top of page

„თუ შეგაქებს - პოლონელი“

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 22 ივნისი, 2022

უკრაინული ტელეპროექტის Freedom 20-21 ივნისის ტელეეთერის სადღაც 1 საათსა და 50-ე წუთზე რუსი წამყვანის და პოლონელი რესპონდენტის მოკლე საუბარი შედგა. ნიშანდობლივია პიოტრ კულპას მისალმება და ევგენი კისილიოვის პასუხი - Слава Украине – героям слава! (საუბარი რუსულად მიდიოდა).


კულპა პოლონეთის მთავრობის წევრი ყოფილა 2005-2006 წლებში. საუბარი იმან მოიტანა, რომ ევროპარლამენტარმა რადოსლავ სიკორსკიმ - უკრაინას ნატომ ბირთვული ქობინები უნდა მისცესო. სიკორსკის განცხადებას რუსული მუქარები მოყვა პოლონეთის მიმართ. ჰო და კულპა განმარტავს, რომ ამაში ახალი არაფერია, რუსეთს თუ ემეზობლები, ყველაფრისათვის მზად უნდა იყო. რუსეთისადმი პოლონური მიდგომა ტრადიციულია, რომლის მთავარი პრინციპის თანახმად, რუსეთთან მეგობრობაზე საუბარს აზრი არ აქვსო.


კოსილიოვი მოსკოვიდან მომდინარე „პოლონოფობიური“ განცხადებების ისტორიული ქარგით დაინტერესდა - საიდან მოდის ეს? კულპამ საინტერესო გეოპოლიტიკური სურათი დადო: მოსკოვის სამთავროს აღზევებიდან მოყოლებული რუსეთს ევროპულ საქმეებში მონაწილეობა სურდა, მაგრამ ამას ეღობებოდა პოლონეთი. „თუ რუსეთი ევროპის მოთამაშეა, პოლონეთისათვის, ისევე როგორც უკრაინისათვის, ადგილი არ რჩება. . .რუსეთი არ აღიქვამს არც პოლონეთს და არც უკრაინას ქვეყნებად, რომელთაც დამოუკიდებლობის უფლება აქვთ“.


გეოპოლიტიკა გეოპოლიტიკად, კულტურამ კი რუსულ მენტალობაში პოლონელების მიუღებლობა საფუძვლიანად ჩატოვა. მარტო მაიაკოვსკის „პასპორტი“ რად ღირს: კოტე ყუბანეიშვილის თარგმანით, ჰიპოთეტურ მესაზღვრეს


დანახვა პოლონურის აურევს გზა-კვალს,

პოლონურ პასპორტზე თვალებს კარკლავს,

ეტყობა, აუღებელი სიმაღლეა.

ეს მისთვის ნაცნობს არაფერს არ ჰგავს


მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ მაიაკოვსკის ამ ლექსის შექმნისას მის წითელ სამშობლოს ჯერ კიდევ ცოცხლად ახსოვდა პოლონელთა ჯარების მოულოდნელი შესვლა კიევში, შემდეგ კი ტუხაჩევსკის წითელარმიელთა განადგურება ვარშავასთან, პოლონეთის ირონიანარევი რუსული მიუღებლობა უფრო ძველია. გამოთქმა „курица не птица, Польша не заграница“ უფრო სიღრმისეულია. გადმოცემით, მეფის რუსეთის არისტოკრატიას პოლონელთა ტრადიციული გალანტურობა და ზრდილობაც აღიზიანებდა - აკი მიუძღვნა მიხაილ ლერმონტოვმა მწერალსა და აღმოსავლეთმცოდნე იუზეფ სენკოვსკის ეპიგრამა:


Под фирмой иностранной Иноземец

Не утаил себя никак

Бранится пошло: ясно, немец,

Похвалит: видно, что поляк.[i]


ირონიასა თუ მიუღებლობაში მთავარი მაინც ის იყო, რომ ნაციონალიზმის ეპოქის რუსი ინტელექტუალები პოლონურ შლიახტას კარგად მაშინ გაეცნენ, როდესაც მათი იმპერია პოლონეთს იპყრობდა და აქუცმაცებდა. შესაბამისად, მოსკოვსა თუ პეტერბურგში, ისევე როგორც ციმბირულ კატორღაზე გაცნობილი პოლონელებისაგან არა მარტო ტრადიციულ ზრდილობას, არამედ მის უკან ცუდად შენიღბულ სიძულვილსაც გრძნობდნენ, რომელიც პოეტმა ზიგმუნდ კრასინსკიმ ლექსში „მოსკალებს“ ასე გამოხატა:


Wolno wam mówić, żem dziwak – żem dumny

prawda - trzymają się mnie dziwne smaki

od słonca z wami – wolę ciemność trumny

od twarzy waszych – skeletów robaki[ii]


კრასინსკი რუსებისაგან მხოლოდ ციმბირში გადასახლებას ელოდა, ადამ ჩარტორისკი კი პეტერბურგში რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრადაც იყო ნამუშევარი და ალექსანდრე პირველის გვირგვინქვეშ ცდილობდა პოლონეთის აღორძინებას. თუმცა ბოლოს მათი მოსაზრებები დაემთხვა: ჩარტორისკი ნიკოლოზ პირველს აუჯანყდა და სიცოცხლე ემიგრაციაში დაასრულა. ამ აჯანყებას ალექსანდრე პუშკინმაც მიუძღვნა კალამი. რუსი პოეტი არ გამოირჩეოდა პოლონელთა მიმართ სიძულვილით და პოლონელ ბაირონად მიჩნეულ ადამ მიცკევიჩთან მეგობრობასაც ცდილობდა. მისი სიტყვებით, ისინი მეგობრობდნენ, როცა მათი ხალხები ომობდნენ. პუშკინი ჟანდარმერიაში შუამდგომლობდა მიცკევიჩს, რათა იგი ვარშავაში შეეშვათ, თუმცა კი უშედეგოდ. ეს იყო სპეციფიკური დრო, რომელშიც რუსულ იმპერიალიზმს პოლონელები და დეკაბრისტები ერთად უპირისპირდებოდნენ. ეგებ მიცკევიჩის მიერ პეტერბურგული სალონების მოხიბვლამაც განაპირობა დეკაბრისტების ლიბერალური შეხედულებები პოლონეთის მომავალზე. თუმცა, როდესაც 1830 წელს პოლონეთი აჯანყდა, ევროპამ კი რუსული სამხედრო რეაქციის კრიტიკა დაიწყო, პუშკინმა ლექსზე - „რუსეთის ცილისმწამებლებს“ - უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა:


Оставьте: это спор славян между собою, Домашний, старый спор, уж взвешенный судьбою, Вопрос, которого не разрешите вы.[iii]


ამ ლექსის კრიტიკა პოლონელებს ლიბერალმა და „პოლონოფილმა“ პეტრე ვიაზემსკიმ დაასწრო, როცა მას „ფარაჯიანი ოდა“ უწოდა. მიცკევიჩი კი, რომელმაც თავი საფრანგეთს შეაფარა, ერთხელაც შეეხმიანა პუშკინს აგრეთვე პოეტური ფორმით, უწოდა რა მას ბარიკადის სხვა მხარეს მდგომი მეგობარი. საერთოდ, ამ ევროპელის შემოქმედება გავლენას ახდენდა პუშკინზე. მაგრამ როგორც თანამედროვე რუსი კულტუროლოგი, მარია ბელკინა წერს, დეკაბრისტთა აჯანყებიდან პოლონეთის აჯანყებამდე მიცკევიჩი და პუშკინი იდეურად დასცილდნენ - მიცკევიჩი რევოლუციაზე წერდა, პუშკინი კი, უკვე, სახელმწიფოებრივი (რუსული „ძერჟავის“ დ.დ.) იდეის სიდიადეზე.


1863 წელს პოლონეთი ისევ აჯანყდა. იმჟამინდელი რუსული ინტელიგენციაც ორად გაიყო ამ მოვლენის შეფასებასთან დაკავშირებით. მაგრამ ვინც კვალი დატოვა, სტერეოტიპი გააღრმავა და, ნებსით თუ უნებლიედ, რუსული ძერჟავის სამსახურში ჩადგა, მათი ხმა გაცილებით უფრო რეზონირებდა/რეზონირებს პოლონელებშიც და რუსთა შორისაც.


“საიდან ამ დიდ მწერალს ასეთი „პოლონოფობია“ პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატორი იგორ ბელოვი დოსტოევსკიზე. შესაძლოა, დოსტოევსკის ისე არ შესტკიოდა გული რუსულ ძერჟავაზე, როგორც პუშკინს მისი შემოქმედების მეორე ნახევარში. მაგრამ მას პოლონელებისადმი აგდებული დამოკიდებულების თავისი ლოგიკა შეემუშავებინა. ბელოვი წერს, რომ 1863 წელს დოსტოევსკიმ პირველად იმოგზაურა ევროპაში, სადაც პოლონელებისადმი სიმპათიას, რუსებისადმი კი ზიზღნარევ დამოკიდებულებას წააწყდა. ცუდად დაუმახსოვრებია მას პოლონელები კატორღაში ყოფნისასაც, სადაც ეს უკანასკნელნი თურმე „არაფერს ინანიებდნენ“. „პოლონელებს ისე ვძულვართ, როგორც ველურები - წერდა დოსტოევსკი ტურგენევს - ისე ამაყობენ თავისი ევროპული ცივილიზაციით, რომ ჩვენი და მათი ზნეობრივი შერიგება ხანგრძლივი დროითაა შეუძლებელი“.


ბელოვი მიიჩნევს, რომ დოსტოევსკის ნაწარმოებებში პოლონელების კარიკატურული პორტრეტების არსებობა მისი ამგვარი დამოკიდებულების შედეგია; რომ პოლონელები უარყოფით კონტექსტში ჩანან ჩეხოვთანაც და გორკისთანაც. იყო ერთი რუსი, ნაკლებად რეზონანსული მწერალი, ვინც მიცკევიჩს პარიზში 1847 წელს შეხვდა და უშუალოდ მისგან იგრძნო ანტირუსული ფლუიდები. ესაა ჰერცენი. მაგრამ ამ უკანასკნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავის უფრო სახელოვან თანამემამულეებივით არ გაფხორილა: „სხვაგვარად როგორ იქნებოდა, როდესაც „ცარს“ და მის სატრაპებს საშინელებები ჰქონდათ დატრიალებული“, წერდა ჰერცენი ამ შეხვედრის შთაბეჭდილებებზე.


საშინელებები საბჭოთა კავშირის დროს გაათმაგდა, რისი მაგალითიც კატინსა თუ რიგ სხვა ადგილებში სტალინი-ბერიას მიერ დახვრეტილი 20 ათასზე მეტი პოლონელი ოფიცერია. მაგრამ ახლა საუბარი არა ისტორიულ მოვლენებზეა, არამედ მათ ინტერპრეტაციებზე, უფრო სწორად კი, მათ ფონზე რუსულ ინტელიგენციაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებზე. საბედნიეროდ, რუსეთის „განათლებული კლასი“ პოლონელებისადმი დღეს გაცილებით ტოლერანტულია. მეტიც, ისევ ბელოვს რომ დავესესხოთ, ახლა რუსული „პოლონოფობია“თითქმის მთლიანად „უკრაინოფობიამ“ ჩაანაცვლა. კარგი ამბავია ისიც, რომ უკრაინის მომხრენი თავად რუსებში ახლა იმდენია, რამდენიც არასოდეს ყოფილა პოლონეთის მომხრე. ეს იმედს იძლევა. მაგრამ რუსეთის მმართველი კლასი და მასა ისევ იქაა, სადაც ისინი პუშკინმა და დოსტოევსკიმ დატოვა როგორც პოლონეთთან, ისე უკვე უკრაინასთან დამოკიდებულებებში.


 

[i] უცხოელი ვერ ნიღბავს თავს ფირმის სახელით, თუ იგინება - გერმანელია, თუ შეგაქებს - პოლონელი (საკუთარი თარგმანი)

[ii] შეგიძლიათ თქვათ, რომ უცნაური ვარ, მართლაც მაქვს საოცარი გემოვნება, თქვენთან სინათლეს სიბნელე მირჩევნია თქვენს სახეებს - საფლავის ჭიები (საკუთარი თარგმანი)

[iii] შეეშვით (მიმართავდა პუშკინი ფრანგ პოლიტიკოსებს): ეს ბედისწერის მიერ უკვე განსჯილი ძველი კამათია, რომელსაც თქვენ ვერ გადაწყვეტთ (საკუთარი და თავისუფალი თარგმანი)

bottom of page