.


მაგრამ ბლოგი პუტინზეა, ამიტომ, დავუბრუნდეთ მას. ტონი ბლერი ამბობს, რომ მას პუტინის სამი ინკარნაცია აქვს ნანახი. ერთში პუტინი დასავლეთის მოკავშირე იყო. ეს ხდებოდა 1999 თუ 2000 წელს. აი, 2004-5 წლებში კი ბლერს ვერაფრით დაურწმუნებია რუსეთის პრეზიდენტი, რომ ნატო მისი ქვეყნის მტერი არ იყო. „პუტინი ნაციონალიზმის გზას დაადგა. მას დემოკრატია აშინებდა, მისი გარემოცვა დიდი ფულის კეთებაზე გახდა ორიენტირებული. . .ნაციონალიზმი ასეთ ლიდერებს ეხმარება მოსახლეობის ყურადღების გარე „მტრებზე“ გადატანაში“ - ასკვნის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი. მესამე ინკარნაცია კი, ბლერის აზრით, ახლაა: პუტინი მოწყდა რეალობას - ასეთია მისი ვერდიქტი. ტონი ბლერს არ სჯერა ვერსიის, თითქოს პუტინს ცუდი დაზვერვა თუ მრჩევლები ჰყავდა და, ამიტომ, არ იცოდა თუ რა ელოდა უკრაინაში. ტურისტების მონათხრობიც საკმარისია, რომ იცოდე, რომელ ქვეყანაში რა განწყობაა, ამბობს ბლერი. ასე რომ, მისი თქმით, პუტინს აღარ უნდოდა რეალობა და მან ზურგი შეაქცია რეალობას. მარტივად რომ ვთქვათ, გაგიჟდა.


მიხაილ ხადარკოვსკისათვის პუტინი ყოველთვის პუტინი იყო. ეს აზრი არცაა გასაკვირი ადამიანისაგან, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის დიქტატორული მიდრეკილებების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდა - თუ არ ჩავთვლით ჩეჩნეთს, რუსულ ქალაქებში მოწყობილი აფეთქებების მსხვერპლს თუ წყალქვეშა ნავი „კურსკის“ ჩაძირულ ეკიპაჟს. საცხოვრებელი სახლების აფეთქების ოფიციალური გამოძიება ჯერაც მომავლის საქმეა. ამჯერად მხოლოდ ჟურნალისტური ვერსიები გვაქვს, რომ ყველაფერი ეფესბეს ხელით მოხდა, რათა ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყების საბაბი შეთითხნილიყო. მაგრამ „კურსკის“ გადარჩენაში ნატოს წევრი ქვეყნების დახმარებას პუტინმა რომ ეკიპაჟის დახრჩობა არჩია, ეს სრულიად ნათელია.


ხადარკოვსკი პუტინის პუტინად ქცევის მიზეზად პეტერბურგის კრიმინალური ეზოების გავლენას ასახელებს. ეს ადამიანი მხოლოდ ძალის შიშით იხევს უკან, ნებისმიერი მოლაპარაკებები მისთვის სისუსტეა. სუსტები არიან მაკრონი და შოლცი, მათ არ ესმით, რომ საქმე კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანთან აქვთ, რომელსაც კანონი არ აინტერესებს - ასეთია რუსულ კრიმინალურ რეალობაში ათწლიანი პატიმრობით დეტალურად გარკვეული ყოფილი მილიარდერის ვერდიქტი.


თუმცა ერთ საკითხში ბლერი და ხადარკოვსკი თანხმდებიან: ასაკში შესვლის შემდეგ პუტინი გადის მომსახურების არიდან. ხადარკოვსკი ამ სტადიას უფრო აკონკრეტებს, ამბობს რა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ახლა ფულზე და საკუთარი ხელისუფლების წყნარად შენარჩუნებაზე მეტად „დიდი იდეები“ იტაცებს. ეს იდეა რომ რუსეთის იმპერია და მსოფლიოში გავლენის მოხვეჭის ჟინია, გასაგებია. გაუგებარი, როგორც საერთოდ, ისე ბლერის და ხადარკოვსკის ნარატივებიდან გამომდინარე, ის რჩება მხოლოდ - პუტინს ბავშვობიდან აწუხებდა რუსეთის იმპერიის აღდგენის სურვილი თუ ეს იდეა-ფიქსი თანდათან, ძალაუფლების კონსოლიდაციისა და მისით ტკბობის პირობებში განუვითარდა.


ამ საკითხზე ისტორიკოსებმა და ბიოგრაფებმა უნდა იდავონ. მთავარია, რაც შეიძლება მალე, ეს საკითხი აღარ იყოს აქტუალური მიმდინარე პოლიტიკის ექსპერტებისათვის. თავისთავად კი, იმაში გარკვევა, თუ რა მოვიმოქმედოთ, რათა პირადი ფსიქოპათოლოგიები არ ერწყმოდეს კოლექტიური ნაციონალიზმისა თუ იმპერიალიზმის კულტურას, საჭირბოროტო საკითხია. ჯერჯერობით, ასეთი საფრთხის საუკეთესო წამალი ისევ დემოკრატიაა, რასაც ტონი ბლერიც შეგვახსენებს. მისი აზრით, რუსეთში რომ დემოკრატია შემდგარიყო, პუტინისეული ავანტიურისტული საგარეო პოლიტიკა არ თუ ვერ განხორციელდებოდა. აქედან კიდევ უფრო კომპლექსური თემა იშლება - ყველა დემოკრატიაა აგრესიულობის მეხამრიდი თუ მხოლოდ დაღვინებულ-კონსოლიდირებული დემოკრატია. მაგრამ ეს არაა წინამდებარე ბლოგ-პოსტის განხილვის თემა. მისი მიზანი მხოლოდ ის იყო, დავფიქრდეთ, თუ რა პერსონაჟის ხუშტურების მძევლად გვაქცია განგებამ თუ 90-იან წლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა.


და ერთიც, პუტინთან დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, რისკი ახლავს. მისი მსგავსი პერსონაჟები, პატარა თუ დიდი „ნაპოლეონები“ ყველაფერზე არიან წამსვლელნი. ეს საფრთხეა როგორც ინდივიდებისათვის, ისე ქვეყნებისათვის. მაგრამ, მეორე მხრივ, განა უფრო დიდი არაა რისკი, რომ მსგავს ტიპაჟს ქვეყანა ან საერთაშორისო სამართლის სისტემა დაუმორჩილო?! რისკსა თუ საფრთხესთან ერთად, ასეთი რამ შეურაცხმყოფელიცაა. შედეგად, ამ პერსონაჟის გამოჩენას აქვს ერთი საინტერესო გვერდითი და დადებითი ეფექტი: მისი ქმედებების აუტანლობამ უკრაინელი ერი ისე შეკრა ერად, როგორც არასდროს. უფრო ალბათ უკრაინელთა თავდადებამ, ვიდრე უშუალოდ პუტინის თავგასულობამ გააცოცხლა ნატო ანუ „დაუბრუნა მას მიზანი“, როგორც ამას ტონი ბლერი ამბობს. ყოველივე ეს კი, ისევე როგორც ელემენტარული საღი აზრი, საწინდარია, რომ რეალობისაგან გასულ კრიმინალს არ შეიძლება ყველაფერი დაუსრულებლად გაუვიდეს.



bottom of page