top of page

რუსულენოვანი იდენტობა თუ რუსეთის რბილი ძალის გავლენა დიასპორაზე?

მარიამ გამდლიშვილი | ბლოგი | 22 ივნისი, 2021

ჩემი პირადი ისტორია იწყება ყაზახეთის რესპუბლიკაში, რუსი დედის და ქართველი მამის ოჯახში. როგორც ეს საზღვარგარეთ მცხოვებ ქართველებში ხდება, დიასპორა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ყაზახეთში, რუსეთის გავლენა იმაზე მეტია, ვიდრე საქართველოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სწორედ ეთნიკური რუსები წარმოადგენდნენ მოსახლეობის დიდ ნაწილს და რუსული იყო ოფიციალური ენა ყაზახურ და ინგლისურ ენებთან ერთად. ყაზახეთი ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალი ეთნიკური უმცირესობით, თუმცა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში, ცალკე ერთიან ჯგუფს - „Мы Кавказцы – Кавказ един” („ჩვენ ვართ კავკასიელები - კავკასია ერთიანია“) იდეოლოგიით ვქმნიდით.  თავის მხრივ ეს სახალისო იყო, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, რეალურ პოლიტიკურ გარემოებებს არ ვიაზრებდით. თითქოს ჩვენი წარმოშობით ვამაყობდით, მაგრამ ისტორიას, რომელსაც გვასწავლიდნენ, იყო განსხვავებული - კავკასიაში ომია, საქართველო ჩამორჩენილი, ჩამოუყალიბებელი - მიტინგებით და გამოსვლებით გამორჩეული ქვეყანაა,  არასტაბილური მომავლით და პრეზიდენტით. დღევანდელი გადმოსახედიდან ვიაზრებ, რამდენად არასწორი წარმოდგენა მქონდა და კვლავ აქვთ რუსეთში და სხვა  პოსტ-საბჭოთა რუსულენოვან ქვეყანაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის შესახებ.


მიმაჩნია, რომ სწორედ რუსული ნარატივი და რბილი ძალა ახდენდნენ გავლენას საქართველოზე არსებულ ჩვენს შეხედულებებზე. მახსოვს, რუსული საესტრადო კულტურით და სოსო პავლიაშვილის კონცერტებით დიასპორულ საღამოებზე როგორ ვიჟღენთებოდით. კი, ნანი ბრეგვაძე და ვახტანგ კიკაბიძეც ჩამოდიოდნენ ხოლმე, თუმცა საქართველოში გადმოსვლამდე მე, სამწუხაროდ, სათანადოდ გაცნობიერებული არ მქონდა ჩემი ქვეყნის პოზიცია და არსებული პოლიტიკური თუ ეკომიკური რეალობა. ჩვენი, საქართველოს, როგორც „არშემდგარი სახელმწიფოს“ (failed state) წარმოჩენა ყოველთვის წარმოადგენდა რუსეთის ხელისუფლების მიზანს.


რა არის რბილი ძალა?


ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერისა და „რბილი ძალის“ ტერმინის შემქმნელის -  ჯოზეფ ნაის განმარტებით, „რბილი ძალა“ მოიცავს სახელმწიფოს ეროვნულ რესურსს და უნარებს, რომელიც მას საშუალებას აძლევს „ხისტი ძალის“ გამოყენების გარეშე, დადებითი განწყობების შექმნით, გავლენა მოახდინოს საერთაშორისო სისტემის სხვა აქტორებზე.


ქართული დიასპორა რუსეთში


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების ზუსტი რაოდენობა უცნობია, 2017 წლის პიუს კვლევითი ცენტრის მონაცემებით, რუსეთში 450000-მდე ქართველი მიგრანტი ცხოვრობს, რაც მსოფლიოში  ქართველების ყველაზე დიდ დიასპორას წარმოადგენს. ქართული დიასპორა და მათი ეკონომიკური და სხვა კავშირები საქართველოში არსებულ ოჯახებთან კრემლის პროვოკაციებისთვის დეზინფორმაციისა და სხვა სახის გავლენის განხორციელების თვალსაზრისით ხელსაყრელ საშუალებებს იძლევა. კრემლის მხარდაჭერა საქართველოში რიგი პრორუსული და ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების და პარტიების მიმართ მაგონებს ქართული დიასპორის დღის წესრიგს რუსეთში.  რუსეთში ქართული დიასპორის ვებ-გვერდზე  ნაცნობ ნარატივს ვკითხულობთ „რთულია, სამყაროში ვიპოვოთ უფრო დაახლოებული ერები, ვიდრე არიან რუსები და ქართველები. მათ აკავშირებთ ისტორია, რელიგია, მრავალსაუკუნოვანი მეზობლობა და თანამშრომლობა სხვადასხვა დარგში”.  ამავე ვებ-გვერდზე არ იძებნება სიტყვა “ოკუპაცია”, ხოლო სიტყვა „ომი“-ს ძიება გვაძლევს სტატიების ჩამონათვალს და ინფორმაციას სტალინის ან მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ამასთან, რუსეთში ქართული დიასპორის ქვეშ არსებული ორგანიზაციები, არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც  რუსეთის კანონმდებლობას ეფუძნებიან და არიან „რუსული ორგანიზაციები“, შესაბამისად, დიასპორის, როგორც ოფიციალური ორგანიზაციის პოზიცია პრორუსულ ნარატივს ასახავს.


„რუსულენოვნების“ იდენტობა და „რუსულენოვანი“ მე საქართველოში


პოსტ-საბჭოთა სივრცის მკვლევრები „რუსულენოვნების“ იდენტობის კვლევას დიდ დროს უთმობენ. ლოუელ ბარინგტონი, მის კვლევაში ხსნის, რომ ეთნიკური იდენტობა იყო და რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ინდივიდების აზროვნების ძირითად მახასიათებლად, რაც, თავის მხრივ, პრობლემებს უქმნის როგორც ანტისახელმწიფოებრივ ნაციონალისტებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებმაც, შესაძლოა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მხარდაჭერა თავიანთი პროექტებისთვის მოითხოვონ. სწორედ ასეთ ჯგუფად შეგვიძლია განვიხილოთ ქართული დიასპორა რუსეთში. ბარინგტონის როგორც უკრაინიდან, ასევე ყაზახეთიდან მიღებული მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსულენოვანი ადამიანები მიჯაჭვულნი არიან  მათ ეთნიკურ იდენტობას, ისევე როგორც რუსულენოვნებაზე და დამოკიდებულნი არიან ორივეზე, ან უფრო მეტად რუსულენოვანის იდენტობაზე. რუსული რბილი ძალა ამიტომაც იყენებს სწორედ ენის ფაქტორს.


მეც, დღემდე, ჩემ თავს ვუწოდებ „რუსულენოვანს“ და საინტერესო დამოკიდებულებებიც მიგრძვნია საქართველოში. რუსიც ვყოფილვარ, აქცენტზე ბევრს მეუბნებოდნენ, თუმცა ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულებები ყოველთვის ცხადი იყო. მაგრამ, ამას მივაღწიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი გაცნობიერებით და საქართველოში ცხოვრებით.


არის თუ არა ყოველივე ეს რბილი ძალა? და როგორ მოქმედებს ეს დეზინფორმაციის საფრთხეზე?

რეკომენდაციები:


რუსეთი რბილ ძალას საქართველოსთან მიმართებით დიდი ხანია აქტიურად იყენებს. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ამას რუსული ენა, როგორც ცენტრალური ფაქტორი არ განაპირობებს. თუმცა სამწუხაროდ, ის აქტიურად ახდენს გავლენას არა მხოლოდ პრორუსულ განწყობებზე საქართველოში, არამედ არასწორ წარმოდგენას უქმნის საქართველოს შესახებ რუსეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს. ამის შედეგია ოფიციალური დიასპორის პოლიტიკა, დამოკიდებულებები და დაახლოება კრემლის ხელისუფლებასთან.


თუმცა არსებობს ამ შეხედულებების შეცვლის გზა. საქართველოს სახელმწიფომ უნდა აიღოს ინიციატივა საქართველოს ისტორიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ნარატივის გავრცელებაზე არამხოლოდ ქვეყნის შიგნით ან რიგ მეგობარ ქვეყნებში, არამედ  რუსეთში და სხვა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებში. ქართული რბილი ძალა კულტურული კავშირების გაღრმავებით არ მუშაობს, ვინაიდან, პოლიტიკურ და სოციალურ დღის წესრიგს საკუთარ ქვეყანაში რუსეთი ახდენს. ასევე, მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიის ელემენტების შექმნა - ხშირი გაცვლითი პროგრამები, ქართველ ახალგაზრდებთან დაახლოება და ისტორიის სწორი მხარის ჩვენება არამხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ რუსულ ენაზეც. ამასთან, ახალგარდების საზოგადობრივი აზრის კვლევები ინტერნეტის მეშვეობით და რუსულენოვანი ბლოგების/მედიის (როგორიცაა Sova News; OC Media; JAM News) ხელშეწყობა დადებითად იმოქმედებს ინფორმაციის და ნარატივის შემუშავება/გავრცელებაზე.


როცა კრემლი საქართველოს როგორც „არშემდგარ სახელმწიფოდ“ წარმოაჩენს, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებს და დიასპორის საკითხებში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია სტრატეგიის და პოლიტიკის შექმნა, რომელიც რუსეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას განსაზღვრავს.

bottom of page