თანამედროვე რუსული პოლიტიკური ელიტა - ზოგიერთი წახნაგი

დავით დარჩიაშვილი | ესე | 2021

ამ თემას ბევრნაირად შეიძლება შევხედოთ.  მით უმეტეს, რომ იგი არაერთხელ განხილულა როგორც სოციალური მეცნიერების ფარგლებში,  ისე ჟურნალისტთა მიერ. და მაინც, თემასთან დაბრუნებას აქტუალობა არ ეკარგება: რუსული  ელიტა კომპლექსური ფენომენია და მისი არსებული ანალიზი დაზუსტებებს ანდა საფუძვლიან  ინტერპრეტაციებს ითხოვს. წინამდებარე ესეც ამის ნაუცბათევი მცდელობაა.


ვფიქრობ, რომ ის, რაც გამიგია თუ წამიკითხავს  თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ელიტის შესახებ, კონცეპტუალურ ჩარჩოს საჭიროებს. ამ  უკანასკნელის აგება ელიტების თეორიებით, ისტორიული ინსტიტუციონალიზმის მიდგომებით  და, სხვადასხვა სოციალური მეცნიერებების ზღვარზე, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში  აღმოცენებული სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების თეორიით შეიძლება. ესეც ზოგიერთი  ამ კონცეპტუალური ბლოკიდან აღებული მოსაზრებების ინტერპრეტაციით დაიწყება. მოგვიანებით  კი შევეცდები ამ ჩარჩოს თუ ჩონჩხს რელევანტური რუსული რეალობის „ხორცი“ - ანუ მაგალითები  - მივაბა.


ელიტების თეორიებში, რომლის აკადემიური  სათავეები მე-19 საუკუნის მიწურულის იტალიელ ისტორიკოსებთან და სოციოლოგებთან იღებს  სათავეს, ტერმინები - პოლიტიკური ელიტა და მმართველი/პოლიტიკური კლასი ურთიერთმონაცვლეობით  გამოიყენება. ასე მაგალითად, მოსკა მმართველ კლასზე საუბრობდა, პარეტო მმართველ ელიტაზე,  მიხელსი კი ტერმინ ოლიგარქიას უნივერსალურ მნიშვნელობას ანიჭებდა. მოგვიანებით, ტერმინთა  ეს ნაირფერობა, რასაც საკითხში გარკვეული ბუნდოვანება შეჰქონდა, გაგრძელდა, რაზეც  სწუხდა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ალან ცუკერმანი. თავად იგი ამ ტერმინებს მეტნაკლებად  სინონიმებად აღიქვამდა და პოლიტიკურ კლასს თუ ელიტას იმ ადამიანთა ერთობად მიიჩნევდა,  ვინც compete for the control of authoritative decisions.[i] ესსეს მიზანი არაა ამ კამათში შესვლა და  ტერმინების დაზუსტების პრეტენზიის გაცხადება. ვიტყვი მხოლოდ, რომ რიგი გარემოებების  გამო, თანამედროვე რუსეთის მმართველობითი მოდელის თავისებურებანი უფრო უპრიანს ხდის,  რომ აქცენტი არა იმდენად კლასზე, არამედ ელიტაზე გავაკეთოთ. ეს ტერმინი უფრო ტევადად  გამოხატავს მმართველობით სფეროში ვიწრო, პატრონ-კლიენტურ პრინციპზე აგებული „კამარილიის“  თუ „კლიკის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რასაც რუსეთში და ბევრ პოსტ-საბჭოურ სისტემებში  ვაწყდებით. მეორეს მხრივ, ყურადღებიდან არც რუსეთის ფედერაციის ადმინისტრატორ-მენეჯერთა  საშუალო რგოლი უნდა გამოგვრჩეს. ამის მიზეზი მხოლოდ და ძირითადად ის არაა, რომ რუსული  პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი მკვლევარი, ოქსანა გამან გოლუტვინა პუტინის ხელისუფლებაში  არა მარტო პერსონალისტური კლანების, არამედ ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვან როლსაც  ხედავს.[ii] ვფიქრობ, რუსულ მმართველ კლასზე/ელიტაზე  მსჯელობისას, მისი მეორე ეშელონის პროფილის ჩვენების აუცილებლობა, რომელსაც ელიტების  თეორიის კლასიკოსი, გაეტანო მოსკა არმიის ოფიცრებს ადარებდა, უფრო შემდეგი გარემოებითაა  განპირობებული:


მოსკა თვლიდა, რომ არმიამ შეიძლება გენერლები  დაკარგოს და არაფერი მოუვიდეს, ოფიცერთა დაკარგვა კი კატასტროფაა. იგივე ფუნქცია ჰქონდა  მისთვის „მმართველი კლასის“ მეორე სტრატას - ლიდერობის უნართა მქონეთ მთელს ქვეყანაში, რომელთა სოლიდარობაზე, ინტელექტზე და როლზეა დამოკიდებული სტაბილურობა.[iii] ოფიცერთა კორპუსის კარგ ანალოგად მას მიაჩნდა  ლიბერალური სახელმწიფოს დიდი პარტიების წევრთა ბირთვი, ხერხემალი, რომელიც ელიტის ზედა ეშელონის მიუკერძოებელი მსაჯულია.[iv] რუსეთი არც ლიბერალური სახელმწიფოა და  არც ძლიერი, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთა ინტერესებზე ორიენტირებული სტაბილური პარტიები  ყავს. მაგრამ ელიტას დასაყრდენიც სჭირდება და შევსების წყაროც. შესაბამისად, ის თუ  სადაა მეორე ეშელონი/სტრატა, რამდენად სოლიდარულია იგი, მართლა სახელმწიფო ბიუროკრატიაა  მისი სოციალურ-ინსტიტუციონალური ჩარჩო თუ რამე სხვა, აქტუალური საკითხია.


რაც შეეხება ელიტის დეფინიციას და მისი  კონფიგურაციის ტიპებს, საამისოდ, მე პირადად, ჯონ ჰიგლისა და მისი კოლეგების ინტერპრეტაციას  ვეყრდნობი. ასევე აქტუალური მგონია რუსი მკვლევარის, ვლადიმირ გელმანის პოსტსაბჭოური სპეციფიკაციები. ჰიგლიმ, ფილდმა და ბარტონმა ჯერ კიდევ 1990 წელს შექმნეს ელიტათა  ძველი თეორიების ინტერპრეტაციის საინტერესო ჩარჩო, რომლის თანახმად ელიტაში იგულისხმებიან  persons who are able, by virtue of their strategic positions in powerful  organizations, to affect national political outcomes regularly and  substantially.[v] რაც შეეხება ტიპოლოგიას, აღნიშნული ავტორები  პატნემის დაშვებებს ავითარებდნენ და ელიტათა სამ ტიპზე (Consensually Unified,  Ideologically Unified და Disunified) საუბრობდნენ. მოგვიანებით და, გარკვეულწილად,  პოსტკომუნისტურ სამყაროზე დაკვირვებით, უშუალოდ ჰიგლი მესამე კატეგორიას ორად ყოფს  და საუბრობს ა) ფრაგმენტირებულ და ბ) დაყოფილ ელიტებზე.[vi] ვფიქრობ, როგორც რუსული ისე, სხვათა შორის, ქართული პოსტსაბჭოური ქეისები ბოლო  30 წელია ამ ორი ქვეკატეგორიის შორის ფლუქტუირებს. მაგრამ ამაზე ქვემოთ.


გელმანი ეყრდნობა ამ ბოლო სქემას და, როგორც  პოსტ-საბჭოთა მკვლევარი, გარდაუვლად უხდის ხარკს ისტორიულ ინსტიტუციონალიზმს, ანუ  დღევანდელობაზე საბჭოთა მემკვიდრეობის გავლენათა წარმოჩენას. მისი აზრით, საბჭოთა სისტემამ ორი ძირითადი ინსტიტუტი წარმოშვა: მმართველი სტრუქტურა და ეთნოფედერალიზმი,  ანუ ექსტერიტორიალური სამინისტროები, რომლებიც ეკონომიკის სექტორებს აკონტროლებდნენ,  და კომპარტიის ეთნოტრიტორიალური დანაყოფები. პოსტსაბჭოთა ეპოქაში ამან ელიტის ახალ ორგვარობას - ფინანსურ-ინდუსტრიული ჯგუფების და ადგილობრივი კლანების დიქოტომიას ჩაუყარა  საფუძველი.[vii] ვფიქრობ, ასეთი სურათი საკმაოდ სქემატურია,  თუმცა საყურადღებო. ასევე გასათვალისწინებელია გელმანის მსჯელობა იმის შესახებ, რომ  უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში ელცინის დროს ფრაგმენტირებული ელიტა ყალიბდებოდა, პუტინმა  კი მონოლითური ელიტა აღადგინა. ჰიგლი და ბარტონი ასეთ „მონოლითს“, „იდეოლოგიურად გაერთიანებული“  ელიტების კატეგორიაში ათავსებენ, რასაც როგორც ტოტალიტარული, ისე ეთნოკრატიული ან სულთანისტური რეჟიმები შეეფერება.[viii] თუმცა, თანამედროვე რუსეთის ისტორიის ცალკეული  მონაკვეთები არც ჰიგლისეული „დაყოფილი ელიტის“ ტიპს გამორიცხავს.


ლევადა-ცენტრის დირექტორი ლევ გუდკოვი კი  თვლის, რომ პუტინის მმართველობითი სისტემა მეორადი ტოტალიტარიზმია. მას არ სჭირდება მასშტაბური რეპრესიები  (თუმცა ალექსეი ნავალნის მოწამვლით, დაჭერით და, აგრეთვე, რეჟიმის მამხილებელი მისი  ბოლოდროინდელი ვიდეო-ბლოგებით გამოწვეული დემონსტრაციების დარბევა რეპრესიების რეციდივებსაც  აჩვენებს. დ.დ.). იმავდროულად, ხელისუფლების ენა კვლავინდებურად სოლიდარობის, ეროვნული  უსაფრთხოების ცნებებზე აპელირებს, ყველაფერი უცხო ცუდია და მიუღებელი. რუსეთი ათასწლოვან  ორგანულ ერთობად ცხადდება, რომელზედაც სახელმწიფო მამობრივად ზრუნავს. ამ ვითარებაში  ხალხს ესმის, თუ რას შეიძლება სახელმწიფოსაგან ელოდოს და ხდება არსებულთან ჰომო-სოვიეტიკუსის  ანალოგიური ადაპტაცია.[ix]

ტოტალიტარიზმი გაბატონებულ იდეოლოგიას ითხოვს  და ლევ გუდკოვი თანამედროვე რუსეთშიც მის არსებობას ხედავს. ცხადია, იგი ბევრად ეკლექტურია,  ვიდრე კომუნიზმი. ამასთან, მისი ერთ-ერთი შემოქმედის, ვლადისლავ სურკოვის „სუვერენული  დემოკრატიის“ თუ „ღრმა ხალხის“ კონცეპტებს საკმაოდ აქტიური და გარკვეული მედია პლათფორმების  მქონე ოპონენტები ჰყავს. შესაბამისად, ტოტალიტარიზმზე საუბარი შეიძლება საკამათო იყოს  - სულ ბოლო რეპრესიულ ტალღამდე მაინც. ასეა თუ ისე, თუ პუტინის დროინდელ პოლიტიკური  რეჟიმის ბუნებასა და ელიტის ტიპის კორელაციაზე ვისაუბრებთ, საინტერესოა Henry E.  Hale-ს „პატრონული პოლიტიკის“ მოდელი. ისიც თვლის, რომ პოსტკომუნისტურ სამყაროში ბევრი  არაფერი შეცვლილა, რადგან შენარჩუნდა სახელმწიფოს რეპრესიული აპარატი და თითქმის მონოპოლისტური  კონტროლი რესურსების განაწილებაზე.[x] ეს იწვევს პატრონ-კლიენტური ქსელების კვლავწარმოებას.  „კომუნიზმის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა მთელს ევრაზიულ სივრცეზე პატრონალიზმია  - ასკვნის ჰეილი.[xi]

თანამედროვე რუსეთის ელიტაზე საუბრისას,  ერთ-ერთი მთავარი კითხვა ისაა, თუ ვისგან და როგორ კომპლექტდება ეს პატრონ-კლიენტური  ქსელები, ან რა ფორმით მოხდა ელიტათა ცირკულაცია რუსეთში სსრკ-ს დაშლის შემდეგ. ვფიქრობ,  რომ ლიტერატურაც და ელექტრონულ მედიაში გავრცელებული მრავალფეროვანი მასალებიც მხოლოდ  ნაწილობრივ ცირკულაციაზე მეტყველებს.

ამჟამად დავას ნაკლებად იწვევს, რომ საბჭოთა  ეპოქაში პოლიტიკურ კლასსა თუ მმართველ კლასს ე.წ. ნომენკლატურა ქმნიდა. რიგი გათვლებით,  მის ზედა ეშელონში რამდენიმე ათასი კაცი ირიცხებოდა. სულ კი პარტიულ, საბჭოთა და აღმასრულებელ  ორგანოებში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაახლოებით 160 000 ადამიანი იყო  დასაქმებული. რადგანაც სისტემა პატრონ-კლიენტური იყო, სადაც ზოგჯერ პატრონიცაა დავალებული  სანდო კლიენტზე, ამ ციფრებს არაფორმალური გავლენის მქონე ადამიანებიც უნდა დაემატოს.  ისინი, როგორც წესი, წარმოადგენდნენ ჩრდილოვან ეკონომიკას, რომლის სიკეთეებით ნომენკლატურის  კორუმპირებული ნაწილიც საზრდოობდა. ეს ვითარება ქმნიდა მმართველი ელიტისა და ორგანიზებული  დამნაშავეობის წარმომადგენელთა ერთობლივი ქსელების ფორმირების საფუძველს. ამ მხრივ  ნიშანდობლივი მაგალითია საქართველოს სსრ კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის, ვასილ  მჟავანაძის (1953-1972 მეუღლის) მეგობრობა ჩრდილოვან მეწარმესთან, ოთარ ლაზიშვილთან,  რაც ამ უკანასკნელს ნომენკლატურულ გადაადგილებებზე გავლენის მოხდენის საშუალებასაც  აძლევდა.[xii]

ბუნებრივია, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკით  და კორუფციის მასშტაბებით გამორჩეული საქართველო, რეალურად, გამონაკლისი არ ყოფილა.  მჟავანაძეს, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკურ ხელმძღვანელებს, მოსკოვთან პატრონ-კლიენტური  კავშირები ქონდათ დამყარებული. როცა საბჭოთა კავშირმა რღვევა დაიწყო, რაც ეკონომიკური,  ინტერეთნიკური და იდეოლოგიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, პოლიტიკური კლასის ორივე  ეშელონში ცირკულაცია აჩქარდა და ტრანსფორმაციის ნიშნებიც გამოჩნდა. აქ ვერ დავატევ  ყველა მნიშვნელოვან დეტალზე საუბარს. ისევ ლევ გუდკოვს დავესესხები და ვიტყვი, რომ  ელცინის რუსეთის მმართველ ვერტიკალში თვალსაჩინო ადგილი ძველი ნომენკლატურის მომსახურე  ავანტიურისტული ბუნების პერსონაჟებმა დაიკავეს. მაგრამ ნელ-ნელა ისინი ნომენკლატურის  მეორე ეშელონის მოხელეებმა, განსაკუთრებით, კომკავშირის და კაგებეს ფუნქციონერებმა  შეავიწროვეს. გუდკოვი წერს, რომ მათ ძველი ნომენკლატურული ელიტის კორპორტიულობა ახასიათებდათ,  მაგრამ თავისუფალნი იყვნენ რაიმე იდეოლოგიური სტერეოტიპებისაგან.[xiii]

აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის  კვლევებმა გააჩინა ტერმინი სამმართველოს უფროსთა მოადგილეების რევოლუცია.[xiv] იგი იმის ახსნას ემსახურება, რომ ამ გარდაქმნებმა  გარდაუვლად გამოიწვია ძველი რეჟიმის ცნობილ და ოდიოზურ ლიდერთა ჩანაცვლება, მაგრამ  იგივე მმართველი კლასის საშუალო რგოლი ადაპტირებადი აღმოჩნდა. მისი წარმომადგენლები  იოლად თმობდნენ იდეოლოგიურ შეფერილობას და გარდაიქმნებოდნენ ლიბერალებად, დემოკრატებად,  ნაციონალისტებად. მათი უპირატესობა ინფორმაცია, კავშირები, მართვის გამოცდილება იყო.  რა თქმა უნდა, განახლებულ ელიტაში აუცილებლად ხვდებოდნენ უფრო გულწრფელი რევოლუციონერებიც  გარკვეული ანტიკომუნისტური სტაჟით. მაგრამ რუსული ქეისი აჩვენებს, რომ ასეთებიც, ძირითადად,  ისევ პარტიული ნომენკლატურიდან (თავად ბორის ელცინი), ან საბჭოთა პერიოდშივე შედარებით  წარმატებული შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციიდან (პოპოვი, სობჩაკი, სტაროვოიტოვა,  გაიდარი და ა.შ.) იყვნენ.

როგორც ზემოთ ითქვა, რევოლუციურ პერიოდებში  გარდაუვლად წინაურდებოდნენ შემთხვევითი, ავანტიურისტული ბუნების ადამიანები. ასეთის  მაგალითად ლევ გუდკოვს ბორის ბერეზოვსკი მოჰყავს. მე ქართული მაგალითიდან მახსენდება  მურმან ომანიძე, რომელიც არც ნომენკლატურას ეკუთვნოდა, არც დისიდენტურ თუ ეროვნულ  მოძრაობას, მაგრამ პირველ პოსტკომუნისტურ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრობას  მიაღწია. აქ აღარაფერს ვამბობ ისეთ კოლორიტულ ფიგურებზე ახალი ქართული სახელმწიფოს  ხელმძღვანელობაში, როგორიც კრიმინალური წარსულის მქონე ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანია.  კრიმინალური უნარ-ჩვევები და ქსელები სერიოზული ტრამპლინი აღმოჩნდა პოსტ-საბჭოთა რუსეთშიც.  როგორც ჩანს, 1992 წლიდან დაწყებული ფუნდამენტური ეკონომიკურ-პოლიტიკური ტრანსფორმაციისათვის  კრიმინალური სტრუქტურები ჯერ კიდევ გვიან საბჭოთა პერიოდიდან აღმოჩდნენ მომზადებულები.  საგამოძიებო ჟურნალისტიკის პეტერბურგელი წარმომადგენელი, ადრე ორგანიზებულ დანაშაულთან  მებრძოლი სამმართველოს თანამშრომელი, აგრეთვე, თავად კრიმინალურ ქსელთან დაახლოვებული  და ნასამართლევი ევგენი ვიშენკოვი ამ მხრივ საინტერესო ინფორმაციას აჟღერებს:

მისი თქმით, 1991 წლის აგვისტოს პუტჩის  დროს პეტერბურგის კგბ-ც და სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობაც დაბნეული იყო. თუ ვინმე  ორგანიზდებოდა, „პერესტროიკასთან“ ასოცირებული ეკონომიკური ლიბერალიზაციის, უფრო კი  საკუთარი გაზრდილი გავლენების დაცვა უნდოდა, ეს კრიმინალური წრეები იყვნენ. ხელისუფლება  ქუჩაში ეგდო. მას ის აიღებდა, ვინც მომზადებული აღმოჩნდებოდა, ასკვნის ვიშენკოვი.[xv]

რუსეთი ძალზე დიდია საიმისოდ, რომ პოლიტიკური  ელიტის ფორმირება-რეფორმირების დეტალებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ვისაუბროთ. ესსეს  ფორმატი ამგვარ ამოცანასთან ხომ საერთოდ შეუთავსებელია. მაგრამ ზოგადი ტენდენციების,  უშუალოდ კრემლისა და მის სიახლოვეს მყოფი გავლენიანი ბიზნეს, პოლიტიკური თუ ძალოვანი  სტრუქტურების ხელმძღვანელობის ბუნების დასანახად, პეტერბურგის ქეისს განსაკუთრებული  მნიშვნელობა აქვს: აქ ჩამოყალიბდა პუტინის მენტალიტეტი და სოციალური კაპიტალი, რომელიც  შემდეგ დედაქალაქში გაგრძელდა.

ვიშენკოვის მოგონებები, როგორც წყარო, მე  ორი მიმართულებით მიმაჩნია განსაკუთრებით აქტუალურად. ჯერ ერთი, იგი საინტერესო ილუსტრაციებს  აკეთებს პუტინის ზრდის და ჩამოყალიბების სოციალურ-კულტურულ გარემოზე, კრიმინალიზაციისაკენ  მიდრეკილ სპორტსმენთა სამყაროზე, მერიაზე, კგბ-ელ მეგობრებსა და თანდათან ჩამოყალიბებულ  ბიზნეს-კრიმინალურ დაჯგუფებებზე: ყოველივე ამას ხომ მნიშვნელოვანწილად პეტერბურგში  ჰქონდა ადგილი. თუმცა ამ თემებზე სხვა წყაროებიც მრავლადაა - ნავალნის კორუფციასთან  ბრძოლის ფონდის მასალებით დაწყებული და ტელეარხ დოჟდის მთავარი რედაქტორის, ბადანინის  ფილმებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ინფორმაციები საკმაოდაა ბეჭდურ მედიაშიც. მაგრამ  ვიშენკოვი ხაზს უსვამს კიდევ ერთ გარემოებას, რომელიც საინტერესოა რუსული ელიტის გარკვეულ  სეგმენტთა გავლენების, მათი ერთგვარი ლეგიტიმაციის გასაგებად. ვფიქრობ, ვიშენკოვის  მიერ ხაზგასმული ეს გარემოება აჩვენებს ელიტათა თეორიის კლასიკის, მოსკასა და პარეტოს  მოსაზრებების რელევანტურობას.

ბოლო დროს, დასავლური სოციალური მეცნიერების წარმომადგენლები  პოსტ-საბჭოთა პოლიტიკას რაციონალისტურ ალიანსთა, გარიგებათა მოდელით ხსნიან. ანუ პროცესები  დაყვანილია რაიმე იდეაციურ საყრდენებს მოკლებული პარამილიტარული ლიდერების, სხვა,  უფრო ინსტიტუციონალიზებული პერსონაჟებისა თუ პოლიტიკოსების პრაგმატულ კალკულაციებამდე,  რასაც ალიანსები და დაპირისპირებები მონაცვლეობით მოსდევს. თავისთავად, ეს მოდელი  არაა მოკლებული ამხსნელობით ძალას. მის ნიმუშად შეიძლება მივიღოთ Henry E. Hale-ს  ზემოთნახსენები ნაშრომი. ამგვარი მიდგომის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც სხვა პოსტ-საბჭოთა  ქვეყნებზე ფოკუსირდება, არის Jesse Driscoll-ის Warlords and Coalition Politics  in Post-Soviet States. ავტორი თვლის, რომ პოლიტიკის შედეგები სტრატეგიულ კალკულაციებზეა  დამყარებული. იგი არ უარყოფს ამ პროცესის მონაწილეთა რწმენებს, ემოციებს. მაგრამ ეს  ფაქტორები მაინც ეფემერულად მიაჩნია მატერიალურ ინტერესთან შედარებით.[xvi]

მოსკა და პარეტო კი პოლიტიკაში ირაციონალიზმს,  იდეებს, ფსიქოტიპებზე დამოკიდებულ დერივაციებს - სტერეოტიპულ აზროვნებას - აქცევდნენ  ყურადღებას. ელიტის წარმომადგენელთა „მელიებად და ლომებად“ პარეტოსეული დაყოფა, თუ  მოსკას აქცენტირება საზოგადოების მამობილიზებელ იდეოლოგიებზე ნათქვამის ილუსტრაციებია.  ვიშენკოვი ყვება, რომ 80-90 იანი წლების მიჯნაზე ჩამოყალიბებული ბანდები, რომლებმაც  ჯერ ეკონომიკური ბერკეტების მოპოვებით დაიწყეს, შემდეგ კი პოლიტიკურ გავლენასაც მიაღწიეს,  უბრალო, დაუცველ ადამიანებში ერთგვარი სიმპათიით სარგებლობდნენ. მისი თქმით, სპორტსმენთა  დაჯგუფებების ძალაუფლება დამოკიდებული იყო როგორც ქსელურ კავშირებზე (რიგ შემთხვევებში  ისინი რესტორნებში „კარისკაცობიდან“ იწყებდნენ ფულის კეთებას, მერე კი მენეჯერებს  წილში უჯდებოდნენ), ისე საზოგადოების „წითელ“ (კომუნისტურ დ.დ.) მენტალიტეტზე. თუ  მებრძოლი, სამშობლოსათვის მედლების მომპოვებელი სპორტსმენი ვიღაც „კოოპერატორს“ გაძარცვავს,  რა არის ამაში ცუდი?! - ასე გადმოსცემდა ვიშენკოვი იმჟამინდელი ლენინგრადელი პენსიონერების  თუ მუშათა კლასის ლოგიკას.[xvii]

ვფიქრობ, ასეთი მსოფლმხედველობა მნიშვნელოვანი  ფაქტორი იყო როგორც საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებებისათვის, ისე თავად სპორტსმენთა  შეკავშირება-თვითშეფასებისათვის. თვითშეფასებას, საკუთარ თავთან გამართლებას კი ადამიანთა  ბრძოლაში დიდი ძალა აქვს. საქართველოში სპორტსმენებს არ უთამაშიათ ისეთი პოლიტიკურ-ეკონომიკური  როლი, როგორც ლენინგრადსა თუ რუსეთის სხვა ადგილებში. 90-იანებში აქ ამინდს უფრო სამხედრო ფორმირებები ქმნიდნენ. მაგრამ ლოგიკა  იგივე იყო - სამოქალაქო მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ბიუროკრატები თუ ახლადწარმოქმნილი  ბიზნესმენები მათ დავალებულებად მიაჩნდათ.

ერთი პასაჟიც ვიშენკოვის ნარატივიდან, რომელიც,  მიკროისტორიის დონეზე, მასშტაბური სოციალური თეორიის ადეკვატურობის ილუსტრაციაა. სემუელ  ჰანტინგტონის სახელთან დაკავშირებული სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების თეორია, სხვა  დებულებებთან ერთად, ოფიცერთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის სარისკოობას ქადაგებს.  ბიზნესი და სამხედრო საქმე შეუთავსებელია, რადგან ამ უკანასკნელში პროფესიონალიზმსა  და სუბორდინაციას ემუქრება. ნათქვამი მარტივად შეგვიძლია გადავიტანოთ პოლიციელებზე,  სპეცსამსახურების თანამშრომლებზე, მოკლედ, ფორმიან ხალხზე. ვიშენკოვი ყვება, თუ როგორ  დაიბარა იგი, სისხლის სამართლის სამძებროს ლენინგრადელი კაპიტანი, ზემდგომმა პოლკოვნიკმა  და უთხრა, რომ ლენინგრადის არალეგალურ ბიზნესის/რეკეტის წარმომადგენლებს უნდა დასხმოდა  თავს. ვიშენკოვი, რომელსაც ამ უკანასკნელებთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა,  დაინტერესდა, ეს ოფიციალური ოპერაცია თუ იყო. - არც მთლად, - მიიღო პასუხი. - მაშინ  არ გაგივა, მიუგო კაპიტანმა პოლკოვნიკს, შენ  თუ კანონით კი არა, „გაგებით“ გინდა შენი გაიტანო, არ გაგივა.[xviii] თხრობა აჩვენებს, როგორ არყევდა ბიზნესთან  და კრიმინალთან (რაც იმჟამინდელ ლენინგრადში ძნელად იმიჯნებოდა) ურთიერთობა სახელმწიფოს  სამართალდამცავ სისტემას, მის იერარქიას, როგორ ხდებოდა ძალოვანი ინსტიტუტების პრივატიზაცია.

თანამედროვე რუსეთის ძალოვან ინსტიტუტთა  დე-ფაქტო პრივატიზაციის თემა აკადემიურ ტექსტებშიც გვხვდება. მიხაილ მასლოვსკი ციტირებს ლევ გუდკოვს,  გვამცნობს რა, რომ პუტინიზმი ძალადობის ინსტიტუციური რესურსების დეცენტრალიზებული  გამოყენების სისტემაა. ძალადობის სტრუქტურები მითვისებულია ძალაუფლების მქონეთა მიერ  პირადი თუ ჯგუფური ინტერესისათვის.[xix] ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ, ეს ვითარება  მიუთითებს არა მარტო რეჟიმის ავტორიტარულ და კრიმინალურ ბუნებაზე, არამედ თავად მმართველი  ელიტის სოციალურ-ინსტიტუციონალურ ჩარჩოსა თუ სტრუქტურაზე. თუ რეჟიმი ავტორიტარული  და კრიმინალურია, ბუნებრივია, რომ მის მმართველ კლასში განსაკუთრებულ ადგილს კანონის  დამრღვევი და მოძალადე, შეიარაღებული ადამიანები თუ ჯგუფები იკავებენ. ვფიქრობ, ნაირფერ წყაროებში გამოკვეთილი სურათი  ასეთი დასკვნის საშუალებას იძლევა.

უშუალოდ სსრკ-ს გაუქმების შემდეგ, ეროვნული  მასშტაბის ძლიერ ორგანიზაციებში, რომელთა ლიდერობაც პოლიტიკური ელიტის წევრობის ტოლფასია,  სამოქალაქო, დემოკრატი პიროვნებებიც აღმოჩნდნენ. უპირველესი, ამ მხრივ, ალბათ თავად  პრეზიდენტი ელცინი იყო, თუმცა იგი საბჭოთა ნომენკლატურის ცოცხალ მემკვიდრეობასაც განასახიერებდა.  იყვნენ ადამიანის უფლებათა გულწრფელი დამცველები დუმაში, არნახულად გაძლიერდა რიგი  ლიბერალი საზოგადო მოღვაწეების, ჟურნალისტების გავლენა. პოლიტიკურ პროცესს დაღს ასვამდა  იდეოლოგიური დაპირისპირებები ლიბერალ, კომუნისტ და ნაციონალისტ იდეოლოგთა შორის. მათი  ტოტალური „ელიტარულობა“ სათუოა, მაგრამ ბევრი მათგანი სარგებლობდა ან პარლამენტარის  სტატუსით, ან მსხვილი მედია საშუალებების მხარდაჭერით, იყო ცნობადი და გავლენას ახდენდა  საზოგადოებრივ აზრზე.

ავტონომიური დინამიკა იყო რიგ რეგიონებში,  რაც აისახებოდა ელცინის ცნობილ სენტენციაში: Берите столько суверенитета, сколько  сможете проглотить. ეს იყო დრო, როდესაც რუსეთის ფედერაციის ავტონომიური რესპუბლიკები  და ოლქები „სუვერენიტეტთა აღლუმს“ ახორციელებდნენ.[xx] ამ დინამიკაში იკვეთებოდნენ ძველი კლანები,  ახალი დემოკრატიული სახეები თუ პოპულისტი/ეთნონაციონალისტი გენერლები (მაგალითად,  ჩეჩენი ჯოხარ დუდაევი, ინგუში რუსლან აუშევი). ისინი, ადგილობრივ ბიზნეს-კრიმინალურ  დაჯგუფებებთან ერთად,[xxi] ქმნიდნენ რეგიონალურ ელიტებს, რომლებიც,  ჰიგლის, გელმანის, პიკულსკის ტერმინოლოგიას თუ დავესესხებით, დაშლილი ან, მინიმუმ,  ფრაგმენტირებული იყო.

როგორც ითქვა, გელმანი ელცინის დროინდელ  რუსულ პოლიტიკურ კლასს „ფრაგმენტირებულს“ უწოდებდა. ჰიგლის და პიკულსკის აზრით, ეს  ტერმინი არაკონსოლიდირებული დემოკრატიის თუ ხანმოკლე ავტორიტარიზმის რეჟიმს შეეფერება.  თუმცა, თავისი თეორიის საწყისი ვერსიის საფუძველზე ჰიგლი და მისი კოლეგები ელცინის  ეპოქაში ალბათ უფრო დაყოფილი/disunified ელიტის ნიშანთა სიჭარბეზეც ისაუბრებდნენ.  ასეთი ტიპი გულისხმობს ელიტურ ფრაქციათა უთანხმოებას თამაშის წესებზე, ინსტიტუტების  ლეგიტიმურობაზე. დაყოფილი ელიტის პირობებში პოლიტიკა ომად აღიქმება. სწორედ ასეთი  იყო ვითარება 1993 წლის შემოდგომაზე, როდესაც „თეთრ სახლს“, პრეზიდენტ ელცინთან დაპირისპირებული  პარლამენტის რეზიდენციას, ცეცხლი ტანკებიდან გაუხსნეს. შემდგომ სიტუაცია თითქოს დაწყნარდა,  მაგრამ 1996 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ელცინის მხარდამჭერი მედიის მიერ მის კომუნისტ  ოპონენტზე განხორციელებულ თავდასხმებს ასევე ჰქონდა ომის, ოღონდ საინფორმაციო ომის  ხასიათი.

ელიტის ამგვარ გაყოფაში, რომელიც განსაკუთრებით  მწვავე დედაქალაქში იყო, იდეოლოგიური ფაქტორი თამაშობდა მნიშვნელოვან როლს. კომუნიზმის  ნარჩენები უპირისპირდებოდნენ საბაზრო ლიბერალიზმს. რა იქნებოდა კომუნისტთა გამარჯვების  შემთხვევაში, ამაზე მხოლოდ სპეკულირება შეიძლება. მაგრამ საბაზრო ლიბერალიზმი რომ  კრიმინალთან და ავტორიტარიზმთან აღმოჩნდა ამალგამირებული, ეს პრაქტიკით გამოჩნდა.  ლენინგრადი/პეტერბურგის ქეისი ნათქვამის ილუსტრაციისათვის საკმაო მაგალითებს იძლევა,  თუმცა ეროვნული მასშტაბის გადაწყვეტილებები თუ ძალთა გადაჯგუფებები მოსკოვში ხდებოდა.

ელიტის მმართველ ზედაფენაში, ანუ ელცინის  ირგვლივ დარაზმულ ნაწილში, რომელიც სულ უფრო იძენდა მოსკასეული „clique“-ს ნიშნებს,  საკმაო ეკლექტიკა სუფევდა. ეს ვითარება ხელს უწყობდა სიტყვის თავისუფლებას და არ ეღობებოდა  წინ საბაზრო რეფორმებს. მაგრამ, პარალელურად, იყო ომი ჩეჩნეთში, ბანდიტიზმი მთელს  ქვეყანაში და კორუფცია ეკონომიკაში. კომუნისტური საფრთხის მოცილების შემდეგ ერთმანეთს  ებრძოდნენ მედია მაგნატები თუ ოლიგარქები (მაგალითად, ბერეზოვსკი და გუსინსკი). მათ  ბიზნეს-იმპერიებში, როგორც კერძო უსაფრთხოების ორგანიზატორები, ირეოდნენ კგბ-ს ძველი  ოფიცრები, თუმცა მათი ნაკლებობა არც მთავრობის თუ პარლამენტის დერეფნებში არ იყო.  ცალკეა აღსანიშნავი საბჭოთა მრეწველობის ყოფილ კაპიტანთა კორპუსი (მაგალითად, ვიქტორ  ჩერნომირდინი, ოლეგ სოსკოვეცი) და დემოკრატი რეფორმატორები, რომელთაგანაც  „clique”-ს ყველაზე დიდხანს ალბათ ანატოლი ჩუბაისი შერჩა.

ჩუბაისის მეცნიერ-რეფორმატორად ჩამოყალიბება  ლენინგრადში ხდებოდა, მოსკოვში, მთავრობაში გადასვლამდე მას ქალაქის მმართველობასა  და პირველ დემოკრატ მერ ანატოლი სობჩაკთან ჰქონდა შეხება. დაახლოებით იმავე დროს,  1991 წელს გამოჩნდა სობჩაკის გვერდით ვლადიმერ პუტინიც, ხოლო „ღამის პეტერბურგს“ ნელ-ნელა  ის ხალხი ეუფლებოდა, ვისთანაც პუტინს ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა შეხება - სპორტსმენთა  საძმო.

სპორტსმენთა მაფიას,[xxii] ოფიციალურად, მილიცია 90-იანებშიც დევნიდა.  არაოფიციალურად კი მათი დაჯგუფებები ნელნელა მთელი ქალაქის ბიზნეს-სამყაროს ხარკავდნენ.  ვლადიმირ ბარსუკოვ-კუმარინზე დღეს ლეგენდები დადის. ერთი რამ ცხადია: ამ ყოფილ ბარმენს,  რომელმაც ე.წ. ტამბოველთა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა, სადაც ბირთვს  სპორტის ოსტატები შეადგენდნენ, მეტსახელად პეტერბურგის ღამის გუბერნატორი ეწოდა. სხვა  მრავალთან ერთად, 90-იანი წლების ბოლოს იგი პეტერბურგის საწვავით მომარაგებას აკონტროლებდა.  ჯერ კიდევ 2006 წელს буквально с барабанным боем депутаты и звезды всех мастей праздновали 50-летие Кумарина.[xxiii] კუმარინის დაქვემდებარებაში იყო ე.წ. „მიშა ხახოლი“, ნასამართლევი ბოქსიორი და ტრენერი,  შემდგომში რეკეტიორი, დაჭერამდე კი პარლამენტის დეპუტატი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.

კუმარინმა  მაფიურ გარჩევებში ხელი დაკარგა, ბოლოს კი მძიმე ბრალდებებით ამოყო ციხეში თავი. დაიღუპა  მრავალი სპორტსმენი, რომელთაც 90-იანებში თავი პრეტორიანელებად მიაჩნდათ და მარტო  ერთმანეთს თუ უფრთხოდნენ. მაგრამ, როგორც ვიშენკოვი ამბობს, იმპერიაში მარტო იმპერატორმა  უნდა მართოს.[xxiv] პუტინმა მოახერხა ის, რომ როგორც სპორტსმენებიდან, ისე ელიტის სხვა სოციალური კლასტერებიდან  ზედმეტად ურჩები ჩამოეცილებინა. ასე მაგალითად, კუმარინის განეიტრალებას ბევრად ადრე  ბერეზოვსკის, შემდეგ კი ხადარკოვსკის ნეიტრალიზაცია უძღოდა წინ. ამ ორის ბიზნეს და  პოლიტიკურ ამბიციებთან შედარებით, კუმარინის ამბიციები მაინც უფრო მოკრძალებულ-რეგიონალური  იყო.

სპორტსმენთა  „საზოგადოებები“ მარტო პეტერბურგს არ პატრონობდნენ. მათი დაჯგუფებების კვალი ყველგანაა.  მათ ბაზაზე ცდილობდა მოსკოვში პოლიტიკური კარიერის გაკეთებას ოთარი კვანტრიშვილი.  გარკვეულ დრომდე მათ სპეცსამსახურები არ და ვერ ავიწროებდნენ, დემოკრატ რეფორმატორებს  მათი ან ეშინოდათ, ან მათთან ბრძოლას ეწირებოდნენ (ერთ-ერთი დემოკრატი ლიდერის, გალინა  სტაროვოიტოვას მკვლელობა სწორედ კუმარინს დაბრალდა. მართალია ბრალდება თუ არა, ცხადია,  რომ რუსული მმართველი კლასის ეს ორი სეგმენტი ჰარმონიულად ვერ ითანაარსებებდა). სპორტსმენებს არ წყალობდნენ ძველი ყაიდის  პროფესიონალი კრიმინალები, ე.წ. კანონიერი ქურდებიც. ეს ყოველივე დამატებითი ნიშნებია  რუსული ელიტის არა მარტო საგრძნობი კრიმინალიზაციის, არამედ მისი ფრაგმენტულობისა  თუ დაყოფილობის 90-იან წლებში. მაგრამ, როგორც გელმანი წერს, პუტინმა პოლიტიკური კლასი  მონოლითად აქცია. ერთი შეხედვით „მონოლითი“ ახალი მმართველ პარტიასთან, „ეძინნაია  როსსიასთან“ ასოცირდა.

სინამდვილეში,  2000-იანი წლები არ იძლევა ელიტის რაიმე ფუნდამენტურ ტრანსფორმაციაზე საუბრის საშუალებას.  ბანდიტები, მათთან დამეგობრებული ძალოვნები და ბიზნესმენები რაიმე ბიუროკრატიულ-პარტიულ  სტრუქტურას არ ჩაუნაცვლებია. ეს სტრუქტურა უფრო რეალური სურათის შირმა იყო და, იმავდროულად,  ელიტის სეგმენტთა კოორდინაცია/დისციპლინირების ინსტრუმენტი. 90-იანების რეკეტი თუ  რეიდერობა არ გაუქმებულა, როგორც საერთაშორისო რეზონანსის მქონე „მაგნიცკის საქმე“  აჩვენებს. უბრალოდ, პუტინის პერსონალური პრინციპატის დამყარებით, ძალოვნები ისევ წინა  პლანზე გამოვიდნენ, სპორტსმენთა ნაღების იმ ნაწილს კი, რომელიც გადარჩა, რესპექტაბელურ  ბიზნესმენებად ქცევამ მოუწია.

ასეთ  ადამიანებში, ვისაც სპორტული წარსულიც ჰქონდა და თან პეტერბურგიდან მოდიოდა, განსაკუთრებით  იღბლიანები პუტინის ახალგაზრდობის მეგობრები აღმოჩნდნენ.

დიდი  ანგარიშით, პუტინი იმდენადვე იყო კგბ-ს, რამდენადაც ლენინგრადულ/პეტერბურგული სპორტული  საძმოების კრეატურა.[xxv] განსხვავება ის იყო მხოლოდ, რომ სპორტული სექციიდან და ქუჩური ცხოვრებიდან მან გზა  იურიდიული ფაკულტეტისაკენ და სპეცსამსახურებისაკენ აირჩია. მაგრამ როდესაც საკუთარი,  საპრეზიდენტო clique-ს ფორმირება დაიწყო, მასში თუ მის სიახლოვეს ბევრი ლენინგრადელი  აღმოჩნდა - ნაწილი კვლავ სპორტული საძმოდან (მაგალითად, არკადი როტენბერი, რომელიც  განსაკუთრებით იყო მოხიბლული მათი აღმზრდელი, კრიმინალური წარსულის მქონე ტრენერით,  ლეონიდ უსვიაცოვით. გადმოცემით, 1994 წელს გარდაცვლილ ტრენერს როტენბერგმა საფლავი  გაუკეთა წარწერით, мафиа бессмертна. პუტინის პრეზიდენტობის პირობებში როტენბერგი  იძენს ბანკს, სახელმწიფო შეკვეთებს მშენებლობაში, წარმოდგენილია არაერთ სხვა ბიზნესშიც.  კუმარინის ყოფილი პარტნიორი, პეტროვი ახლა პუტინის ახლობლის, ასევე ლენინგრადელი ტრენერისა  და პარლამენტის დეპუტატის, შესტაკოვის ბიზნესპარტნიორია[xxvi]).

პუტინის  უახლოეს ლენინგრადელთა მეორე შემადგენლობა კოოპერატივი „ოზეროდანაა“, რომელიც, მისი  მერიაში მუშაობისას, კარელიის ყელის სანახებში შექმნეს. ამ სააგარაკო პროექტში პუტინთან  ერთად იყო იური კოვალჩუკი, მომავალში ბანკი „როსსია“-ს თანამფლობელი და „ეროვნული  მედიაჯგუფი“-ს მფლობელი. და ბოლოს, უნდა ვახსენოთ კგბ-ს წარსულის მქონენი, რომელნიც  პუტინს მერიაში ედგნენ გვერდით. დღეს ასეთთა შორის გამორჩეულია როსნეფტის მაგნატი  სეჩინი და როსგვარდიის სარდალი ზოლოტოვი. პუტინის მერიული პერიოდიდან მოდიან გაზპრომის  შეფი მილერი, და პრეზიდენტყოფილი მედვედევი.

პუტინის  მოღვაწეობა პეტერბურგის მერიაში, მისი შესაძლო კავშირები კუმარინის მსგავს კრიმინალ  ბიზნესმენთა საქმიანობასთან, სცდება ამ ესსეს თემატიკას. მსგავს კითხვებზე პასუხი  საგამოძიებო ჟურნალისტიკის მეთოდიკას ითხოვს და, თანაც, ასეთი გამოძიებები უკვე არაერთია.  დასკვნის სახით ის მინდა ვთქვა, რომ თუ უშუალოდ კრემლის კამარილიაში ელცინის დროს  ძალიან ეკლექტური შემადგენლობა იყო, რომლის უკან ასევე ნაირფერი სოციალური კლასტერები  იდგნენ, პუტინის „მონოლითის“ სათავეში, ძირითადად, მისი პერსონალური კლიენტელა აღმოჩნდა.  მასში არიან ძველი სპორტსმენები, სპეცსამსახურთა წარმომადგენლები და ე.წ. სისტემური  ლიბერალებიც, რომელთა წონა, რეპრესიების ზრდის ფონზე, კლებულობს ძალოვანთა სასარგებლოდ.  კიდევ ერთი განსხვავება ელცინის პერიოდისაგან იმაშია, რომ პუტინმა განსხვავებული პოლიტიკური  გემოვნების, იდეოლოგიურად დაპირისპირებული, მაგრამ ასევე პოლიტიკურ კლასში შემავალი  დემოკრატიული ფრთის თითქმის სრული მარგინალიზაცია მოახდინა. პუტინის რუსეთში ოპოზიცია  აღარაა ელიტაში. ელცინის დროს ასე არ იყო. თუმცა, ალექსეი ნავალნის ავტორიტეტის ზრდამ  და 21-ე საუკუნის ქსელური ტექნოლოგიების შესაძლებლობებმა შეიძლება ვითარება შეცვალოს.  არა მარტო ნავალნის, არამედ იუთიუბ არხის მქონე დუძსაც კი აქვს პოლიტიკურ კლასში პუტინის  უკითხავად აღმოჩენის შანსი, თუ კი მან ეს მოისურვა. თუმცა, როგორც ნავალნის, ისე ნებისმიერი  ოპონენტის მიმართ რისკები მატულობს, რადგან „პატრონულ“ სისტემაში უპატრონოებს ძნელად  ჰგუობენ.

და  ერთიც: პოლიტიკა და ბიზნესი დემოკრატიულ ქვეყნებში დაკავშირებული, მაგრამ მაინც სხვადასხვა  სფეროებია. შესაბამისად, პოლიტიკურ კლასსა თუ ელიტაში შეიძლება შედიოდეს რომელიმე  სამინისტროს, პარტიის ან ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ველოსიპედით ივლის,  და არ შედიოდეს იახტების მფლობელი მულტიმილიონერი. რუსეთში ასე არაა, აქ პოლიტიკაში  საძმოს ლოგიკაა. შესაბამისად, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებზე ცალცალკე საუბარი  აზრს მოკლებულია. მეტიც, ცალკე, ალბათ, კრიმინალურ ელიტაზე საუბარიც არ შეიძლება.

თუ რამ ერთი მეტაფორა  შეიძლება უხდებოდეს დღევანდელ რუსულ ელიტას, ესაა ტერმინი 2000-იანი წლების გახმაურებული  სერიალიდან ბანდიტური პეტერბურგი: Прибандиченные Бизнесмены.


[i]Zukerman, A. (1977) “The Concept “Political Elite”: Lessons from Mosca and Pareto.“ The Journal of Politics, 39 (2): p. 342 http://www.jstor.org/stable/2130054

[ii] გამან გოლუტვინა თვლის,  რომ თუ, მაგალითად, ქართულ ელიტაში კლანურ-ფეოდალური ტენდენციები სჭარბობს, ბელორუსულში  კი ბიუროკრატიული, რუსეთში შერეული მოდელია. (Gaman-Golutvina, O. (2007),  “Political Elites in the Commonwealth of Independent States: Recruitment and  Rotation Tendencies.” Comparative Sociology,6: pp. 136–157, Brill, www.brill.nl/coso).

[iii] Mosca, G. (1939) The Ruling Class. NY and London: McGraw-hul Book Company, Inc., pp. 403-404

[iv] Ibid p. 413

[v] Field, L. G., Higley, J. and Burton, G. M. (1990) “A New Elite Framework for Political Sociology.” Revue Europeenne Des Sciences Sociales, T 28, # 88: p. 152, http:// jstor.org/stable/40372960

[vi] Higley, J. and Pikulski, J. (1999) “Elite Power Games and Democratic Consolidation in Centran and Eastern Europe.” Reprint, Historical Social Research, 37, N1 (139): pp. 294-296 Published: Leibnniz Institute for the Social Research

[vii] Gel’man, V. (2008) “Out of Flying Pan, into Fire? Post-Soviet Regime Changes in Comparative Perspective.” International Political Review, 29(2): pp. 163-164

[viii] Higley, J. and Michael Burton, M. (2006) Elite Foundations of Liberal Democracy. New York: Rowman and Littlefield Publishers, p. 18

[ix] Гудков, Л . (2018) “Вторичный, или возвратный тоталитаризм.” Вестник общественного мнения 3–4 (127) июль-декабрь: 255-257

[x] Henry E. H. (2015) Patronal Politics, Eurasian Regime Dynamics in Comparative Perspective. New York: Cambridge University Press, p. 35

[xi] Ibid p. 59

[xii]ТВЦ, 2015 Советские мафии. Отец грузинской коррупции, https://www.youtube.com/watch?v=hdJd57IBRGg  (ნანახია 29 იანვარი 2021)

[xiii] Гудков, Л . (2018) “Вторичный, или возвратный тоталитаризм.” Вестник общественного мнения 3–4 (127) июль-декабрь: p. 254

[xiv] Szelenyi S., Szelenyi I., and Kovakh I., (1995) “The making of the Hungarian post-communist elite: Circulation in politics, reproduction in the economy.” Theory and Society 24: p. 706

[xv]Евгений Вышенков о детстве, учебе, бандитизме и августе 1991 в Ленинграде #memorandum часть 1, Oct 30, 2020 https://www.youtube.com/watch?v=SwiQ6834bew (ნანახია  29 იანვარი 2021)

[xvi] Driscoll, J. (2015) Warlords and Coalition Politics in Post-Soviet States. New York: Cambridge University Press

[xvii]Евгений Вышенков о детстве, учебе, бандитизме и августе 1991 в Ленинграде #memorandum часть 1, Oct 30, 2020 https://www.youtube.com/watch?v=SwiQ6834bew  (ნანახია 30 იანვარი 2021)

[xviii]Евгений Вышенков о РУБОП в 90-е, тюрьме, неонацистах и современном Петербурге #memorandum часть 2, 20.11.2020 https://www.youtube.com/watch?v=jIFCZtg2BXk (ნანახია 30 იანვარი 2021)

[xix] Maslovskii, M. (2015) “The Soviet Model of Modernity and Russia’s Post-communist Political Transformation.” Historicka Sociologie2: 52 <https://historicalsociology.cuni.cz/HS-21-version1-4maslovskii.pdf>

[xx] ეს მან ჯერ ყაზანში თქვა 1990 წლის აგვისტოში, შემდეგ კი უფაში დაადასტურა. ამ დროს,  საკავშირო სისტემის რეფორმირების მცდელობების კვალობაზე, რასაც კვალს გორბაჩოვ-ელცინის  ცნობილი დაპირისპირებაც აჩნევდა, ავტონომიური რესპუბლიკები და ოლქები სუვერენიტეტის  დეკლარაციებს იღებდნენ Ельцин Центр,  15.08.2015 https://yeltsin.ru/news/boris-elcin-berite-stolko-suverineteta-skolko-smozhete-proglotit/ (ნანახია 30 იანვარი 2021)

[xxi] მაგალითად, საინტერესოა  ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრის, ოლეგ თეზიევის ბიოგრაფია: იგი ერთდროულად იყო საქართველოს  სამხრეთ ოსური სეპარატისტული ანკლავის პრემიერ-მინისტრი, რუსი სამხედროების პარტნიორი  იარაღით უკანონო ვაჭრობაში, რუსული საბიუჯეტო თანხებით ოსური ბიზნესის ამწყობი მოსკოვში.  თეზიევი ხან უპირისპირდებოდა და ხან უახლოვდებოდა ოსური წარმოშობის ცალსახად კრიმინალურ  დაჯგუფებებს. იხ. Алексей Басаев, Станет ли "дело Тезиева" процессом о коррупции, Криминальная Россия, 6.11.2007, Источник:Газета «Россия», № 19  (181), 18-24 мая 1994 г. Алексей Басаев. от 24.05. 1994 https://kriminal.ucoz.ru/publ/28-1-0-370 (ნანახია 9 თებერვალი 2021)

[xxii] რა თქმა უნდა, ამ დაჯგუფებებში,  რომელთა ბირთვსაც გარკვეული ხარისხისა თუ მედლების მქონე მოჭიდავეები და ბოქსიორები  შეადგენდნენ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც რაიმე განსაკუთრებული სპორტული სკოლა არ გაევლო.  ზოგი მათგანი საკმაო სიმაღლეებსაც აღწევდა (მაგალითად, ყოფილი საზღვაო ოფიცერი, შემდეგ  კი ბარმენი და ანტიკვარი ილია ტრაბერი). მაგრამ როგორც სოციალური ფენომენი, ვფიქრობ,  შეიძლება პოსტსაბჭოთა მაფიის საგრძნობი ნაწილი ასე დასახელდეს, რადგან სპორტსკოლები  მაფიური დაჯგუფებების ქსელების აგების ერთ-ერთი საფუძველი იყო.

[xxiii]Евгений Вышенков, 4.08.2019, Где Сечин и Кумарин должны были подписаться под ПТК. Не довелось, Фонтанка.ру, https://www.fontanka.ru/2019/08/04/038/ (ნანახია 7 თებერვალი 2021)

[xxiv] Ibid

[xxv] როგორც ტელეკომპანია  დოჟდის მთავარი რედაქტორი, პუტინზე რამდენიმე ფილმის გადამღები რომან ბადანინი ფიქრობს,  ლენინგრადის ქუჩების ახალგაზრდობა და კგბ-ს ოფიცრობა არც ისე შორს იყო ერთმანეთისაგან,  15.12.2017 https://www.youtube.com/watch?v=qEp9dwwXBvw (ნანახია 7 თებერვალი 2021)

[xxvi] Сериал «Питерские», второй эпизод,14 декабря 2017, Роман Баданин, Мария Жолобова, Дарья Жук, Николай Ковальков, https://tvrain.ru/teleshow/piterskie/piterskie_vtoraja_serija-452763/?fbclid=IwAR1ZaRfIKcFGUZVr5M6KM7_ZRp2YTROPhtIlTCQ6tBxbf859kYzcyN8wd-A (ნანახია 7 თებერვალი 2021)