top of page

ისლამი რუსეთში

პაატა სურგულაძე | აკადემიური ესე| 2021

თავისთავად თვითონ ისლამზე ამომწურავი საუბარი ერთი ლექციისა ან ესეს ფარგლებში  რა თქმა უნდა შეუძლებელია, მით უმეტეს თუ ამას დაემატება მისი ისტორიის გააზრება და  დღევანდელი მდგომარეობა ისეთ ქვეყანაში როგორიც რუსეთია.


სანამ დავიწყებდე უშუალოდ ისლამზე საუბარს, მანამდე მოკლედ მინდა შევეხო ახლო  აღმოსავლეთის და ისლამის შესწავლის საკითხს საერთოდ და რა თმა უნდა რუსეთშიც.


არაერთმა ორიენტალისტმა მეცნიერმა უძღვნა თავისი ნაშრომები ახლო აღმოსავლეთს,  ისლამს და საერთოდ მუსლიმურ კულტურას. მათ შორის პირველ რიგში მინდა დავასახელო ისინი,  ვისი წიგნებიც ისლამოლოგიის კლასიკად არის ქცეული. ვერც ერთი მკვლევარი, ვინც ოდნავ  მაინც სერიოზულად მოინდომებს ისლამის შესწავლას (კვლევას), გვერდს ვერ აუვლის ამ მეცნიერთა  წიგნებს. საერთოდ ახლო აღმოსავლეთის, ისლამისა და მუსლიმური კულტურის კვლევაში დიდი წვლილი შეიტანეს: გ. გრიუნებაუმმა,  ი. გოლდციერმა, ა. მეცმა, ა. მასსემ, ხ. სნუკ ხიურგრონემ, გ. გიბბმა, მ.უოტტმა, - აი ის ავტორები, რომელთა წიგნებზე აღმოსავლეთმცოდნეთა  თაობები გაიზარდა. დღესაც, ამ დარგის სპეციალისტების სამაგიდო წიგნებია გ. გრიუნებაუმის  ,,კლასიკური ისლამი“, ა. მასსეს ,,ისლამი“, ი. გოლდციერის ,,ლექციები ისლამზე“.


ახლა რაც შეეხება ისლამოლოგიას რუსეთში.  იგი რუსული ორიენტალისტიკის ნაწილია. საერთოდ ამ ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთის და ამ  რეგიონში მცხოვრები ხალხების ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის შესწავლას, თუნდაც მისი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა. ისტორიულად, ამის  დასტურია ის ელჩობები და მისიები, რომელსაც რუსეთის მთავრობა რეგიონის ამა თუ იმ ქვეყანაში  აგზავნიდა. პეტრე პირველის მიერ რუსეთის იმპერიაში მეცნიერებათა აკადემიის დაარსებამ  (1724) რუსული აღმოსავლეთმცოდნეობის განვითარებას ახალი იმპულსი მისცა. დაიწყო რუსული  აღმოსავლეთმცოდნეობის აკადემიური სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბება. ბუნებრივია რუს  მეცნიერთა ყურადღების ცენტრში ისლამიც მოექცა. რუსული აღმოსავლეთმცოდნეობისა და ისლამოლოგიის  განვითარებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანეს ვ.ბარტოლდმა, ი. კრაჩკოვსკიმ, ა. კრიმსკიმ,  ვ. როზენმა, ი.პეტრუშევსკიმ, ე. ბელიაევმა და სხვ. მათ ახლო აღმოსავლეთისა და ისლამის  შესწავლას არაერთი ღირებული ნაშრომი მიუძღვნეს. საკმარისია დავასახელოთ ა. კრიმსკის  ,,მუსლიმობის ისტორია“ და ი. პეტრუშევსკის ,,ისლამი ირანში“. გამოჩენილმა რუსმა არაბისტმა,  აკადემიკოსმა ი. კრაჩკოვსკიმ კი ყურანი თარგმნა რუსულ ენაზე, რითაც დიდი წვლილი შეიტანა  რუსული არაბისტიკისა და ყურანისტიკის განვითარებაში.


ეს რაც შეეხება კლასიკური ისლამის შესწავლას.  ასევე სერიოზულად სწავლობენ რუსეთში თანამდროვე ისლამსაც. იმ მრავალრიცხოვან მეცნიერთა  შორის, რომლებიც ისლამს თანამედროვე კონტექსტში განიხილავენ დავასახელებდი: ლ. გორდონ-პოლონსკაიას,  ა. მალაშენკოს, ე. დოროშენკოს, მ. სტეპანიანცს,  ა. იგნატენკოს, ზ. ლევინს, ა. იონოვას. ისლამს მრავალ ასპექტში იკვლევენ რუსეთის ისეთ  სამეცნიერო ცენტრებში როგორიცაა: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის  ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი  (ИСАА), სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ფაკულტეტი, რუსეთის  მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პეტერბურგის განყოფილება.


ზოგი  რამ ისლამის შესახებ


ისლამის ფუძემდებელი მუჰამადი დაახლოებით  570 წელს მექაში ძლიერი პოზიციების მქონე ყურაიშის ტომის ჰაშიმის გვარის წარმომადგენელ  ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში დაიბადა. ადრევე ობლად დარჩენილი ბავშვი აღსაზრდელად ბიძამ აბუ ტალიბმა წაიყვანა. 12 წლისამ ბიძასთან ერთად სირიაში პირველ საქარავნო მოგზაურობაში მიიღო მონაწილეობა.


მუჰამადს მუშაობა მოუწია მდიდარ მექელ ქვრივთან  ხადიჯასთან. მასთანვე იქორწინა 25 წლის ასაკში. ამ ფაქტმა მისი მატერიალური მდგომარეობა  ისე გაამყარა, რომ, უკვე აღარ უწევდა შორეულ მოგზაურობებში სიარული. შესაბამისად ამა თუ იმ საკითხებზე ფიქრისა და განსჯისთვის მეტი დროც რჩებოდა.


მუჰამადმა მექაში ისლამის ქადაგება მეშვიდე  საუკუნის ათიან წლებში დაიწყო.


ჯაბალ ან-ნურის მთაზე არსებულ ჰირას გამოქვაბულში  ჰქონდა მას პირველი ხილვა, სადაც ფარჩაში გახვეული წიგნით (გრაგნილით) მთავარანგელოზი  ჯაბრაილი (გაბრიელი) გამოეცხადა. სწორედ მან უბრძანა მუჰამადს ადამიანებისათვის ალაჰის  ჭეშმარიტი სიტყვა წაეკითხა. ,,წაიკითხე, სახელითა უფლისა შენისა, რომელმაც ყველაფერი  შექმნა“. მუჰამადს ეს გამოცხადებები ხშირად უმეორდებოდა.


თავიდან მუჰამადის ამ ქადაგებას წარმატება  არ ჰქონია. მას შეძლებული მექელები დაუპირისპირდნენ. იგი იძულებული გახდა თავის მომხრეებთან ერთად 622 წელს იასრიბში გადასულიყო.  სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად მუსლიმურ წელთაღრიცხვას, რომელსაც ჰიჯრა ეწოდება.  მუჰამადის იასრიბში გადასვლის შემდეგ მას წინასწარმეტყველის ქალაქი ,,მადინათ ან-ნაბი“, ან მოკლედ მადინა (მედინა) ეწოდა.


ისლამი ხუთ ძირითად ბურჯზეა დაფუძნებული:


პირველი ეს არის მუსლიმური რწმენის სიტყვიერი აღიარება (დამოწმება), ანუ  ,,აშ-შაჰადა“.


მისი წარმოთქმა ყველა მუსლიმის ვალდებულებაა.  მას რამოდენიმეჯერ იმეორებენ ლოცვის დროს. მტრებთან საღვთო ომის დროს ის საბრძოლო  მოწოდებად გამოიყენებოდა. სწორედ აქედან გაჩნდა ტერმინი ,,შაჰიდი“ (,,მოწამე“), ანუ  მოწამეობრივი სიკვდილით დაღუპული მეომარი. მოწამეობის ინსტიტუტის მნიშვნელობას ისლამში  ქვემოთ კიდევ დავუბრუნდები.


მეორე ბურჯი ეს არის ლოცვა ,,ას-სალათ“. იგი ღმერთისადმი თაყვანისცემის გამოხატვა  და რწმენის სიმბოლოა.


მესამე ბურჯია სავალდებულო მარხვა, ანუ ,,სავმი“. მორწმუნეთათვის მისი დაცვა,  მთვარის კალენდრის რამადანის თვეში, 30 დღის განმავლობაშია სავალდებულო.


მეოთხე ბურჯი არის აუცილებელი მოწყალება, სავალდებულო გადასახადი, ანუ ,,ზაქათი“. მისი გადახდა ყველა ზრდასრული მუსლიმი მამაკაცისთვის  სავალდებულოა და შეიძლება, როგორც ნატურით, ისე ფულითაც.


მეხუთე ბურჯი - ეს არის სარწმუნეობრივი წესების მიზნით პილიგრიმობა მექაში,  ანუ ,,ჰაჯი“. მისი შესრულება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა მორწმუნე მუსლიმისათვის  სავალდებულოა.


საჭიროა მოკლედ შევჩერდეთ ჯიჰადზე.


ჯიჰადი (არაბ. გულმოდგინება, მონდომება, მცდელობა), [ანუ ,,ჯიჰად ფი საბილ  ალლაჰ - ბრძოლა ალაჰის გზაზე] მუსლიმის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. თავდაპირველად  მასში სამხედრო ქმედებები მოიაზრებოდა და ურწმუნოთა წინააღმდეგ თავგანწირულ ბრძოლას  გულისხმობდა.


ყურანის მექის პერიოდის სურებში ჯიჰადი განიხილება, როგორც ძალისხმევა მორწმუნის  სულის გადასარჩენად. ,,დიდი ჯიჰადი“ მორწმუნის მიერ სულიერი და ფიზიკური სრულყოფისათვის  ბრძოლას გულისხმობდა, ,,მცირე ჯიჰადი“ კი მორწმუნეებს შეიარაღებული ბრძოლაში მონაწილეობას

ავალდებულებდა.


მართალია ჯიჰადის ვალდებულება არ არის გათვალისწინებული ისლამის 5 ბურჯის მიხედვით,  მაგრამ იგი სავალდებულოა ყველა იმ მუსლიმისათვის, ვისაც შეუძლია იომოს.


ახლა კი დავუბრუნდეთ ,,წამებულების ინსტიტუტს“ ისლამში.

წამებულების ინსტიტუტი ისლამში ყველანაირად წახალისებულია. თუ მორწმუნე მუსლიმი  რწმენისათვის ბრძოლაში, ანუ ჯიჰადის შესრულების დროს მოკვდება, მაშინ იგი ხდება წამებული,  ანუ შაჰიდი, რომლებიც პირდაპირ სამოთხეში ხვდებიან.


განასხვავებენ მოწამის (შაჰიდის) ორ ტიპს:


,,შუჰადა ალ-მარაკა“-ს (,,ბრძოლის ველის წამებულები“) - ,,წამებულები ამ ქვეყნიურ  და იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც“ (,,შუჰადა ად დუნია ვა-ლ-ახირა“) და ,შუჰადა ალ-ახირა“  - ს მხოლოდ ,,იმქვეყნიური ცხოვრების წამებულები“.


მუსლიმთა წმინდა წიგნი ყურანია. იგი ალაჰის  მიერ მუჰამადისადმი გარდმოვლენილი გამოცხადებების კრებულს წარმოადგენს. ყურანი  114 თავისგან, ანუ სურისაგან შედგება. მუსლიმებისათვის  ყურანი არის ალაჰის პირდაპირი სიტყვა, მიმართული მისი მოციქულისადმი, ხოლო მისი საშუალებით  კი - მისი მიმდევრებისადმი.


ყურანში  სურები თავის მხრივ აიებად იყოფა, რომლებიც თავისი სიდიდით არაერთგვაროვანია. ყურანის  კითხვისას მუსლიმს განსაკუთრებული ეთიკური ნორმების დაცვა მოეთხოვება.


ყურანი კლასიკური არაბული ენის პირველი ლიტერატურული ძეგლია და მან დიდი გავლენა მოახდინა საერთოდ მთელი მუსლიმური  სამყაროს კულტურაზე.


ისლამში სამი მიმდინარეობაა:  სუნიზმი, შიიზმი და ხარიჯიზმი. აქედან ძირითადი პირველი ორია. ძირითადი თემა რაზეც სუნიტები და შიიტები ვერ თანხმდებიან სასულიერო და საერო ხელისუფლების მემკვიდრეობის  საკითხია.


სუნიზმის მიმდევრები თავის თავს ,,სუნას ხალხს“ (,,აჰლ ას-სუნა ვა-ლ ჯამაა“)  უწოდებენ. სუნა არაბულად გზას ნიშნავს. იგი ფაქტიურად ყურანის დამატებაა და მუჰამადის მიერ მუსლიმთათვის ნაქადაგებ და დადგენილ  ცხოვრების წესს ქადაგებს. სუნა არის მუჰამადის ქცევა და სიტყვები, რომელიც ჰადისებში,  ანუ გადმოცემებშია შენახული.


სუნიტები აღიარებენ:


პირველი ოთხი მართლმორწმუნე ხალიფას კანონიერებას, ჰადისთა ექვსი კრებულის უტყუარობას, არსებული 4 საღვთისმეტყველო-სამართლებრივი სკოლიდან  ერთ-ერთისადმი კუთვნილებას. სუნიტებისათვის  ჰ ა დ ი ს ე ბ ი მურწმუნისათვის საზოგადოებრივი და რელიგიური ცხოვრების ძირითად  სახელმძღვანელოს (საფუძველს) წარმოადგენს.


სუნიტები არ აღიარებენ და არ ცნობენ:


მუჰამადის სიკვდილის შემდეგ ალაჰსა და  ხალხს შორის შუამავლობის შესაძლებლობას, ალის განსაკუთრებულობას და მისი შთამომავლების  უფლებას მუსლიმური თემის (იმამატის) ხელმძღვანელობაზე.


ამრიგად სუნიტებსა და შიიტებს შორის განხეთქილება განპირობებული იყო პოლიტიკური მიზეზით, რომელიც სახალიფოს სასულიერო და საერო ძალაუფლების მემკვიდრეობის კანონიერებასთან იყო დაკავშირებული. შემდეგ ამ დაპირისპირებამ რელიგიური  განზომილებაც შეიძინა.


შიიტები (არაბ. ,,აშ-შია“  - მიმდევრები, თანამებრძოლები, პარტია) მუსლიმების  ის ნაწილია, რომელიც სუნიტებისაგან განსხვავებით, წინასწარმეტყველ მუჰამადის ერთადერთ შემცვლელად და კანონიერი უმაღლესი ხელისუფლების მემკვიდრეებად მეოთხე მართლმორწმუნე  ხალიფა ალისა და მის შთამომავლებს თვლის. სწორედ პირველმა შიიტებმა შეადგინეს ალის  მომხრეთა პარტია (,,შიათ ალი“).


მუჰამადის გარდაცვალების შემდეგ სერიოზული  უთანხმოება გამოიწვია უმაღლესი ძალაუფლების მემკვიდრეობის საკითხმა. შიიტები თვლიდნენ,  რომ უმაღლეს ხელისუფალს ძალაუფლება მემკვიდრეობით უნდა გადასცემოდა. ისინი უარყოფდნენ არჩევითობის პრინციპს, რადგანაც მიაჩნდათ, რომ მუსლიმთა მეთაური შეიძლება ყოფილიყო  მხოლოდ მუჰამადის მემკვიდრე ან ნათესავი, რადგანაც მხოლოდ მასზე შეიძლება გადასულიყო ის ღვთიური მადლი, რომლითაც განსხივოსნებული იყო თვით წინასწარმეტყველი. შიიტთა აზრით  ასეთი შეიძლება ყოფილიყო

მხოლოდ ალი, მუჰამადის ბიძაშვილი და ამავე დროს მისი ქალიშვილის  ფატიმას ქმარი. აქ მნიშვნელოვანია, იმის

გათვალისწინებაც, რომ მხოლოდ ფატიმამ აჩუქა  მის წინასწარმეტყველ მამას ორი ვაჟი შვილიშვილი - ჰასანი და

ჰუსაინი. ასე, რომ, შიიტებმა კანონიერად არ ცნეს პირველი  სამი ხალიფა და მუჰამადის კანონიერ მემკვიდრედ  მხოლოდ ალი და მისი პირდაპირი შთამომავლები გამოაცხადეს.


საერთოდ მუსლიმები,  მორალისა და რწმენის საკითხებში შარიათის მითითებებით ხელმძღვანელობენ. შარიათი ეს  არის რელიგიურ-სამართლებრივი ნორმების კრებული, რომელიც ადამიანის ღმერთთან და სხვა  ადამიანებთან ურთიერთობებს მოიცავს. იგი მუსლიმთა რჯულის კანონს წარმოადგენს და მათ რელიგიურ და მორალურ-ეთიკურ ნორმებს განსაზღვრავს. შარიათის მიხედვით ამ ნორმების  დაცვა ყოველი მუსლიმისათვის სავალდებულოა.


მერვე-მეცხრე საუკუნეებში ჩამოყალიბდა  სხვადსხვა საღვთისმეტყველო-სამართლებრივი სკოლები, რომელთაც ,,მაზჰაბები“, ანუ სკოლები  ეწოდება. ჩვენს დრომდე შემორჩა 4 სუნიტური  მაზჰაბი. მუსლიმთა შორის ისინი თანაბრად ავტორიტეტულად ითვლება.


პირველი ეს არის ჰანიფიტები, (ჰანაფიია). მისი ფუძემდებელია აბუ ჰანიფა  (699-767);


მეორე ეს არის მალიქიტები (მალაქიია). მისი ფუძემდებელია მალიქ იბნ ანასი  (713-795);


მესამე ეს არის შაფიიტები (შაფიია), მისი ფუძემდებელია აბუ აბდალლაჰ მუჰამმად  იბნ იდრის აშ-შაფიი. (767-820);


მეოთხე ეს არის ჰანბალიტები (ჰანაბილა).  მისი ფუძემდებელია ცნობილი ბაღდადელი თეოლოგი, სამართლისმცოდნე და ტრადიციონალისტი  აჰმად იბნ ჰანბალი (გარდ 855 წელს).


სხვა მაზჰაბებისაგან განსხვავებით, ჰანბალიზმი  თავიდანვე წარმოიშვა როგორც რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა და მხოლოდ მოგვიანებით ჩამოყალიბდა  დოგმატურ-სამართლებრივ სკოლად. ამ მაზჰაბის თეორეტიკოსთა შორის პირველ რიგში უნდა  დავასახელოთ იბნ თაიმიია და მისი შრომები.


მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებში სწორედ ამ  ჰანბალიტური მაზჰაბის საფუძველზე ჩამოყალიბდა რელიგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობა -  ვაჰაბიზმი, რასაც ქვემოთ დავუბრუნდები.


ისლამს ჰყავს თავისი რეფორმატორები. ამ მიმართულების მამამთავრებად მიჩნეული  არიან: საიდ ახმად ხანი (1817-1898), ჯემალ ად-დინ ალ-ავღანი (1839-1909), მუჰამად  აბდო (1834-1905) და მუჰამად იკბალი (1873-1938).


ისლამში არის მისტიკური მიმდინარეობაც, რომელსაც სუფიზმი ეწოდება. იგი ღმერთისადმი  აბსოლუტურ მორჩილებას გულისხმობს. სუფიზმი წარმოდგენილია როგორც სუნიტურ, ისე შიიტურ  მიმდინარეობაში. ტრადიციული ისლამი სუფიზმსა და სუფიებს დიდი უნდობლობით უყურებს.


ისლამი  რუსეთში


ისლამი რუსეთის ფედერაციის ისტორიულ და ტრადიციულ რელიგიას წარმოადგენს.


დღეს რუსეთში მიახლოებით 20 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს და ისინი რელიგიურ  უმცირესობას წარმოადგენენ. ამ რელიგიის მიმდევრები ჩუკოტკის გარდა რუსეთის ყველა რეგიონში  ცხოვრობენ და 40 -მდე განსხვავებულ ეთნოსს მიეკუთვნებიან.


ამ ციფრებს ასახელებენ თვითონ მუსლიმთა სულიერი ლიდერები და იგივეს ამბობენ  რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტიც.


როდესაც ისლამის დემოგრაფიასა და მის გავრცელებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს,  რომ, ამ ქვეყანაში, მეოცე საუკუნეში ქრისტიან მართლმადიდებელ და მუსლიმებს შორის თანაფარდობა  მუდმივად იცვლებოდა ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ. მაგ. თუ 1926 წელს ის შეადგენდა  16:1. 1999 წელს იყო უკვე 10:1. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთში ისლამის მიმდევრები  სულ უფრო მეტი და მეტი ხდებოდნენ და ხდებიან.


მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ყაზანში, გროზნოში ქვეყნის სხვა ქალაქებში შეხვდებით  ცაში აზიდულ მეჩეთებს, სადაც პარასკეობით ერთობლივი ლოცვის აღსავლენად ამ ქალაქების მაცხოვრებელი მუსლიმები იკრიბებიან. მეჩეთებში მოდურად ჩაცმული სულ უფრო მეტი ახალგაზრდობა  შეიმჩნევა. აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობა მუსლიმური დღესასწაულების დროს შეინიშნება.  რუსეთის მეჩეთებს შორის გამორჩეულად ლამაზია პეტერბურგის მეჩეთი, რომლის გახსნაც 1913 წელს რომანოვთა დინასტიის 300 წლისთავის იუბილეს დაამთხვიეს.


როდესაც ჩვენ რუსეთში ისლამზე და მის დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა  გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მისი მოქალაქეების ეთნიკური კუთვნილება ყოველთვის არ ემთხვევა მათ კონფესიონალურ კუთვნილებას.


რუსეთში მუსლიმური თემი ორ არეალს  მოიცავს: ეს არის თათარ-ბაშკირული და ჩრდილოეთ კავკასიური არეალები.


თათრები რიცხობრივად ყველაზე დიდ მუსლიმურ ეთნოსს წარმოადგენენ. მათი რაოდენობა  5.5 მილიონს შეადგენს და ისინი კომპაქტურად ცხოვრებენ თათარსტანში და ბაშკირეთში, ასევე ვოლგისპირეთის, სამხრეთ ურალისა და ციმბირის ზოგიერთ რაიონებში. უნდა აღინიშნოს  რომ თათრები უფრო სიღრმისეულად არიან ჩართული რუსულ საზოგადოებაში.


ბაშკირები რიცხობრივად მეორე ადგილს იკავებენ და 1.6 მილიონს შეადგენენ.


ჩრდილოეთ კავკასიაში მუსლიმების რაოდენობა დაახლოებით 6 მილიონს აღწევს. აქედან  რიცხობრივად პირველ ადგილს ჩეჩნები იკავებენ. ისინი 1.3 მილიონს შეადგენენ, საიდანაც  800 000-ზე მეტი თვითონ ჩეჩნეთში ცხოვრობენ.


ჩრდილოეთ კავკასია არის სწორედ რუსეთის ის რეგიონი სადაც ისლამი ყველაზე მეტად  ტრადიციულია. უფრო მეტად ისლამიზირებულია მისი აღმოსავლეთი ნაწილი - დაღესტანი, ინგუშეთი,  ჩეჩნეთი.


რუსეთის ფედერაციის შვიდ სუბიექტში მუსლიმები მცხოვრებთა უმრავლესობას შეადგენენ.


მოსკოვში მცხოვრებ მუსლიმთა რაოდენობა დაახლოებით მილიონ ნახევრიდან ორ მილიონამდე  მერყეობს. ქვეყნის დედაქალაქში სულ 6 მეჩეთია გახსნილი, რაც ისეთი დიდი ქალაქისათვის,  როგორიც მოსკოვია არასაკმარისია. ექსპერტების გათვლებით მათი რიცხვი მინიმუმ 15-მდე  უნდა აღწევდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ისლამი რუსეთში პოლიეთნიკური და მულტიკულტურულია. მას  რუსეთის 38 ძირეული ხალხი აღიარებს. თითოეულ  არეალს მისთვის დამახასიათებელი ისტორია და კონფესიონალური ტრადიციები გააჩნია. რუსეთის მუფტების საბჭოს თავმჯდომარის რავილ გაინუტდინის აზრით, რუსეთის მუსლიმების სამ ჯგუფად  დაყოფა შეიძლება: პირველი ეს არის ცენტრიდან ყველაზე უფრო მეტად დაშორებული ციმბირი  და შორეული აღმოსავლეთი, მეორე ეს არის ქვეყნის ცენტრალური რაიონები (ვოლგისპირეთი,  ურალი, მოსკოვი) და მესამე - ჩრდილოეთ კავკასია.


ისტორია


ისლამის რუსეთში ყოფნისა და განვითარების  რამოდენიმე ეტაპი შეიძლება გამოიყოს:


1). ვოლგის ბულგარეთის ისლამიზაცია;  2). ისლამი ოქროს ურდოში; 3). ისლამი მოსკოვის სამთავროში (მოგვიანებით სამეფოში);  4). ისლამი რუსეთის იმპერიაში; 5). ისლამი საბჭოთა წყობილებისა და სახელმწიფოს პერიოდში.  6). ისლამი თანამედროვე რუსეთში.


პირველად მუსლიმები ჩრდილოეთ კავკასიაში მეშვიდე საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდნენ. ამავე პერიოდში  არაბები იპყრობენ შუა აზიას. ჩრდილოეთ კავკასიიდან ისლამი ვოლგაზე გავრცელდა. ისლამს  დიდი გავლენა ჰქონდა ხაზართა ხაკანატშიც.


ვოლგის ბულგარეთი მეცხრე საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. მისი პირველი მთავარი  ალმასი მუსლიმი იყო. 922 წელს ვოლგის ბულგარეთმა ისლამი ოფიციალურად მიიღო. მეცამეტე საუკუნემდე ეს სახელმწიფო აღიარებული მუსლიმური ცენტრი იყო. 1236 წელს ვოლგის ბულგარეთს  მონღოლები იპყრობენ და ის ოქროს ურდოს შემადგენლობაში შეყავთ.


მონღოლების კონფესიონალური პოლიტიკა შედარებით შემწყნარებლობით გამოირჩეოდა.  მასში მშვიდობიანად თანაარსებობდნენ მონღოლური წარმართული რწმენები, ისლამი, ქრისტიანობა,  ბუდიზმი და იუდაიზმი. თუმცა ურდოში საკმაოდ მალე გამოიკვეთება ისლამისადმი განსაკუთრებული მფარველობა.


1314 წლიდან უზბეკ ყაენის დროს ისლამი ურდოს უმთავრესი რელიგია ხდება. ამ პერიოდიდან მოყოლებული საყაენოს მოსახლეობის  უმრავლესობა ისლამის რჯულზე ექცევა.


მეთხუთმეტე საუკუნიდან ოქროს ურდო რამოდენიმე დამოუკიდებელ სახანოდ იშლება. მათგან რუსულ სათავადოებთან ყველაზე ახლოს ყაზანის  სახანო იყო. ეს სახანო მთლიანად ისლამიზირებული იყო.


ივანე მრისხანეს დროიდან დაწყებული მოსკოვის სამთავროს წამოწყებულმა და განხორციელებულმა  ტერიტორიალურმა ექსპანსიამ მის საზღვრებში ასტრახანის და ყაზანის სახანოების მოქცევა  გამოიწვია.


ყაზანისა და ასტრახანის სახანოების დაპყრობას მისი გაქრისტიანების მცდელობის,  ხშირ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებები მოჰყვებოდა  ხოლმე. მაგალითად მეთექვსმეტე საუკუნის 90-იან წლებში რუსეთში ადგილი ჰქონდა მუსლიმური მეჩეთების განადგურების მცდელობას. მთელი მეჩვიდმეტე საუკუნის განმავლობაშიც გრძელდებოდა მუსლიმების შევიწროება. მაგ. 1649  წელს მეფე ალექსი მიხეილის ძის დროს მუსლიმების კუთვნილი მიწების ძალით წართმევა მოხდა.


მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდა პეტრე პირველის ზეობის ეპოქაშიც. მის მიერ გატარებული ცენტრალიზაციის პოლიტიკა ქვეყანაში  არსებულ მუსლიმურ თემსაც შეეხო. მაგ. 1713 წელს პეტრე დიდმა თავისი ,,უკაზით“ უფლებები  ჩამოართვა იმ თათრებს, რომლებმაც ქრისტიანობის მიღებაზე უარი განაცხადეს.


უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიუხედავად ამ ძალადობრივი ქმედებებისა,  რუსეთში მუსლიმების მასობრივი გაქრისტიანება არ მოხდა. ისლამი პოზიციებს არ თმობდა  და თავის მიმდევართა თემს ძლიერად იცავდა.


ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებთან  დამოკიდებულება ეკატერინე მეორის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძირეულად შეიცვალა.  სახელმწიფოს მხრივ მუსლიმთა მიმართ ძალადობრივ ტოტალურ ქმედებებს სწორედ მან დაუსვა წერტილი. 1788 წელს მის მიერ გამოცემული ,,უკაზით“ ,,ორენბურგის მაგომეტანური (მუსლიმური)  სასულიერო კრება“ შეიქმნა.


მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერიამ თავის ფარგლებში კავკასიისა  და შუა აზიის ძალით ინკორპორირება შეძლო. ამ პერიოდში ის დიდ პოლიეთნიკურ და პოლი კონფესიონალურ ქვეყნად ჩამოყალიბდა. ამან კი დღის წესრიგში დააყენა ე.წ. ,,იმპერიული იდენტობის“ ჩამოყალიბების აუცილებლობა.  აქედან გამომდინარე, ქვეყნის მუსლიმურ ნაწილთანაც შიდა კონსოლიდაციის მიღწევა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად იქცა.


1849 წელს რუსეთში 8 მუსლიმური სასწავლო  დაწესებულება გაიხსნა. იქ მომზადებულ იმამებს სახელმწიფო სხვადასხვა მეჩეთებში ანაწილებდა.


1832 წელს გაიხსნა ტავრიის მუსლიმური სასულიერო სამმართველო, 1872 წელს კი  ამიერკავკასიის შიიტური და სუნიტური მუსლიმური სასულიერო სამმართველო (მასში ასევე  ჩრდილოეთ კავკასიაც შედიოდა);


მიუხედავად ქვეყანაში მაშინ არსებული ქრისტიანოცენტრიზმისა, ხელისუფლების დამოკიდებულება ისლამის მიმართ იმ დროს მაინც შემწყნარებლობით გამოირჩეოდა. ამასთან დაკავშირებით  რუსეთის მუფტების საბჭოს თავმჯდომარე რავილ გაინუტდინი აღნიშნავს: ,,ისლამს უფრო ითმენდნენ,  ვიდრე უგებდნენ და მხარს უჭერდნენ“-ო.


დროთა განმავლობაში ისლამი თანდათანობით იმპერიის პოლიტიკურ სისტემას შეერწყა.


1905 წელს პირველი მოწვევის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ჩამოყალიბებული  იყო ,,მუსლიმური ფრაქცია“, რომლის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმპერიაში შემავალი  მუსლიმი ხალხების ინტერესების დაცვა იყო. ფრაქციაში 24 დეპუტატი შედიოდა, მათგან  4 მუსლიმური სამღვდელოების წარმომადგენელი იყო.


ამ პერიოდში სახელმწიფო ცდილობდა თავისი მუსლიმი მოქალაქეები კვლავაც განსაკუთრებული  კონტროლისა და ყურადღების ქვეშ ყოლოდა.


1917 წლის ოქტომბერში გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული ბოლშევიკები  მუსლიმ ხალხებში თავიდან მოკავშირეებს ხედავდნენ და ქრისტიანობისაგან განსხვავებით,  ისლამს როგორც ძლიერი სოციალური პროტესტისა და რევოლუციური მოტივაციის რელიგიას აღიქვამდნენ.  მათ ლექსიკონში ხშირად შეხვდებოდით ასეთ გამოთქმებსა და ფრაზებს: ,,წითელი მოლა“,  ,,წითელი შარიათისტი“, არც თუ იშვიათად ასეთ  ლოზუნგსაც კი გაიგებდით: ,,საბჭოთა ხელისუფლებისათვის, შარიათისათვის“.

1928 წლამდე მუსლიმი სამღვდელოება გადასახადებისაგანაც კი თავისუფლდებოდა.  თავის მხრივ კრემლს ვალში არც მუსლიმური სამღვდელოება რჩებოდა და საბჭოთა საგარეო პოლიტიკის გატარებას მხარს აქტიურად უჭერდა.


საბჭოთა სახელმწიფოსა და ხელისუფლების მუსლიმებთან მიმართებაში ვითარება კარდინალურად  1929 წლიდან შეიცვალა. მუსლიმთა მიმართ გამოვლენილი შემწყნარებლობა უბრალოდ დევნითა  და შევიწროვებით შეიცვალა.


ხრუშჩოვის ე.წ. ,,დათბობის პერიოდში“ მუსლიმთა მდგომარეობა კვლავ გაუარესდა,  აგორდა მორიგი ანტირელიგიური, ათეისტური პროპაგანდის ახალი ტალღა.


მუსლიმური თემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა მკვეთრად გაუმჯობესდა ე.წ. ,,პერესტროიკის“  პერიოდში. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კანონის ,,სინდისისა და რელიგიური ორგანიზაციების  თავისუფლების შესახებ“ მიღებამ. ამის შედეგად მოიხსნა აკრძალვა რელიგიურ პროპაგანდაზე. რელიგიურმა, მათ შორის მუსლიმურმა ორგანიზაციებმა იურიდიული პირის უფლებები მიიღეს.


რუსეთში მუსლიმური თემი (უმმა) ერთიანი არ არის. არის 2 შედარებით ერთმანეთთან  სუსტად დაკავშირებული მუსლიმთა ერთობები. მაგალითად თათარი იმამები თავს არიდებენ ჩრდილოეთ კავკასიაში მეჩეთებში გამოსვლას, ხოლო თავის მხრივ ,,კავკასიელები“ არ გამოდიან  თათრულ მეჩეთებში. ამ ორი ერთობის ლიდერთა კოორდინაცია, მხოლოდ მაშინ შეიმჩნევა, როდესაც  მათ ხელისუფლების მიერ დაყენებული ამოცანების გადაჭრა უწევთ. მათ არ აქვთ ერთმანეთისადმი მკვეთრად გამოხატული სოლიდარობა, რაც ნათლად გამომჟღავნდა ჩეჩნეთის პირველი და განსაკუთრებით  მეორე ომის დროს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მუსლიმი პოლიტიკოსები და სამღვდელოების  წარმომადგენლები ერთმანეთს ისლამურ ექსტრემიზმსა და ,,ვაჰაბიზმში“ ადანაშაულებენ.


მუსლიმური სამღვდელოება ფინანსურად დამოკიდებულია სახელმწიფოზე, მის მხარდაჭერაზე.  ხელისუფლება ხშირად ადგილობრივ ადმინისტრაციებს ასუბსიდირებს მეჩეთებისა და სასწავლო  ცენტრების ასაშენებლად. ასევე მუსლიმ მხღვდელმსახურებს ნაწილობრივ ან მთლიანად უხდის ხელფასებს და ა.შ. ასე ხდება თათარსტანში, ბაშკირეთში, მოსკოვში, მორდოვიაში, დაღესტანში,  ჩეჩნეთში, ინგუშეთში, და ფედერაციის სხვა სუბიექტებში.


ისლამიზმი


ისლამიზმი - ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალთაგან  ტერმინთა შორის, რომელიც რელიგიის ეგიდით პოლიტიკურ აქტივობას განსაზღვრავს. მსგავსი  აქტივობის განსაზღვრისათვის ასევე ხშირად იყენებენ ტერმინებს: პოლიტიკური ისლამი, ფუნდამენტალიზმი (ნეოფუნდამენტალიზმი), ვაჰაბიზმი (ნეოვაჰაბიზმი), ტრადიციონალიზმი,  ჯიჰადიზმი, ჯიჰადისტური ისლამიზმი, რევაივალიზმი, ,,ისლამური ექსტრემიზმი“, ინტეგრიზმი.


ისლამიზმის ფესვები შორეული შუა საუკუნეებიდან იწყება. მისი მთავარი იდეოლოგების  შეხედულებები ისლამის პირველწყაროსთან დაბრუნებას გულისხმობს.


ისლამიზმის (სალაფიზმის) იდეის უკეთ გასაგებად ჰანბალიტური მაზჰაბი უნდა გავიხსენოთ  და ჩავუღრმავდეთ. ის ხომ სუნიტური ისლამის ერთ-ერთ საღვთისმეტყველო-სამართლებრივი  სკოლაა. (ამაზე ზემოთ გვქონდა საუბარი). მისი შემქმნელი ღვთისმეტყველი და სამართალმცოდნე  (ფაკიჰი) აჰმად აბუ ჰანბალია (783-855). იგი ისლამში არსებული 4 საღვთისმეტყველო სკოლიდან  ყველაზე უფრო მკაცრი მაზჰაბის ჰანბალიზმის ფუძემდებელია. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ, ამ მაზჰაბმა დასაწყისშივე შეიძინა პოლიტიკური მოძრაობის ხასიათი და მისი მიმდევრები  თავიდანვე ისლამში ყოველგვარი ნოვაციების (ბიდა) წინააღმდეგ უპირობოდ გამოდიოდნენ.


სალაფიზმის სათავეებთან დგას სირიელი ულემი და ღვთისმეტყველი თაკი ად დინ იბნ  თაიმიია (1263-1328); იგი დამასკოში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, აქტიურად მონაწილეობდა  თეოლოგიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. თაიმიია  თავისი შეხედულებების გამო ორჯერ იყო დაპატიმრებული. იგი 1328 წელს დამასკოს ციხეში  გარდაიცვალა.


თაიიმია ყურანისა და სუნას ყოველგვარი ინტერპრეტირების გარეშე, სიტყვასიტყვით  გაგებასა და აღქმას მოითხოვდა და ისლამში ყოველგვარ ,,დაუშვებელ სიახლეთა“ წინააღმდეგ იბრძოდა. იცავდა რელიგიისა და სახელმწიფოს ურყევი ერთიანობის პრინციპს. თვლიდა, რომ  შარიათის გარეშე სახელმწიფო არასწორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს და საბოლოოდ  ტირანიადაც კი ჩამოყალიბდეს. იგი უპირობოდ აღიარებდა ,,მართლმორწმუნე ხალიფების“ კანონიერებას.  მისმა იდეებმა და ნააზრევმა დიდი გავლენა მოახდინა სხვადასხვა მუსლიმურ იდეურ მიმდინარეობებზე.


დღეს უდავო ფაქტად არის მიჩნეული, რომ, ისლამიზმის კონცეპტუალურ საფუძველს  შვიდი საუკუნის წინ მცხოვრები, სწორედ ამ მუსლიმი ღვთისმეტყველის მიერ ჩამოყალიბებული  იდეები წარმოადგენს.



იბნ თაიმიიას იდეების გამგრძელებელია მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე მუჰამად  აბდ ალ-ვაჰაბი (გარდ. 1792 წ.). მან შექმნა მოძღვრება, რომელშიც კვლავ ააღორძინა იბნ  თაიმიიას იდეები. მის ამ მოძღვრებას დღეს მსოფლიოში ვაჰაბიზმის სახელწოდებით იცნობენ.


ისლამისტური ნააზრევის გამდიდრებაში ასევე სერიოზული წვლილი შეიტანეს ისლამის  რეფორმატორებმა - ჯემალ ად დინ ალ-ავღანიმ  და მუჰამედ აბდომ. ასევე შუა საუკუნეების ღვთისმეტყველების მემკვიდრეები არიან წინა საუკუნეში მოღვაწე ისლამიზმის იდეოლოგები: ჰასან ალ-ბანნა (ეგვიპტეში ,,მუსლიმი  ძმების ასოციაციის“ შემქმნელი) და აბულ ალა მავდუდი (ინდურ-პაკისტანური ,,ჯამიათი  ისლამის“ დამფუძნებელი).


შეიძლება ითქვას, რომ ისლამი ყველაზე უფრო მეტად სოციალიზებული რელიგიაა. იგი  დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ სამართლიანობას, ისეთი სახელმწიფოს აშენებას, სადაც  დაცული იქნება სოციალური სამართლიანობა. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ იგი ყველაზე უფრო მეტად პოლიტიზირებული რელიგიაც არის.


ისლამისტების ბრძოლის მთავარი მიზანი სამართლიანი  ისლამური სახელმწიფოს შექმნა გახლავთ. ასეთ სახელმწიფოში კანონმდებლობის საფუძველს  ისლამი და შარიათი უნდა წარმოადგენდეს.


მეოცე საუკუნის 80-90-იან წლებში რუსეთში  გაჩნდა ვაჰაბიტების მოძრაობა, რომელიც სალაფიტების მოძრაობითაც არის ცნობილი.


როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვაჰაბიტური (სალაფიტური) მოძრაობის ძირითად მიზანს  ისლამის განწმენდა შეადგენს. მისი მიმდევრები თვლიან, რომ ისლამი უნდა განიწმინდოს  ყოველგვარი სიახლეებისაგან და თავის პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს.


ამ მოძრაობის მთავარ კერად რუსეთში ჩრდილოეთ კავკასია, კერძოდ დაღესტანი და  ჩეჩნეთი ითვლება. ასევე ის გავრცელებულია დაღესტნურ და ჩეჩნურ დიასპორებში სტავროპოლის მხარეში და  ქვედა ვოლგისპირეთში.


აქ ვაჰაბიტები ქმნიან პირველად უჯრედებს, რომელსაც არაფორმალურ ჯამარათებს  უწოდებენ. ეს არის მუსლიმური თემი, სალაფიტების პოლიტიკური გაერთიანება.


2016 წლის მონაცემებით მსგავსი რადიკალური განწყობის ჯამარათები უკვე მთელი  რუსეთის მასშტაბით იყო შექმნილი.


სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად რუსეთში ყველაზე მეტ გაღიზიანებას ჩრდილოეთ  კავკასიიდან ჩამოსული პირები იწვევენ. სპეციალისტების აზრით რუსეთში სწორედ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან ჩასული მიგრანტები არიან რადიკალური ისლამის ერთ-ერთი გამავრცელებლები. ექსპერტების აზრით, ამ ჩამოსული მიგრანტების თვითშეგნება ზედმეტად ისლამიზირებულია.  ისინი აქტიურად ითხოვენ ახალი მეჩეთების აშენებას, პარასკევის უქმე დღედ გამოცხადებას.  აქედან გამომდინარე სწორედ ამ მუსლიმ მიგრანტებს მოაქვთ რუსეთში ისლამისტური რადიკალური იდეები.


ისლამისტები აკონტროლებენ თითქმის ყველა მეჩეთს, რომლებიც დღევანდელ სიტუაციაში  უფრო პოლიტიკური ცენტრებისა და სადისკუსიო კლუბების ფუნქციას ასრულებენ. ისინი ანდამატებივით  იზიდავენ იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, განხიბლულები არიან ხელისუფლებითა და მისი სტრუქტურებით, აღარ ჯერათ არავისი, ერთგვარ  პოლიტიკურ დეპრესიაში არიან ჩავარდნილები და თავიანთი პრობლემების მოგვარების ერთადერთ  საშუალებად ისლამი მიაჩნიათ.


ცნობილია, რომ, მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე  უფრო გავრცელებული და სახიფათო სახე ეთნორელიგიური ტერორიზმია. იმ ტერორისტულ აქტებს,  რომლებსაც საფუძვლად უდევს რელიგიური და ეთნიკური მომენტები, სპეციალისტები განსაზღვრავენ,  როგორც ეთნორელიგიურს. ტერორისტული დანაშაულის ჩადენისას მათი მოთხოვნები შეიძლება  განსხვავებული იყოს. პოლიტიკური მოთხოვნები შეიძლება გულისხმობდეს რომელიმე რელიგიური  ან ნაციონალური ჯგუფისადმი ახალი უფლებების მინიჭებას, მათ შორის სახელმწიფოებრივი  დამოუკიდებლობის გამოცხადებასაც კი.


თანამედროვე ტერორიზმი ხშირად ერთმანეთში  აერთიანებს როგორც ნაციონალურ, ისე რელიგიურ მოტივაციას, ხშირად ეს უკანასკნელი პირველ  პლანზეა წამოწეული.


რუსეთში ეთნო რელიგიური დაპირისპირების ცენტრს ჩრდილოეთ კავკასია წარმოადგენდა.


2001  წლის 1 იანვრიდან 2005 წლის  12 ივლისამდე რუსეთში განხორციელებულ 50 ყველაზე დიდი ტერორისტული აქტებიდან გამომდინარე  შემდეგი სურათი იკვეთება:


დაშავდა - 4656 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა  1115, დაიჭრა 3358.


ტერორისტების დაფინანსება მათი ორგანიზატორების მხრივ განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულია.  მისი მთავარი წყარო რა თქმა უნდა საგარეო ფინანსური ინექციებია, თუმცა თანხების მოზიდვას ისინი დამოუკიდებლადაც ახერხებენ.


მათი დაფინანსების მთავარ წყაროს შეადგენს:


იარაღის უკანონო ვაჭრობა (ბრუნვა), ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა  (ვაჭრობა), ნავთობპროდუქტების არალეგალური მოპოვება და გაყიდვა, ადგილობრივი მოსახლეობის  დარეკეტება;


დასკვნები


ყოველივე ზემოაღნიშნული საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ  შემდეგი:


1) ისლამი რუსეთში თავისი მიმდევართა რაოდენობის მიხედვით, მართლმადიდებელი  ქრისტიანობის შემდეგ მეორე რელიგიაა. იგი ქვეყანაში იმ დროიდან არსებობს, ვიდრე რუსეთი ოფიციალურად გაქრისტიანდებოდა. ისლამს რუსეთში მცხოვრები 40-მდე ეთნოსი აღიარებს.  რუსეთში მცხოვრები მუსლიმების უმეტესობა ისლამის სუნიტური მიმდინარეობის შაფიიტური  მაზჰაბის მიმდევრები არიან, თუმცა არიან შიიზმის მიმდევრებიც. რუსეთში ისლამის მიმდევრები  არიან მიგრანტებიც, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეები არ არიან და ძირითადად აზერბაიჯანიდან  და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები. სწორედ მათი ჩათვლით აღწევს ქვეყნაში  მუსლიმთა რაოდენობა 20 მილიონამდე.


2) რუსეთში არსებობის მანძილზე ისლამი და მუსლიმები არაერთხელ ყოფილა დევნისა  და შევიწროების ობიექტი (მსხვერპლი). ამავე დროს იყო პერიოდებიც, როდესაც სახელმწიფო  ხელისუფლება მისდამი ტოლერანტობას იჩენდა. ეს უფრო იძულებითი კეთილი ნების გამოვლინება  იყო, ვიდრე მასთან ერთად თანაცხოვრების გულითადი სურვილი. ამ თვალსაზრისით ერთგვარ  მოსაბრუნს წარმოადგენდა რუსეთის იმპერატორის ეკატერინე მეორის მიერ მათ მიმართ გატარებული  ტოლერანტული პოლიტიკა.


3) უნდა აღინიშნოს, რომ, რუსეთში სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა საკმაოდ წინააღმდეგობრივი  იყო და ამ მიმართულებით შეცდომებიც მრავლად იქნა დაშვებული.


მუსლიმური მოსახლეობის გაკონტროლებას რუსეთის ხელისუფლება სამი ძირითადი მიმართულებით  ახერხებდა:


პირველი - ეს იყო მათზე პირდაპირი სამხედრო პოლიტიკური ზემოქმედება, მეორე  - მათზე გავლენა ლოიალური მღვდელმსახურების მეშვეობით, მესამე - ადგილობრივი ტრადიციული  არისტოკრატიის ჩამოყალიბებით და იმპერიასთან ლოიალობის სულისკვეთებით გამორჩეული მუსლიმების  საერთო რუსულ ელიტაში ჩართვით.


4) რუსეთში მცხოვრები ამა თუ იმ მუსლიმი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა არაერთხელ  გამოსულა ისლამის დროშის ქვეშ. პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ჩრდილოეთ კავკასიელი  ხალხების ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის იმამ შამილის მეთაურობით. ასევე უნდა აღინიშნოს,  რომ, მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, ჩეჩნეთში,  რუსეთის ფედერალური ხელისუფლების მიერ წარმოებული ორი ომის დროს, ჩეჩენი მეომრებისათვის (მებრძოლებისათვის) მათი კონფესიონალური კუთვნილების აღქმას, ანუ, იმას, რომ, ,,ჩეჩნობასთან“  ერთად ისინი ,,მუსლიმებიც“ იყვნენ უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.


5) რუსეთში მუსლიმური თემისათვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მეოცე საუკუნის  30-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე 90-იან წლებამდე პერიოდი, როდესაც მათ თავის თავზე  იწვნიეს დიდი ტერორის, დევნის და გადასახლებების უმძიმესი ხვედრი. ქვეყანაში მუსლიმთა  არასახარბიელო მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ე.წ. ,,პერესტროიკის“ პერიოდში. სწორედ მაშინ იქნა მიღებული კანონი ,,სინდისის თავისუფლების  და რელიგიური აღმსარებლობის შესახებ“.


6) რუსეთში არ არის მუსლიმური სამღვდელოების ერთიანი სისტემა. მოქმედებს მუსლიმთა  რამოდენიმე სასულიერო სამმართველო, რომლებსაც ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები  აქვთ.


საერთო ჯამში მუსლიმურ სამღვდელოებას რუსეთის ხელისუფლებისადმი ძირითადად ლოიალური დამოკიდებულება აქვს. ხელისუფლება კი, თავის  მხრივ, გამოდის რა მის ძირითად დამფინანსებლად, მაინც ახერხებს მასზე კონტროლის შენარჩუნებას.  უნდა აღინიშნოს, რომ, მუსლიმური სამღვდელოების მაღალი წრეების წარმომადგენლებმა მთავრობისადმი  ლოიალური დამოკიდებულების სანაცვლოდ, ქვეყნის რელიგიურ ისთებლიშმენტში და პოლიტიკურ  ელიტაში თავისი ადგილი დაიკავეს. სხვადასხვა ღონისძიებებზე ისინი სულ უფრო და უფრო  ხშირად ჩნდებიან ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და მმართველ ელიტასთან ერთად.


7) რუსეთის ფედერაცია პოლიეთნიკური და პოლიკონფესიური ქვეყანაა. სწორედ ამით არის განპირობებული მისი მულტიკულტურალიზმი. ეს გარკვეულწილად  მისი სიმდიდრეც არის და ამავე დროს ერთგვარი პრობლემაც. რუსეთში მცხოვრები მუსლიმი  მოქალაქეები ამ პოლიეთნიკური და პოლიკონფესიური საზოგადოების წევრები არიან. თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის, თუ რამდენად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ გაჟღერებული  და ქვეყნის კონსტიტუციაშიც დაფიქსირებული თანასწორუფლებიანობა, მათ რეალურ უფლებებსა  და მდგომარეობას, კონსტიტუციით მინიჭებულ თავისუფლებებს.


8) ისლამი რუსეთში ისტორიულადაც  და დღესაც თავის თავს ორ განზომილებაში ავლენს. პირველი ეს არის ეთნიკური და მეორე  კონფესიონალური, ანუ, საერთო მუსლიმური ასპექტი. მაგ. ჩეჩენი ახალგაზრდა თავისი იდენტობის  განსაზღვრისას ფიქრობს, რომ პირველ რიგში ის არის ჩეჩენი, მას უნდა რომ იყოს თავისუფალი  და სწადია, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის ამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლაში წინა პლანზე აყენებს თავის ეთნიკურ იდენტობას, (ანუ იმას,  რომ, ის არის ჩეჩენი). ამავე დროს მას უნდა რომ იცხოვროს სამართლიანი სახელმწიფოში, სადაც არ იქნება კორუფცია და სხვა სოციალური პრობლემები. ამის მიღწევის შესაძლებლობას  (შანსს) კი მას საკუთარი კონფესიონალური იდენტობა, ანუ ,,მუსლიმობა“ აძლევს. ეს ორივე  ფაქტორი კი, მას იქითკენ უბიძგებს, რომ, თავისი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს  პოლიტიკური მოწყობის საფუძვლები ისევ ისლამის წიაღში ეძიოს.


9) რუსეთში ყოველთვის იყვნენ რუსული ნაციონალიზმითა და შოვინიზმით გამორჩეული  ძალები. ისტორიიდან საკმარისია ,,შავრაზმელები“ გავიხსენოთ. ასეთი ძალების ნაკლებობას დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური სპექტრიც არ განიცდის. თანაც ამ განწყობების პოლიტიკური  პალიტრა ყავისფერთან ერთად ნეობოლშევიკური და ნეოკომუნისტური მჭახე წითელი ფერებითაც  არის გაზავებული. ქვეყანაში არიან ე.წ. ,,ალარმისტი“ ექსპერტებიც და ჟურნალისტებიც,  რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს შესანიშნავ ,,სატოპკეს“ უწევენ ხოლმე. ქვეყნის  ხელისუფლება და სპეცსამსახურები ამ ფობიურ განწყობებს კარგად იყენებენ და მას - მედიის  საშუალებით იმ ,,ქეისს“ წამოწევენ ხოლმე წინა პლანზე, რაც იმ მომენტისთვის მეორე ბანაკის  შესასუსტებლად ჭირდებათ. მსგავსი ძალების პერიოდული გააქტიურებები კი საზოგადოებაში ისლამოფობიის გასაღვივებლად და მუსლიმთა რელიგიური აქტივობების გასანეიტრალებლად არის  ხოლმე მიმართული.


10) მართალია რუსეთის ხელისუფლება ძირითადად  აკონტროლებს ქვეყანაში არსებულ ტრადიციულ მუსლიმურ სამღვდელოებას, ქვეყანაში მაინც  არსებობს ზოგიერთი ისეთი ისლამისტური ორგანიზაცია თუ პარტია, რომლის გაკონტროლებას  მიუხედავად მცდელობებისა ის ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება  და სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ ე.წ. ,,დაბალანსების პოლიტიკას“ ამა თუ იმ (ნეო)ისლამისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ.  ამაში ისინი აქტიურად იყენებენ რუსული შოვინისტური იდეოლოგიით გაჟღენთილი ნეობოლშევიკური და ნეოფაშისტური მიმართულების მოძრაობებს, დაჯგუფებებსა თუ პარტიებს.


11) ისლამი ზედმეტად პოლიტიზებული რელიგიაა.  მასში დიდი ყურადღება ექცევა სოციალური სამართლიანობის საკითხებს, რაც მისი პოლიტიკისადმი  განსაკუთრებულ მგრძნობელობას განაპირობებს. ეს გამოკვეთილად ჩანს თანამედროვე ისლამში და მის რადიკალურ მიმდინარეობებში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებას წარმოადგენს ისლამიზმი,  რომელიც, შინაგანად საკმაოდ ინტეგრირებულ კონსერვატიულ ფენომენად რჩება. იგი რუსეთში  სერიოზულად არის წარმოდგენილი. ისლამისტები ისლამის მონოპოლიზებას ცდილობენ და ახერხებენ  კიდევაც. რელიგიური პოლემიკის დროს ხელისუფლებასთან თითქმის ყოველთვის გამარჯვებულები  გამოდიან. ოპონენტების კრიტიკა ,,წმინდა ისლამის“ პოზიციებიდან კარგად გამოსდით. ისლამისტების  გამოსვლები ყოველთვის რელიგიურად მოტივირებულია, რაც მათ მორწმუნე მუსლიმების თვალში სიმართლის დამცველებად წარმოაჩენს. ეს კი მათ ოპონენტებს საკმაოდ არასახარბიელო  ,,პოლიტიკური ჩოგჯენის“ მდგომარეობაში აყენებს.  აქედან გამომდინარე სახელმწიფოს (ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლების) წარმომადგენლებს  მათ გასანეიტრალებლად თავის არსენალში დიდი არჩევანიც აღარ რჩებათ. ან ისლამისტებთან ღვთისმეტყველების საკითხებზე ხანგრძლივ და დამღლელ კამათში შესვლა, ან უბრალოდ მათი  მიუღებლობა, არცნობა და იგნორი. ამას კი სახელმწიფოსთვის მაინცდამაინც კარგი შედეგები ვერ მოაქვს.


12) რუსეთში ტერორიზმმა განიცადა გარკვეული ევოლუცია, რამაც საკმაოდ დიდი ხნის  განმავლობაში ქვეყნის შიდა სახელმწიფო უსაფრთხოების დესტაბილიზაცია გამოიწვია. საერთაშორისო  ტერორისტულმა დაჯგუფებებმა რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე დაიწყეს ექსპანსია,  რომელიც ტერორისტული აქტების მომზადებითა და განხორციელებით მთავრდებოდა.


13) რუსეთი თავს ისლამურ ქვეყნად აცხადებს.  აქედან გამომდინარე, თავის საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას ტრადიციული ისლამის  მიმდევართა გულშემატკივარისა და დამცველის საპატიო მანტია აქვს მორგებული. ამავე მოტივით გახდა იგი ,,ორგანიზაცია ისლამური კონფერენციის“ დამკვირვებელი ქვეყანა. თუმცა სიტუაციებისა და საჭიროებების მიხედვით მან ეს მანტიაც შეიძლება მალევე გვერდზე გადადოს.


14) ხელისუფლების ვალდებულებაა რომ რუსეთის ფედერაციულ სახელმწიფოში მცხოვრებმა  ყოველი ეთნოსის და კონფესიის აღმსარებელმა ადამიანმა მოახდინოს თავისი ეთნიკური და  რელიგიური კუთვნილების შენარჩუნება ისე, რომ, არ დაირღვეს მისი სამოქალაქო უფლებები.  მუსლიმთა რელიგიური და ეთნიკური იდენტობა ძალიან მგრძნობიარე და სენსიტიურია. შესაბამისად  მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ხელისუფლებისა და მისი ჩინოვნიკების მხრიდან უაღრესად  დიდი ტაქტისა და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.


15) რუსეთში დღევანდელი მსოფლიო პანდემიის ვითარებაში ჯიჰადისტური აქტივობების  მხრივ სიტუაცია შედარებით სტაბილურია, თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ბოლომდე  თვითდამშვიდების საფუძველს ეს ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდა აძლევდეს. ისლამიზმი  (სალაფიზმი) რუსეთისათვის დღესაც უსერიოზულეს  გამოწვევად რჩება. თუ რამდენად შეძლებს ქვეყნის ხელისუფლება მსგავსი რისკებისა და  გამოწვევების გამკლავებას, ამას მომავალი გვიჩვენებს.


ესეს თან ვურთავთ იმ ორგანიზაციების სიას,  რომლებიც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით ტერორისტულ ორგანიზაციებად არის მიჩნეული.


1). ,,კავკასიის მოჯთაჰედების გაერთიანებული  ძალების უმაღლესი სამხედრო მაჯლის შურა“;

2). ,,დაღესტნის და იჩქერიის ხალხთა კონგრესი“;

3). ,,ბაზა“ (,,ალ-კაიდა“);

4). ,,ასბათ ალ-ანსარ“;

5).,,წმინდა ომი“ (,,ალ-ჯიჰად „ ან ,,ეგვიპტის  ისლამური ჯიჰადი“);

6). ,,ისლამური ჯგუფი“ (,,ალ გამაა ალ-ისლამია“);

7). ,,ძმები მუსლიმები“;

8). ,,ისლამური განთავისუფლების პარტია“

(,,ჰიზბ უთ-თაჰრირ ალ-ისლამი“);

9). ,,ლაშქარ-ი ტაიბა“;

10). ,,ისლამური ჯგუფი“

(,,ჯამაათი ისლამი“);

11). ,,მოძრაობა ტალიბანი“;

12). ,,თურქესტანის ისლამური პარტია“;

(ყოფილი ,,უზბეკისტანის ისლამური მოძრაობა“);

13). ,,სოციალური რეფორმების საზოგადოება“;

(,,ჯამიათ ალ-ისლაჰ ალ-იჯთიმაი“);

14). ,,ისლამური მემკვიდროების აღორძინების  საზოგადოება“;

(,,ჯამიათ იხია ატ-ტურაზ ალ-ისლამი“);

15). ,,ორი წმინდანის სახლი“;

(,,ალ-ჰარამეინ“);

16). ,,ჯუნდ აშ-შამ“;

(დიდი სირიის ლაშქარი-ჯარი);

17). ,,ისლამური ჯიჰადი“ - მოჯაჰედების  ჯამაათი“;

18). ,,ალ კაიდა ისლამური მაღრიბის ქვეყნებში“;

19). ,,იმარათ კავკაზ“

(,,კავკასიური ემირატი“);

20). ,,ისლამური სახელმწიფო“.

(სხვა დასათაურებები: ,,ერაყისა და სირიის  ისლამური სახელმწიფო“, ,,ლევანტისა და ერაყის ისლამური სახელმწიფო“, ,,შამისა და ერაყის  ისლამური სახელმწიფო“);

21). ,,ჯებჰათ ან-ნუსრა“ (გამარჯვების ფრონტი);

(სხვა დასახელებები: ,,ჯაბჰა ალ-ნუსრა  ლი აჰლ ას-შამ“, ანუ ,,დიდი სირიის მხარდაჭერის ფრონტი);

22). ,,აჯრ ატ ალაჰა სუბჰანუ ია ტაგალია  შამ“;

23). ,,ჯამაათ ატ-ტავაჰიდა ვალ ჯიჰადის  მოჯაჰედები“;

24). ,,როჰნამი ბა სუი დავლათი ისლომი“;

(,,ისლამური სახელმწიფოს გზამკვლევი“);

25). ,,ქათიბა თაუჰიდ ვალ-ჯიჰად“;

26). ,,ხაიათ თაჰრირ ას-შამ“;

(,,ლევანტის განთავისუფლების ორგანიზაცია“,  ,,თაჰრირ აშ-შამ“);

27). ,,აპლიუ სუნნა ვალ ჯამაა“;

(,,კრასნოიარსკული ჯამაათი“);

bottom of page