top of page

ტრადიციების დაცვა ავტორიტარიზმის ,,საუკეთესო" ტრადიციების კვალდაკვალ

Image-empty-state.png

გიორგი კოტრიკაძე | ბლოგ-პოსტი | 8 თებერვალი, 2022

Vladimir Putin

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების მოსამზადებლად ტრადიციული რუსული ფასეულობები აღწერეს და დათვალეს.

საქმე იმაშია, რომ რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე ტრადიციულ ღირებულებებისა და ფასეულობების დადგენა - დარეგულირებას გეგმავს. მართალია, რუსეთის ფედერაციის შიდა პოლიტიკა კარგა ხანია ტოტალიტარიზმის სახეხატია, თუმცა ეს შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია - ბრძანებულება ერთდროულად სახიფათოც არის და სასაცილოც.


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციაში პანდემია მძვინვარებს და უკრაინასთან ესკალაციის საფრთხე ყოველ წამს იმატებს, ვლადიმირ ვლადიმირის ძის გამოცდილმა თვალმა სულ სხვაგან მიაკვლია პრობლემების წარმოქმნის პირველწყაროს. თურმე პანდემიის ქარ-ცეცხლში გამოიკვეთა, რომ გლობალიზაციის და ლიბერალიზმის შემოტევების გადამკიდე „კონსერვატიული ტრადიციების“ დამცველი და ბაირახტარი რუსეთის ფედერაცია არც ისე მყარად დგას ბალალაიკით ხელში.


თურმე ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ ერთდროულად ექსტრემისტები, ტერორისტები და ამერიკელები იბრძვიან. ისინი იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენენ რუსეთის მოქალაქეებზე, სთავაზობენ რა მათ ალტერნატიულ, დამანგრეველ უცხო იდეებსა და ფასეულობებს. ვლადიმირ ვლადიმირის ძე მხოლოდ ფიქრსა და მსჯელობას არ დასჯერდა და რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტრომ საჯარო განხილვისთვის გამოაქვეყნა პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „ტრადიციული რუსული სულიერ-მორალური ფასეულობების შენარჩუნებისა და გაძლიერების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები“.


მართალია, დოკუმენტში ჩამოთვლილი ფასეულობებისა და ღირებულებების აბსოლუტური უმრავლესობა უნივერსალური და ტრივიალურია, მაგრამ მაინც საინტერესოა თუ რას მიიჩნევს ვლადიმირ ვლადიმირის ძე უნიკალური რუსული სულის კვინტესენციად, რომელიც კანონის ძალით უნდა დარეგულირდეს.


გთავაზობთ რუსული ტრადიციული ფასეულობების ჩამონათვალს უცვლელად:


სიცოცხლე, ღირსება, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პატრიოტიზმი, მოქალაქეობრივი თვითშეგნება, მამულისთვის მსახურება, პასუხისმგებლობის გრძნობა მამულის ბედზე, მაღალი მორალური იდეალები, ძლიერი ოჯახი, შემოქმედებითი შრომა, სულიერების მატერიალურზე აღმატებულობის პრიორიტეტულობა, ჰუმანიზმი, სულგრძელობა, სამართლიანობა, კოლექტივიზმი, ურთიერთდახმარება, ურთიერთპატივისცემა, ისტორიული მეხსიერება, თაობათა უწყვეტობა, რუსი ერების ერთობა.


თავის მხრივ დოკუმენტში ჩამოთვლილია ამ ფასეულობების საპირისპირო, უცხო და დამანგრეველი იდეები, როგორებიცაა: ეგოიზმის კულტი, განუკითხაობის კულტი, ამორალურობის კულტი, პატრიოტიზმის უარმყოფელი კულტი, მსოფლიო ისტორიაში რუსეთის დადებითი როლის უარმყოფელი კულტი და ა.შ.


ხოლო რუსეთის ტრადიციული ფასეულობებისთვის საფრთხის შემცველი სუბიექტებად დასახელებულები არიან: ექსტრემისტული ორგანიზაციები, ტერორისტული ორგანიზაციები, აშშ, აშშ-ს პარტნიორი ქვეყნები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითონ რუსეთის მთავრობის მიერ ისეთ სფეროებში გატარებული რეფორმები, როგორიცაა განათლება, მეცნიერება და კულტურა. აქ საინტერესოა არა მხოლოდ ის, რომ დოკუმენტის მიხედვით აშშ-სა და მის პარტნიორებს იდენტური მიზნები ჰქონიათ რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, არამედ ისიც, რომ ისინი ზოგადად ერთ სიბრტყეში არიან მოხსენიებული, რაც თავისთავად საყურადღებოა.


შემდეგ დოკუმენტში განხილულია სცენარების განვითარება და შესაძლო სამოქმედო გეგმები. საბოლოოდ კი დოკუმენტის ავტორი მამულისთვის საუკეთესო სცენარის განვითარებისთვის მოსახლეობას სთავაზობს, პირველ რიგში, მოცემული საკანონმდებლო აქტის მიღებას, შემდეგ კი სხვა საკანონმდებლო აქტების და სახელმწიფო პროგრამების მიღებას. ასევე, იმ სახელმწიფო ორგანოების დასჯას, რომლებიც აფინანსებენ მავნე აქტივობებს და ა.შ.


რა თქმა უნდა, ბრძანებულების ტექსტში ჩამოთვლილი ღირებულებები და ფასეულობები უნივერსალურია და ნებისმიერ ერს და საზოგადოებას ახასიათებს. არაფერი უნიკალურად რუსული მათში არ იძებნება. იქნებ მტრებს უნივერსალური ადამიანური ღირებულებები რუსულ ტრადიციულ ღირებულებში ერევა? ან, იქნებ, ვლადიმირ ვლადიმირის ძეს ერევა?

bottom of page