იუმორი, როგორც საინფორმაციო ომის იარაღი

გიორგი კოტრიკაძე | ბლოგი | 16 აპრილი, 2021

თანამედროვე დემოკრატიებში ძალაუფლების კონტროლის რამდენიმე მექანიზმი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია არჩევნები, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება კონკრეტულ ჯგუფს განსაზღვრული დროით გადაეცემა. გარკვეულ შემთხვევებში, ხელისუფლებაში ყოფნის სრული პერიოდი შეზღუდულია, როგორც ეს ხდება დასავლეთში, სადაც ერთ პირს ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ აქვს ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ.


ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ქვეყანას თითქმის 20 წელია ერთი ადამიანი მართავს. მეტიც, მან კონსტიტუციაში შესწორება შეიტანა და გააუქმა ზემოთ აღნიშნული ძალაუფლების კონტროლის მექანიზმი, რომელიც ერთ ადამიანს ზედიზედ ორ ვადაზე მეტ ხანს პრეზიდენტად არჩევის უფლებას უზღუდავდა. დავუშვათ, თქვენ გაქვთ მიზანი, რამენაირად გაამართლოთ ძალაუფლების უზურპაციის ამგვარი გამოვლინება და რადგან ერთპიროვნულ მმართველობას დადებითი თვისება ნაკლებად მოეძებნება, თავდაცვას თავდასხმა ამჯობინეთ და გადაწყვიტეთ სასაცილოდ აიგდოთ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი ხელისუფლების მონაცვლეობის შესახებ. ცდილობთ  რამენაირად დააკნინოთ, უპოვოთ სუსტი წერტილი, დადგათ ისეთი სცენა, სადაც აღნიშნული პრინციპი მოუქნელად ან/და სულელურად წარმოჩინდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ალეგორიები, მეტაფორები, ან სულაც ირონია.


ნიჭი, მხიარულება, საზრიანობა და პოლიტიკური ანეკდოტიც მზადაა:


ბარში სხედან დაქალები, ამერიკა, რუსეთი, სომხეთი, საქართველო და ბელორუსი. ამერიკა და რუსეთი ჭორაობენ:

ამერიკა:მომიყევი, აბა, გოგო, რა ხდება შენკენ?

რუსეთი: რავიცი, ძველებურად. მშვენიერ მამაკაცთან ვცხოვრობ უკვე 18 წელია. ვლადიმერი ჰქვია. ხომ იცი როგორია, არ სვამს, არ ეწევა, სპორტსმენია. სიგიჟემდე ვუყვარვარ.

ამერიკა: მოიცა, 18 წლის განმავლობაში სხვა არავინ გყოლია?

რუსეთი: არა, რა თქმა უნდა!

ამერიკა: კარგი რა, აბა, სერგეი ვინ იყო?

რუსეთი:როგორ არ გრცხვენია? ეგ ჩემი ვალოდიას მეგობარია! კარგი, შენკენ რა ხდება?

ამერიკა: მე ახალი კაცი მყავს. მილიარდერია, დონალდი ჰქვია.

რუსეთი: შენი პირველი კაცია თუ მეორე?

ამერიკა: არა, ორმოცდამეხუთე. მანამდე შავი მყავდა, მანამდე ქოვბოი, იქამდე საქსაფონისტი და საქსაფონისტამდე ქოვბოის მამა.

რუსეთი: ღმერთო, რა კოლექტივია! შენ რა „პორნოში“ მონაწილეობდი?!


ეს დიალოგი რუსული “კომედი ქლაბის”ერთ-ერთი მინიატურიდანაა, რომელიც 2018 წელს, ერევანში გასტროლების დროს შესრულდა (მერწმუნეთ, ეს დიალოგი, წაკითხულზე ბევრად უფრო სასაცილოა როცა გარიკ ხარლამოვი და ბატრუდინოვი ასრულებენ). იუმორის ხარისხი ამ კოლექტივს ნამდვილად არ დაეწუნება, თუმცა ჩვენ მათი კონტენტით სულ სხვა მიზეზით დავინტერესდით. საქმე იმაშია, რომ სატელევიზიო არხი TNT „გაზპრომ-მედიას“ საკუთრებაა, ხოლო „კომედი ქლაბ პროდაქშენის“ (Comedy Club Production) 75% წილი გაზპრომმა 2012 წელს შეიძინა. გაზპრომი ნავთობის და გაზის მომმარაგებელი რუსეთის სახელმწიფო კომპანიაა, ხოლო რუსეთის ფედერაციის მხრიდან მედიის  საინფორმაციო ომში პროპაგანდის მანქანად გამოყენების პრაქტიკა საყოველთაოდაა ცნობილი. მაგრამ რა საერთო აქვს იუმორს საინფორმაციო ომთან და სტრატეგიულ კომუნიკაციასთან?


თუ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის 2017 წელს გამოცემულ კვლევას (StratCom laughs. In search of an analytical framework) გავეცნობით, აღმოვაჩენთ, რომ რუსული იუმორისტული შოუები „პოლიტიკურ, სტრატეგიული კომუნიკაციის იარაღადაა (საშუალებად)“ მოხსენიებული. სხვათა შორის, პირადად მე, ამ კვლევის შესახებ რუსული იუმორისტული შოუს, (Прожекторперисхилтон - ის)  ყურებისას შევიტყვე და ბევრი ვიხალისე გადაცემის წამყვანების ხუმრობებზე იმაზე, თუ როგორ ხოცავენ სიცილით ნატოს ჯარისკაცებს რუსი იუმორისტები. თუმცა, ახლა, სამი წლის შემდეგ, როცა აღნიშნული კვლევა ბოლოსდაბოლოს წავიკითხე  და იუმორის თემაზე სხვა  კვლევებიც აღმოვაჩინე, გადავწყვიტე ეს საკითხი უკეთ შემესწავლა.


დღეს უკვე საკამათო აღარაა რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები, ხოლო საინფორმაციო ომი და დეზინფორმაციასთან ბრძოლა დასავლეთის ქვეყნებითვის ყოველდღიურობად იქცა. კრემლი საინფორმაციო ომში სტრატეგიული კომუნიკაციების სხვადასხვა საშუალებას იყენებს და რაც უფრო მაღალია სამიზნე აუდიტორიის მდგრადობა, მით უფრო ვერაგული და მრავალფეროვანია სტრატეგიული კომუნიკაციის მეთოდები. სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის კვლევის ერთ-ერთი ავტორი სალვიტა დენისი  - „რადიო თავისუფლებისთვის” - მიცემულ ინტერვიუში.


„სტრატეგიული, პოლიტიკური კომუნიკაციებით მშვიდობის ჟამსაც არიან დაკავებულები. სწორედ ეს არის რბილი ძალა... ზოგადად, მკვლევრები ყურადღებას ე.წ. „ხისტ კონტენტზე“, ანუ ახალ ამბებზე ამახვილებენ, მაგრამ დასვენება არავის გაუუქმებია. დიახ, მე ვუყურებ „კა-ვე-ენ“-ს (КВН). თუმცა არა სანგარში თავზე ჩაფხუტით, არამედ სახლში, საშინაო ტანსაცმლით მოხერხებული სავარძელიდან”, ამბობს დენისი და დასძენს:


„იუმორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის გამოიყენება, ხოლო საზოგადოებრივი აზრის ფორმირება - პოლიტიკოსების საქმიანობის სფეროა. მათ რამენაირად უნდა მოახერხონ საკუთარი ამომრჩევლების აზრის ფორმირება. ისინი ტრამპზეც ხუმრობენ, ჰილარი კლინტონზეც და სარკოზიზეც. დიახ, ეს (იუმორი) საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტია.“


იუმორი ყოველი კულტურის განუყოფელი ნაწილია, იგი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი კომუნიკაციის მექანიზმია, რომელსაც შეუძლია გაართოს, მიიქციოს ყურადღება, შეამსუბუქოს გარემო კონფლიქტური სიტუაციებისას. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის იუმორის გამოყენება რუსეთის ექსკლუზიური გამოგონება არ არის. იუმორის სტრატეგიული, პოლიტიკური კომუნიკაციის მექანიზმად ქცევა საყურადღებო ხდება მაშინ, როცა ქვეყანა ტოტალურად აკონტროლებს მედიას, ავტორიტარულია და იმპერიალისტური წარმოდგენები აქვს სამყაროზე. ასეთი რეჟიმების ხელში იუმორი შეიძლება მძლავრი პროპაგანდის ელემენტად იქცეს. კრემლი აკონტროლებს საჭირო ინფრასტრუქტურის და შემოქმედებითი ინტელიგენციის დიდ ნაწილს, რომელიც ქმნის მისაბაძ სოციალურ როლებს, გმირებს, მტრის ხატს და სწორედ ამ ინტელიგენციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ იუმორისტები. მათ ნიჭის, ენამოსწრებულობის, ირონიის და ტირაჟირების მაღალი მაჩვენებლის წყალობით შეუძლიათ სასაცილოდ აიგდონ ის, რაც მიუღებელია მმართველი ძალისთვის და, ამავდროულად, ერთგვარი სარქველის როლი შეასრულონ პოლიტიკური დაძაბულობის დროს ტემპერატურის დასაწევად. იუმორი ზემოქმედებს ადამიანთა გულებსა და გონებაზე ისეთი მეთოდებით, რომლებიც კლასიკური საინფორმაციო ომის კატეგორიაში არ გვხვდება. კარგად დაგეგმილი და შერჩეული „მესიჯ ბოქსი“ რომელიც ხუმრობაშია შეხვეული, სწრაფად აღწევს სამიზნე აუდიტორიის გონებაში, რადგან მსმენელი მოდუნებული და გახსნილია.


მიღებულია მოსაზრება, რომ იუმორი ინტელექტის სფეროა, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს გარემოებები, რომლებიც გარდამტეხ გავლენას ახდენენ ხუმრობის მიმღებლობაზე. მნიშვნელოვანია საერთო ცოდნა (shared knowledge), რადგან თუ ხუმრობა არ ემთხვევა აუდიტორიის წარმოდგენებს სამყაროზე, მის წარსულსა და აწმყოზე, ეს ხუმრობა, უბრალოდ, ვერ იქნება გაგებული. ხუმრობით მიწოდებული ინფორმაცია ნაკლებად შეურაცხმყოფელია, თუმცა ეს მახასიათებელიც შეზღუდულია. თუ ინფორმაცია რადიკალურად შეუთავსებელია აუდიტორიის ტრადიციებთან და ფასეულობებთან, ეს კოგნიტური მექანიზმი ბრაზით გადაიფარება მიუხედავად იმისა, რომ იუმორისტი და აუდიტორია შესაძლოა საერთო ცოდნას იზიარებდეს.  იუმორი, ასევე, ახალისებს ჯგუფისადმი კუთვნილების გრძნობას, რაც, თავის მხრივ, საერთო ცოდნაზე დაყრდნობით და მისი წინა პლანზე წამოწევით ხდება.


სტატიის დასაწყისში მოყვანილი იუმორისტული დიალოგი ნათელი ილუსტრაციაა საერთო ცოდნის, ისტორიული მეხსიერების, ტრადიციებისა და ფასეულობების გათვალისწინებით შემუშავებული, სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული „მესიჯბოქსისა“. “კომედი ქლაბის” კონტენტი გათვლილია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების რუსულენოვან მოსახლეობაზე და ეს კონკრეტული „სკეჩიც“ დაფუძნებულია საერთო ცოდნაზე, საერთო საბჭოთა მასკულინურ, სექსისტურ ტრადიციაზე და გენდერულ სტერეოტიპებზე. ის ფაქტი, რომ ქვეყნები ქალების როლში არიან წარმოდგენილნი შემთხვევითი არ არის და ტრადიცულ საზოგადოებებში (საქართველო, სომხეთი და ა.შ) დაკავშირებულია წარმოდგენებზე ქალის შესახებ. ის ფაქტი, რომ ამერიკა, როგორც ქალი, რამდენიმე პარტნიორს იცვლის და ამ პარტნიორებიდან ორი მამა-შვილია, ხოლო რუსეთი, როგორც ქალი, მხოლოდ ერთ კაც პარტნიორთან ცხოვრობს, ტრადიციულ საზოგადოებაში რუსეთის, როგორც ქალის ღირსეულობას უსვამს ხაზს, ამერიკა კი წარმოჩინდება როგორც არასტაბილური “მეძავი”. ალეგორია, მართლაც, რომ უნიკალურია. ასოციაციები: რუსეთი - პატიოსნება, ღირსება სტაბილურიბა, ხოლო ამერიკა - გარყვნილება, უღირსობა, არამდგრადობა.


მოცემული „სკეჩი“ ამერიკასა და რუსეთს შორის დიალოგით არ შემოიფარგლება. მალევე დიალოგს უერთდება ქალის როლში მყოფი საქართველოც. რუსეთის კითხვაზე თუ რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, საქართველო პასუხობს, რომ მისი პარტნიორები ისე სწრაფად იცვლებიან სახელებსაც ვერ იმახსოვრებს. აქ საქართველომ ზემოთ აღწერილი ამერიკის ბედი გაიზიარა და “უღირსების” სიაში ჩაეწერა (რა თქმა უნდა, დასავლური ფასეულობებისაკენ მისწრაფების გამო). განსხვავებულად წარმოჩინდა სომხეთი (ალბათ სომხეთის მასპინძლობის გამო) და ბელორუსიც, რომელიც ბაბუასთან მცხოვრები ზრდასრული ქალის როლში მოგვევლინა.


ცალკე განხილვის საგანია რუსეთის და ნატოს დიალოგი, რაც რუსული მასკულინური მენტალური მოდელის გამოვლინებაა. მონაწილე ქვეყნები ნატოსთან (მდიდარი ახალგაზრდა მამაკაცი) აგარაკზე წასვლას დააპირებენ (ნატოში გაწევრიანება). რუსეთი, რომელიც აქამდე ქალის როლში იყო, ნატოს პირისპირ სალაპარაკოდ გამოიხმობს და ეუბნება, რომ ეს მათთვისაა ქალი, ხოლო ნატოსთვის ის კაცია (это я для них россия а для тебя я русь) და ბალისტიკური რაკეტით ემუქრება. ნატოს შეეშინდება და გაიქცევა. რუსეთი გამარჯვებულია. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.


ამ იუმორისტული ნომრის დეკონსტრუქცია და გამადიდებელი შუშის ქვეშ განხილვა რთული არ არის,თუმცა მინდოდა ცხადად დაგვენახა და დავრწმუნებულიყავით, რომ როცა ჩვენ ვისვენებთ, ვდუნდებით და განტვირთვისთვის ვემზადებით, სწორედ მაშინ აძლიერებს მუშაობს რუსული რბილი ძალა.