რა განასხვავებს რუსეთს სხვა ყოფილი იმპერიებისაგან?


გია ნოდია | კრიტიკა | 3 იანვარი, 2022


მე-20 საუკუნე იმპერიების მსხვრევის და მათი ერი-სახელმწიფოებით ჩანაცვლების ხანა აღმოჩნდა. ძირითადი, რაც რუსეთს სხვა იმპერიებისაგან განასხვავებს, არის არა ის, რომ მან, საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური საბურველის ქვეშ, ყველაზე მეტ ხანს შეინარჩუნა „საკუთარი“ იმპერია, არამედ ის, რომ მის დაკარგვას დღემდე ვერ შეგუებია. ეს რომ ასეა, დღეს უკრაინის გარშემო ამბებში ვლინდება.


არც ერთი სხვა ყოფილი იმპერიული ცენტრი - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ავსტრია, თურქეთი - არ მისტირის თავისი ყოფილი სამფლობელოების ჩამოშორებას, როგორც „საუკუნის გეოპოლიტიკურ კატასტროფას“. რატომაა რუსეთი განსხვავებული?


ამაზე ცალსახა პასუხი არა მაქვს და არც რომელიმე სხვა ავტორთან წამიკითხავს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრასტი თვალშისაცემია, ამ კითხვას ამ ფორმით ნაკლებად სვამენ. თავისთავად საინტერესოა, რატომ, მაგრამ ახლა ძირითადი თემიდან გადახვევა არ მინდა.


ჩემი აზრით, მსჯელობა უნდა დავიწყოთ არა რუსეთის თავისებურების განხილვით, არამედ იმის გააზრებით, თუ რატომ თქვა უარი იმპერიულ პრინციპზე დასავლეთმა. ათასწლეულების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგი იმპერიების გარშემო ტრიალებდა. იმპერიის სტატუსი საამაყო იყო, ადამიანებს თავში არ მოსდიოდათ, ეს სიტყვა გასაკიცხად ეხმარათ. უცებ, მეოცე საუკუნეში, იმპერიული სისტემა დაიმსხვრა, ხოლო სიტყვები „იმპერია“, „იმპერიალიზმი“, განსაკუთრებით ამ უკანასკნელის სინონიმი - „კოლონიალიზმი“, როგორც წესი, ნეგატიური აზრით მოიხსენიება. რა მოხდა?


პასუხის ძიებას ზოგადი კითხვით დავიწყებ: რა არის ის მოტივი, რაც იმპერიულ ცენტრებს ახალი ტერიტორიების დაპყრობისკენ უბიძგებს? მკვლევრები სამ ძირითად მოტივს გამოყოფენ: ესენია უსაფრთხოება, სიმდიდრე და პრესტიჟი. ამათგან, უსაფრთხოების მოსაზრება ყველაზე თვალსაჩინოა. მსოფლიოში, სადაც ტერიტორიების დაპყრობა სახელმწიფოების ნორმალურ ქცევას შეადგენდა, კონკურენციას მხოლოდ დიდი და ძლიერი მოთამაშეები უძლებდნენ: შენ თუ არ დაიპყრობდი სხვას, აქეთ დაგიპყრობდნენ. ვრცელი ტერიტორია და ბევრი ქვეშევრდომი მრავალრიცხოვანი არმიის შექმნის წინაპირობას ქმნიდა: ამის გარეშე კონკურენტული ვერ იქნებოდი.


ახალი ტერიტორიების დაპყრობა სიმდიდრის მოპოვების საშუალებაც შეიძლება იყოს. მარქსისტული თეორიები, მათი ხედვიდან გამომდინარე, პირველ რიგში ამ ფაქტორით ხსნიდნენ იმპერიების ქცევას: იმპერიული ცენტრები კოლონიების ეკონომიკურ ექსპლუატაციას ეწეოდნენ და დაპყრობილი ერების ხარჯზე მდიდრდებოდნენ.


დაბოლოს, არსებობს პრესტიჟის ფაქტორი. პატივმოყვარეობა ან, როგორც გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი იტყოდა, აღიარებისკენ სწრაფვა, მნიშვნელოვანი მოტივია ზოგადად ადამიანების, განსაკუთრებით კი ისტორიული პერსონაჟებისთვის: ისინი სიდიადეს ესწრაფვიან. მათ ღირებულებით სისტემაში ყველა სხვა მოსახვეჭელს სახელის მოხვეჭა სჯობს, ამის საუკეთესო საშუალება კი ახალი სამფლობელოების მოპოვებაა.


რა დაემართა ამ მოტივებს მე-20 საუკუნეში? ამ დროისთვის, დასავლეთი, ევროპისა და ჩრდილო ამერიკის სახით, განვითარების დონით ერთი თავით მაღლა იდგა დანარჩენ მსოფლიოზე; აქედან გამომდინარე, მსოფლიო იმპერიული სისტემა დიდწილად (თუმცა არა მთლიანად) დასავლური ქვეყნების არადასავლეთზე ბატონობას ემყარებოდა. მაგრამ „ზღვისიქითა“ იმპერიების ქონა დიდად არ ეხმარებოდა ქვეყნების უსაფრთხოებას ევროპის შიგნით: სამხედრო თვალსაზრისით, კოლონიებით მდიდარი საფრანგეთი კოლონიებით ღარიბ გერმანიაზე გაცილებით სუსტი იყო; არც ბელგიის ან ჰოლანდიის უსაფრთხოებას აძლიერებდა, შესაბამისად, კონგოს და ინდონეზიის კონტროლი. ოსმალეთის იმპერია უზარმაზარ და ერთმანეთზე გადაბმულ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული, მაგრამ ევროპის იმპერიული სისტემის სუსტ რგოლად იქცა. იმპერიული სამფლობელოების ქონა აღარ იყო პირდაპირ კავშირში უსაფრთხოებასთან. ორი მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთმა უსაფრთხოების ახალი, როგორც ჯერჯერობით ჩანს, უფრო მყარი არქიტექტურა შექმნა, რომელშიც კოლონიური წესრიგი ატავიზმად იქცა.


რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, ის იმთავითვე გაზვიადებული იყო: თუ არ ჩავთვლით ოქროთი ან სხვა სასარგებლო წიაღისეულით მდიდარ ტერიტორიებს, არასოდეს იყო ცხადი, აღემატებოდა თუ არა იმპერიებიდან მიღებული ეკონომიკური მოგება მათ დაპყრობასა და შენახვაზე გაწეულ ხარჯებს. ზუსტი ბალანსი ეკონომისტებს დღესაც ვერ დაუთვლიათ. თუნდაც ოქრო-ვერცხლით მდიდარი სამხრეთ ამერიკის დაპყრობას ესპანეთი, საბოლოო ჯამში, სულაც არ გაუძლიერებია: ერთა სიმდიდრეს უკეთესი პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტები განაპირობებდა და არა ნედლ მასალაზე უპირატესი წვდომა.


შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის იმპერიული გაფართოების მთავარი მოტივი პრესტიჟი, „სიდიადის“ მიღწევის სურვილი გახდა; უსაფრთხოების თუ სიმდიდრის მოსაზრებები მის შესანიღბად უფრო გამოიყენებოდა. მაგრამ ამასობაში გამოჩნდა ახალი ფაქტორი, რომელმაც იმპერიულ პრინციპს ლეგიტიმურობა დაუკარგა.


ასეთად იქცა ახალი პოლიტიკური რელიგია - ლიბერალური დემოკრატია. მისი ღირებულებები იმპერიალიზმთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ამ პოლიტიკური მოდელის მიხედვით, ხელისუფლება მისი ქვეშევრდომებისთვის მისაღები უნდა იყოს. იმპერია ამ პირობას ვერ დააკმაყოფილებს: განსაზღვრების თანახმად, ის დაპყრობით იქმნება და ძალმომრეობით ნარჩუნდება.


მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ვითარებამაც, რომ მეოცე საუკუნეში მსოფლიო ასპარეზზე წამყვან მოთამაშედ იქცა ამერიკის შეერთებული შტატები, ქვეყანა, რომლისთვისაც ლიბერალური დემოკრატია მართლაც სამოქალაქო რელიგიის ტოლფასი იყო, იმპერიული სისტემა კი, შესაბამისად, მორალურად მიუღებელი. სწორედ ამერიკის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, თავის ევროპელ პარტნიორებს (პირველ რიგში, ბრიტანეთს და საფრანგეთს) თავს მოახვია „ერთა თვითგანსაზღვრის“ (მიღებული ქართული თარგმანით, „თვითგამორკვევის“) პრინციპი, რომელიც იმპერიული სისტემის ნგრევაზე იყო მიმართული.


ეს არ ნიშნავს, რომ მეტროპოლიაში დემოკრატიის დამყარება იმპერიებს ავტომატურად აუქმებს. ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა საკმაო ხანს შეინარჩუნეს ორმაგი სტანდარტი: მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებული ხელისუფლება შინ, ძალმომრეობაზე აგებული წესრიგი - ზღვისიქითა სამფლობელოებში. ეს გაორება მართლდებოდა რასიზმით ან თეთრკანიანი ადამიანის „ცივილიზაციური მისიით “: ამ ხედვის მიხედვით, გარკვეული საზოგადოებები მეტისმეტად ჩამორჩენილია საიმისოდ, რომ საკუთარ თავს მოუარონ, ამიტომ განათლებული ევროპელები ვალდებულნიც კი არიან, მათ ცივილიზაციის სიკეთეს აზიარონ, თუნდაც მათი ნების წინააღმდეგ. ეს თეორია ჭეშმარიტების მარცვალს მოკლებული არ იყო: ეს საზოგადოებები, განვითარების დონით, ნამდვილად ჩამორჩენილები იყვნენ ევროპასთან შედარებით და იმპერიებმა ნამდვილად შეუწყვეს ხელი მათ მოდერნიზაციას. მოდერნიზების ამ პროცესში მათ შექმნეს ახალი ადგილობრივი ელიტები, რომლებიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ერის თვითგანსაზღვრის დასავლურ იდეებზე დაყრდნობით თავისივე იმპერიულ ბატონებს დაუპირისპირდნენ.


მათ წინააღმდეგ დასავლეთს არგუმენტი აღარ ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეტროპოლიებმა ერთიმეორის მიყოლებით გადასცეს ძალაუფლება ახალ კოლონიურ ელიტებს, უმეტეს შემთხვევაში (თუმცა არა ყველგან) ძალადობის გარეშე. შემთხვევითი არ არის, რომ როგორც კი პორტუგალიასა და ესპანეთში დასავლეთ ევროპის ბოლო დიქტატურები დემოკრატიამ ჩაანაცვლა, ამას აფრიკული კოლონიების გათავისუფლებაც მოყვა.


ზოგი მკვლევარი ეჭვს ქვეშ აყენებს, რომ დღეს ლიბერალური დემოკრატიის პრინციპის აღიარება იმპერიულ წესრიგს გამორიცხავს. ამის მაგალითად, როგორც წესი, მოჰყავთ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც „არაფორმალური იმპერია“. მართლაც, ის დროდადრო ახორციელებს სამხედრო ინტერვენციებს სხვა ქვეყნებში და, ხანდახან, ათწლეულობით აკონტროლებს მათ მეთოდებით, რომლებიც, რაღაც ნიშნით, იმპერიისას გავს: ამის მაგალითია ერაყი და, ბოლო დრომდე, ავღანეთი. იმპერიულ ქცევას შეიძლება მივამსგავსოთ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის (ფაქტობრივად, დასავლეთის) გარკვეული ნაბიჯებიც: მაგალითად ნატოს, აგრეთვე გაეროს და ევროკავშირის ქმედებები ბალკანეთის კონფლიქტების დასარეგულირებლად.


მაგრამ ამგვარ შემთხვევებშიც განსხვავება ტრადიციული იმპერიული წესრიგისგან მსგავსებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

სახელმწიფოების რესურსები არათანაბარია და ძლიერებს გაცილებით მეტი გავლენა აქვთ სუსტებზე, ვიდრე პირიქით. გარდა ამისა, საერთაშორისო ანარქიულ სისტემაში ძლიერ ქვეყნებს (ბოლო საუკუნეში, უპირველეს ყოვლისა, შეერთებულ შტატებს) ან საერთაშორისო გაერთიანებებს წესრიგის შენარჩუნების ინტერესი და არაფორმალური მოვალეობაც აქვთ. როგორც კი მსოფლიოს რომელიმე წერტილში სახიფათო და სისხლიანი კონფლიქტი აღმოცენდება, მაშინვე კითხულობენ: სადაა ამერიკა? სადაა დასავლეთი? მათ ჩარევისთვისაც აკრიტიკებენ (როგორც „ახალ იმპერიებს“) და ჩაურევლობისთვისაც.


ეს ასეა. მაგრამ პირდაპირი სამხედრო ჩარევის შემთხვევები ექსტრაორდინარული მიზეზებით უნდა იყოს გამართლებული, რომლებიც, როგორც წესი, უსაფრთხოებითი და ჰუმანიტარული მოსაზრებების ნაზავია. მათ მწვავე დისკუსიები უსწრებს წინ, ხოლო თუ სამხედრო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიღებულია, ყოველთვის ხაზი ესმევა კვაზი-იმპერიული კონტროლის დროებით ხასიათს. ეს თვალთმაქცობა არ არის: ამერიკელებს აქვთ რწმენა, რომ კვაზი-იმპერიული კონტროლის შედარებით ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ერები შეძლებენ ქმედუნარიანი და დემოკრატიული სახელმწიფო სისტემების შექმნას და ამერიკის მეურვეობა აღარ დასჭირდებათ. ხანდახან ეს ვარაუდი მართლდება, როგორც, ვთქვათ, იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ხანდახან - არა, როგორც, მაგალითად, ავღანეთში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ამერიკის მთავრობა დიდხანს ზეწოლის ქვეშ იყო საკუთარი მოსახლეობის მხრიდან, რაც შეიძლება მალე დაესრულებინა იქ სამხედრო ყოფნა. სწორედ ეს შიდა ზეწოლა იყო ძირითადი მიზეზი, რამაც მას ავღანეთიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიაღებინა, თუმცა ის მეტად საკამათო იყო როგორც უსაფრთხოებითი, ისე ჰუმანიტარული აზრით.


მოკლედ რომ შევაჯამოთ, ევროპის წამყვანი სახელმწიფოები თავიანთი იმპერიული სამფლობელოების დაკარგვას სამი ძირითადი მიზეზით შეურიგდნენ: (1) დასავლეთმა შეძლო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა, რომელმაც იმპერიები ზედმეტი გახადა; (2) ცხადი გახდა იმპერიების ეკონომიკური წამგებიანობა; (3) დემოკრატიასთან შეუთავსებლობამ იმპერიას, როგორც სახელმწიფოების ფორმას, ლეგიტიმურობა დაუკარგა.


პრესტიჟის მოტივი მაინც ანგარიშგასაწევი რჩება. პოლიტიკოსებსაც და ერებსაც უნდათ, მათ ქვეყნებს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეთ მსოფლიო ასპარეზზე, თუნდაც ამას უსაფრთხოების ან ეკონომიკის სფეროში ხელშესახები სარგებელი არ მოჰქონდეს.

ამის გამო, იმპერიული სტატუსის დათმობა არც ევროპელი ერებისთვის იყო სასიამოვნო. მაგრამ მათ შეძლეს ამ დანაკარგის დიდწილად კომპენსირება. პირველ რიგში, ტრადიციული „ხისტი ძალის“ რესურსების დათმობას „რბილი ძალის“ სიმდიდრე აწონასწორებდა. ეკონომიკური განვითარების დონით, ცხოვრების ხარისხით, ადამიანის უფლებების დაცულობით ევროპის ერები მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე არიან და დანარჩენი პლანეტა მათ შურით შეჰყურებს. განვითარების პროგრამების მეშვეობით ისინი ნაკლებ განვითარებული ქვეყნების (მათ შორის ყოფილი კოლონიების) მიმართ თავიანთ „ცივილიზაციურ მისიას“ სხვა ფორმით ახორციელებენ. რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ „პოსტ-და „ნეოკოლონიალიზმის“ თეორეტიკოსები, ნაკლებ განვითარებული ერები, როგორც წესი, მნიშვნელოვან სარგებელს ელიან ყოფილ მეტროპოლიებთან ურთიერთობისგან და დაინტერესებული არიან მათთან კავშირების განვითარებით. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროკავშირმაც: ევროპელ ერებს შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ, რომ, მისი სახით, ახალი, ყველაზე პროგრესული პოლიტიკური პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ.


იმპერიის გარეშე დარჩენილმა რუსეთმა ასეთი საკომპენსაციო მექანიზმები ვერ იპოვა. საბჭოთა კავშირის დაშლით მან ტერიტორია და რესურსები კი არა, უპირველეს ყოვლისა, სტატუსი დაკარგა. თუ მანამდე ის ერთ-ერთ პოლუსს შეადგენდა ორპოლუსიან მსოფლიო სისტემაში, ახლა ის გეოგრაფიულად დიდ, მაგრამ ეკონომიკურად და ინსტიტუციურად დაბალგანვითარებული ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა. კომუნისტური იდეოლოგია მას ილუზიას მაინც უქმნიდა, რომ მისი პოლიტიკური სისტემა დასავლეთთან შედარებით უფრო პროგრესული იყო და მომავალი მას ეკუთვნოდა; ახლა კი ის შეგირდად უნდა შედგომოდა თავის ყოფილ ოპონენტებს, რათა დემოკრატიის და კაპიტალიზმის ანბანი ესწავლა. მეტიც, ამ თვალსაზრისით მას ყოფილი სატელიტები და ზოგიერთი სამფლობელოებიც, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებიც კი სჯობდნენ. თუმცა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ გარკვეული უპირატესობები დარჩა, ამ უკანასკნელებსაც კი გაცილებით უფრო განვითარებულ დასავლელ ერებთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება გაუჩნდათ. რუსეთისგან სასწავლი არავის აღარაფერი ჰქონდა.


სინამდვილეში, სწორედ ესაა პუტინის მიერ წარმოსახული „გეოპოლიტიკური კატასტროფის“ შინაარსი: რუსეთმა სტატუსი დაკარგა და, შედეგად, თვითშეფასება დაუქვეითდა. ასეთი ტრავმის გადატანა განსაკუთრებით რთულია. რუსეთის რეაქცია ყველაზე კარგად გამოიხატება სიტყვით ressentiment, რომელსაც ზუსტი ქართული შესატყვისი არა აქვს და წყენის, შურის და ბრაზის ემოციათა ნაერთს აღნიშნავს. ამგვარი დამოკიდებულების ნიშნები დასავლეთ ევროპელებსაც აქვთ ამერიკის მიმართ, რადგან ამ უკანასკნელმა მათ, მეოცე საუკუნეში, პოლიტიკური და ცივილიზაციური ლიდერობა ჩამოართვა. მაგრამ რუსეთის შემთხვევა გაცილებით უფრო მძიმეა.


Ressentiment-ის ემოციას, როგორც წესი, არ აღიარებენ, მისი ქონა სირცხვილია; ამიტომ მას რაციონალიზაცია სჭირდება. რუსეთის შემთხვევაში ასეთ რაციონალიზაციად იქცა მითი, თითქოს ნატოს გაფართოება მას ექსისტენციურ საფრთხეს უქმნის. ამის ხელმოსაჭიდი არგუმენტი არ არსებობს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ნატოს გაფართოება რუსეთის დაკნინებული სტატუსის სიმბოლური დადასტურებაა: იქ, სადაც რუსებისა ეშინოდათ, ქვევიდან ზევით უყურებდნენ, ახლა ამერიკელები ხდებიან „უფროსები“. ნატოს გაფართოება რუსეთისთვის უარესია, ვიდრე სამხედრო საფრთხე (ის მართლაც რომ არსებობდეს), რადგან მას ფსიქოლოგიურ ტრავმას უღრმავებს.


მეორე ასეთი მითი, რომლისაც, მცოდნე ხალხის თქმით, პუტინს მართლა სჯერა, ისაა, რომ დემოკრატიის მხარდამჭერი მოძრაობები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც ხანდახან ე.წ. „ფერადი რევოლუციებით“ მთავრდება, სინამდვილეში ამერიკის ორგანიზებული და დაფინანსებული ღონისძიებებია, რომელთა მიზანიც რუსეთის სამეზობლოში მისი გავლენის შესუსტებაა. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ეს რეალურად ასე არ არის. ასეთი მოძრაობები ნამდვილად დასავლური დემოკრატიის მოდელებითაა შთაგონებული, ანუ ისინი დასავლეთის „რბილი ძალის“ ქმედითობას ადასტურებს და რუსეთის გავლენას ნამდვილად ასუსტებს. გარდა იმისა, არსებობს საფრთხე, რომ ყოფილი საბჭოეთის მაცხოვრებლების მაგალითს თვით რუსებმაც მიბაძონ.


რა შეუძლია ამის პასუხად რუსეთს? ის, რასაც აკეთებს: მისი ressentiment-ის ობიექტის, ანუ დასავლეთის სისუსტეებზე თამაში და ამით საკუთარი „დამცირებისთვის“ ნაწილობრივი ფსიქოლოგიური კომპენსაციის მიღება. რუსეთის მთავარი პრობლემაა, რომ მას პატივს არ სცემენ და, ამის გამო, ვეღარც ის სცემს თავს პატივს; შესაძლო კომპენსაციაა, რომ მისი ეშინოდეთ და, ამის გამო, ანგარიშს უწევდნენ. მისი ქმედებები უკრაინის მიმართ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან, დასავლეთის საზომებით, ისინი ირაციონალურია; მაგრამ პუტინის თვალთახედვით, ისინი კონკრეტულ მიზანს ემსახურება: რუსეთის ნაბიჯები აიძულებს დასავლეთს, ის ანგარიშგასაწევ მოთამაშედ ჩათვალოს. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ტერიტორიულ ერთეულზე კონტროლი.


მე არ ვიცი, ამ ეტაპზე რას აპირებს პუტინი უკრაინაში: დაიწყებს ის ომს თუ არა. მაგრამ მან მიაღწია იმას, რომ ის ყურადღების ცენტრშია, ყველა მისი ჩანაფიქრის ამოცნობას ცდილობს. ეს ძალიან რისკიანი თამაშია მისთვისაც და მისი მეზობლებისთვისაც, რადგან ყურადღების ცენტრში დასარჩენად მას ფსონის მუდმივი აწევა სჭირდება. Ressentiment-ის პოლიტიკა ყველაზე სახიფათო პოლიტიკაა.