ამბავი „სასარგებლო იდიოტისა“
დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 12 მაისი, 2022
Photo Illustration by Kelly Caminero/The Daily Beast/Getty
ამერიკული „იმპერიალიზმის“ და კაპიტალიზმის მოძულე ნოამ ჩომსკი არ უარყოფს, რომ პუტინს „გადაბრუნებული ტვინი“ აქვს. მაგრამ ამის შემდეგ და ამის იქით მისი კრიტიკა მხოლოდ აშშ-ის ადმინისტრაციას ეძღვნება. თეზისია „ამერიკას უნდა რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელ ჯარისკაცამდე ომი“. მისი აზრით, ამერიკელები ხელს უშლიან უკრაინის თაობაზე მოლაპარაკებებს, აბრკოლებენ ომის დასრულებას. მას მოჰყავს რუსების საყვარელი არგუმენტები - ამერიკა ომობდა თუ ომობდა - ერაყში, ვიეტნამში. იქ მსხვერპლი მართლა დიდი იყო, აქ კი ათასებია; რატომ არ ვიხსენებთ, რომ სანამ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, დონბასის რეგიონში 15 000 კაცი იყო დაღუპული. ეს ხდებოდა ალბათ იმიტომ, რომ მის საზღვრებზე უკრაინული ჯარი მოქმედებდა; დამნაშავეა კლინტონი, რომელმაც დაივიწყა მკაფიო და მყარი პირობა, მიცემული რუსეთისათვის, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა; რას იზამდა ამერიკა, მექსიკაში რომ ანტიამერიკული სამხედრო ძალები იყოს და ამერიკის საწინააღმდეგო მანევრები ტარდებოდეს?
და ეს კაცი მარცხნივ გადახრილ ახალგაზრდათა გურუა უამრავ ქვეყანაში - საქართველოს ჩათვლით. მე არ ვიცი, რა ლინგვისტური აღმოჩენები აქვს მას და მჯერა, რომ აქვს. მაგრამ უკრაინის თემაზე მისი მსჯელობა რომ სალავიოვის დონეს ვერ სცდება, ამასაც ვატყობ. გასაგებია - ერთი ამერიკელი მემარცხენე ინტელექტუალია, მეორე კი ეშმაკებით შეპყრობილი დიქტატორის დაქირავებული ტელეწამყვანი. თუმცა, ალბათ, მით უფრო უნდა წუხდეს ჩომსკი, რატომ ემთხვევა მისი აზრები რუსულ პროპაგანდას. მანამდე კი, აქვს აზრი ჩომსკის არგუმენტების გაბათილებას, რომლებიც მოკლებულია ისტორიზმს, საერთაშორისო სამართლის პატივისცემას და რომლებიც ამ მსოფლიო მასშტაბის პროფესორს რუსული დეზინფორმაციის უძალო მსხვერპლად აქცევს?
არა და როგორი მარტივია პასუხები ამ „შარვალჩაცმული ღრუბლის“ არგუმენტებზე (მგონია, რომ მაიაკოვსკის ეს მეტაფორა ამ კონტექსტში უხდება მას): 1) თეზისი „ამერიკას უნდა ომი“ საერთოდ არარელევანტურია: ამერიკა ეხმარება ცალსახა აგრესიის მსხვერპლს. შესაბამისად და ლოგიკურად, პრობლემა აგრესორშია; 2) ამერიკის ომი ერაყში არც მე მომწონდა, მაგრამ იგი მოხდა ერაყელი დიქტატორის მიერ გაეროს მოთხოვნათა იგნორირების შემდეგ. თან ეს იყო კოალიციის მიერ წარმოებული ომი და არა მეზობელზე ცალმხრივი შესევა მხოლოდ იმის გამო, რომ მის სუვერენიტეტსა და ეროვნულობას არ ცნობ; 3) ვიეტნამის ომზე გაჩერება არ მინდა, რადგან ეს იგივეა, შუა საუკუნეების ომები გაიხსენო და შეადარო 21-ე საუკუნის აგრესიას - ეს ისტორიზმის უარყოფაა. ცივი ომის იმჟამინდელ ეპოქას სხვა, სრულიად განსხვავებული ლოგიკა, მორალი და სამართალი ჰქონდა; 4) დონბასის რეგიონზე საუბარი საერთოდ მკრეხელობაა - რუსულმა ჯარმა პუტინის დავალებით შექმნა შეიარაღებული ანკლავები მეზობლის ტერიტორიაზე. იქ უკრაინა ისევე იცავდა თავს, როგორც ახლა იცავს. 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ფართომასშტაბიანი რუსული აგრესიის წინ კი უკრაინული ძალები მაქსიმალურად თავშეკავებულნი იყვნენ, თუნდაც პრაგმატული მიზნიდან გამომდინარე - მათ არ სურდათ გაფაციცებით მომზირალ ნატოელთა თვალში ოდნავ მაინც პროვოკაციულად გამოჩენილიყვნენ. ამაზე მეტის თქმა მინსკის ხელშეკრულებების განხილვას ითხოვს. განიხილოს ჩომსკიმ და განვიხილავ მეც; 5) კლინტონმა რა „დაივიწყა“, არ ვიცი. უკრაინა ისევე ითხოვს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას, როგორც ამას პოლონეთი ითხოვდა. ეს მოთხოვნა და მისი დაკმაყოფილება სრულიად სამართლიანია როგორც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის ფინალური აქტით (1975), ისე 1949 წლის ნატოს დამფუძნებელი ქარტიით. თან ნატო არავის ემუქრება და თუ რუსეთის „გონება არეულ“ ლიდერს სხვანაირად გონია, მის კაპრიზზე თანხმობა გონების გლობალური არევაა. რაც შეეხება მექსიკას, არც კი ვიცი, რა ვთქვა: თუ მექსიკა ჰიპოთეტურ ანტიამერიკულ ძალებს შეუშვებს თავის ტერიტორიაზე (მაგალითად, აისისს), მაშინ ამერიკა ალბათ იმოქმედებს და უნდა იმოქმედოს, რადგან აისისი ტერორისტული ორგანიზაციაა. ნატო არ არის ტერორისტული ორგანიზაცია არც უკრაინის და არც დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. თუმცა, ჩომსკი ალბათ სხვაგვარად ფიქრობს.
მოკლედ, ღმერთმა აცოცხლოს დიდხანს ჩომსკი და ღმერთმა დატოვოს დასავლეთი ისეთი მრავალფეროვანი და თავისუფალი, როგორიც ის ახლაა - ნებისმიერი აზრის შეზღუდვა არაფერი კარგის მომტანი არაა. ოღონდ, ასევე, ღმერთმა დაიფაროს ამერიკაც და უკრაინაც აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციაში ასეთთა მოსვლისაგან. თუმცა, ეს სადღა მოვა?! მოკლედ, მის მიმდევართა მოსვლისაგან. ჩომსკის აზრთა დეტალური მდინარება შეგიძლიათ იხილოთ აქ: