top of page

რუსული როკის შესახებ

გიორგი კაციაშვილი | ბლოგი | 16 აპრილი, 2021

რუსული როკის შესახებ

ხშირად მომისმენია სხვადასხვა აზრი იმაზე, თუ რამდენად ღირს რუსული მუსიკის მოსმენა. ეს კამათი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საქართველოში და, ალბათ, ყველგან, სადაც რუსეთს არცთუ კარგი რეპუტაცია აქვს შექმნილი, ძირითადად, მისი ისტორიულ-პოლიტიკური როლის გამო. ამავე მიზეზით წარმოქმნილი ემოცია, უმრავლეს შემთხვევაში - ზიზღი, ზოგჯერ ირონიაც, შეფასების მთავარ კრიტერიუმად იქცევა ხოლმე და გაურკვეველს ხდის მის რეალურ ღირებულებას, ამიტომ შევეცდები რამდენიმე მაგალითის გამოყენებით რუსული როკის ღირსებებზე ვისაუბრო.


აზრები შემდეგნაირად იყოფა ხოლმე: ერთნი ამბობენ, რომ ამ მუსიკაში არაფერია ღირებული და არ ღირს მასზე დროის დაკარგვა; სხვები აღიარებენ მის გარკვეულ მნიშვნელობას, მაგრამ დასავლურთან შედარებით არარაობად მიიჩნევენ. ერთგული მსმენელისთვის ცხადია, რომ ორივე აზრი ზედაპირულია და უფრო არცოდნაზე მიუთითებს. ამ მუსიკას ნამდვილად აქვს სიღრმე.


თავისთავად სიღრმე არასოდეს ყოფილა როკის გაცხადებული მიზანი, უფრო პირიქით. თუმცა  სიღრმის აბსოლუტური უგულებელყოფით მიიღება ის, რასაც „პაპსად“ მოიხსენიებენ.  როკ-მუსიკის  განსაკუთრებულობა მდგომარეობს მის უნარში მოახდინოს ზედაპირისა და სიღრმის იმგვარი სინთეზი, რომ ორივე უკიდურესობა გამოირიცხოს. როკი უნდა იყოს პოპი, მაგრამ არა პაპსა, ის უნდა მუშაობდეს კოლექტიურ ფსიქოლოგიაზე, მაგრამ ამავე დროს ჰქონდეს მკაფიო იდენტობის სიმბოლო.  თუ აკუსტიკური ნახაზის ფუნქცია ზედაპირული წრეა(რიფი), ტექსტი ის ველია, სადაც სიღრმე არსებობს, როგორც შესაძლებლობა. ჩემი დაკვირვებით ამ ასპექტში ჩანს ყველაზე უკეთ რუსული როკის ორიგინალურობა.


ტექსტის პირველადობა, სავარაუდოდ, რომანსის ტრადიციიდან მოდის, როდესაც მუსიკა პოეტის ტექსტზე იწერებოდა და ელიტარულ სალონებში სრულდებოდა.  ბორის გრებენშიკოვი, რომელიც თავს  პოეტად თვლის და არა მუსიკოსად ამ ტენდენციის კარგი მაგალითია. ლეგენდარული ჯგუფი „Ария“, ასევე, თანამშრომლობდა პროფესიონალ პოეტთან, მარგარიტა პუშკინასთან. მართალია, დასავლეთშიც გვხვდება არაერთი როკ-პოეტი, მარტო დილანის ხსენებაც კმარა, თუმცა მკაფიო აქცენტი ტექსტის პირველადობაზე აქ მაინც მეორადი მგონია.


ტერმინებს “დასავლური” და “რუსული” პირობითად ვიყენებ, განსაკუთრებით დღევანდელობაში ძნელია წმინდა მოვლენებზე საუბარი; რუსული როკი დასავლურის მიბაძვით შეიქმნა „პერესტროიკის“ პარალელურად; თითქმის ყველა მნიშვნელოვან რუსულ ჯგუფს შეგვიძლია ვუპოვოთ დასავლური პროტოტიპი, თუმცა ეს, მაინც, არ არის კოპირება, არამედ ინსპირაცია.

თუ რუსული როკის ტექსტები ხშირ შემთხვევაში პოეტურია, რასაც, სავარაუდოდ, რომანსის ტრადიციაში აქვს ფესვები, ამავე ტექსტებში ხშირად შევხვედრივარ კლასიკური რუსული ლიტერატურის გავლენებს. მაგალითად  „Ария“-ს გენიალური „ვეში“  ამავე სახელწოდების ალბომიდან „Кровь за кровь“, რომელშიც შეგვიძლია ვიპოვოთ ბულგაკოვის გავლენა. ისტერიული ვოკალი განსაკუთრებით ამძაფრებს პილატეს დილემას. მშვიდი, გაწონასწორებული  ვოლანდი, რომელიც საკუთარ არსებობას ორ ათეისტს შორის ამტკიცებდა, „ბასილაშვილის“ ბარეტონიდან კიპელოვის ისტერიაში ინაცვლებს.


https://www.youtube.com/watch?v=LobNZ2IoddU


პოპულარული „я свободен“, რომელიც შეუძლებელია ერთი მოსმენით არ დაგვამახსოვრდეს, საკმაოდ რთული კონსტრუქციისგან შედგება. ვალერი კიპელოვის ბროლივით გამჭვირვალე და მძლავრი ვოკალი ლაივში ასჯერ უფრო გენიალურია ვიდრე ჩანაწერში; სერგეი მავრინის ტორნადო სოლო ბოლოსკენ  ტონით იწევა და ჩვენც მასთან ერთად ვიწყებთ ფრენას; მარგარიტა პუშკინას ნიცშეანური ტექსტი, სიკეთისა და ბოროტების მიღმა მყოფი, სიყვარულისგან და არა სიყვარულისთვის თავისუფლების მომთხოვნი, უკანასკნელი ხიდების დამწველი სულის ყვირილი  როგორ შეიძლება არ იყოს ღრმა?!


https://www.youtube.com/watch?v=9kw8FFbK0co


„Игра с огнем“ ხელოვანსა და ეშმაკს შორის გარიგებაზე გვიყვება. ადამიანთა გულებში მიმდინარე განუწყვეტელი  ბრძოლა ფაუსტურ ხასიათში გარდატყდება, როგორც ბედისწერა.


https://www.youtube.com/watch?v=5JDY0rWnomk


„Ария“ 2001 წლამდე გამოშვებული 8 ალბომით ჰარდროკის  გიგანტების გვერდით თავისუფლად დადგება. უფრო მეტიც, ამ ბენდს თითქმის არ აქვს სუსტი წერტილი კიპელოვთან თანამშრომლობის პერიოდში (2001 წლამდე), რასაც ვერ ვიტყვით ბევრ აღიარებულ დასავლურ ჯგუფზე. პირადად ჩემი ფავორიტები ამ რვიდან უკვე ნახსენები „Кровь за кровь“ და  „герой асфальта“-ა.


თუ „Ария“-ს ჰარდროკი ნიცშეანურ-ფაუსტურ სულს, სიმაღლეების დაპყრობასა და ძალაუფლების ნებას ასხივებს „აკვარიუმის“ სახით სრულიად სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე. ეს არის   გამჭვირვალე, მინიმალურად ელექტრონული ბენდი, ჯონ ფინეგანის ფლეიტით, დრუიდების სიმშვიდითა და სიბრძნით გაცისკროვნებულ ადამიანთა ფერხული. ეს ბენდი ახერხებს იყოს წინააღმდეგობათა გადალახვის სადგური - მარტივი და რთული, შავი და თეთრი, ევროპული და აზიური, აპოლონური და დიონისური. როდესაც გრებენშიკოვი „თამაშობს“ აღმოსავლური მოტივები ყოველ ნაბიჯზე გვხვდება:


Я был свидетель рождения девы из пены.
Я — силуэт, возникающий там, а не тут.
Я — говорящий прямо о второстепенном.
Я — стая детей, попавших в небесный батут.

Я — та сила, которой движется ветер.
Я — актер, играющий каждую роль.
Тебе было б лучше, если бы ты не заметил,
Но если ты станешь обращаться ко мне,

Ты можешь называть меня «соль».


აკვარიუმი კულტურული „ევრაზიაა“, ერთდროულად ეკლექტური და თვითმყოფადი, არა პუტინის, არა დუგინის.  ალბათ არ არსებობს ჟანრი რომელიც მათ არ მოესინჯათ (რომანსი, რეგე, ელექტრონიკა, კლასიკა) და მაინც, არცერთი მათი ნამუშევარი არ არის იდენტობას მოკლებული.


„Северный ветер“ მნიშვნელოვანი მეტაფორაა გრებენშიკოვის შემოქმედებაში. რაღაც მისტიური ძალა ერთდროულად  მეგობარი და მტერი, საიდუმლოს მცოდნე და სიფხიზლის გარანტი. ძველი ღვთაება, რომელიც ადამიანის პრეტენზიებს არ ცნობს, მას მოწიწებისა და თავმდაბლობის გრძნობას უნერგავს ბუნების უსასრულობის წინაშე. ჩრდილოეთში შიშისა და ძრწოლის ეს განცდა ალბათ უფრო რეალურია ვიდრე სადმე სხვაგან.


https://www.youtube.com/watch?v=k5fZC3OcnVg


რუსული როკი, ამ აზრით, უფრო რელიგიურ-მისტიკურია ვიდრე სოციალური. რუსული ფილოსოფია ისევე, როგორც ლიტერატურა, პირველ რიგში, რელიგიურ თემებს უტრიალებს, ამდენად ეს მომენტი კიდევ ერთ  მახასიათებლად უნდა ჩაითვალოს. მიუხედავად რელიგიური თემატიკის დომინაციისა, შიგადაშიგ, სოციალურიც შემოიჭრება ხოლმე, თუმცა ხშირად ისიც რელიგიურ  მატრიცაში ექცევა.  Болота невы ამის კარგი მაგალითია.


https://www.youtube.com/watch?v=YHsUd0pmSuc


რა თქმა უნდა, არსებობენ წმინდად სოციალური თემატიკის ჯგუფებიც, მაგალითად „ДДТ’, „Король и Шут“ და სხვა, თუმცა ვფიქრობ მასშტაბი და ნიჭი აქ გაცილებით ნაკლებია.  რამდენიმე თვის წინ გრებენშიკოვმაც „გაისროლა“ ვიდეო სახელწოდებით "Вечерний муд-звон", სავარაუდოდ, სალავიოვის პროპაგანდისტული გადაცემის მიმართულებით .


https://www.youtube.com/watch?v=vS5p4LuDASM


რუსული როკ-მუსიკის  განმასხვავებელი ნიშნებია ტექსტზე ორიენტაცია, ტექსტის პოეტურობა და კავშირი კლასიკურ ლიტერატურულ მოტივებთან; რელიგიურ-მისტიკური ატმოსფერო და კავშირი რელიგიის ფილოსოფიასთან. ეს ელემენტები არ არის აუცილებელი ყოველთვის ერთიანობაში გვეძლეოდეს. შეიძლება რომელიმე  ცალკე შეგვხდეს სხვების ხარჯზე ან კომბინაციაში.


ვოკალის თავისებურება კიდევ ერთი ამგვარი  ნიშანია.  „რუსული გროული“ ჩახლეჩილი და “ბინძური”, რომელიც ხაზს უსვამს შინაგან ღირსებას და უარს ამბობს ყოველგვარ ფორმალობაზე,  ამ მუსიკის ხშირი ატრიბუტია. შეგვიძლია დავასახელოთ ვისოცკი, გრებენშიკოვი, ცოი, შევჩუკი, რომლებსაც უნიჭოდ ბაძავს ესტრადის ზოგიერთი ცნობილი წარმომადგენელი.


და მაინც რა არის რუსული როკ-მუსიკის კვინტესენცია? გრებენშიკოვის სიტყვებით -„Россия на мой взгляд есть страна наиболее близко к хаосу. В этом есть хорошие и плохие черты. Хаос это менее организованная материя, более близка к творчеству. Если посмотреть историю, в россии хорошо не было никогда. Как только россия упорядочится её место займет другое.”


ქაოსი, როგორც რუსული როკის მსაზღვრელი ქმნის სპეციფიურ აურას, რაც განასხვავებს მას ყველა დანაჩენისგან. ეს არის მშიერი მუსიკა, რომელიც სრულიად არ საჭიროებს ინსტრუმენტებს;  სხვანაირად ნათქვამი სიტყვა, სხვანაირად გაფიქრებაც კი იქცევა პროტესტად რუსულ სივრცეში; დასავლური როკი, მიუხედავად ჟანრობრივი თუ ესთეტიკური განსხვავებებისა, მაინც, ჰომოგენურ მოვლენად იქცა, რომელსაც სხვა უფრო „მაძღარი“ მუსიკა ანაცვლებს.


ახლა დავუბრუნდეთ იმ კითხვას, რომლითაც ეს ბლოგი  დავიწყე, კერძოდ, ღირს თუ არა რუსული მუსიკის მოსმენა და რა ეთიკურ დატვირთვას იძენს ეს საკითხი საქართველოში? ცხადია, საქმე  მხოლოდ მუსიკაში არაა, ამდენად საჭიროა უფრო ფართო კონტექსტი, რადგან,  ზოგადად, ოკუპანტის კულტურა წარმოიდგინება როგორც „საფრთხე“. რუსული ლიტერატურა, რუსული როკი თუ სხვა ყველაფერი რუსული რაც კი სასურველია არის ინსტრუმენტი, ერთგვარი „რბილი ძალა“ და მაშასადამე საფრთხეც; ის თავის ფუნქციას ასრულებს, უფრო ლოიალურსა და კეთილგანწყობილს ხდის ადამიანს ამ ქვეყნისადმი; მეორეს მხრივ - ღირებულების იგნორირება, არდაფასება და განდევნა ეწინააღმდეგება  ეთიკურ იდეალს, რის გამოც ევროპას მივიჩნევთ ჩვენი მოძრაობის მიზნად; ადამიანს, რომელიც რუსულ კულტურაში პოულობს ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხს, შეუძლებელია რაიმე ხელოვნურად მოგონილი მექანიზმით ავუკრძალოთ ეს საქმიანობა.

bottom of page