ვინ იქნება პუტინის მემკვიდრე?

ნინო თარაშვილი | ბლოგი | 16 აპრილი, 2021

"მე, ჯერ, არ მიმიღია გადაწყვეტილება, ვიყრი თუ არა კენჭს 2024 წლის არჩევნებზე"- 2020 წლის 17დეკემბრის პრესკონფერენციაზე  პუტინის პასუხმა კითხვაზე, აპირებდა თუ არა ხელისუფლების სათავეში დარჩენას დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა რუსეთში და მის საზღვრებს გარეთ.


2020 წლის ზაფხულში რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიეცა საშუალება, საპრეზიდენტო ვადა 2036 წლამდე გაიხანგრძლივოს. პუტინი ქვეყანას სათავეში 2000 წელს ჩაუდგა და 2036 წლისთვის მის მმართველობას 36 წელი შეუსრულდება. ამ ფაქტმა ორი სავარაუდო საკითხი წამოჭრა: პირველი ის, რომ გახანგრძლივებული საპრეზიდენტო ვადიდან გამომდინარე პუტინი არ აპირებს ძალაუფლების დათმობას, მეორეს მხრივ კი ის ეძებს ისეთ მემკვიდრეს, რომელიც გააგრძელებს პუტინიზმის პოლიტიკას და გაიმეორებს მედვედევ- პუტინის ტანდემს.


ვარაუდი იმაზე, რომ პუტინი, შესაძლოა, ეძებდეს მემკვიდრეს, დაკვშირებულია იმ კონსპირაციულ თეორიასთან, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი მძიმე დაავადებას ებრძვის. ეს ჭორი მედიამ 2020 წლის ნოემბერში აიტაცა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა მთავრობის სხდომაზე ხველება დაიწყო.


ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პუტინს არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.


68 წლის ლიდერი ცნობილია იმით, რომ ის ღიად აფიქსირებს შესაძლო ვარიანტებს, ხოლო გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში ხდის ცნობილს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ  მას უკვე დაწყებული აქვს  ძლიერი და მისადმი ლოიალური ადამიანის მოძიება,  ვინც შემდგომში გააკონტროლებს მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას და არ უღალატებს ვლადიმერ პუტინის მიერ 20 წლის განმავლობაში ნაშენებ პუტინიზმის პოლიტიკას. ეს კი ზუსტად იმას ნიშნავს, რაც  დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა: "პუტინის შემდეგ, პუტინი იქნება".


გამომდინარე  იქიდან, რომ იგი აქტიურად ეწევა სისტემის მილიტარიზაციას და მაღალ თანამდებობებზე ნიშნავს ძალოვანი სრტუქტურის წარმომადგენლებს, შესაძლოა, რომ პუტინისთვის ლოიალური ადამიანი, რომელიც ფორმალურად მის ადგილს დაიკავებს, ამ რიგებიდან იყოს.


ვინ არიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და რას ნიშნავს სისტემის მილიტარიზაცია? პუტინის ხელისუფლების სათავეში მოსვლას მოჰყვა სამოქალაქოებით დაკომპლექტებული მთავრობის  "სილოვიკებით" (ძალოვნებით) ჩანაცვლება. ამით გაიზარდა სადაზვერვო და უსაფრთხოების ორგანოებში მომუშავე ადამიანების როლი. ეს განპირობებულია იმით, რომ პუტინი, თავადაც, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი იყო და მისთვის ეს წრე ყველაზე ლოიალურად აღიქმებოდა. შესაბამისად, მაღალ თანამდებობებზე დანიშნა მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები.  ნდობის პოლიტიკა კი პუტინისთვის უმთავრესია და ეს, ნაწილობრივ,  გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, თუ ვინ  იქნება მისი რჩეული.


პუტინის მომავალი მემკვიდრე სწორედ ამ წრეში შეიძლება მოიძებნოს, რასაც, ასევე, ამყარებს სოციოლოგი ოლგა კრიშტანოვსკაიას მოსაზრება, რომ  ხალხის შერჩევა უკვე დაწყებულია და  ეს ხალხი ახლა მთავარ პოზიციებზე იმყოფება.

ვლადიმერ პუტინის მემკვიდრის თემა პოლიტიკურ სპექტრშიც აქტუალურია. რუსეთის ლიბარალურ -დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირონოვსკიმ გამოაქვეყნა სავარაუდო კანდიდატების სია, რასაც კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არაფერია გარდა ვარაუდისა.

ჟირინოვსკიმ სავარაუდო მემკვიდრეებში დაასახელა ყოფილი პრემიერი დიმიტრი მედვედევი, ახლად დანიშნული პრემიერი მიხაილ მიშუსტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და  ტულის რაიონის გუბერნატორი ალექსეი დიუმინი, მაგრამ მოგვიანებით დაამატა, რომ  ეს ვერსიები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი არ აპირებს პოსტის შენარჩუნებას.


სავარაუდო კანდიდატების დასახელებას ასევე გამოეხმაურა რუსული რადიოს, "ეხო მასკვი"-ს მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი, რომელმაც საუკეთესო პრეტენდენტებად ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და საგარეო დაზვერვის დირექტორი - სერგეი ნარიშკინი დაასახელა.


დანარჩენები კი ირწმუნებიან, რომ პუტინის შემდეგ კიდევ ერთი პუტინი იქნება. პრეზიდენტის ძმისშვილი, რომან პუტინი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დიდი პოლიტიკური ამბიციებით პარტია "რუსეთი კორუფციის გარეშე" დააფუძნა.


და მაინც, ვინ შეიძლება განვიხილოთ პუტინის პოლიტიკის გამგრძელებლად, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ იყრის კენჭს?


მაგალითად ავიღოთ ყოფილი  პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. როგორც კი პრეზიდენტმა იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მაშინვე გავრცელდა ჭორები: "წავიდა, რათა მოემზადოს პუტინის შესაცვლელად". ჩანაცვლების ასეთი ვერსია ჩვენ უკვე ვიხილეთ 2008-2012 წლებში. ამიტომ, არ არის გამორიცხული, მედვედევს კიდევ ერთხელ სურდეს ქვეყნის სათავეში მოსვლა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რუსული საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი არ იქნება, რადგან "მარადიულად მძინარე" პრეზიდენტი, რომლის 8 წლიანი მმართველობის რეიტინგი 64%-დან 37%-მდე დაეცა, უკვე ნაკლებად მიმზიდველია.


მიხაილ მიშუსტინი

პრემირ-მინისტრის პოსტზე მიხაილ მიშუსტინის დანიშვნამ დიდი გაკვირვება გამოიწვია რუსულ საზოგადოებაში, მანამდე საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი, საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი ფიგურა იყო.

საერთაშორისო გამოცემა "Bloomberg"-ის მიხედვით, საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი პუტინთან დაახლოებული პირი მაღალჩინოსნების და ბიზნესმენების ღამის ჰოკეის ლიგის თამაშის შემდეგ გახდა და ახლა თავისი კარიერის პიკში იმყოფება. ანალიტიკოს ალექსანდრ ბაუნოვის სიტყვებს თუ დავჯერდებით, მიშუსტინი არის "ინტელექტუალი ძალოვანი, სამოქალაქო ტანისამოსში", რომელიც პუტინს ძალიან ჰგავს.


ბევრის მიერ ტექნოკრატად წოდებული მიშუსტინი შეეფერება პრემიერ-მინისტრის მოვალეობას, იმ მხრივ, რომ მას აქვს შესაძლებლობა შეასრულოს ყველა ის ეროვნული პროექტი, რომელიც მედვედევის პრემიერობის პერიოდში ვერ განხორციელდა. სავარაუდოდ, მისი დანიშვნით პუტინი იმედოვნებს, რომ ახალი პრემიერი შეძლებს მისი ბოლო საპრეზიდენტო კამპანიის დაპირებების შესრულებას, რაშიც მოიაზრებოდა:  სიღარიბის დონის შემცირება, ეკონომიკური ექსპანსია და ცხოვრების დონის გაუმჯობესება.


ამრიგად, მიშუსტინის მთავარ ამოცანას წარმოადგენს პუტინის ბოლოდროინდელი დაპირებების შესრულება - მიაღწიოს ეკონომიკურ პროგრესს. წარმატება ამ საქმეში კი ავტომატურად გულისხმობს პრეზიდენტობის შანსების გაზრდას.


სერგეი შოიგუ
რადგან ჩვენ ვეძებთ მემკვიდრეს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებშიც, არ უნდა გამოგვრჩეს სერგეი შოიგუ, ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც, დაახლოებით, ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც პუტინი. არც ისე დიდი ხნის წინ  საინფორმაციო წყარო "Wciom"-მა ის რუსი მოსახლეობის გამორჩეულ სამხედრო ლიდერად დააასახელა გენერალ ჟუკოვის შემდეგ. სერგეი შოიგუმ ქვეყნის მოსახლეობის სიმპათიები ჯერ კიდევ საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრობის პერიოდში მოიპოვა და შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის რანგში,  ასეთივე წარმატებით გაუძღვა რუსეთის სამხედრო ძალების მოდერნიზაციის პროცესს.

პუტინის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობას სერგეი შოიგუსთან ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ისინი საზაფხულო არდადეგებს ერთად ატარებენ ტუვაში და წელს ზევით შიშვლები სათევზაოდაც ბევრჯერ არიან შემჩნეულები.


რადგან სერგეი შოიგუ არის ერთ-ერთი გამოცდილი პოლიტიკური ფიგურა, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და პუტინისადმი ნდობით აღჭურვილი პირი, არ არის გამორიცხული, რომ იგი იყოს პუტინის რჩეული კანდიდატი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან წარმატებით ჩაატარა ყირიმის ოპერაცია.


"რუხი კარდინალი"

ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები ასევე შეეხო გამოჩენილი საბჭოთა ეკონომისტის ვაჟს, ანდრეი ბელოუსოვს, რომელიც 2013 წელს დაინიშნა პუტინის ეკონომიკურ თანაშემწედ და 2015 წელს როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 2020 წელს კი ახლად არჩეული პრემიერ მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.  ბელოუსოვს ბევრი ექსპერტი განიხილავს  კანდიდატად , რომელიც დანამდვილებით შეცვლის პუტინს. იგი მაშინვე შერაცხეს ახალი მმართველობის "რუხ კარდინალად", რომელიც იზიარებს პუტინის "კაგებეშნიკურ" მსოფლმხედველობას  და იმ აზრს, რომ რუსეთი გარშემორტყმულია "მტრის რგოლით".


ყოფილი მცველები

2016 წელს პუტინმა დაიწყო თავისი ყოფილი მცველების დანიშვნა რეგიონალურ გუბერნატორებად, რამაც წარმოშვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ მათ პოტენციურ მემკვიდრეებად ამზადებდა.


ტულის რაიონის გუბერნატორი ალექსეი დიუმინი, რომელიც ჟირინოვსკის მიერ დასახელებულ იქნა სავარაუდო მემკვიდრედ, წარმატებული მცველების რიგში შედიოდა იქამდე, სანამ არ დაინიშნა რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს უფროსის მოადგილედ, სადაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყირიმის ანექსიისას.


კიდევ ერთი  კანდიდატია დიმიტრი მირონოვი, რომელმაც კგბ-ში მსახურობის შემდეგ მაღალი თანამდებობები დაიკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი იაროსლავის გუბერნატორი გახდა.


“მცველების” მაღალ თანმდებობებზე დანიშვნით, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ პუტინი მათაც განიხილავს პრეზიდენტობის პოტენციურ პრეტენდენტებად.


დასკვნა

სანამ ექსპერტები პროგნოზებს  მემკვიდრეების შესახებ აკეთებენ, კრემლში არავინ ჩქარობს კარტების ბოლომდე გაშლას, რადგან რჩეულის ნაადრევად გამოვლინებამ, შესაძლოა, ელიტების დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს, ან ეს დროში გაწერილი გეგმაა, რომლის მიხედვითაც   მოდუნების საშუალება არავის ეძლევა.


რუსეთი, რომელიც პუტინმა შექმნა, იყო, არის და იქნება მისი იდეოლოგიური ხაზის გამტარებელი. მისი მილიტოკრატიული პოლიტიკა მიმართულია  მისადმი ნდობით აღჭურვილ პირთა წრის შექმნისკენ, რომელიც  გაიზიარებს მისი ფიგურის მნიშვნელობას და მსოფლმეხდველობას.


იქიდან გამომდინარე, რომ რუსულ საზოგადოებაში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა პუტინის ხელახალი გაპრეზიდენტების შესახებ, სრულიად ლეგიტიმურია, დავიწყოთ პუტინის რჩეულის ძიება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პუტინისადმი ნდობის პროცენტული მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის ორჯერ შემცირდა და 29%-მდე დაეცა. ამრიგად, შესაძლოა, პუტინის კანდიდატურამ დიდი პოპულარობით ვეღარ ისარგებლოს და ამას მოჰყვეს ანტი-კრემლისტების როლის გაზრდა. მაგრამ, ვლადიმერ პუტინს, საკუთარი კაბინეტი აწყობილი აქვს ლოიალურობასა და ნდობის პოლიტიკაზე, შესაბამისად, მოსალოდნელია , რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვლადიმერ პუტინმა თავის მემკვიდრედ წარადგინოს ზემოთ ხსენებული კანდიდატებიდან ერთ-ერთი.