რუსეთის „FSB-იზაცია“ („ძალოვანთა კლანი“)

ლიკა ბუჩუნტელი | ბლოგი | 20 აპრილი, 2021

„FSB-იზაცია” - ეს არის ტერმინი, რომელიც პუტინის პირველივე საპრეზიდენტო ვადისას დამკვიდრდა და, ჩემი აზრით, საუკეთესოდ აღწერს დღევანდელ რუსეთს, რადგან პუტინის სიძლიერის მოპოვებისა და დიქტატორული რეჟიმის შენარჩუნებისთვის, სწორედ, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB) და ე.წ „ძალოვანთა კლანს“ („სილოვიკებს“) აქვს გადამწყვეტი როლი.


რუსეთის ყველაზე ძლიერი და გასაიდუმლოებული უსაფრთხოების სააგენტო, რომლის სათავეშიც, არაფორმალურად, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, 1995 წელს დაარსდა და საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) მემკვიდრეს წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი ორგანიზაციული სტრუქტურისგან. FSB-ს დირექტორის პოზიციასაც პუტინის მეორე ვადის დაწყებიდან დღემდე ალექსანდრე ბორტნიკოვი, „სილოვიკთა კლანის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი და პუტინის უახლოესი მოკავშირე იკავებს.  მიუხედავად იმისა, რომ FSB ძირითადად საბჭოთა KGB-ს ვეტერანი ოფიცრების ეგიდით მოქმედებს, ძველი KGB-სგან განსხვავებით, რომელსაც პოლიტბიურო აკონტროლებდა და მნიშვნელოვან ინიციატივებს კომუნისტური პარტიის თანხმობის გარეშე არ იღებდა, FSB-ს ოფიციალური კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, გარდა პუტინისა და მისი უახლოესი მოკავშირეებისა.


საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ, ბორის ელცინიდან პუტინის პრეზიდენტობამდე, ძალაუფლების რამდენიმე პოსტკომუნისტური სტრუქტურა გამოცადა, რაც სხვადასხვა ელიტური ჯგუფის დომინანტობას გულისხმობს. მაგალითად, ელცინის პრეზიდენტობის დროს ჩამოყალიბდა არაფორმალური, ადგილობრივ გავლენიან ბიზნესმენთა ჯგუფი, იგივე „სემიბანკირშინა“, რომელმაც  კარგად ისარგებლა „სახელმწიფო ქონების“ პრივატიზაციის პროცესით და მალევე მოიპოვა კონტროლი მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკური ინსტიტუტებზე.


ხოლო, პუტინმა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტა გაჰყოლოდა ე.წ „ანდროპოვის სტრატეგიას“, მტკიცე ცენტრალური მმართველობის აღდგენის მიზნით, რაც დამახასიათებელი იყო საბჭოთა კავშირისთვის გვიანდელ პერიოდში. ამგვარად, პუტინის მიერ რუსეთის პოლიტიკური ლანდშაფტის ავტორიტარიზაციამ ხელი შეუწყო ახალი ელიტური კლანის- „სილოვიკთა კლანი“ ჩამოყალიბებას. მიუხედავად ამ ტერმინის მკაფიო და დეტალური განმარტების არარსებობისა, ამ ჯგუფს ხშირად უწოდებენ საბჭოთა KGB-სა და FSB-ში მუშაობის გამოცდილების მქონე იმ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს,  რომლებიც პუტინის პრეზიდენტობის პირობებში თანამდებობები დაიკავეს სახელმწიფო აპარატებსა და კორპორაციებში.


ბოლო ათი წლის განმავლობაში, „FSB-იზაციის“ პროცესი განსაკუთრებით გაძლიერდა. FSB-მ გავლენა მოიპოვა თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანოზე, მის კონტროლს ექვემდებარება რუსეთის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, გენერალური პროკურატურა და სხვა ძალოვანი სტრუქტურები, რაც, თავის მხრივ, გამოიწვია ფაქტმა რომ პუტინისთვის, როგორც KGB-ს ყოფილი ოფიცრისთვის FSB, როგორც საბჭოთა KGB-ს მემკვიდრე სააგენტო ერთადერთ სანდო სტრუქტურას წარმოადგენდა სახელმწიფო თანამდებობების დასაკავებლად. სწორედ ამიტომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახური პუტინისთვის მთავარ საკადრო რესურსად გადაიქცა.


აღნიშნული პროცესი იწყება პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადისას (2000-2003 წწ.) რომელიც „შიდა კონსოლიდაციის“ სახელით არის ცნობილი. ამ პერიოდში თანდათანობით მოხდა მედიის მონოპოლიზაცია, დემოკრატიული ძალებისა და ოპოზიციის მარგინალიზაცია, ხელმძღვანელი თანამდებობები კი სწორედ შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დაიკავეს. ამ გზით კრემლმა ხელი შეუწყო FSB-ს გაძლიერებასა და ძალოვნების - ე.წ „სილოვიკთა კლანის“ ინტეგრაციას პოლიტიკაში, რომელიც დღემდე დიდ როლს ასრულებს ჯერ კიდევ, ბორის ელცინის მიერ შექმნილი „პოლიტიკური ვერტიკალის“ სტაბილურობის შენარჩუნებაში, რაც თავის მხრივ, გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების სრულ დომინირებას ხელისუფლების დანარჩენ ორ შტოზე.


პუტინის პრეზიდენტობის სხვადასხვა დროს, რუსეთი სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნას აღწერილი: „მართული დემოკრატია“ (პუტინის მმართველობის დასაწყისში); მოგვიანებით, როგორც „ავტორიტარული სახელმწიფო“, ამჟამად კი -„კლეპტოკრატია“, თუმცა  ყველაზე მეტად დღევანდელი რუსეთის ზუსტი დამახასიათებელი ტერმინი არის "პოლიციური სახელმწიფო“, რადგან რუსეთს დღეს მართავენ პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და მხოლოდ პუტინის წინაშე არიან ვალდებულნი.


რუსეთის უსაფრთხოების სამსახურსა და სახელმწიფო დონეზე განხორციელებულ კრიმინალურ დანაშაულებებს შორის ისტორიული კავშირი ყოველთვის ნათელი იყო, თუმცა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გავლენა რადიკალურად გაიზარდა.


2014 წლიდან FSB-ს „საგამოძიებო მოქმედებების სისტემის“ (SORM) მეშვეობით პირდაპირი წვდომის უფლება მიეცა ყველა ინტერნეტ სერვერზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებს ელექტრონულ ფოსტებს, სოციალურ ქსელებსა და სატელეფონო ზარებს. ასევე, FSB იყენებს „ანტი-ექსტრემიზმის“ კანონის ფართო ინტერპრეტაციას, რათა საკუთარი სურვილისამებრ დაბლოკოს ვებ-გვერდები. ამის მაგალითია, 2016 წელს რუსეთში Linkedin-ის დაბლოკვა, მას შემდეგ, რაც მათ რუსეთის დაზვერვას არ გადასცეს მომხმარებლის მონაცემთა ბაზები.  2017 წელს კი საპროტესტო აქციების საპასუხოდ დაიბლოკა ხმოვანი შეტყობინებების აპლიკაცია - Zello.


გარდა ამისა, FSB დღეს კრემლისთვის ოპოზიციონერების განეიტრალებისა და ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენების დასჯის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. პუტინის პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობის, მოწამვლის,  წამებისა და დაშინების საქმეში სწორედ FSB-ს „პასუხისმგებლობაა“. ამის ბოლო გამოვლინება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შემთხვევაა, რომლის საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი ნერვული აგენტით, ნავიჩოკით მოწამვლის საქმეშიც ნათლად გამოჩნდა FSB-ს მონაწილეობის კვალი.


მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა, როგორც ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, ასევე, ყველა სხვა შემთხვევაში უარყო მოწამვლებში მონაწილეობა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სააგენტოს მიერ დიდი ხანია საწამლავი გამოიყენება პუტინის  ოპონენტებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების ლიკვიდაციის მიზნით.


ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტისა და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკოსის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის უკან სწორედ რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურები დგანან. ჟურნალისტი 2004 წელს, ჩაის დალევის შემდეგ, მოულოდნელად ავად გახდა და გონება დაკარგა. მაშინ პოლიტკოვსკაია გადარჩა, თუმცა ორი წლის შემდეგ, პუტინის დაბადების დღეს, ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში მონაწილეობაში ევროპულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ოთხი ადამიანი, მათ შორის FSB-ს ოფიცერი  პაველ რიაგუზოვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სერგეი ხაჯიკურბანოვი იყვნენ.


პუტინის სახელთან და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული ყველაზე გახმაურებული მოწამვლა მოხდა ლონდონში, 2006 წელს, როდესაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ოფიცრის - ალექსანდრე ლიტვინენკოს ორგანიზმში 30 მლნ ევროს ღირებულების რადიაციული ნივთიერება „პოლონიუმ-210"-ის კვალი აღმოაჩინეს. ლიტვინენკო პუტინის მტრად მას შემდეგ იქცა, რაც FSB-ს გეგმები გააჟღერა ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის დაგეგმილ მკვლელობასთან დაკავშირებით, შემდეგ კი გამოსცა წიგნი სახელწოდებით - "FSB აფეთქებს რუსეთს", სადაც წერდა რომ ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყებად პუტინმა შიდა ტერორისტული აქტები მოაწყო.. ბრიტანეთის გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო, სავარაუდოდ, პუტინის ბრძანებით მოკლეს. 2018 წელს რუსეთის ყოფილი დაზვერვის კიდევ ერთი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი თითქმის სასიკვდილოდ იქნა მოწამლული რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ნერვული აგენტის „ნოვიჩოკის“ გამოყენებით.


მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ამ საქმეებში მონაწილეობას  უარყოფს, უნდა აღინიშნოს, რომ “ნოვიჩოკის” ტიპის ნერვული აგენტი მხოლოდ რუსეთს აქვს და მას საიდუმლოდ ინახავს უსაფრთხოების სამსახურები, შესაბამისად, მისი ხელში ჩაგდება და გამოყენება რუსეთის უშიშროების სამსახურების გარეშე თითქმის შეუძლებელია.


ამრიგად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სააგენტო ქვეყნის მართვაში საკუთარი, განსაკუთრებული როლისა და გავლენის გათვალისწინებით, ბუნებრივად იქცა ძალაუფლებისა და რესურსების ბრძოლის ველად.


პუტინის მიერ რუსეთის „FSB-იზაცია“ კი გულისხმობს FSB-ს ტრანსფორმაციას სახელმწიფო ორგანიზაციიდან კვაზი, კრიმინალურ ორგანოდ, რომელმაც მიიღო ”მეორე მთავრობის” ფუნქციები და შეიჭრა საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში.


დღეს, FSB რუსეთის ჩრდილოვან მთავრობას  წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც  „პუტინის იმპერია“ ცდილობს ხალხი მორჩილებაში ჰყავდეს. FSB-ს გავლენები დიდია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რუსეთის საზღვრებს  გარეთ და მისი ქმედებები  ცდება ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოს.