top of page

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: მიზეზები

კონსტანტინე გაბაშვილი | კრიტიკა | 4 თებერვალი, 2023

           

მსოფლიო შეძრა რუსეთის მიერ გათენებულმა 2022 წლის 24-მა თებერვალმა. რუსეთი, სრულიად ამორალურად, თავისი უზარმაზარი სამხედრო პოტენციალის ფართო გამოყენებით თავს დაესხა მშვიდობიან უკრაინას. სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები პროგნოზს ავრცელებდნენ, რომ მოსალოდნელი იყო სამი დღე-ღამის განმავლობაში რუსების მიერ დეკლარირებული შედეგი - უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღება და უკრაინაში „რეჟიმის შეცვლა“  (1).  თავდასხმის საბაბად მოფიქრებული იყო ცრუ იდეოლოგიური კლიშეები, რათა რუსული პოლიტიკური და სამხედრო ელიტის თვალსაზრისით, შენარჩუნებული ყოფილიყო მათი ქვეყნის საგარეო იმიჯი. ჩვენი ამოცანაა, გავაანალიზოთ ამ აგრესიული ქმედების საფუძვლები - ისტორიული, პოლიტიკური,  იდეოლოგიური და  სოციო-ფსიქოლოგიური. არ იქნება გასაკვირი, თუ ვნახავთ, რომ, გარკვეულად და დიდწილად, იმავე მიზეზებს  აღმოვაჩენთ რუსეთის დაპყრობითი ხასიათის ოპერაციისას საქართველოში, განსაკუთრებით,  2008 წლის აგვისტოში. ასევეა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სხვა ვითარებებში. 

 

ისტორია

ადრეული შუა საუკუნეების  პერიოდი გამოირჩევა სლავური სახელმწიფოს ჩამოყალიბების მტკივნეული და ერთი შეხედვით, ეპოქისთვის დამახასიათებელი ქაოსური პროცესებით, რომელსაც მიზნად ხელისუფლებისთვის სხვადასხვა ძალების საომარი და პოლიტიკური აქტიურობა ახასიათებს. რომ არ ჩავყვეთ ყველა წვრილმანს, უნდა გამოვკვეთოთ მთავარი, რაც ჩვენს ახლანდელ ინტერესს ეხმიანება. ესაა უკრაინა და რუსეთი, მათი კავშირების თუ დაპირისპირების ქრონიკალური განზომილება. 


საყურადღებოა, რომ რუსული და უკრაინული ისტორიოგრაფია განსხვავებულად ხედავსინფორმაციას „კიევის რუსეთის“ თუ „კიევის სახელმწიფოს“ შესახებ. ესა არაა შემთხვევითი. რუსი ისტორიკოსები (ცარიზმის პერიოდში მაქსიმოვიჩი, კოსტომაროვი, ილოვაისკი, განსაკუთრებით ვ.ო.კლუჩევსკი), ხოლო საბჭოთა პერიოდში გრეკოვი, არტამონოვი, პაშუტო) კატეგორიულად ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ „კიევის რუსეთი“, რათა ხაზი გაესვათ რუსულ-უკრაინულ იდენტურობისთვის წარსულში, რაც გამიზნული უნდა ყოფილიყო მომავლისთვის. მაგალითად, ცნობილი რუსი ისტორიკოსი კლუჩევსკი (მისი ნაშრომებით იზრდებიან დღევანდელ რუსულ უნივერსიტეტებში ისტორიკოსები) წერდა, რომ „რუსეთის ისტორია არის იმ ქვეყნის ისტორია, რომელიც კოლონიზირებს... მერვედან მეცამეტე საუკუნემდე რუსული მოსახლეობა შეჯგუფებულია შუა და ზედა დნეპრის მიდამოებში. ... მთავარი მასა რუსული მოსახლეობის არის ზემო ვოლგის და მისი შესართავების მიდამოებში“.(2)  როგორც ვხედავთ, უკრაინა საერთოდ არაა ნახსენები, როგორც ხალხი, ეთნოსი და გაზავებულია რუსეთით. სხვათა შორის, ასეთივე გამჭოლი ხაზი გასდევს ყველა სხვა ქვეყნის თუ რეგიონის დაპყრობას, როგორც რუსული პოლიტიკის ბუნებრივ მოვლენას. ამის საპირისპიროდ, უკრაინული ისტორიოგრაფიის დამფუძნებელი მ. გრუშევსკი სრულიად განსხვავებული ისტორიული მოდელის მომხრე იყო. ის და მისი მიმდევრები იყენებენ  სახელწოდებად „კიევის სახელმწიფო“ და „რუსკა დერჟავა“. ამაზე მოგვიანებით.


ისტორიულად ეთნიკურ ჯგუფთა ძველი გაერთიანება IX საუკუნეს განეკუთვნება და ეს ნორმანდიული წარმოშობის დიდებულთა, რიურიკოვების ხელით მოხდა.  ვარიაგებისგან შემორჩენილი იყო როგორც რიურიკების მმართველი დინასტია, ასევე, ეთნონიმი „რუს“. ვარიაგები იყვნენ სკანდინავები, უფრო მეტად, შვედები. აღსანიშნავია სამი რიურიკი ძმის მიერ დანაწილებული სახელმწიფო (972-978წწ.);  იაროპოლკი - მას კიევი მიეკუთვნა, ოლეგი - მისი იყო დრევლიანის მიწები და ვლადიმირი - ნოვგოროდის თავადი. მტრობა უკრაინელების მიმართ მაშინვე დაიწყო! ოლეგმა ნოვგოროდელი რაზმისა და დაქირავებული ვარიაგული რაზმით დაიპყრო კიევი. ოლეგის დამპყრობლური ფრაზაა ცნობილი -„დაე, იყოს იგი (კიევი) რუსული ქალაქების  დედა“. მოგვიანებით ვლადიმერ მონომახის ქვეშ გაერთიანებული ქვეყანა მისი სიკვდილის მერე, 1025 წელს იშლება სათავადოებად. რუსეთის ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო ვერ გუობს კიევს.  1169 წელს  ვლადიმერ  სუზდალელი  თავის შვილს, მსტისლავს, აგზავნის კიევში , რომელიც ანადგურებს, წვავს კიევს, ძარცვავს ქალაქს.  იგივე მეორდება 1203 წელს, როცა რუსეთი ცდილობს კიევის მოსპობას.   ეს ცნობილი ქრონიკაა და სრულებით არ ჰგავს რუსული ისტორიოგრაფიის ვერსიას ერთი ხალხის და ძმობის შესახებ. როგორც გრუშევსკი ამტკიცებდა, 1240 წელს მონღოლების შემოსევამ, რომლებმაც კიევიც გადაწვეს, საერთო დაკნინება და რღვევა მოიტანა. აქვე უნდა მივუბრუნდეთ გრუშევსკის ათტომიანი  ”უკრაინის ისტორიის“ მთავარ ხაზს - უკრაინელები და რუსები არიან არა მხოლოდ სხვადასხვა, არამედ განსხვავებულ ვექტორიანი ხალხები, განსხვავებული ეთნოგენეზი და ისტორიული სახელმწიფოებრიობით. (3)  მისი აზრით, რაც უკრაინელებისთვის გადამწყვეტი მოცემულობაა,   „კიევის რუსის“ სახელმწიფოს მემკვიდრე არა ვლადიმერ-სუზდალის მიწაა, როგორც ამას რუსი ისტორიკოსები ამტკიცებენ, არამედ გალიცია-ვოლანსკის მიწა, ხოლო უკრაინული ეთნოსის მთავარი ძირები უფრო ფინო-უგორები იყვნენ, ვიდრე სლავური ტომები.


კიევური წარმოშობის და პრიმატის მაგალითს წარმოადგენს  1300 წელს კიევიდან ვლადიმირ-კლიაზმაში მიტროპოლური კათედრის ნაძალადევი გადატანა. მაგრამ, ამის შემდგომადაც კიევი ინარჩუნებდა რუსეთის რელიგიური ცენტრის ნომინალურ მეთაურობას.  1380 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნილი ამბობდა, რომ არ შეიძლებოდა რუსის იერარქობა, თუ იგი მანამდე არ მიიღებდა. წოდებას კიევში, რომელიც არის მეთაური ეკლესია და მთელი რუსეთის მთავარი ქალაქი.(4) ასეთ ნაშრომებში რუსი და საბჭოთა მკვლევრების        მიერ განსაკუთრებით ხაზგასმულია რუსეთის და უკრაინის ერთობა, თუმცა მასალები აშკარად მიუთითებენ რუსეთის აგრესიულ, დაპყრობით ვექტორზე უკრაინის მიმართ და უკრაინის დამოუკიდებელ ისტორიულ სახელმწიფოებრივ ხაზს, ტრაგიკულ და მძიმე ბრძოლებზე სუვერენიტეტისთვის.


ახლა უფრო ახლო ისტორიული პერიოდის და შემდეგ, განსაკუთრებით, საბჭოთა ეპოქის  შესახებ. რუსეთის მიერ უკრაინის შემოერთების დროს (1653 და 1654წწ.) საბჭოთა ისტორიოგრაფია უკრაინის პრობლემის ფალსიფიცირებას ახდენდა, თითქოს ასეთი პრობლემა არასდროს არსებობდა. ეს საბჭოთა ისტორიოგრაფიის ავადმყოფობა იყო მთლიანად რუსული კოლონიალიზმის საკითხთან დაკავშირებით და დიდი წილი უკრაინასაც ეხებოდა. სინამდვილეში, უკრაინის პრობლემა 1653 წელს 1 ოქტომბერს და 1654 წლის 8 იანვარს მკაფიოდ ჩანს.(5)  პირველი თარიღი მოსკოვის საადგილმამულო კრების გადაწყვეტილებაა, რომ შემოიერთოს უკრაინა და ომი გამოუცხადოს პოლონეთს, რომელსაც უკრაინა უკვე ხუთ წელიწადს ეომებოდა დამოუკიდებლობისთვის, ხოლო მეორე თარიღია , როცა პერეიასლავიის  რადა ჰეტმან ბოგდან ხმელნიცკის მეთაურობით წავიდა რუსეთთან ერთიანობაზე, როგორც მოკავშირესთან, რათა ის უკრაინული ტერიტორიები გაეთავისუფლებინა, რომელიც დაპყრობილი იყო პოლონეთის, თურქეთისა და უნგრეთის მიერ. ამ ერთიანობას, გაფორმებულ ხელშეკრულებას („მარტის სტატიები“) უნდა შეენარჩუნებინა უკრაინის ავტონომია ჰეტმანობისა და მისი მმართველობის სტრუქტურით. 1686 წლის ე.წ. „ნაკლები ბოროტების“ პრინციპით პერეიასლავლის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მაგრამ, შედეგად, რუსეთმა პირობა არ დაიცვა და უკრაინის პოლონეთთან  გაყოფა მოახდინა: დნეპრის მარცხენა მხარე რუსეთს, მარჯვენა კი პოლონეთს მიეცა. 1686 წლის ე.წ. „მარადიული მშვიდობის“ ხელშეკრულების მიხედვით, უკრაინის ნაწილები რუსეთს, პოლონეთს, უნგრეთსა და თურქეთს შორის დანაწილდა. უკრაინა არჩევანის წინაშე დადგა - ან პეტრე პირველისთვის დამორჩილება, რაც დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვას ნიშნავდა ან შეიარაღებული ბრძოლა ქვეყნისთვის. ასეთი მეორე გზა აირჩია ჰეტმანმა მაზეპამ. მისი ამგვარი გადაწყვეტილება რუსი ისტორიკოსებისა და პოლიტიკოსების მიერ შეფასდა როგორც „ღალატი“, ხოლო ვინც რუს მეფესთან დააბეზღა მაზეპა - და ეს იყო ჰეტმანიის გენერალური მოსამართლე, მართლაც მოღალატე კოჩუბეი - იგი „გმირად“ შერაცხეს. სეჩის კაზაკების თავგანწირული ბრძოლა პეტრე პირველის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, სამწუხაროდ, დამარცხებით დამთავრდა. 1709 წლიდან რუსის ცარმა კაზაკების დამორჩილება და დაკნინება მოახდინა. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს უკრაინა დაიყო გუბერნიებად და მას სათავეში გუბერნატორები ჩაუყენეს.


როგორ ჰგავს  რუსული პოლიტიკა ამავე პერიოდის ქმედებებს საქართველოში!

ა. ავტორხანოვი აღნიშნავს „თუ ისტორიულად ზუსტნი ვიქნებით, „უფროსი ძმა“, სინამდვილეში, იყო არა უფროსი, არამედ უმცროსი, რადგან აზიური ურდოებისგან შეშინებული კიევის რუსეთისგან გაიქცა  და შექმნა ოკასა და ვოლგას შორის ჩრდილოეთში მოსკოვის სათავადო, შემდეგში  ძლიერი გაერთიანება.“(6) ცნობილი პუბლიცისტი პეტროვ-სკიტალეცი აღმოსავლეთ სლავების უფროს ძმად უკრაინელებს, დედაქალაქად კი კიევს აღიარებს და წერს: „რუსული მმართველობის მიერ უგულებელმყოფელი და საწყენად ამპარტავნული უარყოფა უკრაინის, როგორც ნაციისა, „მალოროსიის“ მითვისება გასაგებს და გამართლებულს ხდის უკრაინელების ბრძოლას საკუთარი ისტორიული უფლებების დასაცავად“. (7)  


ასე, სტალინის მიერ უკრაინის მთლიანად დამორჩილებისა და გაერთიანების დრომდე, უკრაინამ რუსეთისგან სამასწლიანი სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მიიღო.  საგულისხმოა, რომ ბოლშევიკებმა არ აღიარეს უკრაინის სახალხო რესპუბლიკა გრუშევსკის მეთაურობით, მაგრამ აღიარეს უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც შექმნეს ისეთმა „ცრუ“ უკრაინელებმა, როგორებიც იყვნენ ორჯონიკიძე, პიატაკოვი, ვოროშილოვი, ძერჟინსკი.   მძიმე ბრძოლებში უკრაინის სახალხო რესპუბლიკა დაეცა და 1920 წელს უკრაინა ჩართეს საბჭოთა იმპერიაში, ცრუსუვერენული უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის სახელით. საბჭოთა პერიოდი ერთიანად რუსული ბოლშევიკური რეპრესიების, რუსიფიკაციის, საბჭოური ნიველირების პოლიტიკით იყო აღბეჭდილი. უკრაინულად განწყობილი თვით მარქსისტი პოლიტიკოსების, მწერლობის, ინტელიგებელური წრეების რეპრესიები, ისეთი საშინელი სიკვდილის თესვა, რაც ჰოლოდომორი იყო (6 მილიონი დაღუპული) - ასეთია უკრაინის მეორე მსოფლიო ომამდელი რეალობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ეკონომიკური დანაკარგი იყო 679 მილიარდი რუბლი, აქედან უკრაინაზე მოდიოდა 285 მილიარდი. ადამიანური რესურსებს რაც შეეხება, უკრაინამ დაკარგა დაახლოებით 6,2 მილიონი ადამიანი, თუმცა, არავინ იცის რამდენი „ბანდეროველი“ მოსპო სტალინის რეჟიმმა. ბანდერა უკრაინული გამათავისუფლებელი არმიის (1943წ.) მეთაური იყო. ის მიუნხენში ჩეკისტებმა 1959 წელს მოკლეს. ომის შემდეგ სტალინმა მეორე შიმშილობა მოაწყო - უკრაინული ხორბალი საზღვარგარეთ გადიოდა, ხოლო უკრაინაში შიმშილი იდგა. ეს ნ. ხრუშჩოვმა 1963 წლის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე დაადასტურა. მერე სტალინს გაუჩნდა იდეა - ეს არასანდო უკრაინელები ხომ არ გაესახლებინა, მსგავსად სხვა ერებისა,  ციმბირსა და შუა აზიაში. 1956 წელს კომპარტიის მეოცე ყრილობაზე ხრუშჩოვმა განაცხადა „უკრაინელები გადაურჩნენ ამ ხვედრს მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ბევრნი იყვნენ: არ იყო გადასახლებისთვის საკმაო ადგილები, თორემ სტალინი მათაც გადაასახლებდა“.(8)  ისტორიის ამ მიმოხილვით ცხადია, რომ რუსული იმპერიული, მტაცებლური პოლიტიკური სტანდარტის საფუძვლები, ფაქტობრივად, უწყვეტად გაჰყვება დროის ვექტორს ძველი დროიდან. რუსული ისტორიოგრაფია მუდამ ცდილობდა უკრაინის, როგორც სახელმწიფოს დაკნინებას და მას აცხადებდა და აცხადებს რუსეთის განუყოფელ ნაწილად. ამ ერთიანობას ხელს მუდმივად უშლის უკრაინელთა ლტოლვა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ამ განცდის ჩახშობა და უკრაინის მონადირება ამ პუტინისეული ომის ფალსიფიცირებული და დანაშაულებრივი ისტორიული საფუძველია.

 

ეკონომიკა 

ინტერესი ყოფილი საბჭოთა კოლონიების, განსაკუთრებით კი, უკრაინის ეკონომიკის მიმართ საკმაოდ ლოგიკურია თავად რუსული ეკონომიკის ტენდენციების გამო, განსაკუთრებით, ბოლო ოცწლეულის  განმავლობაში, პუტინის მეფობისას. რუსეთმა ვერ მოახერხა თანამედროვე ეკონომიკის აწყობა, მიუხედავად უამრავი დასავლური ინვესტიციისა და რიგი მნიშვნელოვანი ერთობლივი საწარმოებისა. კორუფციულად მართვის კლანური სტილი  და ტექნოლოგიური განუვითარებლობა შემზღუდავი ძალაა გარეგნულად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებშიც კი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ სახეზეა შეგნებული განუვითარებლობა. რუსული პუტინისეული მმართველი ელიტა შეუძლებელია არ ხვდებოდეს, რომ სტრუქტურული რეფორმების გარეშე, დემონოპოლიზაციისა და თავისუფალი ბაზრის გარეშე, ტექნიკური და ტექნოლოგიური ადაპტაციის გარეშე, რასაც ძლიერი საშუალო კლასი სჭირდება, როგორც მინიმუმ, მატერიალური კრიზისი გარდაუვალია. მაგრამ ასეთი რეფორმები, იმის შეცვლა, რომ ძალაუფლება ერთი კლანის ხელში არ იყოს და უნდა გაჩნდეს ეკონომიკურად თავისუფალი ამომრჩეველი, ამ კლანის მიერ აღიქმება ხიფათად. ამის გამო რუსული ეკონომიკა ვარდნის პოზიციაზეა.  ომამდე რუსეთი თავისი მშპ-თი მეთორმეტე ადგილზე იყო სამხრეთ კორეასა და ავსტრალიის შემდეგ. ომმა სანქციების ისეთი ტალღები და შეზღუდვები მოიტანა რუსეთისთვის, რომ საომარ ხარჯებთან ერთად ეკონომიკის სრული რღვევაა მოსალოდნელი. 2014 წლის აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა რუსული რუბლი თითქმის ორმაგად  გააუფასურა.(10) მალე გახდება ცნობილი  უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო ეკონომიკური რღვევის შედეგები. ცხადია, გარდა სხვა მიზეზებისა, კრემლი ტრადიციული რუსული დაპყრობითი მეთოდით ეკონომიკის გაზრდის შესაძლებლობას ვერ ეშვება. ტექნოლოგიური განუვითარებლობა, ეკონომიკის სისტემური და კორუფციული შეზღუდვა მთავარ ხაზად გასდევს რუსულ ეკონომიკას. მისი მთავარი შემოსავალი  ე.წ. „ენერგეტიკულ ნემსზე ჯდომაა“ . ნავთობის და გაზის ექსპორტი ძირითადი რუსული შემოსავალია. საბჭოთა გეგმური, მართული ეკონომიკის კოლაფსმა, რაც სსრკ-ს დანგრევის ერთ-ერთი შემადგენელი იყო, სხვა ეკონომიკური განვითარება ვერ შეძლო. ესაა ამ გაზისა და ნავთობის ექსპლუატაცია. ამასთან, უზარმაზარი ფასებით დროებითი წარმატება სახეზე იყო. მაგრამ ხარჯები და კლანის კორუფციის მადა განუზომელია. ამიტომ, უკრაინა მადლიანი ლუკმა იქნებოდა.


შევხედოთ იმ დანაკლისს, რაც რუსეთმა მიიღო ეკონომიკაში სსრკ-ს დანგრევის შედეგად უკრაინის დაკარგვით. თუ საზომად ავიღებთ დაშლის წინა ვითარებას, საბჭოთა კავშირის მშპ შეადგენდა დაახლოებით 2,7 ტრილიონ აშშ დოლარს. ეს ციფრი ცნობილია და დათვლილია მსყიდველობითუნარიანობით  და არა დოლარის მანეთთან ნომინალური 0,59 კაპიკის კურსით. მანეთი არ იყო თავისუფალ ბრუნვაში და მისი ფასი დოლართან თითქმის ოთხჯერ აღემატებოდა ამ ნომინალს. ინფლაცია იყო დაახლოებით 14%. საინტერესოა, რატომ ეძვირფასებოდა და ახლაც სურვილობს რუსეთი უკრაინის ეკონომიკის დამპყრობლურად მიერთებას? უკრაინის წილი საბჭოთა ეკონომიკაში უდიდესი იყო. ეს იყო მეორე ეკონომიკა სსრკ-ში: შავი მეტალურგია, ქიმიური წარმოება, მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, აგრარული კომპლექსი! საკვების წარმოებით უკრაინა მეორე ადგილზე იყო რუსეთის ფედერაციის შემდეგ. უკრაინაში იწარმოებოდა საბჭოთა კავშირის შაქრის 62%, 32% - ზეთი, 25,3% ცხოველური ცხიმები, 22% - ხორცი,  25% - კონსერვები, ღვინის პროდუქტები - 15% , მარილი - 46,5 %.  ყველაზე მნიშვნელოვანი კი, მაინც, ისაა, რომ უკრაინაში იყო შაქრის დაახლოებით 200 საწარმო, ხოლო ხორბლის და ფქვილის 420 საწარმო! ეს რუსეთისთვის ბეღელს წარმოადგენდა. უკრაინაში იყო 42 მლნ. ჰა სოფლის სავარგულები, აქედან ყანები 32 მლნ. ჰა, 2 მლნ. ჰა. სათიბები და  4,6 მლნ. ჰა საძოვრები. უკრაინა საბჭოთა დროს ფოლადის, ქვანახშირის, ხორბლის მოპოვებით 1990 წელს უტოლდებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. სსრკ-ში  უკრაინა იყო  მოსახლეობით რუსეთის მესამედი და ამდენივე მშპ-ის თვალსაზრისით.(9) ამხელა შემადგენლის დაკარგვა რუსეთისთვის, როგორც იმპერიისთვის, დანაკარგზე მეტია, ფაქტობრივად, შეურაცხყოფაა.


საქმე ისაა, რომ გარდა პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზეზებისა, აშკარად იკვეთება რუსეთის ეკონომიკურად მტაცებლური მადა ყოფილი დაპყრობილი რესპუბლიკების მიმართ. თუნდაც ის ფაქტი, რომ ახლანდელი ომის პირობებში რუსეთის ამორალური ცდა იყო უკრაინული ხორბლის მიტაცება იმ რეგიონებიდან, რომელთაც ისინი აკონტროლებდნენ, დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. რადგან უკრაინული ხორბალი რამდენიმე განვითარებადი ქვეყნის ძირითადი საკვები პროდუქტი აღმოჩნდა. ამ ქვეყნებს შიმშილი ემუქრებოდა. რუსებმა, რაც ვერ მოიპარეს და გაყიდეს ახლანდელი ეკონომიკური სანქციების პირობებში, მხოლოდ შემოვლით, უკანონო გზებს იყენებდნენ ამისთვის  რუსი სანქციონირებული ოლიგარქები, (მაგ.: ევტუშენკოვი), იმის გადაზიდვის მომლოდინე  - ძირითადად, აფრიკულ ქვეყნებში - გემების  შეჩერებას სამხედრო მუქარით შეეცადნენ. მხოლოდ გაეროს და ყველაზე ეფექტურად თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის ჩარევით მოხდა ამ დიდი ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება. ცხადია რუსეთის ნეგატიური როლი სხვა ქვეყნების დაპყრობის, მათ შორის, ეკონომიკური დამორჩილების თვალსაზრისით.

 

პოლიტიკა

როდესაც რუსეთის მიერ უკრაინასთან  (საქართველოსთან ან სხვა) წარმოებულ ომის პოლიტიკურ მიზეზებს განვიხილავთ, ვერ ავცდებით რუსული პოლიტიკის გეოპოლიტიკურ, იურიდიულ, სოციო-ფსიქოლოგიურ, რელიგიურ და იდეოლოგიურ საკითხებს. ერთობლიობაში ეს რუსეთის პოლიტიკური ფილოსოფიის, სამყაროს ხედვის და ნაციონალური ცნობიერების ძირითად ხაზს წარმოადგენს.


სრულიად ცხადია, რომ მოსკოვის რუსული პოლიტიკური ხედვა მიწათა დაპყრობა და ამის ხარჯზე ქვეყნის ეკონომიკური  და სამხედრო გაძლიერება იყო  და არის.  ამას ემატებოდა და არ განელებულა ყველასთან დაპირისპირება და საკუთარი თავის განსაკუთრებულ მოვლენად გამოცხადება. თუ რელიგიურ ფაქტორს გავითვალისწინებთ, უნდა გავიხსენოთ, რომ კიევიდან მოტანილი ქრისტიანობა არ გახდა რუსეთის განათლების ფაქტორი, არამედ „გადაიქცა ყველაფრის უარყოფად, რასაც მოსკოვის კლირი არ იღებდა. ... აქედან პრეტენზია გაჩნდა „წმინდა რწმენის“ განსაკუთრებულობაზე - დაპირისპირებაზე „ერეტიკულ“ დასავლეთთან. თანდათანობით ამან ყველაფერი ევროპული გადააქცია ყველაფერ მტრულად“ (11). თუ ამას დავუმატებთ სწორედ ასეთი იზოლაციონიზმის შედეგად განვითარებულ განსაკუთრებულობის, გამორჩეულობის ნაციონალურ ამბიციას, მივიღებთ რუსული რელიგიურ-პოლიტიკური მსოფლხედვის ისეთ ფანტომს, როგორიცაა „მოსკოვი მესამე რომია - მეოთხე აღარ იქნება“. (12) ეს ნაციონალური პოლიტიკის რუსული ლოზუნგი რუსეთის უნიკალობის და განსაკუთრებულობის იდეა-ფიქსად გასდევს რუსულ ფილოსოფიურ, რელიგიურ,  პოეტურ თუ პოლიტიკურ  კულტურას. ასეთი, რუსული ცხოვრების წესის უკიდურესად ნათელი შეფასება მრავალია, მხოლოდ ერთი გავიხსენოთ - მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთში გარკვეული ხანი იცხოვრა ფრანგმა მოგზაურმა და მწერალმა მარკიზ ასტოლფ დე კიუსტინმა. მისი წიგნი რუსეთზე, სამეფო კარსა და ქვეყანაში გამეფებულ წეს-ჩვეულებებზე, ნათელი მაგალითია, როგორ უპირისპირდება რუსეთი ევროპას, ცივილიზებულ სამყაროს, ნორმალურ, ადამიანურ ყოფას. წიგნი ასეთი სიტყვებით მთავრდება - „უნდა დიდხანს იცხოვრო ამ უდაბნოში, იცხოვრო მოსვენების გარეშე ამ ციხეში, რასაც რუსეთი ეწოდება, რომ იგრძნო თავისუფლება სრულად, რაც  ევროპის სხვა ქვეყნებშია... ყოველი ადამიანი, რომელიც ახლოდან  გაიცნობს ცარისტულ რუსეთს, მოხარული იქნება იცხოვროს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“.(13)


მიწების შეგროვება, პერმანენტული დაპყრობითი ომები რუსულ ცნობიერებაში მისასალმებელი და საამაყო თემატიკაა. პირველივე წლებიდან რუსული სახელმწიფოს ჩანასახისა, ვლადიმირის სათავადო ორჯერ ესხმის თავს უკრაინას. ეს უკვე ვნახეთ. მერე მონღოლური მოდუსი მკვიდრდება რუსეთში. უკვე აქეთ, მეთექვსმეტე საუკუნეში, კაზაკი ერმაკი, რომელიც მისი თავადის ქალის მკვლელობის გამო გაექცა საკუთარ საცხოვრისს, აღმოსავლეთისკენ მიდის თავისი 500 კაციანი ბანდიტური დაჯგუფებით და იპყრობს ალტაის, ციმბირს, შორეულ აღმოსავლეთის რეგიონებს, ამარცხებს რა იქაურ მშვიდობიან მოსახლე პატარა ეთნოსებს, ვიდრე მას არ მოკლავს ადგილობრივი ტომის ხანი ვაგაი კუჩუმი მდინარე ირტიშთან. მაგრამ გზა ციმბირისკენ მისგან ხსნილია. მისი დაფასება რუსეთში იმდენად  დიდია მოყოლებული ივანე მრისხანისგან, რომ უამრავი სახელის მინიჭებაა დაფიქსირებული. ბოლოს, მაგალითად, საბჭოთა დროს რუსი ბოლშევიკური იმპერიის მსახურები პირველ ატომურ ყინულმჭრელ ერმაკის სახელს არქმევენ.  ვაჭარი ტვერიდან ათანასე ნიკიტინი ლეგენდა ხდება, რადგან სამ ოკეანეში რეცხავს თავის ჩექმებს... და ასე, შეუჩერებლად. სამწუხაროდ, ჩვენც ვიწვნიეთ რუსული ოკუპაცია უკვე სამჯერ. ბოლშევიკური რუსეთი მსოფლიო ბატონობას გეგმავს, ინტერნაციონალის იდეებს უკეთებს რეკლამას და მეორე მსოფლიო ომის შედეგებით, როცა მეორე საშინელი იდეოლოგია, გერმანული ფაშიზმი მარცხდება, ახერხებს ნახევარი ევროპის დამორჩილებას და რუსული კომუნისტური რეჟიმის ქვეშ მათ დიდხანს ხელთპყრობას.


საინტერესოა, რომ  თითქმის არ არსებობს რუსი ფილოსოფოსი ან მწერალი, როგორც მათ უწოდებენ, „ჰუმანისტები“, რომელთაც არ ჰქონდეთ ზედხედვის და მტრული განცდა დაპყრობილების, ჩაგრულების  მიმართ. ყველაფერი რუსულის მიმართ განცდა განსაკუთრებულობისა, უნიკალობისა თითქოს წითელ ხაზად გასდევს რუსი მწერლების, მოაზროვნეების იდეებს. ესაა „ეროვნული ეგოცენტრიზმი“, რომელიც სრულიად განსხვავებულ რუს მწერლებს აერთიანებს. (14)  განსაკუთრებულია მთელ  სამყაროსთან დაპირისპირებული და ყველას მჯობნი „რუსული იდეის“ აკვიატება სხვათა შორის, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ არა მხოლოდ დაპყრობილების მიმართ, არამედ, საერთოდ, ქსენოფობიური განწყობები. ჩვეულებრივი ამბავია რუსული საჯარო ტექსტუალური კულტურისთვის  - ხახოლები, პოლოვცები, ხაჩიკები, გრიზუნები, ნემცები, უზკოგლაზები, ბასმაჩი ბანდიტები... მერე დიქტატორული პოლიტიკური ზიზღნარევი შეფასებები გავრცელდა - ლიბერასტები, დერმოკრატები და ა.შ. რუსების ხელში ათობით ეთნოსი განადგურდა, მათი ენები დაიკარგა. მხოლოდ ჩერქეზების, ამ დიდებული ჩრდილო კავკასიური ხალხის რუსეთისთვის მოშორების ისტორია საკმაო საბუთია რუსების სხვა ნაციებთან დამოკიდებულებისა, რომ არაფერი ვთქვათ სტალინის მიერ განხორციელებული რამდენიმე ნაციის დეპორტაციის შესახებ. ასევე, ცალკე აღსანიშნავია რუსეთის, როგორც ცარისტული, ასევე, ბოლშევიკური რუსეთის ანტისემიტიზმი, თუნდაც პოგრომების სახით. ყველაფრის ჩამოთვლა ცალკე დიდი საკითხია.


ჩვენთვის საინტერესოა პუტინის პოლიტიკა, რომელმაც ასეთი სასტიკი განვითარება მოიტანა. ყველაფერს რომ არ შევეხოთ, პუტინის დამპყრობლის მადის ანატომია ფუძემდებლური ფაქტორია  თანამედროვე რუსული პოლიტიკის დასანახავად.  ფსიქოლოგიურად, ალბათ, ერთი საუკეთესო ახსნა ამ დამპყრობლური ინსტიქტისა ეკუთვნის ერიხ ფრომს, დიდ ფსიქოლოგს, რომელმაც ერთმანეთს დაუპირისპირა ორი საპირისპირო ბუნება - ყოფნა, არსებობა და ქონება, მოპოვება - „როდესაც განწყობა მოწოდებულია ქონებაზე, ბედნიერება გულისხმობს სხვაზე უპირატესობას, სხვაზე ძალაუფლებას, და, საბოლოოდ, დაპყრობის, ძარცვის მკვლელობის უნარს. როცა განწყობა მოწოდებულია „ყოფნაზე“, ბედნიერება არსებობს სიყვარულში, სხვაზე ზრუნვაში, თავგანწირვაში“.(15) ამ იდეის მიხედვით, პატარა ქვეყნებს, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, უნდათ „ყოფნა“, რუსეთს კი უნდა „ქონება“.(16)


საგულისხმოა, რომ საბჭოთა კავშირის იმპერიის დაშლას, ბერლინის კედლის რღვევას  და რესპუბლიკების დამოუკიდებლობის მიღებას მსოფლიო სიხარულით შეხვდა, რადგან  ეს ცივი ომის დასრულების და რუსეთის დემოკრატიული განვითარების საფუძვლად ჩათვალეს. ყველაზე გავრცელებული და საიმედო გამოთქმა გახდა „ღია სამყარო ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე“.  ამ საერთო აჟიტირებაში, რომ რუსეთში რაღაც დემოკრატიზმი, თუნდაც ჩანასახოვანი ჩნდებოდა, ნაკლები ყურადღება ექცეოდა საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის, როგორც ამას საერთაშორისო ურთიერთობათა ვორდინგი იყენებს), ყარაბაღის, დნესტრისპირეთის მოვლენებს, სადაც რუსული იმპერიული ინტერესი საკმაოდ აშკარა იყო ჩვენი რეგიონისთვის და აღმოსავლეთ ევროპის ახლად გათავისუფლებული ქვეყნებისთვის. ეს მაინც რაღაც, ლოკალური ეთნოკონფლიქტების საფარველ ქვეშ ინიღბებოდა. პირველი ღია ომი 2008 წლის საქართველოში შემოჭრა და ორი ტერიტორიის ანექსია იყო. არავინ გაფრთხილდა სერიოზულად. ამას უკრაინის 2014 წლის მოვლენები (დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი) მოჰყვა.   სირიაში რუსეთის ჩართვა  ასეთივე მტაცებლური ინსტინქტის გამოვლინებაა - ასადის დანაშაულებრივი რეჟიმის დაცვა ხმელთაშუა ზღვაში რუსული ცენტრალური სადაზვერვო და სამხედრო საზღვაო ბაზის დაცვაა. რუსული იმპერიული პოლიტიკის სრული გამოვლინება ახლანდელი ომია უკრაინაში. რუსული სპეცსამსახურების და სამხედრო გენერალიტეტის ოცნება საბჭოთა იმპერიის თუნდაც მიახლოებით ფარგლებში აღდგენის შესახებ პუტინმა გადაწყვიტა კავკასიის სრული დამორჩილებით და უკრაინის ფაქტობრივი მოსპობით აღესრულებინა. პირველი ნიშანი ამისი იყო მისი ცნობილი ფრაზა „სსრკ-ს დანგრევა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“. (17)


ამას  მოჰყვა სრულიად ცხადი იმპერიული, სრულიად ნეგატიური და კონფრონტაციული გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 2007 წლის თებერვალში. ამ გამოსვლის ძირითადი პოსტულატები მოკლედ, რამაც საერთაშორისო პოლიტიკოსების გაოგნება გამოიწვია, შემდეგი იყო: 1. თანამედროვე სამყაროსთვის ერთპოლუსიანი მოდელი არათუ მიუღებელი, შეუძლებელია; 2. სისტემამ ერთი სახელმწიფოსი, განსაკუთრებით აშშ-სი, გადააბიჯა ყველა საზღვრებს; 3. აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა თქვას, რომ არ მალავს ბირთვულ რაკეტებს; 4. დასავლეთი ვითომ  ქველმოქმედებს, მაგრამ დიდ მოგებას ნახულობს;  5. აბა, ნატოს არ გავაფართოებთო? {სიცრუე, რომელსაც რუსეთი ავრცელებს. ასეთი რამ გერმანიის გაერთიანებისას არ ყოფილა -(კ.გ.)}; 6. ეუთო მიკერძოებულია ჩვენს წინააღმდეგ;  7. რუსეთი ათასზე მეტი ხნის ქვეყანაა და ყოველთვის ჰქონდა პრივილეგია გაატაროს საკუთარი პოლიტიკა. არც დღეს ვუღალატებთ ამ ტრადიციას; 8. რუსეთს უნდა შეათანხმოს ევროპასთან ენერგეტიკის პრინციპები, მაგრამ ევროპულ ქარტიას არ ვეთანხმებით - და ა.შ. ცხადი გახდა, რომ დაპირისპირება დასავლეთთან ღია რუსულ პოლიტიკად გამოცხადდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში რუსეთი შეფარულად პოლიტიკური და ეკონომიკური  შანტაჟის და გამდიდრების იარაღად გაზისა და ნავთობის ევროპაში გაყიდვასა და ფასს იყენებს და აპირებდა, რომ გამოეყენებინა მუდმივად, ეს იყო ღია დაპირისპირების განაცხადი. სხვა რუსი პოლიტიკოსების განაცხადი ასევე სსრკ-ს აღდგენის ნეტარი სურვილით იყო  და არის აღსავსე. ამ ყველაფერს შესაბამის მომსახურებას, გამყარებას უქმნის იდეოლოგიური და პროპაგანდისტული საფუძვლები. იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც ჰარმონიულად მოერგო რუსულ იმპერიულ პოლიტკრედოს, მათი მართლმადიდებლური ეკლესიის აგრესიულ რიტორიკასა და ქცევებზე ორიენტირებული რეალობაა. ომის ღია მხარდაჭერა, სხვა ქვეყნებში ოკუპირებული ტერიტორიებზე უკანონო მსახურება (აფხაზეთი, ცხინვალი, დნესტრისპირეთი), მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების მოსასპობი იარაღის ნაკურთხი წყლით პკურება, სამხედრო კაპელანების ინსტიტუტი უკვე საკმარისი იქნებოდა ამის დასტურად, მაგრამ ის, რაც გამოვლინდა უკრაინული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ (თითქმის ყველა ორთოდოქსულმა ეკლესიამ აღიარა შესაბამისი ტომოსი რუსეთის, სერბეთის და საქართველოს გარდა) სრულიად აშიშვლებს დღევანდელი რუსული ეკლესიის ბუნებას - უკრაინის უშიშროებამ რუსული ეკლესიის უკრაინული ფილიალების დიდ რაოდენობაში პირდაპირი ფარული საომარი ცენტრები აღმოაჩინა. 


არც პუბლიცისტურ-ფილოსოფიურო სფერო ჩამორჩება დანაშაულებრივი ცნობიერების შექმნას და გაღვივებას. გაპოპულარებული იდეოლოგი ალექსანდრე დუგინის აზრები პროპაგანდის სასურველი სფეროა, მაგალითად, ასეთის - „ჩვენ ერთსულოვნად უარვყოფთ ლიბერალიზმს, მაგრამ... ჩვენ ვერ მოვსპობთ ლიბერალიზმს, თუ შემცვლელს არ ვუპოვნით... ლიბერალური ვირუსის მატარებლები ყოველნაირად შეეცდებიან უარყონ რუსეთში სრულფასოვანი ალტერნატიული იდეოლოგია, რაც დააფუძნებს რუსულ იდენტობას და ჩვენ განსაკუთრებულ გზას...ლიბერალიზმს ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ, ხოლო მისი ორი კარგად დამუშავებული ალტერნატივა - კომუნიზმი და ფაშიზმი - ჩვენს საზოგადოებას აშკარად არ მოსწონს. კომუნიზმი ჩვენს თვალწინ დალპა და დაიშალა, ფაშიზმს კი ჩვენ ისედაც ვებრძვით უკრაინაში“. (18)  აქ, ბუნებრივია, გასაგები ხდება რუსული ოფიციოზის სფეროში გავრცელებული ცნება „სუვერენული დემოკრატიის“ შესახებ, რაც თავისთავად ისეთივე ნონსენსია, როგორც რელატიური ეთიკა, რადგან დემოკრატია სრულიად უნივერსალური ცნებაა.  


რუსეთი დიდხანს ამზადებდა დამპყრობლურ ომს უკრაინის წინააღმდეგ. თანამედროვე რუსეთის იდეოსინკრაზია „ფერადი“ რევოლუციების მიმართ საქართველოს გარდა უკრაინამაც გამოიწვია. იუშჩენკოსეული  „ნარინჯისფერი“ რევოლუცია და მეორე „მაიდანი“, რომელიც პრორუსი და ანტიევროპული იანუკოვიჩის  (ხელი არ მოაწერა ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებას) უკრაინიდან გაძევებით დამთავრდა. ეს  რუსების მიერ უკრაინაში დიდი ხნის ნამზადები დამორჩილების პოლიტიკის კრახი იყო.


რომ გავცდეთ 2014 წლის სამხედრო აგრესიას ლუგანსკსა და დონბასში, ასევე,  სპეცოპერაციას ყირიმში (Крым наш – გახდა მაშინ რუსული გამარჯვების ყიჟინა), როგორც ჩვეულებრივ აგრესიის წინ ქვეყნის სამხედრო ძალა აკეთებს, დაიწყო იდეოლოგიური შეტევა, ისტორიის ფალსიფიკაცია, მომავალი მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია - გაშავება და დადანაშაულება - და საკუთარი აგრესიის გამამართლებელი საფუძვლის მომზადება. თავად პუტინი აქტიურად ამუშავდა ამ მიმართულებით, თუნდაც მისი სტატიით, სადაც ამტკიცებდა -„თანამედროვე უკრაინა - სრულად და მთლიანად საბჭოთა ეპოქის ნაყოფია. ჩვენ ვიცით და გვახსოვს, რომ, დიდწილად, იგი შეიქმნა ისტორიული რუსეთის ხარჯზე..ბევრისთვის უკრაინაში პროექტი „ანტი-უკრაინა“ უბრალოდ მიუღებელია. ასეთები მილიონები არიან. ... მათ არ აქვთ ლეგალური საშუალება დაიცვან თავისი მოსაზრება.. „მართალ“ პატრიოტად ის ცხადდება, ვისაც ეზიზღება რუსეთი, მეტიც, აპირებენ მომავალი უკრაინული სახელმწიფოებრიობა  ამაზე ააშენონ...ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ ჩვენი ისტორიული ტერიტორიები და იქ მაცხოვრებელი ჩვენთვის ახლობელი ადამიანები გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ. ვინც ამას დააპირებს, დაანგრევს თავის ქვეყანას.“ (19). პუტინი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინაში რუსულ ბატონობას მნიშვნელოვანი დასაყრდენი გააჩნდა. მისი სპეცსამსახურები მას ატყობინებდნენ, რომ უამრავი ადამიანი ჰყავთ რუსეთისკენ გადმობირებული ფულის სანაცვლოდ. ომის დაწყებიდან მალევე გაირკვა, რომ ეს ტყუილი იყო და ფული კორუფციული სქემით იქნა უშიშროების მაღალჩინოსნების მიერ მითვისებული, ისინი დააპატიმრეს. ისიც გამოჩნდა, რომ მილიონობით უკრაინელი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაება თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. როგორც ვხედავთ, კვლავ გამეორებულია ისტორიის ფალსიფიკაცია და დადასტურებულია აგრესიული მუქარა უკრაინის მიმართ.(20)


პუტინმა ვერ გაბედა პირდაპირი ომი დემოკრატიულ სამყაროსთან, დასავლეთთან, რადგან რუსებმა იციან, რომ სამხედრო თვალსაზრისით ძალიან ჩამორჩებიან. სსრკ-ს აღდგენა რუსეთს ადვილ საქმედ მიაჩნდა. უკრაინულ „ფაშიზმთან“ საბრძოლველად მას ეგონა, რომ დღეები დასჭირდებოდა. მთელი მსოფლიოს გასაკვირად კი, უკრაინული საბრძოლო პოტენციალი, დასავლური ტექნიკის დახმარების გათვალისწინებით,  გამაოგნებელი გამარჯვებების ავტორი გახდა  უკვე თერთმეტი თვის განმავლობაში. დასავლეთისთვის  და დანარჩენი სამყაროსთვის რუსეთს ჰიბრიდული ომის ხერხები გააჩნია - კიბერ საშუალებები, მოსყიდვები, ცრუ ინფორმაციების გავრცელება, ენერგეტიკული შანტაჟი. ესაა რეალიზაცია  რუსი გენერლის გერასიმოვის ე.წ. „დოქტრინისა“, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა და, ექსპერტთა აზრით, ძველი ჩინური „ უკიდეგანო ომის“ კონცეფციიდან არის წამოღებული და არატრადიციული საომარი, „არახაზობრივი“  აქტიურობებია.  უკრაინასთან ომი ბევრ ასეთ ხერხს აჩენს და ანეიტრალებს მთელი დემოკრატიული სამყაროს ხელით.  ცხადია, რომ დემოკრატიის ბოლო ელემენტების მოსპობის შემდეგ, სიტყვის თავისუფლების და რეჟიმის კრიტიკოსების მოსპობის შემდეგ, პუტინს და მის კლანს მხოლოდ ტოტალიტარიზმის  სჯერათ.  და ამ პრინციპებით იქცევიან სახლშიც, მეზობლებთან, მთელს მსოფლიოში.  დარწმუნებულები იყვნენ, რომ მსოფლიო ამასაც გაუტარებდა, უკრაინაში ახალ ომს მათთვის ეკონომიკური, გეოპოლიტიკური (შავი ზღვა), პოლიტიკური, იდეოლოგიური და სოციო-ფსიქოლოგიური კომფორტი უნდა შეექმნა. მთელ ამ სისტემას შესაბამისი სახელი მიესადაგა - რაშიზმი. ეს ახალი ფაშიზმია, რუსული ფაშიზმი. ბრიტანელმა ჟურნალისტმა ლოურენს ბრიტმა (Lawrence Britt) 2003 წელს, შეისწავლა რა ფაშისტური რეჟიმები, ჩამოაყალიბა ფაშიზმის ზოგადი ნიშნები. აი, ზოგი მათგანი: 1. ნაციონალიზმის მკვეთრი გამოვლინება; 2. ზიზღი ადამიანის უფლებების მიმართ; 3. „განტევების ვაცის“ ძებნა; 4. ყველაფერში სამხედროს უპირატესობა; 5. საყოველთაო სექსიზმი; 6. მასობრივი ინფორმაციების წყაროების სრული კონტროლი; 7. ეროვნული უშიშროებით გადაჭარბებულად გატაცება; 8. კავშირი რელიგიასა და მმართველ ძალას შორის; 9. კორპორაციების ძალაუფლების დაცვა; 10. მშრომელთა მოძრაობების დათრგუნვა; 11. ინტელექტუალების და ხელოვანების მიმართ ზიზღი; 12. დანაშაულის და სასჯელის გადაჭარბებულად აკვიატება; 13.  პროტექციონიზმი და კორუფცია;  14. არჩევნების შედეგების გაყალბება. სრულიად ცხადია, რომ რუსეთის თანამედროვე „სუვერენული დემოკრატია“, სამართლიანად ნომინირებული როგორც რაშიზმი, სწორედ ამ დაავადებებით, ფაშისტური მოდელით  არის დასნეულებული.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც რუსეთი მალავს - უკრაინისთვის ტერიტორიების გადაცემაა. ამას რუსები ასაღებენ, როგორც დაუმსახურებელ აქტს რუსეთისთვის ტერიტორიის წართმევისა და უკრაინისთვის სასარგებლო უკანონობას. 1954 წ. 18 თებერვალს უკრაინას გადაეცა ყირიმის ნახევარკუნძული სსრკ უმაღლესი საბჭოს დადგენილებით (ხელმომწერი თავმჯდომარე  კ. ვოროშილოვი), მაგრამ იმალება ის, რომ მაშინვე (კომპარტიის ცეკას პრეზიდიუმის პროტოკოლი  N#49, 25 იანვარი 1954 წ.), რუსეთს გადასცეს ტაგანროგი და მიმდებარე ტერიტორიები, ყირიმის თანაბარი ფართობით.  კიევმა,ნაცვლად მდიდარი შავმიწა არეალისა, მიიღო მარილოვანი ტრამალი - უწყლო, დენისა და ენერგორესურსების გარეშე.  რუსული კიჟინა - „ყირიმი ჩვენია“ - სამართლიანობის აღდგენას არ ნიშნავს - უბრალო თვალთმაქცობაა.(21)


უკრაინაში ომს რუსეთი სასტიკი ფორმებით ეწევა. ბუჩას, მარიუპოლის, ბახმუტის, სხვა მრავალი მაგალითი, სადაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე წამებითაა მოკლული, ასობით ბავშვია დამცირებული და მოკლული, საცხოვრებელი რაიონების შეგნებული მოსპობა, მოქალაქეების ძალადობრივი დეპორტაციები ყოველგვარ ზღვარს და ნორმებს ცდება. შემთხვევითი არაა, რომ ევროპაში ჩნდება წინადადებები სპეციალური სასამართლოს ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც რუსულ საერთაშორისო კანონების დარღვევებს და ომის დანაშაულებს დაუქვემდებარებს დამოუკიდებელ იუსტიციას. რიგი ქვეყნები სახელმწიფო კანონებს იღებენ, სადაც რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნის სტატუსს ანიჭებენ. 


დასკვნისას კვლავ ფსიქოლოგს მივმართოთ - ერიხ ფრომმა სიცოცხლის მტერი „არასექსუალური ნეკროფილების“ ცნება შემოიტანა - „ნეკროფილები სახიფათონი არიან. ისინი აღჭურვილები არიან სიძულვილით, რასისტული შეხედულებებით; მათ ამოძრავებთ ომის, სისხლისღვრის და განადგურების სურვილი“.(22) არაფერი უკეთ არ უხდება პუტინის რუსეთის ქცევას, ვიდრე ეს სიტყვები.

 

______________________________________________________________________________

1.     რუსების მიერ ეს არც თუ პირველად გამოყენებული ტერმინია - Regime Change. ეს იყო ის ამოცანა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა გაუმხილა პირად საუბარში ამერიკის სახელმწიფო მდივანს, კ. რაისს საქართველოზე 2008 წელს აგვისტოში თავდასხმის მიზეზის ახსნისას (აშშ -ს ელჩმა გაეროში ეს მაშინ უშიშროების საბჭოს მოახსენა).

2.     В.О. Ключевский, “ Курс русской истории”, Лекция II,   Изд. Eлектр. Версии: О. Колесников, 2001г. სიტყვებიდან „Наша история“  სიტყვებამდე „ 3)Великорусский 4) Всероссииский“.

3.     М. С. Грушевский, ათტომეული „История Украини Руси“, დაიბეჭდა 1898-1936 წ.წ.

4.     Ф. М. Шабульдо, „Земли Юго-Западной Руси в составе Великого Княжества Литовского”, გვ.126.

5.     А.Авторханов,  „Империя Кремля“, Prometeus-Verlag, 1988, Вильнюс, 1990, გვ. 56-58.

6.     А.Авторханов,  „Империя Кремля“, გვ. 59.

7.     Е. Петров-Скиталец, „ Национальная проблема СССР“, Оттава, 1965, გვ. 28.

8.     А.Авторханов, „Империя Кремля“, გვ. 80-81.

9.     А, Запольскис,  „Кто кого кормил в СССР…“,  Комсомольская Правда, 28.09.2017г.

10.  В.Огрызко, В.Чечелашвили, „Россия – основная угроза мировому порядку“, GFSIS, 2018г., გვ.29.

11.  В.Огрызко, В.Чечелашвили,  „Россия- Основная угроза мировому порядку“ , CRS, 2018г., გვ.12.

12.  ზუსტი ციტატა ასეთია - „два убо Рима падоша, а третий стоит, а четвертому не быти.“ . „ორი რომი დაემხო, მესამე დგას და მეოთხე არ იქნება“  მე-16 ს. რუსი ფსკოველი ბერის ფილოფეს ფრაზა მისი წერილიდან, რაც ფრთოსანი გახდა, დიდ თავადს ვასილ მესამეს.

13.  Маркиз Астольф де Кюстин, Николаевская Россия, La Russie en 1839, Политиздат, 1990г., გვ.316.

14.  ისაია ბერლინი, „მდუმარება რუსულ კულტურაში“, კრებულიდან „პოლიტიკა და დემოკრატია“, გამომც. „ინტელექტი,“, 2020წ., გვ.77, „ეს ეროვნული ეგოცენტრიზმი ახასიათებს ისეთ რელიგიურ მასწავლებელს, როგორიც დოსტოევსკია; დიდაქტიკოს მორალისტს, როგორც ტოლსტოია, ტურგენევს, - ხელოვანს, რომელიც დასავლეთში მიიჩნევა მარადიული და უნივერსალური ფსიქოლოგიური და ესთეტიკური პრინციპების ერთგულად; ჩეხოვს - „წმინდა“ აპოლიტიკურ მწერალსა, რომელიც თავს იკავებდა ქადაგებისგან“,  ყველას აწუხებდა „რუსეთის პრობლემა“.

15.  Э.Фромм, „Иметь или быть“ , Москва,  „Прогресс“, 1990г. გვ.87.

16.  K.Gabashvili, Bergedorf Round Table, The Black Sea Between the EU and Russia, 134 Bergdorf Protocol, 2007,გვ.50.

17.  პუტინის საპრეზიდენტო მიმართვა ფედერალურ კრებას, 2005წ.

18.  Ал.Дугин, „4-я политическая теория“, ტელეგადაცემა,

19.  В.Путин, „Об историческом единстве русских и украинцев“ , 2021წ., 21.07., Сайт президента России.

20.   ბევრ სხვა მასალასთან ერთად დაინტერესებულ მკითხველს რეკომენდაციას გავუწევდით, გაეცნოს საიტს „ Русификация Украины“

21.  Uainfo, Что получила Россия взамен Крыма в 1954 году, 21.03.2014, 09:31 • 343935 • 164

22.  ერიხ ფრომი, „ადოლფ ჰიტლერი:ნეკროფილის კლინიკური შემთხვევა“, თბილისი, „პეგა“, 2013წ., მთარგმნელები გ.მშვენიერაძე, ნ.იმნაძე

 

bottom of page