top of page

რუსეთის 2021 წლის არჩევნები

18/09/2021

რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს სამდღიანი არჩევნების მეორე დღეა. არჩევნები მიმდინარეობს როგორც ელექტრონულ რეჟიმში, ისე ოლქებში.


თავად პუტინმა легким движением руки ხმა კაბინეტში კომპიუტერის მეშვეობით მისცა - https://bit.ly/3hMXP1o


ელექტრონულ რეჟიმში ხმის მიცემა მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, თუმცა რუსეთში ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს. დამკვირვებლებს, რომელთა რაოდენობა ისედაც შეზღუდულია, არ შეუძლიათ ამ პროცესის მონიტორინგი.


პოლიტოლოგ ნიკოლაი პეტროვის აზრით, კრემლს რადიკალური ზომების გამოყენება, ანუ არჩევნების ფალსიფიკაცია არ სჭირდება, რადგან:


1. ხელისუფლებისთვის არასასურველ ოპონენტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ეძლევათ,


2. მსგავსი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლო არც კი განიხილავს სარჩელს,


3. დაპატიმრებულები არიან პოლიტიკოსები.


პოლიტიკოსების გარდა, თავისუფლება სამოქალაქო აქტივისტებსაც აღუკვეთეს. 16 სექტემბერს მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში რუსმა „ძალოვნებმა“ ჩაატარეს რეიდი, რა დროსაც დააპატიმრეს უმაღლესი ეკონომიკური სკოლის, დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი მარია პლატონოვა, რომელსაც ბრალი ედება მასობრივი არეულობის დაგეგმვაში არჩევნების პერიოდში - https://bit.ly/3Ev7XWs


4. უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი, ბაღის მასწავლებლებიდან დაწყებული სახელმწიფო უმაღლესი სტრუქტურების თანამშრომლებით დამთავრებული, უშუალოდ კრემლის ხელშია,


5. არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილ რეგიონებში, მაგალითად, ხაბაროვსკში ცხოვრობს.


ამას ემატება ისიც, რომ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები უკრაინაშიც, თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაშიც მიმდინარეობს, სადაც 600 000-ზე მეტი ეგრეთ წოდებული ამომრჩეველი ფიქსირდება.


მედიის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ  იდევნებიან და მათი საქმიანობა მაქსიმალურად იზღუდება სხვადასხვა მეთოდით.


კრემლის ზეწოლას ვერ გაუძლო ორმა ისეთმა მსხვილმა კომპანიამ, როგორებიცაა „Google” და „Apple”. არჩევნების წინა დღეს მათი ონლაინ მაღაზიებიდან (Google Play; Apps Store) გაუჩინარდა აპლიკაცია „Navalny”. აპლიკაცია გამოიყენებოდა „ჭკვიანი ხმის მიცემის“ სტრატეგიისთვის, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობის ეფექტური კოლექტიური ქმედების უზრუნველყოფას არჩევნებზე - https://bit.ly/3nZomgb. რუსეთის პროკურატურა აპლიკაციების წაშლას დაჟინებით მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კომპანიებისთვის სანქციების დაწესებით იმუქრებოდა.


რუსეთში ბლოგერები და მედიის წარმომდგენლები შიშობენ, რომ არჩევნების შემდგომ, კრემლი ცენზურას გააძლიერებს. მაგალითად, ვირტუალური სივრცის (ჰოსთინგი) მოსაპოვებლად შესაბამისი ლიცენზიის მიღება შეიძლება გახდეს საჭირო.


მიმდინარე არჩევნებამდე კრემლმა „Пряники-ის“ უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა გასცა. დიდი ფინანსური რესურსი არა მხოლოდ პოლიტ-ტექნოლოგიებსა და პიარზე დაიხარჯა, არამედ მოქალაქეებისთვის ფულის დარიგებაზეც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიციელებსა და სამხედროებს, რომლებსაც, პუტინის სპეციალური განკარგულებით, ხელფასების დანამატები მიეცათ - https://reut.rs/3EuWs13


სამდღიან არჩევნებზე უჩვეულოდ მაღალი აქტივობა პირველივე დღიდან შეინიშნება. რუს ექსპერტებს შორის გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ოლქებში საარჩევნო რიგები ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების შედეგია. კრემლისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დასაწყისშივე იყოს სურათი ნათელი - იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული რესურსის კონსოლიდაცია არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის საკმარისია, მას აღარ მოუწევს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. სხვა შემთხვევაში კი კრემლი განსხვავებულ ტრიუკებს გამოიყენებს.


მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი ალბათობით, პარტია „ერთიანი რუსეთი“ 2021 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს. მაგრამ, კრემლისთვის მხოლოდ გამარჯვება არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია გამოჩნდეს, რომ ხელისუფლებას აქვს მაღალი მხარდაჭერა.  მმართველ გუნდს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს მოუმზადებელი შეხვდეს. თუ დაბალ რეიტინგთან ერთად, არჩევნების შემდგომ პერიოდში, 2024 წლის არჩევნებამდე, არ განხორციელდა სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაცია, სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს раскол в элитах და მათი აზრების თანხვედრა მასებთან.


საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგი რაოდენობრივი თვალსაზრისით არავის არ გააკვირვებს. თუმცა, ხარისხობრივად, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მაგალითად, ხაბაროვსკში, ეს ძალზედ საინტერესოა. ასევე, საინტერესოა, არჩევნების მერე ხელისუფლება რა ნაბიჯებს გადადგამს ოპონენტების დევნის, ინტერნეტ სივრცის და, შესაბამისად, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისა და რეფორმების გატარების კუთხით.

bottom of page